ლიტერატურამოთხრობა

მერაბ აბაშიძე – აქეთ, მაშხალები, კვაზიმოდო!

ნელა ავუყევი აღმართს…

მზე ჩადის…

ცივა…

პალტოს საყელო ავიწიე… (ვერც ამან მიშველა).

თავბრუ მესხმის…

ხელები მიცახცახებს…

არ იქნა და ის უცნაური გრძნობა ვერ მოვიცილე…

ვგრძნობ, რომ საცაა გადმოსკდება ამდენ ხანს დაგუბებული და დაგროვილი…

ყელი მიშრება…

ეს რა არის?

მეხდაცემულივით გავშეშდი!

გზაზე მთვრალების ხორხოცი ისმის.

ფრთხილად მივიპარები და არემარეს ვზვერავ.

გული უცნაურად მომეწურა და შემიფართქალდა!

ანდრო და მისი ამხანაგები!

წელმოწყვეტილი მივბრუნდი უკან და ხეს ამოვეფარე.

ველოდები, სანამ ჩაივლიან…

ისინი კი, ეტყობა, ჯერჯერობით არსად არ აპირებენ წასვლას;

რა ვქნა? გავიქცე, გავარღვიო ეს ბრბო და… პირდაპირ სახლისკენ… თუ?

თუ რა?

რომ ჩამავლონ?

მიმასიკვდილებენ!

ჯანდაბას! მიმასიკვდილონ… წამლიანი ბოთლი რომ გატყდეს?

ვერც კი ვიგრძენი, ისე ჩავცურდი ხეს მიყრდნობილი და პირდაპირ ტალახში ჩავჯექი. წამლის ბოთლი წინ დავიდე და გაყინული თვალებით ვუყურებ.

– “ცუდად ვარ” აფარფატდნენ ჰაერში მომაკვდავი ბგერები – “ძალიან ცუდად”.

თავი გადავწიე და ცას მივაშტერდი…

სპილენძისფერ ცას ვარდის ბუჩქივით შელეკოდნენ ჩამავალი მზის შუქში გახვეული ღრუბლები.

გალაკტიონის ლექსი გამახსენდა.

შენი ცხოვრება არის ბუჩქი,

ჩამოფლეთილი ყოფნის კარამდის.

სადაც სიკვდილი და სადაც ჭუჭყი

განუყოფელად მიდის მარადის…

შენი ცხოვრება, – ვით შემოდგომა

არასდროს აღარ დაიზამთრება…

აცივდა და შენს გარშემო დგომა

ახლა არავის არ ენატრება…

შენი ცხოვრება ღონემიხდილი

არის ტალახი, ბოსელი, ქართა,

რისთვის გაშინებს, მითხარ, სიკვდილი,

თუ არვინ მოვა, სიკვდილის გარდა?

ვიცი, თუ როგორ გადიხარხარებს,

როცა გაიგებს სიკვდილის ხველას,

შენი ცხოვრება არვის ახარებს…

შენი სიკვდილი ახარებს ყველას.

ღაპაღუპით გადმომცვივდა ცრემლები, წამალი ავიღე და გულზე მივიხუტე. ჯერ ჩუმად ვტიროდი, მერე უცებ ხმამაღლა, გულამოსკვნით ავქვითინდი.

წამოვდექი.

ჩემთვის ახლა ყველაფერი სულ ერთი იყო.

ბარბაცით ავუყევი აღმართს.

აი, გამოჩნდნენ მთვრალი, დამცინავი ღიმილით დაბრეცილი სახეები.

ერთბაშად ყველამ შეწყვიტა ხორხოცი და მე მომაშტერდა…

მაღლა აღვმართე წამლიანი ბოთლი!

– ნინკა! – ვამბობ ჩახლეჩილი, გაბზარული ხმით და ვქვითინებ. – გამატარეთ ბიჭებო… გატყდება ბოთლი… ნინკა ცუდად არის! ძალიან ცუდად… გამატარეთ… ძალიან გთხოვთ!..

აღარ შეგაწყენთ თავს ფუჭი ყბედობით.

გამოვტოვებ რამდენიმე ფურცელს ჩემი ისტორიიდან.

ისე, თუ გაინტერესებთ, მოკლედ მოგახსენებთ, როგორ განვითარდა მოვლენები თუმცა ჭკვიანი მკითხველი ისედაც მიხვდება, როგორ შეტრიალდებოდა საქმის ვითარება.

ანდრო, რა თქმა უნდა, “ჩახვდა” რაღაც-რაღაცეებს, “გჰული მჰოულბა”, ჩემმაიმდღევანდელმა მოქმედებამ აღძრა მის არსებაში კეთილშობილური ჰიმ… პუჰ… ლსე… ბი დაჰ… დავ… ძმა… კაც… დით!

მკითხველი, ალბათ, ფიქრობს, რომ ვაჭარბებ, როცა ასეთი აგდებული ტონით ვყვები, მაგრამ ეს ნერვიულობის ბრალია.

ახლა შევიხედოთ ოთახში, სადაც მე და ანდრო ვზივართ (უჰ! ბოდიში, პატივცემულო კონსტანტინე, – ვსხედვართ).

ღმერთო კი მომკალი… ეს რა არის… ჰა?

რამდენი ვუტრიალე ამ ოხერ ოთახს და ვერსად ჭუჭრუტანა ვერ ვუპოვე.

კარი კიდევ ისე მაგრადაა ჩაგმანული, რომ… ფჰიუეეე… კაი ქურდიც ვერ გააღებს…

ჯანდაბას, ისევ მოგიყვებით:

ჩვენი დამეგობრება იმით დაიწყო, რომ მეორე დილას ანდრო თვითონ გვეახლა, ავადმყოფი მოინახულა, მერე გვერდითა ოთახში გამიყვანა და მითხრა – თუ რამე დაგჭირდეთ, ჰა ჩემი კისერი და თქვენი ხმალიო.

ამის შემდეგ ჩვენი ხშირი სტუმარი გახდა.

მკითხველისათვის, ალბათ, საინტერესოა, მოვახსენო ამ ურთიერთობის შესახებ.

ე.ი. დამეგობრდნენ მტარვალი და მსხვერპლი…

რა გინდ სათნო და კეთილშობილი არ უნდა გახდეს მტარვალი მსხვერპლის მიმართ, როგორც არ უნდა ეცადოს ძველი შეცდომების გამოსწორებას, მაინც დიდ ტკივილებს აყენებს ტანჯულს, რადგან ამ უკანასკნელის თავმოყვარეობას მისდამი ეს თბილი, მამაშვილური დამოკიდებულება წარსულ წამებზე ნაკლებ როდი აღიზიანებს.

თანაც, მაყურებლის თანდასწრებით ხომ სულ უფრო ეწეწება და ეძაბება ნერვები.

(მაყურებელი – ნინკა გახლდათ).

ბატონებო! რომ გეყურებინათ ჩემი საცოდაობისთვის…

მკითხავდა რამეს ის ვირიშვილი ალერსიანად და… ჰაჰ! ხელად დაფეთებით ვუყურებდი თვალებში, ვეგრიხებოდი, ვეპრანჭებოდი, ფინიასავით ვწკავწკავებდი, მკერდზე ვახტებოდი თათებით (თან მეშინოდა, მისი ახალთახალი კოსტუმი არ დამესვარა), ხანდახან ვებუტებოდი…

მაშინ ის ძვალს მომიგდებდა, თავზე ხელს გადამისვამდა, ქეჩოს მომფხანდა და მეც ვმშვიდდებოდი და ისევ მორჩილად შევყურებდი თვალებში.

ჰო… ერთი სასაცილო ამბავი გითხრათ… გივი ეჭვიანობდა…

და რაზე?

ეგონა, რომ ანდრო ნინკას სანახავად მოდიოდა ხოლმე (ისაა. ნინკას და ანდროს ამბავი მაინცდამაინც არც მე მომწონდა. ნამეტანი ხშირად ისხდნენ ცალკე და რაღაცას ტკბილად ჭუკჭუკებდნენ).

თუმცა, რა მეგივიებოდა და მენინკებოდა, ისე ვიყავი ჩემი ახალი მეგობრით გატაცებული. მთელი ჩემი ფიქრები მისკენ იყო მიმართული.

იმდენს საყვარელ ქალზე არ იფიქრებს, ალბათ, კაცი, რამდენსაც მე იმაზე ვფიქრობდი.

საწყალი გივი!

მოვიდოდა, ჩამოჯდებოდა სკამზე და გვიყურებდა.

სცენები იყო! ჰო და ჰო!

თეატრებში რომ ასეთი სპექტაკლები იდგმებოდეს, ზღვასავით მიაწყდებოდა ხალხი.

ჰოდა… ჩემო პელაგიე, ქეც მიხაროდა შინ ყოფნა და ქეც ვგიჟდებოდი…

ანდროს, ეტყობა, მაინცდამაინც არ სიამოვნებდა მისი იქ ყოფნა და იგესლებოდა, მაგრამ გივი მაინც ერთი წუთით არ გვცილდებოდა განუყრელ სამეულს.

ერთი სიტყვით, ანდროს გარდა, ყველანი ადუღებული კუპრით სავსე ქვაბში ვიჯექით.

ვიწოდით, მარა… ვიცინოდით და კაცს, რომელიც ფიჩხს უმატებდა კოცონს, ხელებს ვულოკავდით.

თქვენ, ალბათ, მკითხავთ, – ნინკა რაღაზე იხრაკებოდაო?

რაზე და იმაზე, რომ ანდროს სიტყვაზე თუ შემოხედვაზე ისიც ჩვენსავით წითლდებოდა და ფერადდებოდა…

ბოლოს გივიმ გადაწყვიტა, ხმა აემაღლებინა არსებული წესწყობილების წინააღმდეგ.

იმჟამად შინ არ ვიყავი. როცა სახლში მივედი, ნინკა ტახტზე ჩამხობილიყო და ქვითინებდა.

ირგვლივ ყველაფერი ყირაზე იდგა.

– რა მოხდა?

არაფერი მიპასუხა.

უხმოდ გავედი სამზარეულოში, ჩამოვხსენი კედელზე ჩამოკიდებული პატარა ხორცის საკეპი ნაჯახი და კართან მივედი.

ნინკა წამოდგა და…

– ვთხოვდებიო, – მითხრა.

გავშეშდი…

– ვიზე? – ამოილუღლუღა “ვიღაცამ”.

– ანდროზე!

აღგზნებული იყო. თვალები უცნაურად უბრწყინავდა.

გაოგნებული მივედი და გვერდით მივუჯექი.

– ეს რაა? – მივუთითე დამსხვრეულ ავეჯზე და დაბდღვნილ საბნებსა და ბალიშისპირებზე.

ისევ ტირილი წასკდა.

– იჩხუბეს! – ამოიღნავლა.

– მერე?

გულზე მომეყრდნო, ერთიანად ცახცახებდა.

– მერე?

– საწყალი გივი!..

ეს იყო და ეს.

ორ კვირაში იქორწინეს კიდეც.

ძალიან მინდოდა ხელის მოწერას დავსწრებოდი, მაგრამ ანდროს და ნინკას შევატყვე, რომ მაინცდამაინც არ ესიამოვნებოდათ ჩემი იქ ყოფნა, ასე რომ… ავდექი და იმ დღეს საერთოდ არ გამოვჩენილვარ.

(ჰო, მართლა… – არ დაგავიწყდეთ, მთელი ეს ხანი თითქოს სიზმარში ვიყავი). ვერ წარმომედგინა, – ნინკა და ანდრო – ცოლ-ქმარი. ნინკა – ანდროს მიერ შეცდენილი და მიგდებული – კიდევ ჰო, მაგრამ – ნინკა მისი მეუღლე? ეს ნამდვილად გადასარევი რამ გახლდათ… მაგრამ მე მაინც არ გადავრეულვარ და ხელის მოწერის დღეს გივისთან ავედი.

ერთი გენახათ, რას გავდა.

ეტყობა, ამ ორი კვირის განმავლობაში, რაც ჩვენი სახლიდან შინ ნაჟეჟი მიბრუნდა, ტანსაცმელი არ გამოეცვალა. თვალები ამოლურჯებული ჰქონდა, თავი შეხვეული, გახეთქილ ღაწვზე იოდი წაესვა.

– როგორა ხარ?

არაფერი მიპასუხა, წავიდა და პატარა ტაბურეტზე ჩამოჯდა.

– ჰა, რა ცხვირი ჩამოუშვი, – ვცადე გამემხნევებინა.

დუმდა. მერე ნაცემი ძაღლივით ამომხედა, მომაკვდავი კაცის ღიმილით გამიღიმა, საჩვენებელი თითი სახეზე დაიდო და…

– ხედავ, რა მიქნაო, – ამოიხრიალა.

– რა მოხდა, შე კაცო, – დავამშვიდე, – ისე, რატომ მოგივიდათ ჩხუბი?

გაბრაზებულმა შემომხედა, ხელი ჩაიქნია, რაღაც ჩაიბურდღუნა.

– ჰა… ამოღერღე… (ვითომ არ ვიცოდი).

– დიდი უთავმოყვარეო კაცი ხარ! – დაიღრინა უცებ.

ჩავიცინე.

– რა გაცინებს შე…

– ჰმჰ… დაამთავრე!..

წამოდგა, ზიზღით ამათვალიერა, … დაჰ! ისევ ტაბურეტზე დასკუპდა.

– მართლა… – (არ ვიტყოდი, მაგრამ ამ შემოხედვამ საშინლად იმოქმედა) – ქორწილში ხომ არ წავსულიყავით?

… წარბშეკრულმა შემომხედა.

მაგიდასთან მივედი, სიგარეტის კოლოფი ავიღე, ერთი ცალი გამოვაძრე, პირში გავირჭე, მოვუკიდე, გავაბოლე… ფჰიუ-მეთქი!

– ჰა… (რაღაც სადისტური გრძნობა დამეუფლა, თუმცა, რა გასაკვირია, სადიზმი დაგემართოს კაცს ჩემს მდგომარეობაში) – რას იტყვი, ხომ არ წავსულიყავით?

– ვის ქორწილზე? – ხრინწიანი ხმით იკითხა.

– ჩემი დაიკოსი და ანდროსი…

გაოცებით შემყურებდა.

– რა იყო? – ვკითხე და მის წინ ჩავიცუცქე.

– …

– რაო, რას მომაშტერდი? რა გეგონა აბა, მეძავი იყო ნინკა, თუ როგორ? უყვარდათ ერთმანეთი, მაშ! უყვარდათ!

– …

– რა მოგივიდა? – ვკითხე შეშინებულმა, როცა დავინახე, როგორ ჩაეტეტკა უეცრად სახე და მიცვალებულს დაემსგავსა.

– რა დაგემართა? – ვუმეორებ!

– რა დაგემართა! – ვყვირი!

ის კი ზის…

თავით ფეხებამდე ცახცახებს…

უცებ წამოვარდა, საყელოში ჩამავლო ხელი და მაგრად შემაჯანჯღარა… მინდა, თავი გავითავისუფლო, მაგრამ ისე ჩამბღაუჭებია, რომ განძრევის საშუალება არა მაქვს… კბილები საზარლად დაუკრეჭია და ახრჭიალებს, ხროტინებს… იხრჩობა…

– რა მოგივიდა? – ვჩურჩულებ ათრთოლებული. ხელს მიშვებს.

– წადი! – მეუბნება.

უხმოდ მივდივარ.

* * *

ორი დღის შემდეგ გავიგე, გივიმ თავი მოიკლა.

ორლულიანი თოფიდან გამოვარდნილი ჟაკანი წერტილივით დაესვა მის ხანმოკლე სიცოცხლეს.

და მართლაც, თვითმკვლელების სიცოცხლე რაღაცით მაგონებს ლექსის სტრიქონებს.

ახლა ერთი სასაცილო ამბავი გითხრათ:

ჩემს მეგობარს სიკვდილის წინ ბარათი დაეწერა, რომელიც აღელვებულს იმავე ლოგინზე დაეგდო, სადაც შემდეგ წამოწოლილიყო და თავი მოეკლა. სასამართლო ექსპერტიზამ მხოლოდ ერთი სიტყვის წაკითხვა შეძლო – “ძვირფასო”… დანარჩენი სისხლში მოთხვრილიყო.

როცა ეს ამბავი გავიგე, ჩემმა ავადმყოფურმა გონებამ იმ წუთშივე წარმოიდგინა, როგორ მოჭმუჭნიდნენ საქმისათვის გამოუსადეგარ ქაღალდს და ფანჯარაში მოისროდნენ.

იმ დღეს, ალბათ, ქარი იქნებოდა…

აფარფატდებოდა ქარში უკანასკნელი განწირული გოდება, აილუფხებოდნენ სისხლში მოთხვრილი ბგერები და ჰაერში მორიალე ყვითელი ფოთლები ერთმანეთში…

გაბრწყინდებოდნენ უჩვეულოდ…

წამოვიდოდა ციცინათელების წვიმა და ლაჟვარდოვან შარავანდედად დაედგმებოდა მათგან წამოსული სინათლის სხივებისაგან დაწნული გვირგვინი ჩემი მეგობრის გამხმარ სხეულს, რომელიც – მოკრუნჩხული და გაშეშებული, – ყინულის ქანდაკებასავით იწვა დიდი ქალაქის რომელიღაც ჭუჭყიან, შავ პროზექტურაში.

* * *

გამოხდა ხანი (ძველი მემატიანის თქმისა არ იყოს).

ანდრო ჩვენთან დაბინავდა.

სახლში მამამისს სამი რძალი ეჯდა… ასე რომ, ჩვენი სენაკი არჩია.

თუმცა… რატომ სენაკი? სამოთახიანი ბინა არ არის პატარა. თანაც, მე იმათ ხელს არ ვუშლიდი. სამზარეულოში მიმიჩინეს კუთხე. ალბათ, იქიდანაც გამომაგდებდნენ, მარა – ჰუმანურობა, პატენი, ადამიანურობა!

ბოლო დროს სიძუკელამ ისევ გაიხსენა ძველებური ჰოფოფები და… ღამით მთვრალი რომ მობრუნდებოდა, მეც მომინახულებდა ხოლმე სამზარეულოში, მაგრამ მე მის ასეთ გულისხმიერებას ფილოსოფიურ ახსნა-განმარტებას ვაძლევდი. იგი – რელიგიის შვილი გახლდათ – იეზუიტი… წმინდანი! მე კი – ალქაჯი. ასე, რომ, ის ჩემთვის ზრუნავდა და ცდილობდა უწმინდური სული ამოებერტყა ეშმაკის გვამიდან.

მაგრამ ჩემი სული არ გახლდათ ასე ადვილად გასაძევებელი თავისი სამფლობელოდან. მე კი არ მგავდა – სამზარეულოში რომ გავფრინდი და თუ მეტყოდნენ, სახურავზეც ავიდოდი.

იგი ჯიუტად ებღაუჭებოდა ხორცს და გლუვი კუნთებისაგან აშენებულ, წითელი და ლურჯი ძარღვებით მოფარდაგულ კედლებიან სანგარში ჩამჯდარი ერთ ნაბიჯს არ დგამდა, არც წინ, არც უკან.

ჰო… მართლა! ნინკა ფეხმძიმედ იყო, – მეშვიდე თვეში.

ხანდახან, როცა ესმოდა, როგორ მირახუნებდნენ სამზარეულოში, შემოვიდოდა და დაჩოქილი ემუდარებოდა ჩემს ჯალათს – თავი დაანებე ძმა არის ჩემიო.

მაშინ ანდრო კიჭებს გააკრაწუნებდა და (ჭ-არა, წ!) ერთს იმასაც წაუთაქებდა ხოლმე.

ერთხელ ისე უთაქა, რომ ნინკას მუცელი მოწყდა და საავადმყოფოში წასაყვანი გაგვიხდა.

ჰოჰ… როგორ დაგვიტკბა ხელად ანდრო-ბატონი…

მაგრამ… ჩემი მოწამეობრივი სიმშვიდე, სანამ საავადმყოფოში ნინკას თავზე ვადექი, თანდათან სიშ-ლე-გე-ში გადადიოდა და… ერთ დილას, როცა სანოვაგით ხელში საავადმყოფოში მივედი… ხოლო ექთანმა შეწუხებული სახით გამიყვანა გვერდით და გაბზარული ხმით მითხრა, – წუხელ ისევ სისხლისდენა აუტყდა და გარდაიცვალაო, – ექთნის წინ უკვე გიჟი იდგა, რომელსაც სანოვაგით სავსე კალათა გულზე მიეკრა და შემზარავად ხარხარებდა.

დავმარხე თუ არა ერთი მიცვალებული, იმ დღიდანვე შევუდექი მეორეზე ფიქრს… ჩემს წარმოსახვაში ანდრო უკვე მოარული გვამი იყო და სხვა არაფერი.

ახლა საჭირო იყო ყველას დაენახა, რომ მიცვალებული მხოლოდ მიწაში უნდა იწვეს!

იარაღში, რომელსაც ყველასათვის კიდევ ერთხელ უნდა ეუწყებინა ეს უძველესი ჭეშმარიტება, – ცხრა ცალი ახალთახალი, შავად მოელვარე ტყვია იყო!

სამ ცალზე – ნ ი ნ კ ა ეწერა!

სამზე – გივი!

დანაჩენთ ჯვრები დავუსვი!

მაგრამ… ანდრო გარეთ არ გამოდიოდა.

ამიტომ გადავწყვიტე თვითონ მომენახულებინა…

ბატონებო! სადღაც ყური მომიკრავს – სამართლიანი შურისძიება ბედნიერს ხდის ადამიანსო. არ ვიცი, რამდენად სწორად მოგაწოდეთ ეს სადღაც გაგონილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ახლაც ბედნიერად ვგრძნობ თავს, როცა იარაღმომარჯვებული ვდგავარ ჩემი მტრის სახლის კარის წინ, ერთიანად ვცახცახებ და დაკაკუნება ვერ გამიბედავს; ვაითუ მამამისმა ან სხვა ვინმემ გააღოს კარი, ყვირილი ასტეხოს და დამნაშავემ ფანჯრიდან გადახტომით უშველოს თავს.

მაგრამ არა! ეს არ შეიძლება მოხდეს!

დამერწმუნეთ, ძვირფასო სკეპტიკოსებო, რომ კარს მხოლოდ ანდრო გააღებს და სხვა არავინ!

და როგორც კი გააღებს, – გადაწყვეტილი მაქვს პირველი ტყვია მუცელში ვხეთქო, როცა იგი დაეცემა, ტკივილებისაგან მთლად დაკრუნჩხულს მკერდზე ფეხი დავადგა, დავჭირო და აუღელვებლად, მშვიდი ღიმილით დავცხრილო!

ო, რა წკვარამი ღამეა!

მე მგონი, მკითხველი ვერ დაინახავს ამ სამართლიანი განჩინების აღსრულებას!..

მაშ… გავაჩირაღდნოთ ეშაფოტი!

ა ქ ე თ მ ა შ ხ ა ლ ე ბ ი… კ ვ ა ზ ი მ ო დ ო!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button