ქართული გვარები

ჭონიშვილთა გვარი

“ჭონიშვილი” – ხელობა-საქმიანობასთან დაკავშირებული გვარსახელია. “ჭონი” – ქუდებისა და ტყავ-ბეწვეულის მკერავია. თუმცა სიტყვა “ჭონი” ჩასაცმელსაც ნიშნავდა. სააღდგომოდ ჭონაზე დამვლელსაც “ჭონი” ერქვა. ასე რომ, ჭონი, ჭონა შეიძლება მეტსახელადაც არსებობდა და “ჭონიშვილი” ეპონიმური გვარსახელი იყოს.

ჭონიშვილთა ბუდე-პირველსაცხოვრისი ჯავახეთში სოფელი ხიზაბავრა ჩანს. სოციალური მდგომარეობით ჭონიშვილები გლეხთა კატეგორიას ეკუთვნოდნენ. ქართულ საისტორიო საბუთებში ჭონიშვილთა გვარი XVII საუკუნიდან იხსენიება ქვემო და შიდა ქართლში. ჭონიშვილთა ქვემო ქართლის შტომ დღემდე ვერ მოაღწია. გამრავლდა ჭონიშვილთა შიდა ქართლის შტო. ეს ორივე შტო დასაბამს ჯავახეთიდან იღებს.

1665 წლის ერთ ნასყიდობის წიგნში მოწმეთა შორის იხსენიება ბოლნისელი ელიხანა ჭონიშვილი: “ნებითა და შეწევნითა ღვთისაითა, ესე უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავებელი მტკიცე დ შეუცვალებელი ნასყიდობის წიგნი და სიგელი მოგეცით ჩვენ, შიოშბეგის შვილმან ყარაბუდან და ძმამან ჩუენმან იესემ, შვილმან ჩემმან შიოშ და ასლამაზ თქუენ, ბარათაშვილს დმანელს ქრისტეფორეს, ძმასა თქუენსა სეხნიასა და ბეჟანს, შვილთა თქვენთა პაპუასა და ავთანდილსა. ასრე და ამა პირსა ზედა, რომე შუა ბოლნისის ძეგელაშვილის შემაზანასა და ბადურასაგან მოსყიდული ვენახი გვქონდა, იმასთან სამი კუალი ვენახი ნავროზაშვილის დავითასაგან ვიყიდეთ და ეს ორივ თქუენ მოგყიდეთ ყოვლის კაცისგან მოუდევარი და უცილებელი. ავიღეთ თქუენგან ფასი სრული, რათაც ჩუენი გული შეგჯერებოდათ. აღარა დარჩა რა ჩუენსა და თქუენსა შუა სასარჩლო და სალაპარაკო და თუ ვისმე პასუხი ჰქონდეს, პირისა და პასუხის გამცემი ჩვენ ვიყუნეთ. ესე ასრე გაგითავდეს და არა მოგეშალოს არცა ჩვენგან და არცა სხვის კაცისაგან. გქონდესთ და გიბედნიეროს ღმერთმან. არიან ამისნი მოწამენი და დამხდურნი: ბოლნისის ნაცვალი დათუნა, მამასახლისი ფინეზა, ზეგელაშვილი ვერმიშა, მისი ძმა ნაზარა, მირაქაშვილი მირაქა, ჩიგინაშვილი მირიმანა, ჯავარაშვილი ბახია, ყულიაშვილი საქია, ჭონასშვილი ელუხანა, ჩვენი ყმა გურგენიძე ბადრია, ქიტიაშვილი დათუნა, იმისი შვილი ხუცესი და მე ბატონის კათალიკოზის სახლთხუცის შვილს რევაზს დამიწერია და მოწამეცა ვარ. დაიწერა წიგნი ესე ქკ-სა ტნგ”. ამჟამად საბუთი ინახება ხელნაწერთა ინსტიტუტში.

ჭონიშვილთა გვარი იხსენიება 1692 წლის 10 მაისს შემაზაშვილების მიერ ყაფლანიშვილ-ორბელიანებისადმი მიცემულ ნასყიდობის წიგნშიც. შემაზაშვილებმა თავიანთი კუთვნილი ვენახი ყაფლანიშვილებს შუა ბოლნისში მიჰყიდეს, მოწმეებადაც შუა და ქვემო ბოლნისელები დაისწრეს. მოწმეთა შორის დასახელებული მამუკა ჭონაშვილიც ბოლნისელი ჩანს და ზემოთ ნახსენები ბოლნისელი ელუხანა ჭონაშვილის ოჯახის წევრი თუ არა, მისი ნათესავი მაინც იქნებოდა.

XVII საუკუნის მიწურულსა და XVIII საუკუნის დამდეგს შიდა ქართლში უცხოვრია და, როგორც ჩანს, საკმაოდ შეძლებული კაცი ყოფილა ვინმე ამირან ჭონიშვილი. მას, ერთი ნასყიდობის წიგნის მიხედვით, ბერუკა, სუხუა და ასლამაზა ამპეტაშვილებისგან მამული უყიდია სადღაც “მახარაულის ბოლოს”, სახელად “სასთულა” . ამპეტაშვილების გვარი დღეს საქართველოში აღარ არსებობს, სამაგიეროდ, საბუთში ფიქსირებული ტოპონიმის “მახარაულის” მიხედვით შეგვიძლია გარკვეული დასკვნა გამოვიტანოთ. “მახარაული მამული” ნახსენებია 1467 წლის წყალობის სიგელში. ეს მამული ქართლის მეფეს კონსტანტინეს მესხეთიდან ქართლში გადმოსული ფანასკერტის ერისთავისთვის ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილისთვის უბოძებია სხვა ყმა-მამულთან ერთად. თავად ციციშვილებს მამულები შიდა ქართლში, ძირითადად ქართლის გაღმამხარში ჰქონდათ. თუ ეს ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილისადმი ბოძებული მამული “მახარაული” ის “მახარაული” მამულია, რომლის ბოლოზეც შემდეგში ჭონიშვილისგან ნაყიდი მამული “სასთულა” მდებარეობდა, მაშინ გამოდის, რომ XVII-XVIII საუკუნეთა მიჯნაზე ამირან ჭონიშვილს შიდა ქართლში მდებარე მამული უყიდია.

ამავე პერიოდის მეორე ნასყიდობის წიგნის მიხედვით, ამირან ჭონიშვილი მამულს ყიდულობს ვინმე აზარია ხეჩიკაშვილისგან. XVII-XIX საუკუნეების საისტორიო საბუთებში ხეჩიკაშვილების გვარი რამდენჯერმე იხსენიება შიდა ქართლის სოფლებში: ატენში, ხელთუბანში, დოესში… ხეჩიკაშვილები დღესაც შიდა ქართლში, ძირითადად, კასპის რაიონში ცხოვრობენ. შესაბამისად, ამირან ჭონიშვილის მიერ ნაყიდი ხეჩიკაშვილისეული მამული შიდა ქართლში იქნებოდა და თვითონაც ალბათ შიდაქართლელი იყო. უფრო ზუსტად, იგი ჭონიშვილთა ჯავახეთიდან შიდა ქართლში გადმოსული შტოს წარმომადგენელია.

რამდენადაც სოფელ დოესში თავის დროზე ციციშვილებსაც ჰქონდათ მამულები და ხეჩიკაშვილებიც ცხოვრობდნენ (ახლაც ცხოვრობენ), არ იქნება საფუძველს მოკლებული ვარაუდი იმის შესახებ, რომ ეს მამულების მყიდველი ამირან ჭონიშვილი დღევანდელი დოესელი ჭონიაშვილების (ძირად ჭონიშვილების) ერთ-ერთი თაობის წინაპრად მივიჩნიოთ.

XVII საუკუნის II ნახევრის საამილახვროს დავთარში იხსენიებიან ქალაქ გორში მცხოვრებნი ჭონი გრიგოლა და ჭონი დათუა. ვერაფერს ვიტყვით ამათ ჭონიშვილობაზე. შესაძლოა, გორში ჭონიშვილების ორი ოჯახისთავი გვარის ფუძის მიხედვით ჩაწერეს. მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ გორელი გრიგოლა და დათუა მართლა ჭონები იყვნენ. მით უმეტეს, რომ დავთარში მათი სახელების გასწვრივ არ არის მიწერილი არავითარი იარაღი (შუბი, თოფი, მშვილდი), რომლითაც ლაშქრად გასვლა მოეთხოვებოდათ საჭიროების შემთხვევაში. არ არის გამორიცხული, რომ ისინი ლაშქარში არ მონაწილეობდნენ როგორც ქალაქელი ხელოსნები. ჭონები ქალაქებში მრავლად იყვნენ. თბილისში, მაგალითად, არსებობდა ჭონების ამქარი, ჭონების რიგი “ჭონხანა” (ისევე როგორც ალაფხანა, ყასაბხანა, სარაჯხანა, ხარაზხანა, ზარაფხანა და სხვა). თბილისში არსებობდა მექუდეთა ბაზარიც “ჭონხანის ჩორსი”.

ამათგან განსხვავებით, ნამდვილად ჭონიშვილია იმავე საამილახვროს დავთარში მოხსენიებული გორის მხარის სოფელ რეხაში მცხოვრები გლეხი ბერი ჭონიშვილი. მისი ოჯახიდან ამილახვართა მემარჯვენე დროშის ქვეშ ორი მოლაშქრე გამოდიოდა.

ცოტა მოგვიანებით, 1700 წელს, საამილახვროს რეხაში ეშიკაღასბაშისა და გორის მოურავის, თავად ავთანდილ ამილახორის მეკოდისპურე ყმათა შორის იხსენიება გლეხი შიუკა ჭონისშვილი. ის ზემოხსენებული რეხელი გლეხის ბერი ჭონიშვილის ან სახლიშვილი, ანაც ახლო განაყარია. ამასაც ალბათ ამილახვრიანთ დროშის ქვეშ მოუწევდა ხმლის ქნევა ქართლის ლაშქარში.

ჩვენს ხელთ არის XVIII საუკუნის დასაწყისის ერთი ვრცელი სიგელი შიდაქართლელი აზნაურ გარსევანიშვილებისა, რომელშიც ბოლნისელი ჭონიშვილებიც (ჭონასშვილები) იხსენიებიან:

“…ჩვენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენებაი თქვენი და შევწირეთ ჩვენის კარის ოქონის ხატს და შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენის დიდის ნამსახურების სანუქფოდ შენ ჩვენს ერთგულს და თავდადებით ნამსახურს ყმას გარსევანიშვილს კარის ოქონის ხატის დეკანოზს იესეს და ძმასა შენსა, ჩვენთვის ნამსახურსა და გარჯილს გიორგის, შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენისათა და გიყავით წყალობა ჩვენს სახასოებში ბოლნის ჭონა შვილები ზალუა და არუთინა… ესენი მათი მამულით, წყლითა, წისქვილითა, მთითა, ბარითა, ველითა, ვენახითა, ნასყიდითა, უსყიდითა და ყოვლისა მისის სამართლიანის სამზღვრითა, დღეს რისაც მქონებელ იყვნენ, მით, თქვენთვის გვიბოძებია და ასრე გვითარხნებია, რომე არაფერი ჩვენი გამოსაღები და სათხოვარი არა ეთხოებოდეს და ყოველი ამათი გამოსაღები ოქონის ხატისათვის შეგვიწირავს…”

საინტერესოა, რომ სიგელში იხსენიებიან ჭონიშვილები (ჭონა შვილები), ბოლნისელი სამეფო გლეხები, “სახასოებში” მცხოვრებნი, რომლებიც სიგელის მიხედვით ვახტანგ VI-ს XVIII საუკუნის დასაწყისში საეკლესიო აზნაურ გარსევანიშვილისთვის უბოძებია, ხოლო თუ ეს სიგელი ნაყალბევია (როგორც ზოგიერთნი მიიჩნევენ), იმის თქმა მაინც შეიძლება, რომ აზნაურ გარსევანიშვილებს 1836 წელს გლეხი ჭანიშვილები თავიანთ ყმებად მიაჩნდათ ან სურდათ, ასე ყოფილიყო და ამის დამტკიცებას ცდილობდნენ.

შემდეგი საბუთი, რომელშიც ჭონიშვილი იხსენიება, 1719 წლით თარიღდება. საბუთი წარმოადგენს ვენახის ნასყიდობის წიგნს, რომელშიც მოწმეთა შორის დასახელებულია ვინმე ბერო ჭონიშვილი (ჭონიაშვილი):

“…არის ამისი მოწამე თავად ღმერთი, კაცთაგან – ბერიშვილი ბერუა, ჭოჭოშვილი ბერი, მამასახლისი ასლუა, ჭონიაშვილი ბერო, გოსტაბიშვილი გიორგი და თამაზა. მე ტლაშაძეს მღდელს იასეს დამიწერია და მოწამეცა ვარ…”

სხვათა შორის, საბუთის დამწერი, მღვდელი იასე ტლაშაძე გახლავთ XVIII საუკუნეში კარგად ცნობილი თხზულების “კათალიკოსბაქარიანის” ავტორი. ტლაშაძეები აზნაურები იყვნენ და მამულებს შიდა ქართლში, გორის მხარეში ფლობდნენ. დღესაც ტლაშაძეების დიდი უმრავლესობა გორის რაიონში ცხოვრობს.

საბუთში ჭონიაშვილი გორში მოსახლე გვარების გვერდით მოიხსენიება, ამიტომ ბერო ჭონიაშვილიც გორელად უნდა მივიჩნიოთ. თუ ეს ბერო ჭონიაშვილი 1719 წლისთვის ასაკით უფროსი კაცია, და სავარაუდოდ სწორედ ასეც უნდა იყოს (მოწმეებად უფრო ასაკოვან კაცებს, სოფლის თავკაცებს ისწრებდნენ), ვინ იცის, იქნებ იგივე, ჩვენთვის უკვე ცნობილი ბერი ჭონიშვილია, რომელიც საამილახვროს დავთარში შეგვხვდა მოლაშქრედ (მაშინ უფრო ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო). აკი ქართული სიგელ-გუჯარ-დავთარი ჭონიშვილს და ჭონიაშვილს არ განასხვავებს. ცნობათა სიმცირის გამო ჩვენ ამას ვერ ვადასტურებთ, მაგრამ ვერც უარვყოფთ.

შიდაქართლელი ჭონისშვილი იხსენიება 1782 წლის გიორგი და იულონ ბატონიშვილების განჩინებაშიც, რომელიც ნათლისმცემლის მონასტერსა და აზნაურ გოგიბედაშვილებს შორის სამამულო დავას ეხება.

განჩინებას თავში აწერია: “ჩვენ, სრულიად საქართველოისა მეფე მეორე ირაკლი, ვამტკიცებთ განაჩენსა ამას…”

განჩინების მიხედვით, ამ სადავო საქმის იასაულად თავადი იოვანე ციციშვილი ყოფილა, ხოლო წიგნების გასასიჯნად და მიჯნების გასარჩევად რამდენიმე კითხული კაცი მოუყვანიათ: კავთისხეველი კანიაშვილი და ქსოვრელი (ეს გვარები დღესაც კავთისხევში ცხოვრობენ), მეტეხელი გზირისშვილი (გზირიშვილებიც მეტეხში ცხოვრობენ) და დოესელი ბაიდაური და ჭონისშვილი (ბაიდაურები დოესში დღესაც მკვიდრობენ, ხოლო ჭონიშვილის ნაცვლად დოესში ჭონიაშვილების გვარსახელი გვხვდება).

ვფიქრობთ, საეჭვო არაფერი იქნება, თუ ვიტყვით, რომ XVIII საუკუნეში სოფელ დოესში მცხოვრები გლეხკაცი ადამ ჭონიშვილი დღევანდელი დოესელი ჭონიაშვილების ერთ-ერთი არცთუ შორეული თაობის წინაპარია. ეს განჩინება კიდევ ერთი საბუთია, რომელიც არგუმენტად გამოდგება ჭონიშვილ-ჭონიაშვილთა ერთობისათვის.

შემორჩენილია კიდევ ერთი საინტერესო საბუთი XVIII საუკუნისა, რომელშიც ქართლელ და იმერელ ჭონიშვილთა წინაპრები ჭონიაშვილებად არიან ჩაწერილნი და შიდა ქართლიდან ზემო იმერეთში ჭონიშვილთა გადასვლის სავარაუდო დროსა და მიზეზს გვატყობინებს.

1789 წლის 22 სექტემბერს შიდა ქართლის სოფელ ატოცის მკვიდრი საეკლესიო გლეხები არზით მიმართავენ მეფე ერეკლეს: “ღმერთმან ბედნიერის ხელმწიფის ჭირი მოსცეს საბრალო გლახა წმინდის გიორგის ყმას ატოცელებს.

მერმე ამას მოვახსენებთ ჩვენს მოწყალეს. რვა კობლი კაცნი დავრჩომილვართ. ამ რვა კობლს ოცის კობლისას გვაწერენ. ჩვენ ამისი მიცემა რით შევიძლოთ?! რაც ამ რვა კობლს შეგვეძლოს, ის გვიმსახურეთ, ღმერთი გაგიმარჯვებს, ამისი სამართალი გვიყავით.

ოთხი კობლი აიყარა და კახეთს გახვეწილან: პირიბნელაშვილი ჟალვისს არის, ჭონიაშვილი იმერეთს წავიდა, კიკლაშიძე ცხინვალს არის, ჭონიასშვილი ცხინვალს არის, აბულაძე დირბს არის. ესენი, ჩემო ხელმწიფევ, თქვენგან გათარხნებული არიან და არც ერთი არ გვიდგებიან”.

არზას თავში მეფე ერეკლეს ხელით აწერია: “ჩვენი ბრძანება არის, ვინც ამ ატოცელების სურსათის მოასილნი იყვნეთ, ამ არზით რვა კომლი მოუხსენებიათ, ამათ რვა კომლის კაცისა უნდა გამოართოთ, ოცდაოთხი კოდი იქნება. ეს უნდა გამოართოთ. სხვა რაც მეტი ეწეროთ, ის გვიპატიებია. ნუღარ გამოართმევთ.

მდივანო იოსებ, რომელიც ამათი კაცი ან იმერეთში გარდასულიყოს და ან კახეთს გარდასულიყოს, უნდა ჭეშმარიტებით გამოიძიო, დავთრიდამ უნდა მოუჭრა, რომ იმათი შენაწერი ამათ აღარ ეთხოოს. ამაზე ჩვენ თავი აღარ გვაწყინონ. მუჩალგაც უნდა გამოართოთ წერილით, რამთონიც კომლი აყროდეთ, ჰალბათ”.

ამ საბუთიდან ჩვენთვის საინტერესოა ის ფაქტი, რომ ატოციდან ჭონიშვილების ნაწილი იმერეთისკენ წასულა და ნაწილი – ცხინვალისკენ (სხვათა შორის, ცხინვალის მახლობელი სოფლის ერგნეთის ჭონიშვილებს დღესაც ახსოვთ გადმოცემა თავიანთი წინაპრების ატოციდან მოსვლის შესახებ). ირკვევა, რომ ატოცელი (და იქიდან იმერეთსა და ცხინვალში წასული) ჭონიშვილები საეკლესიო გლეხები ყოფილან. ესეც ირკვევა, რომ აქაურ ჭონიშვილებს მეფე ერეკლესაგან თარხნობა ჰბოძებიათ და მორიგე ჯარის საჭიროებისთვის გლეხობისთვის შეწერილი სურსათის გადასახადს არ იხდიდნენ. მიგვაჩნია, რომ ეს ფრიად მნიშვნელოვანი ცნობაა.

თარხნობა დამსახურებით იყო. დამსახურებად კიდევ მეფისა და ქვეყნის თავდადებით სამსახური ითვლებოდა. მკლავისა და ხმლის დრო იდგა. ომი არ გვაკლდა და არც მშვიდობაში გვილხინდა. გლეხკაცს გუთნის მიდევნა და ქვეყნის დაპურება ევალებოდა, მაგრამ თუ ხმალსაც მარჯვედ სადმე მოიქნევდა და თავს არ დაზოგავდა – მეფესთან არ დაეკარგებოდა. იმ საქართველოში სული ხორცზე მაღლა იდგა, სინდისი ქონებაზე მეტად მიაჩნდათ, ფიცის სწამდათ, ვაჟობას და ერთგულებას აფასებდნენ…

დღეს ყველა ჭონიშვილმა უნდა იცოდეს: XVIIIOსაუკუნეში მეფე ერეკლემ ატოცელ ჭონიშვილებს (ჭონიაშვილებს) თარხნობა უბოძა!

სოფელი ატოცი და ქართლის ზემო მხარე XVIII საუკუნის მიწურულს ახალციხის საფაშოდან ლეკთა მარბიელი რაზმების ხშირი თავდასხმების შედეგად ისე იყო გაჩანაგებული, რომ სოფლებში “მამალი აღარ ყიოდა”, “ცეცხლი აღარ ენთებოდა”. როგორც ერთ მაშინდელ საჩივარში წერია, გადარჩენილი მოსახლეობა სხვა მხარეებში იფანტებოდა. იმხანად ჭონიშვილებიც წასულან, მაგრამ XIX საუკუნის დასაწყისში, მას მერე, რაც ქვეყანა შედარებით დაწყნარდა, მოსახლეობამ ძველ ნაფუძრებზე დაბრუნება იწყო.

1818 წლის თბილისის გუნერნიის გორის მაზრის კამერალური აღწერის მიხედვით, ჭონიშვილები ისევ ატოცის მცხოვრებთა სიაში იხსენიებიან.

ამჟამად ქარელის რაიონის სოფელ ატოცში მცხოვრებ ჭონიშვილებს, იმ თარხან ჭონიაშვილთა შთამომავლებს, მეზობლები “ფრანგებს” უწოდებენ. საქართველოში ასე იყო მიღებული – ქართველ კათოლიკეებს ფრანგებს უწოდებდნენ (ისევე როგორც ქართველ გრიგორიანებს – სომხებს, ხოლო ქართველ მაჰმადიანებს – თათრებს). ატოცის ჭონიშვილებს კათოლიკობა ჯავახეთიდან გადმოჰყვათ.

კათოლიკეები ყოფილან სკრა-ახალხიზელი ჭონიაშვილებიც (გორის რ-ნი), ფრანგებს ეძახდნენ შიდა ქართლის სოფ. ყელქცეულიდან ზემო იმერეთის სოფელ წყალაფორეთში (ხარაგაულის რ-ნი) გადასახლებულ ჭონიშვილებსაც. თუმცა ამათ კათოლიკობა აღარ ახსოვთ და ეს შერქმეული “ფრანგობა” ვერაფრით აუხსნიათ.

XIXს.-ის I ნახევარში ქართლელ ჭონიშვილთა ერთი შტო შიგნით კახეთში გადასულა.

რაოდენობის მიხედვით, ჭონიშვილები საქართველოში საშუალოზე ოდნავ მეტი რიცხოვნების გვარია.

ამჟამად ჭონიშვილების გვარი დაახლოებით 60 კომლისგან შედგება. აქედან დაახლოებით 25 კომლი შიდა ქართლში (ძირითადად გორის რაიონში) არის თავმოყრილი. 15 კომლი გაფანტულია: ჯავახეთში, კახეთში, იმერეთში და გურია-აჭარაში. ქალაქ ქუთაისში – ჭონიშვილთა 5 კომლი, ხოლო თბილისში დაახლოებით 15 კომლი ცხოვრობს. ამას ემატება ჭონიშვილების ნაწილი, რომლებიც დღეს ჭონიაშვილებად იწერებიან. მათი რაოდენობა 30-იოდე კომლია. ამათგან 10 კომლი კასპის რაიონის სოფელ დოესში ცხოვრობს, 5 კომლი – კასპისა და გორის რაიონის სოფლებში. თბილისში ჭონიაშვილების 15 კომლია.

საქართველოში ჭონიშვილთა (ჭონიაშვილებთან ერთად) დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა 360 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ჭონიშვილთა!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ

Source
http://karibche.ambebi.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button