ლიტერატურაპოეზია

აკაკი წერეთელი გამზრდელი

III

ირიჟრაჟა, ქარი ჩადგა,
გადიყარა, დადგა დარი;
ლურჯ ბედაურს მოაგელვებს
მეგობრისთვის მეგობარი.

მოიყვანა, დააბა და
შინ შევიდა წყნარად, ფრთხილად.
გრძელ ნაბადში გამოხვეულს
სტუმარს სძინავს იქვე თბილად.

აუარა გვერდი, მიდის
იქ, სადაც ის ეგულება,
ვინც სიცოცხლეს ურჩევნია,
სულს სწირავს და თავს ევლება.

გულში ამბობს: “ერთს დავხედავ
ტკბილად მძინარ ნაზიბროლას,
თუ გავუძელ გულის ძგერას,
სულის ბრუნვას, ხორცის ჟრჟოლას”….

სასოებით შედის ქვაბში
და რას ჰხედავს იქ საკვირველს?!
ნაზიბროლა ჩუმად ტირის,
პირს იხოკავს, იკაწრავს ყელს!..

თმაგაშლილი, ტინის კედელს
თავს ახლის და ხმას არ იღებს…
მინგრეულს და მონგრეულსა
ხედავს იქვე მის ქვეშაგებს!…

მიჰხვდა ქმარი, რაც მომხდარა,
ზარმა დაჰკრა, ელდა ეცა!…
და, რომ კრინტიც არ დაუძრავს,
იქვე უხმოდ ჩაიკეცა.

დიდხანს იჯდა რეტდასხმული,
უყურებდა ცოლის ტანჯვას;
ბოლოს ღონე მოიკრიფა
და მოეგო ისევ ჭკუას.

მივიდა და უთხრა მტირალს:
“ჩუ, ნუ ტირი, გენაცვალე!
რაც გინახავს სიზმარია,
დაივიწყე ისევ მალე!

ყოველგვარი მოსავალი
კაცის თავზე უნებური,
ღვთის რისხვაა ტყვილად ბედს
რას უჩივი, რით ემდური?

გადაიგდე გულიდან ეგ
ცრუ ზღაპარი და სიზმარი!…
მე და შენი სიყვარული
წმინდა არის, ვით ლამპარი.”

მოეხვია და ცრემლები
ამოუშრო თვალში კოცნით,
დააწყნარა, დაამშვიდა
ალერსით და ბევრი ხვეწნით.

მაშინ მხოლოდ გამობრუნდა
სტუმრისაკენ და უთხრა ეს:
მადე, ძმაო, გაღვიძებას
არ აპირებ, მგონია, დღეს!ნ

წამოვარდა ზეზე საფარ
შემკრთალი და დარცხვენილი!…
მაგრამ როცა მშვიდ სახეზე
შეამჩნია მას ღიმილი,

გაიფიქრა: “მადლობა ღმერთს!
არაფერი შეუტყვია,
თვარა გულ-მკერდს გამიხვრეტდა
ხანჯლის წვერი და ან ტყვია!

არ უთქვამს ქალს, რაც შევცოდე,
ჩანს, ნამუსი შეუნახავს.
ჩემ საქციელს, სამარცხვინოს,
ვინ გაიგებს, ვინ დამძრახავს?”

მერე უთხრა მის ძიძიშვილს:
“გატყობ, რომ ხარ კმაყოფილი,
შეასრულე განა ჩემი
ძნელი ნატვრა და სურვილი?”

-“შევასრულე: მოგიყვანე,
დროა აწ-კი გაეშურე!
ნუ დამძრახავ, საკმარისად
თუ რომ ვერა გემსახურე!”

ხან ესა სთქვეს, ხან ისა სთქვეს,
ისაუბრეს ჯერ ერთხანად,
მერე წყალიც მოუტანა
მის ხელ-პირის დასაბანად.

გამოაწყო, არ დააკლო,
რაც წესია, სამსახური,
რომ სტუმარი არ გაუშვას
გულნაკლი და უმადური.

შეუკაზმა ცხენი, შესვა,
თვითონ შეჯდა ნაქურდალზე
და ორივემ მათრახები
ატკაცუნეს ერთხანს ძალზე.

გაახურვეს მათ ცხენები
ააღელვეს, ააჩქარეს
და ვიწრო გზით ის დაღმართი
სულ კუნტრუშით ჩაატარეს.

რომ ჩავიდნენ შორიახლოს
მინდვრის პირად, იქვე დაბლა,
მასპინძელმა შეაჩერა
ცხენი და ხმა აიმაღლა:

-“საფარ-ბეგო! პირშავობა
შენი ვიცი, შემიტყვია!…
და დღეიდან ჩვენ ორს შუა
მოციქული არის ტყვია!

არა სთქვა რა!… არც მე გკითხავ:
არის ზოგი შეცოდება,
რომ სათქმელად საძნელოა…
არც შენდობა უხერხდება!

ახლა წადი! დამეკარგე!
ფრთხილად! არსად შემეყარო,
რომ ცუდ გულზე უცაბედად
შენი სისხლი არ დავღვარო!”

ეს რომ უთხრა, შეკრთა საფარ,
გაშრა, ფერი დაედვა მკვდრის,
ჩაუვარდა ენა პირში,
გაქვავდა და აღარ იძვრის…

ძლივს წარმოსთქვა: “მართალი ხარ!…
აღარა მაქვს მე სათქმელი!…
შემაცდინა თვით ეშმაკმა
და დამრია ცოდვილს ხელი!…

შენი ტყვე ვარ!… ჰა, ხომ ხედავ,
იარაღი დამიყრია…
სასიკვდილოდ ჩემი ნებით
შენ წინ თავი დამიხრია…

ჩემ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს,
მომკალ… ტანჯულს რამ მიშველე,
მაზღვევინე, რაც შეგცოდე,
სინიდისი გამიმრთელე!…”

-“არა! შენ ვერ შეგეხება
სასიკვდილოდ ჩემი ტყვია:
დედაჩემის გაზრდილი ხარ,
მისი ძუძუ გიწოვია…

რაც ქვეყანას მიაჩნია
რჯულზე უფრო უმტკიცესად,
რომ გასტეხე, ის გეყოფა
სიკვდილამდე შენ საკვნესად.

წადი ჩემგან შენდობილი,
მაგრამ შორს კი… და მშვიდობით!…
დღეიდან ჩვენ წმინდა გულით
ერთმანეთს ვერ მივენდობით!

მაგრამ ერთს კი დაგავალებ,
ამისრულე უეჭველად:
რომ მიხვიდე ყაბარდოში,
იცოდე, რომ სულ პირველად,

წადი, ნახე ის მოძღვარი,
ვინც შვილივით გამოგზარდა,
და უამბე შენი პირით,
რა სირცხვილი დაგემართა!”

გადმოხტა და ლურჯი ლაფშა
მისცა ხელში, ჩააბარა,
მოტრიალდა და აღმართი
ძლივს ბარბაცით აიარა.

წინა გვერდი 1 2 3 4შემდეგი გვერდი

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button