ისტორიამეცნიერებარელიგია

BBC – ნოეს კიდობნის რეალური ისტორია

ისტორია ნოეზე, რომელმაც კიდობანი ააგო, რათა საკუთარი თავი და ოჯახი გადაერჩინა, ბავშვობაში ბევრ ადამიანს მოუსმენია. ეს გასაოცარი ისტორია მოთხრობილია თორასა და ყურანში. მაგრამ არის თუ არა ის რეალური ამბავი? დღესდღეობით არსებობს ტექნოლოგიები, რომლებიც საშუალებას იძლევა, შევხედოთ ამ თქმულებას მეცნიერების თვალით. რა არქეოლოგიური მონაცემები არსებობს მის შესახებ? მართლა დაიფარა თუ არა მთელი დედამიწა წყლით მასშტაბური წარღვნის დროს? როგორია რეალური ნოეს ისტორიული სურათი?

ნოეს ამბავს ძველ აღთქმაში, დაბადების წიგნში ვხვდებით. ეს მოხდა დაახლოებით 5000 წლის წინ ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე. ნოეს ოჯახი შედგებოდა მისი ცოლისგან, სამი ვაჟისგან – სემი, ქამი და იაფეტი, და მათი ცოლებისგან. ნოე აღწერილია კარგ პიროვნებად, ის იყო ერთადერთი სათნო ადამიანი იმ მსოფლიოში, რომელიც ძალადობასა და უზნეობას მოეცვა. ნოე ვაზის მომყვანი იყო. როგორც გათხრებით დასტურდება, ახლო აღმოსავლეთში ვაზის კულტურა ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ.-ით 3000 წელს ყვაოდა.

ბიბლია ასევე გვაწვდის ნოეს პიროვნების საინტერესო შტრიხს: წარღვნის შემდეგ ნოემ ვენახი გააშენა. მას ჰქონდა ერთი სისუსტე – პირველად რომ დააყენა ღვინო, ძალიან ბევრი დალია და დათვრა. იმ ღამეს ეს შიშველი და მთვრალი მამაკაცი ღონემიხდილი ეცემა მიწაზე. ქამმა დასცინა, შეშინებულმა სემმა და იაფეტმა კი მას ტანსაცმელი გადააფარეს. დილით ნოე შეცბუნებულია – პირველი ადამიანია, რომელსაც აწუხებს ნაბახუსევის მდგომარეობა. ის წყევლის თავის ვაჟს, რომელმაც შიშველი იხილა და დასცინა. ამ დროს ნოე იქცევა, როგორც არამდგრადი და რთული ადამიანი. თუმცა ეს ალბათ ყველა დიდ ადამიანს ახასიათებს.

სავარაუდოდ, ნოე საიმედო ადამიანი იყო, რადგან ღმერთმა დიდი მისია დააკისრა. ღმერთმა ნოე სიზმარში გააფრთხილა, რომ კაცობრიობის დასჯას აპირებდა მათი ცოდვების გამო. ეს სასჯელი იქნებოდა წარღვნა – წყალი დაფარავდა მთელ დედამიწას. ოჯახის გადასარჩენად ღმერთმა მას უბრძანა, ხისგან კიდობანი აეშენებინა, შიგნიდან და გარედან კი ფისი წაეცხო. კიდობანს უნდა ჰქონოდა სამი გემბანი, სახურავი და კარები. მაგრამ ინსტრუქციებიდან ყველაზე საოცარი კიდობნის ზომები იყო. ბიბლიაში ზომები მოცემულია წყრთით. წყრთა – ესაა მანძილის საზომი იდაყვიდან შუა თითის ბოლომდე. კიდობნის სიგრძე იყო 300 წყრთა, სიგანე – 50 წყრთა და სიმაღლე – 30 წყრთა. ამ ზომებით უტოლდება თანამედროვე სუპერტანკერებსა და ლაინერებს, მაგალითად “ტიტანიკს”. დაახლოებით 137 მეტრი სიგრძეში – კიდობანი იმ დროს საკმაოდ მასშტაბური ზომის იქნებოდა, ძველი სამყაროს ყველაზე დიდი გემი. ერთი კაცისთვის კი ეს დიდი მიღწევა იყო. როგორც ბიბლია ამბობს, ეს უზარმაზარი ხომალდი მხოლოდ ხით აიგო, მაგრამ ეს შეცდომაა.

უძველესი ხომალდების ექსპერტი, ტომ ვოსმერი ამბობს, რომ XIX საუკუნეშიც კი ვერ ააგებდნენ ადამიანები ასეთ კიდობანს მხოლოდ ხისგან. მათ ფოლადის ჩარჩოებიც დასჭირდებოდათ, რათა წყალზე ეტივტივა.

– პრობლემა იმაშია, რომ როცა ამხელა ხომალდი მხოლოდ ხის მასალითაა დამზადებული, მის შენარჩუნებას ვერ უზრუნველყოფდა. წყალში ის გამრუდებას დაიწყებდა, დაიშლებოდა და ჩაიძირებოდა.

ეს არ ამტკიცებს, რომ ნოეს არ აუშენებია კიდობანი, უბრალოდ, ზომით უფრო პატარა უნდა ყოფილიყო. შემდეგ ჩნდება ახალი პრობლემა: როგორ უნდა დატეულიყო ყველა ცხოველის ორი წარმომადგენელი მასში? ბოლო მონაცემებით, დედამიწაზე 30 მილიონამდე სახეობაა. ამდენი კიდობანში ნამდვილად ვერ დაეტეოდა. ამასთან საკითხავია, როგორ აგროვებდა მათ. დადიოდა და ეძებდა, თუ ცხოველები მიდიოდნენ მასთან? მას მხოლოდ 7 დღე ჰქონდა, რათა წყვილები შეეკრიბა – 30 მილიონი წყვილი 1 კვირაში. მათი კიდობანში შეყვანა ძალიან სწრაფად უნდა მომხდარიყო – წამში 50 წყვილის სიჩქარით. ხოლო თუ უფრო რეალისტურად შევხედავთ, ამისთვის 30 წელი მაინც დასჭირდებოდა. აქ ვდგებით არჩევანის წინაშე – მივაწეროთ ეს ამბავი მითს თუ ყველაფერი ღმერთის ჩარევით გავამართლოთ? თუმცა არის სხვა ახსნაც. ინსტრუქცია ცხოველებზე შეიძლება შეხებოდა მხოლოდ იმათ, რომლებიც ნოეს საბინადრო არეალში ცხოვრობდნენ.

დაბადებაში შემდეგ ვხვდებით ახალ ინსტრუქციას: ნოეს უნდა შეეყვანა წმინდა ცხოველების 7 წყვილი. ეს ისეთი ცხოველები იყვნენ, რომელთაც ღმერთს წირავდნენ მსხვერპლად. ძველი აღთქმის წიგნები – ლევიანნი და მეორე რჯული – აკონკრეტებენ მათ. წმინდა ცხოველები სულ 10 იყო, მათგან 7 იყო ცხვრის სხვადასხვა სახეობა, დანარჩენი კი ანტილოპა, თხა და ირემი. 10 სახეობის 7 წყვილი – ეს 140 ცხოველს უდრის. ამის შემდეგ ნოეს შეჰყავს უწმინდური ცხოველებისა და ფრინველების წყვილები. ისევ, ლევიანნი და მეორე რჯული გვაცნობენ დაახლოებით 30 ასეთ სახეობას. ესენი არიან ღორები, კურდღლები, გველები, ლოკოკინები და ა.შ. ეს დამატებით 60 ცხოველია. ბოლოს, ნოე იღებს მითითებას, რომ წმინდა ფრინველების 7 წყვილი შეიყვანოს – მტრედი, იხვი, მამალი და ა.შ. მათი დამატებით, ნოემ მიიღო 260 ცხოველი. 30 მილიონთან შედარებით ეს რიცხვი ბავშვური თამაშია. განსაკუთრებით თუ გამოვრიცხავთ სპილოს, კენგურუს, აქლემს და ა.შ.

უფრო პატარა კიდობანი და ნაკლები ცხოველი – ისტორია ასე უფრო დამაჯერებელი ჩანს. მაგრამ ისტორიის შემდეგი ნაწილიც არანაკლებ საკამათოა, შეიძლება ყველაზე მეტადაც. ნოე, ცხოველები და კიდობანი – ეს უმნიშვნელოა იმ წარღვნასთან შედარებით, რაც ცოტა ხანში უნდა დაწყებულიყო. ეს იყო ისტორიაში ყველაზე საშინელი და მასშტაბური სტიქიური მოვლენა. ბიბლიის მიხედვით, წვიმდა მანამ, სანამ მთელი დედამიწა არ დაიფარა უმაღლესი მწვერვალების ჩათვლით. ასეთ კატასტროფას თავისი არსებობის დამამტკიცებელი საბუთი უნდა დაეტოვებინა მთელ პლანეტაზე ერთგვაროვანი ნალექის სახით, რომელიც მიწის სიღრმესა და ოკეანეებში შეგვხვდებოდა.

მკვლევარების მიერ ძიება იმისა, მოხდა თუ არა წარღვნა და მართალია თუ არა ნოეს ამბავი, დაიწყო დაახლოებით 170 წლის წინ. ისინი კონტინენტების მასშტაბით იკვლევდნენ მიწის შრეებს, ზოგჯერ საშინელ ამინდშიც, მაგრამ მტკიცებულებები თითქმის ვერ იპოვეს. დიდ წარღვნას თავისი დაღი უნდა დაესვა დედამიწისთვის, ამასთან საკმაოდ თვალშისაცემი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ასეთი რამ კი არ მოიპოვება. უფრო მეტიც, გათხრები ამ თეორიის საპირისპიროზე მეტყველებს.

პირდაპირი მტკიცებულების არარსებობა ერთ-ერთია ამ ისტორიის პრობლემათაგან. მთელი დედამიწა რომ დაფარულიყო და ჰიმალაიც არ გამოჩენილიყო, ამისთვის სამჯერ მეტი მოცულობის წყალი იყო საჭირო, ვიდრე ახლა არის ოკეანეებში. ძნელი წარმოსადგენია, ამხელა მასა საიდან გაჩნდა. ბიბლია ამ მონაკვეთთან დაკავშირებით გარკვეულ დეტალებს გვაწვდის.

11. ნოეს ცხოვრების მეექვსასე წელს, მეორე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს, – ამ დღეს მოასკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცათა სარკმელები.
12. აწვიმდა ქვეყანას ორმოცი დღე და ორმოცი ღამე.

ძველი აღთქმა, დაბადება, თავი მეშვიდე

მაგრამ შეუჩერებელ რეჟიმშიც კი ეს საკმარისი არ იქნებოდა. ვიცით, რა მოცულობის წყალია დედამიწაზე, რამდენია ყინულის სახით, რამდენი – ატმოსფეროში. ყველა მათგანი რომ გავაერთიანოთ, რაც დედამიწის წარსულში ბევრჯერ მომხდარა, ყველა კონტინენტს მთლიანად ვერ დაფარავდა.

თუკი წვიმა არ მიაწვდიდა საკმარისი რაოდენობის წყალს, მაშინ რა შეიძლებოდა კიდევ ყოფილიყო? ბიბლია კიდევ ერთ შესაძლებლობას უშვებს – დაბადების წიგნში ვკითხულობთ, რომ დიდი უფსკრულის წყაროები მოასკდნენ. მაგრამ ამ რაოდენობის წყალიც არ იქნებოდა უფსკრულებში, მიწისქვეშა საცავებსა და გეიზერებში. ყველა მათგანი რომ ამოსულიყო დედამიწაზე და დაეფარა ზედაპირი, მაშინ მანამდე ამოფრქვევა უნდა დაეწყოთ, ამ დროს მიწა გახდებოდა ფხვიერი და მასზე სიარული შეუძლებელი იქნებოდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი წარღვნა ზებუნებრივი ძალის ჩარევამ გამოიწვია, ნოე, მისი ოჯახი და ცხოველები შემდგომში დიდ პრობლემას შეეჩეხებოდნენ – ამ რაოდენობის წყალი შეცვლიდა დედამიწის ატმოსფეროს. ის გაიჟღინთებოდა დიდი რაოდენობის წყლის ორთქლით. ასეთ პირობებში სუნთქვისას დაიხრჩობოდი, ხოლო ატმოსფერული წნევა ფილტვებს დახეთქავდა. გეიზერები კიდევ ერთ დიდ პრობლემას წარმოშობს: ისინი მომწამლავ, გოგირდით მდიდარ აირებს უშვებენ, რაც ყველა ცოცხალ ორგანიზმს გაანადგურებდა. წარღვნამდელ პერიოდშიც კი სუნთქვა შეუძლებელი იქნებოდა.

თუკი დედამიწაზე არაფერს შეეძლო წარღვნის გამოწვევა, რას ვიტყვით კოსმოსზე? თუნდაც კომეტა რომ ჩამოვარდნილიყო. ისინი ხშირად შეიცავენ გაყინული წყლის დიდ მარაგს. მაგრამ დედამიწა რომ დაეფარა წყლით, კომეტა უნდა ყოფილიყო 1600 კმ სიგანეში, დაახლოებით ბრაზილიის ზომის. ამ ზომის კომეტის ჩამოვარდნის შემთხვევაში კი იმდენი ხალხი დაიხოცებოდა, რომ წარღვნაზე აღარ იდარდებდნენ. მისი შეჯახების სიმძლავრე დედამიწასთან იქნებოდა 12 ტრილიონი მეგატონა ტროტილის აფეთქების ექვივალენტი. ეს იქნებოდა ისტორიაში ყველაზე მძლავრი აფეთქება. ტყეებს ხანძარი მოიცავდა, სიცოცხლე განადგურდებოდა. ატმოსფეროში ტემპერატურა აიწევდა 6700 გრადუსზე ცელსიუსით, რაც მზის ზედაპირზე არსებულ ტემპერატურაზე უფრო მაღალი მაჩვენებელია. არამარტო დედამიწაზე, კიდობანშიც აღარ იქნებოდა სიცოცხლე – ისინი უბრალოდ დანახშირდებოდნენ მანამ, სანამ წარღვნა დაიწყებოდა. დასრულდა ისტორია? ჯერ არა.

ბიბლიის მიხედვით, კიდობანი არარატის მთაზე გაჩერდა, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. ხმელეთი გამოჩნდა, ცხოველები გადმოვიდნენ და გამრავლება დაიწყეს. დარჩა თუ არა კიდობნისგან რაიმე? საუკუნეების მანძილზე ხე დალპებოდა და დაიშლებოდა. არარატის მიდამოებში უამრავი ექსპედიცია გამგზავრებულა, მაგრამ მათი იმედი, რომ კიდობნის ნარჩენებს იპოვიდნენ, იმედად დარჩა. 50-იანებში ერთმა ფრანგულმა ექსპედიციამ მიაკვლია ხის ნარჩენებს, რომლებსაც ძველი შეხედულება ჰქონდათ. ბევრმა იფიქრა, რომ ეს გასაღები იყო ნოეს ისტორიისკენ და მისი შემოწმება გადაწყვიტეს დასათარიღებლად. ხე არც ისე ძველი აღმოჩნდა – სულ რაღაც მერვე საუკუნის. ეს კი ნოეს ამბიდან 4000 წლით აშორებს. სავარაუდოდ ის ეკლესიის ასაშენებლად აიტანეს.

მალე არარატმა ისევ მიიპყრო ხალხის ყურადღება. 1949 წელს აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალებმა გადაფრენისას არარატის მწვერვალს ფოტო გადაუღეს. გავრცელდა ჭორები, რომ ფოტოზე კიდობნის ნარჩენები მოჩანდა. წლების მანძილზე CIA უარს ამბობდა სურათების გავრცელებაზე, მაგრამ საბოლოოდ 1995 წელს ფოტოები ფართო საზოგადოებაში გავიდა.


ერთი შეხედვით თითქოს განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ გადიდებისას ჩანს დიდი შავი მოხაზულობა, რომელიც ყინულიდან იმზირება. ის დაახლოებით 140 მეტრამდეა სიგრძეში – კიდობნის მსგავსად. ბევრი ადამიანისთვის ეს ნოეს ისტორიის მტკიცებულება იყო, მაგრამ გეოლოგები მაინც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი. ეს იყო ცუდი ხარისხის სურათი და ამ მონაკვეთის გარჩევა ძნელი გახლდათ. ზოგ ადგილას კიდობანს ან გემს ჰგავდა, ზოგან არა.

1999-2000 წლებში იმავე ადგილის უკეთესი სურათები გავრცელდა, თანამგზავრიდან გადაღებული. მათზე ის მონაკვეთიც გამოჩნდა, რაც კიდობანი ეგონათ.


კიდობანზე მონადირეებს იმედი გაუცრუვდათ – ეს ბუნების მიერ შექმნილი უბრალო მოხაზულობა აღმოჩნდა, რომელიც ზოგიერთი მხრიდან კიდობანს ჰგავდა. მნიშვნელოვანი ამ ადგილას არაფერი აღმოჩნდა. გეოლოგები თანხმდებიან იმაზე, რომ მყინვარებშიც კი გაყინულ მდგომარეობაში კიდობანი დიდხანს ვერ გაძლებდა. მყინვარებს ყველაფერი ქვემოთ ჩამოაქვთ და თუკი იქ ოდესმე კიდობანი იყო, მასაც ქვევით ჩაიტანდნენ.

ნოეს ისტორიის ყველაზე ძველი ჩანაწერები თარიღდება ქრისტეს შობამდე VI საუკუნით. ბიბლიის მკვლევარები თანხმდებიან, რომ ავტორები ბაბილონში, ანუ თანამედროვე ერაყში გადასახლებული ებრაელი მღვდლები იყვნენ. შეიძლება ერთხელ მათ გადაწყვიტეს, ეთქვათ ხალხისთვის, რა მოხდება, თუკი ღმერთს განარისხებენ და ისტორიაც ასე შეიქმნა. მაგრამ როგორც ამბობენ, ყველა ისტორიაში არის სიმართლის მარცვალი. შეიძლება ნოეს ამბავი იმის სახეშეცვლილი ვერსიაა, რაც ნამდვილად მოხდა.


160 წლის წინ არქეოლოგებმა ერაყში მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს. აღმოჩენა, რომელმაც ნოეს ისტორიის გადახედვა მოითხოვა. 1851 წელს ბრიტანელი არქეოლოგი სერ ჰენრი ლაიარდი ნინევიის ბიბლიოთეკის ნანგრევების აღმოჩენისას განსხვავებული ზომისა და ფორმის ასობით თიხის დაფასაც წააწყდა. ჰენრიმ ვერ შეძლო მათზე არსებული ბაბილონური წარწერების გაშიფვრა, ამიტომ ლონდონში გაგზავნა, ბრიტანეთის მუზეუმში.

მუზეუმის თანამშრომლებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რამდენად სენსაციურ ცნობას შეიცავდა ეს ფილები. ისინი გაუშიფრავი რჩებოდა, სანამ 1872 წელს ასისტენტმა თანამშრომელმა ჯორჯ სმიტმა მათი ყურადღება არ მიიპყრო. მას ის განსაკუთრებული უნარი ჰქონდა, რაც გენიოსობის ტოლფასია – როცა შეხედავდა წარწერებიან ფილას, სხვებზე ადრე ხვდებოდა, რის შესახებ მოგვითხრობდა ის. ჯორჯი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც წარწერების გაშიფვრა შეძლო.

რაც ჯორჯმა ამოიკითხა, იყო უძველესი ლეგენდა დიდ წარღვნაზე, გილგამეშის ეპოსი. ეს ისეთი სენსაცია იყო, რომ სმიტსაც კი გაუჭირდა მისი გაგება. მან ფილა დააგდო, წამოდგა, დაიწყო ბოლთის ცემა და თან უცნაურ ხმებს გამოსცემდა. ის აღმოჩნდა პირველი ადამიანი, რომელიც ამ საინტერესო მონათხრობს გაეცნო. გილგამეშის ეპოსი ძალიან ჩამოჰგავდა ბიბლიაში აღწერილს. ეს ისეთი მოულოდნელი იყო მისთვის, რომ ლამის გაგიჟდა. მიზეზი საოცარი მსგავსებები იყო გილგამეშისა და ნოეს ისტორიებს შორის.

“დიდმა ღმერთებმა წარღვნის მოწყობა გადაწყვიტეს.. ააგო გემი.. შეიყვანა მასში ცოცხალი არსებები.. “

მას შემდეგ ერაყის ტერიტორიაზე უფრო მეტი ჩანაწერი აღმოაჩინეს წარღვნის ისტორიის შესახებ. ეს ამტკიცებს, რომ ისტორია სათავეს იღებს უძველეს მესოპოტამიაში – ტერიტორიაზე, სადაც იშვა შუმერთა, ასირიელთა და ბაბილონელთა ცივილიზაციები. წაღვნის უძველეს ისტორიებში სახელები განსხვავებულია, დაწერილია სხვადასხვა პერიოდებში. მაგრამ ყველა მათგანი დასაბამს 5000 წლის წინანდელი ლეგენდიდან იღებს.

მესოპოტამიურ და ბიბლიურ ისტორიებს ბევრი ანალოგი აქვთ. ორივე შემთხვევაში ღმერთ(ებ)მა ადამიანების დასჯა გადაწყვიტეს წარღვნით, მარტო ერთი ოჯახი გადარჩა, რომელმაც კიდობანი ააშენა, შეიყვანეს ცხოველები, გადარჩნენ და შემდეგ გამრავლდნენ.

რამდენიმე წლის შემდეგ აღმოაჩინეს ატრა-ჰასის ეპოსი – ამბავი წარღვნაზე, რომელიც გილგამეშის ეპოსზეც კი ძველია. ამ ეპოსების შესწავლამ ერთი კითხვა გააჩინა – იქნებ ბიბლია სულაც არ გულისხმობდა მსოფლიო მასშტაბის წარღვნას?

ებრაულ ენაში მიწას, დედამიწასა და ქვეყანას ერთი სიტყვა აღნიშნავს. ეს სიტყვა, რომელიც დედამიწად ითარგმნა, შეიძლება სულაც არ ნიშნავდა მას. შესაძლებელია, ეს ადგილობრივი დატბორვა იყო. ამან გაზარდა ალბათობა იმ ვერსიისა, რომ წარღვნის ისტორიას შეიძლება რეალური მოვლენა უდევს საფუძვლად. არა მსოფლიო წარღვნა, არამედ პატარა მასშტაბის წარღვნა, მესოპოტამიის ტერიტორიაზე.

1930-იან წლებში არქეოლოგებმა განაგრძეს გათხრები ერაყში. 1931 წელს არქეოლოგების ჯგუფმა ლეონარდ ვულისა და მისი ცოლის, კეტრინის ხელმძღვანელობით მესოპოტამიის უძველესი ქალაქის, ურის ნაშთებს მიაგნო. ნაშთები თარიღდებოდა 5000-6000 წლით, რაც ნოეს ისტორიის პერიოდს ემთხვევა. მალე მიწის განსაკუთრებულ შრეებს წააწყდნენ, ისეთს, რომელსაც მხოლოდ წყალი დატოვებდა. ანალიზმა აჩვენა, რომ ნალექი მდინარის წყლის მიერ იყო მოტანილი. მესოპოტამიელებს ხშირად ატყდებოდათ თავს სეზონური დატბორვები, მაგრამ ეს გაცილებით მასშტაბური უნდა ყოფილიყო. კვლევებმა აჩვენა, რომ 5000 წლის წინ დიდი წარღვნის შედეგად მესოპოტამიის მინიმუმ სამი ქალაქი წყლით დაიფარა. ასე რომ ლეონარდ ვულიმ და მისმა ცოლმა ჯეკპოტს მიაგნეს. უძველეს მესოპოტამიაში მასიური დატბორვა მომხდარიყო, რაც რეალური ისტორიის კვანძს ხსნიდა. იმ ისტორიისა, რომელზეც ბიბლია და გილგამეშის ეპოსი ყვებიან.

არქეოლოგების აღმოჩენამ აჩვენა, რომ ნოეს ისტორია სავარაუდოდ დაიწყო შუმერების ტერიტორიაზე, თანამედროვე ერაყში. ბაბილონის ჩანაწერების მიხედვით, ეს მოხდა ქალაქ შურუპაკში.


ეს ადგილი ცივილიზაციის აკვანი იყო – შუმერებმა შექმნეს პირველი ანბანი, გამოიგონეს ბორბალი და აღრიცხვა. ეს ცვლის წარმოდგენებს იმაზე, როგორ გამოიყურებოდა და ცხოვრობდა მოსე. მანტიით შემოსილი ებრაელის მაგივრად ვიღებთ შეღებილ თვალებიან, მელოტ კაცს, რომელიც ქვედაბოლოთი დადიოდა.

გილგამეშის ეპოსი ამბობს, რომ შუმერ ნოეს ვერცხლი და ოქრო ჰქონდა. 5000 წლის წინ ასეთი ადამიანები წარმატებული ვაჭრები იყვნენ. ასე რომ ნოე ფერმერი ან მებაღე კიარა, ბიზნესმენი ყოფილა. წარღვნისგან გადასარჩენი კიდობნის მაგივრად ის უფრო სავარაუდოა, რომ ააშენებდა გემს, რომლითაც გადაიტანდა მარცვლეულსა და ლუდს, გადაიყვანდა ცხოველებს. ყველა სავაჭრო ცენტრი, ისევე როგორც ქალაქი ური, ევფრატის ნაპირას იყო. ტვირთის მდინარეზე გადატანა უფრო იაფი ჯდებოდა, ვიდრე მიწაზე ქარავნის მეშვეობით. საკითხავია, რამხელა იყო ნოეს წყლის ტრანსპორტი?

შუმერები ევფრატზე გადასაადგილებლად სხვადასხვა სახის ნავებს იყენებდნენ, დაწყებული პატარა კანოედან, დამთავრებული 6 მ სიგრძის ხის ნავებით. მაგრამ ბაბილონური წყაროები ამბობენ, რომ წარღვნის დროს აგებული მათზე გაცილებით დიდი იყო. მართლაც საინტერესო იქნებოდა იმდროინდელი ვაჭრებისთვის უზარმაზარი გემის აგება, თუმცა ტექნოლოგიის მხრივ შეზღუდული იქნებოდნენ. დღემდე არანაირი აღწერა არაა შემორჩენილი ასეთ გემებზე. თუმცა შეიძლება მიახლოებით გამოთვლა, მაქსიმუმ რა ზომის იქნებოდა.

მარტივი ვერსია არის რამდენიმე პატარა ნავის შეკავშირება. გემი რამდენიმე სექციად იყო დაყოფილი. მოტივტივე ნავები გაერთიანდებოდა თოკებისა და მორების საშუალებით. მათ ზემოთ კი კიდობანს ააგებდნენ. ამ სისტემით საკმაოდ მარტივად მოახერხებდნენ მდინარეზე გადაადგილებას. რადგან ეს გემი სავაჭრო დანიშნულების იყო, ძნელი არაა იმის განსაზღვა, რას შეიტანდა ნოე მასში. დაივიწყეთ წყვილ-წყვილად მიმავალი ცხოველები და წარმოიდგინეთ ნოე, რომელსაც აჰყავდა ცხოველები, აჰქონდა დიდი რაოდენობით მარცვლეული და ლუდი, რათა სხვა ადგილებში გაეყიდა.

მდიდარი ვაჭრისთვისაც კი საკმაოდ რთული და დიდი საქმე იყო ასეთი ხომალდის აგება. მაგრამ ბაბილონური წყაროებით, ნოეს სიმდიდრეზე მეტი რამ ჰქონდა – ის შურუპაკის მეფე იყო. თუმცა კანონზე მაღლა მაინც არ იდგა. ტვირთს თუ ვერ მიიტანდა დანიშნულების ადგილზე, ის სოციალურად და ფინანსურად განადგურდებოდა, იმის მიუხედავად, მეფე იქნებოდა თუ უბრალო ვაჭარი. შუმერული კანონებით, ვინც ვალს ვერ გადაიხდიდა, მათ შორის მეფეც, მონა ხდებოდა. მაგრამ როგორ დაიწყო წარღვნა?

ყველაზე შესაძლო ახსნა ისაა, რომ ნოემ მოსალოდნელი კატასტროფა ამინდის უცნაური ცვლილებების მიხედვით განსაზღვრა. ევფრატის მონაკვეთები სანაოსნოდ ვარგისი იყო მხოლოდ გარკვეულ პერიოდებში, როცა მდინარის დონე პიკს აღწევდა. ეს ნიშნავს, რომ ნოეს გამგზავრებამდე საკმარისი დრო ჰქონდა მოსამზადებლად. ის დამდნარი ყინულების წყლის დინებას ელოდა.

ივლისის თვეში მთებში ყინულების დნობისას ევფრატის დინება იზრდებოდა. მხოლოდ მაშინ იყო მდინარე საკმაოდ მაღალი დონის, რომ მასზე დიდი ხომალდებით გადაადგილება ყოფილიყო შესაძლებელი. მაგრამ ეს რისკიანიც იყო. თუკი შურაპაკში ამ დროს შტორმი დაიწყებოდა, ევფრატის მშვიდობიანი დინება დამანგრეველ წარღვნად გარდაიქმნებოდა. თუმცა ამ დროს თავსხმა წვიმები იშვიათი იყო, ასეთი რამ 1000 წელიწადში ერთხელ შეიძლებოდა მომხდარიყო. ასე რომ თუკი მოხდა, ჩაწერად ნამდვილად ღირდა.

ბაბილონური ფილები გვიამბობენ, რომ წარღვნის დღეს ნოესა და მის ოჯახს ლხინი ჰქონდათ გამართული. უცებ ამინდი მკვეთრად შეიცვალა უარესობისკენ – საშინელი შტორმი ამოვარდა. თუკი წყლის დონის მომატება საკმარისი იყო იმისთვის, რომ ნოეს სიცოცხლეს საფრთხე შექმნოდა, ის დაიწყებოდა თავხსმა წვიმით და აადიდებდა მთის მდინარეებს. 6000 წლის წინანდელ მესოპოტამიაში უფრო თბილი ამინდები იყო, ამიტომ ტროპიკული წვიმებიც არაა გამორიცხული. ეს შტორმი შეიძლებოდა ჩვეულებრივზე ათჯერ ძლიერი ყოფილიყო. ამ შემთხვევაში ადიდებული ევფრატი თავისუფლად დაფარავდა მესოპოტამიის გარკვეულ ტერიტორიებს.

ბიბლია გვიამბობს, რომ წვიმები 40 დღე გრძელდებოდა, ბაბილონურ ისტორიაში კი მხოლოდ 7 დღეა ნახსენები. მაგრამ ერთი დღე-ღამეც კი ასეთ რეჟიმში საფრთხეს შეუქმნიდა ადამიანების სიცოცხლეს. ნოეს ტვირთის დიდი ნაწილის დატოვება მოუწევდა და ევფრატის დინების იმედზე დარჩებოდა. წვიმა რომ დასრულდა, ნოემ და მისი ოჯახის წევრებმა მიწა ვერ დაინახეს. კილომეტრების მანძილზე მხოლოდ წყალი ჩანდა. ამის შემდეგ მათ მოუწევდათ ლოდინი, სანამ წყლის დონე დაიწევდა და ხმელეთი გამოჩნდებოდა. თუმცა რეალურად, მათი პრობლემები მხოლოდ იწყებოდა.

ამ ამბის ყველა ვერსია თანხმდება იმაზე, რომ მინიმუმ 7 დღე ხმელეთი არ გამოჩენილა. ნოე დარწმუნებული იქნებოდა, რომ ყოფილი ევფრატის ზემოთ იყო მოქცეული, ამიტომ სასმელი წყალი მაინც ექნებოდათ და წყურვილით არ დაიხოცებოდნენ. მაგრამ ბაბილონურ ვერსიაში წყალი მარილიანი იყო. ნოეს კიდობანი აღარ მოძრაობდა დატბორილ “ევფრატზე”. თუკი რუკას გადავხედავთ, დინება ნოეს წაიყვანდა სპარსეთის ყურისკენ, წყალიც ამიტომ იყო მარილიანი. გილგამეშის ეპოსში არაა ცნობა, ამ მდგომარეობაში რამდენ ხანს დარჩნენ. ბიბლიაში ეს პერიოდი ერთ წელზე მეტია, ზოგიერთ ბაბილონურ ფილაში კი მხოლოდ 1 კვირა. ნოეს ოჯახს დიდი პრობლემა ჰქონდა მარილიანი წყლის სახით. რას იყენებდნენ სასმელად?

ერთადერთი ვარიანტი იქნებოდა ლუდი, რომელიც ხომალდზე ინახებოდა. ლუდი კარგი ალტერნატივაა სასმელის უქონლობის დროს. ის ბევრ საჭირო ნივთიერებას შეიცავს და არც დასნეულდებოდნენ. ნოეს ბიბლიური ისტორიის მიხედვით, კიდობანი არარატის მთაზე გაჩერდა. მაგრამ თუკი მსოფლიო წარღვნა არ ყოფილა, მაშინ სადმე სხვაგან უნდა აღმოჩენილიყო. არარატის მთები შურუპაკის ჩრდილოეთითაა. ხომალდი მისგან 800 კილომეტრის დაშორებით გაჩერდებოდა, სპარსეთის ყურის ნაპირზე. კიდობნის დაშვებით ბიბლიაში ეს ისტორია თითქმის მთავრდება. მაგრამ ბაბილონურ ვერსიაში დასასრული ჯერ შორს იყო. ფილებიდან ზოგი საუბრობს მეფობის დაცემაზე, სხვები ამბობენ, რომ წარღვნის გმირი გადასახლდა. ყველა მათგანი ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ნოე ვეღარ დაბრუნდა შურუპაკში და იმის მიუხედავად, რომ წარღვნა დასრულდა, ნოე მაინც საფრთხეში იყო.

ყველაზე ლოგიკური ახსნა ისაა, რომ ნოეს მოვალეები გადაურჩნენ ამ მოვლენებს, იპოვეს ის და ფული უკან მოთხოვეს. შუმერული წესებით, ნოე შეიძლებოდა მონად ქცეულიყო, რომ ვალები გამოესყიდა. მას სავარაუდოდ მოუწია ქვეყნიდან გაქცევა, რათა სასჯელისთვის თავი აერიდებინა. სად შეაფარა თავი ლტოლვილმა ნოემ, ეს უცნობია. ერთ-ერთი ფილის მიხედვით, მისი ახალი საბინადრო გახდა დილმუნი.


ეს თანამედროვე ბაჰრეინის შუმერული სახელწოდება იყო. შეიძლება სწორედ აქ დასახლდა წარღვნის შემდეგ. ეს ადგილი საცხოვრებლად ვარგისი იყო, ბევრი მუშაობაც არ მოუწევდა თავის სარჩენად. ცხოვრებას ისე გააგრძელებდა, როგორც მოესურვებოდა. თუკი ეს მართლაც ასეა და ნოე დილმუნში დარჩა, მაშინ ბაჰრეინი დიდ საიდუმლოს უნდა ინახავდეს. ბაჰრეინის ლანდშაფტი სავსეა საფლავებით და მათგან ჯერჯერობით მხოლოდ მცირეოდენის გათხრა მოხდა. თუმცა ბევრი მათგანი შუმერების დროინდელია. არის ისეთი ადგილებიც, სადაც შეიძლება მეფე იყოს დაკრძალული.

იმ პერიოდში ამბავი შუმერ მეფეზე, რომელიც წარღვნას გადაურჩა, გავრცელდებოდა და თანდათან გაზვიადდებოდა მითებით, მოირთვებოდა რელიგიურ-მისტიური ელემენტებით. ამ ლეგენდებს ჩაიწერდნენ, მომავალში კი შემდგომი თაობები მის ასლებს დაამზადებდნენ. ეს წარმოშობდა ახალ ვერსიებს. 2000 წლის შემდეგ ერთ-ერთ ვერსიას, რომელიც ბაბილონის ბიბლიოთეკებში იქნებოდა შენახული, შეიძლება მიეპყრო ყურადღება იმ ებრაელი მღვდლებისა, რომლებიც ბიბლიას წერდნენ. დამუშავების შემდეგ მიენიჭა დედააზრიც – თუ ადამიანი დაარღვევს ღმერთის კანონებს, სასჯელი სიკვდილი იქნება. ამ მორალური გზავნილის მიღმა მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა იმალება. მოვლენის მიღმა კი შეგვიძლია დავინახოთ მამაკაცი, რეალური პიროვნება, რეალური გემი და რეალური თავგადასავალი.

წყარო:  ჩრდილოეთის ციალი

Source
ჩრდილოეთის ციალი

Related Articles

3 Comments

  1. გადავწყვიტე მეც გავაკეთო კიდობანი და ყველა ცხოველი შევიყვანო შიგ “ნაციონალების” გარდა…

კომენტარის დამატება

Back to top button