ლიტერატურაპოეზია

აკაკი წერეთელი გამზრდელი


ნამდვილი ამბავი
ვუძღვნი ჩემს პედაგოგებს
I

მთის მწვერვალზე, ცის მახლობლად,
მერცხის ბუდედ რაღაც მოსჩანს;
თვალთ ისარი, შენატყორცნი,
ვერ არჩევს მის სიგრძეს და განს.

ის ფაცხაა, მღვიმის პირად
მოწნული და მიგრეხილი,
დრო და ჟამის შესაფერად დ
ზამთარ თბილი, ზაფხულ გრილი.

როდესა მთა ბარს და ვაკეს
ემუქრება წარღვნა-ღელვას, –
ფაცხაც ღრუბელს გარს იბურავს,
ეკრძალება ჭექა-ელვას.

მაგრამ, როცა დაჰქათქათებს
თავზე იქვე მზე და მთვარე
და ვალის წინ ფიანდაზად
ეფინება არემარე,

მაშინ ფაცხა უბრალობით
მომზიბლავად ლამაზია
და იმასთან ყველა ტყუის,
რაც-კი ციხე-დარბაზია.

გზა მიუძღვის საცალფეხო,
მიხვეული, მოხვეული;
მასზე გამვლელს უნდა ჰქონდეს
მარჯვე თვალი, მტკიცე გული;

ანუ ჰყავდეს რაში ცხენი,
მთაში გაზრდილ-გამოწვრთნილი:
კლდიდან კლდეზე გადამფრენი,
უშიშარი და თან ფრთხილი.

ამ შორეულ ფაცხა-მღვიმეს
ვინ ჰპატრონობს, ვისი არის?
და საამო კარ-მიდამოს
ვინ შესტრფის და ვინ შეჰხარის?

ერთი ვინმე ახალგაზრდა
აფხაზია, ამ მთის შვილი,
რთულ ცხოვრების უარმყოფი,
მცირედითაც კმაყოფილი.

კარგი თოფი, კარგი ხმალი,
კარგი ცხენი და ნაბადი!…
რას ინატრებს სხვას, ამის მეტს,
კაცი, მისებრ დანაბადი?

მხოლოდ ერთს კი… და ის ერთიც
არის მარტო სიყვარული,
რითაც მხოლოდ ქვეყნიური
ნეტარება არის სრული.

ბედმა ესეც არ დააკლო,
განასხვავა, ვით რჩეული…
სიყვარულსა, მის მონაშუქს,
მიაშუქა სიყვარული:

ერთი თვეა, რაც რომ ცოლად
მიიყვანა ვინც უყვარდა,
ვისაც გულში ცასქვეშეთი
შეუწონა, შეუფერდა…

ნაზიბროლად სახელია,
სამეგრელოს ასულია,
მოწყვეტილი ცით ვარსკვლავი
ედემს ალვად ასულია!…

ელფერობით ვარდი არის,
სინაზით-კიდ მორცხვი ია…
ტრფისათვის ჯერ პირველად
გულის კარი გაუღია.

ცა და ქვეყნის შუამავლად
მიაჩნია მას აფხაზი!…
გულში გულს სდებს, სულში სულს ცვლის,
ხორცს ეწმახვის სურო-ვაზი!…

ნეტავი მათ!… მათ სიყვარულს
და მათ უხმო აღსარებას!…
ერთად გრძნობენ ამ ქვეყნადვე
სასუფევლის ნეტარებას…

მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი
გაახარებს ვისმეს განა?
თაფლში ურევს მწარე ნაღველს…
მტრისას მისი გამოცანა!…

1 2 3 4შემდეგი გვერდი

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button