პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე რა არის ოქრო აჭარის ..
რა არის ოქრო აჭარის
უსაზღვრო სილაჟვარდეში?
ეგ არის ზეცა, ეგ არის
მნათობი ცისფერ ბადეში.
არგონავტების კამარის
ლივლივი სიფერადეში.
ეს თვითმფრინავის ფრთა არის
ვარსკვლავთა მილიარდებში.
ეგ ულურჯესი მთებია
და ზღვაზე ნისლის მორევი,
ნარინჯთა რომ მონთებია
გუნდ-გუნდი ნაამბორევი.
შიში რომ არ აქვს არავის,
განადგურება-მორევის,
სიმღერა დაუფარავი
და ჰანგი გრძნობა-მორევის.
სიცოცხლე რომ ჩქეფს ბაღნარის
ფორთოხლის ტყეში და ვარდში.
დიდება! აი, რა არის
ოქრო აჭარის ლაჟვარდში!