ქართული გვარები

ვისი გორისა ხარ? აბუსერიძეთა გვარი

დიდგვაროვანნი და დიდაზნაურნი იყვნენ აბუსერიძენი კლარჯეთ-აჭარაში.

აფხაზთა და ქართველთა მეფის ბაგრატ IV-ის გამეფების უმალ ბიზანტიელნი შემოადგნენ ტაო-კლარჯეთის ციხეებს. ზედიზედ ნებდებოდნენ მესხნი აზნაურნი და ერისთავნი ბერძენთა პარკიმანოზს. მხოლოდ ეპისკოპოსნი მტბევარი საბა და ანჩელი ეზრა შავშეთს გამაგრდნენ და ერისთავი აბუსერისძე ივანე არტანუჯს ჩაიკეტა. და “ქმნეს დიდი ერთგულება ბაგრატ აფხაზთა მეფისათვის”. დიდი ბრძოლა და შუღლი და “მი-და-მონი იქმნეს და ვერა წარუღეს ქვეყანა მტერთა”.

ერთგულებისა წილ აბუსერისძეთ ებოძათ ერისთავთერისთავობა კლარჯეთისა და აჭარისა და გამგებლობა ციხეთა: არტანუჯისა და ხიხათა და ციხისჯვარისა და აწყვერისა.

შვილი ივანე აბუსერისძისა, აბუსერ, აფხაზთა და ქართველთა მეფეს თან ახლდა შიდაით ლაშქარში, როცა სასირეთის ბოლოს ვარანგთ შეება, ბიზანტიიდან მოსულთ.

შვილი აბუსერ აბუსერისძისა, გრიგოლ, ერისთავი არტანუჯისა, განუდგა ბიზანტიელთ და აფხაზთა და ქართველთა მეფე სამცხეში მიიწვია. მაშინ კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ თრიალელთა და კახთა და ბერძენთა და სომეხთა ლაშქრით უგრძნეულად დაეცა არყის ციხეს და ერთად შეიპყრო მეფის მომხრე ერისთავნი გრიგოლ არტანუჯელი და სულა კალმახელი და მათთანა სხვანიცა აზნაურნი მესხნი. მაშინ აბუსერისძეთ არტანუჯი დაკარგეს, მერმე ციხისჯვარიც, ბოლოს აწყვერიც. ხიხათა ციხე და აჭარის ერისთავობა შემორჩათ მხოლოდ აბუსრისძეთ დიდი თურქობის, მეფე დავითის და თამარის და მერმე ულუსობის ჟამს.

ხიხათის ერისთავთერისთავ ივანეს შვილი იყო დიდი მწიგნობარი ტბელ აბუსერიძე. ულუსობის გადავარდნის შემდგომ აბუსერიძეებმა საქართველოს ამირსპასალარობა მოიპოვეს.

ბოლო ჟამს აბუსერიძენი სამცხე-საათაბაგოს დიდებულთა სიაში იხსენიებიან, ვითარცა თავადნი. თავიანთი ყმა-მამულით, სასაფლაოთი, მონასტრითა და კარის ეკლესით აბუსერიძენი მსახურნი იყვნენ კვართისა საუფლოისა და მირონისა და სუეტისა ღვთივ აღმართებულისა და წმინდისა დედაქალაქისა მცხეთისა.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის აბუსერიძენი გამოდიოდნენ ერთიანი ქართული ლაშქრის წინამბრძოლთა სადროშოში.

ამჟამად აბუსერიძენი ცხოვრობენ ისევ აჭარაში, საზღვარსიქითა საქართველოში და სამცხეში, აგრეთვე გურიაში, ვაკე იმერეთში, ოკრიბასა და ოდიშში. მცირედნი არიან შიდა ქართლში, შიგნით კახეთსა და ჰერეთში.

საქართველოში აბუსერიძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი რვას ოცდაათს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი აბუსერიძეთა!

Source
http://karibche.ambebi.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button