ლიტერატურაწიგნები

წელიწადის დრონი – სტივენ კინგი

ძალიან ბევრ ადამიანს, როდესაც სტივენ კინგს უხსენებ, მაშინვე თვალწინ წარმოუდგება მისტიკის, ფენტეზისა და საშინელებათა ჟანრში დაწერილი წიგნები. რატომღაც, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ ძია სტივენი მხოლოდ ამ ჟანრებში ფუსფუსებს და შესაბამისად, მის შემოქმედებას არასერიოზულად უყურებენ.
 პირველ რიგში, ეს არასერიოზული დამოკიდებულება არის ზოგადად ფენტეზის ტიპის წიგნების მიმართ, რომელსაც ადამიანები, განსაკუთრებით კი ,,დოსტოევკოფილები“ (ვგულისხმობ ფილოსოფიის მოყვარულ საზოგადოებას) აღიქვამენ როგორც ძალიან ზერელე და არაფრისმომცემ ჟანრად. თუმცა თუ ამ ჟანრში მოღვაწე მწერალი საკმაოდ სერიოზულად ეკიდება თავის საქმეს(სამწერლო ასპარეზს), მაშინ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ნებისმიერი არარეალური მოვლენის მიღმა შესაძლოა დაინახო სერიოზული და საკმაოდ აქტუალური პრობლემაც. თუმცა ამას რომ თავი დავანებოთ, რჩება მეორე ცუდი სტერეოტიპი, როდესაც ხალხი სტივენ კინგს მიიჩნევს მხოლოდ ზემოთხსენებულ ჟანრებში მოღვაწე მწერლად. სწორედ ამ სტერეოტიპის დასანგრევად კინგმა დაწერა არაერთი ნაწარმოები, რომელიც სცილდება ფენტეზის ჟანრს და არის ტიპური ფსიქოლოგიური დრამის, ტრილერისა და ზოგადფილოსოფიური სახის ნაწარმოებიც კი. დღეს კი სწორედ კინგის ამ ტიპის წიგნების ერთ-ერთ წარმომადგენელზე-  ,,წელიწადის დრონზე“ მინდა ვისაუბროთ.
პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ეს წიგნი აერთიანებს 4 მოთხრობას, ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელ ნაწარმოებს, რომელთაგან 3-ზე საკმაოდ პოპულარული ფილმია გადაღებული. ესენია ,,რიტა ჰეიუორთი და გაქცევა შოუშენკის საპატიმროდან“, ,,ნიჭიერი მოწაფე“ და ,,გვამი“. ხოლო მეოთხრე მოთხრობაზე -,,სუნთქვის მეთოდი“, სამწუხაროდ,  ჯერჯერობით ფილმი არ გადაუღიათ.
მაშ ასე, დავიწყოთ:

1. რიტა ჰეიუორთი და გაქცევა შოუშენკის საპატიმროდან

რაოდენ გასაოცრადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ბევრ ადამიანს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ისეთი ცნობილი ფილმი, როგორიცა ,,გაქცევა შოუშენკის საპატიმროდან“, სტივენ კინგის დაწერილია. ეს არის წიგნი, რომლის სიუჟეტი საკმაოდ მარტივია, კერძოდ ახალგაზრდა ბანკირს, ედი დიუფრეინს ცოლისა და მისი საყვარლის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან მკაცრი რეჟიმის ციხეში. მიუხედავად პრიმიტიული სიუჟეტისა, ნაწარმოებში შეხვდებით ძალიან საინტერესო მოვლენებსა და ფაქტებს, რომელთა უემოციდ გავლა შეუძლებელია. თქვენ ნახავთ თუ რაოდენ ძნელია ციხის ადამიანის პირველი დღეები, ის ციხესთან ადაპტაციის პირველი წლები, რომლის გადალახვაც უწევთ პატიმრებს. იმ ფაქტორს, რომ მთავარ მოქმედ პირს სამუდამო პატიმრობას უსჯიან, ემატება ფსიქოლოგიური წნეხები და ფიზიკური ანგარიშსწორება, რომლებიც ციხის უფროსის წყალობით უხვადაა საპატიმროს ფარგლებში. ამ საფრთხის შემცველია, როგორც თავად ციხის ბადრაგები, აგრეთვე სხვა პატიმრებიც, რაც ციხის ცხოვრებას კიდევ უფრო აუტანელს ხდის.ნაწარმოებში შეხვდებით მრავალ უარყოფით პერსონაჟს, მაგალითად ციხის უფროს ნორტონს, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ რელიგიას ამოფარებული ტირანი. მისი ბიბლიური ფრაზებით მანიპულირება ნამდვილად ამაზრზენია. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ის იცავს რელიგიურ მცნებებს, რადგან უშუალოდ მისი ხელით არაფერი ,,ფუჭდება“. რეალურად კი, ის ყველა პუნქტს არღვევს, რადგან ნებისმიერი ბინძური საქმე სწორედ მისი ბრძანებით სრულდება. თუმცა მიუხედავად ნორტონის მსგავსი პერსონაჟებისა, ნაწარმოებში შეხვდებით დადებით პიროვნებებსაც, მაგალითად რედის სახით, რომელიც კონტრაბანდისტული გზებით პატიმრებს საშუალებას აძლევს ციხეში შემოიტანონ მათთვის ყველაზე აუცილებელი ნივთები. ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც ენდი შემდგომში გულახდილად ისაუბრებს, და მეტიც, დაუმეგობრდება, სწორედ რედი იქნება. ბევრს აღარ ვილაპარაკებ, დანარჩენი მკითხველმა წაიკითხოს.
 კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შოუშენკის საპატიმროში!

2. ნიჭიერი მოწაფე

ზემოთ ვახსენე, რომ კინგის ეს მოთხრობების კრებული შორს არის ფენტეზისა და მისტიკისგან, თუმცა კინგის ხელწერა, რომელიც გულისხმობს მოვლენების საშინელებათა ჟანრის კუთხით განვითარებას, უცვლელი რჩება. ,,ნიჭიერ მოწაფეში“ თქვენ გელოდებათ უაღრესად რეალისტური სიუჟეტი, თუმცა ამავდროულად ძალიან საზარელი და შოკისმომგვრელი. კერძოდ, ნაწარმოების მთავარი გმირი, სკოლის მოსწავლე ტოდ ბოუენი ერთ დღეს მიადგება მის მეზობლად მცხოვრებ გერმანელი იმიგრანტის, არტურ დენკერის სახლს. ტოდი თავისი ინტუიციისა და გამომძიებლური ნიჭის წყალობით აღმოაჩენს, რომ არტური სინამდვილეში ნაცისტი კრიმინალია(დუსანდერის სახელით ცნობილი), რომელიც ჰოლოკოსტში(ებრაელთა გენოცდიში) აქტიურ მონაწილეობას იღებდა. სწორედ აქედან იწყება ნაწარმოების მთელი დინამიკა.ტოდ ბოუენი შანტაჟის წყალობით მოახერხებს, რომ დუსანდერი აელაპარაკებინა იმ ტაბუდადებულ თემებზე, რომელიც მოიცავდა დუსანდერის ნაცისტურ პერიოდში მოღვაწეობას, მის ყველა ამაზრზენ საქციელს ებრაელთა მიმართ. თქვენ აღმოაჩენთ, რომ დუსანდერი არ იყო იმ ადამიანთა კატეგორიიდან, რომლებიც ნანობენ თავინათ წარსულში ჩადენილ დანაშაულს. დუსანდერის ,,უმოქმედობა“(ვგულისხმობ კანონმორჩილებას) განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მას უბრალოდ აღარ უწევდა ნაცისტურ გერმანიაში ცხოვრება, ის ცხოვრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც თავის ჭკუაზე ვერც ვერავის მოკლავდა და ვერც ვერავის აწამებდა ნაცისტურ ჯურღმულებში. თუმცა ტოდის ,,წყალობით“, მან როდესაც გაიხსენა ყველა თავისი ნამოქმედარი, ჩადენილის მიმართ გარკვეული სიმპათიაც უჩნდება. დუსანდერის ტიპური შეშლილი, ფსიქოპატი ადამიანი გახლდათ, რომელიც ჩაიდენდა ნებისმიერ მოქმედებას, მკვლელობას, წამებას, ადამიანის დაჩაგვრას მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის- ეს იყო სხვისი ტკივილით მიღებული სიამოვნება და ამით, ჩემთვის ამოუცნობი მიზეზით, საკუთარი თავის განდიდება.თქვენ ნახავთ, რომ დუსანდერს ფანატიკოსობაში და შოკისმომგვრელ საქციელში თვითონ ტოდ ბოუენიც არ ჩამოუვარდება. ებრაელთა წამების ისტორიები მასზე უარყოფითად იმოქმედებს და გადაიქცევა მეორე დუსანდერად. ანუ ეს გახლდათ დუსანდერის რეიკარნაცია ტოდში. სხვათაშორის, თუ კინგის სხვა ნაწარმოებებიც წაგიკითხავთ, მაგალითად ,,უიმედოთა ქალაქი“, იქ ნახავთ კინგის ბოროტების მიმართ დამოკიდებულების გარკვეულ იდეას. სტივენ კინგმა ამ უკანასკნელ ნაწარმოებში თქვა, რომ ბოროტება მყიფეა, მას არ შეუძლია ბოროტების შექმნა, თუმცა შესაფერის მომენტში მას შეუძლია გამრავლება. სწორედ ეს იდეა გაიმეორა მან ნიჭიერ მოწაფეშიც.(კინგს ხომ უყვარს თავისი ნაწარმოებების ერთმანეთთან რაღაც კუთხით დაკავშირება). ტოდი იყო დუსანდერის ბოროტების იდეის გამგრძელებელი. ამის შესახებ კი უფრო კონკრეტულად გაიგებთ ამ მოთხრობის წაკითხვის შემდეგ. 

3. გვამი

თუ თქვენ გიტაცებთ რომანტიული სიუჟეტები, ამბის ლამაზი ენით თხრობა და ბუნების აღწერით სიუჟეტის გამრავალფეროვნება, ტყუილ უბრალოდ მსგავსი განწყობით ნუ დაიწყებთ ამ მოთხრობის კითხვას. ეს ნაწარმოები არის ტიპური ფსიქოლოგიური დრამის, ტრილერისა და ექშენის ჰარმონიული ნაზავი, რომელიც ცხოვრების მკაცრ რეალობაზეა დაფუძნებული. აქაც მოვლენები მკაცრი სიზუსტით მიყვება ერთმანეთს, არანაირი ქრონოლოგიური აღრევა, თუმცა რამდენიმე მოვლენა, რომელიც ამ წიგნში აშკარად ავტორის მკითხველისადმი ირონიას ავლენს, თითქმის შეუძლებელია წინასწარ გამოიცნო.ნაწარმოებში თქვენ გაიცნობთ 4 ბავშვობის მეგობარს, რომლებიც გადაწყვეტენ დაღუპული ბიჭის გვამის მოძებნას და ამით პოპულარობის მოპოვებას. მათ დაახლოებით იციან სად უნდა ეძებონ გვამი და თითქოს ეს ნიუანსი მათ მისიას(და ამასთანავე სიუჟეტს) აადვილებს. თუმცა, კინგის ნაწარმოებებში ყველაფერი არ არის ხოლმე ისე ადვილად, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მკვდარი ადამიანისკენ მიმავალ მოგზაურობაში, რომელიც არც ისე დიდია, ისინი სრულიად შეიცვლებიან. ისინი წარდგებიან ცხოვრების მკაცრი რეალობის წინაშე, გაიგებენ რომ ცხოვრებაში ნებისმიერი რამის მიღწევა არც ისე ადვილია, როგორც იგი თეორიულად შეიძლება ჩანდეს. მათ არ იცოდნენ იმ განცდების შესახებ, რომელიც გაუჩნდებოდათ ნახევრადგახრწნილი გვამის ხილვისას, მათ არ იცოდნენ, რომ ყველაფერი არ არის პოპულარულობა და სახელის მოხვეჭა. ოთხივე ახალგაზრდა მიხვდება, რომ ისინი არ იყვნენ მზად ცხოვრებაში ბევრი პრობლემის მოსაგვარებლად. რა პრობლემებზე და რა განცდებზეა საუბარი, თქვენ ამას წაკითხვის შემდეგ ნახავთ, უბრალოდ იცოდეთ რომ წინ ცხოვრების დაუნდობელი განსაცდელები გელით!

4. სუნთქვის მეთოდი

        სუნთქვის მეთოდი ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ტრილერი არ გახლავთ. ამ ნაწარმოებში მაინც იგრძნობა კინგის მისტიკაფილობა ანუ ამ ჟანრის მიმართ მიდრეკილება, რასაც თქვენ ნამდვილად აღმოაჩენთ სიუჟეტში, თუმცა ეგეც საკითხავია ვისთვის მისტიკა არის ეს ყველაფერი და ვისთვის რეალობა. სიუჟეტი კი ერთი შეხედვით პრიმიტიულია. მოგეხსენებათ, რომ ამერიკაში ხალხი სურვილისამებრ იკრიბება ხოლმე და ყვება თავიანთი ცხოვრებისეული ამბების შესახებ. სწორედ ამგვარ შეკრებაზე, დეივიდი(მთხრობელი) დაიწყებს ძალზედ უცნაური და ამაღელვებელი ამბავის თხრობას გაუთხოვარი ფეხმძიმე ქალის შესახებ, რომელმაც ორსულობის 9 თვის განმავლობაში უამრავი დაბრკოლება და დამცირება გადაიტანა. ბევრი ადამიანი უბრალოდ აბუჩად იგდებდა, ზემოდან უყურებდა, თუმცა ერთ დღესაც ის გადაეყრება დევიდს, ადამიანს, რომელიც მას დააფასებს და ასწავლის ,,სუნთქვის მეთოდს”, რომლის საშუალებითაც იგი შეძლებს სტრესულ სიტოაციაში თავის კონტროლს. აღსანიშნავია  თვითონ ამ ქალის ჰეროიკული შემართება, რომლის ცხოვრების მიზანს წარმოადგენდა ერთადერთი რამ- მისი ბავშვი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაბადებულიყო. მე არ გეტყვით საბოლოოდ ამ მოთხრობის დამაინტრიგებელი კულმინაციის შესახებ, რადგან მთელი ხიბლი სწორედ ამ ამბის დასასრულშია, თუმცა იცოდეთ, რომ ასეთი ფინალის წინასწარ გამოცნობა შეუძლებელია.

საბოლოოდ მინდა ვახსენო ის მისტიური ბიბლიოთეკარი, რომლის ,,სამფლობელოშიც” იმართება ხოლმე ეს გასაუბრებები ტრადიციულად. ადამიანი, რომლის განკარგულებაში არსებული ნივთების ფირმები უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს, ადამიანი, რომლის დაქვემდებარებაშია უსასრულო რაოდენობის ოთახები, თითქოს დრო, სივრცე და მატერია მის განზომილებაში არ არსებობს. ამ ყველაფრის მისტიურობისა და ბუნდოვანების შესახებ კი საკმარისია ამ დიალოგს მოვუსმინოთ, რომელიც დეივიდსა და ბიბლიოთეკარს შორის გაიმართა:
,,-მინდოდა მეკითხა თუ საიდან ჰქონდა მას ეს ყოვლად გაურკვეველი წარმომავლობის ნივთები, ან თვითონ ვინ იყო… თუმცა ძალიან კარგად ვიცი ვინც იყო, ერთი ნიუ იორკელი ადამიანი… თუმცა საით მიდოდა? რა იყო ის უსასრულობისა და არამიწიერი ძალის ენერგია, რომელიც მისი თვალებიდან გამოსჭვიოდა? და ბოლოს და ბოლოს, სად ვართ ახლა და ამჟამად? თუმცა ის თითქოს ელოდებოდა ამ შეკითხვას, დიაახ, ის ელოდა ამ ყველაფერს, ამიტომ მე უბრალოდ გავაღე პირი და ერთადერთი რამის თქმა მოვახერხე: კიდევ ბევრი ოთახია ამ შენობაში?
-დიახ, სერ, საკმაოდ ბევრი ოთახია, ძალიან ბევრი… იმდენად ბევრი, რომ ადამინიც შეიძლება დაიკარგოს, უფრო სწორად, უკვე დაკარგულა კიდეც… ხანდახან მეჩვენება, რომ ოთახებს დასასრულიც არ აქვს…
-მადლობთ სტივენს. კიდევ გაგრძელდება ამბების თხრობა?
-რა თქმა უნდა სერ, აქ ამბები არასოდეს სრულდება…”

ავტორი: გიორგი წერეთელი

Source
http://celsius-233.blogspot.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button