ენიგმარელიგიაუცნაური

კლარა გერმანა ჩელეს ეგზორციზმი

როგორც ამბობენ, ბოროტი ძალებისგან ყველაზე დაუცველები ახალგაზრდები არიან. ეგზორციზმის ყველაზე გახმაურებული შემთხვევების მთავარი გმირებადაც ძირითადად სკოლის მოსწავლეები გვევლინებიან. სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება კლარა გერმანა ჩელეს ისტორია, ის სულ 16 წლის იყო, როცა აუცილებელი გახდა მისთვის ეგზორციზმის ჩატარება.

კლარა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული სამხრეთ აფრიკელი სკოლის მოსწავლე გოგონა იყო. შავკანიანი მშობლების შვილი პატარაობაშივე დაობლდა და ქრისტიანად ადრეულ ასაკში მონათლეს. 1906 წელს, როცა ის 16 წლის იყო, აღსარება ჩააბარა კათოლიკე სასულიერო პირს, მამა ჰორნერ ერასმუსს. გოგონამ უთხრა, რომ ცოტა ხნის წინ სული ეშმაკს მიჰყიდა. მამა ჰორნერი გაოცდა, თუმცა არაფერი უთქვამს. რამდენიმე დღეში კი გადაავიწყდა კიდეც. მაგრამ გავიდა რამდენიმე კვირა და გოგონამ დემონებით დაუფლების ნიშნები გამოავლინა.

20 აგვისტოს სკოლაში კლარამ საკუთარი ტანსაცმლის დახევა დაიწყო, თან უცნაურ ხმებს გამოსცემდა, თითქოს ცხოველივით ღრიალებდა, ამასთან ვიღაცებს ესაუბრებოდა, იმათ, ვისაც თითქოს მხოლოდ თვითონ ხედავდა. ამ ყველაფერს გაოცებული უყურებდნენ იქვე მდგომი მონაზვნები. ერთ მომენტში გოგონა მათკენ შებრუნდა და დაუყვირა: “მამა ჰორნერს დაუძახეთ, მისი დახმარება მჭირდება, ოღონდ სწრაფად! უთხარით ყველაფერი, თორემ სატანა მომკლავს. ის დამეუფლა და მე უძლური ვარ.” ცოტა ხანში კი ისევ უჩინრებისკენ შებრუნდა და მიაძახა: “თქვენ მე მომატყუეთ! დიდებას დამპირდით, მაგრამ ამის ნაცვლად მიღალატეთ.”

ერთ-ერთი მონაზონი რამდენჯერმე ეწვია სახლში გოგონას და მის ქმედებებს აკვირდებოდა, შედეგებს კი იწერდა. ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ კლარა საუბრობდა ისეთ ენებზე, რომლებიც შეუძლებელია, მანამდე ცოდნოდა. უამრავი მოწმის თანდასწრებით ალაპარაკდა გერმანულად, პოლონურად, ფრანგულად და უამრავ სხვა ენაზე. მას განუვითარდა ნათელხილვის ნიჭიც, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის მისთვის სრულიად უცნობების საიდუმლოს ამოცნობა შეეძლო, ისეთ ამბავს მოყვებოდა მათი ცხოვრებიდან, რაც ამ უკანასკნელების გარდა არავინ იცოდა.

კიდევ ერთი რამ, რაც მის შეპყრობილობას ადასტურებდა, იყო ის, რომ წმინდა საგნების სიახლოვეს ვერ ჩერდებოდა. ვერ იტანდა ჯვარს, ბიბლიას, ხატებს, თუნდაც დამალული ყოფილიყვნენ. ჰქონდა არაადამიანური ძალ-ღონე: კლარას გაკავება ერთ ადამიანს არ შეეძლო, ის საკმაოდ ძლიერ და ენერგიულ კაცებსაც კი ერეოდა. ერთხელ მონაზონს ხელი მოკიდა და რამდენიმე ოთახის იქით ბუმბულივით მოისროლა, სხვა დროს კი მკლავზე უკბინა და გველის ეშვების მსგავსი კვალი დაუტოვა.

როცა გოგონამ ტირილი დაიწყო, გამოცემული ხმები მონაზონმა მხეცის ბრდღვინვას შეადარა. თუმცა ისიც განმარტა, რომ ასეთი უცნაური ხმები ცხოველებისგანაც კი არ გაეგონა, მიუხედავად იმისა, რომ მოსმენილი ჰქონდა როგორც ლომის ღრიალი, ისევე გამძვინვარებული ხარის ბღავილი. ეს იყო თითქოს “ველური მხეცების ხროვის ხმა, რომელთაც სატანა ხელმძღვანელობდა ჯოჯოხეთური საგალობლის შესრულებისას.”

რამდენიმე ადამიანმა დაინახა, რომ კლარას ლევიტაციის უნარი ჰქონდა: გადაადგილდებოდა ჰაერში როგორც ვერტიკალურად 1.5 მეტრის სიმაღლეზე, ისე ჰორიზონტალურად. თუმცა თუკი ამ დროს ნაკურთხ წყალს შეაშხეფებდნენ, ძირს ვარდებოდა, შესხურებულ ადგილას კი კანი დამწვარი ჰქონდა. ამ დროს დროებით წყდებოდა მისი დემონური ქცევები.

რამდენიმე დღის განმავლობაში ჩატარებული დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ ის ნამდვილად შეპყრობილი იყო, გამოირიცხა გოგონას მსახიობური თამაში ან გონებრივი დაავადებები. ამიტომ საჭირო იყო, დაუყოვნებლივ ჩატარებულიყო ეგზორციზმის რიტუალი. ეს საქმე ითავა გოგონას მოძღვარმა, მამა ერასმუსმა. დამხმარედ კი მისი მეგობარი მღვდელი, მამა მანსეტი აიყვანა.

რიტუალი 11 სექტემბერს დაიწყო და ორი დღე გაგრძელდა. ორი დღის განმავლობაში, მზის ამოსვლიდან შუადღემდე, შემდეგ კი 3 სთ-დან გვიან ღამემდე მღვდლები ლოცვებს კითხულობდნენ წმინდა წერილიდან. დასაწყისშივე გოგონას რეაქცია მძაფრი იყო: მივარდა მღვდელს, გამოსტაცა ბიბლია ხელებიდან და მოისროლა, შემდეგ მისი დახრჩობა სცადა. საბოლოოდ, განდევნის პროცესმა წარმატებით ჩაიარა და დემონმა გოგონას სხეული დატოვა. მანამდე კი 170 ადამიანის თვალწინ გოგონამ კიდევ ერთხელ განახორციელა ლევიტაციის პროცესი და ჰაერში რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე აიწია.

1907 წლის იანვარში კლარამ კიდევ ერთხელ გააფორმა ხელშეკრულება ლუციფერთან და კიდევ ერთხელ გახდა საჭირო ეგზორციზმის ჩატარება. რიტუალი ამჯერადაც ორი დღე გაგრძელდა და დასასრულს, თვითმხილველების თქმით, ჰაერი საშინლად დაბინძურდა, სუნთქვა შეუძლებელი გახდა. ეს იყო ბოლო შემთხვევა ზებუნებრივი ძალების გამოვლინებებიდან კლარა გერმანა ჩელეს ცხოვრებაში, ამის შემდეგ მშვიდად განაგრძო ცხოვრება.

Source
charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button