ლიტერატურამოთხრობა

გურამ რჩეულიშვილი – ნელი ტანგო

(საუბარი ცეკვის დროს)
                ცურვის დროს თითქმის არასოდეს არა ფიქრობენ, განსაკუთრებით – როცა მკლაურით მიდიან. ალბათ, ამიტომ მიყვარს ცურვა და ყველაზე მეტად მკლაური.
სოხუმის საცურაოზე ცალთვალა სომეხი ემიგრანტი გიტარას აკვნესებდა. ჩარდახის ქვეშ გახურებული ქაღალდის თამაში იყო. სილაზე, შუა მზის გულზე, უღმერთოდ იხრუკებოდნენრუსები. გიტარა კი უკრავდა.

                პატარა თორმეტი წლის იგორი შევარდა წყალში და სუფთა, დამუშავებული მკლაურით გაცურა. მისი ფეხები შეუწყვეტლივ, თანაბარი სიჩქარითა მუშაობდნენ. მარცხენამკლავის მოსმისას სახის ნახევარს წყლიდან იღებდა და ღრმად ისუნთქავდა ჰაერს, მერე ისევ წყალში ყოფდა ამოსასუნთქად, თან მარჯვენას უსვამდა.

                ხელები გამართული და მოდუნებული ეშვებოდნენ.

– აი, მაგისგან ნამდვილად გამოვა კარგი მოცურავე. – თქვა იგორის მამამ და თავის მეუღლეს დამწვარ მხარზე ხელი დაადო.
– ჰო, გამოვა. – დაუმოწმა მეუღლემ. – ივანე, აიღე, კაცო, ხელი, ხომ იცი, მეწვის ბეჭები.
– აკი გითხარი, წაისვი-მეთქი ოდეკოლონი. – ივანემ ხელი ჩამოიღო.
– კარგი, დღეს წავისვამ. – ღიმილით უთხრა მეუღლემ, ორივემ ზღვისკენ გაიხედა.
                ბავშვი გამაფრთხილებელ დროშას გასცდა და იმავე სისწრაფით მიდიოდა. დაღლა მაინც არ ეტყობოდა.

                ორმოცამდე ნაბიჯი კიდევ იცურა ასე, შემდეგ ბაყაყურზე გადავიდა. ფეხებს ბოლომდე ღუნავდა ისე, რომ მუხლისთავები ერთ სწორი ხაზის სხვადასხვა ბოლოში ექცეოდა დალამაზი, მოქნილი მოძრაობით აძლევდა ბიძგს წყალზე ჰორიზონტალურად გაწოლილ სხეულს. ერთდროულად გამართულ ხელებს ოდნავ მოუსვამდა, თავს ამოყოფდა მაღლა, შეისუნთქავდა და ისევ იმეორებდა იმავე მოძრაობებს.
                ცოლ-ქმარი ახლა ქვიშაზე წამოჯდა.
– კარგად ცურავს. – თქვა ქმარმა.
– ძალიან, ნახე, რა მოქნილი მოძრაობები აქვს. – სახე გაუბრწყინდა ცოლს.
– მომავალში პირველი ადგილი ექნება. – დაბეჯითებით დაიქნია თავი ივანემ. – ლიდა, გახსოვს, ვალერიც რა კარგად ცურავდა.
– აბა, აბა, რა ვაჟკაცი იყო! – ახლა ქალმა დაადო მხარზე ხელი მეუღლეს.
– გახსოვს, როგორა ცურავდა, შეეძლო მთელი ექვსი საათი თავისუფლად გაეძლო წყალში.

                ივანემ მეუღლეს წელზე ხელი მოხვია და მკერდზე მიიყრდნო. ერთხანს ასე ისხდნენ. სიჩუმე ისევ ქმარმა დაარღვია:
– სწორედ მაგ ცურვამაც დაღუპა, რიგასთან იპოვეს მესამე დღეს დამხრჩვალი; ვინ იცის, რა მოუვიდა.
– ივან! იგორსა ხედავ? – ქალი მსუბუქად დაეყრდნო მის მხარს და წამოდგა.
ივანემ თითი გაიშვირა. შორს ძლივს მოჩანდა ბავშვის თავი. ლიდამ უხალისოდ გაიცინა: იგი წელამდე შევიდა წყალში, შემდეგ ბრასით გაცურა. ნაპირზე დარჩენილი ივანე ახლა ისევგულდაღმა დაწვა. კარგა ხანს იყო ასე; მზე უწვავდა ბეჭებს, მერე გაიფიქრა, “დიდი მოუსვენარი ქალია ლიდა, სულ დედას დაემსგავსა იგორიც, თუმცა რაღა შორს მივდივარ, მეცეგეთი გული მაქვს.

                კარგია შორს, ტალღებში ცურვა”. სუსტმა ნიავმა ქვიშა აყარა. ივანეს ცალ თვალში მტვერი ჩაუვარდა. იგი წამოჯდა და წვალება დაუწყო ქუთუთოს. ზღვაზე პატარა, ხუჭუჭატალღები აიშალა.
გიტარა კი უკრავდა შეუსვენებლივ.
                დამკვრელს შავი, გახუნებული ხალათი ეცვა და თავზე ძველი ჭილოფის ქუდი ეხურა.
                ივანე წამოდგა. ქარმა კვლავ მოაყარა ქვიშა. შორს, ტალღებში ხან იკარგებოდა, ხან გამოჩნდებოდა ვიღაცის თავი, კარგა მოშორებით, იმ მიმართულებით მეორე მიცურავდა.

                მან ქუდის ფერზე იცნო ცოლი. წინა მისი ბიჭი უნდა ყოფილიყო. იგი კარგად დაუკვირდა. “ნეტა რატო არა ბრუნდება უკან, მთელი საათია, რაც შესულია, კაცი ორი დღითჩამოსულხარ და ეგ მაიმუნი მაშინაც არ გაცლის დასვენებას.” – გაიფიქრა ივანემ და ზღვაში შევიდა, მერე თავისი ზორბა მკლავებით შეცურა. რამდენიმე მოსმით დროშებს გასცდა, შემდეგ ბაყაყურზე გადავიდა. ფართო მკერდით აპობდა ორმოცი წლის ვაჟკაცი ტალღებს და არაფერზე არა ფიქრობდა, მხოლოდ ცდილობდა, სწორი გეზი არ დაეკარგა. კარგა ხანსიცურა ასე, მერე ზურგზე გადმობრუნდა და ნაპირს გამოხედა – ხუთასიოდე მეტრი ჰქონდა გავლილი.

                ცოლი და შვილი კი არა ჩანდნენ. იგი ახლა ისევ გულზე გადმოტრიალდა, მერე გაიხსენა წყალბურთის ილეთები და მოქნილი მოძრაობით წყლიდან წელამდე ამოვიდა. წამნახევარი შეიმაგრა თავი. მისგან მარცხნივ და წინ, სამასიოდე ნაბიჯზე შეამჩნია თავისები. არაფერი გაუფიქრია, ისე აამოძრავა სხეული. როცა მიუახლოვდა, მეუღლისგაფითრებული სახის დანახვაზე უსიამოვნო გრძნობამ შეიპყრო. მას ქუდი დაეკარგა და თმა თვალებზე ჰქონდა ჩამოშლილი.

                ქალმა უხმოდ მიაბრუნა თავი შვილისკენ. ივანემ თავის ვაჟს შეხედა. მას სახე დამანჭოდა ტკივილისაგან. მამამ დაყვინთა, ხელით მოუსინჯა ფეხები და განასკვულ ადგილასუკბინა. იგორმა ცოტა შვება იგრძნო. მან ნელა გაცურა ნაპირისაკენ. ახლა ლიდა გახდა ცუდად.

                მას მთელი სამასი ნაბიჯი ზურგით ეთრია ვაჟი და ახლა ძალაწართმეული ძლივსღა იდგა ტალღებზე.
ღელვა კი სულ მატულობდა.
ივანემ მეუღლის ხელი მხარზე გადაიდო და შვილის მიმართულებით გაცურა. ძლივს მიიწევდა წინ. იქ იგორი იწვა წყალზე, უფრო ტანჯული სახით.
– მა… – ძლივს ამოიოხრა და მთელი ყლუპი მარილიანი წყალი ჩაუშვა მუცელში.
– მა… ახლა წვივ-ი, ბარ-ძა-ყიც გა-მენასკ-ვა. – ის ფსკერისაკენ წავიდა. ივანემ ძლივს მოასწრო თმაში ეტაცა ხელი, დედამ ბოლო ძალა მოიკრიბა და ბავშვს მხრებში ამოუჯდა.

                მამა მხნეობდა. მან ცოლს მარჯვენა ხელი ჩააკიდებინა ბავშვის მარცხენისათვის და თვითონ შუაში ამოყო თავი. დედა-შვილი აქეთ-იქიდან ჩამოეკიდა ბეჭებზე. იგორს გულიუწუხდა. “ასე არ ივარგებს, ბევრ წყალს ყლაპავს”, გაიფიქრა ივანემ და ერთი ხელით თავი აუწია ბავშვს. ახლა იგი ფეხებითა და ცალი ხელით მიცურავდა. ლიდას თვალებიჩაუსისხლიანდა; იგი გაშტერებული უყურებდა პატარას.

                მისი მარჯვენა საბედისწეროდ ჩასჭიდებოდა შვილის მაჯას.
ივანემ შორს დროშა დაინახა. ცოტა გული მოეცა. თავისუფალ ხელში თითქმის სულ გამოელია ძალა. მომატებული ტალღები თავზე უვლიდა მათ. ტანს ჰორიზონტალურად ვეღარაჩერებდა, ახლა წყლის სიღრმიდან აძლევდა ბიძგებს სხეულსა და ზედ დაკიდებულ თითქმის უგონო ცოლ-შვილს. ორივენი ბევრ წყალსა ყლაპავდნენ, რაც უფრო ამძიმებდა მისტვირთს. სუნთქვა ეკვროდა, მაგრამ სულ ახლოს მოჰკრა წითელ დროშას თვალი და გამხნევდა – ნაპირამდე ორმოცდაათამდე მეტრიღა რჩებოდა.
შუადღის სიცხესა და გახურებულ ქარს მოცურავეები ჩარდახის ქვეშ შეერეკა.

                ვიღაცა ფეხზე წამოდგა და ხელი ზღვისკენ გაიშვირა;
– შეხედეთ, კაცო, მთელი დღე რო წყალში იყვნენ, არ მოსწყინდებათ.
– აბა, მერე მთელი ოჯახი როგორა ცურავს. – დაუმოწმა მეორემ, თავი წამოსწია, შემდეგ წყალს მოაშორა მზერა და წინ დაგდებულ აგურის ცხრიანს შესაფერი ვაჟი დაარტყა.
– ვინ არიან? – თავაუღებლივ იკითხა ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნილმა მელოტმა და თვალი მეზობლის ქაღალდისკენ გააპარა.
– როგორ არ იცი, ხარკოველები, ჩვენ ქვევით ცხოვრობენ, – უპასუხა იქვე მჯდარმა ცოლმა, რომელიც საუბარსა და ქაღალდის თამაშს გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს.
– ჰო, ჰო, რა მოხვედი? ყვავის ცხრიანი? კარგია, კარგი, მაგას კოზირის ქალი! – მელოტმა კმაყოფილებით გადაიხარხარა, – გაჭრილია.

                წავიდა? ახლა, კოლია, შენ გამიმაგრდი.
                გიტარა ახლა ქაღალდის მოთამაშეთა დაკვეთით უკრავდა.
                ზღვაში, დროშას გამოცილებულ ივანეს თვალთ დაუბნელდა. დედა-შვილმა გრძნობა დაკარგა. მხოლოდ ჩაჭიდებული  ხელი დარჩა ლიდას ისევე. ივანე ვეღარა ხედავდავერაფერს. მან შვილის თავს შეუშვა ხელი და იმითაც მოუსვა.

                იგი ვეღარც დროს, ვეღარც შიშს ვერა გრძნობდა.
                მხსნელებმა გამოიყვანეს თავთხელი წყლიდან სამივენი ნაპირზე და ფიცრებზე გააწვინეს. საცურაოს ექიმმა ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა თითოეულს. მალე იგორი და ლიდაგრძნობაზე მოვიდნენ. დედას ძლივს გააშვებინეს შვილის მაჯას ჩაჭიდებული ხელი. გონზე მოსულმა ქალმა გულზე მიიკრა პატარა, რომელსაც თვალები დაეჭყიტა და ფიცარზეუმოძრაოდ იწვა.
მთელმა საცურაომ აქ მოიყარა თავი.
                გიტარის დამკვრელი სომეხი ემიგრანტი თითის წვერებზე აწეული იყურებოდა ცალი თვალით.

                საღამოს კაფეში ჯაზი “ისტამბულს” უკრავდა. წყვილები გამალებული ცეკვავდნენ. ლამაზმა, წაბლისფერთმიანმა ქართველმა მოძრავტანიანი რუსის გოგონა გამოიწვიასაცეკვაოდ.

                ნელა შეცურდნენ მოედანზე. ბიჭი ფიქრობდა: “ნეტავი რაზე ველაპარაკო, მომწყინდა სულ ერთი და იგივე: საიდან ჩამოხვედით? როდის? მერე ჩვენი ბუნების ქება და ბოლოსკომპლიმენტი – “თქვენ მშვენივრად გაშავდით”.
“ისტამბული კონსტანტინოპოლიდან” გაისმოდა მოედანზე; ბიჭს სახე აუმეტყველდა, მერე თითქმის ჩურჩულით დაიწყო:
ბიჭი : იყავით დღეს საცურაოზე?
გოგო: რა თქმა უნდა, დღეს საუცხოოდ დამწვა მზემ.
ბიჭი : გეტყობათ, კარგადა ხართ გაშავებული; მართლა, დაესწარით იმ ამბავს?
გოგო : ჰო, ჰო, იშვიათი შემთხვევაა, დედა-შვილს აუარებელი წყალი უყლაპავთ, მაგრამ გადარჩნენ.
ბიჭი : აბა, საწყალი მამა, იმან გამოათრია. ნეტა იმასაც წყალი ეყლაპა.
გოგო : მაშინ გადარჩებოდა, ექიმმა თქვა, ზედ ნაპირთან აქვსო გული გახეთქილი უბედურს.
ბიჭი : საცოდავი, კარგი ვაჟკაცი კი ყოფილა.
გოგო : რა თქმა უნდა, ახლა ცოტანი არიან ასეთები. ჯაზი ახლა მელოდიურ ტანგოში გადავიდა, ბიჭმა ახლოს მიიკრა ქალი:
ბიჭი : მაგრამ მენდეთ, მაინც არიან.
ქალი აილეწა, მერე ვაჟკაცს ახედა, მოეწონა მისი ლამაზი, მზისგან გარუჯული სახე და მთლიანად მინებდა ნელ ტანგოს.

წელი 1956,   აგვისტოს 23.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button