ლიტერატურამოთხრობასაბავშვო

ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი პატარა უფლისწული

თარგმანი გიორგი ჩიმაკაძისა - მხატვრობა ავტორისა

X

პატარა უფლისწულის პლანეტის ახლო მეზობლები იყვნენ ასტეროიდები – 325, 326, 327, 328, 329 და 330 და მან გადაწყვიტა, უწინარეს ყოვლისა, ეს პლანეტები დაეთვალიერებინა, რომ უქმად არ ყოფილიყო და ცოდნაც შეეძინა.

პირველ ასტეროიდზე ერთი მეფე ცხოვრობდა. მას ძოწეული და ყარყუმის ბეწვი ემოსა და ძალიან უბრალო, მაგრამ მაინც ძალიან დიდებულ ტახტზე იჯდა.

– აა, აი ჩემი ქვეშევრდომიც! – წამოიძახა მეფემ პატარა უფლისწული დანახვისთანავე.

– ნეტა ვინ ვგონივარ? – გაიფიქრა პატარა უფლისწულმა. – იგი ხომ პირველად მხედავს!

მან არ იცოდა, რომ მეფეები ძალიან მარტივად ხედავენ ქვეყანას: მათთვის ყველა ადამიანი ქვეშევრდომია.

– მომიახლოვდი, რომ უფრო კარგად დაგინახო, – ბრძანა მეფემ, რომელიც უზომოდ ამაყობდა, რომ ერთი ქვეშევრდომი მაინც ჩაიგდო ხელში.

პატარა უფლისწულმა თვალი მოავლო იქაურობას, – იქნებ სადმე ჩამოვჯდეო, მაგრამ ყარყუმის მშვენიერი მოსასხამი მთელ პლანეტას ფარავდა. იგი ისევ ისე იდგა ფეხზე. მერე კი დაქანცულმა უცებ დაამთქნარა.

– ეტიკეტის თანახმად, არავის აქვს უფლება მეფის წინაშე დაამთქნაროს, – თქვა მეფემ, – გიკრძალაც მთქნარებას.

– თავი ვერ შევიკავე, – მიუგო დარცხვენილმა პატარა უფლისწულმა, – დიდი ხანია გზაში ვარ და არ მიძინია.

– რაკი აგრეა, – თქვა მეფემ, – გიბრძანებ დაამთქნარო, დიდი ხანია არავის მთქნარება არ მინახავს, საინტერესო სანახაობაა. აბა, დაამთქნარე. ასეთია ჩემი ბრძანება.

– მერიდება, არ შემიძლია… – ამოილუღლუღა პატარა უფლისწულმა და გაწითლდა.

– ჰმ, ჰმ… რაკი ეგრეა, გიბრძანებ ხან ამთქნარო, ხან კიდევ…

მეფემ რაღაც წაიბურტყუნა და თითქოს გაბრაზდა კიდეც.

მეფისათვის ყველაზე მთავარი ის იყო, რომ უყოყმანოდ დამორჩილებოდნენ მის ბრძანებას. იგი ვერ იტანდა ურჩობას. იგი აბსოლუტური მონარქი იყო, მაგრამ ვინაიდან კეთილი მეფე იყო, გონივრულ ბრძანებებს იძლეოდა.

„თუ ჩემს გენერალს ვუბრძანე, თოლიად იქცეს, და მან ბრძანება ვერ შეასრულა, ეს ჩემი ბრალი იქნება და არა მისიო“, – ამბობდა იგი.

– შეიძლება დავჯდე? – გაუბედავად შეეკითხა პატარა უფლისწული.

– გიბრძანებ დაჯდე, – მიუგო მეფემ და ზვიადად აიკრიფა ყარყუმის მოსასხამის კალთა.

პატარა უფლისწული გაოცებული იყო: პლანეტა ასე პატარაა და ვისზე მბრძანებლობს ეს ხელმწიფეო.

– თქვენო უდიდებულესობავ, ნება მიბოძეთ, ერთი რამ გკითხოთ.

– გიბრძანებ მკითხო, – სწრაფად მიუგო მეფემ.

– თქვენო უდიდებულესობავ… ვისზე მბრძანებლობთ?

– ყველაფერზე, – უბრალოდ მიუგო მეფემ.

– ყვალფერზე?

მეფემ თავის პლანეტაზე, მეზობელ პლანეტებზე და ვარსკვლავებზე მიუთითა.

– ნუთუ ეს ყველაფერი თქვენი საბრძანებელია? – ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

– ყველაფერი, – მიუგო მეფემ.

იგი ხომ არა მარტო აბსოლუტური მონარქი, არამედ მსოფლიო მონარქიც იყო.

– ვარსკვლავებიც თქვენ გემორჩილებათ?

– რა თქმა უნდა, – მიუგო მეფემ. – ისინი დაუყოვნებლივ ასრულებენ ჩემს ნება-სურვილს. ურჩობას ვერ ვიტან.

ასეთმა ძალაუფლებამ აღტაცებაში მოიყვანა პატარა უფლისწული. მას რომ ამდენი ძალა ჰქონოდა, მზის ჩასვლას ორმოცდაოთხჯერ კი არ იხილავდა, არამედ სამოცდათორმეტჯერ, ასჯერ და ორასჯერაც კი, ისე რომ ერთხელაც არ გადაადგილებდა სკამს. თავის მიტოვებული პლანეტის მოგონებაზე პატარა უფლისწულს სევდა შემოაწვა და ამან გააბედვინა, რომ ეთხოვნა:

– მინდოდა მზის ჩასვლა მენახა… მოიღეთ მოწყალება… უბრძანეთ მზეს, რომ ჩავიდეს…

– მე რომ გენერალს ვუბრძანო, ყვავილიდან ყვავილზე პეპელასავით იფრინე, ტრაგედია დაწერე, ან თოლიად იქეცი-მეთქი, და მან ბრძანება ვერ შეასრულოს, ვინ იქნება დამნაშავე, ის თუ მე?

– თქვენ, – მტკიცედ მიუგო პატარა უფლისწულმა.

– სრული სიმართლეა, – დაუდასტურა მეფემ. – ყოველ ადამიანს ის უნდა მოსთხოვო, რისი გაკეთებაც ძალუძს. ძალაუფლება უპირველეს ყოვლისა, გონიერებას უნდა ემყარებოდეს. თუ ხალხს ზღვაში გადავარდნას უბრძანებ, რევოლუციას მოგიწყობს. მე უფლება მაქვს მორჩილება მოვითხოვო, რადგან ჩემი ბრძანებები გონივრულია.

– კი მაგრამ მზის ჩასვლა? – მოაგონა პატარა უფლისწულმა, რომელიც რაკი ერთხელ შეგეკითხებოდათ რაიმეს, არ დაგეხსნებოდათ, სანამ პასუხს არ მიიღებდა.

– მზის ჩასვლასაც იხილავ: ვუბრძანებ, რომ ჩაესვენოს, მაგრამ ხელმწიფობის სიბრძნის თანახმად, ხელსაყრელ პირობებს დაველოდები.

– როდის დადგება ეს პირობები?

– ჰმ, ჰმ, – წაიბურტყუნა მეფემ და სქელ კალენდარს დაუწყო ფურცვლა. ეს იქნება… ჰმ… დღეს ეს იქნება შვიდ საათზე და ორმოც წუთზე. მაშინ დარწმუნდები, როგორ სრულდება ჩემი ბრძანება.

პატარა უფლისწულმა დაამთქნარა. დასანანი იყო, რომ აქ მზის ჩასვლას მაშინ ვერ ნახავდი, როცა მოისურვებდი. და, გარდა ამისა, აქ ცოტათი მოსწყინდა კიდეც.

– მე აქ საქმე აღარა მაქვს, – უთხრა მან მეფეს. – ისევე უნდა გავუდგე გზას.

– ნუ წახვალ, – მიუგო მეფემ. იგი ხომ ამაყობდა, რომ ერთი ქვეშევრდომის მბრძანებელი გახდა. – დარჩი და მინისტრად დაგნიშნავ.

– რის მინისტრად?

– მე შენ დაგნიშნავ… იუსტიციის მინისტრად!

მაგრამ აქ რომ არავინაა გასასამართლებელი?

– ვინ იცის, – მიუგო მეფემ. – მე ჯერ კიდევ არ შემომივლია ჩემი სამეფო. ძალიან მოვხუცდი. ეტლისათვის ადგილი არა მაქვს, ფეხით სიარული კი მიჭირს.

პატარა უფლისწული წინ გადაიხარა და ისევ მოავლო პლანეტის მეორე მხარეს თვალი.

– მე უკვე დავათვალიერე მთელი პლანეტა! – წამოიძახა მან. – კაცის ჭაჭანება არსადაა…

– მაშინ საკუთარი თავი გაასამართლე, – უთხრა მეფემ. – ეს ყველაზე ძნელი საქმეა. საკუთარი თავის გასამართლება უფრო ძნელია, ვიდრე სხვებისა. თუ შეძლებ, სწორი მსჯავრი დასდო შენს თავს, ნამდვილი ბრძენი იქნები.

– საკუთარ თავს მე ყველგან გავასამართლებ, – მიუგო პატარა უფლისწულმა, – ამისთვის აქ დარჩენა არ არის საჭირო.

– ჰმ, ჰმ… – წარმოთქვა მეფემ – მგონი ჩემს პლანეტაზე, სადღაც ერთი ბებერი ვირთხა ცხოვრობს. ღამღამობით მესმის ხოლმე მისი ფხაკუნი. შეგიძლია ის გაასამართლო. დროდადრო სიკვდილს მიუსჯი. მისი სიცოცხლე შენს მართმსაჯულებაზე იქნება დამოკიდებული. მერე კი ყოველთვის შეიწყნარებ. ვირთხას უნდა გაუფრთხილდეთ, რადგან მის გარდა არავინა გვყავს.

– არ მიყვარს სასიკვდილო განაჩენის გამოტანა, – თქვა პატარა უფლისწულმა, – მიჯობს, გზას გავუდგე.

– ნუ წახვალ, – უთხრა მეფემ.

პატარა უფლისწული უკვე მზად იყო წასასვლელად, მაგრამ არ უნდოდა ეწყენინებინა მეფისათვის.

– თუ თქვენს უდიდებულესობას ნებავს, რომ მისი ბრძანება უსიტყვოდ სრულდებოდეს, – თქვა მან, – გონივრული ბრძანება უნდა გასცეს. მაგალითად, თქვენ შეგეძლოთ გებრძანებინათ ჩემთვის, დაუყოვნებლივ გავდგომოდი გზას. მგონია, ახლა ამისთვის ძალიან ხელსაყრელი პირობებია…

მეფემ არაფერი უპასუხა. პატარა უფლისწულმა ერთ ხანს უცადა. მერე კი ამოიოხრა და გაუდგა გზას.

– ჩემს ელჩად გნიშნავ! – სწრაფად მიაძახა მას მეფემ მბრძანებლის მედიდური იერით.

„უცაური ხალხია დიდები“, – გაიფიქრა პატარა უფლისწულმა და განაგრძო გზა.

XI

მეორე პლანეტაზე ერთი პატივმოყვარე კაცი ცხოვრობდა.

– აი ჩემი თაყვანისმცემელიც! – წამოიძახა მან, როგორც კი თვალი მოჰკრა პატარა უფლისწულს.

პატივმოყვარე კაცის თვალში ხომ ყველა ადამიანი მისი თაყვანისმცემელია.

– გამარჯობა, – მიესალმა მას პატარა უფლისწული, – რა სასაცილო ქუდი გახურავთ!

– ამ ქუდით მე სალამს ვიძლევი, – მიუგო პატივმოყვარემ. – როცა აღფრთოვანებით მესალმებიან, ქუდს ვიხდი ხოლმე, მაგრამ, სამწუხაროდ, აქ არავინ მოდის.

– მართლა? – შეეკითხა პატარა უფლისწული, თუმცა ვერაფერს მიხვდა.

– აბა ტაში შემოჰკარი, – უთხრა პატივმოყვარემ.

პატარა უფლისწულმა ტაში შემოჰკრა. პატივმოყვარემ ქუდი მოიხადა და მოწიწებით დაუკრა თავი.

„აქ უფრო გაერთობა კაცი, ვიდრე მეფესთან“, – გაიფიქრა პატარა უფლისწულმა და ისევ შემოჰკრა ტაში. პატივმოყვარემ კვლავ მოიხადა ქუდი და დაუკრა თავი.

ასე გაგრძელდა ხუთი წუთი. ბოლოს პატარა უფლისწული დაიღალა ამ ერთფეროვანი თამაშით.

– რა უნდა ქნას კაცმა, რომ ეს ქუდი დაგივარდეს? – შეეკითხა პატარა უფლისწული.

მაგრამ პატივმოყვარეს არ გაუგონია მისი ნათქვამი: პატივმოყვარეებს ქების გარდა არაფერი ესმით.

– ხომ ნამდვილად მცემ თაყვანს? – შეეკითხა იგი პატარა უფლისწულს.

– რა არის თაყვანისცემა?

– თაყვანისცემა იმის აღიარებას ნიშნავს, რომ ამ პლანეტაზე მე ყველაზე ლამაზი, ყველაზე მოხდენილი, ყველაზე მდიდარი და ყველაზე ჭკვიანი კაცი ვარ.

– მაგრამ შენ ხომ მარტო ხარ ამ პლანეტაზე.

– მაამე და მეცი თაყვანი.

– თაყვანს გცემ, – უთხრა პატარა უფლისწულმა და ოდნავ აიჩეჩა მხრები, – მაგრამ რად გინდა ეს თაყვანისცემა?

და იგი სწრაფად გაეცალა იქაურობას.

„დიდები მართლაც უცნაური ხალხია“, – გაიფიქრა მან და განაგრძო გზა.

XII

მომდევნო პლანეტაზე ლოთი ცხოვრობდა. პატარა უფლისწულმა სულ ცოტა ხანი დაჰყო მასთან, მაგრამ ამ პლანეტაზე ნანახმა საგონებელში ჩააგდო,

– რას აკეთებ აქ? – ჰკითხა მან ლოთს, რომელიც მდუმარედ იჯდა და წინ აურაცხელი ცარიელი და სავსე ბოთლი ელაგა.

– ვსვამ, – პირქუშად მიუგო ლოთმა.

– რატომ სვამ?

 – რომ დავივიწყო.

– რა უნდა დაივიწყო? – ისევ შეეკითხა პატარა უფლისწული, რომელსაც უკვე ებრალობოდა იგი.

– დავივიწყო, რომ მრცხვენია, – გაანდო ლოთმა და თავი ჩაქინდრა.

– რისი გრცხვენია? – შეეკითხა პატარა უფლისწული და ძალიან მოუნდა რომ დახმარებოდა მას.

– მრცხვენია, რომ ვსვამ!.. – დაასრულა საუბარი ლოთმა და დადუმდა.

პატარა უფლისწული დაიბნა.

„დიდები მართლა უცნაური ხალხია“, – გაიფიქრა მან და განაგრძო გზა.

XIII

მეოთხე პლანეტა საქმოსანს ეკუთვნოდა. იგი ისე იყო ჩაფლული საქმეში, რომ არც კი აუღია თავი პატარა უფლისწულის გამოჩენაზე.

– გამარჯობა, – მიესალმა მას პატარა უფლისწული. – სიგარეტი ჩაგქრობიათ.

– სამს მივუმატოთ ორი, იქნება ხუთი. ხუთი და შვიდი – თორმეტი. თორმეტი და სამი – თხუთმეტი. გაგიმარჯოს. თხუთმეტი და შვიდი – ოცდაორი. ოცდაორი და ექვსი – ოცდარვა. იმის დროც არა მაქვს, რომ სიგარეტს მოვუკიდო. ოდსაექვსი და ხუთი – ოცდათერთმეტი. უჰ… სულ იქნება ხუთას ერთი მილიონ ექვსას ოცდაორი ათას შვიდას ოცდათერთმეტი.

– რა ხუთასი მილიონი?.. – შეეკითხა პატარა უფლისწული.

– აა, შენ ისევ აქა ხარ? ხუთასი მილიონი… არც კი ვიცი, რა… იმდენი საქმე მაქვს. მე სერიოზული კაცი ვარ, სალაყბოდ არა მცალია! ორს მივუმატოთ ხუთი, იქნება შვიდი…

– რა ხუთასი მილიონი? – გაუმეორა პატარა უფლისწულმა. იგი ხომ ვერ დამშვიდდებოდა, სამან პასუხს არ მიიღებდა. საქმოსანმა თავი ასწია.

– ორმოცდათოთხმეტი წელია, რაც ამ პლანეტაზე მცხოვრობ და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ შემიშალეს ხელი. პირველად, ამ ოცდაორი წლის წინათ, ღმერთმა იცის საიდან გაჩნდა მაისის ხოჭო და ისეთი საშინელი ბზუილი ატეხა, რომ ოთხი შეცდომა მომივიდა ანგარიშში. მეორედ – ეს იყო თორმეტი წლის წინათ, ნეკრესის ქარმა დამრია ხელი. ალბათ იმიტომ, რომ არ ვვარჯიშობ. საყიალოდ არა მცალია. მე საქმის კაცი ვარ. მესამედ კი აი!.. ჰო, სად შევჩერდი? ხუთას ერთი მილიონ…

– რა იქნება ხუთასი მილიონი?

საქმოსანი მიხვდა, რომ ასე ადვილად ვერ დაიხსნიდა თავს.

– ხუთასი მილიონი აი ის პატარა რაღაცეები, ხანდახან რომ მოჩანან ცაზე.

– ბუზები?

– არა, პაწაწინები, რომ ციმციმებენ…

– ფუტკრები?

– არა, არა, სულ პაწაწკინტელები რომ არიან, ოქროსფერები, უქნარებს რომ ამაო ოცნებებს აღუძრავენ ხოლმე. მაგრამ მე ოცნებისთვსი არა მცალია, მე საქმის კაცი ვარ.

– აა, ვარსკვლავები?

– ჰო, ჰო, ვარსკვლავები.

– მერე რად გინდა ხუთასი მილიონი ვარსკვლავი?

– ხუთას ერთი მილიონ ექვსას ოცდაორი ათას შვიდას ოცდათერთმეტი. მე საქმის კაცი ვარ და სიზუსტე მიყვარს.

– კი მაგრამ რად გინდა ამდენი ვარსკვლავი?

– რად?

– ჰო.

– აღარაფრად. მე მათი მფლობელი ვარ.

– ვარსკვლავების მფლობელი?

– დიახ.

– მაგრამ უკვე ვნახე ერთი მეფე, რომელიც…

– მეფეები არაფერს არ ფლობენ. ისინი მხოლოდ – „მეფობენ“. ეს სრულიად სხვადასხვა რამაა.

– მერე რად გინდა ვარსკვლავები?

– მათ სიმდიდრე მოაქვთ ჩემთვის.

– სიმდიდრე რაღად გინდა?

– სხვა ვარსკვლავების საყიდლად, თუ ისინი ვინმემ აღმოაჩინა.

„ესეც თითქმის ისე მსჯელობს, როგორც ის ლოთი“, – გაიფიქრა პატარა უფლისწულმა და ისევ შეეკითხა:

– როგორ შეიძლება გახდეს კაცი ვარსკვლავების მფლობელი?

– ვის ეკუთვნიან ვარსკვლავები? – წამოიღრინა უცბად საქმოსანმა.

– არ ვიცი. არავის.

– მაშასადამე ისინი მე მეკითვნიან, რადგან პირველად მე მოვიფიქრე მათი მფლობელობა.

– და ეს საკმარისია?

– რა თქმა უნდა, თუ შენ ალმასს იპოვი, რომელიც არავის არ ეკუთვნის, იგი შენია. თუ შენ აღმოაჩენ კუნძულს, რომელიც არავის არ ეკუთვნის, იგი შენია. თუ შენ სხვაზე ადრე მოიფიქრე რაიმე, შენ შეგიძლია პატენტი მოითხოვო, იგი შენი კუთვნილებაა. მე ვარსკვლავების მფლობელი ვარ, რადგან ჩემამდე არავის უფიქრია, დაპატრონებოდა მათ.

– ეს მართალია, – თქვა პატარა უფლისწულმა. – მერე რად გინდა ისინი?

– ისინი ჩემს განკარგულებაში არიან, – მიუგო საქმოსანმა. – მე მათ ვითვლი და შემდეგ ისევ თავიდან ვითვლი. ეს ძალიან ძნელი საქმეა, მაგრამ მე საქმის კაცი ვარ!

პატარა უფლისწული მაინც ვერ დააკმაყოფილა პასუხმა.

– მე თუ აბრეშუმის ყელსახვევი მაქვს, შემიძლია ყელზე შემოვიხვიო და თან ვატარო, – თქვა მან. – მე თუ ყვავილი მაქვს, შემიძლია მოვწტვიტო და ისიც თან ვატარო. მაგრამ შენ ხომ არ შეგიძლია მოწყვიტო ვარსკვლავი!

– არა, მაგრამ მე შემიძლია ბანკში შევინახო იგი.

– რას ნიშნავს ეს?

– ეს იმას ნიშნავს, რომ პატარა ქაღალდზე ვწერ ჩემი ვარსკვლავების რიცხვს, შემდეგ ამ ქაღალდს უჯრაში ვდებ და გასაღებით ვკეტავ.

– მეტი არაფერი?

– ეს სავსებით საკმარისია.

„კარგი გასართობია! – გაიფიქრა პატარა უფლისწულმა, – და საკმაოდ პოეტურიც, მაგრამ არც თუ ისე სერიოზული“.

სერიოზულობაზე მას თავისი საკუთარი შეხედულება ჰქონდა, რომელიც ძალიან განსხვავდებოდა დიდების შეხედულებისაგან.

– ჩემს პლანეტაზე, – თქვა მან, – არის ერთი ყვავილი, რომელსაც ყოველ დილას ვრწყავ, და სამი ვულკანი, რომლებსაც კვირაში ერთხელ ვასფთავებ. მათ შორის ჩამქრალ ვულკანსაც. ვინ იცის, რა მოხდება. ჩემი მფლობელობა სასარგებლოა ვულკანებისთვისაც და ყვავილისთვისაც. მაგრამ შენ არაფერს არ რგებ ვარსკვლავებს…

საქმოსანმე პირი გააღო, მაგრამ ვერაფრის თქმა ვერ მოახერდა და პატარა უფლისწული გაეცალა მას.

„დიდები ნამდვილად საოცარი ხალხია“, – გაიფიქრა მან და განაგრძო გზა.

წინა გვერდი 1 2 3 4 5 6 7 8 9შემდეგი გვერდი
Source
http://geolit.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button