ისტორიაკარგი ამბებისაინტერესოსასარგებლოსაქართველოსიასხვადასხვაქართული გვარები

ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

ქართული გვარი — გვარების უმრავლესობა წარმოიშვება მამის სახელიდან, იშვიათად ადგილის სახელწოდებიდან სხვადასხვა სუფიქსების დამატებით. როგორც წესი ქართული გვარები განსხვავდება ქვეყნის ამა თუ იმ მხარეს მიხედვით.

სასურველი გვარის საპოვნელად გამოიყენეთ ძებნის ფუნქცია.

ქართული გვარები

There are currently 8 names in this directory beginning with the letter Შ.
შავერდაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი შავერდა.

1721 წელს მოიხსენიება არტემა გერმანოზიშვილის ყმა, ბერია შავერდაშვილი.

საქართველოში 580 შავერდაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 244, ქარელში – 49, რუსთავში – 45. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

წყარო: tbiliselebi.ge


უფრო მეტის სანახავად გადადით ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

შავიანიძე
გვარის ფუძეა მეტსახელი შავი.

სოფელ ვაშლოვანში, 1873 წლის აღწერით, დავით შავიანიძე მოიხსენიება სასოფლო სასამართლოს მამასახლისად.

ერტისში მცხოვრები დავით შავიანიძე 1881 წელს არის გიორგი მანაშვილის თავდები.

ამავე ძირისაა: შავაძე, შავგულაშვილი, შავიძე, შავიშვილი, შავკაციშვილი.

საქართველოში 23 შავიანიძე ცხოვრობს: თბილისში – 13, თეთრი წყაროში – 3, ტყიბულში – 2. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

შავლაშვილი
ამ გვარის წარმომავლობა ხევსურეთიდან მოდის. შავლაშვილები გიგაურის “განაყარი” გვარია. ამავე ძირისაა შალვაძე.
Submitted by: scroll.ge

შაიშმელაშვილი
შაიშმელაშვილი ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში დევს წინაპრის საკუთარი სახელი შაიშმელა. არსებობს შაიშმელაშვილთა გვარის ფუძემდებლის სახელთან დაკავშირებული რამდენიმე გადმოცემა და სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრება. ერთი გადმოცემით, თითქოს სახელი შაიშმელა დაკავშირებულია სპარსულ რთულფუძიან სახელთან შაჰ-ისმაილთან; სხვა მოსაზრებით, შაიშმელას საწყისი ფორმა შავი ისმეილი შეიძლება ყოფილიყო; არის ვარაუდი, რომ აქ საქმე გვაქვს საკუთარ სახელ შაიშთან (რაც მარმარილოს ნიშნავს თურმე ებრაულ ენაზე), რომელსაც დამატებული აქვს კნინობის მაწარმოებელი დაბოლოება. კიდევ ერთი გადმოცემით, შაიშმელაშვილთა პირველ წინაპარს შაიშმელა იმიტომ დარქმევია, რომ შამილის შვილი ყოფილა. შამილს (ალბათ იგულისხმება კავკასიის ომის გმირი იმამი შამილი) ერთი ქართველი ქალი მოსწონებია და იმასთან რომ ბიჭი ეყოლა, იმისგან მოდიან შაიშმელაშვილებიო. დაუჯერებელია, მაგრამ ასეთი გადმოცემაც არსებობს, თუმცა დოკუმენტური მასალით დასტურდება, რომ შაიშმელაშვილთა გვარი შამილზე ადრე არსებობდა.

ვერაფერს ვიტყვით, საკუთარი სახელი შაიშმელა მართლა შაჰ-ისმაილს, შავ ისმეილს, შაიშს თუ შამილს უკავშირდება, დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ საქართველოში არსებობდა მამაკაცის საკუთარი სახელი შაიშმელა. სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მხარეში ეს სახელი საფუძვლად დაედო: ქართველ მართლმადიდებელ შაიშმელაშვილთა გვარს, ქართველ კათოლიკე შაიშმელაშვილთა გვარს (შესაძლოა, მათ საერთო ძირი ჰქონდეთ) და ქართველ ებრაელ შაიშმელაშვილთა გვარს. შაიშმელაშვილი საზიარო გვარსახელია და მრავალძირიანი გვარმოდენილობაა.

ქართველი მართლმადიდებელი შაიშმელაშვილები სოციალური მდგომარეობით ქიზიყელი თავისუფალი გლეხების კატეგორიას ეკუთვნოდნენ. აზნაურთა არც ერთ სიაში ეს გვარი არ იხსენიება. ქართველი კათოლიკე შაიშმელაშვილები თბილისის მოქალაქენი იყვნენ და ვაჭართა ფენას ეკუთვნოდნენ. ქართველი ებრაელი შაიშმელაშვილების საცხოვრებელი ადგილი ჩვენთვის უცნობია. არც ის ავტორები მიუთითებენ მათ საცხოვრისს, რომლებიც შაიშმელაშვილებს ებრაელებად ახსენებენ. სოციალური მდგომარეობით ისინიც ვაჭარ-ხელოსნები იქნებოდნენ, როგორც ქართველ ებრაელთა თემის დიდი უმრავლესობა.

ქიზიყელი შაიშმელაშვილების ბუდე-პირველსაცხოვრისი დღევანდელი სიღნაღის რაიონის სოფელი მაღარო უნდა იყოს. მაღაროელი შაიშმელაშვილები უფრო მკვიდრი მოსახლენი ჩანან, ვიდრე ქიზიყის და კახეთ-ჰერეთის სხვა სოფლების შაიშმელაშვილები. ქიზიყის სოფელ მაღაროს ფშავის სოფელ მაღაროსკართან აკავშირებენ. თითქოს ოდესღაც კახთა მეფეთაგან ჩამოსახლებული მაღაროსკარელი ფშავლები დასახლებულანო ქიზიყის სოფელ მაღაროში. აქაური შაიშმელაშვილების გვარს განვითარებული შიდა სტრუქტურა აქვს. მაღაროში შაიშმელაშვილთა რამდენიმე უბანია თავ-თავისი სახელით. ეს საუბნო სახელები შაიშმელაშვილთა წინაპრების თიკუნ სახელებს უკავშირდება.

სოფელ მაღაროში არსებობს შაიშმელაშვილებით დასახლებული: ბრანძუაანთუბანი, ბრიმაანთუბანი, თხიკუჭიაანთუბანი და რებოაანთუბანი. კავკასიის არქიოგრაფიული კომისიის აქტებში აღმოჩნდა 1802 წლით დათარიღებული ერთი საინტერესო წერილი ვინმე რუსი მოხელის სოკოლოვსკისა კოვალენკოსადმი, შემდეგ კი ციციანოვისადმი, სიღნაღიდან თბილისში გამოგზავნილი, რომელშიც ნათქვამია, რომ სიღნაღის მაზრის სოფელ ვაქირის მცხოვრები გლეხი სტეფანე ვარდიაშვილი და სოფელ მაღაროს მცხოვრები გლეხი აბრამ შაიშმელაშვილი, ალექსანდრე ბატონიშვილთან გაქცეულები, ამ წლის დეკემბერში უკან დაბრუნებულან. რუს კაპიტან-ისპრავნიკს ისინი დაუკითხავს ალექსანდრე ბატონიშვილის იმჟამინდელი ადგილსამყოფელის და შესაძლო გადაადგილების გასარკვევად. გლეხებს შეკითხვებზე პასუხი გაუციათ, მაგრამ ვინ იცის, მართალი ილაპარაკეს თუ ის თქვეს, რაც ბატონიშვილმა დააბარათ.

მეფე ერეკლეს ვაჟი ალექსანდრე ერთგულ ქართველთა მცირე ჯგუფთან ერთად სიკვდილამდე ებრძოდა რუს დამპყრობლებს. მის გვერდით დგომა, დიახ, დიდი პატივი იყო მაშინაც და ახლაც. შაიშმელაშვილებს თუ გვარში ვინმეს სახელი ეამაყებათ, იმათში აბრამ შაიშმელაშვილიც სახსენებელია, რომელიც ერთხანს ალექსანდრე ბატონიშვილს ხლებია, რუსთა მტერი ყოფილა და სამშობლოს მოყვარე.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის შაიშმელაშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ კახეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე სადროშოში, ბოდბელი ეპისკოპოსების დროშის ქვეშ. მოგვიანებით ქიზიყელთა რაზმს კახეთის ლაშქარში თავადი ანდრონიკაშვილები მიუძღოდნენ. 1795 წლის 12 სექტემბერს კრწანისის ველზე ქიზიყელებმა არაგველებთან და ფშავ-ხევსურებთან ერთად თავგანწირვით შეუტიეს სპარსელთა ბანაკის ცენტრს და აღა-მაჰმად-ხანის კარვამდე მიაღწიეს. შესაძლოა, მაშინ ქიზიყელთა შორის შაიშმელაშვილთა გვარის მეომრებიც ერივნენ. წესით და რიგით, უნდა ყოფილიყვნენ. დღეს რომ კრწანისში არაგველებს მუდმივი ცეცხლი უნთიათ, ის ცეცხლი ფშაველ-ხევსურებსაც და ქიზიყელებსაც თანაბრად ეკუთვნით.

ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ შაიშმელაშვილთა გვარის შვილნი: დეკანოზი მიქაელ შაიშმელაშვილი, არქიტექტორი, პროფესორი გიორგი შაიშმელაშვილი, მწერალი, გენერალი ივანე შაიშმელაშვილი, მხატვარი გია შაიშმელაშვილი, რეჟისორი რუსუდან შაიშმელაშვილი, მსახიობი მათე შაიშმელაშვილი და სხვანი.

ამჟამად შაიშმელაშვილები ცხოვრობენ ქიზიყის სოფლებში: მაღაროში, ანაგაში, ნუკრიანში, წნორში, ტიბაანში, ბოდბეში, მაჩხაანში, გოდაქანში და სხვაგან; კახეთის სოფლებში: გურჯაანში, ყვარელში, შილდაში და სხვაგან; ჰერეთის სოფლებში: ბაისუბანში, საქობოში, ცოდნისკარში, ლაგოდეხში, ნაენდროვალში და სხვაგან; აგრეთვე არაგვის ხეობაზე სოფელ ჭონქაძეში; ქალაქებში: მცხეთაში, თბილისსა და რუსთავში.

საქართველოში შაიშმელაშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 700 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი შაიმშელაშვილთა!
მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ

შალიკაშვილი
ლანჩხუთის რაიონშია გავრცელებული. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან “შალიკა”. შალიკაშვილი მსხვილი ფეოდალური საგვარეულოა ძველ საქართველოში. მისი წინარე გვარი როჭიკაშვილი ყოფილა.
Submitted by: scroll.ge

შარაბიძე
წარმოშობილია საკუთარი სახელიდან შარაბ. ამავე სახელიდანაა წარმოშობილი გვარები შარაბაიშვილი, შარაბიძისშვილი.

შეთეკაური


გვარის ფუძეა საკუთარი სახელი შეთეკა, შეთიკა, შეთე.



შეთეკაურები სოფელ ხონიჭალასა და მუცოში ცხოვრობენ.



გადმოცემის თანახმად, შეთეკაურების წინაპრები ბარიდან ყოფილან მთაში ასულები. მეორე ვერსიით კი, შეთეკაურები წარმოშობით თუშეთიდან არიან.



შეთეკაური ჩოლოყაშვილის განაყარი გვარია.



საქართველოში 299 შეთეკაური ცხოვრობს: გარდაბანში – 125, თბილისში – 72, დუშეთში – 41. არიან სხვაგანაც


შონია
გავრცელებულია ზუგდიდის, ხობის, წალენჯიხის რაიონში. გვარადქცეული ეთნონიმი შონი (მეგრსვანი).
Submitted by: scroll.ge


Submit a name

Related Articles

4 Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button