ქართული გვარები

ვისი გორისა ხარ? ჭინჭარაულთა გვარი

ჯინჭარა, ჭინჭარა – ძველქართული არაქრისტიანული საკუთარი სახელია კაცისა. გვარის სახელით “ჯინჭარ/ჭინჭარ”-ფუძისანი არიან: ჯინჭარაძენი და ჭინჭრაძენი, ჯინჭარაშვილნი და ჭინჭარაშვილნი, ჯინჭარაულნი და ჭინჭარაულნი.

ძველთაგან ხევსურეთს ბუდობდა რიცხვმრავალი გვარი ჭინჭარაულთა. ეგრე უბნობენ: შუაფხოველნი ძმანი ყოფილანო ჯინჭარა, არაბა და გოგოჭა – სამოგანძუროს თემის ხევსურთა: ჭინჭარაულთა, არაბულთა და გოგოჭურთა წინაპარნი. ამათ გუდანის ძველი მკვიდრნი კავკაზაურნი განდევნესო, – ამასაც უბნობენ.

KARIBCHE

პირაქეთ და პირიქით ხევსურეთში ჭინჭარაულებმა დაასახლეს სოფლები: გუდანი, ჭიე, ბარისახო, უკანახო, კისტანი და შატილი. ნასოფლარ ძეძეურთას, ლებაისკარსა და ქაჩუს ჭინჭარაულებს უცხოვრიათ. ჭიელმა ჭინჭარაულებმა შექმნეს თიანეთის სოფლები საჭურე და ჭიაურა.

ხევსურეთში განასხვავებენ გვარ-ძვალ და შემოყრილ-შემოფიცულ ჭინჭარაულებს. ხევსურეთს გარეთ ასახელებენ ჭინჭარაულთაგან შტონაყარ გვარებს, ესენი არიან ერწო-თიანელნი: თოთიაურნი, იდუკაშვილნი, ფარეშიშვილნი, ხიბლაშვილნი, სუხიაშვილნი; დავითაშვილნი, ფშაველნი: მისრიაშვილნი; არაგველნი: უთურგაშვილნი, ჩხუტიაშვილნი, ხევსურიშვილნი, ბანცურნი, სინჯარაძენი, ჭინჭარაშვილნი, ხულუზაურნი, ბეწუაშვილნი, ქოჩორაშვილნი და ჭრელაშვილნი; მთიულნი არაგვისანი – კეკიშვილნი და დარძულიძენი; მთიულნი ქსნისანი – გამხიტელაშვილნი და მარტიაშვილნი. ძირად ჭინჭარაულნი არიან გუდამაყრელ აფციაურთა ერთი კომობა – ჯალაბაურნი, წიკლაურთა ერთი კომობა – აბიანი და ჭიაურადან მომდინარე გარე კახელნი – ჭიაურელნი.

XVII საუკუნის I ნახევარში უცხოვრიათ სახალხო გმირებს აბა და მაშველა ჭინჭარაულებს. ამავე საუკუნის II ნახევარში ალაზნის ველზე ჩამოსახლებულ ყიზილბაშებს ღვთის რისხვად ევლინებოდა შურისმაძიებელთა რაზმი გურგენა ჭინჭარაულის მეთაურობით.

1750 წელს მთისა და ბარის ჭინჭარაულებს სასისხლო დავა ჰქონდათ ფშავ-ხევსურეთისა და თიანეთის მოურავთან, სახლთუხუცეს გრიგოლ ჩოლოყაშვილთან. დავა გაურჩევია და მხარეები შეურიგებია მეფე ერეკლეს.

ჯინჭარაულთა და ჭინჭარაულთა შტონაყართა საერთო სალოცავია გუდანის ჯვარი და ნახარელა ღვთისმშობელი ბუდე ხევსურეთში.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ჭინჭარაულთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ – მეფისა ალმის მპყრობელთა სადროშოში.

ჭინჭარაულთა ხმალი ტრიალებდა ბახტრიონის გალავანთან, აწყურის, ასპინძისა და კრწანისის ბრძოლებში.

1813 წელს ჭინჭარაულებმა შეიფარეს რუსთაგან დევნილი ბატონიშვილი ალექსანდრე.

1843 წელს სამოცმა ჭინჭარაულმა გმირულად გაუძლო 5 000 ლეკის გარემოცვას ციხე-სოფელ შატილში.

1901 წელს შატილის მამასახლისი ყოფილა ჩალხია ივანეს შვილი ჭინჭარაული.

ამჟამად ჭინჭარაულები ცხოვრობენ ხევსურეთში, ერწო-თიანეთში, დუშეთ-ბაზალეთის ზეგანზე და არაგვის ჭალებში, თრიალეთისა და გომბორის მთებში, სამგორისა და შირაქის ველებზე. განსაკუთრებით მრავლად არიან დუშეთის, გარდაბნის, თიანეთისა და დედოფლისწყაროს რაიონებში.

თბილისში მთისა და ბარის ჭინჭარაულთა დაახლოებით 150 კომლი ცხოვრობს.

საქართველოში ჭინჭარაულთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 2200-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ჭინჭარაულთა!

Source
http://karibche.ambebi.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button