ქართული გვარები

ვისი გორისა ხარ? გეგეჭკორთა გვარი

გეგეშ ჭკორი – წმინდა გიორგის ყმა კოლხთა ენაზე.

ეგრე უბნობენ, ოდესღაც მარტვილის წმინდა გიორგის ეკლესიას შემოეფარაო ოდიშში სვანთაგან დევნილი ერთი ვინმე დადეშქელიანი, სახელი მისი – გეგეშ. წმინდა გიორგის ჰყმობია თურმე, ამადაც გაუგვარდაო იმ სვანს გეგეჭკორობა. ამასაც უბნობენ, მამა-პაპით მოუდითო ეკლესიის სამსახური გეგეჭკორებს.

ქართულ საისტორიო საბუთებში გეგეჭკორთა გვარი XVII საუკუნიდან იხსენიება. 1690-იანი წლების შეწირულობის წიგნში, რომლითაც ოდიშარი თავადი ხახუ ჩიჩუა ყმა გლეხს სწირავს ბიჭვინთის ტაძარს, მოწმედ დასახელებულია “დადიანის მაგიერი კაცი მაგუ გეგეჭკორი”.

1779 წლის რუხის ბრძოლა ლექსად აღუწერავს დადიანის კარზე მოღვაწე ახალგაზრდა პოეტს ივანე გეგეჭკორს.

1818 წლის განჩინებაში თავზარაშვილსა და ბერიძეს შორის სადავო საქმეზე ნახსენებია გეგეჭკორის ყმა გლეხი, რომელიც დავის მიზეზი გამხდარა.

1844 წლის პირობის წიგნში, ოდიშელ თავადებთან ჩიქოვანთან და დგებუაძესთან ერთად, მოფიცრად დასახელებულია ანტონ გეგეჭკორი.

ივანე ბატონიშვილი გეგეჭკორთა გვარს ოდიშის აზნაურთა შორის იხსენიებს.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გეგეჭკორთა გვარის მეომრები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქარში მთავარ დადიანთა დროშის ქვეშ.

ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ გეგეჭკორთა გვარისშვილნი: პოეტი გივი გეგეჭკორი, მწერალი ლადო გეგეჭკორი, ლოტბარი ივანე გეგეჭკორი, ქართული სცენის დიდოსტატი გოგი გეგეჭკორი… გეგეჭკორთა გვარის წარმომადგენლები ჩანან პოლიტიკის, მეცნიერებისა და სხვა სფეროებში.

ამჟამად გეგეჭკორები ცხოვრობენ ძირითადად ოდიშ-სამურზაყანოში, მრავლად იყვნენ აბაზგეთსა და აფშილეთში, არიან მცირე რაოდენობით ვაკე იმერეთში, გურიაში, შიდა ქართლსა და შიგნით კახეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან მარტვილის, აბაშის, ზუგდიდისა და გალის რაიონებში. გეგეჭკორები იყვნენ საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაშიც.

საქართველოში გეგეჭკორთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი ათას რვაასს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი გეგეჭკორთა!

Source
http://karibche.ambebi.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button