განხილვაესე

მართალი სამართალი ვეფხისტყაოსანში

– „ვეფხისტყაოსანი“ ქართველებისთვის ყოველთვის იყო სამართლიანობის, კაცურკაცობის, ზნეობის, რაინდობის, ვაჟკაცობის, ჰუმანიზმის მასწავლებელი. მაგრამ არის პოემაში ისეთი მომენტები, რომლებიც, ერთი შეხედვით, ამ მაღალეთიკური ნორმებიდან გადახვევაა. აქ იგულისხმება ორი მთავარი დადებითი, უფრო მეტი, ორი იდეალური გმირის მიერ ჩადენილი დანაშაული: ტარიელის მიერ უდანაშაულო ხვარაზმშას შვილის მიპარვით ანუ მალულად, მუხანათურად მოკვლა და ავთანდილის მიერ ჭაშნაგირის მკვლელობა. „მართალი სამართლის“ კუთხით განსაკუთრებით საინტერესოა პირველი შემთხვევა, ინდოეთის სამეფო კარზე დატრიალებული ტრაგედია. ნესტანმა უბრძანა ტარიელს ხვარაზმშას ძის მალულად მოკვლა. მან ეს ასე შეაფასა: „ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.“ ეს სიტყვები იმის მაჩვენებელია, რომ ინდოეთის მეფის ასული დარწმუნებულია ამ ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობასა და, რაც მთავარია, სამართლიანობაში ანუ კანონიერებაში. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ადამიანური პოზიციიდან სხვა ადამიანის მოკვლა უპატიებელი დანაშაულია. ასეთია ღვთაებრივი სამართლითაც, განა სახარებისეული პირველი მცნება არ გვიქადაგებს: „არა კაც ჰკლა.“ სხვათა შორის, ნესტანმა და ტარიელმა აქ მარტო ეს მცნება კი არა, მშობლებისადმი მორჩილების მცნებაც დაარღვიეს: „პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა.“ ისინი ეწინააღმდეგებიან მათ გადაწყვეტილებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტარიელიც ფარსადანის გაზრდილია, მისი შვილობილია. ისინი არღვევენ სტუმარმასპინძლობისა და რაინდული მორალის წესებს (დაუშვებელი, სამარცხვინო იყო მიპარვით მოკვლა). ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სასიკვდილოდ იმეტებენ სიცოცხლით სავსე უდანაშაულო ახალგაზრდას. შემთხვევით არ უთვლის ფარსადანი ტარიელს: „ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე?!“ „უბრალო“ ნიშნავს უცოდველსა და უდანაშაულოს; ჩვენს სახლს, ოჯახს, გვარს ვალად რატომ დაადევიო? – საყვედურობს გაზრდილს. სხვათა შორის, არც ტარიელი ამბობს რაიმეს ხვარაზმშას ბრალეულობაზე. უფრო მეტი, როცა ავთანდილს ამ ამბავს უყვება, აღნიშნავს, რომ ახლაც მზარავს ამის გახსენებაო: „კარავსა შევე, იგი ყმა ვითა წვა, ზარ-მაც თქმად ენით. უსისხლოდ მოვკალ იგი, გლახ, თუცა ხმდა სისხლის დადენით.“ ტარიელი, ამ ეპიზოდის მიხედვით, ნამდვილად არაა გულგრილი და შეუბრალებელი მკვლელი; ის თვლის, რომ სჯობდა პირისპირ, ვაჟკაცური შერკინებისას მოეკლა სასიძო. რუსთაველი ფსიქოლოგიური დამაჯერებლობით გვიჩვენებს, რომ ამირბარს უჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, თითქოს ფეხსაც ითრევს ბოლო წუთამდე, სანამ ნესტანი არ დაიბარებს განმეორებით და მკაცრად არ უსაყვედურებს, არ დატუქსავს: „წავდეგ, მიბრძანა: რასა სდგა? დღე მიგიჩს წინ საომარე! ანუ გამწირე, მატყუე და კვლაცა მოიმცთომარე?!“ იმით გაგულისებული ტარიელი, თუ „ქალი ომსა რაგვარ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი!“ – სასწრაფოდ მიდის ხვარაზმშას შვილის მოსაკლავად: „კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ, ჩავაქარაბაკე, ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე.“ მაშ ასე, აშკარაა, რომ როგორც ადამიანური, ისე ღვთაებრივი სამართლით ხვარაზმშას შვილის მოკვლა დიდი ცოდვაა. მაშინ რა შეეშალა ნესტანს, რატომ უწოდა ამ ნაბიჯს „მართალი სამართალი?“ დავიწყოთ იქიდან, რომ ტარიელი ტახტის ერთადერთი რეალური მამაკაცი პრეტენდენტია, სამეფო გვარის შთამომავალი, ინდოეთის მეშვიდე სამეფოს მბრძანებლის, სარიდანის შვილი, რომელიც იშვილა ფარსადანმა და სანამ ნესტანი გაუჩნდებოდა, ტახტის მემკვიდრედ ზრდიდა: „მეფემან თქვა: „შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა.“ „მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად, საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად.“ აქ პირდაპირაა ნათქვამი, რომ ტარიელს ინდოეთის ტახტის მემკვიდრედ ამზადებდნენ. ახლა გავიხსენოთ, რას უთვლის ტარიელი ფარსადანს სასიძოს მოკვლის შემდეგ: „იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა-საჯდომია!- ერთიღა მე ვარ მემკვიდრე – ყველაი თქვენ მოგხვდომია: ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია; სამართლად ტახტი უჩემოდ არვისგან მისახვდომია!“ აქ ტარიელი პირდაპირ უცხადებს ფარსადანს, რომ მემკვიდრეობის წესის, კანონის თანახმად ტახტი მას ეკუთვნის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნესტანიც ასე არიგებს ტარიელს, სთხოვს, მისი სიყვარული არ გაამჟღავნოს, რადგან ასე უფრო კანონიერი იქნება მისი მოთხოვნა; თითქოს ამ ნაბიჯს ტარიელი არა ნესტანის სიყვარულის გამო, არამედ მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებით დგამს: „ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული, ნუცა ნდომა, ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მიხვდომა.“ ნესტანმა იცის, რომ მოვლენათა ასეთი განვითარების შემდეგ, როცა ტარიელი ინდოეთის ტახტზე ოფიციალურად განაცხადებს პრეტენზიას, ფარსადანი იძულებული იქნება, საერთოდ რომ არ დაკარგოს ტახტი მისმა ოჯახმა, ნესტანი შერთოს ცოლად ტარიელს: „ქმნას მეფემან ყელ-მოტეხით შემოხვეწა, შემოკვდომა, ხელთა მოგცეს თავი ჩემი, შეგვფერობდეს ერთგან სხდომა.“ როგორც ნესტანის მსჯელობიდან ჩანს, ის ბევრად უფრო საღად მოაზროვნე და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსია, ვიდრე – ფარსადანი. აქვე არ უნდა დავივიწყოთ სამი ძირითადი მიზეზი, რომლებიც აიძულებს მიჯნურებს ეს, არცთუ სახარბიელო, ნაბიჯი გადადგან. უპირველესი ისაა, რომ, როგორც ზემოთაც ვთქვით, ტარიელი ტახტის კანონიერი მემკვიდრეა და ხვარაზმშას ძის გამეფებას შეიძლება შინაომები მოჰყვეს. მეორე, ინდოეთში უცხო ერის წარმომადგენლის გაბატონება დაუშვებელია: „ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ.“ მესამე, ფარსადანის ეს გადაწყვეტილება მიჯნურებს დააშორებს, მათ კი ერთმანეთის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლიათ: „ერთმანეთსა გავეყარნეთ, ძოწეულნი გაგვიფლასდენ, მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ.“ და მეოთხე, ფაქტობრივად, ფარსადანმა არაფრად არ ჩააგდო ნესტანისა და ტარიელის პიროვნული, თავისუფალი არჩევანის უფლება. ის კარგად ხვდებოდა, რომ მათ ერთმანეთი უყვარდათ: „მეფე ბრძანებს: „ვიცი, ვიცი, მეტად კარგად შემიგნიან: მას უყვარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან, რა ნახიან ერთმანეთი, არ-შეხედვა ვერ დათმიან.“ ბუნებრივად ჩნდება კითხვა, ასე რამ დააბრმავა და რამ გადაადგმევინა ყოველმხრივ არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი ინდოეთის მეფეს? ამაზე პირდაპირი პასუხი არ არის პოემაში, მაგრამ, ფარსადანის ხასიათიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ: ძალაუფლებისმოყვარეობამ, დიქტატურისადმი მიდრეკილებამ. ბუნებრივია, ტარიელის გამეფების შემთხვევაში ის ერთპიროვნულ მმართველად ვეღარ დარჩებოდა. ამირბარს რომ ქადილის ძალა შესწევდა, ეს მის მიერ ხატაეთში მოპოვებულმა უდიდესმა გამარჯვებამაც აჩვენა. შესაძლებელია, ამიტომაც უნდოდა სიძედ უცხოტომელი, რომელსაც რეალურ ხელისუფლად არასოდეს მიიღებდა ინდოელი ხალხი. ასეა თუ ისე, ფარსადანის ქმედებამ ლამის კატასტროფამდე მიიყვანა და უმემკვიდრეოდ დატოვა ერთ დროს ძლიერი იმპერია. თავისი შეცდომა მან სიკვდილით ზღო. რაც შეეხება სასიძოს მიპარვით მოკვლას, ამას ნესტანი იმით ამართლებს, რომ: „დიდსა სისხლსა ვერ შეგაქმნევ, ვერ ვიქნები შუა კედლად.“ „დიადი სისხლი უბრალო კაცმანცა ვით იტვირთაო.“ რუსთაველი კიდევ ერთხელ ახსენებს „მართალ სამართალს.“ ქაჯეთის ციხიდან გამოგზავნილ წერილში ნესტანი ტარიელს სთხოვს, რომ მისი გული განიკითხოს მართალი სამართლით: „რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა კმა საჩივარად, ცან სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად.“ რა თქმა უნდა, ბრძენმა ნესტანმა ყველა ნაბიჯი გათვალა, მაგრამ ერთი რამ დაავიწყდა თუ არ გაითვალისწინა: ბედისწერა, განგების ნება. ქაჯეთიდან ის ტარიელს სწერს: „ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო, რაცა დაგვემართა!“ ეს ბედისწერა კი ქაჯი დავარის სახით მოუვლინა განგებამ. ამასთან ერთად, გენიალურმა რუსთაველმა იცოდა, რომ „უბრალო“, უცოდველი, უდანაშაულო სისხლი თავისას მაინც მოითხოვდა: მიჯნურებს ტანჯვით უნდა ეზღოთ ის, უნდა განწმენდილიყვნენ ამ ცოდვისგან და მხოლოდ ამის შემდეგ ექნებოდათ ბედნიერების უფლება. ასეც მოხდა, „მხეცქმნილი“ ტარიელი ადამიანებისგან მოშორებით, გამოქვაბულში, თვითგვემაში ატარებდა ტანჯვად ქცეულ ცხოვრებას, ხოლო მზე-ნესტანი ქაჯეთის მიუვალ ციხეში იყო გამოკეტილი. დიახ, ნესტანმა და ტარიელმა ობიექტურად ზღვეს „უბრალო“ სისხლი, თუმცა თავიანთი მოქმედება დანაშაულად არ ჩაუთვლიათ და მონანიების გრძნობაც არ გასჩენიათ: თავსდატეხილი უბედურება წუთისოფლის სიმუხთლესა და ავ ბედისწერას დააბრალეს. მათთვის უმაღლესი ღირებულება, სიკეთე იყო სიყვარული და ამქვეყნიური ბედნიერებისაკენ სწრაფვა. ბედნიერებისათვის ბრძოლის გზაზე კი ყველა ხერხი დასაშვები იყო, რადგან „ბრძენთა უთქვამს სიყვარული, ბოლოდ მისი არ–წახდომა.“ ამ ამამაღლებელი სიყვარულის, უზენაესი სიკეთის გამარჯვებისთვის ერთიანდებიან სხვადასხვა ქვეყნისა და ერის შვილები და ერთობლივი ძალისხმევით ათავისუფლებენ მზე-ნესტანს ქაჯეთის ციხიდან, რაც არის „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია.““ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button