ცირა ბარბაქაძე – “შეშლილობის სემიოტიკა და თანამედროვე ლიტერატურული პროცესები”
(პოსტკოლონიური ქართული პოეზია)
კულტურულმა პარადიგმამ – “შეშლილობა და შემოქმედება” – 21 ე საუკუნეში ინტენსიურად შემოაბიჯა. “მოდერნიზმში და ავანგარდში შემოვიდა შეშლილობის სემიოტიზაციის პროცესი, როცა ფსიქოპათოლოგია ხელოვნების სამსახურში ჩადგა. მე-20 საუკუნის ხელოვნებაში უზარმაზარი როლი ითამაშეს შიზოფრენიულმა სამყაროებმა. პარანოიდულმა სისტემებმა ბევრად განსაზღვრეს ევროპული ფაშიზმისა და საბჭოთა ტოტალიტარიზმის სოციოკულტურული სისტემები” (კურგანოვი 2005:14).
შესაბამისად, მხატვრულ შემოქმედებაში პარანოიდული დისკურსი კვლევის საგნად იქცა. ზოგადად, ნორმის რღვევა შემოქმედებისათვის და შემოქმედთათვის ნორმაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, საუბარია “ჭკუისმიღურ” ენაზე, სრულ “ბოდვაზე” შემოქმედებაში, რომელიც ნიშანდობლივი გახდა თანამედროვე მხატვრული ლიტერატურისათვის. თუ მხატვრულ ტექსტს განვიხილავთ აგრეთვე, როგორც ერის ცნობიერების მდგომარეობას, მაშინ ფსიქოანალიზის მოშველიებით შესაძლოა გარკვეული დასკვნების გამოტანაც. ამ შემთხვევაში კი, ჩვენი ამოცანაა პოსტკოლონიური ქართული ლიტერატურული პროცესების ანალიზი (და არა შეფასება) ამ მიმართულებით და გამოვლენა იმ სემიოტიკური ნიშნებისა, რომლებიც დამახასიათებელია მხატვრულ შემოქმედების ამ ნაკადისათვის. პირობითად ამგვარ შემოქმედებას ვუწოდებთ “ალტერნატიულ პოეზიას”.
ბუნებრივია, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ მხატვრული ლიტერატურაში “ბოდვა” მართლაც ბოდვას ნიშნავდეს და სხვას არაფერს. ნეტარი ავგუსტინე დიალოგში “მასწავლებლის შესახებ” საინტერესოდ განიხილავს ნიშნებს, საგნებსა და სიტყვებს: “საგანთა შეცნობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნიშნები,” _ წერს იგი და აგრძელებს, რომ “სიტყვებს აქვთ ნაკლები მნიშვნელობა, ვიდრე იმას, რისთვისაც ისინი გამოიყენებიან… სახეზე გვაქვს ოთხი რამ: სახელი, საგანი, სახელის შეცნობა და საგნის შეცნობა…” ნიშნის სემიოტიკის გაშიფვრა – ეს არის გზა შეცნობისაკენ.
“შეშლილობა” მხატვრულ ტექსტში მეტაფორული ხასიათისაა, ტროპია ან ფიგურა, გამოხატვის პლანია და არა შინაარსის პლანი. სინამდვილეში შეშლილობის პოეტიკა ნიშანია, რომელიც უნდა გაიშიფროს… გარკვეული იდეის “შეფუთვაა”, რომლის ახსნით ვხსნით მთავარ შინაარსს.
ყოველგვარი ზღვრის მოშლა პოეტურ ტექსტებში და ერთგვარი ბოდვა “სხვა” სამყაროსთან ზიარებაა, რომელსაც ჩვეულებრივი ფსიქიკა ვერ გამოავლენს. პოეტის “შეშლილობის პარადიგმაში” ყოფნა არ ნიშნავს, რომ მართლა შეშლილია, მას შეუძლია ამ პარადიგმიდან გამოსვლა და დაბრუნება ჩვეულებრივ მდგომარეობაში (თუმცა ისეთებიც არსებობენ, რომლებიც ვერ გამოდიან ამ მდგომარეობიდან), რადგან შეშლილობა ფსიქიკის შეცვლილი მდგომარეობაა და არა გონების სისუსტე. კარლ იასპერსი წერს ამ მდგომარეობის შესახებ “ზოგად ფსიქოპათოლოგიაში”: “იმისათვის, რომ სწორად გავიგოთ ბოდვითი იდეა, აუცილებელია, გავთავისუფლდეთ იმ წარმოდგენისაგან, თითქოს ის ეფუძნება გონების სისუსტეს. ამ უკანასკნელთან ნებისმიერი დამოკიდებულება ატარებს ფორმალურ ხასიათს…” (იასპერსი 1997:133).
თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ერთი ტენდენცია: ალტერნატიული პოეზია
პოსტკოლონიურმა რეალობამ ქართულ ლიტერატურულ პროცესებში გაააქტიურა ე. წ. ალტერნატიული პოეზია, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა კულტურისათვის დამახასიათებელი მოვლენაა (მაგალითად, “ნონსენსის” ლიტერატურა ინგლისში (ედუარდ ლირი (18121888), ლუის კეროლი (18321898); მე20 საუკუნეში კი აბსურდის თემას პოეზიაში აგრძელებენ “როკპოეზიის” წარმომადგენლები, რომლის თვალსაჩინო ნიმუშია კონცეპტუალური ალბომი ჯგუფისა “Pink Floyd”: “The Dark Side of the Moon” (1973); ბიტნიკების პოეზია, სიმბოლისტები, დადაისტები, ავანგარდიზმი და სხვა).
თანამედროვე ქართული ალტერნატიული პოეზიის ტენდენციების შესახებ საინტერესო მოსაზრებას გამოთქვამს დათო ჩიხლაძე: “საინტერესო იქნება აღვნიშნოთ ერთი ასევე საინტერესო მახასიათებელი. თანამედროვე ავანგარდული პოეზიისთვის, ყოველ შემთხვევაში, თანამედროვე ქალაქური ლირიკისათვის დღეს განსაკუთრებით ახლობელი აღმოჩნდა არა დადაისტური, ფორმალისტური თუ პოსტმოდერნისტული განწყობები, არამედ სწორედ ავანგარდის პირველწყარო – ლოტრეამონი, რემბო და ბოდლერი. ცხადია, აქ არა გვაქვს პრეტენზია ერთხაზოვან განვითარებაზე თანამედროვე პოეზიის. მხოლოდ, თუ გუშინდელი ბიტნიკური პოეზია დღესაც იწერება, ის მხოლოდ სპეციალიზებულ არაპროგრესულ გამოცემებში ქვეყნდება. პოეზიის წამყვანი ჟურნალები პირდაპირ აცხადებენ, რომ არ განიხილავენ ბიტნიკურ სტილში შექმნილ პოეზიას. ასევე დევალვაცია განიცადა უფრო ადრინდელმა ავანგარდისტულმა ტრადიციებმა, ვთქვათ, სიურრეალიზმმა, დადაიზმმა და ფუტურიზმმა და დღევანდელ აქტუალობაში ეს ტერმინები აღარც ცირკულირებს, გარდა ირონიული ან რამე სპეციფიკური დისკურსის დატვირთვისა. რაც ამ მიმართულებების შთამომავლად მოგვევლინა, ეს არის ნიუ იორკის ჯგუფის “ლენგვიჯ”ის წამოწყებები ორი ათეული წლის წინ, რაც დღესაც გრძელდება და თავმოყრილია ბაფალოს ნიუ იორკის შტატის უნივერსიტეტში. მეორე მხრივ, სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა ე.წ. მაღალი მოდერნიზმის ამერიკული ტრადიცია, სადაც დღესაც მისაღებია როგორც ლუის ზუკოვსკის და დენიზ ლევერტოვის გავლენები, ასევე ე. ე. კამინგსის ლირიკული ავანგარდიზმი. რაც შეეხება ურბანისტულ და არასაუნივერსიტეტო გარემოს – აქ უკვე დიდი ხანია დომინირება დაიწყო ბოდლერის და ადრეული მოდერნიზმის, იმპრესიონიზმის, სპირიტუალიზმის და სიმბოლიზმის ელემენტებმა. ურბანისტული პოეზია უკვე განუშორებელ სინონიმად იქცა არა პოსტმოდერნიზმის, არამედ დეკადენსის… ისევ, გონების ადგილს იკავებს ინტუიცია, ვიზიონერობა, ხილვა, მედიტაციას აპოკალიპსური და სიმბოლისტური ემოციები ცვლის. წინ გამოდის კონფლიქტის, ეგზალტაციის, გამოფიტვის, ემოციური უკიდურესობის ინტონაციები…”
ქართულ რეალობაში 90იანი წლებიდან არსებობდა ალტერნატიული პოეტური დაჯგუფებები: 90იანელების: “რეაქტიული კლუბი”, “ქრონოფაგები”, “ბებერი პოეტების ორდენი”, “დემონები” და ბოლო დროის: “ვარდისფერი ავტობუსი” და “სამკაული” (დღეისთვის ყველა დაჯგუფება დაშლილია).
თითოეულ დაჯგუფებას თავისი მანიფესტი ჰქონდა, მაგალითად, “ვარდისფერი ავტობუსის” პოეტები მანიფესტში წერენ: “პოეზია – ტრანსლაციის საშუალებაა. წარმოდგენის ღვთაებებს ვუხმობ, ვთხოვ, რომ ხილვები გაათავისუფლოს, გათენდეს ამ წუთში, აქვე დავრჩეთ და თან წავიდეთ. გამოვიდეთ და თან შევიდეთ. ავჯანყდეთ და თან შევრიგდეთ. ეს არ ხერხდება. საჭიროა განადგურდეს ურთიერთობები ნაცვალსახელების ზედაპირულობით, შემდეგ დაიწყოს ადამიანთა დაახლოების პროცესი, რომელიც არასოდეს დასრულდება. “შენი მეზობელი დაფარული არსია შენი, დამდგარი წყლები მის ლანდს აირეკლავს, რომელშიც თუკი კარგად დაუკვირდები, საკუთარ თავს და სახეს დაინახავ”… გრძელდება ჩვენება ჩვენი ლოცვების, მის გარშემო რკალურად განლაგებული სკამები იწყებენ დაცარიელებას, გეტოებისკენ, საწოლებში. მაგრამ მიწისძვრა _ ეს ხომ გარდაუვალია! კულტურული სივრცის შერყევა, გამოვრბივართ სახლებიდან, გვცივა, ვანთებთ ცეცხლს და… ამ დროს გამოჩნდება ვარდისფერი ავტობუსი, განათებული, თბილი. იღება კარი და ჩვენ ვიწყებთ მოგზაურობას, ვიწყებთ ერთმანეთის, ვარდისფერი ავტობუსის ქუჩას. წინ, ერთმანეთისკენ! წინ, ვარდისფერი პლანეტისკენ! და ბოლოს დაინახავთ ვარდისფერ ნათებას…”
როგორია ალტერნატიული პოეზიის ძირითადი მახასიათებლები? ნიშნის დესემანტიზაცია, ახალი სემიოზისი, რომელსაც იწვევს ამ “(ანტი)ესთეტიკის” წარმომადგენელთა მიმართება სამყაროსთან და საკუთარ თავთან: ბუნტი, ეპატაჟი, ტრადიციების და ტრადიციული სალექსო ფორმებისა და პოეტიკის უარყოფა… ანტი… ანტილექსი, ანტიკულტურა…
ფოლკლორი და “შეშლილი ტექსტები”
ფოლკლორში ალტერნატიული პოეზიის ნიშნები შეიძლება დავძებნოთ, ძირითადად, შელოცვებში, აბრაკადაბრებში, ბავშვთა გათვლებში. ძირითადი ნიშანი, რაც ფოლკლორის ამ ჟანრს ალტერნატიულ პოეზიასთან აკავშირებს, არის უაზრო სიტყვები, წინადადებები, მთელი ტექსტი…, რაც, შელოცვების შემთხვევაში, აძლიერებს ადამიანზე მაგიურ ზეგავლენას.
“შეულოცამ შეშინებულისას, გალახულისას,
ავი ქარისას, ავი ანგელოზისას, უჟმურისას.
გასკდა შავი კლდე, თან გამოყვა შავი ცხენი,
შავ ცხენზე იჯდა შავი კაცი,
ედგა უნაგირი შავი, ჰქონდა ლაგამი შავი,
ხელთ ეჭირა შავი მათრახი.
მოდის, მოყოყოჩაობს, მოტოტოჩაობს…” და ასე შემდეგ.
აბრაკადაბრები, ანუ გაუგებარი, უაზრო სიტყვაგამოთქმები შელოცვების ენის სტილის მარკირებული ენობრივი მოვლენაა. შელოცვებში ენის მაგიური ფუნქცია “მოითხოვს” სიტყვის, აზრის გაბუნდოვანებას, არაცხადობის სიტუაციის შექმნას, რაც ერთგვარად აჯადოებს ადრესატს და შთაგონებას უძლიერებს. შთაგონებული ადამიანის მართვა კი ძალიან ადვილია. შელოცვებში გაუგებარი შეიძლება იყოს სიტყვა. შეიძლება სიტყვას ჰქონდეს მნიშვნელობა, მაგრამ გამონათქვამი იყოს უაზრო. აბრაკადაბრები ხასიათდება ერთგვარი ალიტერაციულობით, ქმნის გარკვეულ რიტმს და ფორმალურად აწესრიგებს ტექსტს, ამის გამო ისინი სიმბოლისტური პოეზიის ჩანასახადაც კი შეიძლება ჩაითვალოს (ბარბაქაძე 2003:216).
“აშინაო, მაშინაო, გულო, რამ შეგაშინაო?”;
“ერევაზი, კერევაზი, მიქელგაბრიელმთავარანგელოზი”;
“აკიკისა, მაკიკისა, ლოცვა ვიცი შაკიკისა”;
“პიტი, პიტი, პისტანამა, ასტანგა და ათაგანა”; და სხვა.
ალტერნატიული პოეზიისათვის დამახასიათებელი სხვა ნიშნებიც შეიძლება დავძებნოთ შელოცვების ენაში, ეს არის – ხილვა, მედიტაცია, ეგზალტაცია…
შელოცვების ტექსტის მოდალობა თხოვნასურვილია, ძახილის და ბრძანებითი წინადადებებით გამოხატული, მაგრამ თავისებური ინვარიანტი, ამავე დროს შეესაბამება აზრს: დაე, ასე იყოს! რამდენადაც შელოცვების ენა ერთგვარად “ჭკუისმიღმურია” (როგორც ალტერნატიული პოეზია), სწორედ ეს ანიჭებს მას განსაკუთრებულ მოდალობას, რომელიც თითქოს შთაგონების მდგომარეობას განეკუთვნება: “გულო, მოდი საგულესა, დაბრძანდი, შენსა ადგილსა!”
უჩვეულო შედარებები და მეტაფორები კიდევ ერთი საერთო ნიშანია ალტერნატიული პოეზიისა:
“როგორც რკინას თავის მოჭრილი
თავის ტარად არგია,
ისე, ღმერთო, ჩემი ლოცვა,
ამ ბაღანას არგია!”
“ქორი შაჯდა ქანდარასა,
შენი გული _ ალაგასა!”
“გზაი _ ნაგზეულსა,
წყალი _ ნაწყეურსა,
წისქვილი _ საწისქვილესა,
ქორი _ საქონდარასა,
გული _ საგულესა!”
“შაკიკი მოშაკიკობდა ორშაბათსა დილასა,
ისე ჭამდა რკინასა, როგორც ხარი _ თივასა”;
“თხის მუცელში თიკანი იძრა და დადგა,
ცხვრის მუცელში კრავი იძრა და დადგა,
ქალის მუცელში ბავშვი იძრა და დადგა,
ისემც დამდგარხარ,
როგორც ოქროს ლანგარზე ოქროს ცხვარი დადგეს!”
” – სად მიხვალ, წითელო ხუცესო?
– ზღვის სახნავად და ქვიშის სათესადაო”;
“ცული ტყეში წავა, ხეს მოჭრის,
თავის მოჭრილი ხე ტარად ეყრებაო”;
თანამედროვე ალტერნატიულ პოეზიაში ყველაზე მეტად “შელოცვების” რიტმი და მისტიკა ხმიანდება პოეტ გიორგი კეკელიძის პოეზიაში:
ძლისპირი საიქიოსა და სააქაოზე
შელოცვა. ვერმოსწრებული სიზმრის საკითხავი
გამოდი, სულო, ტანიდან,
გამოდი, სულო, ტანიდან –
გააშიშვლე შიგნიდან ტანი
(მერე ტანს რცხვენია სიშიშვლის,
სირცხვილისგან იწურება
ნელნელა
და
ქრება)
გამოდი, სულო, ტანიდან,
ქარის მოტეხილი ფრთა ბუჩქებში ტოკავს,
კოჭლი ძაღლი საგალობელს იზეპირებს –
შენი წასვლის ნიშანია.
მე ვარ აქიმი კაცისა.
მგლის ქონით მოვსულვარ,
წითელი თხის ბეწვით მოვსულვარ,
ბოცვერის თვალის წყლით მოვსულვარ
და მართალს გეტყვი:
მიწა იწვის სიზმრებისგან,
რომლებიც საფლავში ჩაიტანეს,
ცოცხლად დამარხული სიზმრებისგან,
იმ ღამით რომ უნდა ენახათ,
სანამ მკვდრები მოკვდებოდნენ,
სიზმრები მიწაში დაიბადნენ
და მიწა იწვის.
მე ვარ აქიმი სულისა,
მე ვარ ავი და მართალი,
მართალსვე გეტყვით:
სიზმარია ეშმაკი და ანგელოზი,
პური და მარილი,
ღვინო და ღიმილი,
ცრემლი და სარეცელი,
სიზმარია ჯოჯოხეთი და სამოთხე,
სიზმარია და მარადჟამს იმას ნახულობ,
რაც სიკვდილამდე ჩაისახა
და
მიწაში იშვა.
სემიოზისი პოეტურ ტექსტებში ანუ: “ლექსიკონი – წიგნი, სადაც ამ ყველაფერს სხვანაირად მიხსნიან”
ალტერნატიული პოეზიისათვის დამახასიათებელია ნიშნის (ლექსიკურ, გრამატიკულ, ფრაზეოლოგიურ დონეზე) დესემანტიზაცია, ტრადიციული, სალექსიკონო გაგების გაუქმება და ახალი შინაარსის შექმნა, მაგრამ იმისათვის, რომ ე. წ. “ახალი ანბანი” გასაგები გახდეს მკითხველისთვის, ავტორები ხშირად ხსნიან სიტყვათა ახალ, მეტაფორულ მნიშვნელობებს, რითაც იქმნება ახალი პოეტური ენა, განსხვავებული ტრადიციულისაგან. ზოგ შემთხვევაში კი, ავტორი-პოეტები მანიფესტს ქმნიან, ან თავადვე იძლევიან “გასაღებს” საკუთარი პოეტური ტექსტების გასაგებად, რომელიც შეიძლება ამდენი ახსნის შემდეგ მაინც გაუგებარი დარჩეს, მაგრამ “გაუგებრობა” ხომ ამგვარ ტექსტთა სემიოტიკური მახასიათებელია.
იქმნება ტექსტები (ლექსები), რომლებსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ “ახალი ლექსიკონები”, მაგალითად, იორიკის (იგივე დათო ყანჩაშვილის) ასეთი ტექსტი:
“შენ – ჩემს ტელეფონში პირველ ნომრად შეყვანილი.
დედა – ის, ვინც მეშინია, რომ არ დამიბერდეს.
გზა – ის, რაც მთელი ცხოვრება თითქოს ფეხქვეშ მაქვს, და მაინც ვეძებ.
ყავა – დილის სინონიმია.
სიყვარული – მატარებელი, რომელზეც მაგვიანდება და უნდა მივუსწრო.
სამსახური – ქვიშის საათი, რომლის ჩამოცლასაც ყოველდღე იწყებ.
მეგობარი – ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ მარტო არა ვარ.
დედამიწა – ბურთი, რომელზეც ყველა თამაშობს.
სარკე – ვისაც ვუყურებ ყოველდილით და არასდროს ველაპარაკები.
მამა – ის, ვინც ჩენზე დიდი იქნება ყოველთვის.
სახლი – ადგილი, სადაც როცა ვარ, გაქცევა მინდა და როცა არ ვარ, დაბრუნება.
ხალხი – ვინც ყოველთვის ერთად მოგროვილი წარმომიგიდგენია და სინამდვილეში ცალცალკე ცხოვრობენ.
გული – ის ადგილი, რომელიც ბავშვობიდან მაწუხებს.
მოთმინება – როცა უზრდელი ბავშვი ნერვებს მიშლის, მშობელი კი იქვე დგას და თავს ვიკავებ.
თოვლის პაპა – უკვდავი თოვლის კაცი, რომელიც ბავშვობაში ღმერთი მეგონა.
პეპლების საჭერი – ის, რაც არც ერთ ჩემს მეგობარს არ ჰქონდა არასდროს.
მზე – რასაც პირველად ხატავენ ბავშვები.
თოვლის გუნდა – ერთადერთი რაღაც, რომელსაც გესვრიან და არ გწყინს.
ცხოვრება – ის, რასაც ყველა ჩემი უიღბლო ნაბიჯი შემიძლია დავაბრალო.
ვიტრინა – ადგილი, საიდანაც ისეთი რაღაცეები ჩანს, რომლის საყიდლადაც ფული არასდროს მყოფნის.
მონატრება – როდესაც ვეწევი და სიგარეტს ცალი მხარე ეწვება.
სასწაული – ის, რაც არასდროს ხდება.
ღმერთი – ის, ვინც თუ ვთხოვ, ყველაფერს მაპატიებს.
ლექსიკონი – წიგნი, სადაც ამ ყველაფერს სხვანაირად მიხსნიან”.
საინტერესოა ტექსტის დასასრული: “ლექსიკონი – წიგნი, სადაც ამ ყველაფერს სხვანაირად მიხსნიან”.
მაგალითად, იცით, რას ნიშნავს, “თოვს”? გიორგი კეკელიძისათვის ამ სიტყვის განმარტება ასეთია:
აგვისტოს ძლისპირი
ნა–გუ–ს
თოვს – ნიშნავს ღამეს… ღამეს თეთრად ათენებს
და ღრუბლის ფერფლი თამბაქოს ფერფლს დაფარავს კართან,
ნიშნავს ტოტებცრუდაყვავებულ ანტენებს,
სახლებს – თვალი რომ გაეყინათ და ღია დარჩათ.
ნიშნავს – მე თოვლი მივიწყებულ ოთახს მაგონებს,
იქ, სადაც სტვენის გეშინია და თან გინდება,
თოვს – ნიშნავს აქლემებად ქცეულ ვაგონებს
და რომ ცერებზე აიწია ნელნელა მთები.
თოვს – ნიშნავს ვინმე უსათუოდ ყრუდ ჩაახველებს
და ნაბიჯს ექოდ ძველი უჯრის გახსნის ხმა ახლავს,
რომ კედლებს სუნი წასკდათ მზისთვის გადანახული
და გაამხელენ მოწყენისგან ჩათვლემილ სახლთან.
თოვს – ნიშნავს ახლა მძინავს
და სიზმრებს ვერ ვხედავ –
ისე თოვს.
მეს დაკარგვა
“მე – შენ ვარ!”
ნოვალისი
“я – это другой!”
ლაკანი
“Я – такого слова нет!”
Пригов
ყველაზე უფრო თვალშისაცემი ნიშანი ალტერნატიულ პოეზიაში, ეს არის ავტორის მეს დაკარგვა. იდენტიფიკაცია იმდენად რთულდება, რომ ავტორი არა ერთ რომელიმე საგანთან, მცენარესთან ან ცხოველთან იგივდება, არამედ ყველაფერთან და ყველასთან, ნებისმიერ სიტყვასთან და მის მნიშვნელობასთან, რომელსაც იგი წარმოთქვამს. ამ ნიშნით საინტერესოდ გვეჩვენება პაატა შამუგიას ლექსი – ლინგვისტიკის წრე:
გამუდმებით ასეა:
ვხდები ის სიტყვა, რომელიც მე მომემართება,
და ყველა სიტყვა, რომელიც მე მომემართება,
და მახსენებს სივრცის სიმყარეს,
ცდილობს, მომცეს თავისი სახე,
თავისი გარსი და სურვილთა მყიფე ლოგიკა,
აი, ვთქვათ, “რამე”,
ან ისეთი მარტივი რამე:
როგორიცაა “პრეზიდენტი”
ან “ჯეიმს ბონდი”
წარმოთქმას ვერც კი დავასრულებ, ვხდები მე თვითონ
და ბრიფინგების პარალელურად
ვიგერიებ საბჭოთა აგენტებს.
და მე _ პოეტი,
მე _ მეძავი,
მე _ პატრიარქი,
მე _ ტერორისტი,
ლიბერალი,
ავტომრბოლელი,
მე _ ცირკის მუშა,
გენიოსი და ღვთისმშობელი,
ვზივარ და ვუფრთხი მნიშვნელობებს, რომლებიც უკვე
მექცნენ სხეულის დამატებით ორგანოებად
და ძილის წინ უკვე იმდენი ვარ,
ყველაფერს აზრი ეკარგება,
თვლას – მითუმეტეს,
და მოფრინავენ თბილი ქვეყნიდან
გაუქმებული სიტყვები და ფრთებს აცეცებენ
და ყველა ჩემგანს შეწუხებულ სახით ნომრავენ.
აღმრიცხავენ, მსინჯავენ და მარკას მაკრავენ.
და მაქცევენ საიმიჯო პროდუქტად და
ბრენდად და ფეისად
და პორნოსტარად
და სპილბერგად და ფარაჯანოვად
და ლუდ “ჰაინეკენად”
და მოდის უკანასკნელ წივილკივილად
და “ვინდოუს ვისტად” და გალაკტიონად
და ვზივარ ქარში
და ვკერავ სიზმრებს გადამფრენი სიტყვებისგან,
რომლებიც ალბათ სამუდამოდ მიმატოვებენ.
პაატა შამუგიას “მეები” პარალელურად ან ერთდროულად თანაარსებობენ, განფენილები არიან დროსა და სივრცეში… მეს რთულ და მრავაფეროვან სამყაროს იორიკი კი (დათო ყანჩაშვილი) მეტაფორულად წარმოგვიდგენს “მატრიოშკების” სახით, რაც გარკვეულ იერარქიას გულისხმობს და მიმართულია გარედან _ შიგნით…
მატრიოშკების სამყარო
ჩემში შენ,
შენში ბავშვი,
ბავშვში მარტივი სამყარო.
მარტივ სამყაროში
უშნოდ დახატული სახლები,
სახლებში ადამიანები,
ადამიანებში
გრძნობები და შეგრძნებები,
შეგრძნებებში და გრძნობებში
სხვა ადამიანები.
სხვა ადამიანებში ერთმანეთი და
ბავშვები.
ბავშვებში დიდები,
დიდებში მოხუცები,
მოხუცებში მკვდრები,
მკვდრებში
მოხუცები,
მოხუცებში დიდები,
დიდებში ბავშვები.
ბავშვებში მარტივი სამყარო
და უშნოდ დახატული სახლები.
მე და შენ რთულ სამყაროში,
რთული შეგრძნებებით.
ბავშვიც რთულ სამყაროში,
რომელიც ჯერ ემარტივება,
რომელიც მეც მემარტივებოდა, შენც,
დიდებსაც,
მოხუცებსაც,
მკვდრებსაც,
სანამ გადიდდებოდდნენ,
დაბერდებოდნენ,
მოკვდებოდნენ.
მატრიოშკები
ერთმანეთში ჩალაგებული
მატრიოშკები.
უსასრულოდ,
გაუთავებლად
ჩალაგებული.
რაც უფრო მალე გახსნი
მით უფრო მეტი იქნება.
რაც უფრო ნელა,
მით უფრო მეტი დაგრჩება გასახსნელი.
უკანასკნელს ვერ მოესწრები.
ვერც ისე გადიდდები,
რომ პირველი მატრიოშკა იყო
და ვერც ისე დაპატარავდები,
რომ უკანასკნელი.
სხვადასხვა დროს სხვადასხვა ზომის იქნები
და სხვა ზომების გემოვნებას ვერ აითვისებ.
მოდი ჩავლაგდეთ ერთმანეთში.
ძალიან ავირიეთ
და ვეღარ ვხვდები ახლა რა ზომის ვარ.
გარშემო უშნოდ დახატული სახლები
და რთული სამყაროა.
დიანა ანფიმიადის დაკარგვა – იდენტიფიკაცია მითოლოგიურ-მისტიკურია შემდეგ ლექსში:
პირის ნიშნები
ერთხელ ვიყავი მამაშენი,
შემეძლო მხარზე ნაჯახივით შენი გადება,
ძირში მოსხეპილ შენს მომდევნო დაძმას ვბადებდი,
ერთხელ ვიყავი დედაშენი,
სუპში ჩემს თითებს პურთან ერთად
უხვად გიფშვნიდი
და სახლობანას სათამაშოდ ომში გიშვებდი.
ერთხელ ვიყავი შენი ცოლი,
ლოგინში სითბოს
ნაკვერცხალივით ვაღვივებდი, ვუდარაჯებდი,
იტალიური მაკარონის მაკრამეს ვქსოვდი,
პურზე კარაქის,
როგორც ხელზე ხელის გადასმას,
გიზოგავდი და ისე გაჩვევდი.
ერთხელ ვიყავი სინათლის ხე
შენი ფანჯრიდან,
კრეფდი ღამურებს – უმწიფარი შიშის ნაყოფებს,
ერთხელ ვიყავი მაცივარი
და მხოლოდ შენთვის
საყინულეში მიფეთქავდა მარწყვის ნაყინი,
ერთხელ ვიყავი შენი კაბა
და სულ შემთხვევით
შენს ქმართან ერთად კარადაში შემომისწარი,
სიტყვის მორგება კაბის ნაცვლად
მაშინ ისწავლე.
ერთხელ ვიყავი შენი ლურჯი ხავერდის ფარდა
მრცხვენოდა, შენთვის გამემხილა ცუდი ამინდი,
ერთხელ ვიყავი შენი ქმარი
და ცვილის ფრთები,
როცა ნათურას ვამაგრებდი, მაშინ დამიდნა.
ერთხელ ვიყავი საწოლი და როცა გეძინა
ფეხები ძირში გადამაჭრეს
ზეწარი აფრად გამომაბეს,
ბალიში წყალში დაახრჩვეს და
გამდინარე წყალს დამაყოლეს,
მაშინ ისწავლე სიზმრის სუნი, სიზმრის შეხება:
(შუბლზე – გლობუსის აზიაზე
ძმრიანი ტილოს დაფარება,
ცივ მდინარეში გაგრილება
საბნიდან ფეხის გაპარებით……)
ერთხელ ვიყავი ხელთათმანი
და შენ მაგივრად
ბასრი ყინულის კლავესინზე სიზმრებს ვარჩევდი,
ერთხელ ვიყავი უბრალოდ კიბე,
უბრალოდ კიბე სხვის კარამდე, შენ ვერც მამჩნევდი,
ერთხელ ვიყავი ჭერი
შენი საწოლის ზემოთ,
მზერით ამხადე, მეცხრე ცამდე გამაფართოვე,
ერთ დღეს, ორივემ გავიგონეთ ფრთხილი კაკუნი –
დასჭედეს კუბოს სახურავი
და მიგვატოვეს….
თოვლის პაპას რომ საჩუქრები ჩვენგან მიჰქონდა,
მაშინ ვიყავი შენ და მფიქრობდი.
ერთხელ.
დამეთანხმებით, ამგვარი “დაკარგვაიდენტიფიკაციები” სრულიად განსხვავებულია ტარიელ ჭანტურიას (ზოგადად, ამ თაობის) ამ განწყობისგან:
“დღისით _ თმოგვის მეციხოვნე,
ღამით _ ფანასკერტელი ვარ!
ხვალ რომ ქვა ვარ საგორავი,
ზეგ_არმაზის კედელი ვარ!
ვისმა სისხლმაც, წვეთწვეთობით
ის მწვერვალი აათავა:
ლომი ცოტნე,
ლომი დავით
და ბოკვერი პაატა ვარ!
მე ვიყავი!
მე ვიქნები,
მე მარადის ვმეორდები.”
სემიოზისი პოეზიაში. სემიოზისის იდეა გამოხატავს ნიშანსა და გარესამყაროს შორის დამოკიდებულებას; ეს არის ნიშნის ინტერპრეტაციის დინამიური პროცესი. სემიოზისი განსაკუთრებით საინტერესო მოვლენაა პოეტურ მეტყველებაში, რადგან პოეზია ენის შემოქმედებითი ბუნების გამოვლენის ერთგვარი სცენაა, სადაც სხვადასხვა განზომილების ნიშნები მუდმივ მოძრაობაში არიან. პოეტურ ტექსტში ჰარმონიას ქმნის რიტმის, რითმის, ემოციის, ბგერწერის, ტროპების… ფოიერვერკი. სწორედ მათი ჰარმონიული შეხამებით გამოიხატება აზრი, რომელიც “ცოცხალია” და ასე უშუალოდ მოქმედებს მკითხველზე. ამგვარი ნიშნების შექმნაზე წერდა მალევიჩი: “ნიშნის შექმნა საიდუმლოა, ნიშანი კი – საიდუმლოს რეალური სახე”.
შემოქმედებითი მეტყველება მუდმივად გვთავაზობს ახალ, მოულოდნელ სახეებს… პოეზია ყველაზე უფრო ღრმად აღწევს ენის არსში, როცა შეგვიძლია გავიმეოროთ ჰაიდეგერის ცნობილი თქმა: არა ენა ჩვენში, არამედ ჩვენ – ენაში! ხოლო როცა ენა გამოდის სცენაზე და ის იწყებს “ლაპარაკს”, ამ დროს ცოცხლდება პოსტმოდერნისტული მეტაფორა “ავტორი მოკვდა”, პოეტი ხდება ღვთაებრივი აზრის გამტარი, მედიუმი… ეს არის ნამდვილი დიალოგი ადამიანურ და ღვთაებრივ ცნობიერებას შორის. სწორედ ამიტომ ხდება საჭირო, რომ აიხსნას ადამიანის მიერ შექმნილი… სხვა შემთხვევაში ყველაფერი ცხადი იქნებოდა, ანუ ავტორს ყოველთვის გაცნობიერებული ექნებოდა მხატვრული სახეები და შესაბამისად, აღარ იქნებოდა საჭირო კვლევა. ვასილ ფრიაუფი ამგვარი კომუნიკაციის შესახებ წერს: “ვინ აზროვნებს კომუნიკაციის პროცესში? კიდევ ერთი პარადოქსული პასუხი: აზროვნებს ვიღაც სხვა… არა ის, ვინც “დემონსტრირებული ურთიერთობის ფარულ თამაშშია”.
ეს “ჭკუისმიღმური” ენა ვერ ეგუება შტამპებს და მუდმივად ნგრევაშენების პროცესშია… რაც იმას ნიშნავს, რომ სიტყვებს, რა თქმა უნდა, აქვთ ძირითადი, სალექსიკონო მნიშვნელობები (ამის გარეშე საერთოდ შეუძლებელი იქნებოდა კონოტაციური მნიშვნელობების გაჩენა). სწორედ ამ მოვლენის შესახებ წერდა ბარტი: არ არსებობს “წმინდა” დენოტაციური ენები, ისევე, როგორც “მხოლოდ” კონოტაციური. ნებისმიერი ენა წარმოადგენს “გამოთქმულისა” და “ნაგულისხმევის” კომბინაციას, დენოტაციურ და კონოტაციურ დონეებს… ასეთია სემიოტიკური სისტემის დინამიკური რეალობა, – დასძენს ბარტი, – თუმცაღა, კლასიკური (სტატიკური) სტრუქტურალიზმი ვერ ფლობს ამ რეალობის გასაღებს (ბარტი 1989:2324). ნიშნები მხატვრულ მეტყველებაში ჩვეულებრივი მეტყველების კანონებისაგან განსხვავებით სრულიად სხვა განზომილების კანონებში არსებობენ. საბოლოოდ, მნიშვნელოვანია არა თავად ნიშანი, არამედ ის განცდა, რომელიც ნიშნის მეშვეობით მიიღწევა, ანუ შეცნობის პროცესი. “საგანთა შეცნობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი აღმნიშვნელი ნიშნები” (წმინდა ავგუსტინე 1999:330).
პოეზიაში ნიშანია მთელი ლექსი… სხვა დანარჩენი: სინტაგმები, ფრაზები, ტროპები… უნდა განვიხილოთ მხოლოდ მთელი ლექსის აზრთან მიმართებით; ამისათვის კი აუცილებელია ჯერ სწორად გავშიფროთ ლექსის იდეა, აზრი. ამიტომ არის სახიფათო ლექსის ახსნა… აქ მოქმედებს სუბიექტურ ინტერპრეტაციათა მთელი ჯაჭვი. ამგვარი დამოკიდებულებაა გამოხატული მუხრან მაჭავარიანის შემდეგ ლექსში:
“სხვას რომ არ ესმის შენი ლექსი,
შენ როგორც გესმის! _
სისულელეა, _
ამის გამო უკეთუ ბორგავ:
სისულელეა, _
ვინაიდან,
არამცთუ ლექსი,
სიტყვაც კი ერთი
ერთნაირად არ ესმის ორ კაცს.”
სინამდვილეში კი, პოეტურ ტექსტში ყველაფერი მათემატიკურად ზუსტია… ლექსი მიკროკოსმოსია, რომელიც კოსმოსს, გარკვეულ წესრიგს იმეორებს. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ლექსი ერთგვარი ქაოსის გამომხატველია, ასეთ შემთხვევაში ის არის “მოწესრიგებული ქაოსი”, ანუ ქაოსსაც თავისი კანონები აქვს და სწორედ ამ წესრიგში მოიაზრება უწესრიგობა. ყველა შემთხვევაში პოეზია მოწესრიგებული მეტყველებაა, საკვლევია, რა თქმა უნდა, ის, რომ არსებობს სრულიად განსხვავებული წესრიგის სისტემები. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერლიბრი ტრადიციულ ლექსთან მიმართებით მოუწესრიგებელი მეტყველებაა. უფრო ზუსტი იქნება თქმა: რომ არსებობს განსხვავებული წესრიგის სისტემები, რომლებსაც თავისი კანონები აქვთ. ერთი ლექსის განსხვავებული აღქმებიც იმაზე მეტყველებს, რომ პოეტური ტექსტი მრავალგანზომილებიანია და მკითხველი აღიქვამს არა განსხვავებულად, არამედ სხვადასხვა განზომილებას.
სემიოზისი ალტერნატიულ პოეზიაში
რას ნიშნავს პოეზიაში ნიშნის “განულება”? ვთქვათ, ლექსიკური სემანტიკის შემთხვევაში, როცა სიტყვა არ აღნიშნავს იმას, რასაც – ლექსიკონებში. ლექსემის დესემანტიზაციის დროს იწყება მეტაფორიზაციის პროცესი, რადგან არ არსებობს ბუნებაში ნიშანი, რომელიც არაფერს აღნიშნავს. ლევი სტროსი თავის ცნობილ “ველურ გონებაში” გვეუბნება: რომ წვრილმანი ნივთი, ხელოსნის ან მოყვარულის მიერ გამოგონილი საგანი, თავისთავად, ძიება და საგნისთვის აზრის ბოძებაა… მართალია, ეს მსჯელობა საგნებს შეეხება, მაგრამ აბსოლუტურად ვრცელდება სიტყვებზეც… პოეტიც ქმნის და იგონებს და ახალ აზრს სძენს სიტყვებს. საინტერესოა როლან ბარტის ერთი სტატია “საგანთა სემანტიკა”, აქ რასაც ბარტი საგნებზე ამბობს, როგორც ნიშნებზე, შეგვიძლია გავავრცელოთ სიტყვებზეც, როგორც ნიშნებზე: “საგანი ემსახურება ადამიანს, რათა გავლენა მოახდინოს სამყაროზე, გარდაქმნას იგი, იყოს აქტიური, იგი არის მედიატორი ქმედებასა და ადამიანს შორის. შეიძლებოდა აქვე აღგვენიშნა, რომ არ არსებობს, ასე ვთქვათ, საგანი არაფრისთვის… პარადოქსი, რისი მინიშნებაც მსურს, ისაა, რომ საგნებს, საერთო ჯამში, ყოველთვის აქვთ ფუნქცია, უტილიტარულობა და გამოყენებითობა. ჩვენ გვჯერა, რომ მათ აქვთ წმინდად ინსტრუმენტული დანიშნულება, მაშინ, როცა სინამდვილეში სხვა დატვირთვაც აქვთ, სხვა რამესაც წარმოადგენენ: აზრს ატარებენ”.
მითუმეტეს, პოეზიაში არ არსებობს ზედმეტი სიტყვები, სიტყვები არაფრისთვის, მაშინაც კი, როცა ეს სიტყვები კარგავენ მნიშვნელობას. ასეთ შემთხვევაში არ იარსებებდა ავანგარდისტული პოეზია. ავანგარდისტებმა მოახდინეს მხატვრული ნიშნის ტრანსფორმაცია, რაც გამოიხატებოდა ტრადიციული კოდების რღვევასა და ახლის შექმნაში. ავანგარდმა არა მარტო შეცვალა მხატვრული ნიშნის აგების წესები, არამედ თავად ნიშნის გაგებაც, მისი სტატუსი. “აღნიშნული” ეძებს თავის “აღსანიშნს” (გრიგარი 2007:9). მხატვრული ნიშნის ამგვარი რადიკალური ტრანსფორმაცია მსოფლმხედველობის ღრმა ცვლილების შედეგი იყო.
მაშასადამე, პოეზიის ლაბირინთებში შესვლისას ჩვენ სრულიად განსხვავებულ გზებზე ვხვდებით და ვმოგზაურობთ და ზოგჯერ ამგვარი მოგზაურობის ხიბლი სწორედ ლაბირინთებში სემიოტიკური დაკარგვაა.
ლიტერატურა
- იასპერსი 1997: Ясперс К. Общая психопатология/Пер. с нем. М.
- ბარბაქაძე 2003: ცირა ბარბაქაძე, ქართული მჭევრმეტყველების პრაგმატიკა, თბილისი;
- გრიგარი 2007: Моймир Грыгар, Знакотворчество. Семиотика авангарда, ჩанкт_Петербург.
- ბუქსი 2005: Нора Букс: Семиотика безумия: Сборник статей, Париж Москва.
- ლევისტროსი 1994: ЛевиСтросс К. Первобытное мышление, М.
- ბარტი 1989: Ролан Барт, Избранные работы, Семиотика, Поэтика, Москва.
- ბარტი 2003: Ролан Барт, Семантика вещи. \\ Барт Р. Система моды, Статьи по семиотике культуры. М.
წყარო: http://lib.ge