ისტორია

ზაზა წურწუმია – ოსმალეთის იმპერიის ქართველი ვალიდე სულთნები

ოსმალეთის იმპერიის ხელმწიფის ცოლებიდან ის, ვისი ვაჟიშვილიც მომდევნო მბრძანებელი გახდებოდა, განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა. ხელმწიფის (ფადიშაჰი) ტახტზე ასვლის დღიდან, დედამისი იღებდა ტიტულს „ვალიდე სულთანი“ (დედა სულთანი) და თავის საგამგებლოში, ხელმწიფის რეზიდენციის ქალურ ნაწილში -ჰარემი, საზეიმო ცერემონიალით შედიოდა.
ვალიდე სულთანი ოსმალეთის სახელმწიფოში მნიშვნელოვან ავტორიტეტს ფლობდა და ხშირად გადამწყვეტ გავლენას ახდენდა სახელმწიფო საქმეებზე.
ოსმალეთის ხელმწიფის სასახლეში, ფადიშაჰის უცხოტომელ ცოლებსა და მხევლებს შორის, ქართველი ქალებიც იყვნენ. მათგან რამოდენიმემ მიაღწია უმაღლეს, ვალიდე სულთანის ტიტულს და შესამჩნევი კვალი დატოვა ოსმალეთის ისტორიაში.

მიჰრიშაჰ ვალიდე სულთანი: ოსმალეთის ხელმწიფეთა ქართველი ცოლებიდან ვალიდე სულთანი გახდა მუსტაფა III-ის მეუღლე და სელიმ III-ის დედა მიჰრიშაჰ სულთანი. მიჰრიშაჰ სულთანის დაბადების თარიღად მიჩნეულია 1745 წელი. 1761 წელს შეეძინა ვაჟიშვილი, შეჰზადე (ბატონიშვილი) სელიმი, მომავალი ხელმწიფე სელიმ III.
1774 წელს მუსტაფა III-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ძმა აბდულჰამიდ I. აღსანიშნავია, რომ მასაც ძმის მსგავსად, ქართველი მეუღლე ჰყავდა. მიჰრიშაჰი, ხელმწიფის რეზიდენცია სტამბოლის თოფკაფის სასახლიდან სულთნების ძველ სასახლეში გადავიდა. 15 წლის შემდეგ, მისი შვილის, სელიმ III-ის ტახტზე ასვლიდან გამომდინარე, კვლავ დაბრუნდა თოფკაფის სასახლის ჰარემში.
მისი თანამედროვენი დაუფარავი აღტაცემით გადმოსცემენ მიჰრიშაჰის ხელმწიფის სასახლეში დაბრუნების ბრწყინვალე ცერემონიალს. ძველი სასახლიდან საპატიო ესკორტს ტახტრევანით მოჰყავდა ვალიდე სულთანი. მას მთავარ სახელმწიფო გზაზე (დივანის გზა) გამწკრივებული იანიჩართა რაზმები მიესალმებოდნენ. თოფკაფის სასახლის წინა მოედანზე დედას ფადიშაჰი სელიმი შეხვდა, მან დედას სამგზის სალამი მისცა, ტახტრევანის ფარდიდან გადმოწვდილ მის ხელს აკოცა და დედა სასახლის ჰარემის კარამდე მიაცილა.
მიჰრიშაჰ ვალიდე სულთანმა, თავისი გარეგნული სილამაზით, სათნოე-
ბითა და ქველმოქმედებით წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა თანამედრო-ვეებზე. მათი გადმოცემით, მიუხედავად იმისა, რომ დედას უზარმაზარი გავლენა ჰქონდა შვილზე და მთლიანად მხარს უჭერდა ახალგაზრდა რეფორმატორ ხელმწიფეს, ის არ ერეოდა პოლიტიკაში და საქველმოქმედო საქმიანობას მიუძღვნა თავისი ცხოვრება. სტამბოლში მიჰრიშაჰ სულთნის სახელთან დაკავშირებულია საქველმოქმედო ნაგებობანი, სასადილო სახლები უპოვართათვის, შადრევნები, მეჩეთი, მედრესე და ბიბლიოთეკა. ვალიდე სულთანი, ისევე როგორც მისი შვილი, სუნიტურ მევლევის თარიკათს (რელიგიურ ორდენს) ეკუთვნოდა. მიჰრიშაჰ ვალიდე სულთანი გარდაიცვალა 1805 წლის 16 ოქტომბერს თოფკაფის სასახლეში. დიდი სამგლოვიარო ცერემონიალით ჩატარდა დაკრძალვა. მიჰრიშაჰი სტამბოლის ეიუბის უბანში გადაასვენეს და მის მიერ უპოვართათვის აშენებული სახლის გვერდით, თავისივე სახელობის თურბეში (მავზოლეუმი) დაკრძალეს.

ნაკშიდილ ვალიდე სულთანი: აბდულჰამიდ I-ის მეუღლე და მაჰმუდ II-ის დედა ნაკშიდილ ვალიდე სულთანი 1766 წელს საქართველოში დაიბადა. 1785 წელს სულთნის სასახლეში შეეძინა ვაჟიშვილი მაჰმუდი. მეუღლის, სულთან აბდულჰამიდის გარდაცვალების შემდეგ, 1789 წელს, თოფკაფის სასახლე დაუცალა თავის თანამემამულეს მიჰრიშაჰ ვალიდე სულთანს, სელიმ III-ს დედას, და თვითონ გადავიდა სულთანთა ძველ სასახლეში, სადაც 19 წელი დაჰყო. ვაჟიშვილის, მაჰმუდის სულთნის ტახტზე ასვლის შემდეგ, 1808 წელს დაუბრუნდა თოფკაფის სასახლეს ვალიდე სულთნის ტიტულით. 1808 წლის 6 ივლისს, თოფკაფის სასახლეში შესაბამისი ცერემონიალით მისი შესვლა ოსმალეთის ისტორიაში დარჩა, როგორც სულთნის დედის უკანასკნელი საჯარო საზეიმო მსვლელობა თოფკაფის სასახლეში
თანამედროვენი გადმოგვცემენ, რომ ნაკშიდილ ვალიდე სულთანს დიდი გავლენა გააჩნდა თავის შვილზე, ოსმალეთის სულთან მაჰმუდ II-ზე. სწორედ დედის ჩაგონებით გადაწყვიტა სულთანმა თავისი რეზიდენცია თოფკაფის სასახლიდან ბეშიკთაშის სასახლეში გადაეტანა. ის მხარს უჭერდა შვილის ევროპული რეფორმების გატარებისადმი მიდრეკილებას და არაერთი რეფორმის მცდელობა, მაჰმუდ II-მ დედის ზეგავლენით განახორციელა.
ნაკშიდილ ვალიდე სულთანი ასთმის შეტევებით იტანჯებოდა და მას ბერძენი ექიმები მკურნალობდნენ. ის 1817 წლის 22 აგვისტოს გარდაიცვალა, სამგლოვიარო ცერემონიალით ცხედარი ფატიჰის მეჩეთის ეზოში გადაასვენეს, სადაც მის მიერვე აგებულ თურბეში დაკრძალეს.

ბეზმიალემ ვალიდე სულთანი: დაბადების თარიღად მიჩნეულია 1807 წელი. ის მცირეწლოვნობიდან სულთნის სასახლეში, ნაკშიდილ ვალიდე სულთანის მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებოდა. ბეზმიალემს მაჰმუდ II-სგან 1823 წლის 25 აპრილს შეეძინა ვაჟიშვილი, მომავალი ხელმწიფე აბდულმეჯიდი.
1839 წელს მაჰმუდ II გარდაიცვალა და ტახტზე აბდულმეჯიდი ავიდა, ბეზმიალემმა კი ვალიდე სულთანის ტიტული მიიღო. აბდულმეჯიდი ტახტზე ასვლისას 16 წლის ყმაწვილი იყო. სახელმწიფო საქმეებზე ვალიდე სულთანმა დიდი გავლენა მოიპოვა. როგორც ხელმწიფის დედა, შვილის სახელმწიფოს შიგნით ხშირი მოგზაურობების დროს, დედაქალაქში უმაღლესი ხელისუფლებას წარმაოდგენდა. ბეზმიალემ ვალიდე სულთნის გავლენა სახელმწიფო საქმეებზე მისი შვილის მმართველობის მთელი პერიოდის განმავლობაში იგრძნობოდა. ბეზმიალემ ვალიდე სულთანი 1853 წლის 3 მაისს ბეშიკთაშის სასახლეში გარდაიცვალა. ხელმწიფემ, მძიმედ განიცადა დედის გარდაცვალება და დიდი სამგლოვიარო ცერემონიალის გამართვა ბრძანა. ვალიდე სულთანი მეუღლის, მაჰმუდ II-ის თურბეში დაკრძალეს
საინტერესო მოგონებას გადმოგვცემს ბეზმიალემ ვალიდე სულთანთან შეხვედრის შესახებ აბდულმეჯიდის პირადი ექიმი შპიცერი; „ჩირაღანის სასახლეში შესვლისას, მსახურმა ჰარემ აღამ დარბაზის სიღრმეში სავარძელზე დაბრძანებულ, ჩადრით თავდაბურულ ქალბატონთან მიმიყვანა. ეს ვალიდე სულთანი იყო. მოკრძალებით მოვახსენე, რომ მისი ვაჟიშვილის დავალებით, რამოდენიმე შეკითხვის დასმა მსურდა ვალიდე სულთნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ჩემს შეკითხვებს ბეზმიალემ სულთანი მშვიდად უსმენდა და აუღელვებლად მპასუხობდა. ნახევრად გამჭვირვალე ჩადრის ქვეშ წითელ ღაწვებს ვამჩნევდი. მაშინ 36 წლის თუ იქნებოდა. ამ ქართველი ქალის თეთრი და ნატიფი თითების სილამაზე უცილობლად მიიპყრობდა მნახველის ყურადღებას. მოწყალე ხმით დამემშვიდობა და ერთი ქისა ოქრო მსახურს მიაწოდა ჩემთვის გადმოსაცემად“.
ბეზმიალემ ვალიდე სულთანმა უბრალო ხალხის დიდი სიყვარული დაიმ-სახურა თავისი ქველმოქმედებით. ხელმწიფის დედა დადიოდა სტამბოლის უბნებში და თავისი ხელიდან ურიგებდა უპოვართ შემწეობასა და საკვებს, მზითევს აძლევდა და აქორწინებდა ღარიბ ქალიშვილებს, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, მძიმე ვალებში ჩავარდნილებისათვის ვალი გადაუხდია, პატიმრები შეუწყალებია და მათთვის ახალი ცხოვრების დასაწყებად სახსარი გაუჩენია. მის სახელთან არის დაკავშირებული სტამბოლში და საუდის არაბეთში, მუსლიმთა წმინდა ქალაქ მექაში აგებული საავადმყოფოები; ვალიდეს სასწავლებელი სტამბოლში, სადაც მისი განკარგულებით სტამბაც გაიხსნა; სტამბოლის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, დოლმაბაჰჩეს ბრწყინვალე მეჩეთი, რომლის მშენებლობა მისმა შვილმა აბდულმეჯიდმა გაასრულა დედის გარდაცვალების შემდეგ და სხვა მრავალი სასწავლებელი და საქველმოქმედო ნაგებობა.

შევქეფზა ვალიდე სულთანი: დაიბადა ფოთში 1820 წელს. ბეზმიალემის ვაჟიშვილის, ხელმწიფე აბდულმეჯიდის მეუღლე. 1840 წელს შეეძინა ვაჟიშვილი მურადი, რომელიც ოსმალეთის ტახტზე ავიდა 1876 წელს მურად IV სახელით. მისი მმართველობა მხოლოდ სამ თვეს გაგრძელდა და გადაყენებულ იქნა სულიერი ავადმყოფობის ბრალდებით. ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ მურად IV შინაპატიმრობაში რჩებოდა.Mმურად IV ოსმალეთში ევროპული რეფორმების გატარების მომხრედ იყო ცნობილი და მხარდამჭერებმა არაერთხელ მოისურვეს კვლავ მისი ტახტზე აყვანა, თუმცა უშედეგოდ.
შევქეფზა ვალიდე სულთანი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში, არასოდეს შერიგებია შვილის ტახტიდან ჩამოშორებას და მონაწილეობდა მურად IV ხელისუფლებაში დაბრუნებისათვის მოწყობილ შეთქმულებებში.
შევქეფზა ვალიდე სულთანი გარდაიცვალა 1889 წელს სტამბოლში, ჩირაღანის სასახლეში, დაკრძალეს იენი ჯამის თურბეში.

შადიე თავდგირიძე: ოსმალეთის მმართველი დინასტიის მემკვიდრის ქართველი მეუღლე, ქობულეთელი ბაჰრი ფაშა თავდგირიძის ქალიშვილი შადიე თავდგირიძე, 1919 წელს ცოლად გაჰყვა აბდულმეჯიდის შვილიშვილს, შეჰზადე იბრაჰიმ თევფიკ ეფენდის. წყვილს ორი ვაჟიშვილი ეყოლა; ბურჰანეთთინ ჯემი და ოსმან ბეიაზიდი. ოსმალეთის იმპერიის დანგრევისა და თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ შადიე მცირეწლოვან შვილებთან ერთად 1924 წელს საფრანგეთში გადავიდა და შემდეგ აშშ-ში დამკვიდრდა. შადიე გარდაიცვალა 1986 წ.
შადიეს უფროსი ვაჟიშვილი ბურჰანეთთინ ჯემი, მეორე მსოფლიო ომში შეერთებული შტატების არმიის რიგებში იბრძოდა. მან იმოგზაურა საქართველოში და მოინახულა პაპისეული, თავდგირიძეთა მამული ქობულეთში. 1951 წელს ბურჰანეთთინ ჯემი დაქორწინდა ქართველი თავადების – გურამიშვილების შთამომავალ ირინა სტაროსსელსკაიაზე. (ირინა იყო დიმიტრი სტაროსელსკისა და ილია ჭავჭავაძის მეუღლის ოლღა გურამიშვილის დის, ეკატერინეს შვილიშვილი).
ბურჰანეთთინ ჯემი გარდაიცვალა 2008 წელს ნიუ-იორკში. დარჩა ვაჟიშვილი შეჰზადე სელიმი (დაბადებული 1955 წელს) და ქალიშვილი ნილუფერ სულთანი.ოსმალური დინასტიის მეთაურის ტიტულს კი ამჟამად ატარებს დინასტიის უხუცესი, შადიე თავდგირიძის უმცროსი ვაჟიშვილი, 1924 წელს დაბადებული ოსმან ბეიაზიდ ოსმანოღლუ.
ოსმალეთის ისტორიაში ცნობილია ოცამდე წარმოშობით ქართველი ქალი, რომლებიც ხელმწიფეთა და ოსმალური დინასტიის წევრების ცოლები იყვნენ, მაგრამ ვალიდე სულთნების მდგომარეობამდე არ მიუღწევიათ.

ბიბლიოგრაფია:

  1. Çağatay Uluçay. Padişahların kadınları ve kızları. Ankara 1992.
  2. Enver Ziya Karal. Osmanli tarihi. C. V, VII. Ankara 1995.
  3. Halil Inalcik, Donald Quataert. An Economic and Social History of the Ottoman Empire. Vol. 2. 1600-1914. Cambridge University press1994.
  4. M.Hudai Şentürk. Bezmi Alem Valide Sultan’ın Hayatı ve Eserleri. İstanbul. 1998.
  5. Ibrahım Pazan. Padişah Anneleri. İstanbul 2007.
    6.İsmet Parmaksizoğlu. Mihrişah Valide Sultan.Türk Ansiklopedisi.C. XXIV. Ankara. 1976.
  6. Ismail Hami Danişmend. İzahlı Osmanlı Tarihi Kronolojisi. C.4. İstanbul 1950.
  7. Izzetın Barış. Osmanlı Padışahların yaşamlarından Kesitler. Ankara. 2002.
  8. Kemal Senyucel. Hanedan’ın Sürgün Öykusu. İstanbul 2009.
  9. Necdet Sakaoğlu. Mihrişah Valide Sultan. Yapıtlarıyla ve Yaşamlarıyla Osmanlılar Ansiklopedisi. C. 2. İstanbul 1996.
  10. Necati Elgin. Üçüncü Selim. Konya 1959.
  11. Necdet Sakaoğlu. Nakşidil Valide Sultan. Dünden Bugüne İstanbul Ansiklopedisi. C. 6. Istanbul 1994.
  12. Pazan İbrahim. Padişah anneleri. İstanbul 2007.
  13. Reşat Ekrem Koçu. Osmanlı Padişahları. İstanbul 1981.
  14. Sultan Abdulmecit Han’ın Sarayında. Doktor Spitzer’in Hatıratı. Çev. Ahmet Refik. Tarihi Osmani Encümeni Mecmuası. Say 34. İstanbul 1914.
  15. T. Yılmaz Öztuna. Devletler ve Hanedanlar. C. 2. Ankara 1989.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button