ქართული გვარები

ვისი გორისა ხარ? ბოლქვაძეთა გვარი

ბოლქვი – “რომ ყვავილს და ბალახს ძირი ჰქონდეს”. აქედან ბოლქვა – მეტსახელი და საკუთარი სახელია კაცისა. რომელსამე ბოლქვას შვილთ ბოლქვაძეობა გაუგვარდათ ოდესღაც.

პირველითგანვე გურია-აჭარის მხარეს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ბოლქვაძეთა.

ქართულ საისტორიო საბუთებში ბოლქვაძენი XVII საუკუნიდან ჩანან, ვიეთნი – გლეხნი და ვიეთნი – აზნაურნი.

1601-1627 წლების გურიის მთავრის შეწირულობის წიგნით, ჩეხედენას ტაძრის სამსახური მოუდიოდათ აზნაურ ბოლქვაძეთ.

1761 წლის მამია გურიელის წყალობის წიგნით, გადასახადებისგან გათავისუფლებულან ჩეხედენელნი აზნაურნი ბოლქვაძენი, ვითარცა საჯვარისმამო კაცნი და ქრისტეს საფლავის ყმანი.

აზნაურებად ჩანან ბოლქვაძენი ქვემო გურიაშიც, ქობულეთის თემში.

საქართველოში რუსთა ბატონობის ჟამს ბოლქვაძენი გურიის აჯანყებაში აქტიურობდნენ.

1819-1820 წლების აჯანყებაში იოთამ ბოლქვაძემ პირადად მოკლა გურიის დასაწყნარებლად ჩასული იმერეთის მმართველი პოლკოვნიკი პუზირევსკი.

1841 წლის აჯანყებაში გურულებმა აბესა ბოლქვაძის მეთაურობით სასტიკად დაამარცხეს რუსთა ჯარი პოლკოვნიკ ბრუსილოვისა.

ღმრეთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ბოლქვაძენი გლეხნი – კომლზე კაცად და აზნაურნი – ქუდზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქარში მთავარ გურიელთა დროშის ქვეშ.

ამჟამად ბოლქვაძენი ცხოვრობენ: გურია-აჭარას, ოდიშს, ვაკე იმერეთს, სამცხე-ჯავახეთს, ქვემო და შიდა ქართლს, ქიზიყს და შირაქს. განსაკუთრებით მრავლად არიან: ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ქედის, ხულოს, ადიგენის, ვანისა და სამტრედიის მხარეებში, ეგრეთვე საზღვარსმიღმა მესხეთში.

საქართველოში ბოლქვაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი თერთმეტი ათასს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ბოლქვაძეთა!

Source
http://karibche.ambebi.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button