ლიტერატურამოთხრობასაბავშვო

ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი პატარა უფლისწული

თარგმანი გიორგი ჩიმაკაძისა - მხატვრობა ავტორისა

XIV

მეხუთე პლანეტა ძალიან საინტერესო პლანეტა იყო, მაგრამ იგი ყველაზე პატარა აღმოჩნდა. პლანეტაზე ისე ცოტა ადგილი იყო, რომ მხოლოდ ერთი  ფარანი და მეფარნე ეტეოდა. პატარა უფლისწული ვერ მიმხვდარიყო, რა საჭირო იყო ფარანი და მეფარნე სადღაც ცაში მიკარგულ პატარა უკაცრიელ პლანეტაზე, სადაც სახლიც კი არ იდგა.

„იქნებ ამ კაცის ცხოვრება უაზროა, მაგრამ არც ისე უაზრო, როგორც მეფის, პატივმოყვარისა და საქმოსანისა, – გაიფიქრა მან. – მის სამუშაოს რაღაც აზრი მაინც აქვს. როცა იგი ფარანს აანთებს, თითქოს ერთი ახალი ვარსკვლავი ან ყვავილი ჩნდება ქვეყნად. ხოლო როდესაც ფარანს აქრობს, თითქოს აძინებს ვარსკვლავს ან ყვავილს. მშვენიერი საქმეა და ნამდვილად სასარგებლოც, რადგან ლამაზია“.

და მიუახლოვდა თუ არა პლანეტას, პატივისცემით მიესალმა მეფარნეს.

– გამარჯობა! რატომ ჩააქრე ფარანი?

– ასეა დაწესებული, – მოუგო მეფარნემ, – დილა მშვიდობისა.

– რა არის დაწესებული?

– ის, რომ ფარანი ჩავაქრო. საღამო მშვიდობისა.

და მან ხელხლა აანთო ფარანი.

– ხელმეორედ რატომ აანთე?

– ასეა დაწესებული, – გაიმეორა მეფარნემ.

– ვერაფერი გავიგე, – თქვა პატარა უფლისწულმა.

– აქ გაუგებარი არაფერია, – უპასუხა მეფარნემ, – წესი წესია. დილა მშვიდობისა.

და ისევ ჩააქრო ფარანი.

შემდეგ წითელუჯრედებიანი ხესახოცით შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და თქვა:

– ძნელი ხელობა მაქვს. ოდესღაც ამ სამუშაოს აზრი ჰქონდა. დილით ჩავაქრობდი ხოლმე ფარანს, საღამოს კი ისევ ავანთებდი. დანარჩენ დროს ვისვენებდი, ღამით კი მეძინა…

– მას შემდეგ წესი შეიცვალა?

– არა, წესი არ შეცვლილა და უბედურებაც ეს არის! საქმე ისაა, რომ რად დრო გადის, პლანეტა უფრო და უფრო სწრაფად ტრიალებს, წესი კი უცვლელი რჩება!

– მერე? – შეეკითხა პატარა უფლისწული.

– მერე და პლანეტის სრულ შემობრუნებას ახლა მხოლოდ ერთი წუთი სჭირდება და ერთი წუთითაც ვეღარ ვისვენებ. ყოველ წუთს ვანთებ და ვაქრობ ფარანს.

– საოცარია! მაშ შენთან დღე მხოლოდ ერთი წუთი გრძელდება!

– საოცარი არაფერია, – მიუგო მეფარნემ, ჩვენ უკვე მთელი თვეა ვსაუბრობთ.

– მთელი თვე?

– დიახ. ოცდაათი წუთი. ოცდაათი დღე. საღამო მშვიდობისა.

და კვლავ აანთო ფარანი.

პატარა უფლისწული შეჰყურებდა მეფარნეს და უფრო და უფრო მოსწონდა ეს კაცი, რომელიც ასე ერთგულად ასრულებდა თავის მოვალეობას. უცებ მოაგონდა, როგორ გადადგამდა ხოლმე თავის პლანეტაზე სკამს, რომ უფრო დიდხანს ეცქირა მზის ჩასვლისთვის, და მეგობრის დამხარება განიზრახა.

– მე ერთ ხერხს გასწავლი და, როცა მოისურვებ, შეგიძლია დაისვენო… – უთხრა მას პატარა უფლისწულმა.

– მე ეგ მუდამ მსურს, – თქვა მეფარნემ, რადგან შეიძლება კაცი საქმის ერთგულიც იყოს და თან ზარმაციც.

პატარა უფლისწულმა განაგრძო:

– შენი პლანეტა იმდენად პატარაა, რომ შეგიძლია სამი ნაბიჯით შემოუარო. ოღონდ ისე უნდა იარო, რომ მზე მუდამ დაგყურებდეს. დასვენება რომ მოგინდება, იარე… და დღეც იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენსაც მოისურვებ.

– ეგ მე ბევრს ვერაფერს მიშველის, – თქვა მეფარნემ – მე ხომ ძილი ყველაფერს მირჩევნია.

– მაშ ცუდად ყოფილა შენი საქმე, – თანაგრძნობით უთხრა მას პატარა უფლისწულმა.

– დიახ, ცუდადაა, – დაუდასტურა მეფარნემ. – დილა მშვიდობისა.

და ჩააქრო თავისი ფარანი.

„ამ კაცს, – ფირქობდა გზაში პატარა უფლისწული, – ალბათ მეფეც აბუჩად აიგდებდა, პატივმოყვარეც, ლოთიც და საქმოსანიც. ჩემი აზრით კი, მათ შორის მხოლოდ ეგ არ არის სასაცილო, ალბათ მარტო თავის თავზე რომ არ ზრუნავს, ამიტომ“.

პატარა უფლისწულმა ღრმად ამოიოხრა: „აი, ერთადერთი კაცი, რომელსაც მე დავუმეგობრდებოდი, – გაიფიქრა მან. – მაგრამ მისი პლანეტა მართლაც ძალიან პატარაა ორი კაცისათვის…“

პატარა უფლისწულს თავისი თავისთვისაც ვერ გაემხილა, რომ ამ პლანეტასთან გამოთხოვებამ იმიტომაც დასწყვიტა გული, რომ დღე-ღამეში აქ ათას ოთხას ორმოცჯერ შეეძლო ენახა მზის ჩასვლა.

XV

მეექვსე პლანეტა წინანდელთან შედარებით ათჯერ უფრო დიდი იყო, ამ პლანეტაზე ერთი მოხუცი კაცი ცხოვრობდა, რომელიც ვეება წიგნებს წერდა.

– აი მოგზაურიც! – წამოიძახა მან, როგორც კი პატარა უფლისწულს მოჰკრა თვალი.

პატარა უფლისწული მაგიდაზე ჩამოჯდა, რომ სული მოეთქვა. მან ხომ ამდენი იმოგზაურა!

– სადაური ხარ? – ჰკითხა მოხუცმა.

– რა წერია ამ დიდ წიგნებში? – კითხვითვე უპასუხა პატარა უფლისწულმა. – რას აკეთებთ?

– მე გეოგრაფი ვარ, – მიუგო მოხუცმა.

– რა არის გეოგრაფი?

– გეოგრაფი სწავლულია, რომელმაც იცის, სად მდებარეობს ესა თუ ის ზღვა, მდინარე, ქალაქი, მთა და უდაბნო.

– ძალიან საინტერესოა! – თქვა პატარა უფლისწულმა. – როგორც იქნა, დავინახე ადამიანი, რომელსაც ნამდვილი საქმე აქვს.

და მან თავლი მოავლო გეოგრაფის პლანეტას. ასეთი დიდებული პლანეტა ჯერ არ ენახა.

– რა ლამაზია! ოკეანეები თუ არის თქვენს პლანეტაზე?

– ვერ გეტყვი, – თქვა გეოგრაფმა.

– ა! – პატარა უფლისწული არ მოელოდა ასეთ პასუხს! – არც მთები?

– ვერც მაგაზე გიპასუხებ.

– ქალაქები, მდინარეები ან უდაბნოები?

– ვერც მაგაზე გეტყვი რამეს. რაც არ ვიცი, არ ვიცი, – მიუგო გეოგრაფმა.

– მაგრამ თქვენ ხომ გეოგრაფი ხართ?

– დიახ. – მიუგო გეოგრაფმა – გეოგრაფი, და არა მოგზაური. მე ერთი მოგზაურიც არ მყავს ჩემს პლანეტაზე. გეოგრაფის საქმე არ არის ქალაქების, მდინარეების, მთების, ზღვების, ოკეანეებისა და უდაბნოების დათვალიერება. გეოგრაფი ვერ იხეტიალებს. იგი თავის საწერ მაგიდასთან უნდა იჯდეს. სამაგიეროდ, იგი მოგზაურებს იღებს, შეკითხვებს აძლევს მათ და იწერს თითოეულის ნაამბობს, თუ რომელიმე მათგანის ნაამბობი დააინტერესებს, ამოწმებს, – წესიერი კაცია თუ არა მოგზაური.

– რატომ?

– იმიტომ, რომ თუ მოგზაურმა ტყუილი თქვა, გეოგრაფიის წიგნში ყველაფერი აირევა. ასევე უნდა შემოწმდეს იმ მოგზაურის ნაამბობიც, რომელიც ღვინოს ეტანება.

– რატომ? – იკითხა პატარა უფლისწულმა.

– იმიტომ, რომ მთვრალ კაცს ყველაფერი ორად ეჩვენება. და გეოგრაფი, რომელიც მას დაუჯერებს, ერთი მთის მაგიერ ორს ჩაწერს.

– მე ერთ კაცს ვიცნობ, – თქვა პატარა უფლისწულმა, – იგი ალბათ ძალიან ცუდი მოგზაური იქნებოდა.

– შეიძლება. ამრიგად, თუ მოგზაური წესიერი კაცი ჩანს, მის აღმოჩენას ამოწმებენ.

– მიდიან და ნახულობენ?

– არა, ეს ძალიან გაართულებდა საქმეს. უბრალოდ, მოგზაურს დამამტკიცებელ საბუთებს თხოვენ. მაგალითად, თუ მან დიდი მთა აღმოაჩინა, ამის დასამტკიცებლად იმ მთიდან ქვები უნდა მოიტანოს.

გეოგრაფი უცებ გამოცოცხლდა.

– შენც ხომ შორეული ქვეყნიდან ჩამოხვედი! მაშასადამე, შენც მოგზაური ხარ! ამიწერე შენი პლანეტა!

გეოგრაფმა თავისი დავთარი გადაშალა და ფანქრის წვერი წაუმახა. მოგზაურის ნაამბობს ჯერ ფანქრით იწერენ ხოლმე, მერე კი როცა მოგზაური სათანადო დამამტკიცებელ საბუთებს წარმოადგენს, მელნით გადაიწერენ.

– აბა, გისმენ, – თქვა გეოგრაფმა.

– ჩემი პლანეტა არც ისე საინტერესოა, – თქვა პატარა უფლისწულმა. – იგი სულ პატარაა. იქ სამი ვულკანია, ორი მოქმედი, ერთი კი ჩამქრალი. თუმცა ვინ იცის…

– დიახ, ვინ იცის, რა მოხდება, – კვერი დაუკრა გეოგრაფმა.

– ერთი ყვავილიცა მაქვს.

– ჩვენ ყვავილებს არ აღვნიშნავთ, – თქვა გეოგრაფმა.

– რატომ? იგი ყველაზე ლამაზია ჩემს პლანეტაზე.

– იმიტომ, რომ ყვავილი ეფემერულია.

– რა არის „ეფემერული“?

– გეოგრაფის წიგნები ყველაზე ძვირფასი წიგნებია და არასოდეს ძველდება. მთა ძალიან იშვიათად იცვლის ადგილს და ოკეანეც ძალიან იშვიათად შრება. ჩვენ მხოლოდ მარადიულ საგნებზე ვწერთ.

– მაგრამ ჩამქრალმა ვულკანმა ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გაიღვიძოს, – შეაწყვეტინა პატარა უფლისწულმა. – რა არის „ეფემერული“?

– ჩამქრალია ვუკანი, თუ მოქმედი, ამას ჩვენთვის არავითარი მნიშნველობა არა აქვს, – თქვა გეოგრაფმა. – ჩვენთვის მთავარია მთა. იგი არ იცვლება.

– კი მაგრამ, რა არის „ეფემერული“? – ისევ გაუმეორა პატარა უფლისწულმა, რადგან ვერ მოისვენებდა, სანამ კითხვაზე პასუხს არ მიიღებდა.

– ეფემერული არის ის, რასაც დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია.

– მაშ, ჩემს ყვავილს დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია?

– რა თქმა უნდა.

„ჩემი ყვავილი ეფემერულია, – გაიფიქრა პატარა უფლისწულმა.  – მას მხოლოდ ოთხი ეკალი აქვს თავის დასაცავად. მე კი მარტოდმარტო მივატოვე იგი ჩემს პლანეტაზე“.

და მან პირველად ინანა, რომ მიატოვა ყვავილი. მაგრამ მერე ისევ მოიკრიბა მხნეობა.

– რომელი ქვეყნის ნახვას მირჩევდით? – ჰკითხა მან გეოგრაფს.

– დედამიწის, – მიუგო გეოგრაფმა. – მას კარგი რეპუტაცია აქვს…

და პატარა უფლისწული გაუდგა გზას, მაგრამ ფიქრებით თავის ყვავილთან იყო.

XVI

მეშვიდე პლანეტა, რომელსაც იგი ეწვია, დედამიწა იყო. დედამიწა უბრალო პლანეტა არ გეგონოთ! ამ პლანეტაზე ასთერთმეტი მეფეა (მათ შორის, რა თქმა უნდა, ზანგი მეფეებიც), შვიდი ათასი გეოგრაფი, ცხრაასი ათასი საქმოსანი, შვიდი მილიონ ხუთასი ათასი ლოთი და სამასთერთმეტი მილიონი პატივმოყვარე – ესე იგი, სულ დაახლოებით ორ მილიარდამდე ადამიანი.

დედამიწის სიდიდე რომ უფრო კარგად წარმოიდგინოთ, საკმარისია იცოდეთ, რომ სანამ ელექტრონს აღმოაჩენდნენ, ექვსივე კონტინენტზე მეფარნეთა მთელი არმია ჰყავდათ, რომელიც ოთხას სამოცდაორი ათას ხუთას თერთმეტი კაცისაგან შედგებოდა.

შორიდან ეს დიდებული სანახაობა იყო. ამ არმიის მოძრაობა საბალეტო დასივით იყო აწყობილი. პირველად სცენაზე ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის მეფარნეები გამოდიოდნენ, აანთებდნენ თავიანთ ფარნებს და დასაძინებლად მიდიოდნენ. შემდეგ რიგ-რიგობით გამოდიოდნენ ჩინეთისა და ციმბირის მეფარნეები. ჩამოუვლიდნენ წრეს და კულისებში გაიკრიფებოდნენ. მათ შემდეგ დგებოდა რუსეთის და ინდოეთის მეფარნეთა რიგი. ამათ მოჰყვებოდნენ აფრიკისა და ევროპის, შემდეგ სამხრეთ ამერიკის, მერე კი ჩრდილოეთ ამერიკის მეფარნეები. და არცერთს არ ეშლებოდა სცენაზე გამოსვლის რიგი. მართლაც რომ დიდებული სანახაობა იყო!

მხოლოდ ორი მათგანი იყო არხეინად – ის, რომელსაც ჩრდილოეთ პოლუსის ერთადერთი ფარანი უნდა აენთო, და მისი სამხრეთპოლუსელი თანამოძმე. მათ მხოლოდ ორჯერ უნდა შეესრულებინათ წელიწადში თავისი მოვალოება.

XVII

როცა მოსწრებული სიტყვა გინდა თქვა, ზოგჯერ უნებურად ტყუილიც უნდა მოიშველიო. აი ახლაც, მეფარნეებზე რომ გაიმბობდით, ცოტათი გადავაჭარბე კიდეც და ვინც საკმაოდ არ იცნობს ჩვენს პლანეტას, შეიძლება მცდარი წარმოდგენაც კი შეექმნას მასზე. ადამიანებს არც ისე დიდი ადგილი უჭირავთ დედამიწაზე. დედამიწის ორი მილიარდი მკვიდრი რომ ერთად შეგროვილიყო, ისე როგორც ეს მიტინგებზე ხდება ხოლმე, თავისუფლად დაეტეოდა მოედანზე, რომელსაც ოცი მილის სიგრძე-სიგანე ექნებოდა. ამრიგად შესაძლებელი გახდებოდა მთელი კაცობრიობა წყნარი ოკეანის ერთ ყველაზე პატარა კუნძულზე მოგვეთავსებინა.

დიდები ამას, რა თქმა უნდა, არ დაგვიჯერებენ. მათ ჰგონიათ, რომ ძალიან დიდი ადგილი უჭირავთ დედამიწაზე. მათ თავიანთი თავი ბაობაბებივით ბუმბერაზი ჰგონიათ. კარგი იქნებოდა, თუ ურჩევდით, ზუსტად გამოენგარიშებინათ ყველაფერი. ეს რჩევა ეამებოდათ კიდეც. მათ ხომ ძალიან უყვართ ციფრები. თქვენ კი ამაოდ ნუ დაკარგავთ დროს. თქვენ ანგარიში არ გჭირდებათ, ისედაც გჯერათ ჩემი.

დედამიწაზე რომ დადგა ფეხი, პატარა უფლისწულს ძალიან გაუკვირდა, რომ ვერავინ დაინახა. ვაითუ, სხვა პლანეტაზე მოვხვდი, გაუელვა ფიქრმა, მაგრამ ამ დროს სილაში რაღაც დაგორგლილი შეირხა, რომელსაც მთვარის სხივის ფერი დაჰკრავდა.

– საღამო მშვიდობისა, – გაეხმიანა მას პატარა უფლისწული ყოველი შემთხვევისთვის.

– საღამო მშვიდობისა, – მიუგო გველმა.

– რომელ პლანეტაზე ჩამოვედი? – იკითხა პატარა უფლისწულმა.

– დედამიწაზე, – მიუგო გველმა. – აფრიკაში.

– ა!.. დედამიწაზე ადამიანი არ ცხოვრობს?

– ეს უდაბნოა. უდაბნოში კი არავინ ცხოვრობს. დედამიწა დიდია, – უთხრა გველმა.

პატარა უფლისწული ქვაზე ჩამოჯდა და ზეცას მიაპყრო თვალი.

– ნეტავ რატომ კიაფობენ ვარსკვლავები, – ჩაილაპარაკა მან. – ალბათ იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან, ყველამ უნდა იპოვოს თავისი ვარსკვლავი. შეხედე, აი ჩემი პლანეტა – იგი სწორედ ჩვენს ზემოთაა, მაგრამ რა შორსაა აქედან!

– ლამაზი პლანეტაა, – თქვა გველმა. – რამ მოგიყვანა აქ?

– ყვავილს დავემდურე.

– ა!..

და ორივენი დადუმდნენ.

– ადამიანები სად არიან? – ისევ იკითხა პატარა უფლისწულმა. – უდაბნოში ცოტა არ იყოს, მარტოობაა…

– ადამიანთა შორისაც მარტოობაა, – მიუგო გველმა.

პატარა უფლისწული ყურადღებით დააქცერდა გველს.

– უცნაური არსება ხარ, – უთხრა მან ბოლოს, – თითივით წვრილი.

– სამაგიეროდ მე მეფის თითებზე მეტი ძალა მაქვს, – მიუგო გველმა.

პატარა უფლისწულს გაეღიმა.

– არც ისე ღონიერი ჩანხარ… ფეხებიც კი არა გაქვს… მოგზაურობასაც კი ვერ შეძლებდი…

– მე შემიძლია ყოველ ხომალდზე უფრო შორს წაგიყვანო, – უთხრა გველმა და ოქროს სამაჯურივით შემოეჭდო კოჭზე.

– ყველა სულდგმულს, რომელსაც კი შევეხები, მიწას ვუბრუნებ, რადგან ყველა მიწის შვილია, – თქვა მან. – მაგრამ შენ წმინდა ხარ და ვარსკვლავიდან მოფრენილი…

პატარა უფლისწულმა არაფერი უპასუხა.

– მებრალები, – განაგრძნო გველმა. – მეტისმეტად უმწეო ხარ ამ დედამიწაზე, რომელიც გრანიტისაგან არის შექმნილი. როცა ძალიან ინანებ, რომ მიატოვე შენი პლანეტა, მე შემიძლია დაგეხმარო. მე შემიძლია…

– ო! მივხვდი, რისი თქმაც გსურს, – უთხრა პატარა უფლისწულმა. – მაგრამ მუდამ იგავებით რატომ ლაპარაკობ?

– მე ყველა იგავის ამხსნელი ვარ, – თქვა გველმა.

და ორივენი დადუმდნენ.

XVIII

პატარა უფლისწულმა მთელი უდაბნო გადასერა და მხოლოდ ერთადერთ ყვავილს წააწყდა, სამფურცელა, პატარა ყვავილს.

– გამარჯობა, – უთხრა პატარა უფლისწულმა.

– გაგიმარჯოს, – მიუგო ყვავილმა.

– ადამიანები სად არიან? – თავაზიანად შეეკითხა პატარა უფლისწული.

ყვავილს მხოლოდ ერთხელ ენახა ქარავანი, რომელმაც შორიახლოს ჩაუარა.

– ადამიანები? ვფიქრობ, ექვსი თუ შვიდი ადამიანი არსებობს მხოლოდ. მე ისინი ამ რამდენიმე წლის წინათ დავინახე. მაგრამ არავინ იცის მათი ასავალ-დასავალი. ალბათ ქარი თუ ერეკება სადმე. მათ ხომ ფესვები არა აქვთ. უფესვოდ კი ძალიან ძნელია ცხოვრება.

– მშვიდობით, – უთხრა პატარა უფლისწულმა.

– მშვიდობით, – მიუგო ყვავილმა.

XIX

შემდეგ პატარა უფლისწული ერთ მაღალ მთაზე ავიდა. მანამდე მას არასოდეს ენახა მთები, თავისი სამი ვულკანის გარდა, რომლებიც მხოლოდ მუხლამდე წვდებოდა. ჩამქრალ ვულკანს კი სკამად ხმარობდა ხოლმე.

„ასეთი მაღალი მთიდან,  – გაიფიქრა მან, – თვალის ერთი გადავლებით დავინახავ მთელ პლანეტას და ყველა ადამიანს…“

მაგრამ წაწვეტილი კლდეების გარდა ვერაფერი დაინახა.

– გამარჯობა, – წარმოთქვა მან ყოველი შემთხვევისთვის.

– გამარჯობა… გამარჯობა… გამარჯობა… – გამოეხმაურა ექო.

– ვინა ხართ?  – იკითხა პატარა უფლისწულმა.

– ვინა ხართ?.. ვინა ხართ?.. ვინა ხართ?.. – გაიმეორა ექომ.

– მიმეგობრეთ, მარტო ვარ ქვეყნად! – თქვა პატარა უფლისწულმა.

– მარტო ვარ ქვეყნად… მარტო ვარ ქვეყნად… მარტო ვარ ქვეყნად… – კვლავ გაიმეორა ექომ.

„რა უცნაური პლანეტაა! – გაიფიქრა პატარა უფლისწულმა. – მთლად გამოფიტული წვეტიანი კლდეებით დაფარული და დაშაშრული. მის ბინადართ არაფრის მოფიქრების უნარი არ შესწევთ და მხოლოდ იმას იმეორებენ, რასაც ვინმე ეტყვით… ჩემი ყვავილი კი მუდამ თვითონ წამოიწყებდა საუბარს…“

XX

ბოლოს ქვიშრობზე, კლდე-ღრესა და თოვლში დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ პატარა უფლისწული გზას წააწყდა. გზა კი მუდამ ადამიანის სადგომისაკენ მიემართება.

– გამარჯობა, – თქვა პატარა უფლისწულმა.

იგი ვარდებით მოფენილ ბაღს მისდგომოდა.

– გაგიმარჯოს, – მიუგეს ვარდებმა.

პატარა უფლისწული დააცქერდა მათ და შენიშნა, რომ ყველა ყვავილი მის ყვავილს ჰგავდა.

– ვინა ხართ? – შეეკითხა მათ გაოგნებული პატარა უფლისწული.

– ჩვენ ვარდები ვართ, – მიუგეს ვარდებმა.

– საკვირველია… – აღმოხდა პატარა უფლისწულს.

და საშინელი სევდა შემოაწვა გულზე. მისი ყვავილი სულ იმას ეუბნებოდა, ჩემი მსგავსი არსად მოიძებნება მთელ ქვეყანაზეო. აქ კი, მხოლოდ ერთ ბაღში, ხუთი ათასი მსგავსი ყვავილი ხარობდა!

„მას რომ ეს ვარდები დაენახა ძალიან განაწყენდებოდა… – გაიფიქრა პატარა უფლისწულმა. – საშინელ ხველას ატეხდა, ოღონდ კი სასაცილო არ გამხდარიყო, და მომაკვდავად მომაჩვენებდა თავს… მე კი იძულებული ვიქნებოდი ისე დამეჭირა თავი, თითქოს სიკვდილისაგან ვიხსენი, თორემ ჯიბრით მართლაც მოკვდებოდა, რომ მე შევერცხვინე…“ – გაიფიქრა პატარა უფლისწულმა.

„მე მეგონა, რომ უმდიდრესი ადამიანი ვიყავი, რაკი ისეთი ყვავილი მქონდა, რომლის მაგვარი მეორე არ მოიძებნება ქვეყნად. მაგრამ თურმე ჩვეულებრივი ვარდის პატრონი ვყოფილვარ. ჩვეულებრივი ვარდის და სამი ვულკანისა, რომლებიც მხოლოდ მუხლამდე მწვდებიან და რომელთაგან ერთი იქნებ სამუდამოდაა ჩამქრალი… ამ სამფლობელოს პატრონს დიდი უფლისწული არ მეთქმის…“

იგი მოლზე დაემხო და ატირდა.

წინა გვერდი 1 2 3 4 5 6 7 8 9შემდეგი გვერდი
Source
http://geolit.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button