პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ვდგევართ რატაციონის მანქანასთან ..

ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“

ვდგევართ რატაციონის მანქანასთან
ელვის სისწრაფით
ბეჭდავს, ქაღალდს სჭრის
ჰკეცავს და ითვლის,
სთვლის
ასობით და ათასობით.
წიგნი იჭრება
და სალამს გითვლის
ახალთ-ახალი
ფიანდაზობით.
როგორ ედრება
ფოლადის ალქაჯს.
ეს მოძრაობა
სულით ეხება
არა მარტო ყურს,
არამედ თვალსაც,
და თვალში ელვად
გადიტეხება.
ჩვენ მუშასავით
ვეპყრობით სტამბას,
ჩვენ გვჯერა მისი
დიადი როლი,
თუ ეს პოემა
გვიყვება ამბავს,
თუ სტიქიური
ლექსების ბროლი
სხვანაირია, არ ჰგავს
წინანდელს,
რატაციონის
მანქანით აღსდგა,
მან მოიტანა
მრავალოდენი
სიტყვის ტეხნიკა
და გიმნასტიკა.
ჩვენ გავიარეთ
გზები რკინისფერ
ლექსების ღვარში,
ისევ რკინაში,
ეხლა პირდაპირ,
ეხლა პირისპირ,
რატაციონის ვდგევართ წინაშე.
ცოტა გვაქვს, მაგრამ
არც ისე ცოტა,
რომ მან პასუხი
სამაგიერო
არ გასცეს იმათ, ვინაც იცოდა
ფიქრი უგულო
და მანკიერი.
ვინც დღეღამ ფიქრობს
ჩვენი კულტურის
ჯერ დამონებას,
გადაცურებას,
იქ, სადაც გესლი
ინთება შურის, –
შემდეგ სრულიად
განადგურებას.
გაიგებს, ვისაც უნდა გაგება,
რომ მიმართული
იქით იქნება
ჩვენი სიცოცხლე,
თავგადაგება,
მრავალმილიარდ
ქართულ წიგნებად.
შორს არაა დრო,
როდესაც რისხვით
გადაიხედავს
იქით მანქანა,
საიდანაც მას
არცხვენენ კიცხვით.
რა მოხდა?
ან ვინ გამოაქანა?
მანქანით –
რაც უნდა არა სთქვან,
ცხოვრების
ახალი ყლორტებით,
თანდათან,
თანდათან,
თანდათან,
ყოველდღე
სიბნელეს ვშორდებით.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button