ლიტერატურამოთხრობასაბავშვო

ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი პატარა უფლისწული

თარგმანი გიორგი ჩიმაკაძისა - მხატვრობა ავტორისა

III

კარგა ხანი მოვუნდი იმის გაგებას, თუ საიდან მოვიდა იგი ამ უდაბნოში. პატარა უფლისწული კითხვებს კითხვებზე მაყრიდა, ჩემს კითხვებზე კი სიტყვას ბანზე მიგდებდა. შემთხვევით თუ წამოსცდებოდა თითო-ოროლა სიტყვა, რომელთა შემწეობითაც თანდათან აეხადა ფარდა ყველაფერს. ასე მაგალითად, პირველად რომ დაინახა ჩემი თვითმფრინავი (თვითმფრინავს არ დავხატავ, რადგან იგი გაცილებით უფრო ძნელი დასახატია), შემეკითხა:

– რა საგანია ეს?

– ეს საგანი არ არის. ამან ფრენა იცის. ეს თვითმფრინავია, ჩემი თვითმფრინავი.

 და მე თავმომწონედ ვამცნე მას, რომ ფრენა შემეძლო.

– როგორ! შენ ციდან ჩამოვარდი?! – წამოიძახა მან.

– ჰო, – გულიბრყვილოდ მივუგე მე.

– საოცარია…

და პატარა უფლისწულმა ხმამაღლა გადაიკისკისა, რამაც ძალიან მატკინა გული. არ მიყვარს, როცა გასაჭირში მყოფს აგდებულად მექცევიან. შემდეგ კი დასძინა:

– მაშ შენც ციდან მოხვედი! რომელია შენი პლანეტა?

ამ სიტყვებმა უეცრად მოფინა ნათელი მისი აქ მოსვლის საიდუმლოს და საჩქაროთ შევეკითხე:

– შენ სხვა პლანეტიდან ხარ?

პატარა უფლისწულმა პასუხი არ გამცა, თავი წყნარად გაიქნია და მზერა ჩემს თვითმფრინავს მიაპყრო.

– მაგრამ ამით შორიდან ვერ მოხვიდოდი… – მითხრა მას და ოცნებაში ჩაიძირა. კარგა ხანს იდგა გარინდებული. შემდეგ ჯიბიდან ჯიბიდან ბატკანის სურათი ამოიღო და დიდხანს დაჰყურებდა თავის განძს.

ალბათ წარმოიდგენთ, როგორ დამაინტერესა მის მიერ გაკვრით ნახსენებმა „სხვა პლანეტამ“ და გადავწყვიტე უფრო დაწვრილებით შემეტყო პატარა უფლისწულის ცხოვრება.

– საიდან მოხვედი აქ, ჩემო პატარა ბიჭო? რას ნიშნავს „იქ, ჩემთან“? სად უნდა წაიყვანო ჩემი ბატკანი?

იგი ერთ ხანს დუმდა ფიქრებში დანთქმული. შემდეგ კი მომიგო:

– რა კარგია რომ ყუთი მაჩუქე. ღამღამობით სადგომად გამოადგება ჩემს ბატკანს.

– რაღა თქმა უნდა, ჭკვიანად თუ იქნები, თოკსაც გაჩუქებ ბატკნის დასაბმელად და პალოსაც.

ჩემმა სიტყვებმა თითქოს შეაკრთო პატარა უფლისწული.

– დასაბმელად? რა სასაცილო აზრია!

– თუ არ დააბი, დასმე წავა და დაიკარგება…

ჩემმა მეგობარმა კვლავ ხმამაღლა გადაიკისკისა.

– სად წავა?

– სადაც მოისურვებს. ააღერებს თავს და სულ პირდაპირ ივლის…

– ამას მნიშვნელობა არა აქვს. იქ, სადაც მე ვცხოვრობ, ყველაფერი ძალიან პატარაა! – დინჯად შენიშნა პატარა უფლისწულმა და ნაღვლიანად დაუმატა:

– პირდაპირ თუ იარე, შორს ვერ წახვალ…

IV

ამრიგად, კიდევ ერთი უაღრესად საყურადღებო რამ შევიტყვე: პლანეტა, საიდანაც პატარა უფლისწული მოვიდა, სახლზე ოდნავ დიდი ყოფილა მხოლოდ. მაგრამ მე ეს არ გამკვირვებია. კარგად ვიცოდი, რომ გარდა ისეთი დიდი პლანეტებისა, როგორიცაა დედამიწა, იუპიტერი, მარსი და ვენერა, რომლებსაც ჩვენ სახელებიც კი შევაქვით, არსებობს მრავალი სხვა პლანეტა, რომელთა შორისაც ზოგი ისეთი პატარაა, რომ მათი დანახვა ტელესკოპითაც კი ჭირს. როცა ასტრონომი ასეთ პლანეტად აღმოაჩენს, იგი მას სახელის ნაცვლად ნომრით აღნიშნავს. მაგალითად, „ასტეროიდი 3251“.

მე სერიოზული საფუძველი მქონდა მეფიქრა, რომ პლანეტა, საიდანაც პატარა უფლისწული მოვიდა, ასტეროიდი ბ612 უნდა ყოფილიყო. ეს ასტეროიდი მხოლოდ ერთხელ, 1909 წელს შენიშნა ტელესკოპით ერთმა თურქმა ასტრონომმა. ამ აღმოჩენის შესახებ მან ვეებერთელა მოხსენება წარუდგინა საერთაშორისო ასტრონომიულ კონგრესს. მაგრამ, რადგან ასტრონომს ეროვნული ტანსაცმელი ეცვა, არავინ დაუჯერა. ასეთი უცნაური ხალხია ეს დიდები!

მაგრამ ასტეროიდ ბ612-ს უნდა უმადლოდნენ, რომ თურქეთის დიქტატორმა ბრძანება გასცა, ყველა მის ქვეშევრდომს ევროპულად ჩაეცვა, და ვინც ბრძანებას არ შეასრულებდა, სიკვდილით დასჯა ელოდა. 1920 წელს, ამჯერად უკვე ევროპულ კოსტუმში დიდებულად გამოწყობილმა ატრონომმა ხელმეორედ მოახსენა კონგრესს თავისი აღმოჩენა. და ახლა უკვე ყველამ აღიარა მისი აღმოჩენა.

ამ ასტეროიდის ამბავი ასე დაწვრილებით იმიტომ მოგიყევით და მისი ნომერიც იმიტომ აღვნიშნე, რომ დიდებს გაეგოთ ჩემი ნათქვამი. მათ ხომ ძალიან უყვართ ციფრები. თუ თქვენ მათ რომელიმე ახალ მეგობარზე უამბობთ რამეს, ისინი არასოდეს გკითხავენ იმას, რაც მთავარია. არასოდეს გკითხავენ როგორი ხმა აქვს შენს მეგობარს, რა თამაში უყვარს, ან პეპლების კოლექციას თუ აგროვებს. ამის მაგიერ გკითხავენ: რამდენი წლისაა, რამდენი ძმა ჰყავს, რამდენს იწონის და რა ჯამაგირი აქვს მამამისსო. და მათ ჰგონიათ, რომ ამით უკვე ყველაფერი გაიგეს. დიდებს რომ უთხრათ, „ვარდისფერი აგურისგან ნაგები ლამაზი სახლი დავინახე, რომლის ფანჯრის რაფებზე გერანი ყვაოდა, ხოლო სახურავზე მტრედები დაგოგმანებდნენო“, ვერ მიხვდებიან, როგორია ეს სახლი, მათ ასე უნდა უთხრათ: „მე დავინახე სახლი, რომელიც ასი ათასი ფრანკი ღირს“ და მაშინ აღტაცებით წამოიძახებენ, რა მშვენიერი სახლი ყოფილაო!

და სწორედ ასევე, თუ მათ ეტყვით: „იყო ერთი პატარა უფლისწული, და ამის დამამტკიცებელი საბუთი არის ის, რომ იგი მშვენიერი იყო, იცინოდა და ძალიან უნდოდა ჰყოლოდა ბატკანი, ხოლო ვისაც სურს ჰყავდეს ბატკანი, რა თქმა უნდა, არსებობს კიდეც“. ამ სიტყვებზე ისინი მხრებს აიჩეჩავენ და ბავშვად ჩაგთვლიან. მაგრამ თუ ეტყვით, რომ პლანეტას, საიდანაც იგი მოვიდა, ასტეროიდი ბ612 ჰქვია, ეს მათ სავსებით დაარწმუნებს და მეტი შეკითხვით აღარ შეგაწუხებენ. რა გაეწყობა, ასეთი ხალხია დიდები. ნუ გავუბრაზდებით მათ. ბავშვებს დიდი მოთმინება მართებთ დიდების მიმართ.

მაგრამ ჩვენთვის, ვისაც გვესმის ცხოვრების აზრი, მნიშვნელობა არა აქვს ციფრებს. მე მერჩივნა, ამ ამბის თხრობა ზღაპარივით დამეწყო:

„ოდესღაც, უხსოვარ დროში, ცხოვრობდა ერთი პატარა უფლისწული. იგი ცხოვრობდა ერთ პატარა პლანეტაზე და ძალიან უნდოდა ჰყოლოდა მეგობარი…“ და ის, ვისაც ესმის ცხოვრების ავკარგი, გაცილებით უკვეთ მიხვდება ჩემი მოთხრობის აზრს.

არ მინდა უგულოდ წაიკითხოს ვინმემ ჩემი წიგნი. ძალიან მიმძიმს ამ მოგონების გადმოცემა. უკვე ექვსმა წელმა განვლო მას შემდეგ, რაც პატარა უფლისწულმა მიმატოვა და თან წაიყვანა თავისი ბატკანი. და თუ ახლა ვცდილობ დაგიხატოთ იგი, მხოლოდ იმიტომ, რომ არ დამავიწყდეს. მეგობრის დავიწყება ძალიან ცუდია. ყველას არა ჰყავს მეგობარი და თუ მე იგი დავივიწყე, მაშინ იმ დიდებს დავემგვანები, რომლებსაც ციფრების გარდა აღარაფერი აინტერესებთ.

ამიტომ ვიყიდე ისევ საღებავების ყუთი და ფერადი ფანქრები. ჩემს ასაკში არც ისე ადვილია ხელახლა მოჰკიდო კაცმა ხატვას ხელი, მით უმეტეს, თუ მთელი ცხოვრების მანძილზე მახრჩობელა გველის გარდა არაფერი დაგიხატავს და ისიც მაშინ, როცა ექვსი წლისა იყავი. ცხადია, რაც შემიძლია ვეცდები კარგად გადმოგცეთ მისი სახე. მაგრამ დარწმუნებული არა ვარ, რომ შევძლებ. ზოგ ნახატს არა უშავს, ზოგი კი სრულებით არა ჰგავს. ცოტათი სიმაღლეშიც ვცდები: ზოგან უფლისწული ძალიან მაღალი გამომივიდა, ზოგან კი – ძალიან დაბალი. არც ის მახსოვს კარგად, რა ფერის ტანსაცმელი ეცვა. მაგრამ მე ძალღონეს არ ვიშურებ და, მთელი მონდომებით ვხატავ. ცხადია, უფრო საყურადღებო დეტალების გადმოცემაშიც შეიძლება შევცდე. მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ იქნება. ჩემი მეგობარი არასოდეს არაფერს არ მიხსნიდა, ალბათ მასავით გულთმისანი ვეგონე. მაგრამ, ჩემდა საუბედუროდ, მე არ ძალმიძს მასავით დავინახო ყუთში დამწყვდეული ბატკანი. შესაძლოა ცოტათი დიდებს ვგავარ. ალბათ დავბერდი.

წინა გვერდი 1 2 3 4 5 6 7 8 9შემდეგი გვერდი
Source
http://geolit.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button