ლიტერატურამოთხრობასაბავშვო

ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი პატარა უფლისწული

თარგმანი გიორგი ჩიმაკაძისა - მხატვრობა ავტორისა

VI

ო, პატარა უფლისწულო. მე თანდათან შევიტყვე შენი სევდიანი ცხოვრების ამბავი. დიდი ხნის განმავლობაში შენი ერთადერთი გასართობი ჩამავალი მზის ცქერა ყოფილა. ეს ახალი აბავი ჩვენი გაცნობის მეოთხე დღეს შევიტყვე, როცა მითხარი:

– ძალიან მიყვარს მზის ჩასვლა: წამოდი, ვუცქიროთ.

– კი მაგრამ, საჭიროა დავიცადოთ…

– რას უნდა დავუცადოთ?

– მზის ჩასვლას.

თავდაპირველად ჩემმა ნათქვამმა ძალიან გაგაოცა, შემდეგ კი ჩაგეცინა და მითხარი:

– მუდამ შინ მგონია თავი!

და, მართლაც ყველამ იცის რომ, როცა ამერიკაში შუადღეა, საფრანგეთში მზე უკვე ჩადის. და თუ შეძლებ ერთ წუთში ჩახვიდე საფრანგეთში, მოუსწრებ მზის ჩასვლას, მაგრამ, სამწუხაროდ, საფრანგეთი ძალიან შორსაა. შენთვის კი, შენს პატარა პლანეტაზე, საკმარისი იყო რამდენიმე ნაბიჯზე გადაგედგა სკამი და, როცა მოისურვებდი, მაშინ დაგენახა დაისი…

– ერთ დღეს ორმოცდასამჯერ ვუცქირე მზის ჩასვლას!

და ცოტა ხნის დუმილის შემდეგ დასძინე:

– როცა ადამიანს უმძიმს, მზის ჩასვლის ცქერა უყვარს…

– მაშ იმ დღეს, როცა ორმოცდასამჯერ უცქირე მზის ჩასვლას, ძალიან გიმძიმდა?

პატარა უფლისწულმა ხმა არ გამცა.

VII

მეხუთე დღეს, ამჯერადაც ბატკნის წყალობით, ფარდა აეხადა პატარა უფლისწული ცხოვრების საიდუმლოს. უეცრად, თითქოს ამ კითხვამდე დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივიდაო, შემეკითხა:

– თუ ბატკანი ბუჩქებს ჭამს, ყვავილიც ხომ შეიძლება შეჭამოს?

– ბატკანი, – მივუგე მე, – ყველაფერს ჭამს, რასაც კი მისწვდება.

– ეკლიან ყვავილებსაც?

– ელიანსაც.

– მაშ, ეკალი რაღა საჭიროა?

ეს კი აღარ ვიცოდი. იმ წუთს საქმით ვიყავი გართული. ძრავაზე ერთი ჭანჭიკი ძალზე მოჭერილი იყო და მის მოშვებას ვცდილობდი. შეშფოთებული ვიყავი, – ვხედავდი, რომ ჩემი თვითმფრინავი სერიოზულად იყო დაზიანებული, სასმელი წყალი კი უკვე მელეოდა, რაც კარგს არაფერს მიქადდა.

– რაღა საჭიროა ეკალი?

თუკი პატარა უფლისწული რაიმეს შეგეკითხებოდა, აღარ დაგეხსნებოდა, სანამ პასუხს არ მიიღებდა. იმ ჭანჭიკს კი მოთმინებიდან გამოვყავდი და რაც ენაზე მომადგა, ის მივუგე.

– არაფრისთვის არ არის საჭირო. ყვავილები მხოლოდ სიავით ისხამენ ეკლებს!

– ოჰ!

წამით სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ კი პატარა უფლისწულმა, ცოტა არ იყოს, მკვახედ მომახალა:

– არა მჯერა! ყვავილი სუსტი და გულიბრყვილო არსებაა და რაც შეუძლია იმაგრებს გულს. მას ჰგონია, რომ თავისი ეკლებით თავზარს სცემს მტერს.

მე არაფერი ვუპასუხე, რადგან ჩემი დარდი მაწუხებდა: „თუ ეს ჭანჭიკი ახლაც ვერ მოვუშვი, – ვფიქრობდი გულში,  – ამ ჩაქუჩით დავლეწავ-მეთქი“.

მაგრამ ფიქრები კვლავ პატარა უფლისწულმა გამაწყვეტინა:

– და შენ ნამდვილად გგონია, რომ ყვავილი…

– არა! არა! მე არაფერი არა მგონია. მე მხოლოდ ისა ვთქვი, რაც ენაზე მომადგა. ხომ ხედავ, როგორი სერიოზული საქმე მაქვს!

მან გაოცებით შემომხედა:

– სერიოზული საქმე?

იგი დაკვირვებით შემომცქეროდა მანქანის ზეთით გათხუპნულს, რაღაც საგანზე რომ ვიყავი დახრილი, რომელივ მის თვალში ალბათ ძალიან უშნო იყო.

– შენ დიდებივით ლაპარაკობ! – თქვა მან.

ცოტა არ იყოს, შემრცხვა. იგი კი შეუბრალებლად განაგრძობდა.

– ყველაფერი გეშლება… ყველაფერს ერთმანეთში ურევს!

იგი მართლაც ძალიან იყო აღშფოთებული. თავი გაიქნია და ქარმა ოქროსფერი კულულები აუშალა.

– მე ერთი პლანეტა მეგულება, სადაც წითური კაცი ცხოვრობს. მას არასოდეს უყნოსია ყვავილის სურნელება, არასოდეს შეუხედავს ვარსკვლავებისათვის, არასოდეს ყვარებია ვინმე და რიცხვების შეკრება-გამოკლების მეტი არაფერი გაუკეთებია. მთელი დღე შენსავით ერთსა და იმავეს იმეორებს: საქმის კაცი ვარ, სერიოზული კაცი ვარო, და ამპარტავნად იბღინძება. მაგრამ იგი კაცი ხომ არ არის. იგი სოკოა!

– რა არის?

– სოკო!

პატარა უფლისწული მთლად გაფითრდა მრისხანებისაგან.

– მილიონი წლებია ყვავილები ეკლებს ისხამენ, მილიონი წლებია ბატკნები ყვავილებს მაინც ჭამენ. ნუთუ სერიოზული საქმე არ არის იმის გაგება, რატომ შრომობენ ყვავილები ეკლების გამოსასხმელად, რომლებიც მათ არაფრად არგიათ. ნუთუ არაფერია ის, რომ ბატკნები და ყვავილები ერთმანეთს მტრობენ? განა ეს უფრო მნიშვნელოვანი და უფრო სერიოზული არ არის, ვიდრე იმ ჩასუქებული წითელი ვაჟბატონის არითმეტიკა? თუ მე ქვეყნად ერთადერთი ყვავილი მეგულება, რომელიც მხოლოდ ჩემს პლანეტაზე ხარობს, და თუ პატარა ბატკანს ერთ მშვენიერ დღეს შეუძლია მოსპოს იგი, ისე რომ არც კი იცოდეს რას აკეთებს, განა ეს მნიშვნელოვანი არ არის?

პატარა უფლისწულს სახე წამოუფაკლდა.

– თუ ადამიანს უყვარს ყვავილი, რომლის მაგვარი არცერთ ვარსკვლავზე არ მოიძებნება, ეს საკმარისია, რომ იგი ბედნიერი იყოს ამ ვარსკვლავის დანახვაზე. „იქ, სადღაც, ჩემი ყვავილი ხარობს…“ – ფიქრობს იგი. მაგრამ თუ ყვავილი ბატკანმა შეჭამა, მისთვის ყველა ვარსკვლავი ჩაქრება ცაზე! და ეს მნიშვნელოვანი არ არის?

მან მეტი ვერაფერი თქვა და უეცრად აქვითინდა. ბინდი ჩამოწვა. მე დავყარე ჩემი იარაღები. რა ფასი ჰქონდა ახლა ჩემს ჩაქუჩს, ჭანჭიკს, წყურვილს ან სიკვდილს, როცა ერთადერთ ვარსკვლავზე, ერთ პლანეტაზე, ჩემს პლანეტაზე – დედამიწაზე – პატარა უფლისწულს ნუგეში სჭირდებოდა! მე ხელში ავიყვანე იგი და დავარწიე. თან ვარწმუნებდი: „ყვავილს, რომელიც შენ გიყვარს, არ ელის საფრთხე… მე დაგიხატავ პირსაკრავს ბატკნისათვის… მე დაგიხატავ ჯავშანს ყვავილისათვის… მე…“ აღარ ვიცოდი, რა მეთქვა, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, როგორ ჩავწვდომოდი მის სულს, როგორ ამოვდგომოდი მხარში… ცრემლების ქვეყანა ხომ ისეთი იდუმალებით მოცული სამყაროა.

VIII

მალე შემთხვევა მომეცა უფრო ახლოს გამეცნო ეს ყვავილი. პატარა უფლისწულის პლანეტაზე ყოველთვის ხარობდნენ უბრალო ყვავილები, რომლებსაც ფურცლები მხოლოდ ერთ წყებად ჰქონდათ, ძალიან მცირე ადგილი ეკავათ და არავის აწუხებდნენ თავიანთი არსებობით. დილით ისინი მორცხვად გამოიხედავდნენ ბალახებიდან და იმავე საღამოს ქრებოდნენ. ერთ დილას კი თესლიდან, რომელიც არავინ იცის, საიდან გაჩნდა პატარა უფლისწულის პლანეტაზე, მოულოდნელად ახალი ყლორტი ამოიზარდა. პატარა უფლისწული ყურადღებით დააცქერდა ახალ მორჩს, რომელიც მისი პლანეტის არცერთი სხვა მცენარის ღეროს არ ჰგავდა. ხომ შეიძლებოდა, რომ იგი ბაობაბის ახალი ჯიში ყოფილიყო? მაგრამ ბუჩქმა მალე შეწყვიტა ზრდა და კოკორი გამოიღო. პატარა უფლისწულმა, რომელსაც არასოდეს ენახა ასეთი კოკორი, მაშინვე იგრძნო, რომ რაღაც სასწაული უნდა მომხდარიყო. ყვავილს კი ჯერ არ დაემთავრებია მორთვა-მოკაზმვა თავის მწვანე სანთიობოში. იგი გულდასმით ირჩევდა ფერებს და ნელ-ნელა იმოსებოდა საგანგებოდ შერჩეული ნაირ-ნაირი ფურცლებით. მას არ სურდა ულაზათოდ მოსულიყო ამქვეყნად, როგორც ეს მინდვრის ყაყაჩოებს სჩვევიათ ხოლმე. სურდა ყველასათვის მოეჭრა თვალი თავისი სინატიფით. იგი დიდი კეკლუცი არსება იყო! მისი საიდუმლო სამზადისი კარგა ხანს გრძელდებოდა. და აი ერთ დილას, ამოვიდა თუ არა მზე, იგი გაიფურჩქნა.

და, თითქოს ასე გულმოდგინედ არ ემზადებოდაო, დაამთქნარა და წარმოთქვა:

– ოჰ! ძლივს არ გავიღვიძე… გთხოვთ მომიტევოთ…. ჯერ დავარცხნილიც არა ვარ.

პატარა უფლისწულმა ვერ დაფარა თავისი აღტაცება:

– რა მშვენიერი ხართ!

– მართლა? – ნაზად მიუგო ყვავილმა. – მე ხომ მზესთან ერთად დავიბადე.

პატარა უფლისწული, რა თქმა უნდა, მიხვდა, რომ იგი მაინცა და მაინც კდემამოსილი არ იყო, მაგრამ, სამაგიეროდ, მომხიბვლელი რამ იყო!

– მგონი საუზმის დროა, – დასძინა ცოტა ხნის შემდეგ ყვავილმა. – იქნებ გაისარჯოთ და იზრუნოთ ჩემზე…

პატარა უფლისწული ძალიან შეცბუნდა, მერე სარწყული მოიტანა და ყვავილი წყლით მორწყო.

მალე ყვავილმა თავისი ცუდმედიდობით და ჭირვეულობით მთლად გააწამა საბრალო უფლისწული. ერთხელ, თავის ოთხად ოთხ ეკალზე რომ ლაპარაკობდა, უფლისწულს უთხრა:

– მობრძანდნენ ერთი ის ვეფხვები, ბრჭყალებს რომ უქებენ.

– ჩემს პლანეტაზე ვეფხვები არ არიან, – განუმარტა პატარა უფლისწულმა, – და, ასეც რომ იყოს, ვეფხვები ბალახს არ ჭამენ.

– მე ბალახი არა ვარ, – შენიშნა განაწყენებულმა ყვავილმა.

– მომიტევეთ…

– ვეფხვები ვერ შემაშინებენ, მაგრამ ორპირი ქარისა კი ძალიან მეშინია. თეჯირი ხომ არა გაქვთ?

„ორპირი ქარის შიში უბედურებაა მცენარისათვის, – გაიფიქრა პატარა უფლისწულმა, – ეს ყვავილი ძალიან მგრძნობიარე ყოფილა…“

რომ მოსაღამოვდება, სარქველი დამახურეთ. აქ, თქვენთან ძალიან ცივა. ძალიან მოუწყობელია აქაურობა. იქ, საიდანაც მე მოვედი…

და უცებ ხმა გაკმინდა. იგი ხომ პატარა თესლის სახით მოვიდა ამ პლანეტაზე და არ შეეძლო რამე სცოდნოდა სხვა ქვეყნებზე. ასეთი მტკნარი სიცრუე რომ წამოსცდა, დარცხვენილმა ორჯერ ჩაახველა, რომ პატარა უფლისწულისთვის მისი დანაშაული ეგრძნობინებინა.

– თეჯირი სადაა?..

– მის მოსატანად ვაპირებდი წავსლას, მაგრამ თქვენ მელაპარაკებოდით!

მაშინ ყვავილმა უფრო ძლიერი ხველა ატეხა, რომ პატარა უფლისწულს სინდისის ქენჯნა ეგრძნო.

თუმცა პატარა უფლისწული თავს ევლებოდა თავის სატრფოს, მაგრამ მალე შეერყა მისდამი რწმენა. იგი გულდასმით უსმენდა მის უმართებულო სიტყვებს და ძალიან უბედურად თვლიდა თავს.

„არ უნდა დამეგდო მისთვის ყური, – გამანდო ერთხელ, – არასოდეს არ უნდა მოუსმინო ყვავილებს. მარტო მათი ქცერით და სურნელებით უნდა დატკბე. ჩემმს ყვავილმა მთელ ჩემს პლანეტაზე მოჰფინა სურნელება, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ დავმტკბარიყავი ამით. ვეფხვებისა და ბრჭყალების ამბებს არ უნდა გავებრაზებინე, უფრო მეტად უნდა შემბრალებოდა იგი…“

და მერე დასძინა:

– მაშინ არაფერი გამეგებოდა! მისი საქციელისათვის უნდა მიმექცია ყურადღება და არა მისი სიტყვებისათვის. იგი მე სურნელებას მაკმევდა და ცხოვრებას მინათებდა. არ უნდა გამოვქცეოდი! მის გულუბრყვილო ოინებში მისი სინაზეც უნდა დამენახა. ყვავილი ხომ ისეთი ცვალებადია! მაგრამ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და სიყვარულის არა გამეგებოდა რა.

წინა გვერდი 1 2 3 4 5 6 7 8 9შემდეგი გვერდი
Source
http://geolit.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button