ლიტერატურამოთხრობასაკითხავი

ერნესტ ჰემინგუეი – აღმოხდების მზე

წიგნი პირველი

თავი I

რობერტ კონი ოდესღაც კრივის ჩემპიონი იყო პრინსტონის1 კოლეჯში. არ იფიქროთ, მე დიდ რადმე მიმაჩნდეს ეს წოდება, მაგრამ კონისათვის მართლაც დიდი რამე იყო. გატაცებული თავის დღეში არ ყოფილა კრივით, სინამდვილეში, ეჯავრებოდა კიდეც, მაგრამ დიდის გულმოდგინებითა და გამწარებით სწავლობდა, რომ ამით გაექარწყლებინა თანდაყოლილი სიჯაბნე და საკუთარი ღირსების სიმდაბლე, რასაც მას _ როგორც ებრაელს _ მუდამ აგრძნობინებდნენ ხოლმე კოლეჯში. უფრო გულდამშვიდებული გახდა, როცა შეიგრძნო, რომ შეურაცხმყოფელს ადვილად დაანარცხებდა ძირს, თუმცა მეტისმეტად ჯაბანსა და ბუნებით მშვიდს სასპორტო დარბაზს გარეთ ერთხელაც არ უჩხუბია. იგი სპაიდერ კელის ყველაზე სანაქებო მოწაფე იყო. სპაიდერ კელი თავის ახალგაზრდა მოწაფეებს _ განურჩევლად ყველას _ უმჩატესი წონის ილეთებს ასწავლიდა. არც კი დაგიდევდათ ეს მოწაფე ას ხუთ გირვანქას იწონიდა თუ ორას ხუთს. კონისთვის კი, ეტყობოდა, ზედგამოჭრილი გამოდგა. მართლაც ძალიან მარდი იყო. ისეთი სიყოჩაღე გამოამჟღავნა, რომ სპაიდერი თვითონვე შეეჯიბრა და სამუდამოდ გაუბრტყელა კიდეც ცხვირი. ამან კიდევ უფრო შეაძულა კონს კრივი, მაგრამ თან რაღაც უცნაური კმაყოფილებაც მიანიჭა და ცხვირიც უდავოდ გაუკოხტავა. კოლეჯში სწავლის უკანასკნელ წელს ძალიან ბევრს კითხულობდა და სათვალე წამოიცვა. ვისაც არ შევხვდი, ვერც ერთმა მისმა კლასელმა ვერ მოიგონა იგი, არც ის ახსოვდათ, რომ ოდესღაც საშუალო წონის ჩემპიონი იყო კრივში.
გულღია და გულწრფელი ხალხისა არაფერი მჯერა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი ნაამბობი ერთმანეთს ემთხვევა. ამიტომ რობერტ კონის ჩემპიონობაში მუდამ ეჭვი მეპარებოდა, _ ალბათ ცხენმა დაარტყა ტორი სახეზე, ან იქნებ დედამისი დაფეთდა, ან არა და ბავშვობაში რამეს დაჰკრა-მეთქი ცხვირი, _ მაგრამ საბოლოოდ თვით სპაიდერ კელიმ დამარწმუნა. სპაიდერ კელის არათუ ახსოვდა კონი, ხშირად ფიქრობდა კიდეც თურმე მასზე, ნეტავ რა მოუვიდაო.
მამის მხრით რობერტ კონი შთამომავალი იყო ნიუიორკელ ებრაელთა ყველაზე უმდიდრესი გვარისა, ხოლო დედის მხრით _ ყველაზე უძველესისა. სამხედრო სასწავლებელში _ სადაც იგი პრინსტონის კოლეჯში შესასვლელად ემზადებოდა და ფეხბურთის გუნდშიაც კარგი სახელი ჰქონდა მოპოვებული _ არავისგან არ განუცდია რასობრივი დამცირება. მანამ კოლეჯში გადავიდოდა, არავის უგრძნობინებია, ებრაელი ხარო, და საერთოდ, არავითარი განსხვავება არ ყოფილა მოწაფეთა შორის. მშვენიერი ბიჭი იყო, კარგი სამეგობრო და ძალიან მორცხვი, მაგრამ შემდეგ ასეთმა დამოკიდებულებამ გაამწარა. გულის მოსაოხებლად კრივი შეისწავლა და პრინსტონის კოლეჯიდან გამოვიდა ავადმყოფური თავმოყვარეობით შეპყრობილი, ცხვირგაბრტყელებული და პირველივე ქალმა, რომელიც მას ალერსიანად მოექცა, შეირთო კიდეც ქმრად. ხუთ წელიწადს ჰყავდა ცოლი, სამი შვილი შეეძინა, მამის დანატოვარი ორმოცდაათი ათასი დოლარი თითქმის სულ გაფლანგა (დანარჩენი ქონება დედას ერგო) და მდიდარ ცოლთან გატარებულმა უსიხარულო ცხოვრებამ საკმაოდ პირქუშ და მიუკარებელ არსებად აქცია. მერე ის იყო, გადაწყვიტა, ცოლს გავშორდებიო, მაგრამ ქალმა დაასწრო, მიატოვა და მინიატიურების მხატვარს გაჰყვა. მთელი თვეები ეპირებოდა ცოლის გაშვებას, მაგრამ ვერა და ვერ მოახერხა. ეცოდებოდა _ გულქვაობა იქნება, ჩემი თავი რომ დავუკარგოო, ახლა კი ცოლის გაქცევა ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილი გამოდგა.
გაყრას რომ მორჩნენ, რობერტ კონი დასავლეთ სანაპიროებისაკენ გაემგზავრა. კალიფორნიაში იგი ლიტერატორთა წრეში მოხვდა და მალე ორმოცდაათი ათასი დოლარიდან შემორჩენილი თანხით მხატვრული ჟურნალის გამოცემას შეუდგა. ჟურნალმა კარმელში იწყო გამოსვლა, კალიფორნიაში, და პროვინსტაუნში კი, მასაჩუსეტსის შტატში, დაიხურა. ამასობაში კონი, რომელიც წმინდა ანგელოზად იყო მიჩნეული და თავის გვარს თავმდაბლურად კოლეგიის სხვა წევრთა შორის აწერდა სატიტულო ფურცელზე, ჟურნალის ერთადერთი რედაქტორი გახდა. ბოლოს და ბოლოს, მისი ფულით გამოდიოდა ჟურნალი და რედაქტორის სახელი მოსწონდა! გული დასწყდა, როცა ჟურნალის გამოცემა მეტისმეტად გაძვირდა და იძულებული გახდა, თავი გაენებებინა.
თუმცა ამასობაში სხვა საქმეც გაუჩნდა. იგი ხელში ჩაიგდო ვიღაც ქალმა, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ ჟურნალთან ერთად მისი სახელიც განდიდდებოდა. ეს იყო ძალიან ყოჩაღი ქალი, კონის ხელში ჩაგდებას კი ბევრი არაფერი უნდოდა. თანაც გული დააჯერა, ქალი მიყვარსო. ქალმა რომ ნახა, ჟურნალის საქმეს კარგი პირი არ უჩანდა, ცოტა არ იყოს, შეიძულა კონი და გადაწყვიტა, მანამ კიდევ რამე გამოდნებოდეს, ბარემ ბოლომდე ვისარგებლებო. ასე რომ, ჩიჩინი დაუწყო _ ევროპაში წავიდეთ და იქ მწერლობას მოჰკიდებ ხელსო. ჩავიდნენ ევროპაში, სადაც ქალს აღზრდა-განათლება მიეღო, და მთელი სამი წელიწადი იქ დაჰყვეს. ამ სამი წლიდან პირველი წელიწადი მოგზაურობას მოანდომეს, ხოლო ორი კი პარიზში გაატარეს. რობერტ კონმა ორი მეგობარი შეიძინა _ ბრედოკსი და მე. ბრედოკსი მისი ლიტერატურული მეგობარი იყო, მე კი _ ჩოგბურთის მეგობარი.
მეორე წლის ბოლოს კონის ხელში ჩამგდები ქალი, რომელსაც ფრენსისი ერქვა, მიხვდა, სილამაზეს ვკარგავო, და ის უდარდელობა, რითაც აქამდე კაცსა ყვლეფდა, ერთბაშად შეეცვალა მტკიცე გადაწყვეტილებით _ ბარემ ცოლად გაჰყოლოდა. იმხანად დედამისმა ყოველთვიურად სამას-სამასი დოლარი დაუნიშნა კონს. ვერასდიდებით ვერ დავიჯერებ, რომ ამ ორწლინახევრის განმავლობაში კონს სხვა ქალისთვის შეეხედოს. თავს სავსებით ბედნიერად გრძნობდა, გარდა იმისა, რომ ევროპაში მცხოვრებ ბევრ ამერიკელთა მსგავსად, მასაც ამერიკაში ყოფნა ერჩივნა. მწერალიც გახდა. დაწერა რომანი და არცთუ ისე ცუდი, როგორც კრიტიკამ შეაფასა ბოლოს, თუმცა ძალიან უბადრუკი რომანი კი იყო. კითხულობდა და კითხულობდა წიგნებს, თამაშობდა ბრიჯს, თამაშობდა ჩოგბურთს და ერთ-ერთ სასპორტო დარბაზში კრივშიაც ვარჯიშობდა.
თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ქალს კონთან, ეს მე პირველად იმ საღამოს გავიგე, როცა მათთან ერთად ვსადილობდი. ლავენიუში ვისადილეთ და ყავის დასალევად იქიდან კაფე დე ვერსალში გავწიეთ. ყავის შემდეგ ცოტაოდენი კონიაკი დავლიეთ და უნდა წავიდე-მეთქი, განვაცხადე. ცოტა უფრო ადრე კონმა მითხრა, კვირას მე და შენ სადმე გავისეირნოთო. ქალაქიდან გასვლა და ერთი ლაზათიანი გასეირნება მონატრებოდა. სტრასბურგში გავფრინდეთ და იქიდან კი ფეხით სენტ-ოდილში ჩავიდეთ, ან სადმე სხვაგან, ელზასის მიდამოებში-მეთქი, ვუთხარი.
_ ერთი ნაცნობი ქალი მყავს სტრასბურგში და ქალაქს დაგვათვალიერებინებს, _ ვთქვი მე.
ვიღაცამ მაგიდის ქვეშ ფეხი გამკრა. ვიფიქრე, ან ცოლს, ან ქმარს შემთხვევით მოუხვდა ფეხი-მეთქი და განვაგრძე:
_ მთელი ორი წელიწადია იქა ცხოვრობს და რაც კი რამ ღირს ნახვად, სულყველაფერი იცის. მშვენიერი გოგოა.
კიდევ მომხვდა ფეხი მაგიდის ქვეშ და თავი რომ ავწიე, დავინახე, ფრენსისს, რობერტის ქალბატონს, ღრანჭი მოქცეოდა და სახე გაშეშებოდა.
_ თუმცა, რაღა სტრასბურგში? _ ვთქვი მე, _ არა სჯობია, ბრიუგეში ან არდენში2 წავიდეთ!
კონს გულზე მოეფონა. აღარავის უკრავს ფეხი. მე გამოვემშვიდობე და გამოვედი. კონმა თქვა, გაზეთს ვიყიდი და მოსახვევამდე გამოგყვებიო.
_ ეს სტრასბურგელი ქალი რაღად გინდოდა, თუ ღმერთი გწამს, _ მითხრა კონმა, _ ვერა ნახე, ფრენსისს რა მოუვიდა.
_ რა უნდა მენახა?! ან რა ესაქმებოდა ფრენსისს, თუკი მართლაც მყავს სტრასბურგში ამერიკელი ნაცნობი ქალი?
_ სულერთია. რა ქალიც უნდა ყოფილიყო, ვერ წამოვიდოდი და მორჩა.
_ ნეტა რას სულელობ!
_ შენ ფრენსისს არ იცნობ. როგორი ქალიც უნდა ყოფილიყო! სახეზე მაინც ვერ შეხედე?
_ კარგი, სენლისში წავიდეთ.
_ კი ნუ გაბრაზდები.
_ სულაც არ ვბრაზობ. სენლისი მართლაც მშვენიერი ადგილია. გრანდ სერფში ჩამოვხტებით, ტყეში ვიხეტიალებთ და უკანვე დავბრუნდებით.
_ ძალიან კარგი, მშვენიერი იქნება.
_ მაშ ხვალ კორტზე გნახავ.
_ ნახვამდის, ჯეიკ, _ თქვა მან და უკანვე გაბრუნდა.
_ გაზეთი დაგავიწყდა, _ მივაძახე მე.
_ ჰო, მართლა, _ მოსახვევამდე გამომყვა, _ ხომ არ ბრაზობ, ჯეიკ? _ თქვა და შეჩერდა.
_ რას ამბობ, რამ უნდა გამაბრაზოს?!
_ ჩოგბურთზე გნახავ, _ თქვა მან. მე თვალი გავაყოლე. ხელში გაზეთი ეჭირა და კაფესკენ მიეშურებოდა. მომწონდა ეს კაცი, მაგრამ ეტყობოდა, დალაგებული ცხოვრება ვერ ექნებოდა იმ ქალთან.

თავი II
იმ ზამთარს რობერტ კონი ამერიკაში გაემგზავრა და თავისი რომანი საკმაოდ დიდ გამომცემლობას ჩააბარა. როგორც გავიგე, ამ გამგზავრებამ თურმე საშინელი ჩხუბი გამოიწვია ოჯახში და ფრენსისმა, მგონი, სწორედ მაშინ დაკარგა იგი, რადგან ნიუ-იორკში რამდენიმე ქალი ძალიან ალერსიანად მოქცეოდა კონს და პარიზში სულ სხვა კაცი დაბრუნდა. ამერიკით ახლა კიდევ უფრო აღფრთოვანებულიყო და აღარც ისეთი გულალალი და მომხიბვლელი ჩანდა. გამომცემლებს ისე შეექოთ მისი რომანი, რომ თავში ავარდნოდა. ამას გარდა, რამდენიმე ქალი ლამის ზედ გადაეგო და კონის ჰორიზონტიც გაცილებით უფრო გაიზარდა. მთელი ოთხი წელი მხოლოდ და მხოლოდ ცოლით იყო შემოზღუდული მისი ჰორიზონტი, მერე სამი წელი ისე გავიდა, რომ ფრენსისის გარდა არავისთვის შეუხედავს. დარწმუნებული ვარ, სიყვარული ერთხელაც არ განუცდია სიცოცხლეში.
კოლეჯში გამოვლილი ტანჯვის შემდეგ დაქორწინება ერთგვარი შვება გამოდგა; მერე, როცა დარწმუნდა, პირველ ცოლს ჩემზე მზე არ ამოსდიოდაო, ფრენსისმა მიანიჭა შვება. შეყვარებული არც ახლა ყოფილა, მაგრამ უკვე მიხვდა _ ალბათ, მაქვს რაღაც მომხიბლაობა, ქალები ასე რომ მეხვევიანო. თვით ის ფაქტიც, რომ ქალები გულგრილნი არ ყოფილან მის მიმართ და მასთან ცხოვრებას ესწრაფოდნენ, სულაც არ ეჩვენებოდა სასწაულებრივ მოვლენად. ისე შეცვალა ამ ფიქრმა, რომ მასთან ახლოს ყოფნა უკვე აღარ იყო სასიამოვნო. გარდა ამისა, თავის ამერიკელ ნაცნობებთან ბრიჯს თამაშობდა და იმაზე დიდ თანხას ჩამოდიოდა, ვიდრე ამის საშუალებას საკუთარი ჯიბე აძლევდა _ მოიგო კიდეც რამდენიმე ასეული დოლარი და ისე გაყოყოჩდა, რომ ამბობდა, ოდესმე ცუდად რომ წამივიდეს საქმე, ბრიჯის თამაში მაცხოვრებსო.
ამას სხვა ამბავიც დაერთო. კონი უ. ჰ. ჰადზონსა3 კითხულობდა. ერთი შეხედვით, თითქოს არაფერიო, მაგრამ რამდენიმეჯერ გადაიკითხა «მეწამული ქვეყანა». «მეწამული ქვეყანა» საბედისწერო წიგნია, მოგვიანებით თუ წაიკითხავ. აქ მოთხრობილია უნაკლო ინგლისელი ჯენტლმენის ბრწყინვალე სატრფიალო თავგადასავალი საოცრად რომანტიკულ ქვეყანაში, რომლის ბუნებაც დიდებულად არის აღწერილი. ოცდათოთხმეტი წლის კაცმა სახელმძღვანელოდაც რომ გაიხადოს ეს წიგნი ცხოვრებაში, ამით არაფერი დაუშავდება. ეს ისეთივე უხიფათო საქმე იქნება, თუნდაც ამავე ხნის კაცი ფრანგული მონასტრიდან გამოსულიყოს და ალჟერის წიგნთა სერიით4 შეიარაღებული პირდაპირ უოლ სტრიტზე გამოცხადებულიყოს. კონმა ისე სერიოზულად მიიღო ყოველი სიტყვა, თითქოს «საფინანსო ბიულეტენი» ყოფილიყოს. ზოგი რამ, რაღა თქმა უნდა, თავისებურად ახსნა, მაგრამ მთელი წიგნი საერთოდ სერიოზულად მიიღო. კიდევ ეს ეჭირვებოდა?! ვერც კი წარმომედგინა, რა ზომამდე იყო მისული, მანამ ერთ დღეს რედაქციაში არ გამომეცხადა.
_ ჰელო, რობერტ, _ მივმართე მე, _ ჩემს გასამხიარულებლად მოხვედი?
_ სამხრეთ ამერიკაში არ წამოხვალ, ჯეიკ?
_ არა.
_ რატომ?
_ რა ვიცი. ჩემს დღეში არ მიფიქრია. ძალიან ძვირი ჯდება. პარიზში რამ გამოლია სამხრეთამერიკელები!
_ ეგენი ხომ ნამდვილი სამხრეთამერიკელები არ არიან.
_ მე კი მგონია, მეტისმეტად ნამდვილები არიან.
შეთანხმებული ვიყავი, მატარებელს უნდა დავხვედროდი და მთელი კვირის კორესპონდენციები გამეტანებინა. ჯერ ნახევარიც არ მქონდა დაწერილი.
_ ჭორები არაფერი იცი? _ ვკითხე მე.
_ არა.
_ შენს ნაცნობთაგან ცოლს არავინ ეყრება, ვინმე დიდი კაცი?
_ არა. იცი, რა, ჯეიკ, _ შენი ხარჯებიც რომ ვიკისრო, მაინც არ გამომყვები სამხრეთ ამერიკაში?
_ მე რა უნდა გავაკეთო?
_ შენ ესპანური იცი, და ისედაც, ერთად რომ ვიქნებით, არ მოგვწყინდება.
_ არა, _ ვუთხარი მე, _ აქ მირჩევნია, ზაფხულში კი ესპანეთისკენ გავწევ.
_ მთელი დღე და მოსწრება ამისთანა მოგზაურობას ვნატრობ, _ თქვა კონმა. სკამზე ჩამოჯდა, _ ალბათ სულ დავჩაჩანაკდები, მანამ მოვახერხებდე.
_ რამ გაგასულელა, _ ვუთხარი მე, _ საითაც მოგეპრიანება, იქით წახვალ, ფული ჩეჩქივითა გაქვს.
_ ჰო, მაგრამ ადგილიდან დაძვრა არ მოხერხდა.
_ გამხიარულდი, _ მივმართე მე, _ საცა უნდა წახვიდე, ყველა ქვეყანა კინოსურათს ჰგავს.
მაგრამ შემეცოდა. მართლაც ძალიან გაფუჭებოდა გუნება.
_ გული მიკვდება _ სიცოცხლე მიქრის, მე კი ნამდვილი ცხოვრება რას ჰქვია, არ ვიცი.
_ მატადორების მეტი არც არავინ ცხოვრობს რიგიანად.
_ მატადორები სულაც არ მაინტერესებს. ეს ხომ არანორმალური ცხოვრებაა. მე მინდა, სამხრეთ ამერიკა მოვიარო. დიდებული მოგზაურობა გვექნებოდა.
_ ბრიტანეთის აფრიკაში ნადირობას არ ისურვებდი?
_ არა, გული არ მიმიწევს.
_ იქ კი ნამდვილად წამოგყვებოდი.
_ არა, სულაც არ მაინტერესებს.
_ იმიტომ, რომ არაფერი წაგიკითხავს აფრიკაზე. აბა, ერთი წადი და მშვენიერი შავი პრინცესების სასიყვარულო ამბები წაიკითხე.
_ მე სამხრეთ ამერიკაში მინდა წასვლა.
გაუტეხელი ებრაული სიჯიუტე ჰქონდა.
_ დაბლა ჩავიდეთ და რამე დავლიოთ.
_ გცალია?
_ კი, _ ვუთხარი მე. პირველი სართულის კაფეში შევედით. იმ დასკვნამდე მივედი, რომ მეგობრებისაგან თავდასაღწევად ყველაზე კარგი საშუალება ეგ არის. დალევ ერთ ჭიქას და იტყვი: «ახლა კი უნდა წავიდე, დეპეშები მაქვს გასაგზავნი»… და მორჩა. საგაზეთო მუშაობაში, სადაც ეთიკა მოითხოვს, არავის ეჩვენო მუშაობის დროს, ამისთანა აღმოჩენები ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი სიტყვით, დაბლა ჩავედით და სოდიანი ვისკი დავლიეთ. კონმა კედლებთან ჩამწკრივებულ ბოთლიან ყუთებს გადახედა.
_ მშვენიერი კაფე ყოფილა, _ თქვა მან.
_ ბევრი სასმელი აქვთ, _ დავეთანხმე მეც.
_ მომისმინე, ჯეიკ, _ დახლს გადააწვა, _ ნუთუ არასოდეს გიფიქრია, რომ ცხოვრება მიდის და შენ კი ჯერ არაფერი მოგისწრია? წარმოგიდგენია, თითქმის ნახევარი ცხოვრება წავიდა!
_ ხანდახან ვფიქრობ ხოლმე.
_ წარმოგიდგენია, კიდევ რაღაც ოცდათხუთმეტი წელი და უნდა მოვკვდეთ.
_ რა ჯანდაბა მოგივიდა, რობერტ, რა ამბავია!
_ სერიოზულად გეუბნები.
_ მადლობა ღმერთს, ეს ერთი რამე მაინც არ მაწუხებს.
_ უნდა გაწუხებდეს.
_ შესაწუხებელი ჯერაც არ მომკლებია. მეტი რა ვიცი!
_ ერთი სიტყვით, სამხრეთ ამერიკაში წასვლა მინდა.
_ იცი, რას გეტყვი, რობერტ, სხვა ქვეყანაში წასვლა არაფერს არა შველის! ეგეც მიცდია. რამდენიც უნდა იხეტიალო, შენს თავს მაინც ვერ გაექცევი. მაგისი საშველი არ არის.
_ ჰო, მაგრამ ერთხელაც ხომ არ ყოფილხარ სამხრეთ ამერიკაში?
_ რას ჩააცივდი ამ სამხრეთ ამერიკას! ასე ცხვირჩამოშვებული გინდა წასულხარ, გინდა არა! პარიზი მშვენიერი ქალაქია. რატომ არ გინდა, აქ იცხოვრო და ნამდვილი ცხოვრებით დატკბე?
_ პარიზი უკვე გულს მირევს. ლათინური კვარტალი გულს მირევს.
_ შენც ნუ გაეკარები მაგ კვარტალს. იხეტიალე მარტოდმარტო და ნახე, რა მოგივა.
_ არაფერიც არ მომივა. მთელი ღამე ვიარე ერთხელ და არაფერი მომსვლია. ეგ იყო, რომ ველოსიპედიანმა პოლიციელმა გამაჩერა და საბუთები მომთხოვა.
_ მერე კარგი არ იყო ქალაქი ღამით?
_ არ მიყვარს პარიზი.
ეგეც თქვენ! ძალიან კი მეცოდებოდა, მაგრამ რას ვუშველიდი! რაც უნდა გემეცადინა, ორ აკვიატებულ აზრს ვერ შეაცვლევინებდი: სამხრეთ ამერიკა თუღა იხსნიდა მას, და პარიზი ეჯავრებოდა. პირველი აზრი წიგნებში ამოიკითხა და მეორეც წიგნებში ჰქონდა ამოკითხული.
_ წავედი, _ ვთქვი მე, _ მაღლა უნდა ავიდე და დეპეშები გავგზავნო.
_ მართლა უნდა წახვიდე?
_ ჰო, დეპეშები უნდა გავგზავნო.
_ მეც რომ ამოგყვე სამსახურში და ცოტა ხანს დავჯდე, ხელს ხომ არ შეგიშლი?
_ არა, წამოდი.
წინა ოთახში დაჯდა და გაზეთებისა და ჟურნალ «რედაქტორისა და გამომცემლის» კითხვა დაიწყო, მე კი მთელი ორი საათი თავი არ ამიღია. მერე დაბეჭდილი ეგზემპლარები ცალ-ცალკე დავალაგე, შენიშვნები გავუკეთე, დიდ კონვერტებში ჩავაწყვე და შიკრიკი გამოვიძახე, რომ სენ-ლაზარის სადგურში წაეღო. მეორე ოთახში გავედი. რობერტ კონს სავარძელში ეძინა. თავი მკლავებზე ჰქონდა დადებული. მეძნელებოდა გაღვიძება, მაგრამ რედაქცია უნდა დამეკეტა და წავსულიყავი. ბეჭებზე დავადე ხელი. თავი გააქნია.
_ მაგას ვერ ვიზამ, _ თქვა მან და უფრო ღრმად ჩარგო მკლავებში თავი, _ არა. არასდიდებით არ ვიზამ.
_ რობერტ, _ ვთქვი მე და შევანჯღრიე. ამომხედა, გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.
_ ხმამაღლა ვლაპარაკობდი?
_ ჰო, მაგრამ ვერ გავარჩიე, რას ამბობდი.
_ ღმერთო, რა საძაგელი სიზმარი ვნახე!
_ ჩემი საბეჭდი მანქანის ხმაზე ჩაგეძინა?
_ ალბათ. წუხელის თვალიც არ მომიხუჭავს.
_ რატომ?
_ ვლაპარაკობდით, _ თქვა მან.
ჩემთვის ადვილი წარმოსადგენი იყო მათი საუბარი. საძაგელი ჩვეულება მაქვს _ მეგობრები საწოლ ოთახში წარმომიდგებიან ხოლმე. კაფე «ნაპოლიტენისკენ» გავწიეთ აპერიტივის დასალევად და ბულვარში მოსეირნე ხალხის საყურებლად.

თავი III

გაზაფხულის თბილი საღამო იყო. რობერტი წავიდა, მე კი კაფე «ნაპოლიტენის» ტერასაზე ვიჯექი, მაგიდასთან, და შევყურებდი სიბნელის ჩამოწოლას, ელექტრორეკლამების ანთებას, შუქნიშნების მწვანე და წითელ სინათლეებს, მოსეირნე ხალხს, ტაქსების გრძელი მწკრივის გასწვრივ ჩაქჩაქით მიმავალ ეტლებს და ვახშმის საშოვნელად გამოსულ «ვარიკებს», რომლებიც ხან ცალ-ცალკე და ხანაც წყვილ-წყვილად დაწრიალებდნენ. ერთმა მშვენიერმა გოგომ ჩაუარა ჩემს მაგიდას, თვალი გავაყოლე _ ქუჩას შეჰყვა და გაუჩინარდა. ახლა მეორეს გავაყოლე თვალი, მაგრამ ვნახე, რომ პირველი უკანვე ბრუნდებოდა. ერთხელ კიდევ ჩამიარა, თვალი რომ გავუყარე, მოვიდა და ჩემს მაგიდას მოუჯდა. ოფიციანტიც მოვარდა.
_ რას დალევ? _ ვკითხე მე.
_ Pერნოდ.
_ პატარა გოგონებისათვის პერნო როგორ შეიძლება?!
_ შენ თვითონა ხარ პატარა გოგო. Dიტეს, გარცონ, უნ პერნოდ.5
_ მეც მომიტანე ერთი პერნო.
_ რაო? _ მკითხა მან, _ გინდა, დრო გაატარო?
_ რა თქმა უნდა. შენ?
_ რა ვიცი. ამ ქალაქში რამეს გაიგებს კაცი!
_ არ გიყვარს პარიზი?
_ არა.
_ რატომ სხვაგან არ წახვალ?
_ არა მაქვს წასასვლელი.
_ სულერთია, აქაც ბედნიერი ხარ.
_ როგორც ჯოჯოხეთში!
პერნო აბსენტის მომწვანო სუროგატია. ცოტა წყალი თუ გაურიე, რძის ფერს მიიღებს. ძირტკბილას გემო დაჰკრავს და პირველად აღგაგზნებს ხოლმე, მაგრამ მერე ერთბაშად მოგშლის. ვისხედით და ვსვამდით. გოგოს ცხვირ-პირი ჩამოსტიროდა.
_ ჰა, _ მივმართე მე, _ იქნებ ვახშამზე დამპატიჟო!
გაიჭყანა და მაშინვე მივხვდი, რატომ ერიდებოდა გაცინებას. პირმოკუმული მშვენიერი გოგო ჩანდა. ფული გადავიხადე და ქუჩაში გავედით. ეტლს გავძახე და მეეტლემ ზედ ტროტუარზე მოაყენა. გადავწექით ნელსა და რბილად მიმავალ ფიაკრში6 და დე ლ,ოპერას ავენიუსკენ გავწიეთ. მაღაზიების ვიტრინები განათებული იყო, კარები _ დაკეტილი, გაჩახჩახებულ ქუჩაში კაცის ჭაჭანება არ ჩანდა. ეტლმა ჩაუარა «ნიუ-იორკ ჰერალდის» რედაქციას, სადაც ყველა ფანჯარაში საათი იყო ჩასმული.
_ რის მაქნისია ამდენი საათი? _ მკითხა გოგომ.
_ ამერიკის სხვადასხვა კუთხის დროს აჩვენებენ.
_ რას მაბითურებ!
რიუ დე პირამიდის ავენიუსკენ შევუხვიეთ, გავიარეთ ხალხით გაჭედილი რიუ დე რივოლი და ბნელი ჭიშკრით ტიუილრიში გავედით. მკერდზე მომეხუტა და ხელი მოვხვიე. თავი ასწია და ტუჩები საკოცნელად მომიშვირა. ხელი მომკიდა, მაგრამ მოვიშორე მისი ხელი.
_ ტყუილა იწუხებ თავს.
_ რა მოგივიდა? ავად ხომ არ ხარ?
_ ჰო.
_ ვინღა არ არის ავად! მეც ავად ვარ.
ტიუილრიდან სინათლეზე გავედით, სენა გადავჭერით და რიუ დე სენტ-პერისკენ შევუხვიეთ.
_ ავად თუ იყავი, პერნო არ უნდა დაგელია.
_ არც შენ.
_ ჩემთვის სულერთია. ქალისთვის სულერთია.
_ რა გქვია?
_ ჟორჟეტ. შენ რა გქვია?
_ ჯეკობ.
_ ფლამანდიური სახელია.
_ ამერიკულიც.
_ ფლამანდიელი არა ხარ?
_ არა, ამერიკელი.
_ კიდე კარგი. ფლამანდიელები მძულს.
ამასობაში რესტორანსაც მივადექით. გააჩერე-მეთქი, მეეტლეს გავძახე. ჩამოვხტით. ჟორჟეტს არაფრად ეპიტნავა რესტორანი.
_ ეს რა რესტორანია!
_ რას ამბობ, _ ვუთხარი მე, _ იქნებ ფოაიო გირჩევნია. რატომ არ დააცდევინე ეტლს _ ბარემ ჩაჯდებოდი და გასწევდი!
იმიტომ წამოვიყვანე, რომ რაღაც ბუნდოვანი სენტიმენტალური აზრი გამიჩნდა, ვინმესთან ერთად უფრო გემრიელად ვივახშმებ-მეთქი. დიდი ხანი იყო «ვარი¬კასთან» აღარ მევახშმა და დავიწყებული მქონდა, რა მოსაწყენიც არის. შევედით რესტორანში, ჩავუარეთ მადამ ლავინს, რომელიც საანგარიშო მაგიდასთან იჯდა, და პატარა ოთახში გავედით. საჭმელმა ცოტათი გაახალისა ჟორჟეტი.
_ არც ისე ცუდი ყოფილა, _ თქვა მან, _ თვითონ რესტორანი ვერაფერიშვილია, მაგრამ კარგი საჭმელები ჰქონიათ.
_ ერთი ლიეჟში გაჭმევენ ასე გემრიელად!
_ ბრიუსელი უნდა გეთქვა.
მეორე ბოთლი ღვინოც დავლიეთ და ჟორჟეტმა ხუმრობა დაიწყო. გაიღიმა, გამოაჩინა თავისი უხეირო კბილები, და ჩვენ ჭიქები მივაჭახუნეთ.
_ კაი ბიჭი ყოფილხარ, _ თქვა მან, _ აფსუსია, ავად რომ ხარ. კარგად შევეწყობოდით ერთმანეთს. მაინც რა მოგივიდა?
_ ომში დავიჭერი.
_ ოჰ, ეს ბინძური ომი!
ალბათ, შევყვებოდით ომზე მსჯელობას და იმ დასკვნამდე მივიდოდით, რომ ომი ცივილიზაციის დამღუპველია და უმჯობესია თავიდან ავიცილოთ. მე ხომ ყელში ამომივიდა! უცებ მეორე ოთახიდან გაისმა:
_ ბერნს! ჰეი, ბერნს! ჯეკობ ბერნს!
_ მეგობარი მეძახის, _ ვთქვი და გამოვედი.
დიდ მაგიდას ბრედოკსი და მთელი კომპანია შემოსხდომოდა: კონი, ფრენსის კლაინი, მისის ბრედოკსი და კიდევ ვიღაცები.
_ საცეკვაოდ არ წამოხვალ? _ მკითხა ბრედოკსმა.
_ სადა?
_ დანსინგში, რა თქმა უნდა. ჩვენ ისევ განვაახლეთ ცეკვა, არ გაგიგიათ? _ ჩაურთო მისის ბრედოკსმა.
_ წამოდით, ჯეიკ, ყველანი მივდივართ, _ გამომძახა ფრენსისმა სუფრის ბოლოდან. წელში გამართულიყო და იღიმებოდა.
_ წამოვა, აბა, რას იზამს, _ თქვა ბრედოკსმა, _ შემოგვიერთდი, ყავაზე დაგვეწვიე.
_ კარგი.
_ თქვენი მეგობარიც მოიყვანეთ, _ სიცილით მითხრა მისის ბრედოკსმა. კანადელი იყო და კანადური სილაღე და უშუალობა ჰქონდა.
_ გმადლობთ, ახლავე გადმოვალთ, _ ვთქვი მე და ჩვენს პატარა ოთახში შევბრუნდი.
_ ვინ არიან ეს შენი მეგობრები? _ მკითხა ჟორჟეტმა.
_ მწერლები და მხატვრები.
_ მთელი გამოღმა მხარე სულ მაგათია.
_ ძალიან ბევრნი არიან.
_ ძალიან. თუმცა ზოგ-ზოგი მაინც კარგად აკეთებს ფულს.
_ ო, იცოცხლე!
მოვრჩით ვახშამს, ღვინოც გამოვცალეთ.
_ წავიდეთ, _ ვთქვი მე, _ ყავა იმათთან ერთად დავლიოთ.
ჟორჟეტმა ჩანთა გახსნა, სარკეში ჩაიხედა და პუდრი წაისვა, მერე ტუჩებზე პომადა წაიცხო და ქუდი წამოსწია.
_ წავიდეთ.
ხალხით გაჭედილ ოთახში შევედი, ბრედოკსი და სხვა მამაკაცები წამოდგნენ.
_ ნება მომეცით წარმოგიდგინოთ ჩემი Fიანცეე.7 მადმუაზელ ჟორჟეტ ლებლანი, _ ვთქვი მე. ჟორჟეტმა თავისი მომხიბლავი ღიმილით გაიღიმა. ყველას ჩამოვართვით ხელი.
_ მომღერალ ჟორჟეტ ლებლანისა ხომ არაფერი ხართ? _ ჰკითხა მისის ბრედოკსმა.
_ ჩონნაის პას,8 _ უპასუხა ჟორჟეტმა.
_ ერთნაირი რომ გაქვთ სახელიცა და გვარიც! _ გულწრფელი დაინტერესებით ჩაეკითხა მისის ბრედოკსი.
_ არაფერიც, _ მიუგო ჟორჟეტმა, _ სულაც არა. ჩემი გვარი ჰობენია.
_ მისტერ ბერნსმა რომ მადმუაზელ ჟორჟეტ ლებლანად გაგვაცნო თქვენი თავი? ასე არა თქვა? _ არ ეშვებოდა მისის ბრედოკსი და ფრანგულის ლაპარაკით ისე აღგზნებულიყო, რომ აღარც კი ესმოდა თავისივე წარმოთქმული სიტყვების Dშინაარსი.
_ ეს სულელია, _ თქვა ჟორჟეტმა.
_ აჰ, იხუმრა? _ იკითხა მისის ბრედოკსმა.
_ დიახ, გასაცინებლად, _ მიუგო ჟორჟეტმა.
_ არ გესმის, ჰენრი! _ სუფრის ბოლოში გასძახა მისის ბრედოკსმა ქმარს, _ მისტერ ბერნსმა თავისი Fიანცეე მადმუაზელ ლებლანად გაგვაცნო, ნამდვილად კი ჰობენი ყოფილა.
_ რა თქმა უნდა, ჩემო ძვირფასო, მადმუაზელ ჰობენია, რამდენი ხანია ვიცნობ.
_ ო, მადმუაზელ ჰობენ, _ მიმართა ფრენსის კლაინმა, რომელიც ფრანგულს სხაპასხუპით ლაპარაკობდა, მაგრამ მისის ბრედოკსისაგან განსხვავებით, არც უკვირდა ეს და არც დიდად ამაყობდა, _ დიდი ხანია პარიზში ხართ? მოგწონთ აქურობა? ხომ გიყვართ პარიზი? ჰა?
_ ვინ არის ეს ქალი? _ მომიბრუნდა ჟორჟეტი, _ უსათუოდ უნდა ვუპასუხო?
მერე ფრენსისისკენ მიბრუნდა, რომელიც გულხელდაკრეფილი იჯდა, იღიმებოდა, თავი მომაღლოდ დაეჭირა მაღალ კისერზე და ტუჩები ისე მოეპრუწა, რომ ეტყობოდა, კვლავ სალაპარაკოდ იყო გამზადებული.
_ არა, არ მიყვარს პარიზი. ძვირია და ჭუჭყიანი.
_ მართლა? მე კიდევ ძალიან სუფთა მეჩვენება _ მთელ ევროპაში ყველაზე უსუფთავესი ქალაქია.
_ მე კი მგონია, რომ ჭუჭყიანია.
_ რა უცნაურია! ალბათ, დიდი ხნის ჩამოსული არა ხართ.
_ კარგა ხნის ჩამოსული ვარ.
_ მაგრამ კარგი ხალხი კია, ეს უნდა ვაღიაროთ.
ჟორჟეტი მე მომიბრუნდა.
_ მშვენიერი მეგობრები გყოლია.
ფრენსისი შემთვრალი იყო და ლაპარაკი ეხალისებოდა, მაგრამ ყავა შემოიტანეს, მერე ლავინმა ლიქიორი მოგვართვა, რის შემდეგაც ბრედოკსს ხათრი აღარ გავუტეხეთ და საცეკვაო კლუბისკენ გავემართეთ.
ეს საცეკვაო კლუბი Bალ მუსეტტე9 იყო რიუ დე ლა მონტენ სენ-ჟენვიზე. პანთეონის უბანში მცხოვრები მუშა ხალხი კვირაში ხუთ დღეს იქა ცეკვავდა, ერთი საღამო დანსინგ-კლუბად იყო გადაქცეული, ხოლო ორშაბათობით კეტავდნენ. ჩვენ რომ მივედით, კლუბში კაცის ჭაჭანება არ იყო, მარტო პოლიციელი ჩამომჯდარიყო კარებთან, კლუბის პატრონი და მისი მეუღლე დახლში იდგნენ. შევედით თუ არა, ზემოდან პატრონის ქალიშვილი დაეშვა. ოთახში გრძელი სკამები და მაგიდები იდგა, ბოლოში კი საცეკვაო მოედანი ჰქონდათ მოწყობილი.
_ ნეტა უფრო ადრე იკრიბებოდეს ხალხი, _ თქვა ბრედოკსმა. ქალიშვილი მოგვიახლოვდა და გვკითხა, დასალევი რა მოგართვათო. კლუბის პატრონი მოედნის ახლოს, ტაბურეტზე წამოჯდა და აკორდეონი გაწელა. კანაფზე ასხმული ეჟვნები ცალ კოჭზე შემოეკრა და მუსიკის ტაქტს ფეხსაც აყოლებდა. ყველა ცეკვავდა. ცხელოდა და მოედნიდან გაოფლიანებულები გამოვედით.
_ ღმერთო ჩემო, _ თქვა ჟორჟეტმა, _ ეს რა კოლოფია, სულ ოფლად გავიღვარე.
_ ცხელა.
_ ჯოჯოხეთური სიცხეა!
_ ქუდი მოიხადე.
_ კარგი გამახსენე.
ჟორჟეტი ვიღაცამ საცეკვაოდ გაიწვია, მე დახლს მივადექი. მართლაც ძალიან ცხელოდა და აკორდეონი სასიამოვნოდ ჟღერდა ამ ცხელ ღამეში. ღია კარში ვიდექი, ლუდი დავლიე და შუბლი ქუჩიდან მონაბერ გრილ ნიავს მივუშვირე. დაღმართზე ორი ტაქსი დაეშვა. კლუბის წინ გაჩერდა ორივე. ყმაწვილი კაცები ჩამოხტნენ. ზოგს ჯემპრი ეცვა და ზოგს _ მოკლესახელოებიანი პერანგი. კარიდან გაჭრილ სინათლეზე კარგად ვხედავდი მათ ხელებსა და ახალდაბანილ, დახვეულ თმებს. კართან მდგომმა პოლიციელმა შემომხედა და გამიღიმა. ყმაწვილები დარბაზში შემოვიდნენ მანჭვა-გრეხითა და ყბედობით, სანთლის შუქზე კარგად გავარჩიე თეთრი ხელები, დახვეული თმები და თეთრი სახეები. ბრეტიც მათ ახლდა. ძალიან ლამაზი ჩანდა და, ეტყობოდა, კარგად იყო შეწყობილი ამ ბიჭებთან.
ერთმა მათგანმა ჟორჟეტი დაინახა და მაშინვე წამოიძახა: «აჰა, ნამდვილი კახპა. ლეტ, აბა, გვიყურე, უნდა ვაცეკვო».
მაღალმა, შავგვრემანმა ბიჭმა, რომელსაც ლეტი ერქვა, უთხრა: «კარგი ერთი, აყალმაყალი არ ატეხო».
თმადახვეულმა ქერა ბიჭმა უპასუხა: «შენ ფიქრი ნუ გაქვს, ჩემო კარგო». და ბრეტიც ამათთან იყო.
გული ყელში მომებჯინა. თავს ვერ ვიკავებდი, მუდამ საშინლად მაბრაზებდა მათი მანჭვა-გრეხა, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ სასაცილოდ მიაჩნიათ ხოლმე და უნდა მოუთმინოო, ამბობენ. მინდოდა, ერთი მაგრად ჩამეფარებინა რომელიმესთვის, სულერთია, ვინ იქნებოდა, და ეს უტიფრული მანჭვა დამევიწყებინა. ამის ნაცვლად, გარეთ გავედი, ქუჩას დავუყევი და მეზობელ საცეკვაო დარბაზში ლუდი დავლიე. ცუდი ლუდი შემხვდა და გემოს გამოსასწორებლად კონიაკი დავაყოლე, მაგრამ ის კიდევ უფრო უარესი აღმოჩნდა. უკან რომ დავბრუნდი, მოედანზე გახურებული ცეკვა ჰქონდათ. ჟორჟეტი ცეკვავდა იმ მაღალ, ქერა ბიჭთან, რომელსაც თავი გვერდზე გადაეღრიცა, თვალები მაღლა ჰქონდა აბრეცილი და თეძოებს აქეთ-იქით გრეხდა. შეწყდა თუ არა მუსიკა, ახლა მეორემ გაიწვია საცეკვაოდ. სულ წამართვეს. ვიცოდი, რომ სათითაოდ ყველა იცეკვებდა მასთან. ასეთი ადათი აქვთ.
მაგიდას მივუჯექი. კონიც იმ მაგიდასთან იჯდა. ფრენსისი ცეკვავდა. მისის ბრედოკსმა ვიღაც მოიყვანა და გაგვაცნო _ რობერტ პრენტისი არისო. ნიუიორკელი იყო, ჩიკაგოში დაბადებული და მწერლობაში კარგი პირი უჩანდა. რაღაც უცნაური ინგლისური აქცენტით ლაპარაკობდა. ღვინოზე მოვიწვიე.
_ გმადლობთ, _ მიპასუხა მ

მთარგმნელივახტანგ ჭელიძე
Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button