ლიტერატურამოთხრობასაბავშვო

ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი პატარა უფლისწული

თარგმანი გიორგი ჩიმაკაძისა - მხატვრობა ავტორისა

XXV

– ადამიანები, – თქვა პატარა უფლისწულმა, – ჩქარი მატარებლებივით დაქრიან, მაგრამ თვითონ არ იციან, რას დაეძებენ. ამიტომაა, რომ მოსვენება დაუკარგავთ და აქეთ-იქით აწყდებიან.

– მაგრამ ამაოდ… – დასძინა შემდეგ.

ჭა, რომელსაც ჩვენ მივაგენით, არ გავდა უდაბნოს ჭას. ჩვეულებრივად, საჰარის უდაბნოს ჭა სილაში ამოთხრილი ორმოა. ეს კი ნამდვილი სოფლური ჭა იყო. მაგრამ ახლომახლო სოფელი არ ჩანდა და თავი სიზმარში მეგონა.

– უცნაურია, – ვუთხარი პატარა უფლისწულს, – ყველაფერი თავის ადგილზეა: გორგოლაჭი, ვედროცა და თოკიც…

მან გაიცინა, ჭასთან მივიდა, თოკი აიღო და გორგოლაჭი დაატრიალა. გორგოლაჭი ისე აჭრიალდა, როგორც ძველისძველი, უქმად დებით დაჟანგული ფლიუგერი.

– გესმის? – თქვა პატარა უფლისწულმა, ჩვენ გავაღვიძეთ იგი და ისიც ამღერდა…

არ მინდოდა, რომ იგი დაღლილიყო.

– მე ამოვიღებ, – ვუთხარი უფლისწულს. შენთვის ეს ვედრო ძალიან მძიმეა.

ნელა ამოვიღე წყლით სავსე ვედრო და ჭის გვიმზე დავდგი. ჯერ კიდევ მესმოდა გორგოლაჭის ჭრიალი, ჯერ კიდევ ტოკავდა ვედროში წყალი და მის ზედაპირზე მზის შუქი ლივლივებდა.

– ეს წყალი მწყუროდა, – თქვა პატარა უფლისწულმა, – დამალევინე.

და მხოლოდ ახლა მივხვდი, რასაც დაეძებდა იგი!

ვედრო ტუჩებთან მივუტანე. მან თვალები მოხუჭა და წყალს დაეწაფა. მაგრამ ეს ჩვეულებრივი სასმელი წყალი არ იყო. ეს წყალი ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ გადალახულმა გრძელმა გზამ, გორგოლაჭია ჭრიალმა და ჩემი ხელების ძალამ დაბადა და ახლა საჩუქარივით ეფონებოდა გულს. ბავშვობისას ასე მახარებდა ხოლმე საშობაო საჩუქრები: სანთლების ციმციმი შობის ხეზე, შუაღამის წირვის მუსიკა და ადამიანების ალერსიანი ღიმილი.

– შენი პლანეტის ადამიანებს, – მითხრა პატარა უფლისწულმა, – ერთ ბაღში ხუთი ათასი ვარდი აქვთ… მაგრამ მაინც ვერ პოულობენ იმას, რასაც დაეძებენ.

– ვერ პოულობენ… – დავუდასტურე მე.

– ხოლო ის, რასაც ისინი დაეძებენ, შეიძლება ერთადერთ ვარდში ან ერთ ყლუპ წყალში იპოვოს კაცმა.

– მართალია, – ისევ მივუგე მე.

– მაგრამ თვალი ბრმაა. ადამიანი გულით უნდა ხედავდეს…

მე წყალი შევსვი და შვებით ამოვისუნთქე. განთიადისას უდაბნოს ქვიშას თაფლის ფერი დაჰკრავს და ამ ფერის ცქერაც ბედნიერებას მგვრიდა. ან კი რა მქონდა სადარდებელი?

– დანაპირები უნდა შემისრულო, – წყნარად მითხრა პატარა უფლისწულმა.

– რა დანაპირები?

– ხომ გახსოვს, პირსაკრავს რომ შემპირდი ჩემი ბატკნისათვის… ხომ უნდა ვიზრუნო ჩემს ყვავილზე!

ჯიბიდან ჩემი ჩანახატები ამოვიღე. პატარა უფლისწულმა გადაათვალიერა ისინი, გაიცინა და თქვა:

– შენი ბაობაბი ცოტათი კომბოსტოს მიაგავს…

– ო?!

მე კი ისე ვამაყობდი ჩემი ბაობაბებით!

– შენს მელიას კი… ყურები რქებს მიუგავს… ძალიან გრძელი ყურებია.

და მან კვლავ გაიცინა.

– შენ მე უსამართლოდ მექცევი, ჩემო კარგო ბიჭო. მე ხომ არაფრის ხატვა არ ვიცოდი, გარდა მახრჩობელა გველისა გარედან და მახრჩობელა გველისა შიგნიდან.

– არა უშავს, – დამამშვიდა მან, – ბავშვები მაინც მიხვდებიან.

მე პირსაკრავი დავუხატე ბატკნისთვის. ნახატი რომ გავუწოდე, ეჭვმა გამკენწლა.

– შენ რაღაცას აპირებ და არ მიმხელ…

მაგრამ მან პასუხი არ გამცა, მხოლოდ თავისთვის ჩაილაპარაკა:

– ხვალ წელიწადი შესრულდება, რაც დედამიწაზე ჩამოვვარდი.

მცირე ხნის დუმილის შემდეგ კი დასძინა:

– ის ადგილი ძალიან ახლოა…

და სახე წამოუფაკლდა. ისევ შემომაწვა გულზე უცნაური სევდა და შევეკითხე:

– მაშ, ამ ერთი კვირის წინათ, პირველად რომ დაგინახე, შემთხვევით არ დაეხეტებოდი მარტოდმარტო ამ უდაბნოში? იმ ადგილას ბრუნდებოდი, სადაც მაშინ ჩამოვარდი?

მას ისევ წამოუფაკლდა სახე.

– წელიწადი რომ შესრულდა, იმიტომ? – გაუბედავად დავძინე მე.

პატარა უფლისწული კვლავ წამოჭარხლდა. იგი არასოდეს მაძლევდა კითხვაზე პასუხს, მაგრამ განა გაწითლება დასტურს არ ნიშნავს?

– ვაი თუ… – მაგრამ პატარა უფლისწულმა სიტვა გამაწყვეტინა:

– დროა შენს საქმეს შეუდგე. მანქანას მიხედე. მე აქ დაგელოდები. ხვალ საღამოს მოდი…

მაგრამ ამან ვერ დამამშვიდა. მელიას ნათქვამი მაგონდებოდა – რაკი ვინმეს მოაშინაურებინებ თავს, ცრემლიც უნდა ღვარო.

XXVI

ჭასთან ქვის ძველი კედლის ნანგრევები იყო. მეორე დღეს, მუშაობა რომ მოვათავე და დავბრუნდი, შორიდანვე მოვკარი თვალი პატარა უფლისწულს. იგი კედელზე იჯდა. და შორიდანვე შემომესმა მისი ხმა:

– ნუთუ არ გახსოვს? – ეუბნებოდა იგი ვიღაცას, – ეს აქ არ იყო…

ალბათ ვიღაც შეეპასუხა, რადგან მან ისევ გაიმეორა:

– დიახ, დიახ, სწორედ დღევანდელ დღეს, მაგრამ აქ არა…

ნაბიჯს ავუჩქარე. კედელთან არავინ ჩანდა და არც ხმა ისმოდა. პატარა უფლისწული კი ისევ უმტკიცებდა ვიღაცას:

– …რა თქმა უნდა. შენ შენიშნავ, სად იწყება ჩემი ნაფეხურები სილაზე და იქ დამელოდები. ამაღამ მოვალ.

ახლა მხოლოდ ოციოდე მეტრი მაშორებდა კედელს, მაგრამ მაინც ვერაფერს ვხედავდი.

მცირე ხნის დუმილის შემდეგ პატარა უფლისწულმა იკითხა:

– კარგი შხამი გაქვს? დარწმუნებული ხარ, რომ დიდხანს არ მაწამებს?

თავზარდაცემული ადგილზე გავქვავდი. მაგრამ ჯერ კიდევ ვერაფერს მივმხვდარიყავი.

– ახლა კი წადი, – თქვა პატარა უფლისწულმა, – ძირს უნდა ჩამოვიდე.

დაბლა დავიხედე და თოფნაკრავივით შევხტი. კედლის ძირას მოყვითალო გველი დავინახე, რომელსაც თავი პატარა უფლისწულისკენ აეღერა. ასეთი გველის შხამი ნახევარ წუთში ჰკლავს ადამიანს.

სწრაფად წავიღე ხელი ჯიბისკენ, სადაც რევოლვერი მედო, და გველისაკენ გავექანე. მაგრამ ჩემი ფეხის ხმაზე იგი წყნარად გასრიალდა სილაზე წყაროს ნაკადივით და აუჩქარებლად მიიმალა ქვებში ლითონისებური მსუბუქი წკრიალით.

კედლისკენ გავიქეცი და ხელში ავიტაცე ჩემი პატარა უფლისწული. მას თოვლის ფერი ედო.

– ეს რა ამბავია? გველებს ელაპარაკები?

სწრაფად შემოვხსენი ოქროსფერი ყელსახვევი, რომელსაც მუდამ თან ატარებდა. შემდეგ საფეთქლები დავუნამე და წყალი შევასვი. ვერ ვბედავდი რაიმე მეკითხა. მან დაფიქრებით შემომხედა და კისერზე მომხვია ხელები. გული ნატყვიარი ფრინველივით უცემდა.

– მიხარია, მანქანა რომ შეგიკეთებია. ახლა შეგიძლია დაბრუნდე შინ…

– საიდან იცი?

სწორედ ის იყო, უნდა მეთქვა, ბედმა გამიღიმა და თვითმფრანავი შევაკეთე-მეთქი.

მან პასუხი არ გამცა და განაგრძო:

– დღეს მეც დავბრუნდები შინ…

მერე კი ნაღვლიანად დასძინა:

– ოღონდ ჩემი გზა უფრო შორია და უფრო ძნელი…

ვგრძნობდი, რომ რაღაც არაჩვეულებრივი უნდა მომხდარიყო. ჩვილი ბავშვივით მივიხუტე იგი მკერდზე, მაგრამ ასე მეგონა, თითქოს ხელიდან მისხლტებოდა და უფსკრულში ვარდებოდა, მე კი ძალა არ შემწევდა შემეკავებინა…

იგი ჩაფიქრებული გასცქეროდა სივრცეს…

– მე მყავს შენი ბატკანი, მაქვს მისთვის ყუთი და პირსაკრავი…

და ნაღვლიანად გაეღიმა.

დიდხანს ვიდექი ასე. ვგრძნობდი, რომ იგი ნელ-ნელა იკრებდა ძალ-ღონეს.

– ჩემო პატარა ბიჭო, შენ შეშინებული ხარ…

რაღა თქმა უნდა, შეშინებული იყო, მაგრამ მან წყნარად გაიცინა:

– ამ საღამოს უფრო შემეშინდება…

უბედურების წინათგრძნობა სისხლს მიყინავდა. ვერ შევრიგებოდი იმ აზრს, რომ ამიერიდან ვეღარასოდეს გავიგონებდი მის სიცილს, რომელიც ისე საჭირო იყო ჩემთვის, როგორც წყარო უდაბნოში.

– ჩემო კარგო ბიჭო, ერთხელ კიდევ გამაგონე შენი სიცილი…

– ამაღამ წლისთავი შესრულდება, მითხრა მან. – ამაღამ ჩემი ვარსკვლავი სწორედ იმ ადგილას იქნება, საიდანაც შარშან დავეშვი.

– ჩემო კარგო ბიჭო, ხომ მართალია, რომ გველის, პაემანისა და ვარსკვლავის ამბავი ცუდი სიზმარია მხოლოდ?..

მან პასუხი არ გამცა.

– რაც მთავარია, ის არ ჩანს… – თქვა მან.

– მართალი ხარ…

– ისევე, როგორც ყვავილი. თუ ყვავილი გიყვარს, რომელიც სადღაც ვარსკვლავზე ხარობს, სიხარულით შესცქერი ღამით ცას და ყველა ვარსკვლავი ჰყვავის შენთვის…

– მართალი ხარ…

– ან კიდევ, წყალი. შენ რომ წყალი დამალევინე, იგი მუსიკას ჰგავდა იმ გორგოლაჭისა და თოკის წყალობით… გახსოვს, რა გემრიელი იყო…

– მართალი ხარ…

– ღამ-ღამობით შენ ვარსკვლავებს შეხედავ ხოლმე, ჩემი ვარსკვლავი ისე პატარაა, რომ არ შემიძლია დაგანახო. თუმცა ასე სჯობს. იგი შენთვის მხოლოდ ერთ-ერთი ვარსკვლავი იქნება ვარსკვლავთა შორის. და შენ გეყვარება ვარსკვლავებით მოჭედილი ცა: ყველა ვარსკვლავი შენი მეგობარი იქნება… და კიდევ ერთი რამ უნდა გაჩუქო.

და მან ისევ გადაიკისკისა.

– ჩემო კარგო ბიჭო, ჩემო პატარა უფლისწულო, რომ იცოდე, როგორ მიყვარს შენი სიცილი!

– ჩემი საჩუქარიც ეს არის… როგორც ის წყალი, შენ რომ შემასვი…

– ვერ გავიგე, რისი თქმა გინდა.

– ყველას თავისი ვარსკვლავები ჰყავს. მაგრამ ეს ვარსკვლავები სხვადასხვანაირია. ზოგისთვის, მაგალითად, მოგზაურისთვის – ვარსკვლავები მეგზურებია. სხვებისთვის – მხოლოდ მოციმციმე სინათლეებია ცაზე. სწავლულისთვის ვარსკვლავები პრობლემაა, იმ საქმოსანისთვის კი – ოქრო იყო. მაგრამ ესენი მდუმარე ვარსკვლავებია. შენ კი ისეთი ვარსკვლავების მფლობელი იქნები, რომელთა მსგავსი არავისა ჰყავს…

– ვერ გავიგე, რისი თქმა გინდა.

– როცა ღამით ზეცას ახედავ, ყველა ვარსკვლავი შემოგცინებს, რადგან გეცოდინება, რომ ერთ-ერთ მათგანზე მე ვცხოვრობ და ვიცინი. მხოლოდ შენ გეყოლება ისეთი ვარსკლავები, რომლებიც იცინიან.

და მან კვლავ გაიცინა.

– და როცა გამომიგლოვებ (გამოუგლოვებელი არაფერია ქვეყნად), კმაყოფილი იქნები, რომ მიცნობდი. შენ მუდამ ჩემი მეგობარი იქნები და მუდამ იცინებ ჩემთან ერთად. ფანჯარას რომ გამოაღებ და ცას ახედავ, სიხარული მოგეფინება… შენს მეგობრებს გაუკვირდებათ, როცა დაინახავენ, როგორ შესცინი ცას. „მე ყოველთვის შევხარი ვარსკვლავებს!“ – ეტყვი შენ მათ და ისინი იფიქრებენ, რომ შეიშალე. არ რა ცუდ საქმეს გიპირებ.

და მან კვლავ გაიცინა.

– ვარსკვლავების ნაცვლად შენთვის თითქოს ურიცხვი პაწია ეჟვნები მეჩუქებინოს, რომლებმაც სიცილი იციან…

და მან ისევ გადაიკისკისა. შემდეგ კი ისევ სერიოზული იერი მიიღო.

– ამაღამ… იცი რა… ნუ მოხვალ…

– მე შენ არ მოგშორდები…

– მე ალბათ გატანჯული სახე მექნება… ალბათ ცოტათი მომაკვდავისაც… ნუ მოხვალ არ არის საჭირო ამის ნახვა…

– მე შენ არ მოგშორდები…

იგი შეწუხდა:

– ამას გველის გამო გეუბნები… უცებ შენც არ დაგგესლოს… გველი ბოროტია. უხარია, ვინმეს რომ უკბენს.

– მე შენ არ მოგშორდები.

მერე კი უცებ დამშვიდდა.

– მართლა! მას ხომ შხამი აღარ ექნება, რომ მეორედ დაგესლოს ვინმე.

იმ ღამეს ვერც კი შევნიშნე, როგორ წავიდა. ჩუმად გაპარულიყო. რომ დავეწიე, მტკიცედ და სწრაფად მიაბიჯებდა.

– შენც აქ ხარ!.. – თქვა მან და ხელი ჩამკიდა. იგი ისევ შეწუხებული ჩანდა.

– ტყუილად მომყვები. დაიტანჯები. მოგეჩვენება, თითქოს ვკვდები, მაგრამ ეს მართალი არ იქნება…

მე ვდუმდი.

– ხომ იცი… ეს ძალიან შორსაა. არ შემიძლია, თან წავიღო ეს სხეული, ძალიან მძიმეა.

მე ვდუმდი.

– მაგრამ იგი ძველი მიტოვებული ნაჭუჭი იქნება მხოლოდ. ძველი ნაჭუჭი კი რა დასანანია…

მე ვდუმდი.

იგი ცოტათი შეშინებული იყო. მაგრამ ისევ მოიკრიბა ძალ-ღონე.

– მეც შევხედავ ხოლმე ღამ-ღამობით ვარსკვლავებს და ყველა ვარსკვლავი ჭრიალა გორგოლაჭიან ჭად იქცევა, ყველა ვარსკვლავი სასმელ წყალს მომაწვდის…

მე ვდუმდი.

– ხომ კარგია? შენ ხუთასი მილიონი ეჟვანი გექნება, მე კი ხუთასი მილიონი წყარო…

მეტი ვეღარაფერი თქვა, რადგან ტიროდა…

-აი ის ადგილიც. ერთი ნაბიჯი გადამადგმევინე მარტოს.

და ჩაიკეცა, რადგან ფეხზე დგომა აღარ შეეძლო.

– ხომ იცი… ჩემი ყვავილი… მე უნდა ვიზრუნო მასზე! იგი ხომ ისეთი სუსტი და ისეთი გულუბრყვილოა. ოთხი საცოდავი ეკლის გარდა არაფერი აქვს, რომ თავი დაიცვას…

მეც მომეკვეთა მუხლები და ჩავიკეცე.

– სულ ეს არის… -თქვა მან.

ცოტა ხანს კიდევ ყოყმანობდა. შემდეგ წამოდგა და ერთი ნაბიჯი გადადგა მხოლოდ.

მე განძრევაც აღარ შემეძლო.

უცებ მის ფეხებთან ყვითლად გაიელვა რაღაცამ. პატარა უფლისწული ერთ წამს უძრავად იდგა, არ დაუკვნესია. მერე კი ნელა წაიქცა, როგორც ხე. დაცემის ხმაც კი არ გამიგია, რადგან ირგვლივ უდაბნოს სილა იყო.

XXVII

მას შემდეგ ექვსმა წელმა განვლო… მე არავისთვის არ მიამბნია ეს ამბავი. ჩემს ამხანაგებს უხაროდათ, უვნებლად რომ დავბრუნდი უდაბნოდან. მე ძალიან მიმძიმდა, მაგრამ ამხანაგებს ვეუბნებოდი, დავიღალე-მეთქი…

მერე ცოტათი დავმშვიდდი, თუმცა ამას დამშვიდება არ ეთქმის… მე მწამს, რომ იგი დაბრუნდება თავის პლანეტაზე, რადგან რომ ინათა, მისი სხეული ვერსად ვიპოვე. ის ხომ არც ისე მძიმე იყო… ღამ-ღამობით კი ვარსკვლავებს ვუსმენ ხოლმე. თითქოს ხუთასი მილიონი ეჟვანი წკრიალებს ციდან…

მაგრამ ერთი რამ მაშფოთებს: როცა ბატკნისთვის პირსაკრავს ვუხატავდი, თასმის დახატვა დამავიწყდა! უთასმოდ კი პატარა უფლისწული პირს ვეღარ აუკრავს ბატკანს. და ახლა ჩემს თავს ვეკითხები: „რა ამბავია ახლა მის პლანეტაზე? ხომ არ შეჭამა ბატკანმა ყვავილი?“

„ რა თქმა უნდა არა! – ვამბობ ზოჯგერ. – პატარა უფლისწული მინის სარქველს ახურავს თავის ყვავილს ღამ-ღამობით და ფხიზლად დარაჯობს ბატკანს“… ამას რომ ვფიქრობ, ბედნიერი ვარ და ყველა ვარსკვლავი წყნარად მიცინის ციდან.

მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ: ხომ შეიძლება რომ ადამიანს საქმე დაავიწყდეს. ხომ შეიძლება, რომ ერთ საღამოს მინის სარქველი არ დაახუროს ყვავილს ან ბატკანი გაეპაროს ღამით ყუთიდან? და ამის გაფიქრებაზე ეჟვნების წკრიალი ცრემლებად იცვლება…

ეს ამბავი დიდი საიუდმლოებითაა მოცული. ჩემთვის ისევე როგორც თქვენთვის, ვისაც პატარა უფლისწული გიყვართ, მთელი ქვეყანა შეიცვლება, თუ სადღაც, სამყაროს რომელიღაც უხილავ მხარეში ბატკანმა, რომელიც თვალით არ გვინახავს, ვარდი შეჭამა.

ახედეთ ზეცას და იკითხეთ: „შეჭამა ბატკანმა ვარდი თუ არა?“ და დაინახავთ, როგორ შეიცვლება ყველაფერი…

მაგრამ დიდები ვერასოდეს მიხვდებიან რამოდენა რამაა ეს!

ეს პეიზაჟი ყველაზე მშვენიერი და ყველაზე სევდიანი პეიზაჟია ჩემთვის ქვეყნად. ეს სწორედ ის სურათია, წინა გვერდზე რომ იყო, მაგრამ მე ხელმეორედ დავხატე იგი, რომ სამუდამოდ აღმებეჭდა თქვენს მეხსიერებაში. ამ ადგილას მოევლინა პატარა უფლისწული დედამიწას და ამ ადგილიდანვე გაუჩინარდა.

ყურადღებით დააქცერდით ამ სურათს, რომ ნადვილად იცნოთ იგი, თუ ოდესმე აფრიკის უდაბნოში იმოგზაურეთ. ამ ადგილას თუ გაიაროთ, ნუ აჩქარდებით, შეჩერდით ერთ ხანს. სწორედ ამ ვარსკვლავის ქვეშ, და ყმაწვილი თუ დაინახოთ, რომელიც იცინის, შეკითხვაზე პასუხს არ იძლევა და ოქროსფერი თმა აქვს, უთუოდ მიხვდებით, ვინც არის იგი. და თუ ეს მოხდა, გთხოვთ მანუგეშოთ – შემატყობინოთ, რომ იგი დაბრუნდა.

წინა გვერდი 1 2 3 4 5 6 7 8 9
Source
http://geolit.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button