ზოგადი განათლებალიტერატურამოთხრობა

გოდერძი ჩოხელი – გაღმივლები

დევგარეული დიდია და არაგვის იმ მხარეს ცხოვრობს, საიდანაც მზე ამოდის.

ბიბღა ძლივს აჩნია მიწას და მზე სადაც ჩადის, იმ მხარეს ცხოვრობს. დევგარეულთან რომ მიხვიდე, გეტყვის:

– მე გამოღმიველი ვარ, ბიბღა გაღმიველიაო.

ბიბღას რომ ჰკითხო! – გამოღმიველი მე ვარ, გაღმიველი “ის“ არისო.

ვერ გაიგებ…

ბოლოს მაინც გაღმივლები არიან.

მზე და მთვარე დევგარეულის მხრიდან ამოდის და იმათი შუქი ძლივსღა აღწევს ბიბღას სახლამდე.

– დევგარეული ეფარება ჩემ წილ მზე-მთვარეს, – ბრაზობს ბიბღა. გარედან არაფერს იმჩნევს და გულში კი სულ ეჭვი აქვს: – ალბათ, ჩემმა წილმა მზემ “ის“ გაზარდა და იმიტოა დიდი. – იმისი სახელის ხსენებასაც კი ერიდება.

უზარმაზარია დევგარეული. შორიდან მთა გეგონებათ. როგორც კი მზე ან მთვარე ამოვა, გაიძაბება ხოლმე მაგისი ჩრდილი და ბიბღას სახლამდის უწვდენს. თავი პირდაპირ იმის დერეფანში ილანდება. ბრაზობს ბიბღა და ცარცით ლანდს ხან ორ ცხვირს ახატავს სახეზე, ხან რქებს ადგამს.

– არ დაგინახოს, შე მიწადასაყრელო, – აფრთხილებს ბიბღას ცოლი.

– დამინახოს თორე, ბევრს რამესაც გამომრჩება.

– რის პატრონი ამბობ მაგას, ერთი ნეკნი აღარა გაქვს მაგისაგან მთელი.

– ჯერ ვათამამებ და მერე ნახე. – იკვეხის ბიბღა და ლანდს შუბლზე ურტყამს წკიპურტს. ცოლს უხარია ქმრის გაუტეხლობა და სახეგაბადრული მდინარეზე მიდის.

მდინარეზე ხიდი აქვთ გადებული. დილაობით გამოდის იმ ხიდისპირ დევგარეული და უზარმაზარი ლოდით ვარჯიშობს.

ბიბღამაც სცადა ერთ მთვარიან ღამეში იმ ქვის აწევა, მაგრამ ვიღაც მგზავრმა შეუშალა ხელი. არ უნდოდა, სირცხვილი ეჭამა და ქვის უკან დაიმალა. მგზავრმა იმ ქვაზე დაისვენა. ეშინოდა დამინახავსო, მაგრამ მალედვე წავიდა მგზავრი. ბიბღამ კიდევ სცადა ქვის აწევა. ადგილიდან ვერ დაძრა და მაინც იხტიბარი არ გაიტეხა, თავის თავის მოსატყუებლად პატარა ლოდი ასწია. მერე ხიდზე გავიდა. მთვარე დასავლეთისკენ იყო გადახრილი და ლანდებს დევგარეულის სახლისაკენ აგრძელებდა. ღობეზე შედგა ბიბღა. არაგვს მაინც ვერ გააცილა ლანდი. მთვარეს დააბრალა: – კარგად ვერ ანათებს, ღრუბლები ეფარებაო.

ხანდახან მდინარე ადიდდება ხოლმე და იატაცებს ხიდს. მაშინ დევგარეული ზემოდან ახტება არაგვს.

ბიბღაც გადაახტა.

შუა წყალში ჩავარდა.

გადაირია მდინარე, ადევდა, აბობოქრდა.

დევგარეული, რა დევგარეულიღა იქნებოდა, მეზობელი რომ წყლისთვის გაეტანებინა. სახლიდან გამოიქცა და ძლივს გამოსტაცა მდინარეს.

ნაპირზე რომ ამოვიდნენ, დევგარეულმა ტანისამოსიანძვლებიანად გაწურა ბიბღა.

– საცა შენი საქმე არ არის, იქ ნუ ეჩრები, – გაბრაზდა ბიბღა.

– რა გაბრაზებს, კაცო, მაშ წყალს ხო არ წავაღებინებდი შენ თავს.

– შენ სიმაღლე ხომ არ გატყუებს.

აკანკალებული ბიბღა ფეხებში ეცა მეზობელს. დევგარეული იცინოდა. არ ბრაზდებოდა ხოლმე და ჯერ სიცილს მოჰყვებოდა, მერე თანდათან მოსდიოდა ბრაზი. ისეთი გაბრაზება იცოდა, მთებსაც კი ფერს აკარგვინებდა.

ამაოდ ეხლართებოდა ბიბღა ფეხებში.

ის იცინოდა.

ბიბღამ იცოდა, ამ სიცილს რაც მოჰყვებოდა, მაგრამ მაინც თავს არ ანებებდა.

მერე უცებ შესწყვიტა სიცილი.

ღორღებში ლაწა-ლუწი გაუდიოდა ნეკნებს.

მაინც ვერ დააკვნესა.

მხარზე გაიდო და სახლში გაიყვანა.

თავად ისევ გამოღმა გამოვიდა.

გაღმიდან ბიბღას ყვირილი ისმოდა:

– გამიშვით!

ძლივს აკავებდა ხალხი.

დევგარეულმა გასვლა გადაწყვიტა. გაიფიქრა: ალბათ რომელიმე ნეკნი კიდევ მთელი დავუტოვეო, და…

მერე ისევ გადაიფიქრა.

არც ისეთი ბრიყვი იყო, ერთნაირად გადაეწურა წყალი. რაღაც სიამოვნებასაც კი გრძნობდა, ბიბღა რომ იზიდებოდა2 იმისაკენ.


ზეგარდის გორზე ღამისთევა ჰქონდათ გუდამაყრელებს.

ღრეობდნენ.

დღეობდნენ.

ღამეს ათევდნენ.

ცეცხლები ენთო ქარისაგან გაფხეკილ გორზე.

– ანგელოზიანია ჩონგური! – დაიძახა ღვთისავარმა და სანთელივით ჩამოქნილი თითები ჩამოჰკრა სიმებს.

ჩონგურის ხმამ საამო ჟრუანტელად დაუარა ღამეს. ხვთისავარს ხალხი გარს შემოეხვია და გაინაბა.

ბიბღამ თვალი მოჰკრა დევგარეულს, რომელსაც ცეცხლებისაგან კარგა მოშორებით ნაბადში გახვეულს ეძინა. მივიდა და ყური მიუგდო. სამხარეული გულიანად ხვრინავდა.

სარეცელივით გამტკნარებულ ცაზე, ჩონგურის ხმით გაქეზებული ღრუბლის ნაგლეჯები ცეკვავდნენ.

გასუსული იყო ხალხი.

– ხალხო! – მოისმა ბიბღას ხმა.

– მაანათეთ სანთელი, ხალხო, ნახეთ რომელი ვართ ძირსა!

სანამ ხალხი სანთლებს მიანათებდა, მანამდე დევგარეულს გამოეღვიძა და ბიბღა ძირს მოიქცა.

“შენა ხარ, ბიბღავ, ძირსა, შენა! – შესძახოდა ხალხი და თან სანთლებს უნათებდნენ, რომ ბიბღას კარგად დაენახა, ეგონათ, ვერა ხედავს, რომ ძირს არისო.

– მე ვიყავ ზემოდან! – არ ჩერდებოდა ის და თან იზიდებოდა.

მერე დააწყნარეს.

განთიადისას მთის წვერებზე აისი ჩამოჩნდა და სიბნელით სავსე ხეობაში მტრედისფრად ჩამოიღვარა.

გათენდა.


ნათლის სვეტს ჰგავდა საახალწლო ხე. ყველას თავის მკლავის სიგრძე სანთელი მოჰქონდა და იმ ხეზე ანთებდა.

მთელი ღამე ენთო ხე.

ყველაზე გრძელი სანთელი დევგარეულმა დაანთო.

საპურეებში ბედისკვერებს აცხობდნენ.

ყველა თავის ნიშანს ადებდა ბედისკვერს.

ვისი კვერიც კარგად გამოცხვებოდა, იმას კარგი ბედი უნდა დაჰბედებოდა იმ წელს.

მხიარულობდა სოფელი.

ჯარზე დასმულ3 პატარძალს ჰგავდა საახალწლო ხე.

დევგარეულის ცოლმა გამოუხსნა პურის საცხობს კარი და ელდა ეცა: დევგარეულის ბედისკვერი ახლად შესმულს ჰგავდა, მთლად ცომი იყო.

ფერი წაუვიდა დევკაცს. სახლში ვეღარ გაჩერდა და საახალწლო ხესთან გავიდა. იმისი სანთელი ჩამქრალიყო. მუხლები აუკანკალდა და კინაღამ ჩაიხვია. სალოცავად წავიდა ხატში. იქ დასტურები და დეკანოზები ათევდნენ ღამეს.

როგორც კი ირიჟრიჟა, არაგვზე გავიდნენ დასტურ-დეკანოზი. ყინული ამოამტვრიეს და საბანაოდ ჩასხდნენ წყალში. თოვლი იყო, არც კი ჩანდნენ შორიდან. თან მღეროდნენ და თან ძველი ცოდვებისაგან იბანებოდნენ.

არაგვის თოვლიან ნაპირს ამოჰყვა ბიბღა. დევგარეულის ტანსაცმელი მოიპარა და წავიდა.

გამოვიდნენ წყლიდან მობანავენი და წინწანაქარი არყით გაიხურეს ტვინი.

მერე ტანსაცმელი ჩაიცვეს და საახალწლო სიმღერით წავიდნენ ხატში. მთლად შიშველი დევგარეული ხან რომელს ეფარებოდა და ხან რომელს. ტანსაცმლის დაკარგვაც ღვთის ნებად მიიჩნია.

გაცივდა.

მთელი ზამთარი ებრძოდა სიკვდილს და ერთ გაზაფხულს დილას წვიმის წვეთივით გაშრა მთასავით დევკაცი.

სოფლის სასაფლაოებიდან კაცის ტირილი ისმოდა. გულამომჯდარ მიწას ბიბღა ხელებით ჩახვეოდა და ქვითინებდა:

– შენა ხარ ძირსა, შე უბედურო, შენა!

სიბნელე ეხურა ორივეს.

გულჩათხრობილი დადიოდა იმ დღიდან ბიბღა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button