ლიტერატურანოველა

არდაშელ თაქთირიძე – სოფლის მაშენებლები

ერთი მამალი და ერთი ძაღლი დაძმობილდნენ.
– მოდი, სოფელი ავაშენოთო! – უთხრა ძაღლს მამალმა.
– როგორ ავაშენოთო? – ჰკითხა ძაღლმა.
– მე კენკრას მოვაგროვებ, შენ დაწურე, და სოფელიც აშენდებაო! – უპასუხა მამალმა.
***
ბიზნესის პირველი მამოძრავებელი ძალა – ინტერესი.
***
წავიდნენ ტყეში. მოაგროვა კენკრა მამალმა, მოიტანა. ძაღლმა საწნახელში ჩაყარა, დაწურა. წვენი ცოტა გამოვიდა. გაყიდეს და ფული აიღეს. უფრო მეტი კენკრა მოაგროვა მამალმა, მეტი დაწურა ძაღლმა, მეტი წვენი გაყიდეს, ფულიც მეტი აიღეს.
***
ბიზნესის მეორე მამოძრავებელი ძალა – სიზარმაცე.
***
დაეზარა მამალს კენკრის შეგროვება, შეკრიბა ჩიტები
– ჩიტებო, ფული გინდათო?
– გვინდაო!
– კენკრა შეაგროვეთ, მოიტანეთ და ფულს მოგცემთო! – შეაგროვეს ჩიტებმა კენკრა, მთები დააყენეს.
დაეზარა ძაღლს საწნახელში ჩადგომა და კენკრის ჭყლეტა, შეკრიბა მხეცები
– მხეცებო, ფული გინდათო?
– გვინდაო!
– საწნახელში ჩადექით, კენკრა დაწურეთ და ფულს მოგცემთო! – ჩადგნენ საწნახელში მხეცები, დაწურეს კენკრა, წვენი იმდენი გამოვიდა, სად წაეღოთ, აღარ იცოდნენ.
საიდანღაც მოცუნცულდა მელია, მამალს ჰკითხა
– რას აკეთებთო?
– სოფელს ვაშენებთო!
– სოფელს როგორ აშენებთო?
– მე კენკრას ვაგროვებ, ძაღლი წურავს, და სოფელიც შენდებაო!
***
ბიზნესის მესამე მამოძრავებელი ძალა – სიხარბე.
***
იფიქრა მელამ
– ეს მამალი კი შაქრად შემერგებოდა, მაგრამ ამ საქმიდან მეტს გამოვადნობო! – მამალს უთხრა
– წვენის გაყიდვას ჩემს თავზე ავიღებო! – მოითათბირეს მამალმა და ძაღლმა და დასთანხმდნენ.
შეაგროვა მელამ მელა-ტურები, თავის ცოლ-შვილებიანად
– თუ დამეხმარებით, დიდი კაცი რომ გავხდები, გვერდით დაგიყენებთო!
– დაგეხმარებითო! – უთხრეს მელა-ტურებმა.
– მაშინ, რაც ტყეში მოქეიფეების დატოვებული ბოთლები ნახოთ, აქ მოიტანეთო! – შეგროვდა ბოთლები. ჩამოასხმევინა მელამ წვენი ბოთლებში, მიარტყა იარლიყი – “მელიის ნობათი”, მისცა მელა-ტურებს და გააყიდინა. ყიდულობდნენ “მელიის ნობათს” ტყის ბინადრები, შვილებს ასმევდნენ, რომ კარგი მადა ჰქონოდათ. ცოტა ხანში, მამალი და ძაღლი აღარავის ახსოვდა, მთელ ტყეს მელიის სახელი ეკერა პირზე.
გადმოსახლდნენ თანამშრომლები წვენსაწურთან ახლოს, გაშენდა სოფელი. აირჩიეს მელა სოფლის გამგებლად. მოისვა მელამ მელა-ტურები გვერდით და მართავდნენ სოფელს.
-ჩვენ რაღა ვქნათო? – ჰკითხა ძაღლმა მამალს!
– წავიდეთ და სხვა სოფელი ავაშენოთო! – უპასუხა მამალმა.
– როგორ ავაშენოთო?
– მე ხილს შევაგროვებ, შენ არაყი გამოხადე და სოფელიც აშენდებაო!
– მერე, მელაო? – ჰკითხა ძაღლმა.
– ჩვენ დავიწყოთ, და მელიები თვითონ მოვლენო! – უპასუხა მამალმა.

არდაშელ თაქთირიძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button