პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე რიცა

აფხაზეთს არის
ერთი ტბა: რიცა.
და იქ ხომ გვახსოვს
შენცა და მეცა –
ზეცა, ვით ზეცა
და არა მიწა,
მიწა ვით მიწა
და არა ზეცა.

იმ მიწაშიაც
ფრთების მოკვეცის
ატანაც შევსძლო
იქნებ, ვინ იცის,
მიწის, ვით მიწის
და არა ზეცის,
ზეცის, ვით ზეცის
და არა მიწის.

ოჰ, გამახსენდა
ჩანგი. და მეც ის
შარავანდედათ
მაგებებს ციმციმს –
მიწის, ვით მიწის
და არა ზეცის,
ზეცის, ვით ზეცის
და არა მიწის.

აქ ყინვებია,
ლამაზო რიცა,
შენი ჭავლი კი
სიზმრებს მიეცა –
ზეცა, ვით ზეცა
და არა მიწა,
მიწა, ვით მიწა
და არა ზეცა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button