ქართული გვარები

ბადაშვილთა გვარი

“ბადა” – საკუთარი სახელია კაცისა. ბადაშვილი ეპონიმური ტიპის გვარსახელია ანუ წინაპრის სახელისგან არის ნაწარმოები.

ეთნოგრაფიული მონაცემებით ირკვევა, რომ ბადაშვილი მრავალძირიანი გვარია. მას რამდენიმე ბუდე-პირველსაცხოვრისი აქვს. სამი ან ოთხი ძირის ანუ სხვადასხვა წარმომავლობის ხალხს საერთო გვარსახელი აერთიანებს. ბადაშვილთა ერთი ძველი ბუდე შიდა ქართლში, გორის რაიონში იძებნება, ერთიც – ხევში, ყაზბეგის რაიონის ნასოფლარ მნაში, კიდევ ერთი ბუდე – უკანა ფშავის სოფელ გოგოლაურთაში. შესაძლოა, კახეთის ბადაშვილებსაც თავიანთი ბუდე გააჩნიათ, თუ ისინი ფშავის სალოცავებში არ დაიარებიან.

“ბადა” გავრცელებული სახელი იყო. ქართლელი, მოხევე, ფშაველი და შეიძლება კახელი ბადაშვილები სხვადასხვა ბადას შთამომავალნი არიან. მათ მხოლოდ გვარსახელის ერთობა აქვთ, ხოლო ძირად ანუ გვარმოდენილობით სხვადასხვანი არიან.

სოციალური მდგომარეობის მიხედვით, ქართლელი ბადაშვილები საეკლესიო აზნაურები ყოფილან, მოხევე და ფშაველი ბადაშვილები – თავისუფალი მთიელი მეთემენი, ხოლო კახელი ბადაშვილები – გლეხები.

ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო საბუთების მიხედვით, ბადაშვილთა გვარი XV საუკუნიდან ჩანს.

1431 წლის მეფეთ მეფის ალექსანდრე დიდის სიგელში მცხეთისა და კათოლიკოს თეოდორესადმი ვკითხულობთ: “…ვხედავ, რომელ წუთ განქარვებადსა ამას სოფელსა დაუტეობთ და ყოველივე ცხოვრება ჩუენი სიზმარ და აჩრდილებ უჩინო იქმნების, ამადა ჩუენცა ვსცნათ და ვისაცნაურეთ, რომელი კეთილი და უცვალებელი ცხოვრება ისე არს, რათა მე ცოდვილმან ვიდრე არა სრულიად წარწყმედად და ამიერ განსვლად ჩვენამდე საწყალობელისა სულისა ჩუენისა სალხინებლად ქუელის საქმეთა მქნე და მბაძებელ ვიქმნე… და აღვაშენე და განსრულდა ნებითა თქუენითა ყოვლადვე უნაკლულოდ თავი ცათა მობაძავი საყდარი და მას შიგან ღვთივ აღმართებული სუეტი ცხოველი… და შევამკევ… და მოვახსენე ძუელითგან მეფეთაგან შემკობილი და აღშენებული და გადიდებული მთა ვირშისა მონასტერი და მისნი შესავალნი ბადასშვილნი და ქორდი და მას აქათ ანუ მთას ანუ ბარს რაცა მამულები ანუ გლეხები და ანუ პარტახტი… ჰქონებიან… მოგვიხსენიებია…”

სიგელში ნახსენები ბადაშვილები შიდაქართლელი საეკლესიო აზნაურები არიან. ისინი XV საუკუნის I ნახევარში უკვე შიდა ქართლში, სადღაც ვირშის მონასტრისა და სოფელ ქორდის მიდამოებში მკვიდრობდნენ. სოფელი ქორდი ამჟამად გორის რაიონშია. ამ სოფელში ბადაშვილები დღესაც ცხოვრობენ.

1459 წლის ფავნელთა სიგელში ვირშის მონასტერი და ბადაშვილების გვარი ისევ ერთად ხსენდება: “…ესე სიგელი მოგახსენეთ თქვენ ვირშისა წმინდათა მთავარანგელოზთა მიქაელ და გაბრიელისა, და ქართლისა პატრიარქისა დავითისა და თქუენდა მკუიდრთა მეგანზურთა სახლისა თქუენისა უხუცესთა ჯინჯიხის ძეთა ბადაშვილთა გრიგოლს და შენთა შვილთა ბადასა და ბევროზს და შენთა ძმის წულთა შალვას და ივანეს…” როგორც სიგელიდან ჩანს, საეკლესიო აზნაური გრიგოლ ჯინჯიხის ძე ბადაშვილი კათოლიკოსის სახლთუხუცესი იყო, ხოლო ბადაშვილთა გვარს ვირშის მონასტრის მკვიდრობა და მოგანძურობა მოუდიოდა.

1638 წელს საქართველოს კათოლიკოსმა ევდემონ დიასამიძემ საეკლესიო აზნაურს შოშიტა ბადაშვილს სოფელ ქორდში უბოძა აფხაზაშვილის მამული და ბექნიაშვილის ნაქონი ვენახი.

XVII საუკუნის 70-იან წლებში ჩანს კიდევ ერთი შიდაქართლელი ალბათ აზნაური ბადაშვილი. ეს არის თავადების ზაზა და ალხაზ მაჩაბლების ყმა-მამულის გაცვლილობის წიგნში მოწმედ დასახელებული დათული ბადაშვილი.

1694 წელს საქართველოს კათოლიკოსმა ნიკოლოზ ამილახვარმა გაქცეული საეკლესიო აზნაურის ბახუტი ბადაშვილის ყმა და მამული სვეტიცხოვლის ერთგულს და ნამსახურს, საეკლესიო ჯარების სარდალს აზნაურ გიორგი გედევანიშვილს უბოძა: “ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და მოგეცით ქორდას ბადასშვილის ბახუტის მამული, რისაც მქონებელი იყო… ბადაშვილის მამული ამ წესით გიბოძეთ, რომ საყდრის ყმა იყო და… და ჩვენგანაც საწყენო იყო და საყდრის შემცოდეც იყო. აწე წავიდა ისი და დაიკარგა და იმისი მამული, რისაც მქონებელი ყოფილიყო, სულ უკლებლად თქვენ გიბოძეთ… გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენსა და სვეტიცხოვლის ერთგულად სამსახურსა შინა…”

1706 წელს საეკლესიო აზნაურებს პირობის წიგნი მიუციათ კათოლიკოს დომენტისთვის: “ესე წიგნი და პირი მოგართვით ჩვენ ერთობილთ მცხეთელთა, სვეტის ცხოვლის ყმათ დიდმა და ცოტამა: (აქ ჩამოთვლილია ყველა საეკლესიო აზნაური, მათ შორის ბადაშვილი გაბრიელი და მისი შვილები: ზედგინ, იესე, მჭლე და ელიზბარ), თქვენ, ჩუენის ხელმწიფის შვილს ბატონს კათალიკოზს დომენტის, ასრე რომე ღვთის ნებითა და სულ ქართველთ ეპისკოპოზთა და დარბაისელთ გამორჩევითა დიდის კათოლიკე ეკლესიის მწყემსი და საჭეთმპყრობელი იქმენით. გასინჯეთ ჩუენი საქმე, რომ ღიად ეშმაკი მოგვრეოდა ჩვენის ცოდვისაგან. ერთმანეთის დიდი შური და მტრობა გვქონდა, რომ რასაც დღეს ერთმანეთს დავახელებდით, არც საჩხუბრად დავერიდებოდით, არც საბეზღრად. ახლა თქვენ ის ვერ მოგვითმინეთ. ხედევდით, რომ ჩვენი წარსაწყმედელი საქმე იყო და ჩვენის მონასტრის დიდი საზიანო. ჩვენ არ ვღირსვიყავით, რომ თქუენ ჩუენ გვწვართეთ და მშვიდობა და ერთობა გვიბრძანეთ, როგორც თქუენს კეთილ მწყემსობას და მამათმთავრობას ფერობდა. თქუენც გვიბრძანეთ და ჩუენც ეს პირი და სიტყუა მოგვირთმევია, რაიმე დღეს და დღეს იქით ჩუენ თქუენის ბრძანებით ერთმანეთთან ძმობისა და სიყუარულის მეტი ხელი არა გვქონდეს რა. თუ რომ ერთმანეთთან სალაპარაკო გვქონდეს, თქუენ მოგახსენოთ და თქუენის პირით გავრიგდეთ და ისრევ ძმანი და მოყუარენი ვიყუნეთ. და თუ ეს ასრე არ გაგითაოთ, თქუენიც შემცოდე ვიყუნეთ და თქუენის სვეტის ცხოველისაცა…” პირობის წიგნს ხელს აწერენ საეკლესიო აზნაურები, იგივე მცხეთისშვილები, მათ შორის – ბადაშვილთა სახლიდან ძმები მჭლე და ელიზბარ ბადაშვილები.

ვახტანგ VI-ის დროინდელ ერთ დავთარში, რომელიც 1798 წელს გადაუწერიათ, ლაშქარში გამომსვლელთა შორის იხსენიება სოფელ ფლევის მცხოვრები ბადაშვილი უსაბა, რომელიც თავად ქაიხოსრო რამაზიშვილის ყმა ყოფილა. სოფელი ფლევი ამჟამად შიდა ქართლში, ხაშურის რაიონში მდებარეობს. თავად რამაზიშვილთა გვარი თავად დავითიშვილ-ბაგრატიონთა ერთი შტონაყარი გვარია.

1850 წლის საქართველოს თავადთა და აზნაურთა ოჯახების რუსულ სიაში შეტანილია აზნაურ ბადაშვილთა 3 ოჯახი: #700 – ლუარსაბ სოლომონის ძე ბადაშვილი, რომელსაც ჰყავს ძმა დავითი და შვილები ალექსანდრე და ნიკოლოზი, #701 – გიორგი ქაიხოსროს ძე ბადაშვილი და #702 – ზურაბ გაბრიელის ძე ბადაშვილი, რომელსაც ჰყავს ძმა ქაიხოსრო. უნდა ითქვას, რომ ამ რუსულ სიაში ვერ მოხვდა ქართველ თავადთა და აზნაურთა მრავალი ოჯახი, რომლებმაც კომისიას ვერ წარუდგინეს წოდების დამადასტურებელი რაიმე საბუთი. სიის გარეთ დარჩნენ არათუ ოჯახები, არამედ მთელი გვარები, რომელთა აზნაურობა ქვეყანამ იცოდა და რუსთა მოსვლამდე ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. მრავალი სიგელ-გუჯარი დაიწვა და განადგურდა შემოსევებისას, მაგრამ აზნაურს საქართველოში თავისი წოდების მტკიცება არ სჭირდებოდა. მეფე, ხელისუფალნი და დარბაისელნი ყველა აზნაურს იცნობდნენ, იცნობდნენ მათ მამებსაც და პაპებიც ახსოვდათ. მოვიდა რუსი და საბუთი მოითხოვა, წოდების ხელმეორედ დამტკიცება მოიგონა, თითქოს მანამდე ჩვენში არც აზნაური ყოფილიყო და არც თავადი. ვისაც საბუთი არ აღმოაჩნდა, რუსთ ხელმწიფემ წოდება აღარ დაუმტკიცა და ქართველი თავადაზნაურობის რიცხვი საგრძნობლად შემცირდა.

როგორც უკვე ითქვა, საქართველოში აზნაურ ბადაშვილების გარდა არიან სხვა ბუდის, სხვა სოციალური სტატუსისა და წარმოშობის ბადაშვილებიც.

საკმაოდ ძველი ბუდე აქვთ ძირად მოხევე ბადაშვილებს. მათი წინაპარი ბადაისძის გვარით იხსენიება 1439 წლის გერგეტის სამებისადმი მძევალთა და ფიცის მიცემის წიგნში. მოხევე ბადაშვილების ძველი და ნამდვილი გვარი ბადაისძეა. იმხანად ბადაისძეს ხევის სოფელ მნაში უცხოვრია: “თრუსოველთაიცა ხურთელყანობელთა მოიკიდეს მნით ბადაისძე და ადოით ცისკარაშვილი. ესე მძევლები ამათ საყდრის შვილობისათვის მივეცით, რაიმე მეფესა შეეწყალნეს და ებრძანა ჩუენთან და ვინცა მძევალი გაუტყუთეს, რისხავსმცა წმიდაი სამებაი ერთარსებაი. ვინცა მაგრად და მართლად დაუდვეს, სული მისი ღირსთა და მართალთა თანამცა იხარებს, ამინ”.

1774 წლის არაგვის საერისთავოს აღწერის სიაში ხევის სოფელ მნაში, აზნაურ ზანდუკელის სამოურავოში, იხსენიება ბადაძეთა ორი კომლი: ბადაძე კაცოს შვილი კოზმან და გივი და ბადაძე ზალაგის შვილი ნაცვალი დოლა, შავხალ და იოსებ. მეფე ერეკლეს მორიგე ჯარში მოხევე ბადაძეთაგან ხუთი მეომარი მოდიოდა. ამათგან ერთ-ერთი დოლა ბადაძე მნის ნაცვალი ყოფილა. უნდა ვივარაუდოთ, რომ 1774 წლის სიაში ნახსენები მნელი ბადაძენი 1439 წლის ფიცის წიგნში ნახსენები მნელი ბადაისძის შთამომავლები არიან. მათი ძველი გვარსახელი ბადაისძე (XVს.) ჯერ – ბადაძე (XVIIIს.), ხოლო შემდეგ ბადაშვილი (XIXს.) გამხდარა.

ამჟამად ყაზბეგის რაიონში სოფელი მნა აღარ არსებობს, მნის ხევი და ნასოფლარი მნა კი ყველამ იცის. მნიდან წამოსული ბადაშვილები სოფელ ხურთისში ცხოვრობენ. მოხევე ბადაშვილების ნაწილი თბილისში ჩამოსახლებულა. ზოგი შირაქში წასულა. ფშავში ბადაშვილთა გვარი XIX საუკუნის აღწერის სიებში გვხვდება. 1873 წლის აღწერის მონაცემებით, მათ უცხოვრიათ უკანაფშავის სოფელ გოგოლაურთაში. ისინი გოგოლაურთა თემის ფშავლები არიან. ფშაველი ბადაშვილების ერთი შტო ერწო-თანეთის მხარეში ჩასახლებულა. ამას უნდა ადასტურებდეს სოფელ ბადაანების არსებობა ერწოში და მიკროტოპონიმები იქვე: “ბადაანთ ცხრაკარა” და “ბადაანთკაკლიანი”.

ვერაფერს ვიტყვით კახეთის ბადაშვილებზე. ისინი ველისციხესა და შილდაში ცხოვრობენ. ქართული საისტორიო საბუთებში მათი ხსენება არ შეგვხვედრია.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ბადაშვილთა გვარის მეომრები, აზნაურნი და მთიელნი, ქუდზე კაცად გამოდიოდნენ ერთიანი ქართული ლაშქრის შუაგულ, “მეფისა ალმის მპყრობელთა” სადროშოში, ხოლო “ჟამსა განყოფისასა” ქართლის სამეფო ლაშქრის შუაგულ და მემარცხენე სადროშოებში, აგრეთვე კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში.

ამჟამად ბადაშვილები ცხოვრობენ შიდა ქართლში: ქორდში, ერედვში, გორში, კასპსა და ხაშურში; ხევში: ხურთისში, გორისციხეში, სიონში, აჩხოტსა და სტეფანწმინდაში; ერწოს სოფელ საყდრიონში; შიგნით კახეთში – ველისციხეში; გაღმამხარში – შილდაში; შირაქის – სოფელ ზემო ქედში; აგრეთვე ქალაქებში რუსთავსა და თბილისში.

საქართველოში ბადაშვილთა საერთო რაოდენობა 350 სულს აჭარბებს. ეს არის ქართულ გვართა შორის საშუალოზე ოდნავ მეტი რიცხოვნების გვარი.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ბადაშვილთა!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button