ლიტერატურა

ნინო დარბაისელი – “რკინის საწოლი” (გალაკტიონის რეცეფციისათვის ოთარ ჭილაძის შემოქმედებაში)

“მე მქონდა შესაძლებლობა, პირადად გავცნობოდი გალაკტიონს, მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი და რამდენიმე ბავშვი გაგვაგზავნეს სკოლიდან რაღაცის გადასაცემად, მაგრამ ბოლო წუთას მაინც ვერ გავბედე მის ბინაში შესვლა, შემეშინდა, ისეთი რამ არ ეკითხა ჩემთვის, რაზეც ვერ ვუპასუხებდი, არ მეცოდინებოდა, ანდა ისე ვერ ვუპასუხებდი, როგორ პასუხსაც ელოდებოდა იმისგან, ვინც მის სამფლობელოში შეჭრას გაბედავდა.” — წერს ოთარ ჭილაძე თავის მოგონებაში.

ასეთი შესაძლებლობა მას ავბედითი 1959 წლის მარტამდე აღარ მისცემია.

“ჩემს თაობას, ეტყობა, ბედად ეწერა უფრო დიდი შთაბეჭდილების განცდა, ვიდრე ღმერთის წარმოდგენაა, მან ღმერთის სიკვდილი იხილა.” — ესეც მისი სიტყვებია.

პირველი ლექსიც — “გალაკტიონ ტაბიძის ხსოვნას” იმავე წელს უძღვნა:

დღესაც გრძელდება, დღესაც ასეა:
ქარი, სიჩუმე და ფოთოლცვენა…
– – – – –
და ისევ ქუჩებს ვუბრუნებ თვალებს,
თითქოს მდინარეს ვუბრუნებ თევზებს,
და ვიცდი, რადგან ვიცი, რომ მალე
ამტკივდებიან ფიქრები შენზე.

“რკინის საწოლის” გამოქვეყნებამდე ერთი წლით ადრე, უსათაურო ლექსში “ქუჩაში წვიმდა, მე ვიყავ მარტო”, რომელიც ამ პოემის თავისებურ უვერტიურადაც შეიძლება მივიჩნიოთ, შინმყოფი პოეტი ასე იხსენებს გალაკტიონის დაკრძალვის დღეს:

და გარეუბნის ნაცრისფერ ღრუბლებს
შეშფოთებული უცქერდა ხალხი,
უცქერდა ჩუმად და სველი კუბო
მიჰქონდა, როგორც ჩამქრალი ჭაღი.

ამ ცნობილ ლექსში უკვე გამოიკვეთა ო. ჭილაძის ინტენცია, გადაელახა იმდროინდელ ქართულ კულტურულ ცნობიერებაში დამკვიდრებული სტრეოტიპული რეცეფცია გალაკტიონისა და მისი, როგორც დიდი შემოქმედის არსს ჩასწვდომოდა.

ასეთი ჩანაფიქრის შემთხვევაში ალბათ ყველაზე აპრობირებული გზა იქნებოდა გ. ტაბიძის ცხოვრებისეული რეალიების, მისი ტრაგიკული სიკვდილის ახლებური, ინდივიდუალური პოეტური გააზრება, რომლის არაერთი შესანიშნავი ნიმუშიც მოიპოვება ქართულ პოეზიაში, მაგრამ ო. ჭილაძემ თავისი ქმნილების ტექსტსმიღმა დატოვა ყოველივე ცხოვრებისეული, რაც ასე თუ ისე ნაცნობი იყო ქართველი მკითხველისათვის და საკუთარი წარმოსახვისმიერი სივრცე სრულიად სხვა იმაგინაციებს დაუთმო.

***
სალექსო ფორმის მხრივ ამ პოემაში საყურადღებო თითქმის არაფერია: ათმარცვლედი, შუაში სავალდებულო ცეზურით, ჯვარედინად გარითმული კატრენები ან არაკანონიკური სტროფები, სადაც რითმათა კონფიგურაციის წესი აქა–იქ იცვლება, ორიოდე მოკვეცილი ტაეპი… ქართულ პოეზიაში ამ უკიდურესად გავრცელებულ რიტმულ ქარგაზეა აგებული არა მხოლოდ ოთარ ჭილაძის პოემების უმრავლესობა, არამედ მცირე ქმნილებათა ძირითადი ნაწილიც, მაგრამ ამ ნეიტრალურად ქცეულ რიტმულ ფონზე ოთარ ჭილაძემ ქართული ლექსის ინტონირების ახალი პერსპექტივები გამოავლინა და პოეტურ ტროპთაგან მისთვის რჩეულს – შედარებას ეფექტური მხატვრული ფუნქციონირებისთვის ნიადაგი შეუქმნა.

“რკინის საწოლში” კომპლექსურად მუშაობს იმ ძირითად ნიშანთა ერთობლიობა, რომელიც ო. ჭილაძის გამორჩეულ პოეტურ იდიოლექტს ქმნის: სადა მეტყველება, ყოფითი ლექსიკა, გარიდებული პათეტიკას, ყოფითი დეტალის პოეტიკა, ზეპირმეტყველებითი ფრაზეოლოგია და სასაუბრო, დაღმავალია ინტონაციები, შეყოვნებული ტემპო-რიტმი; არა მკვეთრი კონტრასტები, არამედ რხევები; ბინარულ ოპოზიციებშიც კი ურთიერთგარდამავალი მომენტების წარმოჩენა; არა ყოვლისწამლეკავი ტრაგიზმი, არამედ სევდა, გრძნობადი ნიუანსები; ტაქტილურ შეგრძნებათა იმგვარი ფაქიზი გადმოცემა, როგორსაც ქართულ პოეზიაში გალაკტიონმა დაუდო სათავე (“შემოდგომაა… ტკივილი ჩუმი და ხელისგულთა ნაზი ქავილი”).

***

“ნეტავ როგორ იწერება პოემა? ეს ჩემთვის ახლა ისეთივე საოცრებაა, როგორც მოლაპარაკე ძაღლი ანდა მფრინავი ძროხა” — ჟურნალ “ქართულ მწერლობაში” (2010 #1) გამოქვეყნებული ეს ჩანაწერი ოთარ ჭილაძისა 1968 წლით — იმ დროით თარიღდება, როცა მას უკვე შექმნილი აქვს ათზე მეტი ლირიკულ–ეპიკური და ლირიკული პოემა.

“რკინის საწოლი” ლირიკულ პოემათა რიგს მიეკუთვნება. დღეს ეს ჟანრი უკვე ტრადიციულად აღიქმება, გასული საუკუნის სამოციან წლებში კი ქართული პოეზიისთვის დიდ სიახლედ მიიჩნეოდა და მის დამკვიდრებაში ო. ჭილაძის პოემებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.

ამ პოემის კომპოზიციას კრავს ტემპორალური პლანი: მოქმედება მიმდინარეობს უსასრულო წარსულში — მთვარით განათებულ ქარიშხლიანი ღამიდან — მზით განათებულ დილამდე. რაკი პოემას სხვა მხრივ მეტნაკლებად თავისუფალი კომპოზიცია აქვს, მკითხველს საშუალება ეძლევა, საკუთარი მოლოდინის ჰორიზონტიდან სცადოს მისი რთული სახეობრივი სამყაროს მოქცევა ობიექტივში და საბოლოოდ, ინდივიდუალური ინტერპრეტაცია ჩამოაყალიბოს. ჩემეული ინტერპრეტაცია კი, რომელზე დაყრდნობითაც განვაგრძობ ფიქრს ამ ნაწარმოების სხვადასხვა პლანის შესახებ, ამგვარია: “რკინის საწოლში” გალაკტიონის, როგორც ხელოვანის იდეალის პარადიგმა რეპრეზენტირებულია შინაგანი მონოლოგისა და ცნობიერების ნაკადის მოდერნისტული “ენით”, პოემის საფუძველში კი დევს სიმბოლისტური კონცეპტი, რომ წარმოსახვისმიერი, თუნდაც წიგნისმიერი მხატვრულ–სახეობრივი რეალობა — წარუვალი და ნამდვილია. ეს უფრო დიდი სი–ნამდვილეა, სიცხადეა, ვიდრე ყოფითი რეალობა — ჩვენი ყოფითი წარმოდგენები საგნებსა დ მოვლენებზე, რომელიც წარმავალია და ილუზორული. არსების, საგნის, სამყაროს ნამდვილი, ჭეშმარიტი არსის წარმოსაჩენად კი საჭიროა, იგი გათავისუფლდეს ყოფითი “სინამდვილის” ამ გარსისაგან.

ღამღამობით, ლუნარულ ხილვათა, შუქ–ჩრდილთა მეუფების ჟამს გალაკტიონის ოთახში, სადაც რკინის საწოლი იდგა, იწერებოდა ცხოვრების წიგნი, რომელიც ყოველდღე ყოფითი, “რეალური” მზის სინათლის მომძლავრებისას დროებით იფარებოდა, ხოლო გალაკტიონის — პოეტის იდეალი უხილავი ხდებოდა ადამიანთა თვალისთვის:

უბრუნდებოდა ქუჩას სინათლე,
ჩრდილებს — ადგილი,
საგნებს — სიმართლე
და გადაშლილი წიგნიც დროებით
იფარებოდა მწვანე რტოებით,
იჩრდილებოდა ჩიტების ჩრდილით
და ისიც ცოცხალ გულივით თბილი,
ყველა სიკეთის მცოდნე და ღირსი,
კვლავ უხილავი ხდებოდა დღისით.
მზე კი ფანჯრებში ხალხს ახედებდა
და ჩანდა, როგორ იდგა კედელთან
რკინის საწოლი.

რკინის საწოლი, რომელშიც ადგილს ვერ პოულობს “მარადისობის კვალისა და მიზეზის” მაძიებელი პოეტის ბობოქარი სული, მკაცრი რეალობის სიმბოლოა. ამ სათაურთან ერთად, პოემის პირველსავე სტროფში წარმოდგენილია საწყისი იმაგინაცია, შემცველი იმ ძირითადი “პერსონაჟებისა” და მოტივებისა, რომელიც შემდგომ მთელ პოემას ჯერ ურთიერთგარდამავალ, შემდგომ კი, ცალკეულ ლაიტმოტივებად გაჰყვება. აქ ძირითადად გალაკტიონისეულ მთავარ სახე–კონცეპტებს — მთვარესა და ქარს ემატება ხეები, ძველი შენობის კედლები და ჩრდილები:

ლაპარაკობდნენ ხეები ძილშიც,
ტოტებში ქარი წიოდა მწარედ
და დაბერებულ კედლების ჩრდილში
კაცივით იდგა დაღლილი მთვარე.

პოემაში გადმოცემულია ის შთაბეჭდილებანი და წარმოსახვანი, ოთარ ჭილაძის თანათაობელ პოეტებს ყრმობისა და ჭაბუკობის ჟამს რომ აღუძრავდა გალაკტიონის პოეზია და მისი მითიური საბურველით მოსილი არსება. იგონებს რა ყოველივე ამას მხატვრულ აწმყოში (ახლა), ავტორი მეტყველებს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ამ ყველას სახელითაც, რაც ნათლად ჩანს ფინალში:

ძვირფასი იყო ის ქუჩა ჩვენთვის,
ჩვენ იმ ქუჩაზე თამამად ვწერდით
ჩვენი პირველი შეკრთომის მიზეზს
და პირველ ღიმილს სამყაროს პირზე,
ხოლო პოეტის მკაცრი ოთახი
თავბრუს გვახვევდა ყველას ცოტა ხნით
და შიშის მაგვარს ვგრძნობდით ყველანი.

ეს წარსული, რომელიც მოგონებაში ლიტერატურული ალუზიების მეშვეობით ცოცხლდება, უკავშირდება არა რომელსამე აქტს, ერთჯერად ამბავს, არამედ დაუსრულებელ პროცესს, რაც ტექსტში გამოხატულია წარსული დროის უსრული ასპექტის ზმნათა მუდმივი გამოყენებით (მათი დიდი უმრავლესობა მიეკუთვნება უწყვეტელის მწკრივს). ზმნათა ბოლოში და სხვა სიტყვებში ,,და’’-მარცვლის მუდმივი გამეორება კი მეორად მარიტმიზებელ საშუალებად იქცევა და ათმარცვლიანი ლექსის მონოტონურ რიტმულ მდინარებასთან ერთად თავისებურ ტრანსულ მდგომარეობაში გადაჰყავს აღმქმელი:

არ უჩიოდა არც ერთ ჭრილობას,
არ უყურებდა დაბალს ზემოდან,
და თან ყველაფრის განცდას ცდილობდა,
ამ ქვეყანაზე რაც არსებობდა.

ამ ფონზე ინტონაციური რეგისტრების ოდნავი მონაცვლეობაც კი მსუბუქად მართავს მკითხველის ცნობიერებას, მის წარმოსახვას, მაგრამ საერთო მდინარებას ერთგან, მოულოდნელად ამძაფრებს ავტორი (სულ 5 სტროფი —მეექვსე თავის ბოლოსა და მეშვიდეს დასაწყისში):

როცა ქარს სტკივა, რაღა თქვას კაცმა,
ხომ არ იკივლოს კაცმაც ქარივით,
ანდა უებარ მალამოს ნაცვლად
ხომ არ დაიდოს წყლულზე მარილი.

გრამატიკული დროის მომენტალური ცვლა, გადასვლა კავშირებით კილოზე იმაგინაციურ ნაკადს წყვეტს, მსჯელობით დისკურსში ჩართული აფირმაციული აქცენტები კი, (უნდა… უნდა… უნდა), ლირიკული პერსონის, როგორც მებრძოლი სულის ადამიანი-შემოქმედის მანიფესტირებას ემსახურება:

როდესაც ჩნდება ადამიანი,
მიწაზე უნდა ადგილი ჰქონდეს,
რომ შეაჩვიოს ხორცი იარას,
გონება — სივრცეს და სული — ცოდვებს.

ცა უნდა ჰქონდეს, რომ კი არ გასძლოს,
იბრძოლოს, ვიდრე ძარღვი ათრთოლებს
და თუ სიცოცხლეს ბუნება აძლევს,
ცხოვრება უნდა შეძლოს თვითონვე.

ამ მონაკვეთის შემდგომ პოემის დრო კვლავ უწყვეტ წარსულს უბრუნდება, ოღონდ ღამღამობით მიწყივ “მარადისობის კვალისა და მიზეზის” მაძიებელი გალაკტიონის უმკრთალეს კონტურს დღის შუქზე ოდნავ მკვეთრი “რეალისტური” – სოციალური შტრიხები ემატება — იგი “ჩვენი”, ანუ იმდროინდელი ახალთაობის თვალით იმგვარად გამოიყურება, როგორც შეეფერება პოეტი–იდეალის პარადიგმას.

ჰიპერბოლა, როგორც მხატვრული ხერხი ასეთ შემთხვევაში, ყველაზე უკეთ გამოხატავს მათ სათქმელს:

და როცა გარეთ ქარი კვნესოდა,
გამოდიოდა მისაშველებლად,
ვით გოლიათი კურდღლის სოროდან,
რომ ქარის წუხილს ერთი მსმენელი
და ხმის გამცემი მაინც ჰყოლოდა.

***

“რკინის საწოლში” პოეტი ფრთხილი ნაბიჯებით მიუძღვება მკითხველს ნახევრადურბანისტული თუ წიგნისმიერი ლანდშაფტების გზაზე, თავად მუდამ თავდაპირველ, შიშსა თუ კრძალვაზე დაფუძნებულ დისტანციას ინარჩუნებს გალაკტიონის მიმართ და მკითხველმაც, თუ სურს სრული ესთეტიკური ტკბობა განიცადოს, უნდა მიიღოს ეს პირობა და წარმოსახვა, ცნობიერება ასეთივე დისტანციიდან მიადევნოს ავტორისეული ასოციაციური ბმებით დაკავშირებულ იმაგინაციათა ნაკადებს… და მაინც, ტექსტის რამდენიმე დამაფიქრებელი მომენტი რაღაც ანალიზს მოითხოვს, მაგალითად, რას უნდა ნიშნავდეს ლირიკული პერსონის მიერ გალაკტიონის შესახებ თქმული:

მაგრამ ყოველთვის რჩებოდა ძალა,
რომ არ ექცია ხმა ლაპარაკად
გრძნობა კი სიტყვად […]

აქ ხმის ლაპარაკად ქცევა—პოეტური, ამაღლებული სათქმელის დამცრობა-დაკნინებას უნდა ნიშნავდეს და თუ გავითვალისწინებთ, რაოდენ მნიშვნელოვანია გალაკტიონის პოეზიაში ხმა, ჟღერადობა, ევფონია, ალბათ აქ გაუგებარიც არაფერი დარჩება, მაგრამ გრძნობის ქცევა სიტყვად, გრძნობის მო–ქცევა სიტყვაში ხომ პოეზიის, როგორც ხელოვნების სიტყვიერი დარგის რთული ამოცანაა. ვფიქრობ, ამ სტრიქონების კონცეპტუალური გასაღები სიმბოლიზმის ესთეტიკაში უნდა ვეძიოთ — სიტყვა უნდა გავიაზროთ არა იმად, რაც ცვლის გრძნობას, იკავებს რა ტექსტში მის ადგილს, არამედ მარტოოდენ ამ გრძნობის მიმანიშნებლად.

***

მთვარის ლაიტმოტივი, რომელიც ათ თავად დაყოფილ ამ პოემას დასაწყისიდან მეცხრე თავამდე გასდევს, ასევე შეიცავს დამაფიქრებელ მომენტს.
სახე –

და დაბერებულ კედლების ჩრდილში
კაცივით იდგა დაღლილი მთვარე.

მეტნაკლებად გასაგებია, პოემის ერთიანი მხატვრულ–კონცეპტუალური კონტექსტის გათვალისწინებით. აქ წარმოდგენილია სამყაროს მისტიკური სურათი, სადაც ყოველი საგანი თავისი ჩრდილითა თუ ანარეკლით, ხმით, რომელსაც იგი გამოსცემს და ა.შ., ერთიანია (“ის ერთდროულად ნიშნავდა ჩრდილსაც, და იმ საგანსაც ჩრდილს რომ ისროდა.”).

მთვარის სხივები, ნათება, რომელიც კედლების ჩრდილში აღწევს, მთვარისავე ნაწილია. შედარება – “კაცივით” გამოკვეთილად მასკულინურ ნიშანს მიაკუთვნებს მას, პოემის ბოლოს კი მთვარე უკვე ფემინური კონოტაციით შემოდის:

მთვარეს კი თავის თეთრი ფეხები
ძლივს გადაჰქონდა ტრამვაის ხაზზე.

თუ დავუშვებთ ფიქრს, რომ ამ პოემაში არა მხოლოდ ორი, ორგვარი სიმართლე და სიცხადეა, არამედ ორი მზეც — ერთი, რომელიც მარადიულ, წარმოსახვისმიერ სამყაროს ანათებს (პოემის მეხუთე თავში) და რომლის შუქშიც ყველაფერს — მხეცს, კაცსა და ღმერთს ნამდვილი სახე უბრუნდება, ხოლო მეორე — რომელიც ფინალში, გათენებისას, ყოფაში დაბრუნებისას გამოჩნდება ხოლმე, მაშინ აქ ორი მთვარის არსებობაზეც შეიძლება საუბარი.

პირველი მთვარე — თვით გალაკტიონის სიმბოლოა, ან მისი “არამიწიერი” სახე, ამაღლებული, დისტანცირებული რომ დასცქერის საკუთარ თავსა და იმას, რაც ხდება (ხდებოდა) ღამის ქალაქში. ფინალში ფემინური ნიშნით გამოჩენილი მეორე მთვარე კი ის მნათობია, რომელიც მეორე — ყოფიერი მზით იცვლება.

***

პოემის დასაწყისშივე, პირველ თავში, სადაც, როგორც უკვე აღვნიშნე, დაფიქსირებულია ის ძირითადი მოტივები, რომელიც მოგვიანებით ტექსტში ლაიტმოტივებად გაიშლება, ერთი ასეთი უცნაური შედარებაა:

და საიდუმლო, როგორც სერობა,
ტრამვაის ხაზი წყდებოდა უცებ.

ლექსის კონტექსტიდან გამომდინარე, სიტყვა “საიდუმლოს” გაჩენა აქ სავსებით მოსალოდნელია, მაგრამ რა კავშირშია ერთმანეთთან საიდუმლო სერობა და ტრამვაის ხაზი, რომლებიც თავისი ყველაზე პირდაპირი ნიშნით “რკინობით” რკინის საწოლს უკავშირდება, მეორე მხრით კი იმავე ნიშნებითაა დახასიათებული (“ბრწყინავდა რკინაც, ცივი და ბასრი”), რითაც დანტეს მიერ ქვესკნელიდან ამოტანილი სიმართლე (“სიმართლე იყო მკაცრი და ბასრი”).

ეს სახე-შედარება ცნობიერ და ქვეცნობიერ დინებათა კონტამინაციის შედეგად გაჩენილი ჩანს და ჩემი ვარაუდით, ასე შეიძლება აიხსნას:

ტრამვაის ხაზი — წყვილი რელსი ნახევარბნელში — არის სერი, ზოლი (და– სერ–ვა – ბასრი საგნით დაზოლვა ზედაპირისა, სერი — სწორი გზა).

სერი – სერ-ობა ჟღერითი ასოციაციური ბმაა სემანტიკურად დაშორებულ ლექსიკურ ერთეულებს შორის.

საიდუმლო სერობის ძირითადი მოტივი სულიერი წინამძღოლის ღალატია “თანამოაზრის”, თანამეინახის მიერ:

მე მიღალატეს ძველმა რითმებმა,
ძველ მეგობრებსაც ვამჩნევ მე ღალატს. —

– ეს გალაკტიონია. ცნობიერების ნაკადის მოდერნისტული ტექნიკისათვის ასეთი, ერთი შეხედვით, უცნაური კავშირები — ჩვეულებრივი ამბავია.

გარდა ასეთი შორეული ალუზიებისა, პოემის იმაგინაციური პლანი გალაკტიონის ლირიკიდან სხვა, ადვილად საცნობი უხვი მასალითაა გაჯერებული, ცხადია, ეს უპირველესად ქარს უკავშირდება.

“ტოტებში ქარი წიოდა მწარედ”, “და ღამის ქარით თმაგაწეწილი” და სხვ. უმალ გალაკტიონის თმაგაწეწილ ქარს აცოცხლებს მკითხველის მეხსიერებაში. სტრიქონები:

და მხოლოდ სული, დროშად ქცეული
ვერტიკალურად იდგა ყოველთვის.

ალუზიურად უკავშირდება გ. ტაბიძის სიტყვებს:

და დროშასავით მე მიმაქვს მაღლა
სანთელი, შენი სული… სანთელი.

ხოლო პოემის ფინალური აკორდი:

და შიშის მაგვარს ვგრძნობდით ყველანი,
როცა ბრწყინავდა შავი მელანი,
ის კი ბრწყინავდა კაცის სისხლივით,
თუ მოხვდებოდა ხოლმე მზის სხივი. –

-ალუზიაა გ. ტაბიძის ლექსისა “ბარათაშვილი”:

მე სისხლით ვწერდი, გულის სისხლით და არა მელნით
აწ ლანდად მდგარი, ფერფლი, როსმე მიმქროლი მერნით…

***

პოემის მეხუთე თავში, სადაც “ტკივილით გაჩენილ ნათელში” ცოცხლდებიან მსოფლიო ლიტერატურის მარადიული პერსონაჟები: მწუხარე სახის რაინდი, გარგანტუა, ტრისტანი და იზოლდა, ჰამლეტი, ავტორი-პერსონაჟი დანტე და ამით შემოწერილია ის ძირითადი თეზაურუსი, გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ლიტერატურულ ახალთაობას რომ ჰქონდა, ბუნდოვანია წყარო პირველივე ნათელი, შთამბეჭდავი იმაგინაციისა — მამათა მონასტრის ახლო გამოჩენილი სოფლელი გოგოსი, რომელსაც ბერი შესცქერის:

გოგოს ფუტკარი ეჯდა კისერზე
და მიჰყვებოდა ბზუილს მთვრალივით,
და გულუბრყვილო იყო ისევე,
როგორც ფუტკარი, ანდა ყვავილი.

ჩემი ფიქრით, ეს გოგონა ალბინა უნდა იყოს.

ბერს კი ტუჩებზე მიედო თითი
და თავს იღწევდა ღმერთის ჩეროდან.
და სული, როგორც ცისფერი ჩიტი,
ცის გასაგონად სულ სხვას მღეროდა. —

– ეს კი მასზე გამიჯნურებული აბატი მურეა, ემილ ზოლას რომანიდან “აბატ მურეს შეცოდება”.

ამავე თავში მსოფლიო ლიტერატურის პერსონაჟთა შორის კიდევ ერთი — უცნობი, თუმცა მშობლიურად ნაცნობი გლეხის სახე ჩნდება:

გლეხი კი ისევ მიწას ბარავდა
და განუწყვეტლივ ლოცავდა გამჩენს,
და თბილი თესლით სავსე კალათას
ხნულებში ცლიდა მშვიდი და გამრჯე.

ძნელი არ არის, აქ ჩვენი ზეპირსიტყვიერების წიაღიდან ოთარ ჭილაძის ქმნილებებში გადასული ქართველი გლეხი შევიცნოთ (“მინდვრის ბოლოში ბრწყინავს მდინარე”) :

გლეხი კი მაინც არ მიდის არსად,
სულში ჩასცქერის გადახნულ მინდორს,
თავისი ვაშლის თუ ჭერმის მსგავსად
მიწაში ფესვი გაუდგამს თითქოს.

ოთარ ჭილაძემ ქართულ ლიტერატურას მრავალი სიახლე შესძინა, მაგრამ ფესვებით მშობლიურ ნიადაგთან, ტრადიციასთან კავშირი მისთვის, როგორც შემოქმედისა და პიროვნებისთვის – მუდამ მთავარი იყო!

***

ოთარ ჭილაძის კრებულში ერთი პატარა, უსათაურო ქმნილებაა. მას მიძღვნა არ აწერია და ვფიქრობ, არც სჭირდება, იმდენად მჭიდროდაა დაკავშირებული გალაკტიონის სახესთან, მის ლანდთან და პოემა ,, რკინის საწოლთან”, თუმცა მასზე ორი წლით ადრეა შექმნილი (1961).

მე თოვლში ვეძებ სისხლისფერ ვარდებს
და მიტოვებულ ნუშებს და ატმებს…
თოვლზე ეცემა პოეტის ლანდი
და ქალაქს კიდევ ერთ კივილს ართმევს
და ავსებს შემკრთალ სიცარიელეს
და ისევ თოვლს და მოლოდინს ერთვის,
მაგრამ ბოლომდე რჩება იერი
ბედნიერ ბავშვის და დაღლილ ღმერთის.

ოთარ ჭილაძემდე გალაკტიონმა თავისი წინამორბედი და იდეალი – აკაკი სწორედ ლანდად წარმოადგინა – “ჩუმად… დაღლილი სანთლებით მოდის / მწუხარე ლანდი… მაღალი ლანდი…” (“აკაკის ლანდი”/ “,პოეტის ლანდი”).

აკაკიმ გალაკტიონის ცხოვრებასა და შემოქმედებას წარუშლელი კვალი დააჩნია.
“მე არ მეგულება ჩვენს თანამედროვეობაში მეტნაკლები შესაძლებლობის, განათლებისა და გაქანების პოეტი (რა თქმა უნდა, ჩემი ჩათვლით) გალაკტიონის გავლენა არ განეცადოს. გავლენა, კარგი გაგებით, კეთილშობილური აუცილებლობაა, განვითარებასა და წინ წასვლას გულისხმობს, რადგან სულში ტოვებს კვალს და არა სახეზე.” – ეს ოთარ ჭილაძის სიტყვებია.

თავად მისი გავლენის კვალი კი თანამედროვე ქართულ პოეზიაში აშკარაა, თუმცა ჯერჯერობით შეუსწავლელი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button