ესელიტერატურა

ვეფხისტყაოსანი – თინათინის დახასიათება

– „ „ვეფხისტყაოსანში“ ორი ამბავია გადმოცემული: არაბეთის მეფისა და ინდოეთის მეფის. პოემა სწორედ არაბეთის მეფის, როსტევანისა და მისი მზის მსგავსი ასულის, თინათინის ამბით იწყება, კიდევ მეტი, ჩვენ თინათინის გამეფების გრანდიოზული ცერემონიის მაყურებელნიც ვხდებით. „თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა“ – ასეთი მზიური მეტაფორით შემოჰყავს რუსთაველს მშვენიერი პერსონაჟი, რომლის სრულყოფილებამ, გონიერებამ, სახელმწიფოს მართვისათვის მზადყოფნამ ათქმევინა ვაზირებს: „თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია; არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია; შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია. ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია.“ თინათინი იმთავითვე იპყრობს ჩვენს ყურადღებას გაწონასწორებული, დინჯი, მშვიდი ბუნებით. ის მამის დარიგებას ბრძნულად ისმენდა: „ქალი ბრძნად უჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზე-მხედველითა.“ ის თავმდაბალიცაა: „მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა, ამად ტირს, ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა.“ დარწმუნებულნი ვართ, რომ არაბეთის მეფის ასული ღირსეულად გააგრძელებს სახელოვანი მამის გზას, იქნება სწორედ ისეთი ხელმწიფე, როგორადაც ის როსტევანმა გაწვრთნა: „ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი.“ მან ხომ მაშინვე ზედმიწევნით გაითვალისწინა მამის დარიგება და უხვად გასცა „სივაჟისა მოგებული“ ანუ უფლისწულობისას დაგროვებული ქონება: „მოართვეს, გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი.“ თინათინის ბრძნულ რჩევებს მისი მამაც კი ითვალისწინებს. გავიხსენოთ, უცხო მოყმის ვინაობის ვერგაგების შემდეგ დამწუხრებულ როსტევანს სწორედ ქალიშვილი ურჩევს: „კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს.“ თინათინი ასეთივე გონიერებას იჩენს, როცა ავთანდილს უცხო მოყმის საძებნელად გზავნის. ეს ეპიზოდი არაბეთის მეფის ასულის ხასიათის გასაგებად მრავალმხრივაა საყურადღებო. ჯერ ერთი, აქ ვხედავთ კეკლუც ქალს, ვისაც მხნე სპასპეტის მოხიბვლა გადაუწყვეტია. ვფიქრობთ, ამაზე მიგვანიშნებს მისი ჩაცმულობა: „გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი, ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი, ჰშვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი, მას თეთრსა ყელსა ეკიდნეს გრძლად თმანი არ-უხშირონი.“ მეორე, ის თავად უმხელს სიყვარულს ავთანდილს, ეფიცება, რომ მის გარდა არავის გაჰყვება ცოლად და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევს რთულ დავალებას: მოძებნოს უცხო მოყმე, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ვერ იპოვეს როსტევანის მიერ ქვეყნის ყველა მხარეს გაგზავნილმა მსახურებმა. თინათინს კონკრეტული არგუმენტებიც მოჰყავს იმის დასასაბუთებლად, თუ რატომ უნდა წავიდეს მაინც და მაინც ავთანდილი ამ მოყმის საძებნელად. პირველი, ის არაბეთის მეფის ყმაა და პატრონის ბრძანება უნდა შეასრულოს, მეორე, მისნაირი ვაჟკაცი რაინდი სახელმწიფოში სხვა არ ჰყავთ და მესამე, ის თინათინის მიჯნურია და საგმირო საქმით ერთგულება და სიყვარული უნდა დაუმტკიცოს სატრფოს. თინათინი ერთგული მიჯნურიცაა და კარგი მეგობარიც. როცა ავთანდილმა გაუმხილა, რომ ტარიელის დასახმარებლად აპირებდა წასვლას, მან განზრახვა მოუწონა და უთხრა: „შენ არ-გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა ფიცისა, ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა.“ თინათინის გონიერების მაჩვენებელია ისიც, რომ მან ღირსეული რაინდი შეიყვარა ავთანდილის სახით, მოყმე, რომელმაც „სამეფო დააშვენა.“ ის, მართლაც, ყოველმხრივ მშვენიერი ქალია, ღირსეული მემკვიდრე როსტევან მეფისა.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button