მოგონებები

ვახტანგ ღლონტი – ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა (დასასრული)

(ანუ კიდევ ერთხელ 1978 წლის 26 მაისზე ბათუმში)

კი არ ვწერ,უბრალოდ ვიშორებ ამ სტრიქონებს.ერთი სული მაქვს ბოლომდე გავიდე და მერე სამუდამოდ დავივიწყო ეს ყველაფერი.მძულს ყოველივე ის
(სიტყვა იქნება თუ საქმე),რაც ახლობელ ადამიანებს მაშორებს,ჩემს ასაკში ისედაც ბევრია დანაკარგი.სიმართლე გითხრათ მე ეს ისტორია ისევე მაინტერესებს,როგორც ,,შარშანწინდელი თოვლი,”ის ურთიერთობები მენანება
ათწლობით(მთელი ცხოვრება) რომ იკინძება და უცებ ,,ფაფუ…”
რომ იცოდეთ,სხვებისთვის რა უბრალო(იქნებ სასაცილო) მიზეზის გამო დავტოვე თავის დროზე ბათუმი (ინტერვიუებში სულ ნაკლებად მნიშვნელოვან მიზეზებს ვასახელებდი ხოლმე) და გადავედი თბილისში და სამი წიგნის ავტორმა
სასულიერო აკადემიაში ჩავაბარე,რომ იმ ხალხიდან შორს,ვისაც მეგობრებად
ვთვლიდი,ერთხელ და სამუდამოდ დამემარხა თავი…სხვა ჩემს ადგილას,უბრალოდ,პასუხს მოსთხოვდა ნებისმიერს(მე ნამდვილად მქონდა ამის თავიც და უფლებაც),მაგრამ მეგობრებთან არა და არა და,ამიტომაც ჩუმად წავედი…ჩამოვდიოდი ხოლმე, მაგრამ,წლების განმავლობაში ვერავინ მნახულობდა ორი-სამი კაცის გარდა.
ამ წერილსაც ყველა ისე წაიკითხავს,როგორც მას სურს და ყველა იმას დაინახავს,
რისი დანახვაც უნდა.ზოგიერთების კომენტარებმა მაგრძნობინეს,რომ ჩვენ ან ბოლომდე არ ვუსმენთ ერთმანეთს ან სხვადასხვა ენაზე
ვლაპარაკობთ.ყველა კამათში არ იბადება ჭეშმარიტება,- ჩვენ იმაზე ვდაობთ,
შოკოლადი უფრო ტკბილია თუ თვითმფრინავია უფრო სწრაფი.მე სიტყვას
ყველა თავისი შესაძლო მნიშვნელობით ვკითხულობ და იმან შემზარა,რომ თითქოს მე,ვისაც ჩემი ცხოვრება(ჩემთვის ცხოვრება) თითქმის არასოდეს მქონია, ჩემს მოყვას ხალხს(მკვდარსა თუ ცოცხალს) კუთვნილი და დამსახურებული ყურადღება დავაკელი(მე ამას ისე როგორ გავატარებდი)…სინამდვილეში კი აი რა მოხდა,- როცა ფილმი ვნახე,მაშინვე მივხვდი,რომ ერთი მთავარი კადრი,ერთი მთავარი ფურცელი აკლდა ამ სურ-
ათს სრულყოფისთვის და ძალიან შევწუხდი.იმ საღამოს თუ მეორე დილას დავდე ცნობა ჩემს გვერდზე ამის შესახებ და ვთქვი,რომ რამდენიმე დღეში
,,ობიექტივის” პირდაპირ ეთერში ამ თემაზე ვილაპარაკებდი,რაც შევასრულე
კიდეც(მგონი,არავინ გამომრჩენია)…სხვა დროსაც – ზეპირი გამოსვლა იყო,საგაზეთო თუ სატელევიზიო,თუ გადაცემის ფორმატი იძლეოდა ამის საშუალებას – არ მავიწყდებოდა რა უნდა მეთქვა…ამ წერილშიც უარყოფით კონტექსტში არ მიხსენებია არავის გვარი(არადა,ხომ ვიცით რამდენმა შეირცხვინა მაშინ თავი)…მე ხომ არ გამიპროტესტებია თქვენი -,,ვახტანგი ბოლომდე ვაჟკაცურად იდგა” და მეტი არაფერი(იქ ათასობით კაცი იდგა ვაჟკაცურად ),თქვენ რატომ გაგიკვირდათ ,,ცეცხლი დაანთეს ახალგაზრდა გოგონებმა”-მეთქი.ეს ხომ განსაკუთრებული მნიშვნელობის შემცველი მეტაფორაა…საერთოდაც, ამ
თემაზე მე ხომ არ დამიწყია წერილების წერა და ინტერვიუების მიცემა,თქვენ დაიწყეთ,როცა ხმამაღლა თქმის
შანსი გაჩნდა და იქაც ,,და სხვაში” მიმიჩინეთ ადგილი,ჩემი პროტესტი გაგიგიათ ერთხელაც?!- თუმცა ალბათ,სამი ათეული წელი მაინც გავიდა იმ თქვენი წერილის გამოქვეყნებიდან…კიდევ,- ,,ცხელ კვალზე”,მეორე დღესვე დავიწყეთ ისტორიის
წერაო და,რა გეჩქარებოდათ,ჯერ ხომ გარკვეულიც არ იყო,როგორ დასრულდებოდა ყველაფერი და ვის რომელ ხეზე ჩამოკიდებდა მაშინდელი მთავრობა?!ვწუხვარ,ამის თქმა რომ მიწევს,ძალიან გეჩქარებოდათ ეტყობა!
შემდეგ – ნიშნისმოგებით,24 მაისს მოვაწერინეთ ხელი ვახტანგს იმ წერილზეო,
მე ამ ამბის მთქმელი სხვაც ბევრი მყავდა,თუმცა საქმე თქმაში კი არა,-ქმნაშია -( თავადაც ხომ წერთ თქვენს წერილში-,,ვახტანგმა გვითხრა,ეს ამბავი აქ თუ ვინმეს აინტერესებდა,არ მეგონა”-ო)… და მერე რა,- 25 მაისს შეიძლება მაგ წერილით დასრულებულიყო ყველაფერი და 26 მაისი საერთოდ არ დამდგარი-
ყო(ვიცი,რასაც ვამბობ)…
დიახ,უამრავი ადამიანი იჩემებდა ამ საქმის ლიდერობას,ყველა ვინც მიტინგზე
სიტყვა წარმოთქვა (ათასობით კაცის წინაშე ხომ სხვანაირად მუშაობს ადამიანის
ფსიქიკა),ყველა ვინც პური და წყალი მიუტანა მომიტინგეებს და,როცა ეს ამბავი
მომდიოდა,ხან ვბრაზდებოდი და ხან მეცინებოდა,- სწორედ ამან მათქმევინა ოციოდე წლის წინ ,- სიმართლე, შეიძლება, არ სჭირდებოდეს არც მსმენელს და არც სიმართლის მთქმელს,მაგრამ სიმართლე აუცილებლად სჭირდება თავის თავს… ყველა თავისთვის სასარგებლო ვერსიას ჰყვება,ყველა საკუთარი
ღვაწლის გაბევრებას ცდილობს და მეც ისღა დამრჩენია ვთქვა 1978 წლის 26 მაისს
ბათუმში საერთოდ არ ვყოფილვარ-მეთქი…ყველას ღვაწლი დასაფასებელია,აქლემისა თუ ჭიანჭველის,-ღმერთი ყველას თავის კუთვნილ ტვირთს არგუნებს,ყველა თავისი ფუნქციით იბადება…იქაც მუშკეტერების დევიზმა იმუშავა – ,,ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის”…თუმცა,საერთოდ, შედარებით იოლია – გაბედო მაშინ,როცა ჩანს ვიღაც სხვა,ვინც სხვებზე მეტს იღებს
თავის თავზე,ვისაც შეიძლება სხვაზე მეტი ჯოხი გადაამტვრიონ და ხელები შეახოცონ ბოლოს…ამას კი იმიტომ ვამბობ,რომ (კაიხანს ვდუმდი ამაზე),როგორც მოგვიანებით გაირკვა,ზოგზოგები,მაშინდელი მაგარი ბიჭები, ზედმეტად (საეჭვოდ)
,,დაუახლოვდნენ” საკუთარ მდევნელებს – მე მათ სახელებს საფლავში ჩავიტან.
არადა,შეიძლებოდა ყველაფერი უფრო მშვიდობიანი საუბრის რეჟიმში წასულიყო,თუ აქამდე
გვიხერხდებოდა,ახლა რატომ გაგვიჭირდა – არც ამ ერთი ფილმით ამოიწურება
მაშინდელზე სათქმელი და ვერც ხვალ დაწერილი წიგნი ვერ მიაგებს ბოლომდე დამსახურებულ პატივს იმ ადამიანებს,ვინც 1978 წლის 26 მაისს ბათუმში,მთა-
ვრობის სახლთან თავი სასწორზე დადო მამულისთვის და ღირსებისთვის და მე მშვენივრად ვიცი,ისინი არ იყვნენ ერთი და ორი,მათი სახელი ლეგიონია.
ზუსტად ერთი კვირის წინ ერთი გადაცემა(ფილმი) ვნახე ძალიან მნიშვნელოვან თემაზე –
ჰყვება ძალიან გვიან დაბადებული კაცი სხვა დროზე,სხვა წერილზე და სხვა ისტორიაზე,რომელსაც თავად არ შესწრებია , და
უსმენდა ჩემი ოჯახი – ერთი, ამ საქმისთვის ნაპატიმრალი(თავის დაბადების დღეზე დაიჭირეს),მეორეც,ვისაც ამ საქმეში სისხლი ჰქონდა ჩაქცეული,- გვეღიმებოდა და
არაფერი;იმ ფილმს კიდევ ბევრჯერ აჩვენებენ,ჩვენ გაპროტესტებას არ ვაპირებთ,
მთავარია რომ, დიდი საქმე გაკეთდა…კიდევ ერთიც,- ეროვნული მოძრაობის ლიდერები
(გვარებს არ ჩამოვთვლი,ისედაც იცით) ჩვენთან ჩამოდიოდნენ,ჩვენი ოჯახიდან გაიცნო ბათუ-
მმა და ბევრიც გადავიტანეთ,მაგრამ მერე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ,ბევრმა ისეთმა მოაწერა ხელი ჩვენ რომ შეშლილებს გვეძახდა…ჩვენ
არც ეს გაგვიპროტესტებია…ეს ცხოვრებაა!!!
P.S.
ჩვენ ყველანი წაგებული ომის გმირები ვართ.ერთ დროს სამშობლოს თავისუფლებისთვის ერთმანეთის გვედიგვერდ მებრძოლნი,დღეს ტყვედქმნილი,ჩვენი მტრების
გასართობად,თითოეული საკუთარი თავის გადასარჩენად,გლადიატორებივით ვებრძვით ერთმანეთს…დათვი,რომელიც
გვეგონა მოვკალით,რომლის ტყავსაც დღემდე ვერ ვიყოფთ,ისევ გაცოცხლდა
და ყველაზე საშინელი ომი მამულისთვის სწორედ ახლა იწყება…ვნახავთ,ვინ
რისი შემძლენი ვართ,ღმერთმა შეგვაძლებინოს…

და მაინც,პატივისცემითა და ჯიუტი სიყვარულით – ვახტანგ ღლონტი(12.01.2015.)

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button