ქართული გვარები

ლაბაძეთა გვარი

ლაბა – ერთგვარი ბუჩქი, მთის მოცხარი იგივე.

ლაბა – ხარი რქებდაგრეხილი.

ლაბა – ქართული არაქრისტიანული საკუთარი სახელი კაცისა, ხოლო: ლაბია, ლაბო, ლაბაკა, ლაბახა, ლაბუჩი – იგივე სახელია კნინობით თქმული სხვადასხვარიგად.

გვარის სახელით “ლაბ”-ფუძისანი არიან: ლაბაურნი, ლაბაიძენი, ლაბახუანი, ლაბაშიანი, ლაბუჩიძენი და ლაბაძენი, გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

KARIBCHE

ძველთაგან ლიხთიმერეთს ბუდობდა ძველი და რიცხვმრავალი გვარი ლაბაძეთა.

სიძველის მიხედვით, ლაბაძეთა გვარი ერთ-ერთი იშვიათ გვართაგანია იმერესა და მთელ საქართველოში.

XI საუკუნის კაცხის ტაძრის წარწერაში იხსენიება ლაბაძეთა გვარის ერთი უძველესი წინაპართაგანი ლაბაძე სვიმონ.

1690 წლის ფალავანდიშვილთა და წერეთელთა ნასყიდობის წიგნში სხვა გლეხებთან ერთად იხსენიება სოფელ სარეკში მცხოვრები ლაბაძე დათუა.

ადრევე დაწყებულა ზემოიმერელ ლაბაძეთა გადმოსვლა შიდა ქართლში.

1662-1692 წლების ნასყიდობის საბუთების მიხედვით, ლაბაძენი მამუკა, გიორგი, ბეჟან და იასე მამულებს ყიდულობენ საამილახვროში.

1709-1744 წლების ზურაბ აბაშიძის მიერ ბერი წერეთლისადმი ბოძებულ წყალობის წიგნში იხსენებიან სააბაშიოს მცხოვრებნი, ძმანი ბერი და ივანე ლაბაძენი.

1889 წლის იმერეთის სოფელ სვერში მცხოვრებ ცუცქირიძეთა ნასყიდობის ხელწერილს ამოწმებს სოფელ მერევის მოსამართლე “სელსკი სუდია” ბესო ლაბაძე.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ლაბაძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში, აგრეთვე ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში.

ამჟამად ლაბაძენი ცხოვრობენ: იმერეთში, რაჭაში, გურიაში, აჭარაში, სამცხეში, ქართლსა და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან: ჭიათურის, საჩხერის, ზესტაფონის, ხაშურის, ოზურგეთის, ახალციხისა და ლაგოდეხის რაიონებში.

თბილისში სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსახლებულ ლაბაძეთა 400-მდე კომლი ცხოვრობს.

საქართველოში ლაბაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნი საერთო რიცხვი 4700-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ლაბაძეთა!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button