განხილვაესე

იოვანე საბანისძე, „აბო თბილელის წამება“, ანალიზი

– „ქართველი ხალხი არ ივიწყებს სარწმუნოებისათვის თავდადებულ გმირთა სახელებს. მათ შორისაა რწმენას შეწირული არაბი ჭაბუკი – აბო თბილელი, რომელიც საქართველომ იშვილა, დიდმა შემოქმედმა – იოვანე საბანისძემ კი უკვდავყო მისი სახელი. მახსენდება დიდებული ქართველი პოეტის – შოთა ნიშნიანიძის ლექსის სტრიქონები: „ბრუნდებოდა ნერსე ნაჩუქარი ფაშატით, უკან ბიჭი მოსდევდა არაბული კვიცივით. ეს „კვიცი“ ჩვიდმეტ-თვრამეტი წლის არაბი ჭაბუკი აბო იყო, რომელმაც მთელი არსებით შეიყვარა ქართველი ნერსე, ქართული ენა და შეიტკბო ქრისტეს რჯული. ქართული აგიოგრაფიის ერთ-ერთი უბრწყინვალესი ნიმუში „აბო თბილელის წამება“ მე-8 საუკუნეში შეიქმნა. აგიოგრაფი აბოს თანამედროვე იყო, უფრო მეტი, კარგადაც იცნობდა მას. ის ასე მიმართავს თავისი ნაწარმოების მთავარ გმირს: „სანატრელითა მით ქრისტეის მიერითა სიყუარულითა შემიყუარე მე, ვიდრე იყავღა სოფელსა ამას შინა ჩუენსა.“ იოვანე საბანისძე მეტად განათლებული პირი ყოფილა. ეკლესიის მაშინდელი მეთაური, სამოელ კათალიკოსი, იოვანესადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს: „ჩვენ თვით უწყით ღმრთივმიმადლებული შენი მეცნიერება საღმრთოთა წიგნთაი.“ იოვანე საბანისძე დიდი პატრიოტიც იყო. ეს თვალნათლივ ჩანს მისი ნაწარმოებიდან. მან კარგად დაინახა ის საფრთხე, რომელიც ქართველ ხალხს ელოდა არაბთა ბატონობის პერიოდში, ამიტომაც მოუწოდა ერს გამძლეობის, სიმტკიცისა და რწმენისადმი ერთგულებისკენ. მერვე საუკუნეში საქართველოში არაბები ბატონობდნენ. მურვან-ყრუს შემოსევის შედეგად ისე აოხრდა ქვეყანა, ისე გაღარიბდა, რომ, მემატიანის გადმოცემით, „არღარა იპოებოდა ნაშენები, არცა საჭამადი კაცთა და პირუტყვთა.“ არაბები ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რომ დაპყრობილ ერებში თავიანთი სარწმუნოება – მაჰმადიანობა – გაევრცელებინათ. თუკი ვინმე ქრისტიანი ისლამს აღიარებდა, მას პატივისცემით ექცეოდნენ, ყოველგვარი გადასახადისგან ათავისუფლებდნენ, აწინაურებდნენ. არაბების ასეთი პოლიტიკის შედეგად, ზოგი სუსტი ნებისყოფის ქართველი ღალატობდა თავის რჯულს, ხალხს, ქვეყანას და დამპყრობელთა ბანაკს უერთდებოდა, თმობდა ქრისტიანობას, აღიარებდა მაჰმადიანობას. ამ მდგომარეობას ასე გვიხატავს ობიექტური მთხრობელი: „ნაშობნი ქრისტიანეთანი გარდაგულარძნნეს, რომელნიმე მძლავრებით, რომელნიმე შეტყუვილით, რომელნიმე სიყრმესა შინა უმეცრებით, რომელნიმე მზაკუვარებით…“, მოკლედ, არაბები ქართველების გადასაბირებლად არაფერს არ ერიდებოდნენ, ყველა ხერხს იყენებდნენ: ძალას, ტყუილს, უცოდინრობას, ეშმაკობას და ა.შ. მწერალი დიდოსტატურად ხატავს იმ ფაქტს, რომ ქართველი ხალხი ეროვნული გადაგვარების საფრთხის წინაშე იდგა. ის უზუსტესი შედარებით ახასიათებს მძიმე არჩევანის წინაშე მდგარი ქართველების მდგომარეობას. ისინი „შიშითა განილევიან და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა.“ საკუთარი ქვეყნის მომავლის, ნაციონალური იდენტობის დაკარგვის საშიშროების გამო შეშფოთებულმა ხელოვანმა საგანგაშო ზარს შემოჰკრა, გააფრთხილა თანამემამულეები: „აღვერიენით ერსა უცხოსა… რომელთაგან ვისწავენით საქმენი მათნი.“ ამავე მიზანს ემსახურებოდა მწერლის მიერ არაბი ჭაბუკის წამების მაღალმხატვრული აღწერაც. ამით შემოქმედმა ქართველებს აჩვენა, რომ ქრისტიანობა ჭეშმარიტი სარწმუნოებაა და ამის დამადასტურებილი იყო აბოს თავგანწირვა ქრისტესთვის. იოვანე საბანისძის უმთავრესი მიზანი იყო, რომ აღედგინა ქართველებისთვის შერყეული სულისკვეთება, გაეღვიძებინა ეროვნული სიამაყის გრძნობა, შეეხსენებინა, რომ ისინი ქრისტიანობის დროშით იბრძოდნენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის: მათ ხომ ბერძნებთან ერთად, ხუთასი წლის წინ მიიღეს ქრისტიანობა და ქართლსაც წმინდანების დედას უწოდებდნენ. აგიოგრაფი ილაშქრებს არაბთა ბატონობის წინააღმდეგ, ისინი ხომ დაპყრობილ ქვეყნებში ცეცხლითა და მახვილით ავრცელებდნენ საკუთარ რელიგიას, ამიტომაც უწოდებს მწერალი მაჰმადიანობას „მახვილითა პყრობილ შჯულს“. იოვანე საბანისძე ყველა ქართველს მოუწოდებს, მტკიცედ დაიცვას თავისი რწმენა, მიაპყროს მის მონათხრობს „საცნობელნი ეგე ყურნი გულისა და გონებისა“ და მიბაძონ არაბ ჭაბუკს, რომელიც ქრისტიანობის სახელით ეწამა. „აბო თბილელის წამების“ შინაარსი, კომპოზიცია, მხატვრული ენა, სტილი, პერსონაჟთა ხატვის მანერა გვიჩვენებს, რომ იოვანე საბანისძე დახელოვნებული მწერალია. ის, არაბი ჭაბუკის თავგადასავლის თხრობასთან ერთად, დიდებულად გვიჩვენებს მერვე საუკუნის საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ და ეროვნულ- სარწმუნოებრივ მდგომარეობას. ორიგინალურია „აბო თბილელის წამების“ არქიტექტონიკა. ის ოთხი თავისაგან შედგება: პირველი შესავალია, რომელშიც ავტორი სთხოვს მკითხველს, რომ გულისყურით მოისმინონ და კარგად გაიაზრონ მისი მონათხრობი, განუმარტავს მათ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქრისტიანი ერისთვის აბოს მოწამეობრივ სიკვდილს. თხზულების ძირითადი ნაწილია მეორე და მესამე თავები, რომლებშიც ავტორი დიდი შინაგანი ექსპრესიით მოგვითხრობს აბოს თავგადასავალს. მეოთხე თავი კი წარმოადგენს აბოს ქებას. მეცნიერთა აზრით, ის არის ქართულ მწერლობაში პირველი ორიგინალური ჰიმნოგრაფიული ძეგლი. ის პათეტიკური სტილითაა დაწერილი, მდიდარია ტროპებით, რიტორიკული კითხვებით: „ვინაი ანუ ვისგან ისწავე ქრისტეისთვის ესოდენი ცნობაი“. ავტორი მხატვრული გამეორებებით აძლიერებს შთაბეჭდილებას: „გიხაროდენ, გიხაროდენ, სანატრელო მოწამეო!“ სწორედ მეოთხე თავში გამოკვეთს მწერალი აბოს წამების საერთოეროვნულ მნიშვნელობას: სარწმუნოებრივი გრძნობის განახლება-აღოძინებას: „შენ გამო, წმიდაო მოწამეო, სიყუარული იგი ქრისტეისი ჩუენდამო და სარწმუნოებაი ჩუენი მისა მიმართ კუალად განახლდა.“ მწერალი ზუსტი, მოხდენილი ეპითეტებით, შედარებებით ამკობს აბოს პიროვნებასა და მის ღვაწლს ქართველების ეროვნული იდეოლოგიისა და ქრისტიანობისადმი რწმენის განმტკიცების საქმეში. იოვანე საბანისძე როგორც თავის თანამედროვეთ, ისე მომავალ თაობას უხსნის აბოს მარტვილობის აზრსა და მნიშვნელობას. იოვანე საბანისძე აბოს „ახალ მოწამეს“ უწოდებს, რაც აღნიშნავს წმინდანს, რომელიც ახლახანს ეწამა. ვფიქრობთ, ყველას, ვინც არაბი ჭაბუკის თავგადასავალს გაეცნობა, გაუჩნდება კითხვა, რომელიც ასე მოხდენილად დასვა შოთა ნიშნიანიძემ: „რად არჩიე მაჰმადს წამებული ქრისტე, რად არჩიე უზარმაზარ გამარჯვებულ ხალიფატს, ერთი მუჭა მიწა დამარცხებულ ხალიბთა?!“ ეს კითხვა ქვეტექსტურად ნაწარმოებშიც დაისმის, მაგრამ იქვე გვეძლევა მისი პასუხიც. აბო ბაღდადიდან იყო, არაბი, მაჰმადიანი დედ-მამის შვილი, არაბულ მწიგნობრობაში განსწავლული, იცოდა ნელსაცხებელთა შეზავება. მან ბაღდადში გაიცნო ნერსე ერისთავი და საქართველოში გამოყვა მას. აქვე გაიცნო და შეიყვარა ქრისტიანული რელიგია, ხაზარეთში მოინათლა. იმდენად მტკიცე იყო მისი რწმენა, რომ აფხაზთა მეფეს უთხრა: „დაღათუ ბევრეული ოქროისა და ვერცხლისაი მომცენ მე, გინა თუ ტანჯვითა და გუემითა განმიკითხონ მე, ვერ განმაშორონ მე სიყუარულსა უფლისა ჩემისასა.“ აბოს თავისი სიტყვისთვის არ უღალატია. მან, მართლაც, ბევრი ტანჯვა-წამება აიტანა რწმენის დასაცავად. თბილისელმა არაბებმა ის ამირასთან დააბეზღეს, თან სთხოვეს, სამაგალითოდ დაესაჯათ მაჰმადის სჯულის მოღალატე, რომელიც სხვებსაც მამაპაპური სარწმუნოების უარყოფისკენ მოუწოდებდა. კეთილმა ადამიანებმა ეს გააგებინეს აბოს და ურჩიეს, დამალულიყო, მაგრამ მან კატეგორიულად განუცხადა მათ: „მე არა ხოლო ტანჯვად განმზადებულ ვარ ქრისტეისთვის, არამედ სიკუდიდცა.“ აბოს რწმენა ვერ შეარყია ვერც ციხემ, ვერც – ცრუ მოძღვართა ქადაგებამ, ვერც – სიკვდილის მუქარამ. აგიოგრაფი აბოს უწოდებს „მეათერთმეტე ჟამის მუშაკს“, რაც იმას ნიშნავს, რომ აბომ, დაბადებიდან მუსულმანმა, მხოლოდ ბოლო ჟამს იხილა ქრისტეს ნათელი და შეიყვარა, იღვაწა ღვთის ვენახში და მიიღო იგივე საზღაური, რაც დაბადებით ქრისტიანებმა. საინტერესოა, რომ ავტორი აბოს ნეტარ ავაზაკსაც ადარებს, რომელმაც სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე გულწრფელად მოინანია ცოდვები და შეძლო სულის ხსნა. აბომ საპყრობილეში ცხრა დღე დაჰყო, მეათე დღეს სიკვდილით დასაჯეს, ანუ აბოში ღვთის რჩეულის შეცნობა მეათე დღეს მოხდა. აბო თბილისში აწამეს: ის მოინათლა სისხლით – თავი მოკვეთეს, ცეცხლით – მისი სხეული ცეცხლში დაწვეს, სულით – იმ ადგილას, სადაც მისი ძვლები ჩაყარეს, სულიწმინდა მოეფინა. აბო მტკიცე ნებისყოფის, პრინციპული ადამიანი იყო: რასაც გადაწყვეტდა – აუცილებლად ასრულებდა. თუ ნათლისღებამდე მას ეშინოდა სარკინოზების, მონათვლის შემდეგ მასზე გადმოვიდა უფლის მადლი, დაძლია შიში, უკვე აშკარად აღიარებდა თავის რწმენას. აბო ეზიარა ჭეშმარიტებას, სიყვარულსა და ნათელს ანუ – ღმერთს, შესაბამისად, მას მიეცა ძალა განსაცდელთან გასამკლავებლად. აბო ქრისტეს რიგით ჯარისკაცად თვლიდა თავს და ემსახურებოდა მას: ლოცულობდა, მარხულობდა, ფსალმუნებს გალობდა, თუმცა ის „საღმრთო შურით“ იყო სავსე, არ დაკმაყოფილდა მხოლოდ გაქრისტიანებით, ის მოწამის გვირგვინს მიესწრაფოდა, ამითი შეიძლება ავხსნათ მისი პასუხი აფხაზთა მეფის რჩევაზე – არ დაბრუნებულიყო ქართლში: „აწ მე რაისთვის დავფარო ჭეშმარიტი ესე ნათელი, რომლითა განმანათლა მე ქრისტემან?“ ასე რომ, აბოს კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ თბილისში დაბრუნების შემდეგ უეჭველად სიკვდილი ელოდა. იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ მთელი სამი წლის მანძილზე აბო თავისუფლად, „გაცხადებულად“ დადიოდა თბილისსა და მის შემოგარენში, ყველაფერი ნათელი გახდება: ის შეგნებულად ახდენდა არაბების პროვოცირებას, მაგრამ, ეტყობა, ისინიც კარგად ხვდებოდნენ, რა რეზონანსს გამოიწვევდა არაბი აბოს ქრისტიანობისათვის წამება, რა იდეოლოგიური დატვირთვა ექნებოდა მას და, ვფიქრობ, ამდენი ხნის მანძილზე ამიტომაც იკავებდნენ თავს მოღალატის დასჯისაგან. არაბები მსოფლიოში დაპყრობით ომებს აწარმოებდნენ ჭეშმარიტი რელიგიის – მაჰმადიანობის სახელით და აი, მათ მიერ დაპყრობილ ქვეყანაში მათივე ერისშვილი, ბავშვობიდან მაჰმადის რჯულზე აღზრდილი, უარყოფს გამარჯვებულ თანამოძმეთა რელიგიას და დამარცხებულთა სარწმუნოებას ეზიარება. მან მიატოვა სამშობლო, ოჯახის წევრები და გააკეთა თავისუფალი არჩევანი ქრისტიანობის სასარგებლოდ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ აბო მოაზროვნე, მაძიებელი ადამიანია, მას ჭეშმარიტება იზიდავს, რომელიც ქრისტიანობაში აღმოაჩინა. ამასთან, მას ჰქონდა განსაკუთრებული სულიერი სიმამაცე, რომ თავისი რწმენა დაეცვა. რა თქმა უნდა, აბო გაორებულ გრძნობას იწვევს მკითხველში: ის ქართველებისთვის, ქრისტიანებისთვის გმირია, ნამდვილი წმინდანია, მაგრამ არაბებისთვის ის მოღალატეა და, არცთუ უსაფუძვლოდ. თუკი რაიმემ შეიძლება გაამართლოს აბოს ნაბიჯი, ესაა ის, რომ აბო უანგარო და გულწრფელია თავის რწმენაში, ის ამქვეყნად არაფერს მოელის, ტანჯვა-წამების გარდა, ერთადერთი, რისი იმედიც აქვს, ეს იმქვეყნიური სასუფეველია. მან ამისთვის უდიდესი მსხვერპლი გაიღო. ის ჭეშმარიტი მორწმუნეა, განსხვავებით ვარსქენ პიტიახშისგან, რომლისთვისაც რწმენის ტოლფასი ძალაუფლება და სიმდიდრეა. შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანობის მიღება აბოს თავისუფალი არჩევანის შედეგი იყო. ის ხომ დარწმუნდა, რომ მაჰმადიანობა „კაცთა ხელოვნებითა შეთხზული შჯული იყო“, ის ჭეშმარიტებას არ შეიცავდა. აბოს მოქმედების მოტივი თავიდან ბოლომდე რელიგიურია. ის არაბ ხალხს კი არ უპირისპირდება, არამედ უარყოფს, მისი შეხედულებით, ცრუ სარწმუნოებას. შემთხვევითი არაა, რომ აბო შეიპყრეს 27 დეკემბერს, სამშაბათს, ქრისტეს პირველი მოწამის, სტეფანეს ხსენების დღეს. სტეფანე ითვლებოდა „ერისთავად ყოველთა მარტვილთა.“ მიუხედავად პიროვნული სიმამაცისა და სიმტკიცისა, წმინდა აბო, როგორც მართლმორწმუნე ქრისტიანს შეჰფერის, ღვთის მოიმედე იყო. მან ტანსაცმელი გაყიდა, რათა სანთლები და საკმეველი ეყიდა, გაეგზავნა მღვდლებისთვის, რათა მათ ელოცათ მისი სულისთვის. გასამხნევებლადაც სწორედ უფალს მიმართავს მარტვილი: „იცი შენ, უფალო, რამეთუ შეგიყვარე შენ უფროისა თავისა ჩემისა.“ იოვანე საბანისძე აღტაცებულია აბოს შეუდრეკლობით, უტეხი სულით. ის დაწვრილებით გვიხატავს, თუ როგორ გამომწვევად იქცევა აბო მსაჯულთან: მან კადნიერად გადაწერა ჯვარი კარებს; მისი გაუტეხლობით, სიმამაცით განცვიფრებულ მსაჯულს კი გაქრისტიანება შესთავაზა, რათა მასაც გაეგო და შეეგრძნო ქრისტეს სიტკბოება. სასიკვდილოდ მიმავალი აბო „სულითა თვისითა მოგზაურ ქმნული“ ხედავს საკუთარ უსულო სხეულს. მას აბო მიცვალებულისათვის საკითხავი 118-ე ფსალმუნით მიაცილებს. ესეც ქრისტესმიერი სასწაული იყო იმ მორწმუნის მიმართ, ვინც მან ისმაიტელთა შორის, „ვითარცა ვარდი ეკალთაგან“ გამოარჩია და მარადიული დიდების შარავანდედი დაადგა. ამრიგად, აბო შეგნებულად ეწამა ქრისტიანობისათვის, საკუთარ რწმენას ანაცვალა სამშობლო, ოჯახი, სიჭაბუკე, სამაგიეროდ მოიპოვა მარადიული სასუფეველი. აბო თბილელის მოწამეობრივმა აღსასრულმა ქართველებზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა: „სწავლულნი უფროის გულისხმიერ ჰყვენ, შერყეულნი უფროის განამტკიცენ, განმტკიცებულნი განამხიარულენ.“ მან კიდევ ერთხელ შეახსენა ქართველებს, რომ ქრისტიანობა ჭეშმარიტი რელიგიაა და ის მორწმუნეებისთვის ყველაზე დიდი განძია, რომელსაც დაცვა, ერთგულება, „მამაპაპური გზით სიარული, ჭირთათმენა და ქრისტეს სიყვარული სჭირდება“ – ამისკენ მოწოდებაა მერვე საუკუნეში იოვანე საბანისძის მიერ შექმნილი ეს დიდებული ნაწარმოები.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button