ქართული გვარები

პაპაშვილთა გვარი

“პაპაშვილი” – ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მისი შემადგენელი კომპონენტებია: ფუძე – პაპა და სუფიქსი – შვილი. პაპაშვილთა გვარსახელის ფუძეში ფიქსირებულია წინაპრის საკუთარი სახელი, ეპონიმი – პაპა.

KARIBCHE

პაპი, პაპა – მამაკაცის ქართული, არაქრისტიანული საკუთარი სახელია, ხოლო პაპია, პაპიტა, პაპანა, პაპუკი, პაპკია, პაპილა, პაპუნა და სხვა მისი კნინობით-მოფერებითი ფორმებია.

ქართულ ანთროპონიმიკაში “პაპ” ფუძის დერივატული გვარსახელებია: პაპავა, პაპალაშვილი, პაპანაშვილი, პაპასკირი, პაპასკუა, პაპიაშვილი, პაპისაშვილი, პაპიტაშვილი, პაპიძე, პაპუკიშვილი, პაპკიაური, პაპოშვილი, პაპუაშვილი, პაპუნაშვილი, პაპაჩაშვილი, პაპაშვილი და სხვა. ლაპარაკია გვარსახელთა ფუძეების მსგავსებაზე და არა გვარმოდენილობათა შორის სისხლით ნათესაობაზე.

სისხლით ნათესაობის შესახებ საქართველოს სხვადასხვა მხარეში მცხოვრებ პაპაშვილთა შორისაც ვერაფერს ვიტყვით.

პაპი – საკმაოდ გავრცელებული სახელი იყო ძველ საქართველოში. დღეისათვის პაპაშვილები იმდენი არიან და იმდენგან ცხოვრობენ, რომ დაუჯერებელია, ყველა მათგანი ერთი წინაპრის, ერთი “პაპ”-ის შთამომავალი იყოს. სავსებით შესაძლებელია, პაპაშვილთა გვარსახელი რამდენიმე სხვადასხვა წარმოშობის გვარმოდენილობას აერთიანებდეს.

პაპაშვილთა გვარის განსახლებისა და თავმოყრის არეალების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათი გვარმოდენილობის უმრავლესობა ქართლური წარმომავლობის უნდა იყოს. ამასვე ადასტურებს წერილობითი მასალაც. ჩვენს ხელთ არსებული ყველა საბუთი, რომლებშიც პაპაშვილის გვარი იხსენიება, ქართლის სამეფოს ისტორიულ საბუთებს ეკუთვნის.

სოციალური წარმომავლობის მიხედვით, პაპაშვილები ყმა გლეხთა კატეგორიას ეკუთვნოდნენ. აზნაურთა არც ერთ სიაში ეს გვარი არ იხსენიება.

ჩამოვთვლით ჩვენს ხელთ არსებულ ისტორიულ საბუთებს, რომლებიც ამა თუ იმ ასპექტით პაპაშვილთა გვარს შეეხება:

1633-1658 წლები. სოფელ ნახშირგორში თავად თამაზ ბარათაშვილის წილში ნარგებ ყმათა სიაში იხსენიება პაპაშვილი გოგია. სოფელი ნახშირგორი თბილისის მახლობლად, მდინარე ვერას ხეობაში მდებარეობს.

1676 წელი. სოფელ ჯალდამში მდივანბეგ ვახტანგ ბარათაშვილის ყმათა შორის წერიან პაპაშვილები გრიგოლა, ვართანა და თამაზა თავიანთი მამულებით. სოფელი ჯალდამი ქვემო ქართლში, საბარათიანოში მდებარეობდა.

1678 წელი. სოფელ დიღომში გლეხმა გოგია ზანდარაშვილმა გლეხ დემეტრე პაპაშვილსა და მის შვილებს 2 დღის სახნავი მიწა მიჰყიდა, კოლოტაურის მიჯნამდე.

XVII საუკუნის უთარიღო, ედიშერ და პაპუნა ციციშვილების გაყრის წიგნში გლეხი პაპაშვილი იხსენიება სოფელ მძოვრეთში თავად პაპუნა ციციშვილის წილში ნარგებ ყმათა შორის. სოფელი მძოვრეთი შიდა ქართლის გაღმა მხარეშია, ზემო ციციანთა მამულებში.

1700-1719 წლების ნუსხაში გორის მხარის სოფელ რეხაში წერია თავად თუმანიშვილთა ყმა გლეხი პაპაშვილი ზურაბა.

1721 წელი. სოლოღაშვილ-რატიშვილთა ვალისა და გირაოს წიგნის ერთ მინაწერში თავად სოლოღაშვილის ყმა პაპაშვილები იხსენიებიან ქვემო ქართლის სოფელ ასურეთში. ასურეთის გარდა, ქვემო ქართლში პაპაშვილები ჩანან ენაგეთში, ახალშენში, მუხათში, ტაბახმელაში, კოდაში და სხვ. (კოდელი პაპაშვილები თავად ორბელიანთა ყმები იყვნენ).

1722-1740 წლების მცხეთის საკათალიკოსო ყმათა ნუსხაში წერია: “არის ერკნეთს გლეხი… პაპაშვილი გელა კომლი ა, თავი ბ, ფურკამეჩი ბ, პაპაშვილი თამაზა კომლი ა, თავი ბ”. ესენი, როგორც საბუთიდან ჩანს, საეკლესიო გლეხები ყოფილან. ზემო ქართლში უცხოვრიათ თავად აბაშიძეთა ყმა გლეხ პაპაშვილებსაც.

უფრო გვიანდელ საბუთებში გვხვდება ყორნისის მხარის სოფელ წორბისის მამასახლისი მიხეილ ლევანის ძე პაპაშვილი.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის პაპაშვილთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე, მემარჯვენე და შუაგულ სადროშოებში.

ამჟამად პაპაშვილები ცხოვრობენ მცხეთის რაიონის სოფლებში (დაახლ. 60 კომლი), გარდაბნის მხარეში (40 კომლი), თეთრიწყაროს მხარეში (30 კომლი), უფრო მცირე რაოდენობით: ქარელის, გორის, ხაშურის, დუშეთის, თელავის, ყვარლის, ლაგოდეხისა და სხვა რაიონებში. თბილისში პაპაშვილთა დაახლოებით 170 კომლია.

პაპაშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა 2100 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი პაპაშვილთა!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button