საინტერესოსასარგებლოსაქართველოსხვადასხვა

რას ნიშნავს შენი სახელი – იპოვე შენი სახელის ისტორია

მოს­წონს თუ არა, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს თა­ვი­სი სა­ხე­ლი აქვს – და­ბა­დე­ბი­დან ასე და­არ­ქვეს და სა­კუ­თარ სა­ხელს ისიც იფე­რებს, იხ­დენს, ეგე­უ­ე­ბა. ზოგ­ჯერ სა­ხე­ლის კნი­ნო­ბით ფორ­მას ირ­ჩევს, ან ურ­ჩე­ვენ და იმ ფორ­მით მი­მარ­თა­ვენ. რო­გორც უნდა იყოს, ალ­ბათ თი­თო­ე­ულს აინ­ტე­რე­სებს მისი სა­ხე­ლი­სა თუ გვა­რის ის­ტო­რია, წარ­მო­მავ­ლო­ბა.თუ ვერ იპოვეთ სასურველი სახელის შესახებ ინფორმაცია გთხოვთ დააკომენტარეთ და დავამატებთ.

ასევე იხილეთ : ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

რას ნიშნავს შენი სახელი - იპოვე შენი სახელის ისტორია

There are currently 94 names in this directory beginning with the letter Მ.
მაგალი
(ბერძნული) ეტიმოლოგია უცნობია.

მაგდალინა
(ლათინური) " მაგდალელი ", " მაგდალინელი ". ერთ-ერთ წმინდანს, სახელად მარიამს, რომელიც პალესტინის ქალაქ მაგდალიდან იყო, სხვა მარიამებისაგან გასარჩევად ეწოდა მარია მაგდალინა. შემდგომში მისი ზედწოდება კათოლიკურ წრეებში ცალკე სახელად იქცა. ამ სახელის შემოკლებული ფორმებია: მაგდანა, მაგდა, მადინა, მადი. ამჟამად ისინიც დამოუკიდებელ სახელებად არის ქცეული. ამავე სახელმა ფრანგულ ენაში მიიღო ფორმა მადლენა, რომელიც ამ სახითაც შევიდა სხვა ენებში, მათ შორის ქართულში.

მაგული
(ქართული) მეგრულად ნიშნავს " მსგავსს " (შეადარეთ ქართული ‘მაგვარი’).

მადლენა
წარმოადგენს მაგდალინა-ს ფრანგულ ფორმას, ჩვენში ახალი ნასესხებია (შეადარეთ მაგდა, მაგდანა).

მადონა
(იტალიური) " ჩემო ქალბატონო ". ასე უწოდებენ კათოლიკეები ღვთისმშობელს. ასეთივე იყო ქალისადმი ზრდილობიანი მიმართვის ფორმა, რომელიც შემდგომში პიროვნულ სახელად იქცა.

მავრა
(ბერძნული) " შავი ", " შავგვრემანი ". ამოსავალია ვაჟის სახელი მავრი (ფრანგული გამოთქმით – მოვრის). მოწამეთა სახელია.

მათე
(ძველი ებრაული)"ღვთის კაცი","ღვთის ნაჩუქარი".ფართოდ გავრცელებული ბიბლიური სახელია,ერქვა ერთ-ერთ მახარობელს,ქრისტეს მოციქულს.მნიშვნელობის მხრივ მას შეიძლება შევადაროთ ებრაული ნათან,ბერძნული თევდორე და დოროთე,სლავური ბოგდან...მათე-საგან ნაწარმოებია გვარები:მათეშვილი,მათეიშვილი,მათიაშვილი, მათიკაშვილი

მათიკო
ქართული სახელია, მიღებული მართა-ს მოფერებითი ფორმისაგან.

მაია
ძველი ინდური ღვთაების – ბუდას დედის სახელია. ასევე ეწოდება მერკურის ანუ ჰერმესის დედას ბერძნულ მითოლოგიაში.

მაიკო
მაია-ს, მარიამ-ის ან მაკრინე-ს საალერსო ფორმაა. ამ სახით მხოლოდ ქართულში წარმოგვიდგება.

მაისა, მაისო
(ქართული) " მაისისა ", " მაისში დაბადებული ". ადრე გვხვდებოდა ვაჟის სახელადაც. აქედანაა გვარი მაისაშვილი.

მაკა
ევროპულ ენებში დამკვიდრებული ფორმაა, მიღებული ისეთი სახელების შემოკლების გზით, როგორიცაა მაკრინე, მარია, მარგარიტა და სხვ.

მაკარ
(ბერძნული) " ნეტარი ", " ბედნიერი ". აქედანაა გვარები: მაკარაშვილი, მაკარაძე, მაკარიძე.

მაკრინე
(ლათინური) " ხმელი ", " გამხდარი ". მისი მოფერებითი ფორმებია ქართულში დამოუკიდებელ სახელებად ქცეული მაიკო და მაკა, აგრეთვე მაკო.

მალაქია
(ძველი ებრაული) " ჩემი (იგულისხმება: ღვთის) გაგზავნილი ", ე. ი. " ღვთის მოციქული ". განიმარტება აგრეთვე როგორც " ანგელოზი " (საბა), " ანგელოზის სადარი ". ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელია.

მალი
(ქართული) მოფერებითი ფორმაა მალიკო.

მალხაზ
(ქართული) " ცქვიტი ", " კოხტა ", " ლამაზი ". ფონეტიკურად ჰგავს ირანულს: მალი-ხას " რჩეული ნივთი ". მალხას ვაჟის სახელად გვხვდება სომხურშიც, მაგრამ მისი კავშირი ირანულ ენებთან საეჭვოდ მიიჩნევა. არის გვარი მალხაზიშვილი.

მამაგულა
(ქართული) დადასტურებულია დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთებში (I, 116). აქედანაა გვარი მამაგულაშვილი.

მამამზე
(ქართული).

მამანტი
(ბერძნული) " ძიძა ". წმინდა მოწამეთა სახელია.

მამია
(ქართული) საეკლესიო კალენდარში წმინდანთა შორის იხსენიება რამდენიმე მამა და ეს სახელი ბერძნული ენის ნიადაგზე განიმარტება როგორც " ძუძუმწოვარი ". ქართულში ის, ბუნებრივია, უკავშირდება " მამის " ცნებას და არა " ძუძუს " ან " ძიძას ". საზოგადო სახელისაგან გასარჩევად პიროვნულმა სახელმა მიიღო მცირედ განსხვავებული ფორმა – მამია. მისივე ვარიანტებია: მამისა, მამუკა. მამია ოდიშის და გურიის მთავართა საგვარეულო სახელი იყო. მათ შორის ყველაზე ადრე (1323-1345 წლებში) ოდიშის მთავარი იყო მამია I დადიანი, რომელიც 1330 წ. დასავლეთ საქართველოს სხვა ერისთავებთან ერთად დაეხმარა გიორგი ბრწყინვალეს საქართველოს ერთიანი სამეფოს აღდგენაში. XIX ს-დან ცნობილია პოეტი მამია გურიელი. მამია-საგან ნაწარმოებია გვარები: მამიაშვილი, მამაიაშვილი, მამიაური, მამეშვილი, მამეიშვილი.

მამისა
(ქართული) წინათ გვხვდებოდა ვაჟის სახელადაც (შეადარეთ მამია). აქედანაა გვარი მამისაშვილი.

მამნე
(ქართული) " მამისა " (წარმოების მხრივ შეადარეთ ცოტნე). აქედანაა გვარი მამნიაშვილი, მამინაშვილი, მამინაიშვილი.

მამუკა
(ქართული) წინათ გვხვდებოდა აგრეთვე მისი კნინობითი ფორმა მამუკელა. ამათგან მიღებულია გვარები: მამუკაძე, მამუკაშვილი, მამუკიშვილი, მამუკელაშვილი.

მამული
(ქართული) აქედანაა გვარები: მამულაშვილი, მამულაძე, მამულია, მამულაიშვილი, მამულაიძე.

მანანა
(ძველი ებრაული) ბიბლიური სახელია, ნიშნავს "მცირეს", "ცით მოვლენილს", გადატანით "ზეციურ პურს" (რომელსაც ღმერთი უგზავნიდა სამშობლოდან დევნილ ებრაელებს). ქალის სახელად განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა საქართველოში ბოლო დროს.

მანასე
(ძველი ებრაული) " დავიწყებული ", (ან " დამვიწყებელი ").

მანგია
(ქართული) წარმოშობით სპარსული სიტყვა მანგი ( " მთვარე ", -მეტაფორულად " მოელვარე თვალი ", " მარგალიტი ") შემოსულია ქართულში და გვხვდება, მაგალითად, " ვეფხისტყაოსანში " ; " შემოვიდა მის წინაშე თინათინის მონა ზანგი, მოახსენა: " გიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი " (120, 3-4). აქედან ა სუფიქსით ნაწარმოებია პიროვნული სახელი მანგია - " პირმშვენიერი ", " მთვარის მსგავსი ".

მანონ
ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან, უცნობი ეტიმოლოგიისა. ჩვენში მის გავრცელებას ხელი შეუწყო აბატ პრევოს რომანის " მანონ ლესკოს " თარგმნამ (მთარგმნელი ქეთევან ირემაძე).

მანუჩარ
(ირანული)"ციური(სამოთხისებური)სახის მქონე".მისი ფონეტიკური ვარიანტია ნანუჩა.მანუჩარის ძველი ფორმაა მანუშჩიტრა,რაც"მანუშის მთაზე დაბადებულს"ნიშნავს,მაგრამ ჯერ კიდევ ფირდოუსის დროს(X ს.)ამ სახელს დაკარგული ჰქონია ძველი მნიშვნელობა და ნიშნავდა"სამოთხისებური სახის მქონეს".მანუჩარი"შაჰ-ნამეს"ერთ-ერთი გმირია.ის შვილიშვილია ირანის ტახტის მემკვიდრის ირეჯისა,რომელიც ძმებმა მოკლეს.მამამისი ფერიდუნი ამის გამო დაბრმავდა.როცა ირეჯის შვილიშვილი დაიბადა,ფერიდუნმა ღმერთს შესთხოვა,წუთით დაებრუნებინა მისთვის მხედველობა,რომ ახალდაბადებული დაენახა,ღმერთმა თხოვნა შეუსრულა და ფერიდუნმა ბავშვს მანუჩარი("სამოთხის სახისა")დაარქვა.

მარადი
(ქართული).

მარგალიტა
(ლათინური) " მარგალიტი ". პირველადი ფორმაა მარგარიტ(ა), შემოკლებული – მარგო.

მარეხ
(არაბული) " მარსი ". პარალელური ფორმაა მარიხ. პიროვნულ სახელებად გვხვდება ამ პლანეტის ლათინური სახელწოდებაც – ვენერა, ქართულიც – ცისკარა.

მართა
(არამეული) " ქალბატონი ", " დიასახლისი ". მისი მოფერებითი ფორმაა ქართულში მათიკო. მართა ერქვა ქრისტეს მეგობრის ლაზარეს დას, მენელსაცხებლე დედას, რომელიც იხსენიება სახარებაში: " ხიყო ვინმე დედაკაცი, რომლისაი სახელი მართა, და შეიყვანა თავადი სახიდ (=სახლში) თვისა " (ლუკა 10, 38).

მარი
(ძველი ებრაული) " მწარე ".

მარია
ბერძნული ფორმაა ძველი ებრაული სახელისა მარიამ (იხ. აქვე, ქვემოთ). ეს ფორმა ქართულისათვის ნაკლებ დამახასიათებელია, თუმცა გვხვდება ჯერ კიდევ XI ს-ში: " ბრძანებისა მიერ მარადის სახსენებელისა დედოფლისა უფალა მარიამისი " (A 52, იოვანეს თავის თარგმანების სათაურში). როგორც აკადემიკოსი ელენე მეტრეველი ფიქრობს, ეს ფორმა უთუოდ ბერძნული დედნიდანაა გადმოსული (ნარკვევები, გვ. 232).

მარიამ
(ძველი ებრაული) მოეპოვება რამდენიმეგვარი განმარტება: 1. " შეუპოვარი ", " დაუმორჩილებელი ", " უარმყოფელი " ; 2. " მწარე " ; 3. " ქალბატონი " ; 4. " საყვარელი უფლისა ". უფრო სარწმუნოდ ითვლება პირველი მნიშვნელობა. მარიამი ერქვა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელს, რომლის წილხვედრიც არის საქართველო. ბუნებრივია, რომ სახელი უძველესი დროიდანვე ხშირად გვხვდება ქართულ წერილობით წყაროებში. მარიამის მოფერებითი ფორმებია ქართულში: მარო, მარიკო, მაიკო, მაშო, მაშიკო. ასეთი საალერსო ფორმები სხვა ენებიდანაც არის შემოსული: მარი, მარიკა, მარუსია. გვხვდება ამ ფუძიდან ნაწარმოები გვარებიც: მარიამიძე, მარიამული.

მარიამი
არამეული წარმოშობის საკუთარი სახელი. აქვს რამდენიმე მნიშვნელობა: 1. „შეუპოვარი“, „დაუმორჩილებელი“, „უარმყოფელი“; 2. „მწარე“; 3. „ქალბატონი“; 4. „საყვარელი უფლისა“, რომელთაგან ყველაზე სარწმუნო პირველია. სახელი უძველესი დროიდან გვხვდება ქართულ წერილობით წყაროებში. მარიამი ერქვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს[1]. სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს ამ სახელის 60349 მატარებელი[2].

მარიანა
იხ. მარინა, მარინე.

მარიკა
იხ. მარიამ.

მარინა, მარინე
(ლათინური) "ზღვისა". ლათინურად ზღვას ეწოდება მარე, რომელიც საფუძვლად უძევს ვაჟის სახელებს: მარიან, მარინ, მარი, ხოლო ამათგან შემდეგ წარმოქმნილია ქალის სახელები: მარინა||მარინე, მარიანა და სხვანი (შეადარეთ რუსული море - "ზღვა" , მარინისტი ჰქვია მწერალს ან მხატვარს, რომლის შემოქმედების მთავარი თემაა ზღვა). ხსენებულ პარალელურ ფორმათაგან ქართულში ამჟამად ყველაზე პოპულარულია მარინა (ნასესხები სლავურიდან), თუმცა ისტორიულად უფრო ძველი და ლათინურთან ახლოს მდგომი ფორმაა მარინე.

მარკოზ
– ბერძნული საკუთარი სახელია, რომელსაც დამაჯერებელი ეტიმოლოგია არ მოეპოვება. ფიქრობენ, რომ მომდინარეობს ლათინურიდან და ნიშნავს " ჩაქუჩს ", სხვაგვარი ეტიმოლოგიით " ჭკნობადი " ან კიდევ " მარტისა " ( " მარტში დაბადებული "). ერქვა მახარებელს, ქრისტეს ერთ-ერთ მოციქულს, ასევე – რამდენიმე წმინდანს. მისგან ნაწარმოებია გვარები: მარკოზაშვილი, მარკოზიშვილი, მარკოზია, მარკოიშვილი, მარკოიძე.

მარო, მაშიკო, მაშო
იხ. მარიამ.

მარტია
(ლათინური) " მარსისა ", " მარსის (ომის ღმერთის) კუთვნილი ", ე. ი. " მეომარი ". ევროპულ ენებში გვხვდება იმავე ფუძისაგან ნაწარმოები ვაჟის სახელები მარტინე და მარტინიანე, ამ უკანასკნელთაგან კი იწარმოება ქალის სახელებიც: მარტინა, მარტინიანა. ქართულში მარტია გააზრებულია " მარტისა " ( " მარტში დაბადებული "). მისგან ნაწარმოებია გვარები: მარტიაშვილი, მარტაშვილი, მარტაძე.

მატრონა
(ლათინური) " ქალბატონი ", " დიასახლისი ".

მაქსიმე
(ლათინური) " უდიდესი ". შეადარეთ სიტყვები მაქსიმუმი, მაქსიმალური. ამ სახელს ატარებდა რამდენიმე მოწამე. მათ შორის განსაკუთრებით ცნობილია მაქსიმე აღმსარებელი.

მაყა
(ქართული) მნიშვნელობა გაურკვეველია, საეჭვოა კავშირი ჰქონდეს სვანურ ზმნის ფორმასთან: მაყა - " მყავს " (ფორმის მხრივ შეადარეთ თაყა). აქედანაა გვარი მაყაშვილი.

მაყვალა
(ქართული) აღნიშნავს "შავტუხას", "შავგვრემანს". მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ მავრა, მელანია.

მაცი
(ქართული) ეს სახელი ჰქვია ანტონ ფურცელაძის რომანის მთავარ გმირს ( " მაცი ხვიტია ".).

მახარა, მახარე
(ქართული) აქედანაა გვარები: მახარაძე, მახარაშვილი. ძველად გავრცელებულუი იყო აგრეთვე ამავე ძირისაგან ნაწარმოები სახელი მახარობელა, საიდანაც მიღებულია გვარები: მახარობლიძე, მახარობლიშვილი. მახარე ჰქვია შიო არაგვისპირელის " გაბზარული გულის " მთავარ გმირს. მახარა კონსტანტინე გამსახურდიას " დავით აღმაშენებლის " ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. იხ. კიდევ ხახარე.

მეგი
მაგდას ინგლისური ფორმაა.

მედეა
ძველი ქართული სახელია, გაურკვეველი მნიშვნელობისა. გამოთქმულია ვარაუდი, რომ ეს სახელი შეიძლება უკავშირდებოდეს ზმნას ‘მინდა’ (შდრ. ვაჟის სახელი მინდია) ე.ი. ნიშნავდეს " სასურველს ", თავდაპირველად კი - " გრძნეულს " (გ. როგავა). მისი მოფერებითი ფორმაა მედიკო. ცნობილი ბერძნული მითის მიხედვით, მედეა ერქვა კოლხეთის მეფის ასულს, არგონავტების წინამძღოლ იაზონის მეუღლეს (ძვ. წ. VIII ს.). არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ამ სახელისაგან მომდინარეობდეს მეცნიერების დარგის სახელწოდება – მედიცინა.

მეთოდე
(ბერძნული) " მკვლევარი ", " მაძიებელი ", " მწყობრად მავალი ". შეადარეთ კვლევა-ძიების სისიტემის აღმნიშვნელი სიტყვა მეთოდი. აგეთვე - მეთოდიკა, მეთოდური.

მელანია
(ბერძნული) " შავი " (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ მავრა, მაყვალა. მასვე უკავშირდება სიტყვა მელანი – საწერი სითხე, რომელიც თავდაპირველად შავი ფერისა მზადდებოდა). ამავე სახელის ვარიანტებია ქართულში: მელანა, მელანო. შემოკლებით – მელო.

მელეტი
(ბერძნული) " მზრუნველი ". პარალელური ფორმაა მელენტი.

მელიტა
(ბერძნული) " თაფლიანი ". ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან (შეადაერთ კაცის სახელი მელიტონ, საიდანაც ნაწარმოებია ქალის სახელი მელიტონა, ამ უკაბნასკნელის შემოკლებით კი მიღებულია მელიტა).

მელიტონ
(ბერძნული) " თაფლით ამოვსებული ", " თაფლიანი ". ამავე ფუძიდანაა ქალის სახელი მელიტა.

მელქისედეკ
(ძველი ებრაული) " მეფე სიმართლისა ". ამ სახელით ცნობილია ქართული ეკლესიის რამდენიმე მამამთავარი. მათ შორის პირველია მელქისედეკ I, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1010-1033 წლებში, რომლის სახელსაც უკავშირდება პატრიარქობის დაწყება საქართველოში.

მერაბ
(სპარსული) " მითრას (ღმერთის) ბრწყინვალების მქონე ". აქედანაა გვარები მერაბიშვილი და მერაბაშვილი. მერაბი ერქვა " შაჰ-ნამეს " ერთ-ერთ პერსონაჟს, როსტომის პაპას, რომელიც ზაბულისტანში მეფობდა.

მერი
მარიამ-ის ინგლისური ფორმაა, რომელიც ქართულში ახალი შემოსულია. ეს სახელი ჰქვია გალაკტიონ ტაბიძის პოეტური ოცნების ქალიშვილს, რომელსაც პოეტმა მიუძღვნა რამდენიმე შესანიშნავი ლექსი.

მექი
- მელქისედეკ-ის შემოკლებული ფორმაა, ქართულში ქცეულია დამოუკიდებელ სახელად.

მზაღო
ჩერქეზულად ნიშნავს " მოუსვენარს ", ყაბარდოულად - " სინათლეს ", " შუქს " (შეადარეთ შუქია, ნათელა, სვეტლანა, ფოტინე). ქართულში გავრცელდა ალექსანდრე ყაზბეგის " ელგუჯას " გავლენით, რომლის მთავარ გმირ ქალსაც მზაღო ჰქვია.

მზევინარი
(ქართული).

მზეონა
(ქართული) " მზიანი ".

მზეჭაბუკ
(ქართული) მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ სამსონ. მისი შეკვეცილი ფორმებია: ჭაბუკა, ჭაბუა.

მზეხათუნ
(ქართული) " მზე-ქალბატონი ", " მზის მსგავსი ქალბატონი ". ამ კომპოზიტი სახელის მეორე ნაწილი ხათუნ თურქულია და " ქალბატონს " ნიშნავს. ის ქართულში ცალკეც გვხვდება ქალის სახელად. მზეხათუნ-ის შემოკლებული ფორმაა მზეხა (ახალი გააზრებით - " მზე ხარ ").

მზია
(ქართული).

მზიანა
(ქართული).

მზისადარ
(ქართული) მისი შემოკლებული ფორმაა მზისა.

მზიულა
(ქართული) მისი ვარიანტული ფორმებია: მზიული, მზიური.

მთვარისა
(ქართული).

მიმოზა
თბილ ქვეყნებში გავრცელებული ყვავილოვანი მცენარის სახელწოდებაა, ქცეული პიროვნულ სახელად (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ ია, ვარდო, ეძნელა...)

მინაგო
(ბერძნული) " მთვარის მიხედვით ამხსნელი, მოუბარი " (შეადარეთ გერმანული ალფრედი).

მინადორა
(ბერძნული) " თვის ნობათი ", " თვის საჩუქარი ". იშვიათად გვხვდება პარალელური ფორმა – მინადარი.

მინდია
(ქართული).

მირანდა
შემოკლებული ფორმაა მირანდუხტ-ისა, რომელიც წარმოშობით ირანული სახელია და " მირიანის ასულს " ან " ამირის (ბატონის) ასულს " ნიშნავს (შეადარეთ გურანდუხტ||გურანდა " გურამის ასული ", ნახეთ კიდევ ვაჟის სახელი მირზა). ვახტანგ გორგასლის ერთ დას გურანდუხტი ერქვა, მეორეს – მირანდუხტი. ეს სახელები სრული ფორმით დღეს აღარ იხმარება, მაგრამ გვხვდება შემოკლებული სახით: გურანდა, მირანდა. ეს უკანასკნელი ემთხვევა ევროპულ სახელს.

მირზა
კომპოზიტია,შედგენილი არაბულ-სპარსული სიტყვებისაგან: ამირ-ზადე-"ამირის შვილი".ამირი შუა აზიაში არაბთა მოსვლის დროიდან ეწოდებოდა მხედართმთავარს,მმართველს.ამირობით ადიწყო თავისი კარიერა თემურ-ლენგმა,რომელმაც შემდგომ თითქმის ნახევარი აზია დაიპყრო,მაგრამ მაინც შეინარჩუნა ამირის ტიტული და არ გაცვალა იგი უფრო საპატიო წოდებაზე–ხანზე(ამ ტიტულს ატარებდნენ მონღოლთა ბელადის ჩინგიზ-ხანის შთამომავლები,თემური კი მათ არ ეკუთვნოდა),ხოლო თემურის შვილებმა მიიღეს წოდება ამირ(ემირ)-ზადე.აქედან თავბოლოს მოკვეცით მიღებულია მირზა,რომელიც გვხვდება როგორც ტიტულად,ისე საკუთარ სახელად.მაშასადამე,მისი თავდაპირველი მნიშვნელობაა"უფლისწული ","ბატონიშვილი".მოგვიანო ხანებში ასე მიმართავდნენ აგრეთვე მდივან-მწიგნობრებს,მწერლებს,ოღონდ ამ შემთხვევაში მირზა სახელის წინ დაისმის,მაშინ როცა"უფლისწულის"მნიშვნელობით ის სახელს მოსდევს.ჩვენში ამ სახელის გავრცელებას მოწმობს გვარი მირზაშვილი და გეოგრაფიული სახელი მირზაანი.ცნობილი ქართველი პოეტი იყო მირზა გელოვანი.

მირიან
(სპარსული) " მითრასი " ანუ " მზისა " (მითრა მზის ღვთაების სახელია. მისგანვე არის ნაწარმოები მითრიდატე - " მითრას ბოძებული "). მირიანი ერქვა ქართლის მეფეს, ფარნავაზიანთა დინასტიის მესამე წარმომადგენელს (ძვ. წ, II საუკუნის დამდეგს.). ეს სახელი ერქვა მის შვილიშვილსაც (მირიან II). მისი სეხნია იყო აგრეთვე მირიან III, ვახტანგ გორგასლის პაპა, მოციქულთა სწორი, რომლის დროსაც ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა (337წ. ახლო ხანებში). ამ სახელისაგან ნაწარმოებია გვარი მირიანაშვილი.

მირონ
(ბერძნული) " მტირალი " ან " მირონი (სურნელოვანი ზეთი) ". ამ სახელით ცნობილია რამდენიმე მღვდელმოწამე. აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება მცირერიცხოვანი გვარი მირონაძე.

მიტროფანე
(ბერძნული) " დედის გამომაჩინებელი " ე.ი. " დედის დიდება " ან " დედით გამოჩენილი " ( " სახელოვანი დედის შვილი ").

მიქელა
(ძველი ებრაული) " ღვთის სწორი ", " ღვთაებრივი " (სიტყვასიტყვით: " ვინც ღმერთივით არის "). ეს სახელი ებრაულიდან შესულია ბერძნულში და ბერძნულის გზით ფართოდ გავრცელებულა მსოფლიოს მრავალ ენაში, ოღონდ გზადაგზა საგრძნობი ცვლილებები განუცდია. მისი პირვანდელი ფორმაა მიქაელ, სადაც ‘ქ’ ბერძნულშივე იქცა ‘ხ’-დ, ‘ე’ კი – ‘ი’-დ და მივიღეთ მიხაილ. ეს ფორმა შესულია რუსულში, მიხაი გვხვდება რუმინულში; მიხაილო, მიკოლა - უკრაინულში და ა. შ. ქართულში გვაქვს როგორც მიქელ, მიქელა, ისე მიხეილ, მიხა. უფრო ძველი ფორმაა პირველი, საიდანაც ნაწარმოებია გვარები: მიქელაძე, მიქელაშვილი, მიქელაიშვილი, მიქაშვილი, მიქიაშვილი, მიქაძე, მიქავა... მიხეილ-ისაგან კი ნაწარმოებია მხოლოდ ორიოდე გვარი – მიხელაშვილი, მიხელიძე.

მიხეილ
(იხ.აქვე ზემოთ მიქელა).მისი კნინობითი ფორმებია:მიხა, მიხო,მიხაკო.

მიხეილი
საკუთარი სახელი. მისი კნინობითი ფორმებია: მიხა, მიხო, მიხაკო. მომდინარეობს ძველი ებრაული სახელიდან მიქელა – „ღვთის სწორი“, „ღვთაებრივი“ (სიტყვასიტყვით: „ვინც ღმერთივით არის“). ეს სახელი ებრაულიდან შესულია ბერძნულში და ბერძნულის გზით ფართოდ გავრცელებულა მსოფლიოს მრავალ ენაში, თუმცა გზადაგზა საგრძნობი ცვლილებები განუცდია. მისი პირვანდელი ფორმაა მიქაელ, სადაც „ქ“ ბერძნულშივე იქცა „ხ“-დ, „ე“ კი – „ი“-დ და წარმოიქმნა მიხაილ. ეს ფორმა შესულია რუსულში, მიხაი გვხვდება რუმინულში; მიხაილო, მიკოლა — უკრაინულში და ა. შ. ქართულში არის როგორც მიქელ, მიქელა, ისე მიხეილ, მიხა. უფრო ძველი ფორმაა პირველი, საიდანაც ნაწარმოებია გვარები: მიქელაძე, მიქელაშვილი, მიქელაიშვილი, მიქაშვილი, მიქიაშვილი, მიქაძე, მიქავა... მიხეილ-ისაგან კი ნაწარმოებია მხოლოდ ორიოდე გვარი — მიხელაშვილი, მიხელიძე.

მოკოდია
(ქართული) " მინდოდა " (მეგრულად). შეადარეთ ქალის სახელი მოკონა.

მოკონა
(ქართული) მეგრულად ნიშნავს " სასურველს " (სიტყვა-სიტყვით " გვინდა ") შეადარეთ ვაჟის სახელი მოკოდია ( " მინდოდი ").

მოსე
(ძველი ებრაული) " წყლიდან ამოყვანილი (გადარჩენილი) ". ეს სახელი ერქვა ებრაელთა სჯულმდებელს, რობელიც ბიბლიური გადმოცემით, მდინარე ნილოსში მცურავ აკვანში იპოვნეს და ეგვიპტის დედოფალმა იშვილა. სხვაგვარი განმარტებით, ეს სახელი ძველეგვიპტურია და ნიშნავს " ბავშვს ". მისი ქართული ფორმაა მოშე, აღმოსავლური – მუსა. მისგან წარმოქმნილია გვარები: მოსაშვილი, მოსეშვილი, მოსიაშვილი, მოსიძე, მოსია, მოსიავა, მოსიშვილი, მოშიაშვილი და სხვ.

მოქია
(ბერძნული) " დამცინავი ".

მურად
(არაბული) " მიზანი ", " განზრახვა ". აქედანაა გვარი მურადაშვილი.

მურზაყან
- იგივეა, რაც მირზახან (მირზა პლუს სპარსული სუფიქსი ხან. წარმოების მხრივ შეადარეთ ალმას-ხან, დურმიშ-ხან).

მურთაზ
(არაბულ-სპარსული) " რჩეული ".

მურმან
– აღმოსავლური სახელის მურვან-ის ფონეტიკური ვარიანტი უნდა იყოს. აქედანაა გვარები მურმანიშვილი, მურვანიშვილი, მურვანიძე. მურმანი ჰქვია ქართული ლეგენდის " აბესალომ და ეთერის " ერთ-ერთ პერსონაჟს.

მუშნი
– სვანურად ნიშნავს " სვანს " (შეადარეთ ქართულ სატომო სახელწოდებათაგან მიღებული სახელები: ქართლოს, კახა, ივერი). სხვაგვარი ვარაუდის მიხედვით, ხურიტული სახელია და ნიშნავს " დიადს ", " ამაღლებულს ", " მშვენიერს ".

მუხრან
(ქართული)"მუხიანი","მუხისა"(მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ ბესარიონ,სილოვან,სილიბისტრო,სილვა,სილვინა)

მცინარა
იხ. - ცინარა.


Submit a name

Related Articles

One Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button