სხვადასხვა

გიორგი მერჩულე – გრიგოლ განძთელის ცხოვრება – შინაარსი

თავი პირველი

– „გიორგი მერჩულე თხრობას იწყებს სოლომონ ბრძენის სიტყვებით: ბრძნული საუბარი ვერცხლია, ხოლო დუმილი – რჩეული ოქრო. შემდეგ ამბობს, რომ მისმა არასრულყოფილებამ არ მისცა დუმილის უფლება, ამიტომ საჭიროდ ჩათვალა: ღვთის დახმარებით გადმოეცა ნეტარი მღვდლის – გრიგოლის, მისი ახლობლებისა და მისი მოწაფეების ცხოვრების ამბავი, რომელიც მან მოისმინა გრიგოლის მოწაფეებისა და მათი მოსწავლეებისაგან.
ქრისტიან მოღვაწეებს შორის გამოჩნდა სიკეთით სავსე, ბრძენი, დაუსახლებელი ადგილების ქალაქებად გადამქცეველი, ღვთის კაცი, ამქვეყნად ანგელოზად მოვლენილი, სანატრელი გრიგოლი – სულიერი მამა, წინამძღვარი და ამშენებელი ორი დიდებული მონასტრის – ხანძთისა და შატბერდის, რომლებიც კარგ მაგალითად ექცა განდეგილ ბერებს ახალი ტაძრების მშენებლობისთვის.
გრიგოლი იყო ქრისტიანი დიდებულების შვილი. ის იზრდებოდა ნერსე ერისთავის სასახლის კარზე. მას ზრდიდა მამიდა, კეთილმორწმუნე დედოფალი, ნერსეს მეუღლე, რომელმაც იშვილა.
გასაოცარი იყო გრიგოლის სწავლის უნარი. მან სწრაფად დაისწავლა „დავითნი“ და საეკლესიო საგალობლები, ყველაფერი ისწავლა, რაც ქართულ ენაზე იყო. მან მრავალ ენაზე ისწავლა წერა-კითხვა და საღმრთო წიგნები – ბიბლია – ზეპირად იცოდა. ამქვეყნიური ფილოსოფიაც შეისწავლა. რასაც კარგს იპოვიდა, იღებდა, ხოლო ცუდს – იშორებდა. მისი სრულყოფილების ამბავი ყველამ გაიგო. ის არაქრისტიანულ სიბრძნეს დასცინოდა.
გრიგოლმა მადლიანი საუბარი იცოდა. ბრძნულად, მოზომილად ლაპარაკობდა. ასაკთან ერთად სათნოებაც ემატებოდა. ის არ იყო ჭაბუკებივით ქედმაღალი, გემრიელი საჭმელების მოყვარული. ის სხეულის გასაძლიერებლად იღებდა ღარიბულ საკვებს. გრიგოლი იყო თავმდაბალი, სულიერი საზრდოს მაძიებელი, მშვიდი, შემწყნარებელი.
გრიგოლი იყო შესახედავად დიდი, გამხდარი, ტანმაღალი, ჯანმრთელი და სულით წმინდა.“ – შინაარსი ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

თავი მეორე

– „გრიგოლის აღმზრდელებმა, მისმა დედამ, ხალხმა გადაწყვიტეს მისი მღვდლად კურთხევა და უთხრეს, რომ დადგა დრო მის მიერ წმინდა ღვთისმსახურების აღსრულებისა.
მიუხედავად იმისა, რომ ნეტარ გრიგოლს გული მღვდლობისკენ მიუწევდა, მათმა ნათქვამმა შეაშფოთა, რადგან ასაკით პატარა იყო. ამიტომ უთხრა, რომ, მართალია, მღვდლად კურთხევა მისთვის ძალიან საპატიო იყო, მაგრამ პასუხისმგებლობის ეშინოდა.
ბრძენმა აღმზრდელებმა უპასუხეს, რომ მას ქრისტემ მიანიჭა გონებრივი სიმწიფე, ამიტომ უნდა დამორჩილებოდა უფლის ბრძანებას. ნეტარი გრიგოლიც დათანხმდა მათ და, ღვთის ნებით, მღვდლად ეკურთხა.
მთავრები მას უპირებდნენ ეპისკოპოსობასაც.“ – შინაარსი ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button