ქართული გვარები

ვისი გორისა ხარ? უშიკიშვილთა გვარი

უშა, უშო – ქართველური საკუთარი სახელია კაცისა, ხოლო უშკია და უშიკა იგივე სახელია კნინობით თქმული.

უშიკიშვილთა გვარის ფუძეში დევს წინაპრის საკუთარი სახელი, ამდენად, მრავალი ქართული გვარის მსგავსად ეს გვარიც ეპონიმური ტიპის გვარია.

ზეპირი გადმოცემით, უშიკიშვილი მეორეული, შტონაყარი გვარია. უშიკიშვილთა ძველი, თავდაპირველი გვარი სისაური ყოფილა. ხევსური უშიკა სისაური ხევსურეთიდან თიანეთის მხარეში ჩამოსახლებულა და მის შვილებს და შთამომავალთ მისი სახელი გაუგვარდათ. ასეთი რამ ხშირად ხდებოდა – პირველად ჩამოსახლებული წინაპრის სახელი ახალი გვარსახელის საფუძველი ხდებოდა ხოლმე. ხევსურები წინარე გვარს, ძველ სალოცავს და პირველსაცხოვრისს ადვილად არ ივიწყებენ. პირველი უშიკადან დღევანდელ უშიკიშვილებამდე 10-11 თაობა იქნება გამოცვლილი, მაგრამ უშიკიშვილებში დღესაც დაცულია გადმოცემა მათი ხევსურობისა და სისაურობის შესახებ.

ხევსურეთში სისაურთა გვარის ორი შტო არსებობს. არიან ანატორელი სისაურები და ლიქოკელი სისაურები. ისინი ბიძა-ძმისწულის შთამომავალნი არიან. უშიკიშვილთა გვარის ფუძემდებელი უშიკა სისაური ბუდე-ხევსურეთის ლიქოკის ხევის სისაურთგანი იყო.

სისაურთა ძველი და მრავალრიცხოვანი გვარიდან უშიკიშვილთა გვარის გარდა სხვა გვარებიც განშტოებულან სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მხარეში. დღევანდელმა უშიკიშვილებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი მოძმენი არიან: მთიული ქვიცურები, გომურები და ჭიკაიძეები; ქსნისხეველი: დორეულები, ჭალისურები, წითურაულები და მწითურები; თუში იჭირაულები და თათრულაიძეები; თიანელი: გონჯილაშვილები, სულხანიშვილები, თურქიაშვილები, კახოშვილები, მგელიაშვილები, მოსიაშვილები და პატურაშვილები; წვერელი სამნიაშვილები, საგარეჯოელი ქურხულები, გრემისხეველი გოძიაშვილები და ტოტიკაშვილები; ერწოელი: ზამთარაშვილები, სისოშვილები და ზაზაშვილები; ბიწმენდელი მთიულიშვილები და ზემო იმერეთში მცხოვრები სისვაძეები. მოძმე გვარებს საერთო ძირი და ჯვარისყმობა აქვთ და ერთურთში ქალს არ ათხოვებენ.

ამ შემთხვევაში 26 შტონაყარი გვარი ერთ ძირზე მოდის. საკვირველი აქ არაფერია – ქართველ მთიელთა სხვა გვარებში უფრო მეტი შტოგვარიც არსებობს. ზუსტად იგივე მდგომარეობაა ბარელთა გვარებშიც, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ბარად ხსოვნა მალევე დაკარგულა.

უშიკა სისაურის წინაპართა და შთამომავალთა სალოცავი იყო ხმალა და კოპალა (კარატის წვერისა), იგივე ხმალას ჯვარი და კარატის ჯვარი. როგორც ჩანს, ხევსური უშიკა ლიქოკის ხევიდან ზემო თიანეთის სოფელ ხოფცაში ჩამოსახლდა. ხოფცაში ერთ უბანს დღესაც უშიკიანი ჰქვია. აქედან განსახლებულან უშიკას შვილები და შვილიშვილები ახმეტა-თიანეთის სხვა სოფლებში. უშიკა სისაურის თიანეთში ჩამოსახლება XVII საუკუნეში უნდა მომხდარიყო, რადგან XVIII საუკუნის I მეოთხედში “კახეთის ხალხთა აღწერის დავთარში” საეკლესიო გლეხთა შორის უკვე იხსენიება უშიკიშვილთა ორი კომლი: “არის ხარჭაშნელის ყმა თვალივს, უშიკის შვილი დათუნა, კომლი ა, თავი ა, თოფი ა; იმის განაყოფი გამახარე, კომლი ა, თავი ა, თოფი ა”.

ეს დათუნა და გამახარე უშიკისშვილები განაყრები არიან, შეიძლება ძმები ან ბიძაშვილები, ყოველ შემთხვევაში, ერთი სახლის შვილები არიან, ისინი უშიკის შვილები ან შვილიშვილები არიან, ხოლო გვარად ალბათ ჯერ კიდევ სისაურებად გრძნობდნენ თავს, როგორც მეორე-მესამე თაობის ჩამოსახლებულნი.

სოფელი ხოფცა სოფელ თვალივიდან დაახლოებით 7-8 კილომეტრით არის დაცილებული. შესაძლოა, იმხანად ხოფცა თვალივზე მიწერილ სოფლებში ითვლებოდა. აქ იყო ხარჭაშენის მონასტერი და იჯდა ხარჭაშნელი ეპისკოპოსი. როგორც ჩანს, ჩამოსახლებული ხევსური უშიკა სისაური ხოფცაში ხარჭაშენის მიწაზე დასახლდა და მონასტრის ყმა გახდა. მისი შვილებიც და შვილიშვილებიც საეკლესიო გლეხები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ უშიკის შვილებს ორივეს თოფით ლაშქრობა ევალებოდა, ეს ფაქტი კი იმაზე მეტყველებს, რომ მათ საშუალო გლეხზე მეტი შეძლება ჰქონდათ. ღარიბი, მშვილდოსან-შუბოსანი გლეხებისგან განსხვავებით, საშუალო გლეხები ფარ-ხმლით გამოდიოდნენ ლაშქარში, ხოლო თოფით ლაშქრობა შედარებით შეძლებულ გლეხებს ევალებოდათ.

დათუნა და გამახარე უშიკისშვილებისგან 3-4 თაობით დაცილებული მათივე შთამომავალნი უნდა იყვნენ 1801 წლის კახეთის აღწერაში მოხსენიებული ძმები: გლახა, პეტრე და გიორგი უშიკიშვილები. ისინი “თიანეთს ხარჭაშნელის ყმათა” შორის ირიცხებიან. მაგრამ მათ კომლს იქვე მინაწერი აქვს: “ახმეტას მყოფი”. ესე იგი ამ დროისათვის ზემოთიანელი საეკლესიო გლეხების უშიკიშვილების სულ მცირე ერთი ოჯახი უკვე ახმეტაშია გადასახლებული. მათი სახელების გასწვრივ სიაში სწერია: “კომლი ა, თავი გ, მსახური”. ამ ერთი კომლიდან სამი მეომარი გამოდიოდა და ისინი სოციალური მდგომარეობით მსახურ გლეხთა კატეგორიას ეკუთვნოდნენ. მსახური გლეხი, მოყალნე გლეხისგან განსხვავებით, გადასახადებს არ იხდიდა. მისი სამსახური ლაშქარ-ნადირობა, ხლება და მასპინძლობა იყო. მისი სისხლის ფასი, ქართული სამართლით, ორჯერ მეტი იყო ბოგანო, ხიზან და მოყალნე გლეხთა სისხლის ფასზე.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის უშიკიშვილთა გვარის მეომრები ქუდზე კაცად გადმოდიოდნენ კახეთის სამეფო ლაშქრის მემარცხენე და შუაგულ სადროშოებში.

ერისა და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ უშიკიშვილთა გვარისშვილნი: მღვდელი გიორგი უშიკიშვილი, მღვდელმონაზონი იაკობ უშიკიშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მაკრინე უშიკიშვილი, ფოლკლორისტი, ლოტბარი გიორგი უშიკიშვილი, მხატვარი გოგი უშიკიშვილი და სხვა.

ამჟამად უშიკიშვილები ცხოვრობენ თიანეთის რაიონის სოფლებში: ხოფცაში, ჯიჯეთში, ზარიძეებში, ჟებოტაში, ძებნიაურებში და სხვა; თიანეთში, ახმეტასა და თბილისში.

საქართველოში უშიკიშვილთა და უშიკაშვილთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო ოდენობა 350 სულს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი უშიკიშვილთა!

Source
http://karibche.ambebi.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button