განხილვაესე

ასმათის დახასიათება

„ვეფხისტყაოსანი“ მდიდარია ქალი-პერსონაჟებით. ისინი სხვადასხვა სოციალურ ფენას მიეკუთვნებიან, მაგრამ ერთი რამ აერთიანებთ: თითოეული მათგანი განსაკუთრებული ოსტატობითაა დახატული, გამოკვეთილი, ინდივიდუალური თვისებების მატარებელია. ასეთია ასმათიც. ტკბილი, თბილი, საყვარელი, უერთგულესი და ტარიელისა და ნესტანისა; ამ უმშვენიერესი წყვილის სიყვარულის ჩასახვიდან დაწყებული ბედნიერ დასასრულამდე მათ გვერდით მდგომი. ის შუამავალია შეყვარებულებს შორის, მათი მესაიდუმლეა, ამასთან, მუდმივად იცავს მგრძნობიარე ტარიელს, იმედს უნერგავს, ცდილობს, მშვიდობიანად მოაგვაროს მიჯნურებს შორის არსებული გაუგებრობები. აი, რას ეუბნება ტარიელს: „გაუწყვედლად ვით გამართლო? რაგვარადმცა გავვაქილდი?!“ ეს კეთილშობილი, წმინდა პიროვნება ტარიელთან ერთად იტანს უამრავ უბედურებას, ტყე-ღრეში ხეტიალისას გაუსაძლის პირობებს, ადამიანთაგან მოშორებით ცხოვრებას. რომ არა ასმათი, ალბათ, ტარიელი ადრევე მოისწრაფებდა სიცოცხლეს, ვერ შეხვდებოდა ავთანდილს და, შესაბამისად, ვერ იპოვიდა დაკარგულ სატრფოს. ასმათისა და ტარიელის დაძმური სიყვარული, მეგობრობა, მართლაც, გაოცებასა და აღფრთოვანებას იწვევს. ასმათის ხასიათში გვხიბლავს მისი უანგარობა. როცა ტარიელმა მას ძვირფასეულობით სავსე ჯამი შესთავაზა, მან მხოლოდ ერთი მცირე ბეჭედი აიღო სამახსოვროდ ამ სიტყვებით: „ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა.“ ასმათის ტარიელისადმი ერთგულების ბრწყინვალე დემონსტრაციაა ავთანდილთან მისი პირველი შეხვედრის სცენა. რა ხერხს არ მიმართა არაბმა მოყმემ, მოკვლითაც კი დაემუქრა ქალს, მაგრამ მან მეგობრის საიდუმლო არ გასცა: „კვლა ეტყვის: „ყმაო, რად მპოვე, ვინ მეუბნები მე, ვინო? ეგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო! მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლვევინო, ვითა უსტარი ბედითი ადვილად დაგახევინო.“ ასმათი ყველაზე კარგად იცნობს ტარიელის მგრძნობიარე ბუნებას. დამაჯერებელია მისი არგუმენტები, როცა ის ავთანდილს უმტკიცებს, რომ ტარიელს არ შეეძლო მისთვის მიცემული პირობის შესრულება, რადგან მან გული დაკარგა, გავიხსენოთ ასმათის სიტყვები: „გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან: რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან, უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან.“ სწორედ ამ სიტყვებშია მოცემული ტარიელის სიშმაგე-სიგიჟის, მის მიერ ველად გაჭრისა და მხეცებთან ბინის დადების მიზეზი. უგულო, სიყვარულს მოკლებული კაცი ადამიანი აღარ არის. ასმათი გამოირჩევა სიდინჯით, გონიერებით, წინდახედულებით. ამის დასტურია ის, რომ ინდოეთში გამეფებული ტარიელი მას მეშვიდე სამეფოს უბოძებს. ეს მხოლოდ მეგობრის ფასდაუდებელი ამაგის გადახდა, უანგარო სამსახურის დაფასება არაა, ის ასმათის სიბრძნის, საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დაკავების უფლების აღიარებაცაა.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button