ქართული გვარები

ვისი გორისა ხარ? ბახტაძეთა გვარი

ფუძე: ბახტაძე ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში ფიქსირებულია წინაპრის საკუთარი სახელი “ბახტა”. არსებობს ამავე ფუძის დერივატული გვარსახელები: ბახტიაშვილი, ბახტურიძე და ბახტუაშვილი.

ძირი: ბახტაძე ერთძირიანი გვარია ანუ ყველა ბახტაძე ერთამნეთის ნათესავია.

ბუდე: ეთნოგრაფიული მასალის და ბახტაძეთა გვარის განსახლების არეალის მიხედვით მათი ბუდე-პირველსაცხოვრისი იმერეთში, ხონის რაიონში ჩანს.

შთამომავლობა: სოციალური მდგომაროებით ბახტაძე გლეხური გვარია.

ხსენება: ჩვენს ხელთ არსებული ქართული საისტორიო საბუთების მიხედვით ბახტაძეთა გვარი XVI საუკუნიდან ჩანს. ეს არისხონის საყდრის ყმათა ვრცელი სია, სადაც იხსენიება: ბასილია, გაბრიელი, გამსაჯა, გიორგი, მამისთვალა, ნასყიდა, კიდევ ნასყიდა, ნატრია და ცოტნია ბახტაძეები. ჩამოთვლილია ოჯახის უფროსთა სახელები. მათ ხონის ტაძრის მეტ-ნაკლები სამსახური ევალებოდათ: სადილი, საკლავი, ქათამი, თევზი, ყველი, ღვინო, ღომი, შეშა, თივა, გოდორი, მუშაობა და სხვა.

XVI საუკუნეში ბახტაძეთა 9 კომლი ხონის ტაძრის სამსახურში მდგარა. ისინი საეკელსიო გლეხები იყვნენ.

XVI საუკუნის პირველ ნახევარში ბახტაძეთა გვარის ერთი შტო უკვე შიდა ქართლში მკვიდრობს.

ქართლის მეფის ლუარსაბ I-ის (1527-1556) ერთ განჩინებაში რომელიც თავადი ჯავახიშვილების გაყრას შეეხება, იხსენიება სოფელ ზაკვას მცხოვრები გლეხები, მიქელა და ბასილა ბახტაძეენი. გაყრის შემდეგ ისინი გოშფარ ჯავახიშვილის საბატონო გლეხები გახდნენ.

სოფელი ზაკვი, ამჟამად ნასოფლარი, ქართლის გაღმამახარში, თეძმის ხეობაში, თავად ჯავახიშვილთა მამულში მდებარეობდა. ეს სოფელი და მასში მცხოვრბეი ბახტაძე კვლავ იხსენიება 1624 წლის ჯავახიშვილთა და სააკაძეთა შეყრილობის წიგნში. თავადმა ზაქარია და იესე ჯავახიშვილებმა თავისი ყმა-მამული, დიდი მოურავის გიორგი სააკაძის ყმა-მამულთან გააერთიანეს. ამ საბუთის მიხედვით ზაკველი ბახტაძენი გიორგი სააკაძის სამსახურში ჩადგნენ.

ბახტაძის ტიტიას მამული იხსენიება XVII საუკუნის ზემო ქართლის კომლთა სიაში სოფელ ნულში.

XVII საუკუნის მეორე ნახევარში ქვემო ქართლში აზნაურ საგინაშვილტა ყმა-მამულის გაცვლილობის წიგნში მოწმედ იხსენიება იმერელი ბახტაძე გოგია. როგორც ჩანს XVI-XVII საუკუნეებში იმერეთიდან ქართლში ბახტაძეტა მიგრაციას საკმაოდ ინტენსიური ხასიათი ჰქონდა.

ქართლის ბახტაძენი XVIII საუკუნის კიდევ ორ საბუთში შეგხვდა: “ქ. მამებარა მე მაჰმად სულთანს თქვენ, ჯავახიშვილის თეიმურაზისგან ბახტაძის სახსარი მთლად თამამთ. ფეხის ქირის მეტი აღარა დარჩომილა რა. მე ყანდინანთ სტეფანას დამიწერია და მოწამეცა ვარ ამისი”.

1776 წელს, როცა ეს საბუთი დაწერილა, ლეკიანობა იყო. ქართლში მოტაცებული ტყვეები ახალციხეში გადაჰყავდათ. ახალციხე ოსმალეთში შედიოდა. ტყვეს თუ პატრონი არ გამოუჩნდებოდა სტამბოლის ბაზარზე ჰყიდნენ. როგორც ჩანს ვინმე თეძმისხეველი გლეხი ბახტაძეც თურქთა ტყვეობაში აღმოჩნდა და სანამ საბოლოოდ დაიკარგებოდა მისმა ბატონმა ჯავახიშვილმა თურქ შუამავალს ვინმე მაჰმად სულთანს გამოსასყიდი მისცა, რომ თავისი გლეხი დაეხსნა. გაჭირვებაში ჩავარდნილ ქართველს გლეხს ისევ თავისმა ბატონმა უპატრონა. არაერთი ასეთი შემთხვევა ჩანს ძველ სანუთებში. ქართულ ენაში სიტყვა” ბატონი” ხომ სიტყვა “პატრონიდან” არის ნაწარმოები.

მეორე საბუთი 1784 წლით თარიღდება და ისევ თეიმურაზ ჯავახიშვილს უკავშირდება: “ქ. ესე წიგნი მოგართვი მე იმერეთიდამ მოსულმა თაქტაქიშვილის ყმამ მამუკამა, ასე რომ მე და თაქტაქიშვილი ვჩიოდით გიორგი ბატონიშვილთან. თაქთაქიშვილმა გაამტყუნა და ყმადაც მიმცეს. თქვენ ჯავახიშვილი მობრძანდით თეიმურაზ და სალუკო სურსათი და თეთრი მთხოვეთ. თეთრისა თავდები მოგართვი და ფქვილისათვის თოფი გამომართვი…

…ამას უკან მოველი და მოურავის წიგნი მოიგტანეთ, რომ თოფი მიეციო და თეთრის თავდები წიგნიც ისევ მიეციო და შენ თაქთაქიშვილს გამოართვიო. ქვიშხეთიდანაც ამყარა და ხცისს დამასახლა მოურავმა და დავთარშიც თაქთაქიშვილზედ ვეწერე. არის ამისი მოწამე ბიჭიკაშვილი ესტატე, ბახტაძე ბერუა, კოტეტიშვილი ხურო პეტრე და მთელი ჯავახიანი. მე იოანე ბატონიშვილი ხურო პეტრე დამტელი ჯავახიანი. მე იოანე ბატონიშვილის ყუკუხჩს დამიწერია და მოწამეცა ვარ ამათის მოწმობითა. მარტის იზ. ქორონიკონის უობ”. როგორც ჩანს 1780-იან წლებში ბერუა ბახტაძე თეიმურაზ ჯავახიშვილს ახლდა, ხოლო თეიმურაზ ჯავახიშვილი მეფის სამსახურში იდგა. ამ საბუთშიც საინტერესო ფაქტია დამოწმებული. ბატონი ვალდებულია გადაიხადოს ის სახელმწიფო გადასახადი, რომელიც მისმა ყმამ ვერ გადაიხადა. “თოფი მიეციო და თეთრის თავდების წიგნიც ისევ მიეციო და შენ თაქთაქიშვილს გამოართვიო”. შეიძლება ყოველთვის ასე არ ხდებოდა, მაგრამ ამ საბუთშიც ბატონი ისევ პატრონის მოვალეობით გვევლინება.

ვერაფერს ვიტყვით მესხეთში ბახტაძეთა დამკვიდრების შესახებ. შესაძლოა ოდესრაც იმერელ ბახტაძეთა ერთი შტო მესხეთშიც ისევე გადავიდა, როგორც შიდა ან ქვემო ქართლში. შესაძლოა ლეკთაგან გატაცებული რომელიმე ბახტაძე ახალციხის საფაშოში ჩარჩა. ხომ შეიძლება ბატონს ყველა თავისი ყმა ვერ დაეხსნა ტყვეობიდან. ფაქტი ერთია მესხეთში ბახტაძეები მინიმუმ სამ სოფელში ცხოვრობდნენ სანამ 1944 წელს სხვა მაჰმადიან მესხებთან ერთად არ გადაასახლეს შუა აზიაში.

XIX საუკუნის რუსულენოვან კამერალურ აღწერაში მესხეთის სოფელ ტატანისში იხსენიება გვარი “ვახტაძე-ოღლი”, სარწმუნოება მაჰმადიანი, ეროვნება ქარტველი; მესხეთის სოფელ სვირში იხსენიება გვარი “ბოხუტო-ოღლი” ეს ალბათ რუსი ჩინოვნიკის შეცდომაა, რადგან 1944 წლის სიების მიხედვით სოფელ სვირიდან ბახტაძეები გაასახლეს და არა ბოხუტო-ოღლები; მესხეთის სოფელ ოშორაში იხსენიება გვარი “ბახუტაშვილი”. მაგრამ გასახლებულ მესხებს ამ სოფელში ბახტაძეები ახსოვთ.

ბახტაძეთა გვარის შესახებ არსებული წერილობითი საბუთების უმრავლესობა მაინც იმერეთის ბახტაძეებს შეეხება.

ხონის ეკლესიის სიგელ-გუართა შორის ინახებოდა სიგელი: “პირველის მეფის სოლომონისგან გლეხის ბახტაძის შეწირულობისა, ჩღობ-ის წლისა”, რომლის მიხედვითაც იმერტა მეფეს სოლომონ I-ს, 1772 წელს ხონელი სახასო ბახტაძე ხონის წმინდა გიორგის ეკლესიისთვის შეუწირავს. ამ წლიდან ბახტაძეტა გვარის ერთი შტო საეკლესიო გლეხთა კატეგორიას შეემატა.

საეკლესიო გლეხი ყოფილა სვიმონიკა ბახტაძე, რომელიც ქუთათელ მთავარეპისკოპოსის სამსახურში მდგარა. მაგრამ რაღაც მიზეზით წასვლია თავის პატრონს. 1801 წელს კვლავ შერიგებულან და ამის თაობაზე სათავდებო წიგნიც დაწერილა. თავმდებნი მთავარეპისკოპოს ანტონს მიმართავენ: ” …სვიმონიკა ბახტაძე და მისი სვილები აიყარნენ და თემისთვის კაცებტან მივიდნენ. ახლა ჩვენის შუამდგომლობით შემოგვეხვეწნენ და თქვენ შეიწყალეთ და თავდებები სთხოვეთ. აწ ასე სატავდებო წიგნი და პირი მოგვირთმევია. რომ დღეის ამას იქით თქვენი და თქვენის მოურავის ერთგული და მორჩილი იქნეს და აღარაფერი იწინააღმდეგოს და არცა თემში გაერიოს”. ეს თავმდებნი იყვნენ: წულუკიძე ბეჯანა, ქუთათელაძე თამაზიკა დაბახტაძე უნცროსია.

თავდებობის ინსტიტუტი ფართოდ იყო გავრცელებული გვიანფეოდალური ხანის იმერეთის სამეფოში. რაც სოციალური ურთიერთობის დაძაბულობაზე მითიტებს.

ამ საბუთის ერთ-ერთი თავმდებთაგანი უნცროსია ბახტაძე კიდევ ერთხელ იხსენიება სხვა ტავდებობის წერილში სათაურით: “უნცროსია ბახტაძისგან თავდებობის გამოღებული წერილი უკანასკნელ მეფეზედ ჩყც-ისა წლისა”. საბუთი თარიღდება 1808 წლით. მაშინ ჯერ კიდევ მეფობდა იმერთა უკანასკნელი მეფე სოლომონ II. ეს საბუთიც ხონის სიგელ-გუჯართა შორის ინახებოდა. უნდა არინიშნოს, რომ ხონის ტაძრის სიგელ-გუჯრებში რომლებიც 1829 წელს გადაეცა ქუთათელ მთავარეპისკოპოსს, იხსენიებიან: შევარდნა ივანიკა და გოგია ბახტაძეები. ექვთიმე თაყაიშვილს 1913 წელს ხონის ტაძარში უნახავს ათონური ჯვარი ვერცხლის აშიით და თვალებით შემკული. ამ ჯვარზე ამოუკიტხავს მხედრულად შესრულებული წარწერაც: “შენდობა ყავით შემწირველისა ამის ჯვარისა ცოდვილი ბერი ბახტაძე იოვანე. ჩყლა”. ეს ჯვარი წარწერის მიხედვით 1831 წელს შეუწირავს ბერს იოავენ ბახტაძეს ხონის წმინდა გიორგის ტაზრისადმი და 1913 წელს ჯერ კიდევ ადგილზე ყოფილა, ხოლო XX საუკუნის ოციან წლებში ხონის საეკლესიო სიძველეთა აღწერისას ის ვეღარ უნახავს დიდი ექვთიმეს საქმის გამგრძელებელს გიორგი ბოჭორიძეს.

XIX საუკუნის პირველ ნახევარში ხონის ტაძარში უმსახურია მღვდელს მათე ბახტაძეს. ექვთიმე თაყაიშვილმა ხონის ეკლესიაში ნახა ხელნაწერი წიგნი “თვენი” რომლის ანდერძ-მინაწერში იხსენიებოდა: “ბატონი მათე, ბატონის არხიდიაკონი”. ეს ბატონი მატთე – ხალხის ხსოვნით მათე ბახტაძე ყოფილა, რომელიც ღრმად მოხუცი გარდაცვლილა მღვდლობაში 1857 წელს.

სასულიერო მოღვაწე უნდა ყოფილიყო ოქროპირ ბახტაძეც. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცეელბელი საზოგადოების, ხელნაწერი წიგნების ფონდში ინახებოდა 1859 წელს გადაწერილი წიგნი “სამთავრიო და სიზმრის წიგნი”, რომლის 29-ე გვერდზე სედმეგი შიაარსის ანერძი იკიტხება: “ესე სამთავრიო და სიზმრის წიგნი მოთხრობით გადაიწერა ხელიტა ოქროპირ ბახტაძისაგან. მიერ მომიხსენებდეთ და თუ რამე შეცთომა იპოვოთ, მკითხველნო ნუ მწყევთ. ჩყნთ-სა, ივლისის კბ-სა რიცხვსა”.

წიგნის გადამწერად გვევლინება ივლიანე ბახტაძე 1880-იან წლებში მისი ხელით ყოფილა გადაწერილი ლექსთა კრებული, რომელშიც ასახულია XIX საუკუნის ცნობილი ლიტერატურული მოვლენა “მამათა და შვილთა ბრძოლა”, ილია ჭავწავაძის, გრიგოლ ორბელიანის, აკაკი წერეთლის პაექრობა.

XIX საუკუნის 40-იანი წლების აღსარების მთქმელთა სიების მიხედვით ბახტაძეები ცხოვრობდნენ იმერეთის შემდეგ სოფლებში: ხონში (საეკლესო გლეხნი, აგრეთვე სასულიერო წოებისანი), კიკნავეთში (საბატონო გლეხნი), ჭყვიშში (საეკლესიო გლეხნი აგრეთვე სასულიერო წოდებისანი), ცხუნკურში (სასულიერო წოდებისანი), კუხში (საეკლესო გლეხნი აგრეთვე სასულიერო წოდებისანი), გვაშტიბში (სასულირო წოდებისანი) და ქალაქ ქუთაისში (საეკლესიო გლეხნი აგრეთვე იმერეთის ეპარქიის კანცელარიის მსახურნი).

აკაკი წერეთლის ახლობელი და სანდო პიროვნება ყოფილა სერგი ბახტაძე. 1912 წლის აკაის ანდრძის მიხედვით მისი ნების აღმსრულებლად დასახელებულნი არიან: გლიგოლი დიასამიძე, სერგი ბახტაძე და კონსტანტინე აბდუშელიშვილი. ეს სერგი ბახტაძე თეოფილე ბახტაძესთან ერთად ქუთაისში და კონსტანტინე ბახტაძე თბილისში ერთ-ერთი პირველი წევრები იყვნენ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ დაარსებული საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისა.

მსახურება: ღმერთისა და საქართველოსთვის და და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებსითვის ბახტაძეთა გვარის მემრები კომლზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ და ქართლის სამეფო ლაშქრის მოწინავე შუაგულ და მემარჯვენე სადროშოებში.

საკუთვნო: ადგილს და ადგილს საქართველოში შემორჩა სახელად ბახტაძეთა გვარის სახელი: “ბახტაძის ნაკალოვარი” – მინდორი იმერეთის სოფელ წიფაში (ბაღდათის რაიონი), “ბახტაისოული” – სახნავი იმერეთის სოფელ სიმონეთში (თერჯოკის რაიონი), “ბახტალოური” – ახო იმერეთის სოფელ ძეძილეთში (ხონის რაიონი), “ბახტაძისოული” – მინდორი იმერეთის სოფელ ლაშეში (ხარაგაულის რაიონი), “ბახტაძის წყარო” – წყარო ქართლის სოფელ ტაძრისში (ბორჯომის რაიონი) და სხვა.

გვარისშვილნი: ერის და მამულის სამსახურში გამოჩნდნენ ბახტაძეთა გვარისშვილნი: პროზაიკოსი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე იია ბახტაძე “ხონელი”, პროფესორი გივი ბახტაძე, პროფესორი ვალერიან ბახტაძე, პროფესორი ქსენია ბახტაძე, ისტორიკოსი მიხეილ ბახტაძე, ისტორიკოსი უშანგი ბახტაძე, არქეოლოგი ნოდარ ბახტაძე, არქეოლოგი რუსუდან ბახტაძე, ენათმეცნიერი დალი ბახტაძე, ლიტერატურათმცოდნე ბორის ბახტაძე, თეატრმცოდნე ანდრო ბახტაძე, თეატრმცოდნე ზურაბ ბახტაძე, მტარგმნელი ვახტანგ ბახტაძე, მუსიკათმცოდნე ინგა ბახტაძე, მსახიობი და მომრერალი ოთარ ბახტაძე, მსახიობი დავით ბახტაძე, მსახიობი ვასილ ბახტაძე, მსახიობი თამარ ბახტაძე, ქორეოგრაფი მიხეილ ბახტაძე, ქორეოგრაფი ირაკლი ბახტაძე, ლოტბარი გივი ბახტაძე, პიანისტი ლამარა ბახტაძე, მხატვარი სანდრო ბახტაძე და სხვანი.

ბახტაძეთა გვარს თავისი საგრძნობი წვლილი შეაქვს ქართული კულტურის შექმნის და წარმოჩინების საქმეში. უკვალოდ არ ჩაუვლია ბახტაძეთა გვარის წინაპრების: საეკლესიო გლეების, მეომრების სასულიერო მოღვაწეების, წიგნთა გადამწერების შრომას და ბრძოლას ადამიანთა მოდგმაში ჯიში არსებობს, ნიჭი არ იკარგება. “ყოვლის ბუნება გვართავე მიიზიდების”.

განსახლება: ამჟამდ ბახტაძეთა გვარი ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი და ფართოდ გავრცელებული გვარია საართველოში. ბახტაძეები ცხოვრობენ: იმერეთში, სამეგრელოში გურიაში, ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლში, გარე კახეთში და ჰერეთში. მრავლად იყვნენ აფხაზეთსიც. განსაკუტრებით მრავლად არიან: ხონის, სამტრედიის, ზუგდიდის და კასპის რაიონებში. ბახტაძეები არიან საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაში და გასახლებულ მაჰმადიან მესთა შორისაც.

ოდენობა: საქარტველოში ბახტაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი სამიათას ხუთასს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ბახტაძეთა.

Source
http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/qarthuli-gvarebi/2937-visi-gorisa-khar.html

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button