ქართული გვარები

ვისი გორისა ხარ? ლებანიძეთა გვარი

ლებანი – ნიგვზის გულის ნახევარი (საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული).

ლებანი – ქართული საკუთარი სახელი კაცისა.

შესაძლოა, ლებანი, ლებანა – კნინობითი ფორმა იყოს საკუთარი სახელისა “ლება” (შემორჩენილია ტოპონიმში “ლებაისკარი”).

KARIBCHE

ლებანიძე – ეპონიმური ტიპის გვარსახელია. ოდესღაც ვინმე ლებანის, ლებანას შთამომავალთა ლებანიძეობა გაუგვარდათ. ძველთაგან ზემო რაჭას ბუდობდა გვარი ლებანიძეთა.

ქართულ საისტორიო საბუთებში ლებანიძენი XVI საუკუნიდან ჩანან. მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება ტყავის გრაგნილი XVI საუკუნის კონდაკი, რომელსაც მინაწერი აქვს ტექსტისავე ხელით: “ლებანიძესა შიოს და მეუღლეს მის მარგალიტს შეუნდნენ ღმერთმან ცოდვანი მათნი ამინ უკუნისამდი”.

ამავე XVI საუკუნის გონიერ ლებანიძის ხელით გადაწერილი ჟამნის ანდერძში იკითხება: “დედასა ამისგან მეტი არა ეწერა. მამაო ღმერთო, შეიწყალე სული გონიერი ლებანიძისა და მისისა დედა-მამისა, ამინ”.

1809 წელს აზნაურ გიორგი ბაქრაძეს უდეობის წიგნი მიუცია გელათელი მიტროპოლიტ ეფთვიმესთვის, სადაც მოხსენიებულია გელათელი კაცი სიმონა ლებანიძე. ეს სიმონა ლებანიძე საეკლესიო გლეხი ყოფილა.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ლებანიძეთა გვარის მეომრები კომლზე კაცად გამოდიოდნე იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარცხენე და შუაგულ სადროშოებში.

ერის სამსახურში საზოგადო მოღვაწეთა შორის გამოჩნდნენ ლებანიძეთა გვარისშვილნი: პოეტი მურმან ლებანიძე, მსახიობი ნიკოლოზ ლებანიძე, მხატვარი ქრისტესია ლებანიძე, მწერალი გიორგი ლებანიძე, პროფესორი ვლადიმერ ლებანიძე…

ამჟამად ლებანიძენი ცხოვრობენ: რაჭაში, იმერეთში, ქართლში, კახეთსა და ჰერეთში. თბილისში ლებანიძეთა დაახლოებით ას ორმოცდაათი კომლი ცხოვრობს.

საქართველოში ლებანიძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი რვაას სამოცდაათს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ლებანიძეთა!

Source
http://karibche.ambebi.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button