
საინტერესოსასარგებლოსაქართველოსხვადასხვა
რას ნიშნავს შენი სახელი – იპოვე შენი სახელის ისტორია
მოსწონს თუ არა, ნებისმიერ ადამიანს თავისი სახელი აქვს – დაბადებიდან ასე დაარქვეს და საკუთარ სახელს ისიც იფერებს, იხდენს, ეგეუება. ზოგჯერ სახელის კნინობით ფორმას ირჩევს, ან ურჩევენ და იმ ფორმით მიმართავენ. როგორც უნდა იყოს, ალბათ თითოეულს აინტერესებს მისი სახელისა თუ გვარის ისტორია, წარმომავლობა.თუ ვერ იპოვეთ სასურველი სახელის შესახებ ინფორმაცია გთხოვთ დააკომენტარეთ და დავამატებთ.
ასევე იხილეთ : ქართული გვარები – ანბანის მიხედვით
რას ნიშნავს შენი სახელი - იპოვე შენი სახელის ისტორია
There are 61 names in this directory containing the search term ნინო. Clear results.
ავაგი
გაურკვეველი წარმოშობის სახელი. მისი კნინობითი ფორმებია: „ავაგო“, „ავგია“ და „აგია“. შესაძლოა ამ სახელს უკავშირდებოდეს „აგული“. ავაგი ერქვა არაერთ ცნობილ ისტორიულ პირს, მათ შორის ივანე ათაბაგის ძეს რომელიც 1127 წელს ათაბაგ-ამირსპასალარი გახდა. „ქართლის ცხოვრებაში“ ჟამთააღმწერელი მოგვითრობს: „შემდგომად ორისა წლისა მიიცვალა ივანე ათაბაგი და მთავარ ყვეს ძე მისი ავაგ და უბოძეს მას ამირსპასალარობა“. 1250 წელს ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი გახდა ავაგ-სარგის მხარგრძელი. XVII საუკუნის შუა ხანებში იმერეთის მეფის ციხისთავი იყო ავაგ ომათამათიძე. ამ სახელისაგან წარმოიშვა გვარი აგიაშვილი. ისტორიულ წყაროებში გვხვდება აგრეთვე გვარი ავაგაშვილი.
ავთანდილი
მნიშვნელობის მხრივ უკავშირდება სპარსულ ენას, ნიშნავს „სამშობლოს გულს“, „სამშობლოს რწმენას“ ან „სარწმუნოების კერას“. საკუთარი სახელის მნიშვნელობა მიღებული აქვს ქართულში. პირველად გვხვდება „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი მთავარი გმირის სახელად, რის გამოც დიდად პოპულარულია. მისი კნინობითი ფორმებია ავთო და თანდილა. არის გვარი ავთანდილაშვილი. სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს ამ სახელის 24854 მატარებელი.
ბაჭუა
(ქართული) დაახლოებით უდრის " პატარას ", " ბიჭუნას " (შეადარეთ კურდღლის შვილის სახელი ბაჭია). კნინობითი ფორმებია: ბაჭუკი, ბაჭუჭი.
ბეჟან
მომდინარეობს ძველი ირანული სახელისაგან(ვეჟან-"ვეჯელი"ანუ"ირანელი").თავკიდური ბგერა სპარსულშივე არის შეცვლილი:ვეჟან_ბეჟან.ბეჟანი ფირდოუსის განთქმული პოემის,"შაჰ-ნამეს",ერთ-ერთი გმირია.ამ სახელის კნინობითი ფორმებია ქართულში:ბეჟია,ბეჟუა,ბეჟიკო,ბეჟუკი,ბეჟიტა.ამათგან მომდინარე გვარებია:ბეჟანიშვილი,ბეჟანეიშვილი,ბეჟანიძე,ბეჟაშვილი,ბეჟიაშვილი,ბეჟუაშვილი,ბეჟუკაშვილი,ბეჟიტაშვილი.
ბესარიონ
(ბერძნული) " ტყიანი ხეობა ", " ტყიანი ველი ". მისი კნინობითი-საალერსო ფორმებია: ბესო, ბესიკო
ბიჭია
(ქართული) არაკალენდარული სახელია, თუმცა საკმაოდ გავრცელებული (აქედანაა გვარები: ბიჭაშვილი, ბიჭიაშვილი). მისი კნინობითი ფორმებია: ბიჭიკა, ბიჭიკო, ბიჭინა (აქედან გვარები: ბიჭიკაშვილი, ბიჭინაშვილი). ბიჭ-ისაგან ხმოვნის შეცვლით მიღებულია ბუჭა (შეადარეთ კომპოზიტი ბიჭ-ბუჭები) და მისი კნინობითი ფორმები: ბუჭო, ბუჭუ, ბუჭუკი, ბუჭუკა, ბუჭულა, ბუჭიტა, ბუჭუტა.
გარსევან
ეტიმოლოგია უცნობია; შესაძლოა მომდინარეობდეს სპარსული გარსევაზ-ისაგან, რაც “ მცირე ძალის მქონეს “ ნიშნავს. ქართულ ისტორიულ დოკუმენტებში გვხვდება გვარიც გარსევანიშვილი, აგრეთვე – სახელის კნინობითი ფორმები: გარსია, გარსოა, გარსუა.
გოგი
გოგია,გოგიტა,გოგლა-გიორგი-ს კნინობითი ფორმებია.ამავე სახელის შემოკლებაა ქართულში დამოუკიდებელ სახელად ქცეული გიო.
გოგი, გოგია, გოგიტა, გოგლა
გიორგი-ს კნინობითი ფორმებია. ამავე სახელის შემოკლებაა ქართულში დამოუკიდებელ სახელად ქცეული გიო.
გრიგოლ
(ბერძნული) “ მღვიძარე “, “ ფხიზელი “. ეს სახელი ერქვა მსოფლიოში ცნობილ ბერძენ მწერალსა და საეკლესიო მოღვაწეს გრიგოლ ნაზიანზელს (III-IV სს.), ასევე ცნობილ საეკლესიო მწერალს, ღვთისმეტყველსა და ფილოსოფოსს გრიგოლ ნოსელს (IV ს.), საეკლესიო მოღვაწეს გრიგოლ ხანძთელს (759-861), ოშკის აღმშენებელს გრიგოლ ოშკელს (X ს.) და ბევრს სხვას. გრიგოლის კნინობით-მოფერებითი ფორმებია: გიგა, გიგი, გიგო, გიგლა, გიგოლი, გიგოლა (მათგა ზოგი წარმოშობით დამოუკიდებელი სახელი უნდა იყოს). გრიგოლისაგან ნაწარმოები გვარებია: გრიგოლაშვილი, გრიგოლია, გრიგოლაია, გრიგოლავა; ტოპონიმები: გრიგოლეთი, გრიგოლიში. ბევრი გვარია წარმოქმნილი კნინობითი ფორმებისაგანაც. იშვიათად გვხვდება სახელის ფორმა გრიგორ, საიდანაც მიღებულია გვარი გრიგორაშვილი.
დავით
(ძველი ებრაული) მთელ მსოფლიოში ძალზე გავრცელებული ბიბლიური სახელია, რომელიც სხვადასხვაგვარად განიმარტება: " საყვარელი ", " სასურველი ", " წინამძღოლი ", " მეგობარი "... დავით ერქვა ისრაელთა ლეგენდარულ მეფეს, - წინასწარმეტყველს, ფსალმუნთა ავტორს. ეს სახელი საქართველოშიც ძალზე პოპულარულია, ერქვა რამდენიმე ქართველ მოწამეს (დიდმოწამენი დავით და კონსტანტინე, - არგვეთის მთავრები, დავით გარეჯელი და სხვ. ) ერქვა საქართველოს ათამდე მეფეს, მათ შორის ყველაზე სახელოვანს – დავით აღმაშენებელს. ამ სახელის საალერსო-კნინობით ფორმებად ითვლება ქართულში: დათა, დათო, დათია, დათუნა, დათიკო, დათუკა, დათუა და მრავალი სხვა. სინამდვილეში ზოგი მათგანი უთუოდ დათვისაგან ნაწარმოები წარმართული სახელია (დათუა, დათუნა, დათუკა... შდრ. მგელა, გელა, ფოცხვერა, ლომა და ა.შ.). როგორც ძირითადი, ისე საალერსო ფორმებისაგან სხვადასხვა ბოლოსართების დართვით წარმოქმნილია რამდენიმე ათეული გვარი: დავითაია, დავითაშვილი, დავითიშვილი, დავითაძე, დავითიძე, დავითიანი, დავითულიანი, დავითური, დავითოშვილი, დავითელაშვილი, დავითიაშვილი, დათაშვილი, დათებაშვილი, დათიკაშვილი, დათიშვილი, დათოშვილი, დათუაშვილი, დათუაძე, დათუკაშვილი, დათუკიშვილი, დათუნაშვილი, დათუნაიშვილი, დათუსანი და სხვ.
დესპინე
(ბერძული) " ქალბატონი ". მოფერებითი ფორმაა დესი. ეს სახელი ჰქვია ეგნატე ნინოშვილის " ჩვენი ქვეყნის რაინდის " მთავარ გმირ ქალს.
ეგნატე
(ლათინური) " არმცოდნე " (ვისაც ამბავი არ აუწყეს, არ შეატყობინეს). ეს სახელი ერქვა რამდენიმე გამოჩენილ საეკლესიო მოღვაწეს და მღვდელმოწამეს. ქართველ მწერალთაგან ყველასათვის ცნობილია ეგნატე ნინოშვილი (ინგოროყვა). ეგნატე-საგან ნაწარმოებია გვარი ეგნატაშვილი.
ევა
(ძველი ებრაული) " ცოცხალი ". ბიბლიის მიხედვით, ეს სახელი ერქვა ქვეყნად პირველ ქალს, რომელიც ღმერთმა პირველი კაცის – ადამის ნეკნისაგან შექმნა და მის მეუღლედ აქცია. მისი კნინობითია ევროპულ ენებში გავრცელებული ეველინა.
ელიზბარ
ეტიმოლოგია არაა დადგენილი, ცნობილია 1659 წ. ქართველთა აჯანყების ერთ-ერთი მეთაური ელიზბარ ერისთავი, რომელიც თავის მამასთან და ბიძინა ჩოლოყაშვილთან ერთად სპარსელებმა სიკვდილით დასაჯეს და წმინდანად იქნა შერაცხული. ამ სახელისაგანაა წარმოქმნილი გვარი ელიზბარაშვილი. კნინობითი ფორმაა ელიბო.
ემელიანე, ემელიან
(ბერძნული) " ალერსიანი ". შეიძლება ეს სახელი დაუკავშირდეს ლათინურსაც და მაშინ ის იქნება ემილ-ის კნინობითი ფორმა, ან აღნიშნავს " ემილის კუთვნილს ". თვით სახელი ემილი გავრცელებულია ევროპაში და ნიშნავს " მეტოქეს " (შეჯიბრების დროს). მისგან ნაწარმოებია ქალის სახელიც: ემილია.
ეფემია
(ბერძნული) "ღვთისმოსავი," "ღვთისმოყვარე". მის კნინობით ფორმად ქართულში მიიჩნევა: ფეფო, ფეფიკო, ფეფენა, ფეფელა (თუმცა წარმოშობით ესენი დამოუკიდებელი სახელები ჩანს).
ვალენტინა
(ლათინური) " ძლიერი ", " ჯანმრთელი " (ნაწარმოებია ვალენტის კაცის სახელისაგან. დაწვრილებით იხ. ვალერი). მისი კნინობითია ვალია. ვალენტი, ვალენტოსი, ვალენტინი, ვალენტინე, ვალენტიანე, ვალენტინა წნმინდა მოწამეთა სახელებია.
ვარდო
(ქართული), კნინობითი ფორმებია: ვარდუა, ვარდიკო. ვარდიკო გვხვდება ვაჟის სახელადაც: ვარდო ჰქვია დანიელ ჭონქაძის მოთხრობის " სურამის ციხის " ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟ ქალს.
ზაალ
(სპარსული)"მოხუცი".ეს სახელი ჰქვია ფირდოუსის"შაჰ-ნამეს"ერთ-ერთ გმირს,როსტომის მამას,რომელიც მთლად თეთრი თმითა და წარბ-წამწამით დაიბადა და მამამისმა საამმა სწორედ ამიტომ დაარქვა"მოხუცი".სხვებმა მას უწოდეს აგრეთვე ზარ-"ოქროსი"ამ ორი სახელის შეერთებით მიღებულია ზაალზარ,რომლის გამარტივებული ფორმაა ზაზა.ზაალის კნინობითი ფორმებია:ზალიკა,ზალიკო. აქედანაა გვარები:ზაალიშვილი,ზალიკაშვილი,ზალიკიანი. საქართველოს ისტორიიდან ცნობილია ზაალ არაგვის ერისთავი(1633-1660წწ.).ის იყო კახეთის 1659 წლის ანტიირანული სახალხო აჯანყების მეთაური.
ზურაბ
ქართულში დამკვიდრებული ფორმაა სპარსული სახელისა (სურხაბ||სუხრაბ), რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც " წითელი წყალი ", მაგრამ ძველად ის ნიშნავდა აგრეთვე წითლად მოელვარე ძვირფას ქვას – ლალს. სწორედ ეს უკანასკნელი მნიშვნელობა უნდა ედოს საფუძვლად ადამიანის სახელს. ზურაბი ერქვა ლეგენდარული ირანელი გმირის როსტომის ვაჟს. იგი ჩვენში ფართოდ გავრცელდა " შაჰ-ნამეს " სხვა გმირთა სახელების მსგავსად. მისი კნინობითი ფორმებია: ზურაბა, ზურა, ზურია, ზურიკო. აქედანაა გვარები: ზურაბიშვილი, ზურაბაშვილი, ზურაშვილი, ზურიკაშვილი, ზურაბიანი, ზურაბაული.
თადეოზ
(ასურული) " ბრძენი " ; საბას განმარტებით _ " მაქებელი ". პარალელური ფორმაა თათაოს. ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული სახარებაში იხსენიება ორი სახელით: " ზებედე, რომელსა ხერქუა თადეოზ " (მათე 10, 3). ცნობილია აგრეთვე სტეფანწმინდელი მოწამე თადეოზი, იგივე თათა. თათა და ასევე თადე, თადო, თადუნა თათაოსის ანუ თადეოზის საალერსო-კნინობითი ფორმებია. მისგან წარმოქმნილი ჩანს გვარები: თათაშვილი, თათეიშვილი, თადაშვილი, თადიშვილი, თადიაშვილი, თადიაური...
თებრონე
(ბერძნული) მნიშვნელობა დაუდგენელია. ძველი ფორმაა თებრონია, ქართულში გავრცელებული ფორმაა თებროლე (გავიხსენოთ ხალხური ლექსი: " თებროლე მიდის წყალზედა "). მისი კნინობითია თებრო.
თედო
ამჟამად თეოდორეს კნინობით ფორმად ითვლება, მაგრამ დამოუკიდებელი სახელი უნდა იყოს. ამ ფორმით იხმარება რამდენიმე ცნობილი პირის სახელად (თედო რაზიკაშვილი, თედო ჟორდანია, თედო სახოკია). ანალოგიური ფორმები (თედო, თედუა) დასტურდება ხურიტულ წარწერებში.
თედორე
(ბერძნული) " ღვთის ბოძებული ", " ღვთის ნაჩუქარი ". თეოს ბერძნულად ნიშნავს " ღმერთს ", დორონ - " საჩუქარს ". აქედანაა მიღებული ძველი ფორმა თეოდორე. მისი რედუქციით კი – თევდორე და ბოლოს – თედორე. იმავე სიტყვებს შებრუნებული რიგით შეიცავს სახელი დოროთე. როგორც ერთის, ისე მეორისაგან ნაწარმოებია ქალის სახელებიც: თეოდორა, დოროთა. ამ სახელებთან დაკავშირებით მოგვაგონდება აგრთვე თეო-ს შემცველი მრავალი სხვა სახელი: თეა, თეო ( " ღვთაება "), თეკლა, თეკლე ( " ღვთის დიდება ") თეოდოსია, ფეოდოსია ( " ღვთისადმი შეწირული "), თეოდულა ( " ღვთის მონა "), თეოლინე ( " ღვთის მოყვარე "), თეოფილაქტე ( " ღვთის მცველი ") და ა.შ. თევდორე-საგან ნაწარმოებია გვარები: თევდორაძე, თევდორაშვილი, თედორაია, თედორაძე, თედიაშვილი, თედოშვილი. ამ სახელის კნინობითი ფორმებია: თედო, თედუა. საქართველოს ისტორიული წარსულიდან კარგად არის ცნობილი თავდადებული მღვდელი თევდორე. მან შემოსეულ თურქთა ლაშქარს გზა აუბნია, რისთვისაც ხმლით აკუწეს, მაგრამ ქვეყანა კი იხსნა განსაცდელისაგან (1609 წ.).
თეიმურაზი
ქართული საკუთარი სახელი, რომელიც წარმოიშვა სპარსული ანალოგისგან, ნიშნავს „მელიისტყაოსანს“, , „სულით ძლიერს“, „ძლიერ მელას“. პირველად გვხვდება „შაჰნამეს“ ერთ-ერთი მთავარი გმირის — სპარსეთის მითური მეფე თაჰმურასის სახელად, რის გამოც დიდად პოპულარული იყო სპარსულ კულტურაში, შემდეგ კი დამკვიდრდა საქართველოშიც. მისი კნინობითი ფორმებია თემო და თემური. გავრცელებულია ასევე ჩრდილოეთ ოსეთში (ოს. Таймураз), იშვიათად გვხვდება აზერბაიჯანსა (აზერ. Teymuraz, Təhmuraz) და სომხეთში (სომხ. Թեյմուրազ). სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს ამ სახელის 20633 მატარებელი
თეო
ბერძნული წარმოშობის ქალის სახელი, მისი მნიშვნელობაა "ღმერთი", "ღვთაება". თეო-ს (ასევე თეკლე-ს) კნინობითია ქართულში თეკო.
იაკობ
(ძველი ებრაული) " მიმყოლი ", " მიმდევარი ". თავდაპირველად ნიშნავდა ტყუპთაგან მეორეს, მომდევნოს, შემდეგ კი შეიძინა მნიშვნელობა ღვთის მიმყოლის ანუ ღვთის კვალზე მავალისა. ეს სახელი ერქვა ბიბლიური ისაკის ვაჟს, ებრაელთა მამამთავარს. გვხვდება უძველეს ქართულ ტექსტებში: " ხრქუან...იაკობ და იოსებ " (მათე 13, 55). მოეპოვება მრავალგვარი ფონეტიკური ვარიანტები და კნინობით-საალერსო ფორმები: იაყობ, ყობო (ქართველ ებრაელებში), აკოფ, აკოპ (კათოლიკეებსა და გრიგორიანელებში), იაკოფ, იაკუბ, კობა, იაკო, ია, იაშა... ასევე მრავალფეროვანია მათგან წარმოქმნილი გვარები: იაკობაშვილი, იაკობიშვილი, იაკობაძე, იაკობიძე, იაკოფიშვილი, იაკუბიძე, აკობაშვილი, აკოფაშვილი, აკობიძე, აკობია, აკოფია, კობიაშვილი, კობიძე და სხვ.
ილია
(ძველი ებრაული)"იაჰვე(იეღოვა)–ღმერთი ჩემი".ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელია.მისი ძველი ფორმაა ელია,ბერძნული–ელიოზ.ბერძნულ მითოლოგიაში ელია||ილია ამინდისა და ჭექა-ქუხილის ღმერთად ითვლება,მიღებული აქვს მნიშვნელობა"მზიანისა","მზიურისა".ეს სახელი ფართოდ არის გავრცელებული საქართველოშიც.ილია ერქვა მრავალ გამოჩენილ პიროვნებას.აქ საკმარისია გავიხსენოთ მწერალი და უდიდესი საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე. ილიას კნინობითი ფორმებია:ილა,ილო,ილიკო.მისგან ნაწარმოებია გვარი ილიაძე.ამ მხრივ გაცილებით დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა ელია(იხ.).
იოსებ
(ძველი ებრაული)"გამრავლება","მატება",სიტყვა-სიტყვით:"ის(ე.ი.ღმერთი)გაამრავლებს","შეჰმატებს".ებრაელთა მამამთავრის,ბიბილიური იაკობის,ვაჟის სახელია, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში. ქართულ უძველეს ძეგლებშივე გვხვდება პარალელური ფორმები–იოსებ/იოსეფ:"რომელი საგონებელ ხიყო ძედ იოსებისა"(ლუკა,3,23),შდრ."...ძედ იოსეფისა"(ლუკა3,30).მისი კნინობითი ფორმებია:სოსო,სოსია,სოსოია,სოსიკო, ოსიკო.იოსებისა და მისი ვარიანტული ფორმებისაგან წარმოქმნილია მრავალი ქართული გვარი:იოსებაშვილი,იოსებიძე,იოსებაძე,იოსეფაშვილი,იოსეფაიშვილი,ოსიპაშვილი და სხვ.
კაცია
(ქართული) საეკლესიო კალენდარში მიჩნეულია ადამ-ის შესატყვისად (მნიშვნელობით მას შეედრება ბერძნული არსენ, გერმანული კარლ და სხვანი). მისი კნინობითია კაციტა, რომელიც დღეს შემონახულია მხოლოდ კაციტაძის გვარში. წინათ სახელი იყო აგრეთვე კაცობა (შეადარეთ მეგრული კოჩობა), საიდანაც მიღებულია კაცობაშვილის გვარი. თვითონ კაცია-საგან ნაწარმოებია გვარები: კაცია, კაცაძე, კაცაშვილი.
კიკა
– არაკალენდარული სახელია, რომელსაც მოეპოვება რამდენიმე ვარიანტი: კიკი, კიკილა, კიკიტა, კიკო, კიო, კოლა, კიკოლიკი. ზოგი მათგანი გვხვდება ლიტერატურულ გმირთა სახელადაც: მაგალითად, კიკოლა აკაკი წერეთლის პოემის " კიკოლას ნაამბობის " გმირია, კიკოლიკი ჰქვია გიორგი წერეთლის მოთხრობის " კიკოლიკი, ჩიკოლიკი და კუდაბზიკას " ერთ-ერთ პერსონაჟს, კიკო მაყვალა მრევლიშვილის საბავშვო პოემის " ჭანჭიკელას " პერსონაჟია. ზემოხსენებული სახელები ამჟამად სხვადასხვა კალენდარულ სახელთა შინაურულ (კნინობით) ფორმად ითვლება, მაგრამ წარმოშობით დამოუკიდებელი სახელები ჩანს. მათგან ნაწარმოებია გვარები: კიკიანი, კიკილაშვილი, კიკალიშვილი, კიკოლაშვილი, კიკოშვილი, კიკონიშვილი, კიკაბიძე, კიკავა, კიკაძე, კიკაჩეიშვილი და სხვ.
კირილე
(სპარსული) "მზე," სხვაგვარი ეტიმოლოგიით - ესაა ბერძნული სახელის კვიროს-ის კნინობითი ფორმა ("პატარა ბატონი," "ბატონიშვილი").
კოკი
(ქართული) მისი კნინობითი ფორმებია: კოკა, კოკინია, კოკილა. ამათგან მოდის გვარები: კოკაია, კოკაშვილი, კოკილაშვილი.
კოტე
კონსტანტინე-ს შემოკლებული ფორმაა ქართულში, აქვს დამოუკიდებელ სახელად ქცევის ტენდენცია (გავიხსენოთ ცნობილი მსახიობი კოტე მესხი, რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი, კომპოზიტორი კოტე ფოცხვერაშვილი, მსახიობი კოტე მახარაძე). მისი კნინობითი ფორმა უნდა იყოს კოტია, კოტუა, კოტეტი, რომლებიც დაცულია გვარებში: კოტაშვილი, კოტიაშვილი, კოტეტიშვილი, კოტუა.
მამუკა
(ქართული) წინათ გვხვდებოდა აგრეთვე მისი კნინობითი ფორმა მამუკელა. ამათგან მიღებულია გვარები: მამუკაძე, მამუკაშვილი, მამუკიშვილი, მამუკელაშვილი.
მიხეილი
საკუთარი სახელი. მისი კნინობითი ფორმებია: მიხა, მიხო, მიხაკო. მომდინარეობს ძველი ებრაული სახელიდან მიქელა – „ღვთის სწორი“, „ღვთაებრივი“ (სიტყვასიტყვით: „ვინც ღმერთივით არის“). ეს სახელი ებრაულიდან შესულია ბერძნულში და ბერძნულის გზით ფართოდ გავრცელებულა მსოფლიოს მრავალ ენაში, თუმცა გზადაგზა საგრძნობი ცვლილებები განუცდია. მისი პირვანდელი ფორმაა მიქაელ, სადაც „ქ“ ბერძნულშივე იქცა „ხ“-დ, „ე“ კი – „ი“-დ და წარმოიქმნა მიხაილ. ეს ფორმა შესულია რუსულში, მიხაი გვხვდება რუმინულში; მიხაილო, მიკოლა — უკრაინულში და ა. შ. ქართულში არის როგორც მიქელ, მიქელა, ისე მიხეილ, მიხა. უფრო ძველი ფორმაა პირველი, საიდანაც ნაწარმოებია გვარები: მიქელაძე, მიქელაშვილი, მიქელაიშვილი, მიქაშვილი, მიქიაშვილი, მიქაძე, მიქავა... მიხეილ-ისაგან კი ნაწარმოებია მხოლოდ ორიოდე გვარი — მიხელაშვილი, მიხელიძე.
ნინია
– ქართულში ძველად გავრცელებული სახელი იყო. მისი კნინობითი სახელია ნინიკა. ვაჟის სახელად გვხვდებოდა აგრეთვე ნონე და მისი კნინობითი ფორმა ნონიკა. ამ სახელთა ეტიმოლოგია უცნობია. მათგან ნაწარმოებია გვარები: ნინიძე, ნინიაშვილი, ნინიკაშვილი, ნონეშვილი, ნონიკაშვილი.
ნინო
ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქალის სახელია საქართველოში უძველესი დროიდან დღემდე. ნინო ერქვა ქართველთა განმანათლებელს, მოციქულთა სწორს, IV საუკუნეში. ამ სახელის ეტიმოლოგია დაუდგენელია. ზოგიერთის აზრის, შესაძლოა უკავშირდებოდეს ასირიული ნაყოფიერების ღვთაების სახელს ნინ-ს (მისგანვე მომდინარეობს ასირიის დედაქალაქის სახელწოდება ნინევია). ყოველ შემთხვევაში, ნინო ამ ფორმით მხოლოდ ქართველებში გვხვდება და ქართულ სახელს წარმოადგენს, მას არავითარი კავშირი არა აქვს ევროპულ ენათა ნინა-სთან, რომელიც ანინა, კატარინა, ჯოვანინა და სხვა მისთანა სახელთა შემოკლებით არის მიღებული. ნინოს მოფერებითი ფორმებია: ნინიკო, ნინუცა, ნუცა, ნუციკო. მისგან ნაწარმოებია გვარი ნინოშვილი.
ნუცა
ნინო-ს მოფერებითი ფორმის – ნინუცა-ს შემოკლებული ვარიანტია, ამჟღავნებს დამოუკიდებელ სახელად ქცევის ტენდენციას (გაიხსენეთ ცნობილი მსახიობი ნუცა ჩხეიძე). ამის ნიშანია ისიც, რომ ამ მოფერებითი სახელისაგან კვლავ იწარმოება კნინობითი ფორმები: ნუციკო, ნუცკია.
ოლღა, ოლგა, ოლია
(სკანდინავიური) " წმინდა ". რუსულში ადრეულ ხანაში არის ნასესხები ვაჟის სახელი ოლეგ და მისგან ნაწარმოებია ქალის სახელი ოლგა. ქართულში გვხვდება როგორც ოლეგი, ისე ოლგა, მაგრამ ეს უკანასკნელი უფრო გავრცელებულია ოლღა-ს ფორმით. მისი კნინობითია ოლია, ოლიკო და ოლა. ამათგან ოლია ქცეულია დამოუკიდებელ სახელად.
ოსე
(ძველი ებრაული) " შველა ", " ხსნა ". მისი კნინობითია ოსია, ოსიკო. ეს სახელი საფუძვლად უძევს ოსეშვილისა და ოსიაშვილის გვარებს.
პაატა
საკუთარი სახელი. ნიშნავს „პატარას“, „უმცროსს“. მისი კნინობითია პატია, პატიკო. აქედანაა გვარები: პაატაშვილი, პატიაშვილი, პატეიშვილი. პაატა ერქვა გიორგი სააკაძის უმცროს ვაჟს, რომელიც მამამ სამშობლოს თავისუფლებას შესწირა მსხვერპლად.
პავლე
(ლათინური) " პატარა ", " მცირე ". ქრისტეს ერთ-ერთო მოციქულის და არაერთი მოწამის სახელია, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული როგორც კაცის, ისე ქალის სახელად, ასევე – გვარებად. მისი ფორმებია სხვადასხვა ხალხთა ენებში : პაულიოს, პაულიუს, პაულოს, პაველ, პაულ, პაოლო, პოლ, პოღოს და სხვ. ქალის სახელები: პავლა, პავლინა, პოლინა, პოლინე... ქართულში კაცის სახელად გვაქვს პავლე, ქალისა – პოლინა, პოლინე, კნინობითი (კაცისა) – პავლია, პალიკო, გვარები – პავლიაშვილი და პავლაშვილი.
პეტრე
(ბერძნული) " კლდე " (შეადარეთ მთის ქანების შემსწავლელი მეცნიერების სახელწოდება პეტროგრაფია). პეტრე ერქვა ქრისტეს ერთ-ერთ მოციქულსა და მრავალ მოწამეს, უფრო ხშირად – სასულიერო პირებს. ქართველთაგან ამ სახელით განსაკუთრებით ცნობილია V ს. გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწე პეტრე იბერი (ფსევდოდიონისე არეოპაგელი). პეტრეს კნინობითი ფორმებია ქართულში: პატრია, პეტია, პეტა, პეტო, პეტრუა, პეტუა. ამათგან ნაწარმოებია გვარები: პეტრიაშვილი, პეტრუაშვილი, პეტუაშვილი, პეტაშვილი, პეტრიძე, პერტაია, პერტია, პერტენევა, პერტახია, პირტახია.
სალომე
(ძველი ებრაული) "მშვიდობა". ეს სახელი ერქვა ერთ-ერთ მენელსაცხებლე დედათაგანს. საქართველოს ისტორიიდან ცნობილია იბერიის დედოფალი, რევ მირიანის ძის მეუღლე, სომეხთა მეფის თრდატის (287-330 წწ.) ასული სალომე უჯარმელი, რომელმაც პეროჟავრი სივნიელთან ერთად აღწერა წმინდა ნინოს ცხოვრება: "რამეთუ მოსცა თრდატ ასული თვისი, რომელსა ერქუა სალომე, ძესა მირიანისსა ცოლად, რომელსა ერქუა რევ " ( "ქართლის ცხოვრება" I, 70).
სერგი
(ლათინური)რომაული გვაროვნული სახელია,საეკლესიო კალენდარში ითარგმნება როგორც"მაღალი","ღირსეული",ან "მგზნებარე".მისივე ვარიანტული ფორმაა ქართულში სერგო, კნინობითი–სერგია.ეს უკანასკნელი გვხვდება აგრეთვე გვარად.
სესე
(ქართული) მნიშვნელობა უცნობია. კნინობით-საალერსო ფორმებია: სესია, სესიკა, სესიკელა, სესიტა. ამათგან წარმოქნილია გვარები: სესიაშვილი, სესიკაშვილი, სესიკელაშვილი, სესიტაშვილი.
შიო
- უნდა მომდინარეობდეს სიაოშ-ისაგან, რომელიც წარმოშობით ირანული სახელია და " შავგვრემანს ", " შავ მამაკაცს " ნიშნავს. ძველ ქართულში შემოსულია შიოშ-ის ფორმით, ამ უკანასკნელისაგან კი მიღებულია საბოლოო ფორმა შიო (აქედანაა გვარი შიოშვილი). მისი კნინობითი ფორმებია შიუკა და შიოლა (ამათგან მოდის გვარები: შიუკაშვილი, შიოლაშვილი). საქართველოში მოღვაწე ასურელ მამათა შორის ერთს შიო ერქვა (VI ს.). მისი სახელი და წოდება შიო მღვიმელი ფსევდონიმად აირჩია გამოჩენილმა საბავშვო პოეტმა შიო ქუჩუკაშვილმა.
შოშიტა
(ქართული) - ცხადია, აქ ‘ტა’ კნინობითი სუფიქსია (ისევე როგორც სხვა სახელებში, როგორიცაა: ბეჟიტა, ბერიტა, გოგიტა, ხახუტა და სხვანი). თუ ასეა, უნდა გვქონდეს სახელი ამ სუფიქსის გარეშეც. ასეთი სახელი შოშია შემონახულია შოშიაშვილის გვარში. თვით შოშიტა-საგან ნაწარმოებია გვარები შოშიაშვილი და შოშიტაიშვილი.
ჭიჭიკო
(ქართული) " პატარა ", " პაწია ". მეგრულ ზედსართავ სახელს ‘ჭიჭე’ დართული აქვს კნინობითი სუფიქსი ‘იკო’. გვხვდება აგრეთვე ‘ია’ სუფიქსიანი ფორმა ჭიჭია. ამათგან მოდის გვარები: ჭიჭიაშვილი, ჭიჭიკაშვილი, ჭიჭიკოშვილი, ჭიჭეიშვილი, ჭიჭინაძე, ჭიჭინავა.
ხახუტა
(ქართული) ნაწარმოებია კნინობითის ‘ტა’ სუფიქსით ხახუ სახელისაგან (ბერიტა, გოგიტა, შოშიტა და სხვა სახელთა მსგავსად). მისგან მომდინარეობს გვარები: ხახუტაშვილი, ხახუტაიშვილი.
ხირლიჩა
(ქართული) მისი პარარელური ფორმაა ხინჩლა, რომელიც მომდინარეობს ყინჩლა-საგან და წარმოადგენს ყინჩ-ის ( " კარგის ") კნინობით ფორმას (გ. ბედოშვილის ეტიმოლოგია).
ხოსრო
(სპარსული) " კეთილი სახელის მქონე ", " სახელმოხვეჭილი ", " სახელოვანი ". იხმარებოდა სპარსეთის შაჰების ეპითეტად, აქედან კი საზოგადოდ " მეფის " მნიშვნელობა შეიძინა. მისი კნინობითი ფორმებია: ხოსია, ხოსიტა. ამათგანაა გვარები: ხოსროშვილი, ხოსიტაშვილი (იხ. აგრეთვე ქაიხოსრო).
Submit a name





გოგა რატომ არარის ?