ქართული გვარები

ვისი გორისა ხარ? ბექაურთა გვარი

ბექა – საკუთარი სახელი კაცისა.

გვარის სახელით “ბექ”-ფუძისანი არიან: ბექაიანი – კოლხნი, ბექაძენი – გურულნი, ბექურაიძენი – თუშნი, ბექიშვილნი – მთიულნი და ბექაურნი – გუდამაყრელნი. გვარსახელით ერთფუძენი და არა გვარმოდენილობით ერთსისხლნი.

ძველთაგან გუდამაყარში ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ბექაურთა. ეგრე უბნობენ: ძმანი ყოფილანო ბექა – ბექაურთ წინაპარი და წიკვაი – წიკლაურთ წინაპარი. გუდამაყარში ბუდე ხევსურეთის სოფელ უკანახოდან გადმოსულანო ძმები. ამასაც უბნობენ, ერთურთს ვერ ხდებოდნენო, ძმობა გაყარესო, ძაღლი გაკვეთესო…

მასუკან გამრავლებულა ბექაურთ გვარი. ბექაურთა ძლიერი სალოცავის, პირიმზის მფარველობა მიიღეს და ბექაურთ გვარზე შემოდგნენ ძველი გუდამაყრელნი: ხეთათიშაურნი, ცუცქუნაურნი და კახნი გორზამაშვილნი.

ქართულ საისტორიო საბუთებში ბექაურთა გვარი XVI საუკუნიდან იხსენიება. 1500-იანი წლების I ნახევრის ბაგრატ მუხრანბატონის სვეტიცხოვლისადმი შეწირულობის სიგელში იხსენიება სამუხრანბატონოს მცხოვრები ბექაური, რომელიც საეკლესიო გლეხი გამხდარა.

ბარად ჩამოსახლებული თავისუფალი მთიელები ადგილობრივი ფეოდალების მამულებში სახლდებოდნენ და მათზე დამოკიდებულნი ხდებოდნენ. ამას ადასტურებს კიდევ ერთი, შედარებით გვიანდელი საბუთი.

1877 წელს თავადი თარხნიშვილები პირობის ხელწერილს აძლევენ ჩამოსახლებულ მთიელებს და მათ შორის ბარძიმ ბექაურს თრიალეთის სოფელ ნამტვრიანაში მიწის იჯარით გაცემის შესახებ.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ბექაურთა გვარის მეომრები მთიელნი – ქუდზე კაცად და ბარელნი – კომლზე კაცად გამოდიოდნენ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარცხენედ მიმსვლელ-მცემელთა სადროშოში, თავად ბაგრატიონ მუხრანბატონთა დროშის ქვეშ.

ბექაურთა ხმალი ტრიალებდა ბახტრიონის გალავანთან, აწყურის, ასპინძისა და კრწანისის ველებზე.

მეფე ერეკლეს მორიგე ჯარში მარტო არაგველ ბექაურთაგან ორმოცდათორმეტი მეომარი გამოდიოდა. 1924 წლის აჯანყებაში ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმში იბრძოდა თომა ბექაური.

ამჟამად ბექაურები ცხოვრებენ: გუდამაყარში, წინაფშავში, ერწო-თიანეთში, შიდა ქართლში, ალგეთ-თრიალეთში, სამცხესა და იმერეთში. არიან ჩრდილო კავკასიაშიც: ვლადიკავკაზში, სტავროპოლის მხარეში და დიდი ნოღაის ველზე. იყვნენ საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაში.

საქართველოში ბექაურთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 3500-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ბექაურთა!

Source
http://karibche.ambebi.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button