ქართული გვარები

სანიკიძეთა გვარი

სანი, სანიგი, სანიკი – ძველი კოლხური ტომი.

სანი – “მეორე” არაბთა ენაზე.

სანი – საკუთარი სახელი კაცისა, ხოლო: სანო, სანანო, სანალა, სანაგა და სანიკი – იგივე სახელია კნინობით თქმული სხვადასხვარიგად.

გვარის სახელით “სან”-ფუძისანი არიან: სანაშვილები, სანიშვილები, სანაძეები, სანაიები, სანოძეები, სანიკიანები და სანიკიძეები, გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

ძველთაგან ლიხთ იქით, გურიას ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი სანიკიძეთა.

გურიაში, სოფელ ზემო სურებში, სანიკიძეთ აზნაურობა მოუდიოდათ.

ქართულ საისტორიო საბუთებში სანიკიძეთა გვარი XVI საუკუნიდან ჩანს. ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება XVI-XVII საუკუნეებით დათარიღებული კონდაკი, რომლის გადამწერად იხსენიება მღვდელი სერაპიონ სანიკიძე.

1578 წლის ქუთაისის საყდრის გამოსავლის დავთარში იხსენიება იმერეთის სოფელ როკითში მცხოვრები გიორგი სანიკიძე.

XVII-XVIII საუკუნეებით დათარიღებული, შოშიტა რაჭის ერისთავის ბრძანებით გადაწერილი გულანის 357-ე გვერდზე შემორჩენილია ანდერძ-მინაწერი: “სრულ იქმნა წმიდაი ესე თვე ნახევარი ხელითა ჩემ ცოდვილისა სვიმონ მგალობელისა სანიგიძისათა. ავის წერისათვის წყევას ნუ თანამდებ მყოფთ, რომ ამის მეტი წერა არ ვიცოდი, ერთს ალაგს შემცდა, სხუას მწერალს ქაღალდი დავაკურევინე და ცოტა შეიბღალა, იმისთვის ნუ დამწყევ, ძმანო ჩემნო, და ვინცა შენდობაი ბრძანოთ, თქუენცა შეგინდოს ღმერთმან, ამინ”.

იგივე პიროვნება – მგალობელი სვიმონ სანიკიძე იხსენიება კაცხის მონასტრის გულანში.

XVIII საუკუნის კონდაკის ანდერძ-მინაწერში იხსენიებიან: ხოსიე სანიკიძე და მისი მეუღლე თეთურვა, ასია სანიკიძე და მისი მეუღლე მარიამი. იმავე კონდაკის სხვა მინაწერში იკითხება: “ღმერთო და წმინდა ბასილ, შეიწყალე მამუკა სანიკიძე”.

1822 წლის გურიის მდივანბეგთა განჩინებაში, რომელიც რამიშვილთა და შათირიშვილთა დავას შეეხება, იხსენიება “თათარში გადავარდნილი” სიკო სანიკიძე, რომელსაც რამიშვილის გოგო გაუტაცია.

1850 წლის იმერეთის თავადთა და აზნაურთა ოჯახების სიაში იხსენიება აზნაურ სანიკიძეთა ერთი ოჯახი.

ადგილს და ადგილს სახელად შემორჩა სანიკიძეთა გვარის სახელი: “სანიკიძე” – სახნავი ადგილი გურიის სოფელ ჩოლობარგში, “სანიკიძნები” – უბანი გურიის სოფელ გომმუხაყრუაში და სოფელ შველაურში, “ესაინგიე” – უბანი სამეგრელოს სოფელ ზემო ნოქალაქევში.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის სანიკიძეთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე და მემარცხენე სადროშოებში, აგრეთვე მთავარ გურიელთა და დადიანთა დროშების ქვეშ.

ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ სანიკიძეთა გვარისშვილნი, ცნობილი მეცნიერები: მედიცინის დარგში – შოთა სანიკიძე, ლიტერატურის ისტორიის დარგში – ქეთევან სანიკიძე, ხელოვნებათმცოდნე თამაზ სანიკიძე, ლიტერატურათმცოდნე თენგიზ სანიკიძე, მწერალი და ისტორიკოსი ლევან სანიკიძე, პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე…

ამჟამად სანიკიძეები ცხოვრობენ: გურიაში, იმერეთში, რაჭაში, სამეგრელოში, აჭარაში, კახეთში, იყვნენ აფხაზეთშიც. განსაკუთრებით მრავლად არიან: სამტრედიის, ვანის, ჩოხატაურის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, სენაკის რაიონებში. სანიკიძეები არიან მესხეთიდან გასახლებულ ქართველ მაჰმადიანთა შორისაც.

საქართველოში სანიკიძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რაოდენობა 3100 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი სანიკიძეთა!

Source
http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/qarthuli-gvarebi/3547-visi-gorisa-khar.html

Related Articles

One Comment

  1. სანიხები, ანუ სანიგები ნახსენებია კიდევ მე-2 საუკუნის დასაწყისში რომის იმპერატორის ადრიანეს მოციქულის, არიანე ფლავიუსის “მოგზაურობა შავი ზღვის სანაპიროზე” (შემისწორეთ თუ ვცდები), სოხუმის და სოჭის მიდამოებში იყო სათავადოები აფშილების, აბაზგების, მაკრონების, ჭანების, სანიგების და სხვა, რომლებიც იცავდნენ ჩრდილოეთიდან გუნებისა და ალანების შემოსევისგან

კომენტარის დამატება

Back to top button