ასია – ბიჭო, რამდენჯერ მოგხვდა ასიას ჯოხი? – სამჯერ, შენ? – მე ორჯერ! – ტრაბახობდნენ ბიჭები და ზურგზე პერანგწამოწეულები, ერთმანეთს ჯოხისგან დატოვებულ ვარდისფერ ზოლებს აჩვენებდნენ. *** ასია ჩემი სკოლის კარისკაცი იყო, უფრო სწორად კი – კარისქალი. სკოლის პირდაპირ, ბარაკში ცხოვრობდა. პირველ კლასში რომ შემიყვანეს, ასია უკვე “ბებერი” იყო – ასე, 30-35 წლისა. დაბალს და შავგვრემანს, მოყავისფრო-მოწითალო ფერის თმით, შავი ულვაშებით, ნიკაპზე მეჩხერი წვერით, თითებში გაჩრილი “პრიმა” პაპიროსით, წითელი საყურეებით, მრავალშრიანი ქვედაბოლოთი და თავზე წაკრული ჭრელი ხილაბანდით, ხელში მუდმივად, ჯოხსა და კეტს შორის, რაღაც საშუალო ეჭირა. ასიას წყევლა-კრულვა ლოცვა-კურთხევასავით ჩაგვესმოდა, მისგან ბეჭებზე გადაკრული ჯოხი კი – მექისის მასაჟივით გვერგებოდა. მიზეზი უამრავი არსებობდა: – სკოლაში ადრე მისვლა ან დაგვიანება, სკოლიდან ადრე გასვლა ან გვიან გასვლა, სკოლის ეზოში ფეხბურთის თამაში ან თამაშის ყურება, კორიდორში იატაკზე დაყრილ მასტიკაარეულ ნეხერხზე სრიალი ან გორაობა, ჩხუბი ან კინკლაობა, კიბის მოაჯირზე ჩამოსრიალება, ხმამაღლა ლაპარაკი ან, უბრალოდ, თვალში თუ არ მოუხვიდოდი. – დარ, დარ, დარ! ვაი, შენ მოკდიი, დაგეყაროს მიწაა! – ჯოხით ხელში გამოგვეკიდებოდა ასია, ჩვენ კი, თავქუდმოგლეჯილი გავრბოდით. თუ ვერ დაგვიჭერდა, მეორე თუ არა, მესამე დღეს, მოგვეპარებოდა და ჯოხს გადაგვკრავდა ზურგზე. ვისაც ასიას ჯოხის გადაკვრა არ ჰქონდა ნაგემი, ესე იგი არაფერს აშავებდა და “დედიკოს ბიჭი” იყო. ზოგჯერ განზრახ მიგვიშვერია ზურგი, რომ ჯოხი მოგვხვედროდა და “დედიკოს ბიჭის” იარლიყი არ “აგვწებებოდა”. ერთი კლასელი მყავდა, ფრიადოსანი იყო, არაფერს აშავებდა, ამიტომ ასიას ჯოხის გემო არ იცოდა. სულ დავცინოდით – შენ რა კაცი ხარ, ასიას ჯოხი არ მოგხვედრიაო?! ისიც, ადგა და, ცხოვრებაში პირველად, სკოლაში დაიგვიანა, მივიდა და ასიას ზუგი მიუშვირა. – შენზე ჯოხს როგორ გავსვრიო! – პანჩური ამოარტყა ასიამ. იცოდა ასიამ, ვისთვის ჯოხი ჩაერტყა, ვინ დაეწყევლა და ვისთან ეძმაკაცა. მეშვიდე კლასამდე ყველას ჯოხით სცემდა, 7-8 კლასელებს სწყევლიდა, 9-10 კლასელებთან – ძმაკაცობდა. პირველ სართულზე, კორიდორის დასაწყისში, ფიზკულტურის გასახდელის გასაღები ასიას ებარა. ბუფეტიდან ჩამოვიტანდით: – სკოლის პატარა “სასისკებს”, “იაზიჩოკებს”, სამკუთხა “პავიდლოიან” ფენოვან ნამცხვრებს, “კორჟიკს”. ასია გააღებდა გასახდელს, შევიდოდით, გასახდელს შიგნიდან ჩავკეტავდით და თან ვჭამდით, თან სიგარეტს ვეწეოდით. რა თქმა უნდა, ასიაც ჩვენთან ერთად იყო. – ბიჭო, პაპიროსი გაქვსო? – ჩვენ ან “მზიურს” გავუწვდიდით, ან “ლუქსს”. გამოგვართმევდა, ფილტრს მოატეხდა და ისე ეწეოდა. ასიას ხელში დავამთავრეთ სკოლა: – მე, ჩემმა ძმამ, 12 წლით უმცროსმა დამ, ჩემმა შვილმა. ასია ისევ ისეთი იყო, თითქოს დრო გაჩერებულაო – იწყევლებოდა და ჯოხით დასდევდა ბავშვებს. მიხაროდა მისი დანახვა, ჩემი ბავშვობა მახსენდებოდა. *** ამასწინათ, შვილიშვილი მივიყვანე ჩემს სკოლაში. შესასვლელში მანდატური იჯდა. იმას ვკითხე ასიას ამბავი, არ იცოდა. სამასწავლებლოში ვიკითხე – ბავშვს ჯოხი ჩაარტყა, მისი უფლებები დაარღვია, მშობელმა უჩივლა. საწყალი ასია სკოლიდან გააგდეს, იმ ღამით სახლში არ მისულა, დილით ფიზკულტურის გასახდელში ნახეს მკვდარიო! – სინანულით მითხრა ტატიანა მასწავლებელმა. არდაშელ თაქთირიძე გთხოვთ, გამოიწეროთ ჩემი გვერდი:https://www.facebook.com/ardashel.taktiridze/
Related Articles
Check Also
Close - აგათა კრისტი – ალბათობის თეორიათებერვალი 26, 2021