ლიტერატურამოთხრობა

ბასა ჯანიკაშვილი – ფინალი

პიესა ერთ მოქმედებად

მოქმედი პირნი:
ზურიკო – ბებერი შვილთაშვილი
ზურიკოს დიდი ბაბუა – პატარა ბიჭი
ზურიკოს დიდი ბებია – პატარა გოგო
ზურიკოს ბაბუა – ახალგაზრდა ბიჭი
ზურიკოს ბებია – ახალგაზრდა გოგო
ზურიკოს მამა – მოხუცი კაცი
ზურიკოს დედა – მოხუცი ქალი
ციური – ზურიკოს მეგობარი

ასაკით და შესახედაობით, ოჯახის წევრები ბებერ ზურიკოზე პატარები არიან, მსვლელობის განმავლობაში ზურიკოს ასაკი და გარეგნობა მცირდება, სხვებისა კი უცვლელი რჩება. მხოლოდ ციურია გამონაკლისი, მისი ზრდა ნორმალურია. ამ ოჯახში ისე აცვიათ, როგორც მაგალითად დიდ ბაბუას და ბებიას შეეფერება და ა.შ.

სურათი პირველი

საღამო ხანია. ოჯახი მრგვალ მაგიდას უზის და სამოვარიდან ჩაის მიირთმევს.

ზურიკო – მე რომ დავიბადე… მე რომ დავიბადე…
დიდი ბაბუა – ჩვენ ყველანი ველოდით ზურიკოს დაბადებას.
დიდი ბებია – ჩემი შვილიშვილი – ზურიკოს დედა – რომ წაიყვანეს სამშობიაროში, იმწუთასვე ვიფიქრე, ზურიკო დაიბადება-მეთქი.
დიდი ბაბუა – მეც ასე ვიფიქრე.
დიდი ბებია – ნუ იცი შენ, თუთიყუშივით ყველაფრის გამეორება.
დიდი ბაბუა – ჯერ ეს ერთი, ზურიკოს დედა სამშობიაროში არ წაუყვანიათ.
დიდი ბებია – ვიცი, შენზე უკეთ ვიცი!

დიდი ბებია ენას გამოუყოფს დიდ ბაბუას. დიდი ბაბუა თმებში მოქაჩავს დიდ ბებიას. დიდი ბებია პანღურს უთავაზებს დიდ ბაბუას. მათ ბებია და ბაბუა გააშველებთ.

ბებია – ვინ დაიწყო?
ბაბუა – მორჩით ახლა, გეყოფათ!
დიდი ბაბუა – (დიდ ბებიაზე) იმან დაიწყო!
დიდი ბებია – (დიდ ბაბუაზე) არა, თვითონ დაიწყო! დებილო!
დიდი ბაბუა – დებილიც ხარ და მეტიც!
დიდი ბებია – დებილისგან მესმის!
დიდი ბაბუა – თუ დაგარტყი, გაგაფრენ ამერიკაში!
დიდი ბებია – აბა მიდი!
ბებია – კარგით ახლა, როგორ იქცევით?!
ბაბუა – ხომ ხედავთ, ზურიკოს დედ-მამა ისვენებს, ეცით პატივი, რა დაგემართათ, ხალხი არა ხართ?!

დიდ ბაბუას თავში წამოარტყამს. დიდი ბაბუა ატირდება.

დიდი ბებია – ეგრე გინდა (ენას გამოუყოფს) ბეე!

დიდი ბაბუა ბებიას ხელიდან დაუსხლტება და დიდ ბებიას გაეკიდება.

ბებია – (ბაბუას) რატომ ურტყამ?!
ბაბუა – აბა, არ დავარტყა?
ბებია – ამდენი დარტყმით ზურიკოს დიდ ბაბუას ტვინი აქვს შერყეული. ხომ გითხრეს თავში არ დაარტყაო?
ბაბუა – მაშინ ადექი და შენ თვითონ მიხედე მაგათ!
ბებია – (დიდ ბაბუას და ბებიას, რომლებიც მაგიდის გარშემო ერთმანეთს დასდევენ) გეყოფათ ახლა!

დიდი ბაბუა და ბებია ჩერდებიან. დიდი ბაბუა ტირილს იწყებს და ზურიკოს დედასთან მიდის.

დიდი ბაბუა – ზურიკოს ბაბუამ თავში დამარტყააა!
ბებია – (ბაბუას) ეს გინდოდა?
ბაბუა – მე ვარ დამნაშავე, გამაგიჟებთ ყველანი! წავალ სახლიდან და მერე ნახეთ. აღარ მინდა!
მამა – სად მიდიხარ მამა, მოდი აქ!
ბაბუა – აბა რა, მე ვარ მარტო დამნაშავე?
დიდი ბაბუა – (ტირილით ახლა ზურიკოს მამასთან გადაინაცვლებს) თავში დამარტყააა!
დიდი ბებია – ეგრე გინდა! (ენას გამოუყოფს)

დიდი ბაბუა დიდ ბებიას დაიჭერს და თმებში ჩააფრინდება. დიდი ბებია წაიქცევა და ტირილს დაიწყებს.

ბაბუა – აი, ახლაც მე ვარ?
ბებია – შენ დაიწყე ყველაფერი. არ იცი, როგორ მოექცე ამხელა ხალხს?
ბაბუა – გაკმინდე ხმა! (თავში წამოარტყამს)

ბებია გაბრაზდება და ბაბუას წიხლს ჩაარტყამს. ბაბუა ყვირილს მორთავს. მამა გაბრაზებული მივარდება ბებიას. ბებია ტირილს იწყებს.

მამა – შეიძლება ერთი ჭიქა ჩაი წყნარად დავლიო ამ სახლში?
დედა – ძვირფასო, მგონი დაიწყო, აჰჰ!
დიდი ბებია – ე-ე რას შვება?
დიდი ბაბუა – არ უყურო. (თვალებზე ხელს აფარებს)
დიდი ბებია – გასწი ხელი!
დიდი ბაბუა – არ უყურო!
ბებია – არა, არ შეხედოთ, მოდით აქ! (ცდილობს კალთას ამოაფაროს)
ბაბუა – ნუ უყურებ. (ბებიას ეფარება)
მამა – (ყველას ერთად ეფარება) ნუ უყურებთ.
დედა – რას მომჩერებიხართ, ვერ ხედავთ ზურიკო დაიბადა, აჰჰ!
ზურიკო – (ღრმა მოხუცი) მე მგონი, მეტის გაგრძელება არ ღირს. ასე დავიბადე მე. სწორედ ამას გეუბნებოდით, მე რომ დავიბადე, იმავე დღეს ქვეყანას ციური მოევლინა.

სურათი მეორე

სცენის სიღრმეში ზურიკოს დედა და მამა ლოგინზე წვანან და სძინავთ. მარჯვნივ ზურიკოს დიდი ბებია და დიდი ბაბუა ტელევიზორში ნახატ ფილმს უცქერენ. ისმის \”აბა დამაცადეს\” მუსიკა. მარცხნივ ზურიკოს ბებია და ბაბუა მეცადინეობენ. ზურიკო და მეზობელი ციური მაგიდის ქვეშ სხედან. წესით და რიგით პატარა გოგონა ციური – ზურიკოსავით ბაღში დადის. ორივე სადაცაა სკოლაში შევა. განსხვავება მათ შორის მხოლოდ ისაა, რომ ზურიკო მოხუცია, ციური კი ბავშვი.

დიდი ბებია – \”აბა დამაცადე\” დაიწყო!
დიდი ბაბუა – მე მგელი ვარ, შენ კიდევ კურდღელი.
დიდი ბებია – მგელი ბოროტია და არაფერი გამოსდის.
დიდი ბაბუა – მე გამომივა.
დიდი ბებია – ახალი სერიაა. რა კარგია!
დიდი ბაბუა – არაფერი არ არის კარგი, ეს ნანახი მაქვს.
დიდი ბებია – შენ ყველაფერი ნანახი გაქვს.
დიდი ბაბუა – შენნაირი დებილი კი არა ვარ!
დიდი ბებია – დებილიც ხარ და მეტიც.
დიდი ბაბუა – აი, ახლა მგელი კურდღელს დაიჭერს და შეჭამს. მერე რას იტყვი?
დიდი ბებია – ვაიმე! არა! (შიშისგან თვალებს ხუჭავს)
დიდი ბაბუა – (ტელევიზორზე გულმოსული) ვახ ჩემი! გაიქცა?!
დიდი ბებია – ხომ გეუბნებოდი, ვერ დაიჭერსო?
დიდი ბაბუა – მერე რა, ახლა მაინც დაიჭერს.
დიდი ბებია – ვერა, ვერ დაიჭერს!
დიდი ბაბუა – დაიჭერს!
დიდი ბებია – ვერა!
დიდი ბაბუა – კი-რა!
დიდი ბებია – ვე-რა!
დიდი ბაბუა – კი-რა!

ოთახის მეორე კუთხეში.

ბებია – მოსვენება არ არის ამათგან.
ბაბუა – ნუ მიშლი ნერვებს.
ბებია – რა უნდა გითხრა. იმდენი ურტყი, სულ გამოთაყვანდნენ.
ბაბუა – თითს არ დავაკარებ აწი, თუ დაჭკვიანდებიან.
ბებია – კარგი დროსია. ზურიკო სად არის?
ბაბუა – არ ვიცი.
ბებია – ზურიკო!
ბაბუა – აქ იქნება სადმე. მადროვე, ვიმეცადინო.
ბებია – მე უსაქმური გგონივარ? ზურიკო!
ზურიკო – (მაგიდიდან) აქ ვარ, ბებია!
ბებია – ჰო, კარგი, ბებია შემოგევლოს.
ბაბუა – დაწყნარდი?
ბებია – უფ, ნეტა შენ არ იცოდე!
ბაბუა – მაცალე.

ოთახის შუაგულიდან

ზურიკო – რა კარგია, რომ ყველას დავემალეთ?
ციური – ზურიკო, შენ ხომ ამდენი წლის ხარ? (თითებით აჩვენებს)
ზურიკო – ჰო, ციური, მაგდენის ვარ. ეგ იცი რამდენია?
ციური – არა.
ზურიკო -ეგ ექვსი წელია.
ციური – წელია კი არა, თითია.
ზურიკო – ჰო, ციური, თითია.
ციური – შენ რამდენი თითის ხარ?
ზურიკო – მეც შენხელა ვარ.
ციური – მერე, შენც თუ ექვსი თითის ხარ, ასეთი ბებერი რატომ ხარ?
ზურიკო – არ ვიცი, ასეთი დავიბადე.
ციური – არ გეშინია?
ზურიკო – არ ვიცი. ასეთი ვარ და რა ვქნა?
ციური – მე არ მეშინია, რომ ექვსი წლის ვარ და პატარა ვარ, შენ კიდევ გეშინია, რომ ექვსი წლის ხარ და ბებერი ხარ.
ზურიკო – რა ჩემი ბრალია?
ციური – მეცოდები, ზურიკო.
ზურიკო – ჰო, მართლა?
ციური – ჰო. რატომ მოიწყინე?
ზურიკო – არ ვიცი.
ციური – არ მოიწყინო, რა, ზურიკო?
ზურიკო – ეეეჰ…
ციური – გინდა გაკოცო?
ზურიკო – (მხრებს იჩეჩავს)
ციური – აი… (ლოყაზე კოცნის)
ზურიკო – მადლობა, ციური. იცი, ჩემი ყველას ეშინია. მე ძალიან ჭკვიანი ვარ, ასე ამბობენ. მე კიდევ სულ პირიქით მგონია. უბრალოდ ასე რომ ვარ, არც დიდები მეამხანაგებიან და არც პატარები.
ციური – მე ხომ გეამხანაგები?
ზურიკო – ჰო, შენ ჩემი ამხანაგი ხარ. ციური, იცი რა..?
ციური – რა?
ზურიკო – არ გამიბრაზდები, რომ გკითხო?
ციური – არა, ზურიკო.
ზურიკო – აბა, დედა დაიფიცე.
ციური – დედას გეფიცები.
ზურიკო – ნიჩურიკები არ იყოს.
ციური – აი, არ იყოს.
ზურიკო – კარგი, გეტყვი. ციური, ფეხებს შუა რა გაქვს?
ციური – არ ვიცი.
ზურიკო – გინდა ვნახოთ?
ციური – მრცხვენია.
ზურიკო – ნუ გრცხვენია. ღამღამობით ბებია და ბაბუა რომ ტიტვლები არიან, რაც ფეხებს შუა აქვთ, ერთმანეთს ანახებენ, ხან ბებია ათვალიერებს ხან ბაბუა. ეგ რომ სირცხვილი იყოს, ხომ არ ანახებდნენ?
ციური – არა.
ზურიკო – მაშინ მანახე.
ციური – ჯერ შენ მანახე.
ზურიკო – კარგი, ოღონდ არ დაგვინახონ.
ციური – ჩვენ ახლა დავიმალებით.
ზურიკო – ისე, რომ არავინ დაგვინახოს.

ოთახის მარცხენა კუთხიდან

ბებია – მე და ზურიკოს ბაბუა, სტუდენტები ვართ. ჩვენ ვმეცადინეობთ.
ბაბუა – ვმეცადინეობთ, თუ ვმაცადინეობთ?
ბებია – ვმეცადინეობთ.
ბაბუა – ვმაცადინეობთ და არა ვმეცადინეობთ.
ბებია – ფუძე არის მეცადინეობა. მეც-ადინეობა.
ბაბუა – \”ადინეობა\” რა ჯანდაბაა?!
ბებია – რა მნიშვნელობა აქვს?
ბაბუა – მე და ზურიკოს ბებია ვმაცადინეობთ. ჩვენ – ვმა-ცადინეობთ!

ოთახის სიღრმიდან

მამა – მე და ზურიკოს დედას გვძინავს. ზურიკოს დედამ მე ბიჭი მაჩუქა. ო-ო, ეს იყო დიდი ხნის წინ! ახლა კი, როგორც არ უნდა ეცადო, არაფერი გამოგვდის…
დედა – ჩვენ ბევრს ვცდილობთ, მაგრამ, როგორც ზურიკოს მამამ გითხრათ, არაფერი გამოგვდის.
მამა – ერთხელაც იქნება, გამოგვივა, არა?
დედა – ჩვენს შორის სრული თანხმობაა. ჩვენ იდეალური ცოლ-ქმარი ვართ. ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, არა?!
მამა – ჰო!
დედა – რა კარგია, რომ არ ვჩხუბობთ. ზურიკოს დიდი და პატარა ბებიები და ბაბუები სულ ჩხუბობენ. ჩვენ კი არა. არა?
მამა – ჰო!
დედა – ჰო!
მამა – ასეა თუ ისე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვცდით, არა?
დედა – ჰო! ჰო! ჰო!
მამა – მე და ზურიკოს დედას გვძინავს!

ოთახის მარჯვენა კუთხიდან

დიდი ბებია – მე და ზურიკოს დიდი ბაბუა \”აბა დამაცადეს\” ვუყურებთ.
დიდი ბაბუა – დიდი მიხვედრა უნდა ამას.
დიდი ბებია – ჩვენ სულ ვჩხუბობთ და არასდროს ვიძინებთ.
დიდი ბაბუა – რა კარგია, რომ ეს მულტფილმი არ მთავრდება.
დიდი ბებია – ჩვენ სულ ვჩხუბობთ, არა?
დიდი ბაბუა – იმაში მაინც შევთანხმდეთ, რომ ჩვენ სულ ვჩხუბობთ.
დიდი ბებია – არ ვჩხუბობთ, იმიტომ რომ ვჩხუბობთ.
დიდი ბაბუა – იცი, მე ზურიკო მეცოდება.
დიდი ბებია – მეც მეცოდება.
დიდი ბაბუა – დაიჩაგრა ბიჭი. ასეთი არაფერი მინახავს, დაიბადო ბებერი და გაახალგაზრდავდე.
დიდი ბებია – დაპატარავდე.
დიდი ბაბუა – დაპატარავდე…
დიდი ბებია – აი, ჩვენ ახლაც არ ვჩხუბობთ.
დიდი ბაბუა – იმიტომ, რომ ჩვენ ზურიკო გვიყვარს.
დიდი ბებია – იცი, სულ მარტოა.
დიდი ბაბუა – რა გიკვირს? ჩვენს ოჯახს ასეთი ჯიში აქვს. ბებერი იბადები და მერე პატარავდები.
დიდი ბებია – მაგრამ ის სულ მარტოა.

ზურიკო და ციური მაგიდიდან გამოძვრებიან

ზურიკო – ჩაი ადუღდა, ყველანი მაგიდასთან. ციური, იცი, შენ ახლა წადი, იმიტომ, რომ ჩვენი ოჯახის წევრი არა ხარ.
ციური – კარგი, მე წავალ, ნახვამდის, ზურიკო.

ციური გადის. ამასობაში ოჯახი მაგიდის გარშემო შეიკრიბა.

დიდი ბაბუა – ჩვენ ყველანი ველოდით ზურიკოს სკოლაში წასვლას.
დიდი ბებია – ზურიკოს დედამ ზურიკო რომ სკოლაში წაიყვანა, ჩვენ მაშინ დავიხოცეთ.
დიდი ბაბუა – ვინ ჩვენ?
დიდი ბებია – მე და შენ.
დიდი ბაბუა – არაფერიც. ჯერ შენ მოკვდი და მერე მე. არა, მე არ მოვმკვდარვარ. მარტო შენ მოკვდი.
დიდი ბებია – არაფერიც! ჩვენ ორივე ერთდროულად მოვკვდით. შენ აღარ გახსოვს!
დიდი ბაბუა – რეებს მიედ-მოედები, შე დებილო?!
დიდი ბებია – დებილი თავი გაბია! უკვდავები ხომ არა ვართ, შვილთაშვილი სკოლაში წავიდა. აღარ უნდა მომკვდარიყავით?
დიდი ბაბუა – მე რომ ჯერ სიკვდილი არ მინდა?
დიდი ბებია – არც მე მინდა.
დიდი ბაბუა – აი, ხომ ხედავ, არც ამაზე არ ვჩხუბობთ. ჩვენ სიკვდილი ჯერ არ გვინდა.
დიდი ბებია – იქნებ ვთხოვოთ ზურიკოს და ცოტა კიდევ გვაცალოს მულტფილმების ყურება? (მღერის \”აბა დამაცადეს\” მელოდიას) ტა ნა ნა ნა ტა ნა ნა ნა…
დიდი ბაბუა – (სიმღერაში აჰყვება) ტა ნა ნა ნა ტა… ამ ბოლო დროს ჩვენ სულ უფრო ცოტას ვჩხუბობთ. ზურიკო, იქნებ არ წახვიდე სკოლაში და ჩვენც არ მოვკვდებით?
დიდი ბებია – ჰა, ზურიკო?
დედა – ზურიკო, შენ სკოლაში უნდა დაიწყო სიარული. აბა წავედით.
დიდი ბაბუა – სულ შენი ბრალია! (თმებში ხელს ჩაავლებს. დიდი ბებია ტირილს იწყებს)

სურათი მესამე

სცენის სიღრმეში ზურიკოს დედა და მამა ლოგინზე წვანან და სძინავს. ოთახის მარჯვენა კუთხე, სადაც ადრე ზურიკოს დიდი ბაბუა და დიდი ბებია ცხოვრობდნენ, ცარიელია. ხელმარცხნივ ზურიკოს ბაბუა და ბებია მეცადინეობენ. მრგვალი მაგიდის ქვეშ ზურიკო და ციური სხედან. ახლა ზურიკო უფრო ახალგაზრდად გამოიყურება, ციური გაზრდილია.

ბებია – ბავშვი უკვე სკოლას ამთავრებს, შენ კი, სულ სტუდენტი როგორ უნდა იყო?
ბაბუა – თითქოს შენ არ იყო სტუდენტი!
ბებია – შენს თავს შეხედე, სხვას რომ მისჩერებიხარ.
ბაბუა – რა გინდა ახლა, რატომ იწყებ? ხვალ გამოცდა მაქვს, რას მერჩი, რატომ მიშლი?
ბებია – მე გიშლი თუ შენ მიშლი ნერვებს?
ბაბუა – გაჩერდი, თორემ..!
ბებია – რას დადის ეს გოგო, რა უნდა ამ ჩვენი ზურიკოსაგან?
ბაბუა – ზურიკო რომ ინსტიტუტში ჩაირიცხება, მერე ცოლი უნდა შეირთოს, მერე შვილიც ეყოლება და მე და შენ შვილთაშვილი შეგვეძინება.
ბებია – ზურიკოს შვილი… ჩემი ზურიკოს შვილი… მაგას მომასწრო, შემოევლოს მისი ბებო!
ბაბუა – აი, ხომ ხედავ, როგორ გვიყვარს ზურიკო.
ბებია – რაც დრო გადის, ზურიკო სულ უფრო და უფრო პატარავდება. ის გოგო…
ბაბუა – ციური.
ბებია – ჰო, ციური კი იზრდება.
ბაბუა – რა გასაკვირია.
ბებია – შენ არაფერი გაკვირვებს! მე კიდევ ის მაწუხებს, რომ ახლა ის გოგო და ზურიკო ტოლები არიან. ტყუილად არ ივლის ის გოგო…
ბაბუა – ციური.
ბებია – ციური, აქ! ალბათ, მოსწონს ჩვენი ზურიკო.
ბაბუა – მე მგავს. არ მოეწონება თუ?
ბებია – ნეტავ ჩვენს ზურიკოს თუ მოსწონს ის გოგო?
ბაბუა – ვინ, ციური? რაებს მიედ-მოედები, თუ იცი?
ბებია – \”რაებს მიედ-მოედები\” კი არა, რეებს მიედ-მოედები.
ბაბუა – თუ იცი?
ბებია – თუ იცი!
ოთახის სიღრმიდან
მამა – მე და ზურიკოს დედას გვძინავს.
დედა – მართალია.
მამა – ზურიკო ჩემი ბიჭია, ჩემი ვაჟკაცი, სკოლას ამთავრებს და ინსტიტუტში უნდა ჩააბაროს. ჯერ არ გადაუწყვეტია რა გამოვა.
დედა – მე მინდა, რომ მფრინავი გამოვიდეს.
მამა – ჩემთვის სულ ერთია.
დედა – მე მომენდე.
მამა – იცი რას ვფიქრობ? ზურიკო ახლა თავის ტოლებს გაუტოლდა. ციურიც მის ხელაა. მთელი ბავშვობა მარტო იყო, ბებერი პატარა ბავშვებში დარბოდა, ახლა კიდევ სკოლაში მისი ტოლები არიან.
დედა – თითქმის.
მამა – ჰო, თითქმის.
დედა – არ მომწონს მე, ის ციური რომ დადის აქ.
მამა – რატომ, კარგი გოგოა.
დედა – რას ამბობ, გაგიჟდი?
მამა – რატომ არ მოგწონს?
დედა – იმიტომ, რომ ჩემი ბიჭი სჯობს. სად არიან ახლა ზურიკოსნაირი კაცები? სანთლით ვერ იპოვნი, რომ მოგინდეს. მან ყველაზე კარგი გოგო უნდა ამოარჩიოს. ლამაზი, განათლებული, მამამისს ცოტა საშუალება რომ ჰქონდეს, ბიჭს ხელი გაუმართოს. აბა, ღარიბი მოიყვანოს ცოლად? გაწვალდება შვილი, რა დროს მაგის ცოლია? ჯერ სკოლა არ დაუმთავრებია.
მამა – სკოლას ახლა ამთავრებს. არ გახსოვს, მეც მაგის ტოლი ვიყავი, შენ რომ შეგირთე?
დედა – მე ახლა გეტყვი, რომ მაშინ სხვა დრო იყო, შენ კი მიპასუხებ, რომ რა დრო იყო ამისთანაო.
მამა – რა დრო იყო ამისთანა?
დედა – იმ გომბიო ციურის მადარებ?
მამა – წესით, მე და შენ არ უნდა ვიჩხუბოთ. ჩვენ ხომ ყველაფერში ვეთანხმებით ერთმანეთს?
დედა – ჰო, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი.
მაგიდიდან
ზურიკო – ციური, მე მგონი, მფრინავი გამოვალ.
ციური – რატომ, ზურიკო?
ზურიკო – დედას ასე სურს.
ციური – შენ, ზურიკო?
ზურიკო – ჩემთვის სულ ერთია.
ციური – მე კიდევ არ ვიცი რა გამოვალ.
ზურიკო – მოდი შენც მფრინავი გამოდი, ერთად ვივლით ინსტიტუტში, მერე თვითმფრინავს მოგვცემენ და ერთად ვიფრენთ. ბჟჟჟჟჟ…
ციური – ბჟჟჟჟჟ…
ზურიკო – ციური, მე კიდევ დიდი აღარა ვარ!
ციური – ჰო, ზურიკო.
ზურიკო – ციური, რაღაც მინდა გითხრა.
ციური – მითხარი, ზურიკო.
ზურიკო – არ გამიბრაზდები?
ციური – არა.
ზურიკო – აბა დედა დაიფიცე.
ციური – დედას გეფიცები, ზურიკო.
ზურიკო – იცი, მე ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობ. მე მინდა, რომ რაღაც გავაკეთო, დედაჩემი კი უარზეა. მე არ მინდა დედას ვეჩხუბო და ისე გავაკეთო, ის კი უარზეა. რას ფიქრობ, როგორ მოვიქცე?
ციური – რა გინდა რომ გააკეთო, ზურიკო?
ზურიკო – იცი, ამ ბოლო დროს ვფიქრობ, რა მოხდება, დედ-მამა რომ მოკვდნენ.
ციური – გაგიჟდი ზურიკო?
ზურიკო – აი, ჩემი არავის ესმის.
ციური – ბოდიში… რატომ გინდა რომ მოკვდნენ, ზურიკო?
ზურიკო – არ ვიცი. იმასაც კი ვფიქრობ, როგორ შეიძლება რომ მოკვდნენ. მაგალითად…
ციური – მაგალითად…
ზურიკო – როგორ და აგური დაეცეთ თავში.
ციური – ერთი აგურით ორივეს როგორ…
ზურიკო – ჯერ ერთს მოხვდეს, მერე ის აგური ახტეს, დახტეს და მეორესაც მოხვდეს.
ციური – შენ როგორ ფიქრობ, ჯერ ვის უნდა დაეცეს აგური?
ზურიკო – მამაჩემს.
ციური – ზურიკო!!!
ზურიკო – მერე დედაჩემს. რა მოსაწყენია, არა?
ციური – მეშინია.
ზურიკო – ციური, მე უკვე დიდი აღარ ვარ და ახლა, ისე როგორც არასდროს, არ მინდა მარტო ყოფნა. ჩემი არავის არ ესმის, მხოლოდ შენ შეგიძლია გამიგო.
ციური – მითხარი..
ზურიკო – მე მიყვარხარ… შენ.
ციური – მეც მიყვარხარ, ზურიკო.
ზურიკო – ჩვენ შეგვიძლია სიყვარულზე ვილაპარაკოთ.
ციური – შეგვიძლია, რომ არ ვილაპარაკოთ.
ზურიკო – ჩემი მშობლები არასდროს ჩხუბობენ, ისინი ყოველთვის ერთი აზრისანი არიან. მეშინია.
ციური – მეც…
ოთახის მარცხენა კუთხიდან
ბებია – მე შენ გეტყვი, რა მოხდება ახლა.
ბაბუა – რა?
ბებია – ცოტა ხანი მოიცადე და ნახავ.
ბაბუა – მერე იტყვი, ხომ გითხარიო.
ბებია – ხომ გითხარი?
ბაბუა – არაფერი გითქვამს.
ბებია – ახლა ზურიკო ყველას მაგიდასთან დაგვიძახებს.
ზურიკოს ხმა – ჩაი ადუღდა. ყველანი მაგიდასთან!
ბებია – ჩვენ რა თქმა უნდა მივალთ, ზურიკოს დედ-მამა ბოლოს მოვლენ.

მაგიდასთან იკრიბებიან

ზურიკო – შენ ხომ იცი ახლა რაც უნდა გითხრა?
ციური – ვიცი, მაგრამ შენ ამას არ იტყვი. უთხარი ყველას, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, რომ უერთმანეთოდ სიცოცხლე არ შეგვიძლია.
ზურიკო – არა ციური, შენ უნდა წახვიდე.
ციური – არსად არ წავალ.
ზურიკო – უნდა წახვიდე ციური.
ციური – არა, ზურიკო.
ზურიკო – წადი.

ციური მიდის. ოჯახის წევრები მაგიდას შემოუსხდებიან.

ბებია – (ბაბუას) ახლა დაიწყებენ იმაზე საუბარს, რომ ზურიკო ინსტიტუტში აბარებს.
მამა – ზურიკო, შენ უკვე დიდი ბიჭი აღარა ხარ. დროა ინსტიტუტში ჩააბარო. დედაშენს უნდა, რომ მფრინავი გამოხვიდე. რას ფიქრობ?
ზურიკო – რაც თქვენ გინდათ, იმას გავაკეთებ.
მამა – ყოჩაღ, ზურიკო.
ბებია – (ბაბუას) ახლა ყველანი წავლენ ინსტიტუტში ზურიკოს მოსაწყობად, ჩვენ კი გზაში აგური დაგვეცემა და მოვკვდებით.
ბაბუა – (ბებიას) მაინც როგორ? შეგიძლია დეტალურად აღმიწერო ჩვენი სიკვდილი?
ბებია – გაინტერესებს?
ბაბუა – როგორ, როდესაც კვდები, არ იცი, როგორ კვდები, ახლა კიდევ შანსი მაქვს, რომ გავიგო.
ბებია – როგორც კი ქუჩაში გავალთ, სასწაული მოხდება და ციდან აგური ჩამოვარდება. ჯერ მე დამეცემა დათავს ორ თანაბარ ნაწილად გამიტეხავს, მერე ის აგური ახტება, დახტება და შენ მოგხვდება მაგ უტვინო თავში. შენც მოკვდები.
ბაბუა – საინტერესოა…
ბებია – მერე ზურიკო ინსტიტუტში ჩააბარებს და მფრინავი გამოვა.
ბაბუა – მე და შენ აღარ ვიქნებით ცოცხლები? იქნებ ვთხოვოთ ზურიკოს ინსტიტუტში არ ჩააბაროს?
ბებია – ზურიკო, შვილო, იქნებ…
მამა – აბა, წავედით. წელს ზურიკო აბარებს…
ბებია – სულ შენი ბრალია.
ბაბუა – თუ შენი..? (თმებში ჩაავლებს ხელს. ბებია პანღურს უთავაზებს. ბაბუა ყვირილს მორთავს)

სურათი მეოთხე

ზურიკოს დედა და მამა ლოგინზე წვანან და სძინავთ. ოთახის განაპირა კუთხეები ცარიელია. მაგიდის ქვეშ პატარა ბიჭი – ზურიკო და მოხუცებული ციური სხედან.

ზურიკო – გუშინ, სამსახური დავკარგე. ასე მითხრეს პატარა ხარო.
ციური – ზურიკო.
ზურიკო – რა ვქნა, ციური, რა ვიღონო? ვერ ავუხსენი, რომ ჩვენ ასეთი ჯიშისანი ვართ, რომ ჩვენ ბებრები ვიბადებით და პატარები ვკვდებით. არ დამიჯერეს. შენისთანა ღლაპი, ამხელა თვითმფრინავს როგორ გამართავსო. წამოვედი. უფრო სწორად – გამომაგდეს.
ციური – მეც გამაგდეს, ზურიკო.ბებერი ხარო.
ზურიკო – შენ რომ არ მყავდე, რა მეშველებოდა.
ციური – მე უკვე დავბერდი, ზურიკო.
ზურიკო – მეც.
ოთახის სიღრმიდან.
მამა – ჩვენ გვძინავს. ხომ გვძინავს?
დედა – გვძინავს, აბა რა?
მამა – ამდენი წელია ერთად ვცხოვრობთ და არაფერზე არ გვიჩხუბია.
დედა – ჩვენი სიყვარული…
მამა – მიყვარხარ… მხოლოდ გული მწყდება, რომ მალე აღარ ვიქნებით ამ ქვეყანაზე, ჩვენი ზურიკო კი სულ მარტო რჩება.
დედა – რატომ მარტო? ციური სულ ტყუილად დაიარება?
მამა – ციური! ის ბებრუხანა ვის რად უნდა? ფეხზე ძლივსღა დგას. ბუნებრივი მე მგონი, არაფერი დარჩა. სულ პროტეზებში და ოპერაციებშია რაც თავი მახსოვს.
დედა – ნუ ამბობ ასე, ციური კარგი გოგოა, ჩვენი ზურიკოს ბავშვობის მეგობარია.
მამა – მეცოდება ზურიკო. სულ მარტო რჩება.
დედა – გეყოფა!
მამა – ავიაკომპანიიდან გამოუგდიათ, გაიგე?
დედა – მერე რა, ახალს მონახავს.
მაგიდიდან.
ზურიკო – ფრენა ჩემი ცხოვრებაა. რა მეშველება ახლა, სადღა ვიფრინო?
ციური – იქნებ, ახალი სამსახური მოვნახოთ?
ზურიკო – ციური, მე ერთ რამეს მივხვდი.
ციური – რას, ზურიკო?
ზურიკო – მე უშენოდ არ შემიძლია, ციური.
ციური – არც მე.
ზურიკო – ასე მგონია, რომ ეს ყველაფერი მეჩვენება. თითქოს სხვა იყოს ჩემს ადგილას. მე კი მაყურებლის როლში ვარ.
ციური – შენ გადაიღალე, ზურიკო.

ოთახის სიღრმიდან.

მამა – მოეყვანა თავის დროზე ვინმე ცოლად, ახლა პატრონი მაინც ეყოლებოდა! შვილები, შვილიშვილები…
დედა – შენ არ ჰქენი, შენ შემოგევლე! ჩემი ბიჭის ტოლი საცოლე ჯერ არ დაბადებულაო!
მამა – მე და შენ არ უნდა ვიჩხუბოთ.
დედა – მართალი ხარ.
მამა – მაპატიეთ, შენ და ზურიკომ, მაპატიეთ…
დედა – ო-ო, ძვირფასო… ასეთ წუთებში იცი რაზე ვფიქრობ?
მამა – რაზე, ძვირფასო?
დედა – როგორ გავიცანით ერთმანეთი, გახსოვს?
მამა – როგორ არ მახსოვს?
დედა – მეც მახსოვს.
მამა – ჩვენ ეს იმდენჯერ მოგვიყოლია, რომ მე მგონი, ახლა ამის გახსენება არ ღირს.
დედა – მართალი ხარ.
მამა – მე მგონი, დღევანდელი დღე, ჩვენი ცხოვრების უკანასკნელი დღეა.
დედა – რატომ ფიქრობ ასე?
მამა – არ ვიცი… ასე მგონია. ახლა ზურიკო ყველას ჩაისთან დაგვიძახებს, ჩვენ, როგორც კი დავაპირებთ წამოდგომას, იმ წამსვე მოვკვდებით.
დედა – გული გიგრძნობს, თუ რა?
მამა – გინდა გითხრა, რაზე იქნება საუბარი მაგიდასთან?
დედა – ჩვენი სიკვდილის შემდეგ?
მამა – ჰო, სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ ჩვენ ბოლო ფინჯან ჩაის ვეღარ დავლევთ. მაგრამ ახლა ეს არაა მთავარი. ზურიკო გვეტყოდა, რომ მას ციური უყვარს და შენგან და ჩემგან ნებართვას ითხოვდა, რომ ცოლად მოეყვანა.
დედა – ჩვენ თუ მოვკვდებით, მას შეუძლია ისედაც გააკეთოს რაც უნდა. წამოდი, სანამ ზურიკო დაგვიძახებდეს, ვუთხრათ, რომ ციური მისთვის არაა შესაფერისი. ციური ბებერია, ის კი სულ ბავშვია…
მამა – ნუ ჩქარობ, აზრი არა აქვს.
დედა – შენ ასე ფიქრობ?
მამა – რამდენი ხანია ამის თქმა სურს, ჩვენ კი…
დედა – საწყალი ზურიკო. პასუხს ჩვენგან ელოდა.
მამა – ჩვენ კი არც ვაღირსეთ.
დედა – მაგრამ ახლა, არც ესაა მთავარი.
მამა – მთავარია, ზურიკომ ჩაისთან არ მიგვიპატიჟოს, თორემ ჩვენც მოვკვდებით.
დედა – მოდი, ზურიკოს ვთხოვოთ…
მამა – ზურიკო, შვილო, არ დაგვიძახო, არ გვინდა ჩაი, თორემ მოვკვდებით!!!

მაგიდიდან.

ზურიკო – მგონი მიძახიან…

წადი, გაიქეცი, არ დაგაგვიანდეს.

ზურიკო – მე მათ ჩაისთან მოვიწვევ და ვეტყვი, რომ ერთმანეთი გვიყვარს, ვეტყვი, რომ გვინდა ჯვარი დავიწეროთ, ციური, მე და შენ. გესმის..?

დედ-მამა მაგიდასთან მიდიან.

დედა – ჯერ ციური უნდა მოვკლათ, და მერე ვთხოვოთ ზურიკოს არ დაგვიძახოს.
მამა – ჯერ ციური უნდა მოვკლათ, დანარჩენზე შემდეგ ვიზრუნოთ.

ციურის გამოიყვანენ და კლავენ.

ზურიკო – დედა, მამა, მაგიდასთან ყველანი! მე დღეს თქვენთვის სიურპრიზი მაქვს. მე და ციური ჯვარს ვიწერთ. დედა, მამა, ჩაისთან ყველანი! მე დღეს თქვენთვის საჩუქარი მაქვს. მე და ციურის ერთმანეთი გვიყვარს და ჯვრის დაწერა გადავწყვიტეთ…

სურათი მეხუთე

მრგვალი მაგიდის ქვეშ პატარა, წვერმოშვებული ზურიკო მარტოდმარტო ზის და ჩაის სვამს.

დასასრული.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button