ქართული გვარები

გოგორიშვილთა გვარი

“გოგრიშვილი” – ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მისი შემადგენელი ნაწილებია: ფუძე – “გოგორ” და დაბოლოება – “შვილი”.

“გოგორა” – ძველი ქართული სიტყვაა. სულხან-საბა ორბელიანი თავის ლექსიკონში ამ სიტყვას შემდეგნაირად განმარტავს: “გოგორა – ერქვანთ თვალი საბრუნავი”. სიტყვა გოგორადან არის ნაწარმოები მამაკაცის საკუთარი სახელი “გოგორი”. ამრიგად, გოგორიშვილთა გვარსახელის ფუძეში ფიქსირებულია გვარის წინაპრის სახელი, ეპონიმი – “გოგორი”.

გვარსახელ გოგორიშვილის გარდა “გოგორ” ფუძიდან არის მიღებული: რაჭაში გავრცელებული გვარი – გოგორელიანი, შიდა ქართლში – გოგორიძე და გურიაში – გოგორიკიძე. ლაპარაკია გვარსახელთა ფუძეების მსგავსებაზე და არა გვარმოდენილობათა სისხლით ნათესაობაზე.

გოგორიშვილთა გვარის პირველსაცხოვრისი მესხეთში ყოფილა. სოციალური მდგომარეობით, ისინი მესხეთის ერთ-ერთი ცნობილი და ძლიერი ფეოდალები იყვნენ, რომლებიც მესხეთში ყმა-მამულსა და ციხესიმაგრეებს ფლობდნენ.

ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო საბუთების მიხედვით, გოგორიშვილთა გვარი XVI საუკუნიდან ჩანს.

1578 წელს ოსმალთა უზარმაზარი მხედრობა, მუსტაფა ლალა-ფაშას მეთაურობით, ირანის კავკასიური სამფლობელოებისკენ დაიძრა. გზად სამცხე-საათაბაგო გაიარეს. ერთიმეორეს მიყოლებით ეცემოდა ქართული ციხეები. ამ წლის 7 აგვისტოს ოსმალები მგელციხეს შემოადგნენ (ციხის ნანგრევები ამჟამად თურქეთ-საქართველოს საზღვართან, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თურქეთის მხარეს მდებარეობს), ციხეს როინ და ბერი გოგორიშვილები იცავდნენ მეციხოვნეთა მცირერიცხოვან რაზმთან ერთად. “ამასვე ქორონიკონსა, მარიამობისა თვეს ზ(7), ხუთშაბათს დღესა, ხვანთქრის ლაშქარი და ლალა-ფაშა მგელციხეს მოადგეს, შეიბნეს. სამშაბათამდის ყოველ დღეს ომში იყვნეს ციხოვანნი. გოგორიშვილი როინ და მისი ძმა ბერი ერუშნელი და მისი ძმისწული ზურაბ იყუნეს მათის ყმითა და ღთის შეწევნითა უკუყარეს და ციხე ჩვენვე დაგვრჩა და ჩვენს ჯარს გაემარჯვა”, – მოგვითხრობს მესხური მატიანე.

ხელნაწერთა ინსტიტუტის კოლექციაში დაცულია XVI საუკუნის ერთი მესხური დავითნი, რომლის ვრცელ მინაწერში იკითხება: “და გოგორიშვილმა ბეჟან ციხისჯვარი უკუიჭირა და მისცა ფაშასა”. როგორც ვხედავთ, XVI საუკუნეში გოგორიშვილები ტიპური ფეოდალები იყვნენ. ისინი ციხეებს ფლობდნენ და დამოუკიდებლად მოქმედებდნენ.

XVII საუკუნიდან მესხი გოგორიშვილების ნაწილი იძულებულია გამაჰმადიანდეს, ხოლო ნაწილი ტოვებს მამულს და გურიას, იმერეთსა და ქართლს შეაფარებს თავს.

1626 წლის ბრძოლაში ბაზალეთის ტბასთან დაიღუპა დიდი მოურავის გიორგი სააკაძის საშველად მესხეთიდან ჩამოსული დავით ბეგ გოგორიშვილი. “არჩილიანის” მიხედვით, ეს დავით ბეგ გოგორიშვილი ბრძოლის ველზე გასულა, როგორც გიორგი სააკაძე – მისი ჯაჭვ-მუზარადით და მისივე ცხენზე ამხედრებული.

საბუთების მიხედვით, მესხეთიდან ქართლში გადმოხვეწილი გოგორიშვილები საბარათიანო, საამილახვრო და საეკლესიო მამულებში ჩანან. უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი აზნაურები იყვნენ.

1659 წლის ზედგინიძეთა და ამილახვართა ერთ-ერთ ნასყიდობის წიგნში მოწმედ დასახელებულია ხუცია გოგორიშვილი. 1690 წლის ბარათაშვილთა და ლარაძეთა ნასყიდობის წიგნი ბერი გოგორიშვილს დაუმოწმებია. ეს ხუცია და ბერი გოგორიშვილები გლეხებს არ ჰგვანან, თუმცა წოდების გარეშე იხსენიებიან.

XVII საუკუნეში მესხი გოგორიშვილების ერთი შტო გურიაში გადასულა. მათი შთამომავალნი ამჟამად გურიაში ცხოვრობენ და ზოგი ისევ გოგორიშვილია, ზოგი კი გოგოლიშვილად იწერება. ისინი აზნაურის ხარისხით იყვნენ მიღებულნი და გურიის თავადთა და აზნაურთა ოჯახების სიაში იხსენიებიან.

გურულ გოგოლიშვილთა უწინდელ გოგორიშვილობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ გურიაში, ლანჩხუთის რაიონში სოფელ წყალწმინდას მახლობლად, არსებობს ადგილის სახელი – “გოგორიშვილების გორი”, ხოლო ეს გორი ამავსოფლელ გოგოლიშვილებს ეკუთვნოდათ.

იმერეთის სამეფოშიც დაახლოებით ამავე პერიოდიდან ჩანან აზნაური გოგორიშვილები. იმერეთის საისტორიო საბუთებში ისინი თავად ჩიჯავაძეთა და ჩხეიძეთა საბატონო აზნაურებად იხსენიებიან.

1812 წლის თავად ლორთქიფანიძეთა “ერთობის წიგნში” იხსენიება მოძღვარ-მღვდელი ლაზარე გოგორიშვილი.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გოგორიშვილთა გვარის მეომრები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ: “ჟამსა ერთობისასა” – ერთიანი ქართული ლაშქრის მოწინავე (“წინამბრძოლთა”) სადროშოში, ხოლო “შემდგომად განყოფისა” ცალკერძ – მთავარ გურიელთა დროშის ქვეშ, ცალკერძ – იმერეთის სამეფო ლაშქრის მოწინავე სადროშოში და ცალკერძ – ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე, შუაგულ და მემარჯვენე სადროშოებში.

ამჟამად გოგორიშვილები ცხოვრობენ იმერეთში: ქუთაისში (12-14 კომლი) და ვანის რაიონის სოფლებში (18-20 კომლი). მცირე რაოდენობით ცხოვრობენ ბაღდათის, ჭიათურისა და წყალტუბოს რაიონებშიც. მცირერიცხოვანნი არიან გურიაში – ლანჩხუთის რაიონში და ქართლში – კასპის რაიონში. თბილისში გოგორიშვილთა დაახლოებით 50 კომლი ცხოვრობს.

საქართველოში გოგორიშვილთა საერთო რაოდენობა 350 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი გოგორიშვილთა!

Source
http://karibche.ambebi.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button