ლიტერატურა

ნინო დარბაისელი – გალაკტიონის “უცნაური სასახლე”

რას უნდა ნიშნავდეს და მიანიშნებდეს სათაური “უცნაური სასახლე” – “არტისტულ ყვავილებში”,ამ უცნაურობებითა და საიდუმლოებებით ისედაც გაჯერებულ წიგნში, სადაც “სასახლე” ერთი უმთავარი ტოპოსია?

სიტყვა უცნაური, პირდაპირი, სალექსიკონო გაგებით, არა-ჩვეულებრივს, გასაოცარსა და საკვირველს ნიშნავს. ლექსში გამოსახული სასახლე, მართლაც, სწორედ ასეთია, მაგრამ მნიშვნელობათა და მინიშნებათა, სახეთა და სიტყვათა ასეთ ფეიერვერკულ თამაშში, სადაც ყველაფერი _ სამჯერადი მაჯამური რითმის წყალობით _ მრავალგვარი ხედვა-აღქმა-ინტერპრეტირებისკენ გვიბიძგებს, სათაურის ასე მარტივად და ერთმნიშვნელოვნად დეკოდირება, ვფიქრობ, მხოლოდ ავტორის მიერ შემოთავაზებული პოეტური თამაშის პირობიდან ამოვარდნა იქნებოდა და სათაურსაც დაეკისრებოდა ძირითადი ფუნქცია _ პოეტური ტექსტის მარკირებისა, კრებულის დანარჩენი ტექსტებიდან გამოსარჩევად.

“არტისტულ ყვავილებში” კი სათაურის პოეტიკას რომ განსაკუთრებული, სიმბოლისტური მნიშვნელობა ენიჭება, პირველივე განაცხადით – ამ წიგნის უცნაური, დღემდე ბოლომდის აუხსნელი სახელწოდებითა და თანდართული ოთხი ეპიგრაფის ერთობლიობით შექმნილი კონტექსტითაც დასტურდება.

პირველივე, რაც სიტყვა “უცნაურის” საგანგებო მნიშვნელობაზე დაფიქრებისას უთუოდ გაახსენდება ქართველ მკითხველს, ეს “ვეფხისტყაოსანია”, კერძოდ, “,ლოცვა ავთანდილისა”: “უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო”.

“უ-ცნაურობა” – სა-ცნაურობის საპირისპიროდ – მრავალსაუკუნოვანი ქართული აზროვნებითი ტრადიციით, შეუცნობლობას, ცნობიერებით მიუწვდომლობას, თანამედროვე ტერმინოლოგიით, ტრანსცენდენტურობას ნიშნავს.

სიმბოლისტური ინტენციაც ხომ სწორედ ცნობიერებისმიღმიერი, იდუმალი სამყაროს ინტუიტური წვდომა, ამ წვდომით მიღებული გამოცდილების “თარგმნაა” _ ტრანსფორმაცია პოეტურ ენაზე.

რაკი სათაურში “უცნაური სასახლე” ერთიანდება ორი პლანი – არა-ჩვეულებრივი და შეუცნობელი, ჩნდება კითხვა: მაინც რაში გამოიხატება ამ ლექსის ერთდროული არა- ჩვეულებრივობა და შეუცნობლობა, სად შეიძლება ვიგულოთ ზღვარი მისი შეცნობის გზაზე? წინამდებარე წერილი წარმოადგენს ცდას ამ კითხვაზე პასუხის მოძიებისა.

საანალიზო ლექსის პრობლემატიკას აშუქებენ თ. დოიაშვილი, ი. კენჭოშვილი, მის ფორმაზე საგანგებო წერილი აქვს გამოქვეყნებული თ. ბარბაქაძეს, მაგრამ ზ. შათირიშვილის წიგნში, სადაც გალაკტიონის შემოქმედებაში სასახლის, როგორც ერთი მთავარი ტოპოსის შესახებ არის გაშლილი მსჯელობა, “უცნაური სასახლე” მოხსენიებული არ არის. იქნებ ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ მკვლევარის შემოთავაზებულ კლასიფიკაციას: 1. “აღმოსავლური სასახლე”, 2. “გოტიკური სასახლე”, 3. სასახლე – ვერსალი და 4. “მედიტერანული” სასახლე (შათირიშვილი 2004: 43), “უცნაური სასახლე” ვერ “მოერგო” სწორედ თავისი უცნაურობის გამო.

ირაკლი კენჭოშვილი ამ ლექსს ქართული პოეტური ტრადიციის კონტექსტში განიხილავს, უთითებს წყაროებს, რომელთაგანაც უშუალოდ მომდინარეობს “უცნაური სასახლის” რიტმი და მაჯამური რითმები: რუსთაველს, ბესიკს, ალ.ჭავჭავაძესა და აკ. წერეთელს; შემოწერს ესთეტიკურ კონტექსტსაც, რომელშიც შეიძლება მოთავსდეს ეს ქმნილება. მკვლევარის აზრით, “უცნაური სასახლე” “მარტო ტკბილ ხმათათვის” შექმნილ ნაწარმოებთა რიგს მიეკუთვნება. თამარ ბარბაქაძეც ყურადღებას, ძირითადად, ლექსის რიტმიკასა და რითმებზე ამახვილებს და მას “რითმათა სასახლეს” უწოდებს.

ვნახოთ, რა სახით არის გამოქვეყნებული ლექსი “არტისტულ ყვავილებში”:

ამნაირი დარებით,
კიდითკიდე დარებით
ფერის ფერთან დარებით –
შენობების შენება.

ცამაც ქარვად მიქარვა
და ოცნება მიქარვა,
მწუხარებათ მიქარვა…
მტანჯავს მე უშენობა!

მან კოშკების ამალა
ხან ეთერში ამალა,
ხან ქარივით ამალა,
გაქროლება ანაზდა.

ცვივა ლურჯი ფარული,
მოგონება ფარული,
ფართან ლანდი ფარული
და ბაღები განაზდა.

ყველაფერი სადაა,
მაგრამ მითხარ, სადაა,
ის, რაც ალერსადაა:
ტრიანონი, შირაზი?

ველი წამით ნაწამებს,
პოეზიით ნაწამებს,
რასაც იტყვის ნაწამებს
ფიქრი ამ სიხშირეზე.

დასთა უცხო დასობა _
თვალთა ქროლვით დასობა
ხანჯლის გულში დასობა…
გულში, გულში ტარება.

ელვარება ამიდის,
ანთებული ამიდის
და ფიქრები ამიდის
აღარ მომეკარება.

შადრევნებმა ათასმა
ლაჟვარდები ათასმა,
მარმარილომ და თასმა
სამუდამოდ დარეკა.

ყრუ ოხვრით და ზარებით,
იდუმალი ზარებით,
განტევება-ზარებით
და ვედრებით: ჰარიქა!

ცვივა ლურჯი ფარული
მოგონება ფარული,
ფართან ლანდი ფარული,
აჩონჩხილი შენობა.

ცამან ქარვად მიქარვა
და ოცნება მიქარვა,
მწუხარებათ მიქარვა:
მომკლავს მე უშენობა!

მოყოლებული ე.წ. “ზარნიშიანი წიგნიდან” (1927), სხვადასხვა გამოცემებში ლექსის ტექსტი უცვლელი სათაურით, მაგრამ სხვადასხვა ცვლილებებით ქვეყნდებოდა და ქართველი მკითხველი მას, ძირითადად, ამ სახით იცნობს:

ამნაირი დარებით,
კიდით კიდე დარებით,
ფერის ფერთან დარებით,

დღემ კოშკების ამალა
ხან ეთერში ამალა
და ქარივით ამალა.

ცვივა ლურჯი ფარული,
მოგონება ფარული,
ფართან ლანდი ფარული.

ყველაფერი სადაა,
მაგრამ, მითხარ, სადაა,
ის, რაც ალერსადაა?

ველი წამით ნაწამებს,
პოეზიით ნაწამებს,
რასაც იტყვის ნაწამებს:

დასთა უცხოთ დასობას,
თვალთა ქროლვით დასობას,
ხანჯლის გულში დასობას.

მარმარილომ და თასმა,
შადრევანმა ათასმა
ლაჟვარდები ათასმა.

აჩონჩხილო შენობა,
მშვენიერო შენობა,
მომკლავს მე უშენობა!

ამ ორი ტექსტის შედარებისას სხვაობა ვიზუალურ დონეზეც აშკარაა. თუ “არტისტული” “უცნაური სასახლე” თორმეტი კატრენული სტროფისგან შედგებოდა, თორმეტტომეულით კანონიზებული ტექსტი მაჯამურად გარითმულ სულ რვა ტერცეტს მოიცავს. რაც შეეხება მხატვრულ-კონცეპტუალურ პლანს, იგი ადაპტირებულია, სიმბოლისტური მრავალპლანიანობიდან პირობით ერთპლანიანობამდეა დაყვანილი. მაჯამურ რითმათა სამეულებიც, ძირითადად, ქართული პოეტური ტრადიციის საკუთრებაა და, გარდა ორიოდე მათგანისა, გალაკტიონისათვის ჩვეული კრეატიულობით არ გამოირჩევა. ამ ლექსზე ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ “მხოლოდ ტკბილ ხმათათვის” არის შექმნილი, მკითხველსა და მსმენელსაც განაწყობს, ოდენ მისი მუსიკალობით მოგვრილ ესთეტიკურ ტკბობას მიენდოს, ჩვენ კი “არტისტულ” _ თავდაპირველ ტექსტს მივაპყროთ ყურადღება.

ლექსი შვიდმარცვლედია (4/3). გალაკტიონის შემოქმედებაში შვიდმარცვლედის სხვა, შედარებით ახალი სახეობის ნიმუშიც არაერთია (5/2). მასთან დასტურდება ბიმეტრული შვიდმარცვლედებიც (5/2, 4/3/), რიტმულად დაკავშირებული, ძირითადად, ილიას პოეზიასთან, მაგრამ შვიდმარცვლედის სახეობას, რომელსაც გალაკტიონი ამჯერად იყენებს, ქართულ პოეზიაში არცთუ ხანგრძლივი, თუმცა გამოკვეთილი ტრადიცია აქვს და მისი აქტუალიზაცია, ძირითადად, აკ. წერეთლის ლირიკაში მოხდა.

თავდაპირველი ტექსტის სტროფული სტრუქტურა ასეთია:

სამ მაჯამურად გარითმულ სტრიქონს მოსდევს მეოთხე, რომელიც ერითმება მომდევნო სტროფის ასევე მეოთხე სტრიქონს და სტროფთა ჯაჭვურ ბმას იწვევს.
ფორმის მხრივ ლექსი თითქოს უახლოვდება არაერთ აღმოსავლურ თუ დასავლურ მყარ სალექსო ფორმას, თუმცა საბოლოოდ არ ემთხვევა არცერთ მათგანს, რადგან ანალოგის ძიებისას მუდამ ჩნდება რაღაც, ერთი “მაგრამ”.

“არტისტული ყვავილების” გამოცემის შემდეგ, გალაკტიონი 1922 წელს, წერდა:

“გასაოცარია, რომ ჩვენში, სადაც ასეთი გატაცება იყო სპარსული პოეზიით, ოდესმე არ არსებობდა ის გარემოება, რომ შესაძლებელი ყოფილიყო გადმოღება უცხო ფორმის და იქ ქართული სულის ჩანერგვა, მაგრამ გადმოტანა სულის, ტემპერამენტის და ანგარიშის არგაწევა ფორმასთან… უმთავრესად ასეთი იყო ჩვენი ბესიკი” (ტაბიძე 1975: 41).

გალაკტიონის მიერ გამოთქმულ ამ აზრსა და მის პოეტურ პრაქტიკას შორის აქ თითქოს რაღაც წინააღმდეგობა ჩნდება. ყოველ შემთხვევაში, ქართული ლექსმცოდნეობითი გამოკვლევებიდან შეიძლება არაერთი მაგალითის მოხმობა, თუ მის პოეტურ მემკვიდრეობაში აღმოჩენილი რომელიმე უცხოური მყარი სალექსო ფორმის შესახებ მსჯელობისას როგორ ხდება საჭირო ფორმის პირობითი რეკონსტრუირება (რ.ბერიძე და სხვ.).

წინააღმდეგობა, ვფიქრობ, დაიძლევა, თუ სიტყვებს “ანგარიშის არგაწევა ფორმასთან” – გავიაზრებთ მის იგნორირებად და არა შემოქმედებით ათვისებად, მშობლიურ ლიტერატურულ ტრადიციასთან შერწყმად, გაქართულებად, რაც გალაკტიონისთვის ამ მხრივ ძირითადი პრინციპია (დოიაშვილი 2003: 41-42).

რიცხვების მაგია და ლექსის არქიტექტონიკა

ირაკლი კენჭოშვილი თავისი წიგნის ერთ-ერთ თავში _ “რიცხვების მაგია” განიხილავს რამდენიმე შემთხვევას, თუ როგორ აისახება რიცხვთა სიმბოლიკა არა მხოლოდ გალაკტიონის ქმნილებათა შინაარსობრივ, არამედ ფორმობრივ მხარეზეც (კენჭოშვილი 1991:235).

თამარ ბარბაქაძემ ამ ლექსისთვის “რითმათა სასახლის” წოდებით (ბარბაქაძე 2007) მეტი მოტივაცია გააჩინა ვარაუდისათვის, რომ გალაკტიონი არ დასჯერდებოდა მხოლოდ მზა ქართული მასალით _ რითმებითა და ფრაზული ბლოკებით, თუნდაც მათში ჩართული მისეული იდენტური ან ახალი პოეტიკის შესაბამისი კონსონანსური სარითმო წყვილებით _ უცნაური შენობის აგებას და ამ პრინციპულად პოლისემანტიკური ტექსტის სტრუქტურაში რაღაც ფორმობრივი ნიშანი კიდევ უნდა იყოს საძიებელი.

რაკი ამ ქმნილების თემა განსაკუთრებული ნაგებობის შენებაა, ხოლო შენობის, არქიტექტურული ძეგლის გეომეტრია მუდამ რიცხვთა შეფარდების რაღაც წესს, პროპორციას და სიმეტრიას ემორჩილება, ხომ არ არის “უცნაური სასახლის” ფორმის რიცხობრივ მახასიათებლებშიც ამ მხრივ რაიმე მიმართება? ლექსის რიტმული ქარგა, შვიდმარცვლედი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის 4/3.

რითმა დაქტილურია ანუ სამმარცვლედი. სტროფი – ოთხსტრიქონედია, აქედან სამი – მჭიდროდ დაკავშირებულია სამმარცვლიანი მაჯამური რითმით. სტროფთა რაოდენობა თორმეტია, ანუ ამ ლექსი-სასახლის ფორმის არქიტექტონიკა რიცხვებს 3 და 4 და მათ კომბინაციებს ეყრდნობა:
3 + 4=7
3 X 4=12

ვფიქრობ, ეს შემთხვევითი არ უნდა იყოს და ეს ლექსი, როგორც კიდევ ერთი ნიმუში, ალბათ, შეიძლება მიემატოს ი. კენჭოშვილის მიერ დასახელებულ იმ პოეტურ ქმნილებებს, რომელთა ფორმის საფუძველშიც რიცხვთა ჰარმონია დევს.

უფრო ღრმად თუ ჩავუყვებით პრობლემას, 3,4,7,12 – რიცხვების საკრალურ და მაგიურ სიმბოლიკამდეც და ამ სიმბოლიკის გამო შუა საუკუნეების ქრისტიანულ არქიტექტურის გეომეტრიაში მათ მნიშვნელობამდეც მივალთ; მაგრამ ამ მაცდური ძიების შედეგად, მოსალოდნელია, ტექსტს თავს მოვახვიოთ გაგება, რომელიც მასში ნაგულისხმევიც არ ყოფილა. ამიტომ აქ შევჩერდეთ.

ლექსის ცალკეულ მომენტთა ინტერპრეტირების ცდა

სიმბოლისტური ნაწარმოების შინაარსის ზუსტი ლოგიცირების ცდა სათავეშივე მარცხისთვის არის განწირული, რადგან ეს წინააღმდეგობაში მოდის სიმბოლიზმის ესთეტიკასთან, მაგრამ ამ ლექსის ცალკეული მომენტების დაზუსტება და თუნდაც პირობითი ინტერპრეტირება მაინც საჭირო და შესაძლებელი მგონია, მაგალითად იმისა, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს მაჯამურ რითმებში გამოყენებული სიტყვები:

ცვივა ლურჯი ფარული,
მოგონება ფარული,
ფართან ლანდი ფარული

ამ ფრაგმენტში ფარული მოგონებების თოვა სიხშირის, სიმრავლის ნიშნით ცხვრის ფარასთან არის მსგავსებით კავშირში. “ფართან ლანდი ფარული” კი თითქოს ფარდასთან, ფარდის უკან დამალულ ლანდს უნდა ნიშნავდეს, მაგრამ ფარის, სა-ფარ-ველის, რიდის, რეალობისმიღმიერ სამყაროსთან ბუნდოვანი და ნაწილობრივ გამჭვირვალე ბარიერის მნიშვნელობას ატარებს.

თოვლის შედარება ცხვრის ფარასთან სიხშირის ნიშნით მეტნაკლებად გასაგებს ხდის მომდევნო სტროფსაც, რომელშიც მისი ომონიმების მნიშვნელობათა თამაში ისევ გრძელდება:

ველი წამით ნაწამებს,
პოეზიით ნაწამებს,
რასაც იტყვის ნაწამებს
ფიქრი ამ სიხშირეზე.

ომონიმი “ნაწამები” აქ სამ გაგებას უნდა მოიცავდეს: 1. ის, რაც იწამა ლექსის სუბიექტმა, 2. ის, რაც მას დასწამეს, და 3. ის, რაც წამით მოხდა.

შედარებით ბუნდოვანად გამოიყურება შემდეგი სტროფი:

ელვარება ამიდის,
ანთებული ამიდის
და ფიქრები ამიდის
აღარ მომეკარება.

ამიდის _ სამი ომონიმიდან ერთი გალაკტიონის მიერ მრავალგზის გამოყენებული იმერიზმია სიტყვა “ამინდის” სანაცვლოდ, მეორე _ ზმნა “ადენას” პირველი პირის ფორმაა (ამიდის _ მე(ის), აგიდის _ შენ, აუდის _ მას), ხოლო მესამე – პოეტის ბიოგრაფიული რეალიის გამოძახილი უნდა იყოს. აქ ამიდი საწამლავის, კარბოლიუმის ამიდის მნიშვნელობით არის გამოყენებული. ეს ის მჟავაა, რომლითაც გალაკტიონმა თბილისის სემინარიაში სწავლისას თავის მოწამვლა სცადა და გადარჩა, მაგრამ იმავე “ამიდს” რამდენიმე თვის შემდეგ ვეღარ გადაურჩა მისი მეგობარი დემონი, იგივე ქუჩუ ქავთარაძე. ამის გათვალისწინებით, სტროფის შინაარსი ასე წაიკითხება: ანთებული, ანუ მზით განათებული ამინდის ელვარება ამდის და თვითმკვლელობაზე ფიქრი აღარ მომეკარება.

ყრუ ოხვრით და ზარებით,
იდუმალი ზარებით,
განტევება-ზარებით
და ვედრებით, ჰარიქა!

აქ ომონიმიდან “ზარებით” ორი მნიშვნელობა ადვილად გასაგებია, მესამე კი პოეტური ლიცენციის, სიტყვი-დან ი- ხმოვნის ამოგდების გამო, შესაძლოა, გაუგებარი დარჩეს _ აქ იგულისხმება განტევება-ზიარება.

ყველაფერი სადაა,
მაგრამ, მითხარ, სადაა,
ის, რაც ალერსადაა:
ტრიანონი, შირაზი?

ტრიანონისა და შირაზის – ფრანგული და სპარსული სასახლეების ერთად ხსენება ადვილი ასახსნელია ლექსში, რომლის ავტორიც დასავლურ-აღმოსავლური კულტურების გზაჯვარედინზე პოეზიის ახალი სასახლის აგებაზე ოცნებობს, მაგრამ აქ გაუგებრობას იწვევს სიტყვა “ალერსადაა”, რადგან თანამედროვე სალიტერატურო გაგება ამ სიტყვისა ვეღარ ერგება მის თავდაპირველ მნიშვნელობას, რომელიც სულხან-საბას ლექსიკონშია დაფიქსირებული. ამ ლექსიკონის მიხედვით, ალერსი “სიტყვით შექცევა” ანუ თავშესაქცევი საუბარია (ორბელიანი 1991: 46). ამის გათვალისწინებით, აქ ასეთი წაკითხვაა შესაძლებელი: მითხარი, სადაა ის, რაც თავშესაქცევად იყო ნათქვამი ტრიანონისა და შირაზის შესახებ.

სონორებით გაჯერებული ამ მღერადი ლექსის ფინალში დაფიქსირებულია “მძიმე” სიტყვა “აჩონჩხილი” ( თუმცა ამ სიტყვას ტექსტში ჟღერადობის მხრივ წყვილისცალიც მოეპოვება “ხანჯლის” სახით – ჩნჩხ/ხნჯ). მისი შემცველი სინტაგმა “აჩონჩხილო შენობა” ალბათ, ე.წ “საშინელის ესთეტიკის” პრინციპზე აგებულ სახედ უნდა მივიღოთ და ჩონჩხადქცეული შენობა წარმოვიდგინოთ, მაგრამ მკითხველისათვის, რომელიც სიმბოლისტურ ტექსტთან ურთიერთობისას თანხმდება პირობას, რომ ვუალირებულ, ჩადრით, რიდით, ნისლით, ბურუსით და ა.შ. დაფარულ, იდუმალად მჟღერ იმაგინაციებს შეაჩვიოს მზერა, მაინც ძნელი წარმოსადგენი მგონია აჩონჩხილი და თანაც მშვენიერი შენობა, თუკი ა-ჩონჩხილობას უკვე ჩონჩხადქცეულობას დაუკავშირებს. გალაკტიონი ლექსებში ოქსიუმორონს არაერთხელ მიმართავს, მაგრამ სიტყვებში “აჩონჩხილო შენობა, მშვენიერო შენობა”, მშვენიერება და ჩონჩხი, ვფიქრობ, უფრო იმ შემთხვევაში შეიძლება მორიგდეს, თუკი სიტყვა ჩონჩხს წარმოვისახავთ საფუძველჩაყრილი შენობის კარკასად, რომელზეც უნდა აშენდეს მომავალი მშვენიერება. ამიტომ ფინალის სიტყვები “მომკლავს მე უშენობა” შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც მომკლავს მე ამ შენობის აუშენებლობა (ანტონიმები: ნაშენი _ უშენი, ნაშენობა _ უშენობა).

“არტისტულ ყვავილებში” შესული ლექსი “უცნაური სასახლე” შედეგია გალაკტიონის სწრაფვისა ქართულ პოეზიაში დასავლურ-აღმოსავლურ კულტურათა შენივთების, “ტრიანონი – შირაზის” შერწყმისაკენ. როგორც ეს “არტისტული ყვავილების” გამოცემამდე ზუსტად საუკუნით ადრე გოეთემ “დასავლურ-აღმოსავლურ დივანში” განახორციელა, მაგრამ გოეთესთვის დონორი – აღმოსავლური კულტურა იყო, გალაკტიონის რწმენით კი, აღმოსავლეთთან საუკუნეთა მანძილზე ისედაც მჭიდროდ დაკავშირებული ქართული პოეზიისთვის დონორი დასავლური კულტურული მონაპოვარი უნდა გამხდარიყო (დოიაშვილი ), ოღონდ კულტურათა გზაჯვარედინზე, ქართული პოეტური ტრადიციის მტკიცე ნიადაგზე უნდა აშენებულიყო პოეზიის ახლებური, მშვენიერი სასახლე. პოეზიის, როგორც სიტყვიერი ნაგებობის, სასახლის _ შექმნა გალაკტიონის სანუკვარი ოცნება იყო, მაგრამ თავიდან თუ საძირკველი “უცნაური სასახლისათვის” გაჭრა და ხარაჩოებიც აღმართა, შემდგომ ნაშენების ბევრჯერაც გადაკეთება მოუხდა. თავსაც თითქოს აჯერებდა: “მაღალ მთაზედა ავაგე სასახლე ახალ-ახალი, ლითონზე უფრო მაგარი, პირამიდებზე მაღალიო”, მაგრამ საბოლოოდ, მაინც პოეზიის ტაძარი “ნიკორწმინდა” აღმართა.

გამოყენებული ლიტერატურა

ბარბაქაძე 2007: ბარბაქაძე თ. რითმების სასახლე. კრ.’’ლიტერატურისმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები(მასალები)’’. თბილისი: გამომცემლობა’’ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2007.
დოიაშვილი 1981: თ დოიაშვილი . ლექსის ევფონია. თბილისი: გამომცემლობა ’’საბჭოთა საქართველო’’ ,1981.
დოიაშვილი 1984: დოიაშვილი თ გალაკტიონის პოეტიკის სათავეებთან,კ. ”ჭაშნიკი’’, ქართული ლექსმცოდნეობის საკითხები,თბილისი, გამომცემლობა ’’თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა’’, 1984.
დოიაშვილი 2004 : დოიაშვილი თ. ფრთები და დიადემა.კრ. ’’გალაკტიონოლოგია III’’, თბილისი : შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამოცემა, 2004.
კენჭოშვილი 1999 ა: კენჭოშვილი ი. გალაკტიონ ტაბიძის სამყაროში, თბილისი: შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამოცემა. 1999.
ტაბიძე 1919 : გალაკტიონ ტაბიძე II, GRANE AUX FLEURS ARTISTIQUES, (1914-1919), MCMXIX ,ტფილისი, 1919.
ტაბიძე 1966 : ტაბიძე გ. თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ.II, თბილისი : გამომცემლობა ’’საბჭოთა საქართველო’’, 1966.
ტაბიძე 1975 : ტაბიძე გ. თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ.12, თბილისი : გამომცემლობა ’’საბჭოთა საქართველო’’, 1975.
ორბელიანი 1991 : ორბელიანი სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ 1. თბილისი: გამომცემლობა ’’მერანი’’, 1991.
შათირიშვილი 2004: შათირიშვილი ზ. გალაკტიონის პოეტიკა და რიტორიკა.თბილისი: გამომცემლობა ’’ლოგოს პრესი’’, 2004.
ხინთიბიძე 1987 : ხინთიბიძე ა. გალაკტიონის პოეტიკა. თბილისი: გამომცემლობა ,,თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა’’, 1987.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button