ზღაპარისაბავშვო

გურამ პეტრიაშვილი – გოგონა და ოქროს თევზი

ერთი გოგონა მამამ არდადაგებზე ზღვისპირა ქალაქში წაიყვანა დასასვენებლად.

გოგონას ძალიან უყვარდა ზღვა. სულ მასთან უნდოდა ყოფნა.

ტალღა რომ უკან დაიხევდა, გოგონა გაჰყვებოდა და სულ ახლოს მიდიოდა ზღვასთან. აიფოფრებოდა ტალღა და სულ ახლოს მიდიოდა ზღვასთან. აიფოფრებოდა ტალღა და გოგონაც უკან გამოიქცეოდა სიცილით.
მორბოდა გოგონა.
მოსდევდა ტალღა, თანდათან პატარავდებოდა, უკლებდა ხმაურს და ბოლოს გაუწვებოდა ფეხებთან.
გოგო დაიხრებოდა და მიეფერებოდა.
და თავიდან დაიწყებოდა თამაში…

როცა ზღვა წყნარი იყო, გოგონა ფერად კენჭებს აგროვებდა ან სილის კოშკებს აგებდა.
ხანდახან კი დაუჯდება და გარინდული დიდხანს, დიდხანს უცქერდა ზღვას.

მერე ადგებოდა, უხმაუროდ გაივლიდა სილაზე და ნელა შევიდოდა ზღვაში.
გაცურავდა წყნარად, წყლის გაუშხეფებლად, და როცა ნაპირი შორს დარჩებოდამ დაგაბრუნდებოდა ზურგზე და დახუჭავდა თვალებს.
იწვა და ყურს უგდებდა ზღვას.
ეჩვენებოდა, თითქოს რაღაც საამო ხმა ესმოდა.
დიდხანს უსმენდა ხმას, მერე კი ისევ წყნარად გამოცურავდა ნაპირზე.
სამწუხაროდ, არდადეგები ძალიან დიდხანს არ გრძელდება ხოლმე.
დადგა გამგზავრების დღე.
მამა მატარებლის ბილეთების საყიდლად წავიდა.
გოგონა კი იჯდა ნაპირზე და ნაღვლიანი უცქეროდა ზღვას.
გვერდით წყლიანი მინის ქილა ედგა ფერადი კენჭებისათვის.
ჯერ კი აპირებდა კენჭების შეგროვებას, მაგრამ მერე ვეღარ დაუდო გული.

უცქეროდა ზღვას.
ზღვა ისეთი წყნარი იყო, თითქოს იმასაც ენანებოდა გოგონასთან განშორება და დანაღვლებული გარინდულიყო.
უცებ ზედ ნაპირთან წყლის ზედაპირი შეტოკდა და ზღვიდან რაღაც პატარა, წითლად ელვარე საგანი ამოფრინდა.
გოგონამ ვერც მოასწრო დაენახა, რა იყო, რომ იმ რაღაცამ წყლიდან ქილაში მოადინა ტყაპანი და წყლის შხეფები სახეზე მიასხურა.
ჩაიხედა გოგონამ ქილაში და დაინახა, რომ შიგ ოქროს თევზი ჩაფრენილიყო.
ჯერ უცქირა, როგორ დაცურავდა თევზი, მერე კი ცაყო ხელი, ამოიყვანა და ისევ ზღვაში გაუშვა.
განა არ უნდოდა, რომ ლამაზი ოქროს თევზი ჰყოლოდა? მაგრამ იფიქრა: ”თევზს ალბათ სურდა ერთ წამს ჰაერში აფრენილიყო და შემთხვევით ჩავარდა ცემს ქილაშიო.”
კეთილი გოგონა იყო და აბა შემთხვევით ხომ არ ისარგებლებდა და ოქროს თევზს ხომ არ დაატყვევებდა?!
არ გასულა რამდენიმე წამი, რომ ისევ ამოფრინდა წყლიდან ოქროს თევზი და ისევ ჩაფრინდა ქილაში.
გოგონამ კვლავ გაუშვა თევზი, თამაშობს, ცელქობს და ჩემს ქილაში შემთხვევით ვარდებაო.
მაგრამ იმავ წამს ამოფრინდა თევზი ზღვიდან, გაიელვა ჰაერში, ჩაფრინდა ქილაში და მოუსვენრად დაიწყო ცურვა.

გოგონა ჩაფიქრდა.
მერე აიღო ქილა და თვალებთან მიიტანა.
მაშინ მიცურდა ოქროს თევზი კედელთან, ერთ ადგილას გაჩერდა და შეაცქერდა გოგონას.
გოგონამ გაუღიმა: მიხვდა, ჩემთან გინდა ყოფნაო.
– კარგი წამოდი, ვიყოთ მეგობრები, – ჩაუჩურჩულა გახარებულმა.
ოქროს თევზმა რამდენჯერმე დაარტყა წრე ქილაში და ისევ ცხვირწინ გაუჩერდა გოგონას…
ალბათ ასე გამოხატა სიხარული…

წამოიყვანა გოგონამ ოქროს თევზი.
ყველაფერი უამბო მამას.
მამა ცოტა არ იყოს უცნაური კაცი იყო. იმის მაგიერ. რომ ზოგ-ზოგი სხვა მამებივით ბუზღუნი დაეწყო, ისედაც ამოდენა ბარგი გვაქვს, ეს რაღაც გვინდა, რომ სახათაბალოდ ავიკიდოთო, ქილა მაღლა ასწია, თქვა, ვინც მოვიდა, გაუმარჯოსო, და მაშინ აკვარიუმის საყიდლად გავარდა.

ღამით მატარებელში დიდხანს არ დაიძინა გოგონამ. იჯდა ფანჯარასთან და პატარა მაგიდაზე დადგმული აკვარიუმისთვის ორივე ხელი ჩაეჭიდა, ვაითუ მატარებელმა უცებ დაამუხრუჭოს, აკვარიუმი გადმოვარდეს და გატყდესო.
უცქეროდა თევზს.
და თევზიც მხიარულად დაცურავდა წყალში.
ბოლოს ჩაეძინა დაღლილ გოგონას.
თევზიც გაირინდა წყალში. ალბათ იმანაც დაიძინა.
მამა ფრთხილად რო აწვენდა ლოგინში, გოგონა რაღაცას ბუტბუტებდა მძინარე, ალბათ ისევ იმაზე წუხდა, თევზს არაფერი მოუვიდესო.

-ჰო, შვილო, ნუ გეშინია, ნუ გეშინია, – ამშვიდებდა მამა.
და სხვა მგზავრების გასაოცრად, მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, დარაჯობდა აკვარიუმს…

დედასაც გაუხარდა, აკვარიუმში მხიარულად მოცურავე ოქროს თევზი რომ ნახა.
გოგონამ ოთახის ერთ კუთხეში პატარა მაგიდას ლამაზი სუფრა გადააფარა და იქ მიუჩინა აკვარიუმს ადგილი.
მას შემდეგ ცხოვრობდა ოქროს თევზი იმ სახლში.
გოგონა თავს ევლებოდა თევზს და ისიც ყოველნაირად ცდილობდა, გაეხარებინა გოგონა. დაინახავდა თუ არა ოთახში შემოსულს, მაშინვე ლამაზად იწყებდა კუდისა და ფარფლების ქნევას, ჯერ წრეებს დაარტყამდა აკვარიუმში, მერე კი ამოხტებოდა და ჰაერში შეითამაშებდა.

ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.
და ბედნიერები იყვნენ ამით.

ერთი მეტად საინტერესო რაღაც უნდა გითხრათ.
ღამით მშობლები ტკბილ ძილს რომ უსურვებდნენ, შუბლზე აკოცებდნენ, სინათლეს ჩააქრობდნენ და გავიდონენ, გოგონა კიდევ დიდხანს არ იძინებდა.
იწვა სიბნელეში და უცქერდა აკვარიუმს, სადაც დროდადრო ქუჩიდან შემოსულ ჩუქზე ოქროს თევზი გაიელვებდა ხოლმე.
თან ჩუმად ჩურჩულებდა გოგონა: ვითომ თევზს ელაპარაკებოდა. აი, მე ამას ვებნები ის კი ამას მპასუხობსო.
მერე კი, ქალაქის ხმაური რო მიწყდებოდა, გოგონა გაირინდებოდა.
სიჩუმეში კვლავ ესმოდა ის საამო ხმა, რომელსაც ზღვაში შორს სესული უსმენდა ხოლმე.
რა იყო ეს ხმა?
გოგონა ამას არასდროს არავის გაუმხელდა, მაგრამ თვითონ კი ფიქრობდა, ოქროს თევზი მღერის აკვარიუმშიო.
ალბათ მაშინაც, ზღვის ზედაპირზე თვალდახუჭული რომ იწვა ხოლმე, ოქროს თევზი უვლიდა ირგვლივ და მღეროდა.

გაკვეთილებს რომ დაამზადებდა, გოგონა ჩართავდა ხოლმე მუსიკას და ცეკვავდა ოთახში. ამით უნდოდა, ოქროს თევზი გაერთო. ის ხომ სულ მარტო იყო აკვარიუმში.
მიცურდებოდა ოქროს თევზი აკვარიუმის კედელთან და უყურებდა გოგონას.

ერთხელაც ასე რომ ცეკვავდა, გოგონამ შეხედა კედელთან მიცურებულ თევზს, შეეცოდა და იფიქრა, მოდი, ასე უფრო გავახალისებო, აიღო აკვარიუმი, ორივე ხელით დაიდო თავზე და განაგრძო ცეკვა.
მერე სასტუმრო ოთახში გავიდა ცეკვა-ცეკვით. დიდი სარკის წინ გაიქროლა კაბის ფრიალით და გაოცდა: ოქროს თევზიც ცეკვავდა.
მხოლოდ ერთ წამს შედგა გოგონა.
შემდეგ კი განაგრძო ცეკვა.
თავზე აკვარიუმი ეჭირა და ოქროს თევზი ცეკვავდა აკვარიუმში…

მას შემდეგ ხშირად ცეკვავდნენ ასე.
გამოეწყობოდა გოგონა კოხტად.
დასვამდა თვის დედ-მამას.
ჩართავდა მუსიკას.
დაიდებდა თავზე აკვარიუმს და იწყებდა ცეკვას.
აჰყვებოდა თევზიც.
გახარებული უყურებდა დედ-მამა ამ უცნაურ სანახაობას.
კარგი იყო ძალიან.
და რაც ყველაზე უფრო საოცარია:
შეწყობილად ცეკვავდნენ გოგონა და ოქროს თევზი,
ერთნაირად ირხეოდნენ, ერთნაირად ტრიალებდნენ და ოქროსფერი ფარფლებიც ცისფერი კაბის ფრიალს იმეორებდნენ ზუსტად…
ამ ცეკვის შესახებ არც გოგონას და არც მის მშობლებს არავითვის არაფერი უთქვამთ.
ეს მათი საოჯახო საიდუმლო იყო.
პატარა, ლამაზი საიდუმლო.

მაგრამ ალბათ  შემთხვევით ვინმემ ფანჯრიდან მოჰკრა თვალი ოქროს თევზისა და გოგონას ცეკვას.
და უცნაური მოდა გავრცელდა ქალაქში.
გოგონებმა, ქალიშვილებმა და ხნიერმა ქალებმაც კი პატარ-პატარა აკვარიუმები დაიმაგრეს ქუდებზე, შიგ თევზები ჩაისვეს და ისე დადიოდნენ.
ზოგმა ძალიან ფაშფაშამ, ხარჯი ხარჯიაო, და დიდი აკვარიუმი დაიდგა თავზე, შეგაც, ერთის ნაცვლად, უამრავი თევზი ჩაისვა.
ბევრს თან მაგნიტოფონი დაჰქონდა და უკრავდა.
ყველას იმისი იმედი ჰქონდა, თევზები თანდათანობით უფრო და უფრო მიჰბაძავდნენ თავიანთი პატრონების მიხვრა-მოხვრას და ბოლოს მთლად შეეწყობოდნენ.

მაგრამ დრო გადიოდა, თევზებს კი არა და არ ახალისებდა მუსიკა. კვლავ უძრავად იწვნენ აკვარიუმის ფსკერზე ან საცოდავად ეკვროდნენ კედლებს, არ აინტერესებდათ არც თავისი პატრონი  და არც იმისი მიხვრა-მოხვრა.
ის კი არა და, როგორც კი ვინმე აკვარიუმიანი მდინარის პირას ან ხიდზე გაივლიდა, თევზი მაშინვე გადახტებოდა ხოლმე და ჰაერში მისი კუდის მხიარული გაქნევა მხოლოდ ერთს ნიშნავდა: მადლობა ღმერთს, თავს ვუშველეო.
რამდენიც არ ეცადნენ, არავის არაფერი გამოუვიდა. იმ ოქროს თევზის გარდა არც ერთმა არ იცეკვა აკვარიუმში.
და ხელად გადავარდა მოდიდან თავზე აკვარიუმის ტარება…

…ერთხელ ღამით გამოეღვიძა გოგონას.
ფანჯრიდან შემოსულ მთვარის შუქზე დაინახა, რომ ოქროს თევზსაც არ ეძინა, შფოთიანად დაცურავდა აკვარიუმში.
მიაყურა გოგონამ, მაგრამ აღარ მღეროდა თევზი.
შეშფოთდა გოგონა, წამოდგა და მივიდა აკვარიუმთან.
თევზიც მიცურდა კედელთან.
უცქერდნენ ერთმანეთს.
მთვარის სხივები წყალქვეშ აღწევდა და ელავდა ოქროს თევზის სხეული.
უცქერდა გოგონა.
და უცებ იგრძნო, რომ ტიროდა ოქროს თევზი.
თევზებიც ხომ ცოცხალი არსებანი არიან და ამიტომ მათაც კარგად იციან, რა არის სევდა.
და ტირიან კიდეც.
ჩვენ რომ ვტირით, ცრემლები ღაწვებზე გვაშრება ან ცხვირსახოცები გვისველდება და ისიც შრება ბოლოს.
თევზების ცრემლები კი სულ ზღვაში გროვდება. ზღვის თევზთა თვალთაგან იქვე დადენილიც და მდინარეების ჩამოტანილიც.
იქნებ მლაშეც ამიტომაა ზღვა.
ტირიან თევზები.
მაგრამ იმ გოგონამდე არავინ იცოდა ეს, რადგან წყალში თევზის თვალებზე ცრემლს ვერავინ ვერ დაინახავს.
ეს მხოლოდ მოსიყვარულე გულს შეუძლია…
უცქეროდა გოგონა მტირალ თევზს და თვითონაც ტიროდა.
მერე აიღო აკვარიუმი, მიიკრა მკერდზე და გავიდა სახლიდან.

მიდიოდა დიხანს.
არაფერზე არ ფიქრობდა, ტიროდა და აკვარიუმში ცვიოდა მისი ცრემლები…
თვითონაც ვერ გაეგო, როგორ აღმოჩნდა ხიდზე.
ხიდს მკრთალად ანათებდა ფარანი და მდინარემდეც ოდნავ აღწევდა მისი შუქი.
თეთრი, გრძელი პერანგისამარა იდგა გოგონა ხიდის მოაჯირთან, მკერდზე აკვარიუმი მიეკრა და თევზს დაჰყურებდა.
დაწყნარებული თევზი, მშვიდად უვლიდა წრეებს აკვარიუმში, თითქოს ეთხოვებოდა გოგონას.
დიახ, ხიდზეც მოსიყვარულე გულმა მოიყვანა გოგონა, გულმა უგრძნო, რომ თავისი ზღვა მოენატრა თევზს…

ახლა აღარ ტიროდა გოგონა.
უსმენდა.
განშორების სიმღერას მღეროდა თევზი…
მერე ამოხტა, შეითამაშა ჰაერში და ოდნავ მორკალული და ლამაზა, ნაღვლიან ღიმილს დამსგავსებული, ჩაფრინდა მდინარეში…

დაბრუნდა გოგონა სახლში ცარიელი აკვარიუმით.
ჩაწვა ლოგინში და დიდხანს იყო თვალგახელილი.
წარმოიდგენდა თუ როგორ მიცურავდა ოქროს თევზი თავისი ზღვისკენ.
მერე ჩაეძინა და სიზმარშც იმას ხედავდა, ათას ფათერაკშა და განსაცდელს თავს როგორ აღწევდა მისი მეგობარი…

დილით ოქროს თევზის წასვლა უამბო მშობლებს.
ნუ გეშინია, დაბრუნდებაო, უთხრეს მათ.
გოგონამ ნაღვლიანად დახარა თავი…

გავიდა ხანი…
გოგონა  აღარ ცეკვავდა გაკვეთილების სწავლის შემდეგ.
ის ახლა აკვარიუმს უმზადებდა ოქროს თევზს.
შიგ ლამაზ კოშკს აგებდა.
მშობლებს ერთხელაც არ წამოსცდენიათ, რათ გინდა მაგას რომ აკეთებ, თევზი არსად ჩანსო.
პირიქით ეხმარებოდნენ კიდეც.

ერთ საღამოს გოგონამ ჩაასხა წყალი აკვარიუმში, შეხედა, ხომ ლამაზად ჩანს წყალში კოშკიო, ჩაიცვა ის ცისფერი კაბა, რომლითაც იცეკვა ოქროს თევზთან ერთად და დაელოდა შუაღამეს.
დედ-მამაც ფხიზლობდა მასთან ერთად.
წიგნს კითხილობდნენ და ხანდახან გახედავდნენ აკვარიუმის წინ ჩაფიქრებულ გოგონას, მერე ერთმანეთს შეხედავდნენ და ჩუმად ამოიოხრავდნენ.

შუაღამისას სამივე გავიდა სახლიდან.
ისევ მთვარიანი ღამე იყო.
გოგონას ფრთხილად მიჰქონდა აკვარიუმი.
მიდიოდნენ მდინარისკენ.
მამა ოხუნჯობასაც კი ცდილობდა და დედას ნაღვლიანად ეღიმებოდა მის ხუმრობაზე.
სეირის საყურებლად ბევრი გაჰყვა უკან ამ უცნაუ ოჯახს…

მიდიოდნენ სამნი.
არავის აქცევდნენ ყურადღებას.
ხიდს რომ მიუახლოვდნენ, მამამ თქვა, ჩვენ აქ დავრჩებითო, და გოგონა მარტო შევიდა ხიდზე.

ცაზე იყო მთვარე.
კვლავ მკრთალად ანათებდა ფარანი.
იდგა გოგონა.

ნელა გავიდა ერთი საათი.
უცქეროდა ხალხი, არაფერი ხდებოდა.
ეჰ, რა ტყუილად გავიტეხეთ ძილიო, უკვე ამბობდნენ ზოგიერთები.

და უცებ მდინარის ზედაპირთან რაღაცამ იელვა.
ამოფრინდა ოქროს თევზი, აფრინდა ფარანთან, მხიარულად შეითამაშა აკვარიუმში…
გული შეუფრთხიალდა ხალხს.
უცქეროდნენ.
და კიდევ უფრო გაოცდნენ:
გოგონას და მისი თევზის გარშემო საოცარი ცისფერი ნათება დაინახეს…

…შემდეგაც მოენატრებოდა ხოლმე ოქროს თევზს ზღვა.

კვლავ ელოდა გოგონა.
მთვარიან ღამით ბრუნდებოდა თევზიც.
და კვლავ ანათებდნენ ცისფრად.

სიყვარულს საერთოდ ყველაფერი შეუძლია.
ხოლო ნათება მთლად ჩვეულებრივი რამაა მისთვის.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button