ისტორიასხვადასხვა

ლევან ზ. ურუშაძე – “როგორ არ უნდა იწერებოდეს ისტორია”

„ანტანტის კაპიტალისტების აგენტების მუშაობა საქართველოში აჯანყების მოსამზადებლად მოისპო დაპატიმრებით, რომელიც მოახდინა საგანგებო კომისიამ. საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების, საქართველოში ბანდიტური მოძრაობის მოწყობისა და მასში მონაწილეობის მიღების და მუშურ-გლეხური სახელმწიფოსთვის ღალატის გამო, ამ.-კავკასიის საგ. კომისიის მიერ დამთავრებულ გამოძიებით, საქართველოს ს.ს. რესპუბლიკის საგ. კომისია ადგენს: მიესაჯოს უმაღლესი სასჯელი…“ – ეს ოდიოზური, ამაზრზენი განცხადება, რომელიც იუწყება „სამხედრო ცენტრის“ წევრების დახვრეტას, გამოქვეყნდა გაზ. „კომუნისტი“-ს 1923 წლის 115-ე ნომერში.

„1922 წლის მაისში საგანგებო კომისია შეეცადა იატაკქვეშა სამხედრო ცენტრის წევრის გიორგი (გოგი) ხიმშიაშვილის დარწმუნებას ქ. ჩოლოყაშვილის მიმართ ხელისუფლების ლოიალობაში და შესთავაზა ეკისრა შუამავლის როლი ჩოლოყაშვილის შემორიგების საქმეში. საგანგებო კომისია ამ კომბინაციით იმდენად იყო დაინტერესებული, რომ გ. ხიმშიაშვილს მანქანაც კი გამოუყვეს ქ. ჩოლოყაშვილთან შესახვედრად. საგანგებო კომისიის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი გ. ხიმშიაშვილი შეეცადა შემოთავაზებული წინადადება თავის სასარგებლოდ გამოეყენებია და ამ გზით მოხვედრილიყო ქაქუცას რაზმში. ის დაუკავშირდა ეროვნულ-დემოკრატ შალვა ამირეჯიბს და სთხოვა თავისი ეს მოსაზრება ქ. ჩოლოყაშვილისთვის გადაეცა. შ. ამირეჯიბი და ქ. ჩოლოყაშვილი გ. ხიმშიაშვილს დათქმულ ადგილას დაელოდნენ, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს უკანასკნელი საგანგებო კომისიის მიერ დაპატიმრებული ყოფილა. 1923 წელს გ. ხიმშიაშვილი დაუხვრეტიათ“-ო, აღნიშნავს გ. სულაძე (გვ. 67).

ეს ამონარიდიც სავსეა შეუსაბამობებით.

ჯერ ერთი, საგანგებო კომისიისთვის 1923 წლის გაზაფხულამდე უცნობი იყო „სამხედრო ცენტრის“ შემადგენლობა. მეორე, – გ. ხიმშიაშვილს, – ქაქუცა ჩოლოყაშვილის ძველ და უახლოეს მეგობარს, 1918-1921 წლებში ქართული ეროვნული არმიის პოლკოვნიკს, „დამკომის“ „სამხედრო ცენტრის“ წევრს, ნამდვილად არაფრად ჭირდებოდა ქაქუცას რაზმში მოსახვედრად ჩეკისტების წინადადების გამოყენება… იგი დაუკავშირდა შ. ამირეჯიბს, ვინაიდან ეს უკანასკნელი მუდმივ კავშირში იყო ქაქუცასთან და დაუკავშირდა სრულებით სხვა მიზნით.

ზემოთ მოხმობილ ამონარიდში დაფიქსირებულია ორი ურთიერთგამომრიცხავი რამ: საგანგებო კომისიას სურდა გ. ხიმშიაშვილის შუამავლად გამოყენება ქაქუცასთან დასაკავშირებლად, მაგრამ, სანამ ხიმშიაშვილი ამას აღასრულებდა (რაც აბსურდია!), იგივე საგანგებო კომისიამ იგი დააპატიმრა და დახვრიტა…

„საგანგებო კომისიას ფარული აგენტები ჰყავდა საზოგადოების სხვადასხვა ფენებში, ინტელიგენციაში, ორგანიზაცია-დაწესებულებებში, თვით ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმშიც კი“,- აღნიშნავს გ. სულაძე (გვ. 75). ყოველგვარი წყაროს მითითების და მყარი არგუმენტების გარეშე მსგავსი მტკიცება, მით უმეტეს, თუ იგი ქაქუცა ჩოლოყაშვილს და მის შეფიცულებს შეეხება, ყოვლად დაუშვებელია. ქაქუცას შეფიცულთა რაზმი არასდროს იყო მრავალრიცხოვანი და ამის უმთავრესი მიზეზი გახლდათ რაზმის მეთაურის უაღრესად ფრთხილი, გამოწვილვითი დამოკიდებულება რაზმში ყოველი ახალი წევრის მიღების დროს.

როგორც ცნობილია, 1925 წლის 22 მარტს კატასტოფა განიცადა „იუნკერს-13“-ის ტიპის თვითმფრინავმა, რომლის დროსაც დაიღუპნენ მისი ქართველთმოძულე მგზავრები: ამიერკავკასიის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე მიასნიკოვი (მიასნიკიანი), ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის თავმჯდომარე სოლომონ მოგილევსკი და ამიერკავკასიის ფედერაციის მუშ-გლეხინის სახალხო კომისრის მოადგილე გიორგი ათარბეკოვი.

თვითმფრინავის პილოტი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სამხედრო ავიაციის ყოფილი მფრინავი ამბაკო საღარაძე, ხოლო ბორტინჟინერი, – შპილი.

„იმ პერიოდში საზოგადოებაში მუსირებდა სხვა აზრიც, კერძოდ, თითქოსდა, ბობოლა ბოლშევიკების მიმართ ტერორისტული აქტი განახორციელა ახალგაზრდა პილოტმა საღარაძემ, რომელმაც შური იძია მათზე საქართველოში ჩადენილი ბოროტებისათვის“-ო, აღნიშნავს გ. სულაძე (გვ. 91). ავტორი დიდი ეჭვით უყურებს ამ ვერსიას და მხარს უჭერს რუსი ავტორების ვ. ანტონოვის და ვ. კარპოვის მიერ გამოთქმულ აზრს, რომ აღნიშნული ავიაკატასტროფის ორგანიზატორი იყო ლ. ბერია.

ვფიქრობთ, ვერსია, რომ ავიაკატასტროფა წარმოადგენდა ქართველი მფრინავის მხრიდან შურისძიებას ძალზე რეალისტურია და განსახილველი წიგნის ავტორს არ გააჩნია არავითარი მყარი არგუმენტი მისი უკუგდებისათვის. როგორც ჩანს, მას წარმოდგენა არა აქვს იმ საარაკო გმირობებზე, რომლებსაც 1920-იან წლებში ჩადიოდნენ ღირსეული, სამშობლოს თავისუფლებისთვის მებრძოლი მამულიშვილები. საგულისხმოა, რომ შურისძიების ვერსიის ჭეშმარიტებას ადასტურებს გამოჩენილი ინგლისელი ისტორიკოსი დევიდ მარშალ ლანგი, რომელიც ეფუძნება ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მონაცემებს (იხ.: David Marshall Lang. A Modern History of Soviet Georgia, p. 243).

6. საბჭოთა სპეცსამსახურების მოქმედება ქართული პოლიტიკური ანტიბოლშევიკური (ანტისაბჭოთა) ემიგრაციის წინააღმდეგ 1920-იან-1930-იან წლებში

განსახილველი წიგნის ავტორი საგანგებო ყურადღებას უთმობს ქართული პოლიტიკური ანტიბოლშევიკური ემიგრაციის წინააღმდეგ საბჭოთა სპეცსამსახურების დესტრუქციულ, ბინძურ საქმიანობას 1920-იან – 1930-იან წლებში. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც ძალუმად იჩენს თავს საკითხისადმი ავტორის უაღრესად ტენდენციური დამოკიდებულება და არაპროფესიონალიზმი.

ნიშანდობლივია ის, რომ გ. სულაძე ყოველგვარი კრიტიკული ანალიზის გარეშე გვთავაზობს საბჭოთა სპეცსამსახურების გაქნილი და ბინძური აგენტის ს. პირუმოვის მოხსენებებს ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციაში არსებული ვითარების შესახებ. იგი, საგანგებოდ, პოლიტიკურ ემიგრაციაზე და მის ცნობილ მოღვაწეებზე იყო დაგეშილი. პირუმოვის მთავარი მიზანი ემიგრაციის ეროვნული ფრთის და ღირსეულ მამულიშვილთა „ლაფში ამოსვრა“ წარმოადგენდა. ისიც დიდი გულმოდგინებით ასრულებდა ამ მისიას. ამ ბოლშევიკი მოხელის მიერ შეთითხნილი არც ერთი დოკუმენტი არ იმსახურებს მისხალ ნდობასაც კი და მთლიანად ბოლშევიკური პროპაგანდის, იდეოლოგიის დამღითაა დაღდასმული.

ერთ-ერთ ასეთ „დოკუმენტში“, რომელიც დაცულია საქართველოს შსს საარქივო სამმართველოში და რომელიც მოტანილია განსახილველ წიგნში, მითითებულია, რომ 1927 წელს, საფრანგეთში ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციის წარმომადგენლობის ბიჯეტიდან „ჩოლოყაევის (ქაქუცა ჩოლოყაშვილის) ორგანიზაციის მხარდაჭერისათვის“ გათვალისწინებული იყო 180 დოლარი (გვ. 98).

ყოველივე „თეთრი ძაფით“ არის შეკერილი. ერთია, რომ საბჭოთა უშიშროების რეზიდენტურას გათვალისწინებული ჰქონდა და მეორე ის, თუ როგორ მოახერხა ამ ბინძური განზრახვის ხორცშესხმა…

ასევე კრიტიკული მიდგომისა და ყოველგვარი კომენტარის გარეშე მოაქვს ავტორს ერთ-ერთი ყველაზე პირსისხლიანი ბოლშევიკი მოღვაწის, 1924 წლის საზარელი რეპრესიების ერთ-ერთი მთავარი ავტორის, – ლევან ღოღობერიძის ჩვენება, რომ მას კონფიდენციური შეხვედრები ჰქონდა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მემარჯვენე ფრთის ერთ-ერთ ლიდერთან, პროფესორ ზურაბ ავალიშვილთან და ემიგრაციის გამოჩენილ მოღვაწეებთან, – სოლომონ წერეთელთან და ვიქტორ ნოზაძესთან, რომ იგი ცდილობდა საერთო ენა გამოენახა გენერალ გიორგი მაზნიაშვილთან, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლებთან, სოლომონ ზალდასტანიშვილთან და სხვა ქართველ პოლიტემიგრანტებთან, იმისათვის, რომ მათ გადაედგათ ის უღირსი და სამარცხვინო ნაბიჯი, რომელიც გადადგა გრიგოლ ვეშაპელმა, რომელმაც, ემიგრაციაში მყოფმა, დაიწყო აქტიური, გახსნილი თანამშრომლობა ბოლშევიკურ რეჟიმთან და სპეცსამსახურებთან. მოკლედ, ღოღობერიძე ლაპარაკობს ქართველ პოლიტემიგრანტთა „დამუშავებაზე“ (გვ. 103).

გ. სულაძე მიმოიხილავს გაზ. „ახალი საქართველო“-ს ჯგუფის (გრ. ვეშაპელის ჯგუფი), განსაკუთრებით ნიკოლოზ (ნიკოლო) მიწიშვილის, პროსაბჭოთა, უაღრესად დესტრუქციულ, ანტიეროვნულ საქმიანობას. ნ. მიწიშვილი გახლდათ ემიგრაციაში საბჭოთა პროპაგანდის რუპორი. იგი ქართველ პოლიტემიგრანტებს მოუწოდებდა „ბედნიერ საბჭოთა საქართველოში“ დაბრუნებისკენ, იმეტებდა რა მათ გარდაუვალი გადასახლების ან დახვრეტისთვის. ამის შემდეგ განსახილველი წიგნის ავტორი ცდილობს მიწიშვილის გათეთრებას, აღნიშნავს რა, რომ „ნ. მიწიშვილმა შემდგომში, ეროვნული მწერლობის მიზნით (? – ლ.უ.), არაერთხელ გაილაშქრა პროლეტარული მწერლობის წინააღმდეგ. სწორედ მისი მოქალაქეობრივ-ფილოსოფიური მრწამსი იმ ავბედითი პერიოდის ქართულ საბჭოთა მწერლობასა და მწერლებზე, რაშიც ზოგიერთი ხელმძღვანელი პარტიული მუშაკი ანტიკომუნისტურ აზროვნებას ხედავდა, გახდა საფუძველი მისი დაპატიმრებისა 1937 წლის 1 ივნისს“ (გვ. 107).

საინტერესოა, იცნობს თუ არა ბ-ნი გ. სულაძე „საქართველოს სსრ საბჭოთა მწერლების კავშირის“ პერიოდული გამოცემების 1934-1936 წლების ნომრებში გამოქვეყნებულ ნ. მიწიშვილის პასკვილებს, რომლებშიც სწორედ ბოლშევიკურ-საბჭოური ბინძური კონიუნქტურის შესაბამისად, „მიწასთან არიან გასწორებულნი“ ღირსეული მწერლები და მამულიშვილები? ცნობილია განსახილველი წიგნის ავტორისთვის მწერალთა კავშირის ხსენებული წლების იმ სხდომების ოქმები, რომლებზეც ნ. მიწიშვილმა „ხალხის მტრებად“ მოიხსენია თანამოკალმეები? ეს ოქმები დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალური სახელმწიფო არქივის ლიტერატურის და ხელოვნების განყოფილებაში.

ნ. მიწიშვილის ბიოგრაფიის „მარგალიტებია“ მოხმობილი ვახტანგ ხარჩილავას თხზულებაში „სისხლიანი ქრონიკები“ (ვახტანგ ხარჩილავა. სისხლიანი ქრონიკები, ანტონ ანტონოვ-ოვსეენკო. ლავრენტი ბერია, გამომცემლობა „მერანი“, თბილისი, 1991, გვ. 7-82):

„1934 წელს გაზეთ „სიტყვა და საქმეში“ იბეჭდება ნ. მიწიშვილის წერილი „ოცდაათიანი წლების მწერლობა“: „… ჩვენ დიდ მწერლობაში გადასასვლელ საზღვარზე უნდა დავტოვოთ ბევრი ისეთი რამ, რაც ამ წლებში უდაოა ხელიხელ საგოგმანებელ მიღწევად მიგვაჩნდა, რაც აღიარებული გვქონდა სანიმუშოდ. აქ საფუძვლიანად უნდა მოხდეს მწერლობის გადაჯგუფება, გადაჯგუფება, რაც შეიძლება სწრაფი, რის შედეგად თუ სავსებით მწერლობის რიგებიდან არა, მწერლობის ბრიგადაში მაინც უნდა იქნას გადაყვანილი ბევრი ისეთი მწერალი, რომელიც ტრადიციის, ინერციის, მაღალი ბანის თუ სხვა მიზეზების გამო, გავლენას ახდენდა მწერლობის საქმეებზე და ამინდს ქმნიდა ლიტერატურაში.

ეს იგივეა, რაც ბალასტის გადაყრა ჰაეროსტატიდან, რათა დაიპყროს მან ახალი სიმაღლე.

თუ ეს მსხვერპლი არ იქნა მიტანილი, მწერლობა შესძულდება მკითხველს.

… ეგრეთწოდებული არაპროლეტარული და თანამგზავრული მწერლობა ამ წლებში ხვნეშით მიდიოდა სოციალიზმისაკენ, წინ მიდიოდა, მაგრამ უფრო ხშირად უკან იხედებოდა, აქ მას ბევრი თანამგრძნობი, ბევრი მკითხველი ჰყავდა…

დღეს აღარაა საკამათო, რომ ეს თანამგრძნობელი, ეს მკითხველი, ეს შემფასებელი მოკვდა. უდაოა, რომ მწერლისთვის ის არ წარმოადგენს რაიმე დასაყრდენ ბაზას და ის მწერალი, რომელიც ამ კატეგორიის ხალხისთვის მღერას დააპირებს – სიკვდილის გზაზე შესდგება…“ (იხ.: ვახტანგ ხარჩილავა, დასახ. ნაშრომი, გვ. 7-8).

ასე უპირისპირდებოდა ნ. მიწიშვილი ავადსახსენებელ „პროლეტარულ მწერლობას“?..

იმავე გაზეთში, იმავე 1934 წელს, გამოქვეყნდა მისი წერილი სათაურით „კაცია ადამიანი?!“ (ეს სათაურიც უტიფრობის და ცინიზმის ნიმუშია!). მასში ვკითხულობთ:

„კმარა! გამსახურდიების იდეოლოგიური გამოლაშქრება, შოვინისტური სისინი უნდა აღიკვეთოს!

ძველი ბაგაჟით, დახავსებულ, აქოთებულ „იდეოლოგიით“ ცდილობს ზოგიერთი შესდგას ფეხი საბჭოთა მწერლობაში.

ნურას უკაცრავად! ეს ნომერი არ გავა!

Memento mori!” (იხ.: ვახტანგ ხარჩილავა, დასახ. ნაშრომი, გვ. 9).

ჩვენი ყურადღება მიიპყრო რევაზ კვერენჩხილაძის წიგნმა „საქართველოს მწერალთა კავშირი (1917-1982)“ (გამომცემლობა „მერანი“, თბილისი, 1983), რომელშიც წავაწყდით არაერთ საინტერესო დეტალს, რომლებიც წარმოაჩენს ნიკოლო მიწიშვილის საქმიანობას პარიზიდან დაბრუნების შემდეგ.

1926 წლის 21-24 თებერვალს თბილისში, მწერალთა სასახლეში, ჩატარდა „სრულიად საქართველოს მწერალთა პირველი ყრილობა“ , რომელსაც წარმართავდა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ბოლშევიკი ოკუპანტი და ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საქართველოს სსრ ცაკ-ის („ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი“) თავმჯდომარე ფილიპე მახარაძე… ყრილობაზე მოხსენებით („სახელმწიფო გამომცემლობის შეახებ“) გამოვიდა ნ. მიწიშვილი. აი, მცირე ამონარიდი მისი მოხსენებიდან: „ვერც სახელმწიფოებრივის გზით, ვერც საზოგადოებრივ-ორგანიზაციული ინიციატივით საკითხი ქართული წიგნის და ქართული მწერლობის უზრუნველყოფის საქმეში გადაწყვეტილი ვერ იქნა. საქართველოში საბჭოთა წესწყობილების შემდეგ მწერლობის საკითხი დადგა უფრო აქტიურად, აქტიურად დადგა საკითხიც გამომცემლობის“ (იხ.: რევაზ კვერენჩხილაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 103, 106).

1926-1928 წლებში ნ. მიწიშვილი გახლდათ ჟურნალის „ქრთული მწერლობა“ რედაქტორი (1928 წლს იგი შეცვალა პროლეტმწერალმა სიმონ ხუნდაძემ) (იხ.: რევაზ კვერენჩხილაძე, გვ. 109).

1930-1937 წლებში იგი იყო „სალიტერატურო გაზეთი“-ს სარედაქციო კოლეგიის წევრი. ამ გაზეთის მთ. რედაქტორი იყო პროლეტმწერალი ბენიტო ბუაჩიძე, კოლეგიაში კი შედიოდნენ პროლეტარული მწერლობის ყველაზე მყრალი და ოდიოზური წარმომადგენლები: შალვა რადიანი, ვალერიან ლუარსამიძე და სხვანი (იხ.: ჟურნ. „პროლეტარული მწერლობა“, თბილისი, N 12, 1930, გვ. 144). ეს გაზეთი საბჭოთა იდეოლოგიის რუპორს წრმოადგენდა.

1932 წლის მაისში შეიქმნა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის საორგანიზაციო ბიურო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის კულტპროპაგანდის განყოფილების გამგის, დიდად ცოდვილი ბოლშევიკის კარლო ორაგველიძის თავმჯდომარეობით. ბიუროში, საბჭოთა სისტემის მადიდებელ სხვა მწერლებთან ერთად შედიოდა ნ. მიწიშვილიც. ერთ რამედ ღირს ამ ბიუროს კომისიების სახელწოდებები. ამ 4 კომისიიდან ორი გახლდათ: „ოპერატიული მუშაობის“ და „პარტიული, სალიტერატურო-მხატვრულ ორგანიზაციათა გარდაქმნისათვის საჭირო ღონისძიებათა შემმუშავებელი“… (იხ.: რევაზ კვერენჩხილაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 136). „საქართველოს სსრ საბჭოთა მწერლების კავშირი“-ს დამფუძნებელი ყრილობის წინ ბიურომ შექმნა საგანგებო კომისია ნიკოლო მიწიშვილის ხელმძღვანელობით. ამ კომისიას დაევალა „ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხების მოგვარება, საორგანიზაციო ბიუროს გამგებლობაში არსებული ყოფილი პროლეტარულ მწერალთა ასოციაციისა და საბჭოთა მწერლების ფედერაციის მთელი ქონების, ფინანსების, ჟურნალების, გამომცემლობისა და გაზეთის გადაბარება ქართველ მწერალთა ახალი ორგანიზაციისათვის“ (იხ.: რევაზ კვერენჩხილაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 137).

1932 წლის 1 ივლისს, საქართველოს სსრ საბჭოთა მწერლების კავშირის საბჭოს პირველ პლენუმზე, კავშირის თავმჯდომარედ აირჩიეს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქრთველოს ოკუპაცია-ანექსიის აქტიური მონაწილე მალაქია ტოროშელიძე, ხოლო მოადგილეებად – პროლეტარული მწერლობის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური წრმომადგენელი სანდრო ეული და ნიკოლო მიწიშვილი (იხ.: რევაზ კვერენჩხილაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 142). 1933-1934 წლებში მიწიშვილი იყო კავშირის ერთ-ერთი მდივანი (იქვე, გვ. 150), ხოლო 1934-1936 წლებში კავშირის პ/მგ. მდივნის, პროლეტმწერლის დავით დემეტრაძის მოადგილე და ლიტფონდისა და საგამომცემლო მუშაობის სექციის ხელმძღვანელი (იქვე, გვ. 152-153). და ეს მაშინ, როდესაც სწორედ იმ ხანებში კავშირიდან გაძევებულნი იყვნენ „ნაციონალისტი მწერლები“ კონსტანტინე გამსახურდია, პავლე ინგოროყვა და სხვანი (იქვე, გვ. 153).

1934 წლის აგვისტო-სექტემბერში ნ. მიწიშვილი ბრძანდებოდა ბოროტების იმპერიის დედაქალაქში, როგორც „საბჭოთა მწერლების პირველი საკავშირო ყრილობის“ დელეგატი და მომხსენებელი (იქვე, გვ. 154-155).

ამ ყრილობის წინ, 1934 წლის 10 აგვისტოს, იმპერიულ პრესაში გამოქვეყნდა საბჭოთა კავშირის სახკომსაბჭოს („სახალხო კომისართა საბჭო“) დადგენილება საკავშირო ლიტფონდის შექმნის შესახებ. ამ დადგენილების შესაბამისად, იმავე წლის ოქტომბერში დაფუძნდა საქლიტფონდი – საკავშირო ლიტფონდის საქრთველოს განყოფილება. შექმნისთანავე, საქლიტფონდის გამგეობის თავმჯდომარის (პროლეტმწერალ სანდრო ეულის) მოადგილედ და ლიტფონდის დირექტორად დაინიშნა ნ. მიწიშვილი (იქვე, გვ. 157, 396). ამ მოვალეობას ასრულებდა იგი 1935 წლამდე.

1935-1937 წლებში იგი გახლდათ „საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის“ მდივანი და „სახელგამი“-ს მხატვრული ლიტერატურის განყოფილების გამგე (იხ.: ვახტანგ ხარჩილავა. სისხლიანი ქრონიკები, გვ. 65-66).

1935 წელს ნ. მიწიშვილი იყო „ვეფხისტყაოსნის“ საიუბილეო კომისიის წევრი (იხ.: რევაზ კვერენჩხილაძე, დასახ. ნაშრ., გვ. 160).

1937 წლის 5-11 მაისს ჩატარდა წარმომადგენლობითი თათბირი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცნობილი პარტიული ფუნქციონერი აკაკი თათარიშვილი. თათბირის აქტიური მონაწილე იყო ნ. მიწიშვილიც, რომელიც სიტყვით გამოვიდა (იქვე, გვ. 166).

ამდენად, როგორც ვხედავთ, ნ. მიწიშვილი დიდების ზენიტში იყო დაპატიმრებამდე. რაც შეეხება 1937 წლს მის დაპატიმრებას და დახვრეტას, შევახსენებთ ბ-ნ გელა სულაძეს, რომ 1937-ში დააპატიმრეს და იმქვეყნად გაისტუმრეს არაერთი პირსისხლიანი და მგზნებარე ბოლშევიკი, რომლებსაც დიდი დამსახურება მიუძღოდათ ბოლშევიკური რუსეთისთვის საქართველოს დამონებაში. საკმარისია დავასახელოთ მამია ორახელაშვილი, ლევან ღოღობერიძე, ბუდუ მდივანი, ვლადიმერ ჯიქია, შალვა ელიავა, სამსონ მამულია და სხვანი…

„1925 წლის ივლისში გერმანიაში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ხელი მოაწერეს „გერმანიაში მცხოვრები ახალგაზრდების დეკლარაციას“, რითაც დააფიქსირეს საკუთარი ლოიალური დამოკიდებულება საბჭოთა ხელისუფლებისადმი. დეკლარაციას ხელს აწერდნენ: იპ. ნარსია, მოსე იმნაიშვილი, შ. ჩოჩია, ირაკლი ურუშაძე, ზურაბ ელიავა, ნიკო ქადაგიძე, ალექსანდრე ნიკურაძე, მიხეილ მგელაძე, სიმონ (სერგო) ნინუა, კონსტანტინე ნიკოლაიშვილი“-ო, აღნიშნავს განსახილველი წიგნის ავტორი და იმოწმებს ისეთ „შეუვალ“ წყაროს, როგორიც არის გაზეთ „კომუნისტი“-ს 1925 წლის 17 ივლისის ნომერში გამოქვეყნებული ინფორმაცია (გვ. 109). ბოლშევიკურ-კომუნისტური პროპაგანდის ამ უგვანო ნიმუშის სიყალბეზე ზედმიწვნით მიუთითებს თუნდაც ის ფაქტი, რომ პუბლიკაციაში დასახელებულია ალექსანდრე ნიკურაძე, – შემდგომში ქართული პოლიტიკური ანტიბოლშევიკური ემიგრაციის ეროვნული ფრთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოღვაწე, გამოჩენილი ფიზიკოსი და პოლიტოლოგი, გეოპოლიტიკის და სოვეტოლოგიის გერმანული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი, წლების მანძილზე მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი და მიუნხენის აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორი. ის გახლდათ მოღვაწე, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა საბჭოთა რეჟიმისადმი, საბჭოთა იდეოლოგიისადმი აბსოლუტური შეურიგებლობით… იგივე შეიძლება ითქვას ასევე ცნობილ ეკონომისტსა და სოვეტოლოგზე, დოქტორ შალვა ჩოჩიაზე. ორივე ამ მოღვაწეს და მათ ნააზრევს გააფთრებით ებრძოდა ე.წ. „საბჭოთა ისტორიოგრაფია“… იმის ნათელი დასტური, თუ როგორ „უყვარდათ“ საბჭოთა იდეოლოგიის მადიდებელ „ისტორიკოსებს“ ეს ორი სწავლული და რაოდენ აბსურდს წარმოადგენს განსახილველი წიგნის ავტორის ზემოთ მოხმობილი მტკიცება, გახლავთ არჩილ ათანელიშვილის 1983 წელს რუსულ ენაზე გამოცემული (გამომცემლობა „მეცნიერება“) 310-გვერდიანი მონოგრაფია-პასკვილი «Против буржуазной фальсификации истории Советской Грузии».

ლაიპციგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა შალვა ჩოჩიამ ამავე უნივერსიტეტში 1927 წელს დაიცვა დისერტაცია აგრარული ეკონომიკის დარგში ფილოსოფიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. ეს ნაშრომი „აგრარული რეფორმა და სოფლის მეურნეობა საქართველოში“, რომელმაც წამყვან მეცნიერთა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, ხსენებულმა უნივერსიტეტმა იმავე წელს ცალკე წიგნად გამოსცა (იხ.: Agraryenfassung und Landwirtschaft in Georgien. Von Schalwa Tschotschia, Leipzig, 1927). ეს შესანიშნავი, ღრმადმეცნიერული ნაშრომი, რომელშიც მოცემულია საქართველოს, როგორც აგრარული ქვეყნის, დახასიათება და საბჭოთა მანკიერი აგრარული პოლიტიკის ზედმიწევნით არგუმენტებული კრიტიკა, ათწლეულების მანძილზე სიმწრის ოფლს ასხამდა საბჭოთა ისტორიოგრაფიისა და აგრარული მეცნიერების რამდენიმე თაობის წარმომადგენლებს… საბჭოთა „წითელ პროფესურას“, ასევე, ბოღმითა და ბალღამით ავსებდა პროფესორ ალექსანდრე ნიკურაძის ისტორიის, გეოპოლიტიკისა და სოვეტოლოგიის დარგში, A. Sanders-ის ფსევდონიმით გამოქვეყნებული შრომები. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი კაპიტალური მონოგრაფიები: „კავკასია“ (A. Sanders. Kaukasien: Nordkaukasien, Aserbeidschan, Armenien, Georgien. Geschichtlicher Urmis, Hoheneichen – Verlag, Munchen, 1942) და „აღმოსავლეთ ევროპა“ (A. Sanders. Osteuropa in Kontinentaleuropaischen Schau, II Teil, Hoheneichen – Verlag, Munchen, 1944).

გ. სულაძე საუბრობს საბჭოთა სპეცსამსახურებთან ცნობილი პოლიტემიგრანტის, კოლაბორაციონისტ გრიგოლ ვეშაპელის მკვლელის ავთანდილ მერაბიშვილის თანამშრომლობაზე და იმოწმებს ქართველ პოლიტემიგრანტებზე დაგეშილი ბინძური ჩეკისტის ს. პირუმოვის მოხსენებას (გვ. 112-117). ავტორი ეფუძნება გენერალ შალვა მაღლაკელიძის მონათხრობსაც (გვ. 117). ამ უკანასკნელის მიხედვით „აზრი ემიგრაციაში იყო, რომ მერაბიშვილი ჩავთვალეთ პროვოკატორად, საბჭოების მიერ დაქირავებულ კაცად, ე.ი. მერაბიშვილი ვეშაპელთან შევიდა განგებ. საბჭოთა მთავრობისგან ჰქონდა დავალებული ვეშაპელის მოკვლა. მისი უკან დაბრუნება არ იყო სასურველი იმიტომ, რომ უკიდურესად მემარჯვენე იყო. გამოიყენეს ჟორდანიას წინააღმდეგ, მაგრამ ასეთი კაცის ყოლა მათთვის არ იყო სასურველი. გამოიყენეს და მოკლეს. რომ არც მოეკლათ – აქ დაბრუნებული კაცის საქმე გათავებულია. ცოცხალი თუ დარჩება, მადლობა ღმერთს, თუ არა და თავი უნდა მოიკლა“- აღნიშნავს შ. მაღლაკელიძე თავის მოგონებებში (იხ.: ქართველები გერმანული დროშის ქვეშ, თბილისი, 1994), რომელსაც იმოწმებს გ. სულაძე.

პირდაპირ უნდა ითქვას: გენერლის მოგონებების ეს ამონარიდი არის უაღრესად სუმბურული და ბადებს ბევრ ეჭვს… შ. მაღლაკელიძის მსჯელობა არის მეტად ალოგიკური. გრიგოლ ვეშაპელის „უკიდურეს მემარჯვენედ“ სახელდება მას შემდეგ, რაც მან ჩაიდინა, მას შემდეგ, რაც ის 30 ვერცხლად მიეყიდა ბოლშევიკებს და საბჭოთა სპეცსამსახურებს, სასაცილოა!.. ჩვენი სიტყვების ჭეშმარიტებას ზემიწევნით ადასტურებს ვეშაპელის რედაქტორობით გამომავალი გაზეთის „ახალი საქართველო“ ნომრები.

ვერასგზით ვერ ჩავთვლით სანდო და მიუკეძოებელ წყაროდ ვერც შალვა მაღლაკელიძის ნააზრევს. ბევრ ეჭვს ბადებს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მისი ბიოგრაფია. თავად განსაჯეთ, მესამე რაიხის ვერმახტის ყოფილი გენერალი და ლეგიონის მეთაური, ნაციონალ-სოციალისტური (ნაცისტური) პარტიის ყოფილი წევრი გერმანიიდან მოტაცების (1954 წ.) შემდეგ არათუ ცოცხალი დატოვეს, არამედ გარკვეული ხნით შინაპატიმრობის შემდეგ მისცეს უფლება იურისტკონსულტად საქმიანობისა… შეიძლება, ამას მოეძებნოს გარკვეული ახსნა: გენერალი მაღლაკელიძე მოტაცების მომენტში იყო გერმანიის ფედერალური კანცლერის კონრად ადენაუერის სამხედრო მრჩეველი, საბჭოთა კავშირს კი ხელს არ აძლევდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან ურთიერთობის გამწვავება… თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იგივე საბჭოთა კავშირმა 1920-1930-იან წლებში ფიზიკურად გაანადგურა როგორც გემანიის, ისე ევროპის სხვა ქვეყნების მრავალი მოქალაქე, ეს არგუმენტიც დაკარგავს ყოველგვარ ლოგიკას…

ძალზე საეჭვოდ გამოიყურება ისიც, რომ საბჭოთა რეჟიმმა და უშიშროებამ შ. მაღლაკელიძეს მისცა ვ. რცხილაძესთან შეხვედრის და ამ უკანასკნელისთვის „გულის გადაშლის“ საშუალება, თუ…

გაზეთის „ახალი საქართველო“ ძალისხმევა, საბჭოთა სპეცსამსახურბის დიქტატით, მიმართული იყო, აგრეთვე, საფრანგეთში ე.წ. „ქრთული საბჭოთა კოლონიების“ დაფუძნებისკენ. გ. სულაძის თვალსაწიერში ეს საკითხიც აღმოჩნდა.

„1925 წლის 9 აგვისტოს პარიზში, თეატრ ოდეონის მოედანთან, კაფე „ვოლტერში“, უნდა გამართულიყო პარიზის „ქართული საბჭოთა კოლონიის“ დამფუძნებელი კრება, რომელზეც სიტყვით უნდა გამოსულიყო გრ. ვეშაპელი. შეკრება ჯერ არ იყო დაწყებული, როდესაც კაფეში შეიჭრა თეთრგიორგელთა ჯგუფი, რომელმაც, დაშლის მოტივით იქ მყოფთ ხელჩართული ბრძოლა გაუმართა. დაგვიანებით მისულმა პოლიციამ ინციდენტის ყველა მონაწილე, მათ შორის გრ. ვეშაპელი, დააკავა და პოლიციაში წაიყვანა. ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის შემდეგ ჩხუბის ყველა მონაწილე გაათავისუფლეს“, – აღნიშნულია განსახილველ წიგნში (გვ. 113), რომელშიც ეს ინციდენტი წარმოჩენილია, როგორც ქართული პოლიტიკური ემიგრაციის შიგნით არსებული მწვავე დაპირისპირების ნიმუში. რეალურად, ეს არ გახლდათ ემიგრაციის შიგნით არსებული დაპირისპირების გამოძახილი: ბოლშევიკების სისხლიან საოკუპაციო რეჟიმთან, საბჭოთა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის დაწყების დღიდან გრიგოლ ვეშაპელმა და მისმა ჯგუფმა ქართული პოლიტიკური ანტისაბჭოთა ემიგრაციის გარეშე დააყენეს საკუთარი თავი. ამ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ერთი მხრივ, პოლიტიკური ანტისაბჭოთა ემიგრაცია და მეორე მხრივ, – საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის და სპეცსამსახურების სამსახურში მყოფი ნაძირლები!..

ოდიოზური წარმონაქმნის, – „ქართული საბჭოთა კოლონიის“ დამფუძნებელი კრება, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ საბჭოთა კავშირის საელჩოს წარმომადგენლები, მაინც შედგა 1925 წლის 21 აგვისტოს (გვ. 114)…

„როგორც ცნობილმა ქართველმა ჩეკისტმა („საამაყო“ ტიტულია – ლ.უ.) ბატონმა გივი ჯორბენაძემ ამ რამდენიმე წლის წინ გამანდო, საბჭოთა საგარეო დაზვერვას ჰქონდა ა. მერაბიშვილთან ოპერატიული კავშირის აღდგენის მცდელობა, რაც წარმატებით დასრულებულა“-ო, მოგვითხრობს გ. სულაძე (გვ. 118-119). ისევ და ისევ ზეპირსიტყვიერება!.. ყოველგვარი მყარი არგუმენტაციის გარეშე… თუ ავტორი დაასახელებს წყაროდ ჩეკისტურ დოკუმენტებს, ისევ და ისევ ვეტყვით, რომ ამგვარ დოკუმენტებს ვერ ჩავთვლით სანდო წყაროდ: ასეთ დოკუმენტებში მიზანმიმართულად ხდებოდა რეალობის გაყალბება, რაც ხშირად შეუძლებელს ხდიდა ტყუილ-მართლის გარჩევას.

ხელთ მაქვს ჩეკისტური სიცრუის, ისტორიული სიმართლის ურცხვი გაყალბების, ცილისწამებისა და ცინიზმის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი ნიმუში, – 1982 წელს გამომცემლობა „მერანი“-ს მიერ რუსულ ენაზე გამოცემული 346-გვერდიანი კრებული „Без линии фронта (невыдуманные рассказы о героической борьбе чекистов Грузии с врагами Советского государства)“. წიგნის რედაქტორია გ. სულაძის მიერ არაერთგზის ქებული ნოდარ მაისურაძე, – КГБ-ს გენერალ-მაიორი, წლების მანძილზე „საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი“-ს თავმჯდომარის (ალექსი ინაურის) მოადგილე.

„Прошли годы. Большие качественные изменения в жизни нашего социалистического отечества не могли не отразиться и на органах государственной безопасности. Но и сегодня советский народ называет сотрудников теперь уже КГБ чекистами, выражая этим свою глубокую признательность нашему героическому прошлому… В.И. Ленин писал: «Всякая революция лишь тогда чего-нибудь стоит, если она умеет защищаться». Это програмное указание Ильича означало: закрепить завоевания пролетарской революции, защитить ее от атак внешней и внутренней контрреволюции, активно поддерживаемой ведущими империалистическими державами“. – ეს „ძვირფასი“, „ხელი-ხელ საგოგმანები“ სიტყვები ეკუთვნის სწორედ ნ. მაისურაძეს… ალბათ, მკითხველთათვის არ იქნება ძნელად წარმოსადგენი, თუ რას წარმოადგენს ეს კრებული…

დღეს ხშირად გაიგონებთ მავანის მისამართით თქმულს: „ეს კაცი ყოფილი ჩეკისტია (ან, – ყოფილი „კაგებეშნიკია“).“ არა, ბატონებო! „ყოფილი კაგებეშნიკი“ არ არსებობს ბუნებაში ისევე, როგორც არ არსებობს „ყოფილი პოინტერი“, ან „ყოფილი მწევარი“… სიმართლე, გულახდილობა, მიუკერძოებლობა ისევე მიუღებელი და უცხო იყო ჩეკისტებისთვის, როგორც, მომიტევეთ, ვირისთვის პიტნა!.. იგივე გივი ჯორბენაძე, რომელსაც ა. მერაბიშვილთან დაკავშირებით მოიხსენიებს გ. სულაძე, გახლდათ ალექსი ინაურის მოადგილე, КГБ-ს გენერალ-მაიორი…

როგორც განსახილველი წიგნის ავტორი მიუთითებს, გრიგოლ ვეშაპელის მკვლელობა და ემიგრანტ ქართველთა შორის არსებული კონფრონტაცია გამხდარა 1926 წელს ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის, – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის, ქართველ სოციალ-დემოკრატთა (მენშევიკთა) ერთ-ერთი ლიდერის, 1921 წლის მარტიდან პოლიტემიგრანტის, საზარელი თვითმკვლელობის ერთ-ერთი მიზეზი (გვ. 119). ეს არის სრული აბსურდი. ამ სტრიქონების ავტორის ბაბუის, – 1921-1937 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწის, 1937 წელს დახვრეტილი ევგენ (გენო) ღვალაძის მამობილი, კალენიკე ჩხეიძე გახლდათ კარლო ჩხეიძის უფროსი ძმა. ამ უკანასკნელის ასულთან, აწგანსვენებულ ცნობილ ლიტერატორთან ნატო ჩხეიძესთან ხანგრძლივი საუბრების დროს ხშირად შევხებივართ კარლო ჩხეიძის ტრაგიკულ აღსასრულს. ქ-ნი ნატო ხაზგასმით მიუთითებდა, რომ ემიგრაციაში გატარებული 5 წლის მანძილზე მამამისს ძალზე სერიოზული უთანხმოება ჰქონდა ნ. ჟორდანიასთან, ნ. რამიშვილთან და სხვა გავლენიან თანაპარტიელებთან: კარლო ჩხეიძე მიიჩნევდა, რომ მენშევიკებმა დაღუპეს საქართველოს დამოუკიდებლობა. სწორედ ამით გამოწვეული უდიდესი განცდა გახდა მისი თვითმკვლელობის ერთადერთი მიზეზი!..

კაფე „ვოლტერში“ მომხდარი ინციდენტის შემდეგ, 1926 წლის 28 თებერვალს, ქ. ოდენკურში (სადაც მდებარეობდა საავტომობილო ფირმა „პეჟო“-ს სათავო ქარხანა), მოხდა შეტაკება რუსეთუმე სოციალ-დემოკრატებსა და ქართული პოლიტიკური ანტიბოლშევიკური ემიგრაციის მემარჯვენე ფრთის წარმომადგენლებს, – თეთრგიორგელებს, შორის. ამ დაპირისპირების დროს დაიღუპა 1 და დაიჭრა 17 კაცი (გვ. 115).

სავსებით ცხადია, რომ ეს ინციდენტი განაპირობა: 1) სოციალ-დემოკრატთა (მენშევიკთა) ანტიეროვნულმა, რუსეთუმე პოლიტიკამ; 2) მენშევიკების დესტრუქციულმა დამოკიდებულებამ ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ეროვნული ფრთისადმი და 3) საბჭოთა სპეცსამსახურების პროვოკაციულმა და ძირგამომთხრელმა საქმიანობამ. საერთოდ, ჯერ საგანგებო კომისია, შემდგომში, – მთავარი პოლიტიკური სამმართველო და საბჭოთა სახელმწიფო უშიშროება, ყოველთვის იყენებდნენ მენშევიკთა ანტიეროვნულ და რუსეთუმე ცნობიერებას ამა თუ იმ პროვოკაციული ქმედებისათვის. ამ ჩეკისტური პროვოკაციების მიზნები გახლდათ: ა) მენშევიკებსა და დანარჩენ ემიგრანტულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის დაპირისპირების გაღვივება; ბ) ქართველ პოლიტემიგრანტთა სამშობლოში ჩამოტყუება და შემდეგ მათი განადგურება.

პოლიტიკური ემიგრაციის ეროვნული ფრთის ორგანიზაციებს და მენშევიკებს შორის დაპირისპირება უკიდურესად გაამწვავა გაზ. „კომუნისტი“-ს 1927 წლის 19 და 26 ივნისის ნომრებში გამოქვეყნებულმა ნ. რამიშვილის წერილებმა, რომლებშიც ეს უკანასკნელი ეწეოდა გამოჩენილი ეროვნული მოღვაწეების სპირიდონ კედიას, ალექსანდრე ასათიანის, ლეო კერესელიძის, გიორგი კვინიტაძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, მიხეილ (მიხაკო) წერეთლის, ალექსანდრე ჩხეიძის და სხვათა სახელდებას ფაშისტებად. გარდა ამისა, რამიშვილი ბოლშევიკთა ფარულ აგენტებად აცხადებდა ალ. ასათიანს და ლ. კერესელიძეს (განსახილველი წიგნი, გვ. 139). აქედან გამომდინარე, სავსებით ლოგიკური იყო ის, რომ ეროვნულ-დემოკრატები და თეთრგიორგელები მხარს უჭერდნენ ნ. რამიშვილის ლიკვიდაციას.

სრულიად აბსურდულია გ. სულაძის მსჯელობა საბჭოთა სპეცსამსახურებთან დიდი მეცნიერ-ისტორიკოსის, იურისტისა და დიპლომატის, 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, 1921 წლის მარტიდან ქართული პოლიტიკური ანტიბოლშევიკური ემიგრაციის მემარჯვენე ფრთის ერთ-ერთი ლიდერის, პროფესორ ზურაბ ავალიშვილის (1876-1944) შესაძლო ურთიერთობის შესახებ. ამ მოღვაწით საბჭოთა დაზვერვის დაინტერესების მიზეზი, ავტორის აზრით, „შესაძლოა ყოფილიყო მისი რუსულ ენაზე პარიზში 1924 წელს გამოცემული წიგნი „საქართველოს დამოუკიდებლობა“, რომელშიც საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მთავრობის ობიექტური და მეცნიერულად დამუშავებული კრიტიკა იყო დაფიქსირებული“ (გვ. 121). ყოვლად უსაფუძვლო და ალოგიკური მსჯელობაა! ზურაბ ავალიშვილის უარყოფითი და კრიტიკული დამოკიდებულება მენშევიკების და მათი საქმიანობის მიმართ არახალი გახლდათ. მისი ამგვარი დამოკიდებულება განსაკუთრებით გამძაფრდა ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ მენშევიკების ამაზრზენი ბრძოლის და უდიდესი მამულიშვილის მუხანათური მკვლელობის გამო. გარდა ამისა, ზურაბ ავალიშვილი ცნობილი იყო ბოლშევიკური რეჟიმისადმი თავისი აბსოლუტურად შეურიგებელი დამოკიდებულებით. სწორედ ამ ნიშნით, იგი აქტიურად თანამშრომლობდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან და ეროვნული ერთობის დარაზმულობასთან „თეთრი გიორგი“, თუმცა, ოფიციალურად არ იყო არცერთი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი. ამავე ნიშნით, მეორე მსოფლიო ომის წლებში, ტრაგიკულ აღსასრულამდე, ქართველი პროფესორი იყო ნამდვილი წევრი მესამე რაიხის ე.წ. „ვანზეეს“ ინსტიტუტის და აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი ინსტიტუტისა. გ. სულაძის მსჯელობაში სიმართლე გახლავთ მხოლოდ ის, რომ თავის ცნობილ წიგნში „საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში“ (რუსული გამოცემა, – პარიზი, 1924; ქართული გამოცემა,- თბილისი, 1990) ზ. ავალიშვილს მოცემული აქვს ქართველი მენშევიკების ძალზე ობიექტური შეფასება. კერძოდ, ვნახოთ, თუ რას წერს იგი:

„1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატია, რომელიც ს.-დ.-ის (სოციალ-დემოკრატიის – ლ.უ.) დიქტატურის, ე.ი. მემარჯვენე ფრთის მარქსიზმის, ფორმა იყო, წარმოადგენდა საქართველოში საბჭოთა დიქტატურის გამარჯვების მოსამზადებელ პერიოდს. სოციალური პოლიტიკის მთელი შინაარსითა და თავისი სულისკვეთებით, ეს დემოკრატია, თუმც მის წიაღში აშკარად იღვიძებს ხალხის შეგნება, სინამდვილეში მოსკოვისკენ იყო მიმართული და არა ევროპისკენ“ (იხ.: ზურაბ ავალიშვილი. საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-21 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1990, გვ. 11). ამ ამონარიდშიც კარგად ჩანს, თუ როგორი იყო ზ. ავალიშვილის დამოკიდებულება ბოლშევიკებისა და ბოლშევიზმისადმი…

იქვე, თავისი აბსურდული ვარაუდის სისწორის დასამტკიცებლად, გ. სულაძე იშველიებს შ. მაღლაკელიძის მოგონებების ერთ ადგილს, რომელშიც ნათქვამია, რომ საბჭოთა რეჟიმი დაინტერესდა ზემოხსენებული ნაშრომით და მის ავტორს შესთავაზეს წიგნის ქართულად თარგმნა. ზურაბ ავალიშვილის პასუხი კი ასეთი იყო: იგი ვერ აიღებდა (ჰონორარის სახით – ლ.უ.) საბჭოთა ფულს (გვ. 121). ამაში ვერ ვხედავთ მისხალსაც კი საბჭოთა რეჟიმთან თანამშრომლობისა: რა თქმა უნდა, იგი არ იტყოდა უარს იმაზე, რომ ქართველი საზოგადოება გაცნობოდა მის ნაშრომს, ოკუპანტების ჰონორარზე კი უარი განაცხადა…

ამდენად, უნდა გავაწბილოთ ბ-ნი გ. სულაძე: მეტად უსუსურია მის მიერ გამოთქმული ვარაუდიც და მისი სისწორის დასადასტურებლად მოხმობილი „არგუმენტიც“…

„1924 წლის 17 დეკემბერს საბჭოთა საქართველოს საგანგებო კომისიის ხელმძღვანელობის (კვანტალიანი, ბერია, ლორთქიფანიძე, გულბისი) ხელმოწერით საქართველოს კომპარტიის (ბ) ცენტრალურ კომიტეტში გაიგზავნა სრულიად საიდუმლო შეტყობინება (N 5150 c/c), რომლის თანახმადაც სტამბოლში მცხოვრებ გენერალ ილია ოდიშელიძეს აღძრული ჰქონდა საბჭოთა საქართველოში დაბრუნების შუამდგომლობა. ამავე შეტყობინების თანახმად, ოდიშელიძეს კავშირი ჰქონდა გაწყვეტილი ქართველ ემიგრანტებთან, ხოლო მისი შვილი, სტამბოლის ქართველ ემიგრანტთა კოლონიიდან, რომელიც ძირითადად ქართველი ოფიცრებისა და იუნკრებისაგან შედგებოდა, გარიცხული ყოფილა რუსოფილობის გამო. საქართველოს სპეცსამსახური თანახმა იყო გენერალ ილია ოდიშელიძის საქართველოში დაბრუნებისა, მხოლოდ იმ პირობით, თუკი ის იდეოლოგიურად გადავიდოდა ბოლშევიკების მხარეს და გაწყვეტდა კავშირს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან, რომლის წევრიც ის იყო“,- აღნიშნულია განსახილველ წიგნში (გვ. 132). ამ შემთხვევაში გ. სულაძე ეყრდნობა საქართველოს შსს საარქივო სამმართველოს ყოფ. „პარტარქივის“ ფონდის ერთ-ერთ საქმეში (ფონდი 14, აღწ. 2, საქმე 28) არსებულ ერთ, ჩეკისტების მიერ შეთითხნილ, ტყუილებით გაძეძგილ დოკუმენტს. ბ-ნი გ. სულაძე იმდენად არის დარწმუნებული ამ ბინძური დოკუმენტის სანდოობაში, რომ თავი არც კი შეუწუხებია მასში მოტანილი ფაქტების სისწორის გადამოწმებით.

ახლა კი ვნახოთ, რამდენი სიცრუეა ავტორის მიერ მოტანილ „დოკუმენტში“.

ჯერ ერთი, გენერალ ილია ოდიშელიძეს, რომელიც 1918-1921 წლებში იყო ჯერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი, ერთხანს, ქართული ეროვნული არმიის მთავარსარდალი, საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებისთვის სამშობლოში დაბრუნების თხოვნით, მიუმართავს საიქიოდან: სახელოვანი გენერალი ბოლშევიკებმა დახვრიტეს 1921 წელსვე (იხ.: http://en.wikipedia.org/wiki/Ilia_Odishelidze). ასე, რომ იგი 1924 წელს ვერასგზით ვერ იქნებოდა სტამბოლში.

მეორე, – სრული ცილისწამებაა პასაჟი გენერლის „რუსეთუმე“ ვაჟზე. გიორგი ილიას ძე ოდიშელიძე (1899-1970) გახლდათ ყოფილი იუნკერი, კოჯორ-ტაბახმელას 1921 წლის თებერვლის ბრძოლების აქტიური მონაწილე, 1921 წლის მარტიდან პოლიტემიგრანტი. 1921 წელსვე იგი 4 სხვა იუნკრებთან ერთად ჩარიცხეს საფრანგეთის „სენ-სირის“ სამხედრო აკადემიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა სწორედ 1924 წელს. 1924 წლიდან მსახურობდა საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში, მიაღწია კოლონელის (პოლკოვნიკის) სამხედრო წოდებამდე. მიღებული ჰქონდა საფრანგეთის „საპატიო ლეგიონი“-ს ორდენი და სხვა უმაღლესი ჯილდოები. იგი იყო სახელოვანი სამხედრო და საზოგადო მოღვაწის, გენერალ გიორგი კვინიტაძის სიძე, – მისი ქლიშვილის, თამარის მეუღლე 1938 წლიდან. რაც შეეხება გიორგი ოდიშელიძის ურთიერთობას სხვა ყოფილ იუნკრებთან, აღსანიშნავია, რომ იგი იყო ემიგრაციაში შექმნილი „ქართველ იუნკერთა კავშირის“ წევრი. იგი დაკრძალულია საფრანგეთში, შატუს სასაფლაოზე (იხ.: http://legioncavalerie.free.fr/fr/historique_officiers2.htm; თამარ პაპავა. გაბნეული საფლავები, გვ. 102). „ზაფხულის განმავლობაში პარიზში ჩამოვიდნენ ლეიტენანტები გ. ოდიშელიძე, ალ. კინწურაშვილი და ვ. ვაჩნაძე. ამჟამად სამივენი დაუბრუნდნენ თავიანთი მოვალეობის აღსრულებას. სარგებლობენ „მხედარი“-თ, რათა გადასცენ ყველა მეგობარ-იუნკრებს გულითადი სალამი და გამხნევება“,- ვკითხულობთ „ქართველ იუნკერთა კავშირის“ ჟურნალში „მხედარი“ (პარიზი, N 2, 1929, გვ. 24).

მესამე, – 1921 წელს უცხოეთში გახიზნული იუნკრები არ დარჩენილან თურქეთში. მათი უდიდესი ნაწილი მარშალ იუზეფ პილსუდსკის მიწვევით პოლონეთში ჩავიდა და იქაურ სამხედრო სასწავლებლებში ჩაირიცხა, მცირე ნაწილი საბერძნეთში მიიწვიეს, ნაწილი კი საფრანგეთის სამხედრო აკადემიებში ჩარიცხეს.

საუბრობს რა გერმანიის დაზვერვასთან ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის წლებში ქართველი ეროვნული მოღვაწეების კავშირებზე, გ. სულაძე აღნიშნავს: „გერმანიის დაზვერვამ პირველი მსოფლიო ომის დროს წარმატებით განახორციელა რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე (საქართველოში) გიორგი მაჩაბლის ფარული შეგზავნა. დავალების შესრულების შემდეგ ეს უკანასკნელი ფინეთის გავლით გერმანიაში დაბრუნდა. სამაგიეროდ მიხაკო წერეთლის არალეგალური საქმიანობა საქართველოში აღმოჩნდა წარუმატებელი“ (გვ. 136).

ეს მტკიცება მცდარია და ადასტურებს, რომ ბ-ნი გ. სულაძე ან არ იცნობს, ან იცნობს ძალზე ზედაპირულად, პირველი მსოფლიო ომის დროინდელ მოვლენებს. სწორედ იმ წლებში დიდი მამულიშვილები გიორგი მაჩაბელი და მიხაკო წერეთელი ერთად მოღვაწეობდნენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სარბიელზე, როგორც ემიგრაციაში მოქმედი „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ წევრები და მათი ეს საქმიანობა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი. ამ წლებში (1913-1917) მათი მოქმედება იყო მუდამ ურთიერთშეთანხმებული.

საუბრობდა რა 1917 წელს „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი“-ს საქმიანობაზე, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის გამოჩენილი მოღვაწე დათა ვაჩნაძე აღნიშნავდა, რომ ხსენებული წლის ოქტომბერში მიხაკო წერეთელი გერმანიიდან წყალქვეშა ნავით ჩამოვიდა საქართველოში და მისი ეს საიდუმლო ვიზიტი სწორედ რომ დიდი წარმატებით დაგვირგვინდა. როგორც ცნობილია, ქართველი მენშევიკების ორიენტაცია მუდამ პრორუსული იყო. მ. წერეთლის ინიციატივით დ. ვაჩნაძის ბინაზე, თბილისში, შედგა მათი შეხვედრა და მოლაპარაკება ნ. ჟორდანიასთან და ევგ. გეგეჭკორთან. მოლაპარაკების ერთადერთი თემა იყო: „რუსეთთან თუ ურუსეთოდ“. მ. წერეთლის და დ. ვაჩნაძის ურყევმა და ყოველმხრივ არგუმენტებულმა პოზიციამ გასაქანი არ მისცა ქართველ მენშევიკთა ლიდერების მავნე აზრებს. გადაწყვეტილება ასეთი გახლდათ: საქართველო უნდა ემზადოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის (იხ.: დავით ვაჩნაძე. სამშობლოს სამსახურში (მოგონებანი), ნაწ. I.- ჟურნ. „ივერია“, პარიზი, N 35, 1990). იგივეა მითითებული დევიდ მარშალ ლანგის მონოგრაფიაში (იხ.: David Marshall Lang. A Modern History of Soviet Georgia, Greenwood Press, Westport, Connecticut (USA), 1975, p. 183). მართალია, შემდგომში რუსეთზე დაციკლულმა მენშევიკებმა არაერთგზის ჩაიდინეს ანტიქართული და საბედისწერო შეცდომა, მაგრამ იმ დროს ამ შეთანხმებას ჰქონდა მეტად დიდი მნიშვნელობა: გერმანიას, რომელიც ერთგვარ პატრონაჟს უწევდა „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს“ და, მისი გავლენის ქვეშ მყოფ თურქეთს (რომელიც იმხანად ჯერ კიდევ ოსმალეთად იწოდებოდა) უნდა დაენახათ, რომ საქართველოს მომავალ სუვერენიტეტთან დაკავშირებით, ეროვნული პოლიტიკური ძალების და სოციალ-დემოკრატთა პოზიცია ერთიანი იყო.

„1916 წელს რუსეთი სასტიკად დამარცხებული იყო უკვე გერმანიისაგან და ჩვენ გვინდოდა გაგვეგო, ახლა მაინც რას ფიქრობდა საქართველო. აქაც გიორგის (მაჩაბლის – ლ.უ.) ენერგია და განწყობილობა გამოჩნდა“-ო, აღნიშნავდა მიხაკო წერეთელი (იხ.: მიხეილ წერეთელი. გიორგი მაჩაბელი.- გაზ. „თეთრი გიორგი“, პარიზი, N 86, 1935). მისი მოგონება ცხადჰყოფს, რომ მათი ერთობლივი საორგანიზაციო საქმიანობის შედეგად, 1917 წელს გიორგი მაჩაბელი იმყოფებოდა საქართველოში, სადაც თავი მოუყარა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისთვის ძალზე მნიშვნელოვან ინფორმაციას. იგი მოხერხებულად დაუსხლტა ჟანდარმერიას, რომელმაც შეიტყო საქართველოში მისი ყოფნის შესახებ. ამის შემდეგ, 1917 წლის დამლევს და 1918 წლის დამდეგს, მიხაკო წერეთელმა ორგზის მოახერხა წყალქვეშა ნავით საქართველოში ჩამოსვლა (იხ.: კალისტრატე სალია. პროფ. მიხეილ წერეთელი.- ჟურნ. „ბედი ქართლისა“, პარიზი, N 3, 1948). მანაც, ამ საიდუმლო ვიზიტების დროს, შეძლო საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოს ჩატარება როგორც ინფორმაციის თავმოყრის, ისე მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარების თვალსაზრისით.

საგულისხმოა, რომ ჯერ კიდევ 1914 წელს საქართველოში არალეგალურად იქნა შემოტანილი და გავრცელებული „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი“-ს მიმართვა „ქრთველ ხალხს“, რომლის ავტორები იყვნენ გიორგი მაჩაბელი და მიხაკო წერეთელი (იხ.: საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 157, აღწ. 1, საქ. 30, ფურც. 371).

იმავე ხანებში გაააქტიურა საქმიანობა ჯერ კიდევ 1912 წელს არჩილ ჯორჯაძის, მიხაკო წერეთლის და გიორგი მაჩაბლის მიერ შექმნილმა „საქართველოს ხელშეკრულებით უფლებების დაცვის კავშირმა“, რომლის თავდაპირველ მისიას წრმოადგენდა ბრძოლა გეორგიევსკის ტრაქტატის შესაბამისად ქართველი ერის უფლებების აღდგენისათვის. 1915 წელს, „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი“-ს ეგიდით, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარ მიზნად საქართველოს სრული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იქცა. 1914 წელს „საქართველოს უფლებების დაცვის კავშირმა“ საქართველოში ფარულად გაავრცელა მოწოდება „ქართველი ერის უფლებანი“ (იხ.: საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 13, აღწ. 27, საქ. 5412, ფურც. 2-4). მათივე დამსახურებაა ის, რომ საქართველოს საკითხი განხილულ იქნა ინგლისის მშვიდობის დაცვის საზოგადოების კონგრესზე, რომელმაც 1914 წლის 12 ივლისს მიიღო სპეციალური რეზოლუცია (იხ.: ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 13, აღწ. 27, საქ. 5412, ფურც. 4).

სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას შემდეგი: რომ არა 1914-1917 წლებში „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი“-ს და, განსაკუთრებით, მისი უთვალსაჩინოესი წევრების, – გიორგი მაჩაბლის, მიხაკო წერეთლის და ლეო კერესელიძის უაღრესად ნაყოფიერი მოღვაწეობა, რასაც დიდად უჭერდა მხარს კაიზერული გერმანია (რომლის დიდი თანადგომით 1915 წელს ლეო კერესელიძემ შეძლო „ქართული ლეგიონის“ შექმნა), საქართველოს დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. სწორედ ამ მოღვაწეთა უკიდურესი ძალისხმევის შედეგი გახლდათ ის, რომ გერმანია ეგზომ აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას და ისიც, რომ გერმანიისვე აქტიური თანადგომით, ბრესტ-ლიტოვსკის მოლაპარაკების შემდეგ, თურქეთმა ვერ შეძლო ქართული ტერიტორიების მიტაცება…

გ. სულაძე ეხება, აგრეთვე, აშშ-ის დამოკიდებულებას საქართველოს საკითხისადმი.

„ამერიკელი გავლენიანი პირების მხარდაჭერით, საქართველოს საკითხი 1927-1929 წლებში რამდენჯერმე იყო განხილული აშშ-ის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის სხდომებზე. სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია დოკუმენტები ამ სხდომების მიმდინარეობის, საკითხების განხილვებისა და მათი შედეგების თაობაზე, თუმცა პარიზში გამომავალი საქართველოს ემიგრანტული მთავრობის გაზეთის „დამოუკიდებელი საქართველო“ (ივნისი 1929 წ. N 42) ერთ-ერთი პუბლიკაციიდან ნათლად ჩანს ამ საკითხისადმი აშშ-ის მმართველი ორგანოების დამოკიდებულება. 1927 წლის 13 ივლისს ვ. დუმბაძის საფრანგეთში ჩასვლის შემდეგ, მისი მოღვაწეობის შესახებ ემიგრანტულ მთავრობასა და მთლიანად ემიგრანტულ წრეებში გავრცელდა აზრი, რომ იმ პერიოდში ვ. დუმბაძემ შეძლო არა სუბსიდიების მიღება ქართული პოლიტიკური ემიგრაციისათვის, არამედ საქართველოს საკითხის მიტანა აშშ-ის სახელისუფლო ორგანოებამდე, რასაც მოჰყვა საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის სექტემბრის სესიის დღის წესრიგში შეტანა“,- აღნიშნავს გ. სულაძე (გვ. 154). იქვე მითითებულია, რომ ვ. დუმბაძე აშშ-ში მოლაპარაკებებს აწარმოებდა საქართველოს დევნილი მთავრობის სახელით, მაგრამ, არ არის აღნიშნული, თუ რა სტატუსით მოქმედებდა საქართველოსთვის თავდადებული ეს შესანიშნავი მოღვაწე.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს საკითხი განიხილებოდა არა 1927-1929 წლებში, არამედ 1926 წელს. კერძოდ, ხსენებული წლის 1-2 აპრილს ვასილ დუმბაძის, შტატის სენატორის ჯონ სტიუარტის და აშშ-ის არმიის მაიორის ჰენრი ოპდაიკის ინიციატივით, აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტში შედგა მოსმენა საკითხზე: „საქართველოს ეროვნული რესპუბლიკა“. მოსმენაზე ვ. დუმბაძის მიერ წარმოდგენილ იქნა დიდძალი მასალა საქართველოს, მისი ისტორიის, კულტურისა და იმჟამად არსებული ვითარების შესახებ. მეტად საგულისხმოა ის გარემოება, რომ ამ მოსმენაზე ვ. დუმბაძე წარსდგა აშშ-ში საქართველოს და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკების დევნილი მთავრობების სრულუფლებიანი დიპლომატიური წარმომადგენლის სტატუსით. დიდად საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად აშშ-ის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის არაღიარებისა, სენატი და კონგრესი ცნობდნენ აღნიშნულ სტატუსს. ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ ზემოხსენებული მოსმენის მასალების სრულ კრებულში, რომელიც იმავე 1926 წელს აშშ-ის მთავრობის საგამომცემლო ოფისის მიერ იქნა გამოცემული ვაშინგტონში, ვასილ დუმბაძე სწორედ ამ სტატუსით არის დაფიქსირებული (იხ.: National Republic of Georgia, Government Printing Office, Washington, 1926).

აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობისას გ. სულაძე აშკარად ეყრდნობა განსახილველი წიგნის ერთ-ერთი კონსულტანტის, პროფ. რუსუდან დაუშვილის წიგნს „ქართული ემიგრაცია 1921-1939 წლებში“ (თბილისი, 2007): იგი იმეორებს ამ წიგნში დაშვებულ შეცდომებს.

ამის შემდეგ, 1929 წლის აპრილში, აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტში კვლავ შედგა მოსმენა კავკასიის რესპუბლიკების, მათ შორის საქართველოს, საკითხზე, მაგრამ უშედეგოდ.

როდესაც ვლაპარაკობთ სამშობლოს წინაშე ვასილ დუმბაძის დამსახურებაზე, არ შეიძლება არ დავასახელოთ 1925 წელს აშშ-ში გამოცემული მისი შესანიშნავი ნაშრომი: „კავკასიის რესპუბლიკები: პატარა დემოკრატიები, რომლებიც დაივიწყა მსოფლიომ“. წიგნში წარმოდგენილია საინტერესო დოკუმენტური თხრობა იმ ტრაგედიის შესახებ, რომელიც ბოლშევიკური რუსეთის ბარბაროსული აგრესიის შედეგად განიცადეს კავკასიის სუვერენულმა რესპუბლიკებმა (იხ.: Dumbadze Vasili Davidovich. The Caucasian Republics: the little democracies the world forgot, F. Hubner & Co., New York, 1925).

საქართველოს საკითხს აშშ-ის კონგრესი დაუბრუნდა 1954 წელს, როდესაც, აღნიშნული წლის 31 დეკემბერს, კომუნისტური აგრესიის შემსწავლელმა საგანგებო კომიტეტმა წარადგინა N 6 სპეციალური ანგარიში: „კომუნისტური გადატრიალება და საქართველოს ოკუპაცია“. მოხსენება განხილულ იქნა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 83-ე კონგრესის მეორე სხდომაზე. 1955 წელს ანგარიში სრული სახით გამოიცა ვაშინგტონში, მთავრობის საგამომცემლო ოფისის მიერ. ამ უაღრესად მნიშვნელოვანი, 60-გვერდიანი დოკუმენტის ქართული თარგმანი 2008 წელს გამოსცა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმმა.

ამის შემდეგ, გ. სულაძე კვლავ ლაპარაკობს ქაქუცა ჩოლოყაშვილით საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის დაინტერესების, მისი შემორიგების სურვილის შესახებ (გვ. 156-162). ავტორი უფრო შორს მიდის და აღნიშნავს: „როგორც ჩანს, კონფიდენციალურმა მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიარა. ქ. ჩოლოყაშვილის რაზმს ჩეკისტებმა კორიდორი გაუხსნეს და შეფიცულები თურქეთში გადავიდნენ“. ეს მტკიცებები იმდენად აბსურულია, რომ აღარ ვაპირებთ მკითხველთა თვალების ზედმეტად დაღლას და ამ საკითხზე შემდგომ მსჯელობას. ნიშანდობლივია, რომ ამ საკითხზე მსჯელობისას ავტორი კვლავ ს. პირუმოვს იმოწმებს…

სრულებით არ შეესაბამება ისტორიულ რეალობას ავტორის მტკიცება, თითქოს „სოციალ-დემოკრატები ემზადებოდნენ მარსელში ქაქუცა ჩოლოყაშვილის ღირსეულად დახვედრისათვის და ფიქრობდნენ ეროვნულ საქმეში მისი შესაძლებლობების სრულად გამოყენებას“ (გვ. 157).

ძნელად დასაჯერებელია, რომ ბ-ნ გ. სულაძეს არ ჰქონდეს გაგონილი ერთი საყოველთაოდ ცნობილი ფაქტის შესახებ: საფრანგეთში ჩასვლის შემდეგ სწორედ სოციალ-დემოკრატებმა ლევილის მამულის კარი გამოუხურეს ქაქუცას და მის შეფიცულებს. ეროვნული გმირი და მისი ერთგული თანამებრძოლები იძულებულნი გახდნენ პარიზის გარეუბანში, ვიროფლეში დაექირავებინათ სახლი…

უზუსტობებით არის სავსე გ. სულაძის მსჯელობა ქ. ჩოლოყაშვილისა და 1921-1924 წლების ანტისაოკუპაციო მოძრაობის მეორე ცნობილი მოღვაწის, – მიხეილ ლაშქარაშვილის ურთიერთობის, აგრეთვე, ქაქუცას ახლო მეგობრის და თანამებრძოლის შალვა ქარუმიძის შესახებ (გვ. 157). ავტორი მიუთითებს, რომ ლაშქარაშვილი იყო ქაქუცას „უახლოესი გარემოცვის ერთ-ერთი წარმომადგენელი“, რაც არ არის სიმართლე: მ. ლაშქარაშვილი არასდროს შედიოდა ქ. ჩოლოყაშვილის უახლოეს გარემოცვაში. ქაქუცა კახეთის რაზმს ხელმძღვანელობდა, ლაშქარაშვილი კი ქართლში მოქმედებდა. თუმცა, მათ შორის, რა თქმა უნდა, არსებობდა ახლო ურთიერთობა. 1924 წლის სექტემბერში საქართველო ქაქუცასთან ერთად დატოვეს შეფიცულებმა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სხვა წრმომადგენლებმა (26-მა კაცმა). მათ შორის იყო მიხეილ (მიშა) ლაშქარაშვილიც (იხ.: ალექსანდრე კარგარეთელი. „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“, პარიზი, 1981, გვ. 40).

გ. სულაძეს მოაქვს ამონარიდი ჩეკისტ ს. პირუმოვის მიერ შეთითხნილი მოხსენებითი ბარათიდან, რომელიც წარმოადგენს სრულ დეზინფორმაციას. ამ პასკვილს თუ დავუჯერებთ, ეროვნული მოძრაობის და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცნობილი მოღვაწე, საქართველოს ეროვნული საბჭოს (1917-1919) წევრი შალვა ქარუმიძე უშუალოდ ყოფილა დაკავშირებული საბჭოთა სპეცსამსახურებთან. თურმე, საბჭოთა უშიშროების მითითებით, იგი იღვწოდა ქ. ჩოლოყაშვილის და მ. ლაშქარაშვილის ერთმანეთისადმი დასაპირისპირებლად, საბჭოთა რეჟიმის მიერ მათ შემოსარიგებლად.

ერთი ცნობილი ქართველი მოღვაწის მიერ თქმული ოქროს სიტყვებია: თუ გსურს ადამიანს ცილი დასწამო, მას უნდა დააბრალო ის, რის წინააღმდეგაც იბრძოდა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე!.. იმავდროულად, ეს გახლდათ მე-20 საუკუნის ყველაზე ბინძური და ამორალური ორგანიზაციის, – საბჭოთა უშიშროების კომიტეტის (და მისი წინამორბედი სტრუქტურების) საქმიანობის „ოქროს წესი“, რომელიც გულის ფიცარზე ეწერათ ამ ამაზრზენ ორგანოში მომსახურე ჩეკისტებს. ისინი იმის მიხედვით ინარჩუნებდნენ პოზიციებს ან იკავებდნენ იერარქიული კიბის უფრო მაღალ საფეხურს, თუ რაოდენ ერთგულნი იყვნენ ცხოვრების ამ წესისა და რაოდენ სრულყოფილად ფლობდნენ ზემდგომი ჩეკისტების „ფეხისგულების ფხანის“ ტექნოლოგიას… ორივე ამ კრიტერიუმს ზედმიწევნით აკმაყოფილებდა საგანგებოდ ქართული პოლიტიკური ანტისაბჭოთა ემიგრაციის მემარჯვენე (ეროვნული) ფრთის წარმომადგენლებზე დაგეშილი ს. პირუმოვი (რომელსაც, არასწორად, „ფირუმოვად“ მოიხსენიებს განსახილველი წიგნის ავტორი). სწორედ ამიტომ, ჩეკისტური დოკუმენტების (მეტადრე, ისეთების, რომელთა ავტორები არიან ს. პირუმოვი და მისი მსგავსი გარეწრები) მიჩნევა „სანდო წყაროდ“ და მათი დამოწმება ყოველგვარი კრიტიკული ანალიზის გარეშე, არის ტოლფასი დანაშაულისა…

„უცნობია მ. ლაშქარაშვილის და მისი მეუღლის ელენე ჩივაძის შემდგომი ბედი. თუმცა, საფრანგეთში გარდაცვლილ, ლევილის სასაფლაოზე დაკრძალულ ქართველთა შორის არის ვინმე მიხეილ ლაშქრაშვილი (დაბ. 1884 წ.), რომლის გარდაცვალების თარიღი მითითებულია 1952 წელი“-ო, აღნიშნავს ბ-ნი გ. სულაძე (გვ. 157). იგი იმოწმებს თამარ პაპავას წიგნს „გაბნეული საფლავები“ (თბილისი, 1990, გვ. 93). რატომ „ვინმე მიხეილ ლაშქარაშვილი“? ეს სწორედ იმ მიხეილ ლაშქარაშვილის საფლავია, რომელზეც საუბრობს ავტორი. ან, რა საჭიროა ეს ცრუ იდუმალებით მოცული ფრაზა: „უცნობია მ. ლაშქარაშვილის და მისი მეუღლის… შემდგომი ბედი“ მაშინ, როდესაც საფრანგეთის ქართულმა ასოციაციამ შესანიშნავად უწყის ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ამ ცნობილი მოღვაწის ბიოგრაფია?..

ასევე დიდი შეცდომა და სიყალბეა იმის მტკიცება, რომ ნოე ჟორდანია და მისი გუნდი „ეროვნულ საქმეს“ აკეთებდნენ. ჩვენ ამ საკითხზე საკმაოდ საფუძვლიანად ვისაუბრეთ და, ამიტომ, აქ თავს აღარ შეგაწყენთ იმ უტყუარი ფაქტის მტკიცებით, რომ ქართველი მენშევიკები ყოველთვის, – 1918 წლამდე, დამოუკიდებლობის წლებში და 1921 წლის თებერვალ-მარტის ბოლშევიკური ოკუპაციის შემდგომ საზღვარგარეთ გახიზვნის შემდეგ, იყვნენ დაჯერებული რუსეთუმეები.

გ. სულაძე აცხადებს, რომ „ქ. ჩოლოყაშვილის ეროვნულ გმირად აღზევების საქმეში დიდი წვლილი მიუძღოდათ ქართველ სოციალ-დემოკრატებს, რომელნიც შეეცადნენ ამ ფაქტის თავის სასარგებლოდ გამოყენებას. იმ შემთხვევაში, თუკი ქართველი სოციალ-დემოკრატები მოახდენდნენ თავისკენ ზემოაღნიშნული ორგანიზაციების (იგულისხმება „მხედართა კავშირი“ (და არა „სამხედრო კავშირი“) და ეროვნული ერთობის დარაზმულობა „თეთრი გიორგი“ – ლ.უ.) და თვით ქ. ჩოლოყაშვილის მიმხრობას, ქართველთა ეს ერთობა საბჭოთა ხელისუფლებისთვის საშიში ხდებოდა როგორც საზღვარგარეთ, ისე საბჭოთა საქართველოში. აქედან გამომდინარე, საბჭოთა ხელისუფლებამ და მისმა სპეცსამსახურებმა, მიზნად დაისახეს არ დაეშვათ ამ ჯგუფების სოციალ-დემოკრატების მხარეზე გადასვლა, უფრო მეტიც, რაც შეიძლება დაეძაბათ და გაემწვავებიათ მათ შორის ურთიერთობები“ (გვ. 158).

წარმოდგენილი ამონარიდი სრულ წინააღმდეგობაშია ისტორიულ რეალობასთან. საერთოდ არ უნდა იცნობდე ერთი მხრივ, – ქაქუცა ჩოლოყაშვილის, „მხედართა კავშირის“ და „თეთრი გიორგი“-ს მოღვაწეობას და მეორე მხრივ, – ქართველ სოციალ-დემოკრატთა (მენშევიკთა) პარტიის ისტორიას, რომ გააკეთო ასეთი აბსურდული დასკვნა.

საოცარია ქაქუცა ჩოლოყაშვილის ეროვნულ გმირად სახელდების რაიმე სახით დაკავშირება ანტიეროვნული სულისკვეთების მქონე მენშევიკებთან: ამის გამგონე ქაქუცა ნამდვილად საფლავში ბრუნავს… ვინც კარგად იცნობს მის მშფოთვარე ცხოვრებას, კარგად უწყის, რომ ქაქუცა პრინციპულად იყო დაპირისპირებული მენშევიკებისადმი. ჯერ კიდევ 1918 წლის დამლევს მან პროტესტის ნიშნად დატოვა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის ამხანაგის (მოადგილის) პოსტი. პროტესტის მიზეზი გახლდათ ნ. ჟორდანიას და მისი გუნდის უაღრესად დესტრუქციული დამოკიდებულება პროფესიული, ეროვნული არმიისადმი. მათ განსაკუთრებული გართულება ჰქონდათ ცხენოსანი ჯარის, – კავალერიის მიმართ, თვლიდნენ რა მას ბურჟუაზიის პრივილეგირებულ შენაერთად და ზედმეტ ფუფუნებად… ამ მიმართულებით შექმნილი ვითარების მთელი სიმწვავე შესანიშნავად არის წარმოჩენილი ფრანგი სამხედრო და საზოგადო მოღვაწის რემონ დიუგეს წიგნში (იხ.: რემონ დიუგე. მოსკოვი და წამებული საქართველო. ფრანგულიდან თარგმნეს მზია და აკაკი ბაქრაძეებმა, გამომცემლობა GCI, თბილისი, 1994, გვ. 7, 15, 18-21, 62-64).

გ. სულაძეს მოაქვს ჩეკისტ ს. პირუმოვის მტკიცება, თითქოს ქაქუცას ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წევრი, ხევსურეთის 1922 წლის ამბოხებისა და 1924 წლის ეროვნული აჯანყების აქტიური მონაწილე შალვა ქარუმიძე დაკავშირებული იყო საბჭოთა სპეცსამსახურებთან და იზიარებდა პროსაბჭოთა გაზეთის „ახალი საქართველო“-ს რედაქციის პოზიციას (გვ. 157).

ამ და სხვა ადგილებში თავისი წიგნისა, გ. სულაძე მიუთითებს ხოლმე საბჭოთა სპეცსამსახურების ინტრიგებზე და პროვოკაციებზე. იმავდროულად, ავტორი ყოველგვარი კრიტიკული ანალიზის გარეშე იმოწმებს ს. პირუმოვის და სხვა ბინძურ ჩეკისტთა ცილისმწამებლურ ნაბოდვარს. ეს ჩეკისტი ავტორების დღევანდელი მოქმედების ნაცადი ხერხია: ასე ცდილობენ საკუთარი ნააზრევის ობიექტურობის ყალბი მანტიით შემოსვას.

ავტორს მოაქვს ქაქუცა ჩოლოყაშვილის გარდაცვალების ის აბსოლუტურად ყალბი მიზეზი, რომელზეც მიუთითებს შალვა მაღლაკელიძე:

„ერთ დღეს, ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი და ხმლით დამშვენებული ქაქუცა, შალვა ქარუმიძესთან ერთად, მოსალხენად პარიზის ემიგრანტულ რესტორან „კორნელოს“ წვევია. იმავე რესტორანში, თურმე, ქეიფობდა პარლამენტის დეპუტატი საფრანგეთის კომუნისტური პარტიიდან და იმავდროულად პარიზის პოლიციის უფროსი კიაფი. ამ უკანასკნელს თვალში არ მოსვლია ქართველები და ოდნავ მოგვიანებით ქაქუცასთან შინ პოლიციელები მიუგზავნია. პოლიციელებს ჩოლოყაშვილისთვის კარი შეუმტვრევიათ და, როდესაც ეს უკანასკნელი არ დანებებულა, სასტიკად უცემიათ. სწორედ ცემის შედეგად მიყენებულ დაზიანებას და შემდგომ ციხეში ყოფნას უნდა გამოეწვია ჭლექის განვითარება, რაც საბოლოოდ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გარდაცვალებით დასრულდა“ (გვ. 166-167).

ჯერ ერთი, – ძალზე გვეეჭვვება, რომ სამხედრო პირს, გენერალს, რომელიც თავად ჩოხა-ახალუხით დაიარებოდა, არ ძალუძდა ურთიერთისგან ხმლისა და ხანჯლის გარჩევა… ემიგრაციის წლებში, ქრთულ სამოსელში გამოწყობილ ქაქუცას ყოველთვის ამშვენებდა არა ხმალი, არამედ ულამაზესი ხანჯალი, რომელიც მოგვიანებით გადაეცა სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმს.

მეორე, – ადამიანი საერთოდ არ უნდა იცნობდეს ქ. ჩოლოყაშვილის ცხოვრებას, რომ მისი ბიოგრაფიის ემიგრანტული მონაკვეთის რომელიმე მომენტს მიუსადაგოს სიტყვა „მოლხენა“! ცნობილია, რომ ცხოვრების უკანასკნელი 6 წლის მანძილზე ეროვნული გმირის არსებას დღენიადაგ ღრღნიდა ნოსტალგიის, – სამშობლოს და ოჯახის მონატრების, მწველი განცდა. ამიტომ, ძალზედ უხერხულია მის ემიგრანტულ ტრაპეზებს „მოლხენა“ უწოდო. ჩვენ მიერ თქმულის ნათელი დასტურია ქვემოთ მოხმობილი ამონარიდი თამარ პაპავას მოგონებიდან:

„თითქოს, მებრძოლ საქართველოს ბელადს საბრძოლო ასპარეზი გამოაცალეს, ოცნება წაართვეს; და ეხლა ფრთებმოტეხილ არწივს, ცეცხლს ღვინო უნელებდა და სიმღერა – მორეულ ცრემლს უშრობდა.

– გახსოვს, თამარ, ალავერდობა? – მეუბნებოდა ის პარიზში, ჩვენი სევდიანი ნადიმის დროს, დაბალი, მთრთოლვარე ხმით…

– გახსოვს, თამარ, 26 მაისი? ის, პირველი 26 მაისი?

– გახსოვს, თამარ, შუამთის დღესასწაული?

– გახსოვს, თამარ, ხატობა და ჩემი გაჭრა ტყეში?

– ხომ გახსოვს ჩვენი ცა რა ფერისაა? რამდენი ვარსკვლავებია! რამდენჯერ მითვლია ისინი ტყეში, მიწაზე რომ ვიწექი და ძილი ვერ მერეოდა.

– გახსოვს, თამარ, ჩვენი საქართველო? კარგად გახსოვს? კრულიც იყოს აქ სიცოცხლე! იქ სიკვდილი განა ბედნიერება არ არის, თამარ?“ (იხ.: თამარ

პაპა. გაბნეული საფლავები, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1990, გვ. 64).

შ. მაღლაკელიძის მოგონებაში ნახსენებ კონფლიქტთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს შემდეგი: 1. ქართულ ემიგრანტულ პერიოდულ გამოცემებში, ემიგრანტ ავტორთა წიგნებში მსგავსი რამ არ არის დადასტურებული; 2. ქაქუცასთან ერთად მუდამ იყვნენ მისი ერთგული შეფიცულები, მით უმეტეს, მის სახლში, სადაც ისინი ერთად ცხოვრობდნენ.

ახლა კი, მოვუსმინოთ ეროვნული გმირის ერთ-ერთ უახლოეს თანამებრძოლს, შეფიცულს, 1918-1921 წლებში ქართული ეროვნული არმიის პოლკოვნიკს ალექსანდრე (საშა) კარგარეთელს:

„რადგანაც ქაქუცას არ უნდოდა თავისი შეფიცულების დაქსაქსვა სხვადასხვა ქალაქებში, მან გადასწყვიტა მათი ერთად ყოფნა; პარიზის მახლობლად ვიროფლეი-ში იქირავა სახლი, სადაც ყველა შეფიცულები ჩამოიყვანა და ერთად დაასახლა – სანამ ქაქუცა გარდაიცვლებოდა.

ამ სახლში ვცხოვრობდით ქაქუცასთან ერთად, რომელიც დიდ ყურადღებას გვაქცევდა. გვარიგებდა ყველას როგორ მოვქცეულიყავით, გვიამბობდა ყველაფერს რაც ქვეყანაზე ხდებოდა, ჩვენი ძმა და დამრიგებელი იყო.

მასთან აუარებელი ხალხი მოდიოდა სანახავად საქმეებზე თუ მოსაკითხად. ეს ხანა ჩემთვის დაუვიწყარია.

აქ დაეწყო მას ავადმყოფობა, რომელიც მისთვის საბედისწერო გახდა; გაეხსნა ძველი ჭრილობა, გაუჩნდა შიგ იარა. გაგზავნილი იქმნა მთებში საექიმოდ, საიდანაც წერილებს ხშირად იწერებოდა; მძიმედ ავადმყოფი იქაც ჩვენზე ფიქრობდა.“ (იხ.: ალექსანდრე კარგარეთელი. ქაქუცა ჩოლოყაშვილი, პარიზი, 1981).

ალ. კარგარეთელის ნათქვამს ადასტურებს ქაქუცას მეორე უახლოესი თანამებრძოლის, – ალექსანდრე სულხანიშვილის სიტყვები:

„ევროპაში შემოსვლა გადაექცა ქაქუცას საბედისწეროდ. საშინლად ცუდად იმოქმედა მასზე პარიზის ჰავამ. საუბედუროდ, ჩვენ არ გვქონდა შეძლება, რომ ქაქუცასთვის რიგიანად მოგვევლო… ერთხანს სანატორიუმში გავგზავნეთ, ოტსაუაში, სადაც იგი რამდენიმე თვეს დარჩა და ძალიან მოუხდა კიდეც. ჭრილობისგან მას მარჯვენა ფილტვის თავი ჰქონდა დაზიანებული; აი, ეს გადაექცა კაჟივით მაგარ ვაჟკაცს მომაკვდინებელ ჭლექად…“ (იხ.: ალექსანდრე სულხანიშვილი. ჩემი მოგონებანი, სან-ფრანცისკო, 1981, გვ. 196).

„…როგორც ჩანს, მათ (ჩეკისტებმა – ლ.უ.) რაღაც ეტაპზე მიზანს მაინც მიაღწიეს. ძნელად წარმოსადგენი არ არის მდგომარეობა საზღვარგარეთ უსახსროდ და უსახლკაროდ დარჩენილი, პოლიტიკურად იმედგაცრუებული და მორალურად დაცემული კაცისა, რომელსაც საყვარელი ცოლ-შვილი, პრაქტიკულად მძევლების რანგში, ბედის ანაბარად, საქართველოში ჰყავდა მიტოვებული. ასეთ ადამიანს სრულიად ბუნებრივია სამშობლოში დაბრუნების სურვილი შეიძლებოდა გასჩენოდა, თუნდაც საკუთარ სინდისთან გარკვეულ კომპრომისზე წასვლის ხარჯზე“-ო, აღნიშნავს გ. სულაძე (გვ. 159). ამ შემთხვევაში, მას, არც მეტი, არც ნაკლები, მხედველობაში ჰყავს ქაქუცა ჩოლოყაშვილი, საქართველოს ეროვნული გმირი, რაინდი, რომელიც სწორედ ბოლშევიკებისადმი აბსოლუტური შეურიგებლობით და უკომპრომისობით გამოირჩეოდა… ამ უდიდესი ცილისწამების და ცინიზმის პირველწყარო ისევ და ისევ გახლავთ გარეწარი ჩეკისტის ს. პირუმოვის ბინძური ნაბოდვარი, რომელიც განსახილველი წიგნის ავტორს, ტრადიციულად, მოაქვს, როგორც სანდო წყარო, ყოველგვარი კრიტიკული ანალიზის გარეშე…

იქვე მოტანილია პირუმოვის მტკიცება, თითქოს, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება ქ. ჩოლოყაშვილთან, რომელიც, თურმე, მზად ყოფილა გაეწყვიტა ყოველგვარი კავშირი პოლიტიკურ ემიგრაციასთან და გადასულიყო საბჭოთა რეჟიმის მხარეზე იმ პირობით, რომ მიიღებდა ამნისტიას და საბჭოთა საქართველოს მოქალაქეობას… ამ მიმართულებით, თურმე, სრულად იზიარებდნენ მის პოზიციას გენერალ გ. კვინიტაძის „მხედართა კავშირი“ და გენერალ ლ. კერესელიძის „თეთრი გიორგი“. როგორც იტყვიან, ყოველგვარი კომენტარი ზედმეტია!..

იმისთვის, რომ უფრო გამოიკვეთოს გ. სულაძის ზემოთ მოხმობილი ნააზრევის ცინიკური და ცილისმწამებლური ხასიათი, მკითხველებს ვთავაზობთ პროფესორ მიხეილ (მიხაკო) წერეთლის მცირე წერილს „დიდი ქართველის ხსოვნას“, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთის „თეთრი გიორგი“ (პარიზი) ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ნომერში:

„ქაქუცა ჩოლოყაშვილი განვიდა ამა სოფლისაგან, თვალთ მოგვეფარა, გამოირიცხა ცოცხალთა რიცხვითგან და შევიდა ისტორიის სფეროში.

მის დიდს პიროვნებას, დიდთა საქმეთა მისთა მომავალი ისტორიკოსი დააფასებს ღირსეულად, მოვლენა მისი მომავალ თაობათათვის მაჩვენებელი იქნება იმისა, რომ ქართველ ერს არც მე-20 საუკუნის დასაწყისში დაუკარგავს ძალა და სურვილი გმირულად ბრძოლისა თავისუფლებისათვის, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში იყო მისი იდეალი, და რომ საქართველოს ამ დროსაც აღმოჩენია ძლიერი გმირი, ღირსი და შემძლე ერის თავისუფლების დროშის ტარებისა.

ოდეს ვერაგი მტერი, უსაზიზღრესი და უსასტიკესი ყველა მტერთა შორის, რომელთა რისხვასაც საქართველო დაუსუსხავს, – გაბოლშევიკებული რუსი, მოტყუებით დაეცა თავს თავისუფალ საქართველოს 1921 წელს, ოდეს მტრის გამხეცებულ ბინძურ ურდოებს სოციალისტური წითელი დროშით შემოუძღვენ სამშობლოს ასაოხრებლად ქართველი მოღალატეები, ეს ამბავი ახალი არ იყო საქართველოს ხანგრძლივ გლოვათა და გოდებათა აღსავსე ცხოვრებაში. მაგრამ არც ის იყო მოულოდნელი მოვლენა, ოდეს ქართველთა შორის აღსდგა გმირი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი და მის ძლიერ ყივილს მთელმა ქართველობამ მისცა ხმა. საქართველოს ვაჟკაცები ხმლით ხელში ამოუდგნენ მას გვერდში და ოთხი წლის განმავლობაში მუსრს ავლებდენ მძვინვარე მტერს, არ შეარჩინეს ნამუსის ახდა სამშობლოისა, სისხლი წამებულთა.

საქართველოს ისტორიას არ ახსოვს არც ერთი მთავრობა, რომელიც ასე სამარცხვინოდ დამარცხებულიყოს და დაემხოს ქვეყნის თავისუფლება, როგორც ეს დაემართა საქართველოს „დემოკრატიულ რესპუბლიკის“ მთავრობას 1921 წელს. მაგრამ, სამაგიეროდ ქაიხოსროს ბრძოლაც დიადი იყო და ძნელი გაბოლშევიკებულ რუსის ბატონობის წინააღმდეგ. უძნელესი, ვიდრე ბრძოლა მის წინაპართა შახ-აბასის ურდოების წინააღმდეგ მე-17 საუკუნეში და იმპერატორთა რუსეთის წინააღმდეგ მე-19 საუკუნის დასაწყისში. მაშინ კიდევ საზღვარს უდებდა მტრის სიმხეცესა და სისასტიკეს სარწმუნოება, კანონი ან დესპოტის ბრძანება. ქაიხოსრომ კი სარწმუნოებისა, კანონისა და ზნეობის სრულიად უარმყოფელს, გაპირუტყვებული სკვითების ბრბოს შეჰმართა ხმალი.

და ერთი იყო ასეთი ქაიხოსრო მთელს საქართველოში, ერთად-ერთი! და არ გვეგონოს, რომ ეს რიცხვი მცირეა. მახსოვს, ერთხელ ქაიხოსროს შურით აღსავსე ინტრიგანებმა და თვისთა ანგარიშთა მქონე მტრებმა აწყენიეს და მან გულის სიღრმითგან აღმოსთქვა: „ჩოლოყაშვილი დღეს საქართველოში ერთია. მეორეს მაგრე ადვილად ვეღარ იპოვითო!“ ეს არ იყო ქადილი ქაიხოსროსი! ეს იყო მისი ღრმა რწმენა, რათგან მართლა იცოდა, რომ სხვა ვერავინ აღასრულებდა საქართველოში მის საქმეს და მხოლოდ სამშობლოს უღრმესმა სიყვარულმა და ბოროტ მზაკვართა ენამ აიძულეს ეთქვა ეს ჭეშმარიტება, რომლის ხმა-მაღლა აღსარება თავ-მდაბალსა და დიდ-ბუნებოვან კაცს შეურაცხ-ჰყოფდა. – დიახ, ქაიხოსრო ერთი იყო, მასში მოთავსდა მთელი სული ტანჯული და მებრძოლი ქართველი ერისა. იგი ერთი იყო, როგორც ერთი იყო ამ ერთი საუკუნის წინად ალექსანდრე ბატონიშვილი, სოლომონ მეფე საქართველოში და როგორც ყოველთვის და ყველგან, ერთი გმირია საკმარისი, რომ მის ირგვლივ შეკრბეს მთელი ენერგია განსაცდელში მყოფ მებრძოლი ერისა, – იგი ერთი, რომლის ხსოვნა საუკუნოდ რჩება უფროის სხვათა, რომელიც იქცევა ბრძოლისა და გამარჯვების სიმბოლოდ.

და ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი იყო ნათესავი იმ ძველი გვარისა, რომლის ბევრი წევრი წამებულ იყო საქართველოსათვის წმინდა ჯვარითა თუ მჭრელი მახვილით ხელში.

აწ საუკუნოდ გვესალმები, დიდო ქართველო, უკეთილშობილეს და უგმირეს წინაპართა შთამომავალო, რომელმაც საქმითა შენითა კიდევ ადიდე შელახული სახელი საქართველოსი. შენ წარსდგები პირნათლად შენს წინაპართა წინაშე, რომელთაც უყვარდათ საქართველო და თავიც დასდვეს მისთვის და რომელთაც გადმოგცეს სიგმირე და სიყვარული მამულისა. და ეტყვი: მოვედ მეც აქა, აღვასრულე რა თქვენგან ნაანდერძევი ვალი და მეც უკვდავ ვყავ სახელი ჩვენი ქართველთა შორის! მაგრამ ჩვენ კი, სააქაოს დაშთენილნი, რომელთაც ბრძოლა უნდა განვაგრძოთ, სანამ ჩვენი უბედური ქვეყანა თავისუფლებას არ მოიპოვებს, მალე ვიპოვით სხვა ჩოლოყაშვილს?..“ (იხ.: გაზეთი „თეთრი გიორგი“, პარიზი, 1930 წლის ივლისი, N 29).

გ. სულაძე არ ინდობს არც გამოჩენილ სამხედრო და საზოგადო მოღვაწეს, ჭეშმარიტ მამულიშვილს, გენერალ გიორგი მაზნიაშვილს, რომლის გამჭრიახი სარდლობის წყალობით, 1921 წლის მარტში, თურქ ასკერთა შენაერთების წინააღმდეგ „ბათუმის ომის“ სახელწოდებით ცნობილი ბრძოლების შედეგად, საქართველომ შეძლო ბათუმის და აჭარის შენარჩუნება.

„გ. მაზნიაშვილი ბოლშევიკების მოწოდებით საბჭოთა ხელისუფლების სამსახურში ჩადგა და მისი ძალისხმევით ბათუმსა და გურიას მომდგარი ოსმალები ქიაზიმ-ბეის მეთაურობით სასტიკად დაამარცხა“-ო, აღნიშნავს განსახილველი წიგნის ავტორი (გვ. 167).

ის, რომ 1921 წლის მარტში სახელოვანი გენერალი „საბჭოთა ხელისუფლების სამსახურში ჩადგა“ და საბჭოთა რეჟიმმა მისი საშუალებით დაამარცხა თურქები, არის მტკნარი სიცრუე: 1. ვინაიდან, ბოლშევიკები და მათი წითელი ჯარი არანაირ აქტიურობას არ იჩენდა თურქების წინააღმდეგ სამოქმედოდ, გიორგი მაზნიაშვილმა თავის თავზე აიღო ეს მისია და თავისი შენაერთით დაუპირისპირდა თურქებს; 2. გენერალმა თურქებზე ეს ისტორიული გამარჯვება მოიპოვა არა ბოლშევიკური წითელი ჯარით, არამედ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის იმ დივიზიით, რომელსაც იგი სარდლობდა. ყოველივე ამასთან დაკავშირებით ცნობილია გ. მაზნიაშვილის სიტყვები, რომ იგი არ არის არც მენშევიკების და არც ბოლშევიკების გენერალი: იგი არის ქართველი გენერალი!..

„ახალი უბედურებაც გამოჩნდა, რომელმაც კიდევ უფრო გაართულა ისედაც აწეწილ-დაწეწილი ვითარება. საქართველოში მიმდინარე მოვლენებისადმი თურქეთის დამოკიდებულებამ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.

რუსეთთან ომის დაწყებისთანავე საქართველოს მთავრობამ თურქეთთან მოლაპარაკება დაიწყო. თურქებმა დაუმალეს ქართველებს, რომ ისინი ბოლშევიკების მოკავშირენი იყვნენ. პირიქით: ქართველებს დახმარბა აღუთქვეს. მაგრამ ამ დაპირების მერე მცირე ხანიც არ გასულა, რომ თურქეთის ჯარმა ართვინის რაიონი დაიკავა. ეს ნეიტრალიტეტის დაცვის ფასად მოითხოვა. მერე ჯარი ბათუმში შეიყვანა საქართველოს დახმარების საბაბით, თუმცა წითლები ჯერ კიდევ საკმაოდ შორს იყვნენ.

როცა 13 მარტს, ქართული არმიის მთავარსარდალი (იგულისხმება გენერალი გიორგი მაზნიაშვილი – ლ.უ.) ბათუმში ჩავიდა ქალაქის გამაგრების მიზნით, მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა: ბათუმში თურქთა ჯარი იყო მოკალათებული.

თურქეთის მთავრობის ნამდვილი ზრახვები ეჭვს აღარ იწვევდა. საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდლობამ დაუყოვნებლივ გაგზავნა ბათუმში 9 ბატალიონი. ქართული შეიარაღებული ძალა ისე განალაგეს, რომ საჭიროებისდა მიხედვით, თურქეთისათვის წინააღმდეგობა გაეწიათ. თურქებს კი არა მარტო ბათუმი ეჭირათ, არამედ ახალციხის მიმართულებითაც ჯარი ჰყავდათ დაყენებული.

16 მარტს თურქეთის მთავრობამ ნიღაბი მოიხსნა. თურქეთის წარმომადგენელმა ქიაზიმ-ბეიმ საქართველოს მთავრობას ნოტა გადასცა: იგი გუბერნატორად აცხადებდა თავს. ეს კი ახალი ომის დაწყებას ნიშნავდა თურქეთთან.

ქართული ჯარი მაშინვე იღებს ბრძანებას, გამოწვეულს ახალი ვითარებით: 17, 18 მარტს, ღამით, საქართველოს მთავრობა ჯდება იტალიურ გემზე „კირალი“. მთავრობა დარწმუნებულია, რომ ომი საბოლოოდ წაგებულია. არადა იწყება ახალი ომი ახალ მტერთან. ბოლშევიკებთან ბრძოლა კი ჯერ არ არის დასრულებული.

რაკი საქართველოს მთავრობამ ჩათვალა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა დაკარგულია, წითლებთან ბრძოლის გაგრძელება უაზრობად მიიჩნია. მან, სანამ სამშობლოდან გაემგზავრებოდა, ბოლშევიკებთან მოლაპარაკება დაიწყო. წითლები დათანხმდნენ ბრძოლის შეწყვეტას პირობით: მათ ჯარს ბათუმისაკენ გზა უნდა გახსნოდა. ქართველები იძულებულები იყვნენ თანხმობა მიეცათ. დემოკრატიულმა საქართველომ რეალურად აღიარა თავისი დამარცხება.

18-ში წითელი ჯარი ბათუმს მიუახლოვდა რკინიგზით. ქალაქში კი ცხარე ბრძოლაში არ ჩაერივნენ. მაყურებლის როლი ირჩიეს.

19 მარტს თურქები ყველა გამაგრებული ადგილიდან გაყარეს.“ – ვკითხულობთ მოვლენების თვითმხილველი ფრანგი ავტორის რემონ დიუგეს წიგნში (იხ.: რემონ დიუგე. მოსკოვი და წამებული საქართველო, გამ-ბა „GCI“, თბილისი, 1994, გვ. 87-88). ამდენად, სავსებით ცხადია, რომ გენერალ მაზნიაშვილს ბათუმის ამბებთან დაკავშირებით არავითარი მოლაპარაკება არ ჰქონია ოკუპანტ ბოლშევიკებთან და „ბათუმის ომში“ არანაირი მონაწილეობა არ მიუღია ე.წ. „წითელ არმიას“. პირიქით: ბოლშევიკებს არ სურდათ ამ ომში მაზნიაშვილის და მისი შენაერთის გამარჯვება…

1923 წელს ჩეკა-მ დააპატიმრა გ. მაზნიაშვილი. თავდაპირველად დახვრეტა მიუსაჯეს, რომელიც მცირე ხნის შემდეგ შეუცვალეს საქართველოდან 3 წლით გასახლებით. გენერლის იმდროინდელი საგამოძიებო საქმე დაცულია საქართველოს შსს საარქივო სამმართველოში.

„გენერალ გ. მაზნიაშვილის ვაჟი, მეორე მსოფლიო ომის ინვალიდი ბორის მაზნიაშვილი მამის გასახლების საინტერესო ვერსიას გვთავაზობს: „1926 წელს მამა საზღვარგარეთ გაემგზავრა, სადაც ორი წელი დაჰყო. სავარაუდოდ, სერგო ორჯონიკიძისაგან, მას საგანგებო დავალება ჰქონდა, თუმცა, ქართულმა ემიგრაციამ გიორგი მაზნიაშვილი არ მიიღო“- აღნიშნულია განსახილველ წიგნში (გვ. 167-168). თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ბორის მაზნიაშვილი, რომელსაც დაუხვრიტეს მამა და უფროსი ძმა, გადაუსახლეს და, მრავალგზის იყო ტერორიზებული საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ და იმასაც, რომ გ. სულაძეს ეს ამონარიდი ამოღებული აქვს უშიშროების გამომძიებლისთვის მიცემული ჩვენებიდან (საქართველოს შსს საარქივო სამმართველო, ფონდი 6, საქ. 36049), ნათელი გახდება, რომ საქმე გვაქვს უაღრესად ტენდენციურ დოკუმენტთან, რომელიც შეთხზულია მუქარის ქვეშ.

გ. სულაძეს ბ. მაზნიაშვილის ჩვენებიდან მეორე ამონარიდიც მოაქვს, რომელიც 1937 წელს გენერლის დაპატიმრებას შეეხება: „გიორგი მაზნიაშვილი ლავრენტი ბერიას მოწოდებით დააპატიმრეს, რომელიც სერგო ორჯონიკიძის შესახებ მაკომპრომეტირებელ მასალებს აგროვებდა. გიორგი მაზნიაშვილს კი, როგორც უკვე აღვნიშნე, ს. ორჯონიკიძე ენდობოდა“ (გვ. 171).

გენერალ გიორგი მაზნიაშვილის და ბოლშევიკების, მით უმეტეს ჯალათ სერგო ორჯონიკიძის ურთიერთ ნდობაზე საუბარი გახლავთ უდიდესი უმეცრება: თავისი მრწამსით და შეგნებით, ცნობიერებით გენერალი იყო მკვეთრად გამოხატული ეროვნული მოღვაწე, რომელსაც ჰქონდა შინაგანი ზიზღი ბოლშევიკების მიმართ. 1918-1921 წლებში მან სამგზის გაუმართა უკომპრომისო ბრძოლა ბოლშევიკებს: 1918 წელს აფხაზეთში, რასაც მოჰყვა მის მიერ სოჭის და ტუაპსეს აღება, 1920 წლის გაზაფხულზე წითელი ხიდის მხრიდან შემოჭრილ წითელ დივიზიებს (აქ იგი მხარში ედგა გენერალ გიორგი კვინიტაძეს) და 1921 წლის თებერვალში, სოღანლუღთან, იყო რა სოღანლუღის მიმართულების სარდალი. ყოველივე ეს ზედმიწევნით არის ნაჩვენები გ. მაზნიაშვილის მოგონებებში (იხ.: გიორგი მაზნიაშვილი. მოგონებანი (1917-1925), ბათუმი, 1990). აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს ერთი თვალშისაცემი და მნიშვნელოვანი რამ: გენერლის მოგონებები გამოირჩევა ობიექტურობით, პასუხისმგებლობისა და კეთილსინდისიერების მაღალი გრძნობით, რაც თხზულებას ანიჭებს სანდოობის მაღალი ხარისხის მქონე პირველწყაროს ხასიათს.

ლაპარაკობს რა გენერლის მიერ ნოე ჟორდანიასადმი მიწერილ საპროტესტო წერილზე და დევნილი მთავრობის და დამოუკიდებლობის კომიტეტის 1925 წლის 24 იანვრის პასუხზე, გ. სულაძე სავსებით შეგნებულად უვლის გვერდს მათ ციტირებას, ვინაიდან ისინი ცხადჰყოფს გ. სულაძის მტკიცებათა სრულ უსაფუძვლობას. ავტორი ასევე შეგნებულად არიდებს თავს იმ მიზეზებზე საუბარს, რომლებმაც განაპირობა გენერლის დაპირისპირება ნ. ჟორდანიას გუნდისადმი.

1918 წელს, ბოლშევიკებისა და დენიკინის ე.წ. „დობროარმიის“ წინააღმდეგ ჩატარებული ბრწყინვალე ოპერაციების შემდეგ სოჭიდან თბილისში დაბრუნებულ გენერალს მშობლიურ სოფელ სასირეთსა (დღევანდელი კასპის რაიონი) და დედაქალაქში ასეთი „საამური“ სურათი დახვდა:

„ტფილისში დავბრუნდი გეგეჭკორთან ერთად. აქ მელოდა საუკეთესო ჯილდო მთავრობისაგან ყველა ჩემ მიერ გაწეული შრომის დასაფასებლად. „უტყუარი საბუთების“ მიხედვით, რომლებიც ინახებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის რამიშვილის პორტფელში, ვითომ მე გადავგზავნე ჩემს ოჯახში „დიდძალი სახელმწიფო ქონება“ და მივითვისე იგი.

რამიშვილის ბრძანებით საგანგებო რაზმის თანამშრომლებს იმ დღეს, რა დღესაც მე, როგორც საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი, ვიჯექი სხდომაზე ეკატერინოდარში, მოეხდინათ სასწრაფო ჩხრეკა ჩემ ბინაზე, როგორც ტფილისში, ისე სოფელში.

ჩხრეკის შედეგი განსაცვიფრებელი იყო: ტფილისის ბინაზე ვერაფერი აღმოეჩინათ, ხოლო სოფლიდან კონფისკაციის სახით გამოეტანათ და ზეიმით ჩამოეტანათ ტფილისში 18 გირ. ვერმიშელი, 22 გირ. მაკარონი და 2 ფუთი მავთული, რომელსაც ჩვენ ვხმარობთ სოფელში ვენახებისათვის.

ზემოაღნიშნული საგნები ყველას შეეძლო სალდათის ბაზარზე ეყიდა ას ფუთობით.

სირცხვილი სახელმწიფოს იმ მოღვაწეს, რომელიც ხურდავდება ასეთ წვრილმანებზე“- გულისტკივილით აღნიშნავს გენერალი თავის მოგონებებში (იხ.: გიორგი მაზნიაშვილი. მოგონებანი, გვ. 113-114).

ცნობილია ერთი ამაზრზენი ფაქტიც: როგორც მენშევიკებმა, ისე ბოლშევიკებმა გაავრცელეს ყალბი და ცილისმწამებლური ინფორმაცია, თითქოს 1924 წელს გ. მაზნიაშვილს გაეცეს ეროვნულ აჯანყებასთან დაკავშირებით „დამკომი“-ს გეგმები. მათ კარგად იცოდნენ, რომ იმ ეტაპზე გიორგი მაზნიაშვილი, გამომდინარე მთელი რიგი ფაქტორებიდან, გაუმართლებლად თვლიდა შეიარაღებული აჯანყების მოწყობას. სწორედ ამიტომ, მავანმა პროვოკატორებმა, საზოგადოების და ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალში მისი შეუბღალავი ავტორიტეტის შელახვის მიზნით, გაავრცელეს ზემოხსენებული ბინძური დეზინფორმაცია.

შექმნილმა ვითარებამ იძულებული გახადა იმ დროს საფრანგეთში მყოფი გენერალი, რომ საპროტესტო განცხადებით მიემართა ნ. ჟორდანიასთვის.

1925 წლის 26 იანვარს საქართველოს დევნილი მთავრობის მდივნის კონსტანტინე კანდელაკის ხელმოწერით გ. მაზნიაშვილმა მიიღო შემდეგი შინაარსის ოფიციალური წერილი:

„ბ. გიორგი მაზნიაშვილს

დღეს, 26 იანვარს, მთავრობის სხდომაზე, რომელსაც დაესწრნენ საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც, განხილულ იქნა თქვენი განცხადება და დაადგინეს: გამოგეცხადოთ თქვენ სრული ნდობა და ამასთან ერთად, ეცნობოს საქართველოს ყველა ჩვენ ორგანიზაციებს, რომ ხმები და ჭორები, რომელიც ტრიალებს თქვენი სახელის გარშემო, არის განზრახ მოგონილი ცილისწამება.

მთავრობის მდივანი კ. კანდელაკი“. (იხ.: გიორგი მაზნიაშვილი. მოგონებანი, გვ. 231).

მიუხედავად ამისა, ურთიერთობა გენერალსა და დევნილ მთავრობას შორის დაძაბული რჩებოდა. გარდა ამისა, გ. მაზნიაშვილის სრული უნდობლობა დაიმსახურა საკუთრივ მენშევიკური პარტიის არაჯანსაღმა საქმიანობამ.

„ჩემი ფიზიკური არსებობის ერთად ერთი საღსარი იყო ხუთას ფრანკიანი რენტა, რომელსაც ვიღებდი ყოფილი მთავრობისაგან. ამ ფულზე უარის თქმა ჩემთვის, უხელო ადამიანისთვის, ნიშნავდა შიმშილით სიკვდილს.

მეორე მხრივ, ამ რენტის მიღება იმის შემდეგ, რაც მე დავკარგე იმედი მთავრობის წევრების ნაყოფიერი მუშაობისა, ჩემთვის უხერხული იყო“-ო, მიუთითებს გენერალი თავის მოგონებებში (იხ.: გიორგი მაზნიაშვილი. მოგონებანი, გვ. 234-235).

და ბოლოს, სახელოვანი გენერალი და ღირსეული მამულიშვილი არც იმას მალავს, რომ ამ გაუსაძლისმა სიტუაციამ იგი იძულებული გახადა დაბრუნებულიყო საქართველოში: „… გადავწყვიტე დავბრუნებულიყავ სამშობლოში, შევერთებოდი ჩემ ორ მილიონ მოძმეს და მათთან ერთად გამეზიარებინა ბედნიერებაცა და უბედურებაც, და აგრეთვე ხმამაღლა მეთქვა ყველა ქართველის გასაგონად, რომ რამიშვილისა და მისი დამქაშების ავანტიურაში და დონკიხოტობაში მე არავითარი წილი არ მიდევს“. – ამ სიტყვებით ამთავრებს გ. მაზნიაშვილი მოგონებებს (იხ.: გიორგი მაზნიაშვილი. მოგონებები, გვ. 235).

ის, თუ როგორ დასრულდა ამ დიდებული პიროვნების ცხოვრება, ყველასთვის კარგად არის ცნობილი: ავადსახსენებელ 1937 წელს, ყოველგვარი გასამართლების გარეშე იქნენ დახვრეტილნი გიორგი მაზნიაშვილი და მისი ვაჟი, – ივანე.

ამდენად, სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას: საუბარი გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ურთიერთობაზე საბჭოთა სპეცსამსახურებთან, არის ცინიზმი! ვერც ის ჩაითვლება ამ ურთიერთობის დასტურად, რომ გენერალს სურდა სამშობლოში დაბრუნება და დაბრუნდა მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად უწყოდა: ბოლშევიკური რეჟიმისგან კარგი არაფერი ელოდა. იგი დაბრუნდა მშობლიურ სოფელ სასირეთში და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი…

„პარიზში კავკასია-უკრაინის ბლოკის გასაძლიერებლად აგიტაციის წარმოების მიზნით ჟურნალ „პრომეთეს“ გამოცემის გარდა დაიგეგმა უკრაინა-კავკასიის კლუბის დაარსება და მასში უცხოელების აქტიური მონაწილეობა“-ო, აღნიშნავს განსახილველი წიგნის ავტორი (გვ. 171). ამ შემთხვევაშიც, სავსებით ნათელია, რომ მას უაღრესად მწირი ცოდნა აქვს ამ საკითხის შესახებ. ქართული პოლიტიკური ანტიბოლშევიკური ემიგრაცია, სხვა კავკასიური დიასპორები, უკრაინული ანტიბოლშევიკური ემიგრაცია და მთელი რიგი სხვა პოლიტიკური ანტისაბჭოთა ძალებისა გაერთიანებული გახლდათ დამოუკიდებელი პოლონეთის აღიარებული ლიდერის, მარშალ იუზეფ პილსუდსკის თაოსნობით დაფუძნებული მძლავრი პოლიტიკური ბლოკის, – მოძრაობა „პრომეთე“-ს, შემადგენლობაში. ამ საკითხზე ქვემოთ საგანგებოდ გავამახვილებთ მკითხველის ყურადღებას.

მეტად სუმბურული და, იმავდროულად, ისტორიულ რეალობას მოწყვეტილია ბ-ნ გ. სულაძის ეს მტკიცებაც: „როგორც ანტისაბჭოთა ემიგრაციის შიგნით, ისე შიდაკავკასიური მასშტაბით მიღწეული ერთიანობა გარკვეულ გამოცდას გადიოდა. მაგალითად, მუსავატელები, თურქების ზეგავლენით, რომელთაც იტალიელთა მხრიდან თავდასხმის ეშინოდათ, მაინცადამაინც არ იყვნენ დაინტერესებულები კავკასიაში მოვლენების ფორსირებით“ (გვ. 171). განსხვავებით სომხური პოლიტიკური ემიგრაციისგან, რომელსაც მუდამ ახასიათებდა სეპარატისტული ტენდენციები, აზერბაიჯანული დიასპორა მუდამ ფეხაწყობილი იყო საერთოკავკასიურ პოლიტიკურ ანტიბოლშევიკურ ემიგრაციასთან, როგორც მოძრაობა „პრომეთე“-ს, ისე „კავკასიის კონფედერაციის საბჭოს“ და „კავკასიის დამოუკიდებლობის კომიტეტი“-ს ფარგლებში. სწორედ მუსავატელთა პარტიის და ემიგრაციაში საერთოკავკასიური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ აზერბაიჯანული პოლიტიკური ანტიბოლშევიკური ემიგრაციის გამოჩენილი მოღვაწე მეჰმედ ემინ-ბეი რასულზადე (იხ.: Ж. «Объединенный Кавказ», Мюнхен, № 1-3, январь-март 1954, стр. 27-28). გარდა ამისა, იგი არის „კავკასიის კონფედერაციის პაქტი“-ს ერთ-ერთი ავტორი და ხელმომწერი. რასულზადე გამოირჩეოდა სწორედ ბოლშევიკებისადმი განსაკუთრებული შეურიგებლობით. ამდენად, როგორც ვხედავთ, ბ-ნ გ. სულაძის მსჯელობა სრულ წინააღმდეგობაშია ისტორიულ რეალობასთან.

საოცარია, განსახილველი წიგნის ავტორი ისე ლაპარაკობს პოლონეთში ქართული პოლიტიკური ანტიბოლშევიკური ემიგრაციის მოღვვაწეობაზე და „კავკასიის დამოუკიდებლობის კომიტეტზე“ (რომელსაც ავტორი „კავკასიის განმათავისუფლებელ კომიტეტად“ მოიხსენიებს), რომ არაფერს ამბობს უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ მოძრაობაზე, რომელიც „პრომეთე“-ს სახელითაა ცნობილი და რომლის სათავეებთან იდგა საქართველოს და ქართველი ერის დიდი მეგობარი, პოლონეთის გამოჩენილი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, მარშალი იუზეფ პილსუდსკი. ამ საერთაშორისო პოლიტიკური მოძრაობის სრული სახელწოდება იყო: „პრომეთე: რუსეთის მიერ დაჩაგრულ ხალხთა – აზერბაიჯანის, დონის, კარელიის, საქართველოს, ურალის, ინგრიის, ყირიმის, კომის, ყუბანის, ჩრდილოეთ კავკასიის, თურქესტანის და უკრაინის ლიგა“. როგორც ვხედავთ, ლიგაში წარმოდგენილი იყო მთელი კავკასია, გარდა სომხეთისა…

დღიდან „პრომეთე“-ს დაარსებისა, მოძრაობაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდნენ ქართველი პოლიტემიგრანტები. ლიგის ფრანგულენოვანი ჟურნალის „Promethee” მთავარი რედაქტორი და ლიგის გამგეობის უცვლელი წევრი გახლდათ ქართული პოლიტიკური ემიგრაციის და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გამოჩენილი მოღვაწე გიორგი გვაზავა. მოძრაობის ვიცე-თავმჯდომარე იყო დოქტორი გიორგი ნაკაშიძე. გამგეობაში შედიოდნენ: სიმონ მდივანი, კოტე იმნაძე და ბარბარე ბაგრატიონი (იხ.: В.К. Былинин, А.А. Зданович, В.И. Коротаев. Организация «Прометей» и «прометейское» движение в планах польской разведки по развалу России/СССР.- Труды Общества изучения истории отечественных спецслужб, т. 3, Москва, 2007).

სხვათა შორის, „პრომეთე“-სთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ქაქუცა ჩოლოყაშვილს, რომელიც, საგანგებოდ, ორგზის იმყოფებოდა პოლონეთში. ამას ადასტურებს პოლონეთში გადაღებული ერთი მეტად საინტერესო ფოტოსურათი, რომელზეც პოლონეთში მოღვაწე ქართველ პოლიტემიგრანტებთან ერთად საქართველოს ეროვნული გმირია აღბეჭდილი. ფოტოსურათი დაცულია თბილისში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ცნობილი პოლიტემიგრანტის ელისე პატარიძის პირად არქივში.

განვიხილავთ რა „პრომეთე“-ს საქმიანობას, აქ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს, პოსტ-საბჭოთა ეპოქაში, 21-ე საუკუნეში, ჩეკისტი ავტორები ოდინდელი გულმოდგინებით ეწევიან ისტორიული ფაქტების ურცხვ გაყალბებას და ცილისწამებას არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეზე. ამის ნათელი მაგალითია ყოფ. სუკ-ის (КГБ) და თანამედროვე რუსეთის ФСБ-ს მაღალჩინოსნების ვ. ბილინინის, ა. ზდანოვიჩის და ვ. კოროტაევის ვრცელი ნაშრომი „Организация «Прометей» и «прометейское» движение в планах польской разведки по развалу Росссии/СССР», რომელიც გამოქვეყნდა 2007 წელს (იხ.: Труды Общества изучения истории отечественных спецслужб, т. 3, Москва, 2007, стр. 318-414). რუსი ავტორების ნაშრომში ვხვდებით არაერთ ცილისმწამებლურ პასაჟს „პრომეთე“-ს ქართველ მოღვაწეთა შესახებ.

„ომის მოახლოვებასთან დაკავშირებით სავსებით ცხადი გახდა „პრომეთე“-ს ორგანიზაციების რღვევა. „პრომეთე“-ს დასაცავად გამოდიოდნენ განსაკუთრებით აქტიური მოღვაწენი (მენაღარიშვილი, გვაზავა, ჩოკაევი, თაყაიშვილი), ღიად აღიარებდნენ რა, რომ იყვნენ ჰიტლერის აგენტები“-ო, მიუთითებენ რუსი ავტორები. რეალურად არც ა. მენაღარიშვილს (მენაღარს), არც გ. გვაზავას, არც ექვთ. თაყაიშვილს, არც რომელიმე სხვა ემიგრანტ ეროვნულ მოღვაწეს არასდროს განუცხადებიათ, რომ იყვნენ „ჰიტლერის აგენტები“. ისინი აღნიშნავდნენ, რომ მხარს უჭერდნენ საბჭოთა იმპერიის წინააღმდეგ მესამე რაიხის მოქმედებას მათი უპირველესი მიზნის მისაღწევად, – საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან საქართველოს დასახსნელად.

„1937 წლით დათარიღებული ერთი დოკუმენტიდან, რომელსაც შემთხვევითი ხასიათი აქვს, ვგებულობთ, რომ ე.წ. „ქართული ეროვნული ცენტრის“ აგენტი იყო თბილისელი გავლენიანი ექიმი, საქართველოს სსრ მთავრობის ყოფილი წევრი – აპოლონ ურუშაძე, რომელსაც ჰქონდა „კარგი რეპუტაცია“ საბჭოთა ხელისუფლებაში, როგორც ოქტომბრის რევოლუციის მონაწილეს და ადამიანს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა სამოქალაქო ომის დროს ოკუპანტებთან და კონტრრევოლუციონერებთან ბრძოლებში“- მიუთითებენ ავტორები. ესეც წმინდა წყლის ცილისწამება და დეზინფორმაცია გახლავთ. შენიშვნებში, აპ. ურუშაძის შესახებ დამატებით განმარტებაში კი ვკითხულობთ: „აპოლონ პავლეს ძე ურუშაძე (1888-1961) – ექიმი-სტომატოლოგი, 1917 წლს – დამფუძნებელი კრების წევრი (იგულისხმება რუსეთის დამფუძნებელი კრება, რომელიც დაშალა ლენინმა – ლ.უ.), ახლოს იცნობდა ნ. ჟორდანიას, ნ. რამიშვილს, სხვა ქართველ მენშევიკებს და ეროვნულ-დემოკრატებს. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მიემხრო ბოლშევიკებს, იყო საქართველოში რევოლუციური მოძრაობის და სამოქალაქო ომის მონაწილე, 1920-იანი წლების დამლევს და 1930-იანი წლების დამდეგს – საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი; 1936 წ. დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, დოცენტი. 1937-1948 წლებში თბილისის სტომატოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი. 1947 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1948-1961 წლებში – პროფესორი და თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე; საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი“.

ორივე ამონარიდში იმდენი შეცდომაა, რომ ადამიანი, რომელიც არ იცნობს პროფესორ აპოლონ ურუშაძის ბიოგრაფიას, ძალზე იოლად შევა შეცდომაში და სრულებით შერყვნილი წარმოდგენა შეექმნება ამ პიროვნებაზე. ახლა კი, ვნახოთ, თუ რეალურად, სინამდვილეში რას წარმოადგენდა იგი და ცხოვრების რა გზა განვლო.

აპოლონ პავლეს ძე ურუშაძემ (1886-1961) 1907 წელს დაამთავრა პეტერბურგის უმაღლესი კბილ-სამკურნალო კურსები, ხოლო 1928 წელს ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. იგი გახლდათ: 1908-1912 წლლებში პეტერბურგის უმაღლესი კბილ-სამკურნალო კურსების ქირურგიის განყოფილების გამგე, 1912-1917 წლებში რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ნიკოლოზ II-ის პირადი ექიმი-სტომატოლოგი. მინიჭებული ჰქონდა გრაფის ტიტული. 1917 წელს აირჩიეს რუსეთის დამფუძნებელ კრებაში, რომელიც პირველივე სხდომაზე დაშალეს ბოლშევიკებმა. იმავე წელს აპ. ურუშაძე დაბრუნდა სამშობლოში. იმავე წლის დამლევიდან იყო მემარჯვენე ესერი. 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მცირე ხნის შემდეგ, ესერთა პარტიის წარდგინებით, იგი დაინიშნა თბილისის პოლიციის უფროსად. პარალელურად, ეწეოდა კერძო საექიმო-სტომატოლოგიურ საქმიანობას. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის (1921 წლის თებერვალი-მარტი) შემდეგ, 1921-1923 წლებში, აქტიურად იყო ჩაბმული ანტისაოკუპაციო მოძრაობაში, რის გამოც ჩეკა-მ დააპატიმრა 1923 წელს. მცირე ხნის შემდეგ გაათავისუფლეს. ამის შემდეგ დაასრულა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი თერაპიული სტომატოლოგიის სპეციალობით. თბილისში დაბრუნების (1928 წ,) შემდეგ ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით, პრაქტიკულ საექიმო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. აპოლონ ურუშაძე იყო სტომატოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1930-იან წლებში კავშირი დაამყარა ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციასთან, კერძოდ, – „პრომეთესთან“ და „ქართულ ეროვნულ ცენტრთან“. 1951 წელს იგი კვლავ დააპატიმრეს. რომ არა საბჭოთა ტირანის, – სტალინის, სიკვდილი, აპ. ურუშაძეს არ ასცდებოდა მინიმუმ კარგა ხნით გადასახლება. საგულისხმოა, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სხვა ცნობილ მოღვაწეებთან ერთად იგი აღბეჭდილია 1920 წელს გადაღებულ დოკუმენტურ კადრებში. ფილმი დაცულია როგორც საქართველოს ეროვნული არქივის კინო-ფოტო-ფონოდოკუმენტების ცენტრალურ სახელმწიფო არქივში, ისე ეროვნული მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში. გარდა ამისა, მის შესახებ იხილეთ: http://ka.wikipedia.org/wiki/აპოლონ_ურუშაძე. აქვე აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის წლებში საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ დაპატიმრებული იყო პროფესორ აპოლონ ურუშაძის ვაჟი, შემდგომში ცნობილი მეცნიერი-ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი იგორ ურუშაძე (მისი საქმე დაცულია საქართველოს შსს საარქივო სამმართველოში).

დიდად სამწუხაროა, რომ ბოლშევიკურ-კომუნისტური შტამპი აშკარად შეიმჩნევა საქართველოს შსს საარქივო სამმართველოს ჟურნალის „საარქივო მოამბე“ არაერთ პუბლიკაციაზე. მაგალითად, ჟურნალის რამდენიმე ნომერში გამოქვეყნებულია სტალინის დედის, – კეკეს, მოგონებები მის ტროგლოდიტ პირმშოზე…

ზემოხსენებული რუსი ავტორები, განიხილავენ რა პრომეთეელთა მოძრაობის საქმიანობას, აღნიშნავენ, რომ ქართული პოლიტიკური ემიგრაციის და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გამოჩენილი მოღვაწე გიორგი გვაზავა, რომელიც რედაქტორობდა „პრომეთე“-ს ფრანგულენოვან ჟურნალს, სათავეში ედგა „საქართველოს სახალხო პარტიას“. გაუგებარია, რომელ პარტიას გულისხმობენ ჩეკისტი ავტორები… გ. გვაზავა სიცოცხლის ბოლომდე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახლდათ.

იქვე, რუსი ავტორები (В.К. Былинин, А.А. Зданович, В.И. Коротаев) მიუთითებენ: „შემდგომ პერიოდში ქართულ ემიგრაციას აფინანსებდა გერმანია. ამას ადასტურებს დოკუმენტი, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ ქართველ ნაციონალისტთა მოფაშისტო ჯგუფი, რომელიც შედიოდა „ეროვნული ცენტრის“ და „პრომეთე“-ს შემადგენლობაში, შალვა ოდიშარიას შუამავლობით მიღებული გერმანული ფულით, გამოსცემდა ყოველთვიურ ჟურნალს “La Georgie” („საქართველო“)“. ეს დოკუმენტი, რომელსაც ჩეკისტი ავტორები არ ასახელებენ, დაცულია რუსეთის სახელმწიფო სამხედრო არქივში (РГВА, ф. 308к., оп. 18, д. 18, л. 8). საფიქრებელია, რომ საქმე გვაქვს აგენტურულ შეტყობინებასთან. თუ ეს ასეა, მაშინ გვაქვს სრული საფუძველი ეჭვი შევიტანოთ მის სანდოობაში. ხსენებული ფრანგულენოვანი ჟურნალი გამოდიოდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ეგიდით. ქართული პოლიტიკური ანტიბოლშევიკური ემიგრაციის პარიოდული გამოცემები არსებობდა ქართველი პოლიტემიგრანტების შემოწირულობების საფუძველზე.

საინტერესოა ისიც, რომ რუსი ავტორები „თეთრ ემიგრანტებად“ («Белоэмигрант») მოიხსენიებენ ნოე რამიშვილს, ევგენი გეგეჭკორს და ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძეს, რაც გახლავთ სრული აბსურდი.

ჩეკისტი ავტორები აღნიშნავენ, რომ ქართული პოლიტიკური ემიგრაციისა და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო მოღვაწე შალვა ქარუმიძე 1917 წელს იყო ჩრდილოეთ კავკასიის „მთიელთა რესპუბლიკის“ მთავრობის პირველი შემადგენლობის წევრი, ხოლო 1926 წელს იგი ფარულად შეხვედრია იმხანად დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრს სერ უინსტონ ჩერჩილს. სამწუხაროდ, ავტორები არ მიუთითებენ შესაბამის წყაროებს. ცნობილია, რომ შ. ქარუმიძეს ძალზე ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩრდილოკავკასიელებთან. ამდენად, არ გამოვრიცხავთ, რომ იგი მართლაც მიეწვიათ „მთიელთა რესპუბლიკის“ მთავრობის წევრად. თუმცა, ეს დიდხანს არ უნდა გაგრძელებულიყო, ვინაიდან, იმავე 1917 წლის 23 ნოემბერს შ. ქარუმიძე არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად.

ასევე მცდარია და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული რუსი ავტორების მითითება, რომ 1918 წლის 26 მაისს ნ. ჟორდანია სათავეში ჩაუდგა საქართველოს ეროვნულ საბჭოს. სინამდვილეში, ეროვნულ საბჭოს თავმჯდომარეობდნენ ჯერ აკაკი ჩხენკელი, შემდეგ კი – ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე (იხ.: http://ka.wikipedia.org/wiki/საქართველოს_ეროვნული_საბჭო). ნ. ჟორდანია არ იყო არც პრეზიდენტი (ასეთი პოსტი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებაში არ არსებობდა) და არც მთავრობის პირველი თავმჯდომარე: იგი გახლდათ მთავრობის მეორე თავმჯდომარე (ნ. რამიშვილის შემდეგ).

რუსი ავტორები მასონად და მოძრაობა „პრომეთე“-ს ვიცე-თავმჯდომარედ მოიხსენიებენ გრიგოლ ნაკაშიძეს. ლიგის ვიცე-თავმჯდომარე გახლდათ ქართული პოლიტიკური ემიგრაციის გამოჩენილი მოღვაწე, ცნობილი პოლიტოლოგი, პროფესორი გიორგი (და არა გრიგოლ) ნაკაშიძე, რომელსაც არაფერი აკავშირებდა მასონებთან. „პრომეთე“-ში საქმიანობის შესახებ იგი თავად მოგვითხრობს ერთ მნიშვნელოვან გამოცემაში (იხ.: The Crimes of Khrushchev. Part 7. Consultations with Mr. Guivy Zaldastani, Mr. George Nakashidze, Mr. Dimitar K. Petkoff, Mrs. Catherine Boyan Choukanoff. Committee on UN-American Activities, House of Representatives, Eighty-Sixth Congress, 2nd Session. Jan. 8, 1960. Government Printing Office, Washington, 1960, pp. 15-16).

საბჭოთა უშიშროების მიერ „პრომეთე“-ს მოძრაობაზე თვალთვალი დავალებული ჰქონდა ნოე ჟორდანიას განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილ პირს, ნ. რამიშვილის დის შვილს შალვა ბერიშვილს (იხ.: გ. სულაძე. განსახილველი წიგნი, გვ. 285).

და ბოლოს, თვალშისაცემია ისიც, რომ ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს რუსი ჩეკისტების და გ. სულაძის სტილი… ეს არ არის გასაკვირი: მათ ხომ ერთი სკოლა აქვთ გავლილი…

7. ნოე რამიშვილის მკვლელობა. გერმანია და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია მეორე მსოფლიო ომის წინ.

1930 წლის 7 დეკემბერს პარიზში მოკლეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე (1918) და შინაგან საქმეთა მინისტრი (1918-1921) ნოე რამიშვილი. მკვლელი იყო საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ დაქირავებული ემიგრანტი პარმენ ჭანუყვაძე.

„1929-1930 წლებში ურთიერთდაპირისპირებამ სოციალ-დემოკრატბსა და მემარჯვენე ჯგუფებს შორის მწვავე ხასიათი მიიღო, რაც დაკავშირებული იყო ემიგრაციაში „თეთრი გიორგის“ გამოჩენასთან“, – აღნიშნავს გ. სულაძე (გვ. 194). ეს მტკიცება არ შეესაბამება ისტორიულ რეალობას: 1. დაპირისპირება სოციალ-დემოკრატებს (მენშევიკებს) და ქართული პოლიტიკური ანტიბოლშევიკური ემიგრაციის მემარჯვენე (ეროვნულ) ფრთას შორის მწვავე ხასიათის იყო ყოველთვის, გამონაკლისების გარეშე, რაც უკავშირდება ემიგრაციაშიც, მენშევიკთა ანტიეროვნულ, რუსოფილურ საქმიანობას; 2. ეროვნული ერთობის დარაზმულობა „თეთრი გიორგი“ პოლიტიკურ სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა არა 1929 წელს, არამედ 1924 წლის დამლევს, როდესაც იგი პარიზში დააარსეს ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა შემდგომში ცნობილი მეცნიერის შალვა ბერიძის ხელმძღვანელობით. 1925 წლიდან ორგანიზაციას სათავეში ჩაუდგა გამოჩენილი მოღვაწე, გენერალი ლეო კერესელიძე (1880-1944). „თეთრი გიორგი“, რომლის უცვლელი ლოზუნგი (ყიჟინა) იყო „საქართველო უწინარეს ყოვლისა!“, მუდამ იყო დაპირისპირებული სოციალ-დემოკრატთა პოლიტიკასთან.

როგორც ცნობილია, 1931 წლის ნოემბერში პარიზის სასამართლომ გამოიტანა ნოე რამიშვილის მკვლელის პ. ჭანუყვაძის გამამტყუნებელი განაჩენი.

„სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო იყო ეროვნულ-დემოკრატთა ის ჯგუფი, რომელსაც სპ. კედია ხელმძღვანელობდა, აგრეთვე „შეფიცულები“, „საქართველოს სამხედრო კავშირი“ და ორგანიზაცია „თეთრი გიორგი“, რომელთაც შექმნეს პ. ჭანუყვაძის დახმარებისათვის მუდმივმოქმედი ორგანო. ისინი ერთი პერიოდი შეეცადნენ სასამართლო გადაწყვეტილების გადახედვასაც, თუმცა უშედეგოდ“-ო, აღნიშნავს გ. სულაძე (გვ. 215). ავტორი არ მიუთითებს არც ერთ წყაროს.

ეროვნული, მემარჯვენე პოლიტიკური ემიგრანტული ორგანიზაციები ღიად არ აფიქსირებდნენ თავის დამოკიდებულებას აღნიშნული სასამართლო პროცესისადმი. ეს, უპირველესად ყოვლისა, ითქმის ეროვნული ერთობის დარაზმულობაზე „თეთრი გიორგი“. თუმცა, ცნობილია, რომ როგორც ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას,ისე დარაზმულობას, თავისი ანგარიშები ჰქონდათ ნ. რამიშვილთან.

„არ მინდა მიიჩქმალოს ერთი ფაქტი: დამფუძნებელი კრების არჩევნების წინ (იგულისხმება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნები 1919 წელს – ლ.უ.), ნოე რამიშვილს ესტუმრა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დელეგაცია. მათ რამიშვილს სთხოვეს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში გადასვლა და შესთავაზეს, ურეზერვოდ, პარტიის თავმჯდომარეობა. ამით ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ ნოე რამიშვილი მათ პარტიას არჩევნებს მოაგებინებდა, ხოლო ეროვნული მთავრობის შექმნით საქართველო უფსკრულში გადავარდნას გადაურჩებოდა. სამწუხაროდ, ნოე რამიშვილმა უარი განაცხადა, რაც მის დიდ დანაშაულად მიმაჩნია ქართველი ერის წინაშე“-ო, მიუთითებდა ნ. რამიშვილის ვაჟი აკაკი რამიშვილი (იხ.: აკაკი რამიშვილი. ჩვენი შეცდომები (1918-1921), თბილისი, 2006, გვ. 27). საერთოდ, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მემარჯვენე ფრთა ვერ პატიობდა ნ. რამიშვილს, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის პირველ თავმჯდომარეს, რომ მან, გამოიჩინა რა სისუსტე, დაუშვა ხელისუფლების სათავეში ნ. ჟორდანიას მოსვლა, რამაც, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დასამარებას. მიუთითებს რა მამამისის განსაკუთრებით მნიშვნელოვან შეცდომებზე, აკაკი რამიშვილი (1916-1999) აღნიშნავს:

„1. საქართველოს პირველი მთავრობის გადატრიალებისას გენერალ კვინიტაძეს არ დაუკავშირდა და არ სთხოვა კონსპირატორების დაპატიმრებისათვის ჯარის დახმარება;

2. 1920 წლის 7 მაისს ნოე ჟორდანიასა და ლენინს შორის ხელშეკრულების გაფორმებისას (რომელსაც ხელი მოაწერეს გრ. ურატაძემ და ლ. კარახანმა – ლ.უ.) არ დაიხმარა საგანგებო რაზმი და არ გაასამართლებინა ნოე ჟორდანია საველე სასამართლოს;

3. როდესაც წითელმა არმიამ დაიკავა აზერბაიჯანის ტერიტორია და 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დროს დაიწყო შემოტევა საქართველოზე, 40.000-იანმა ქართულმა ჯარმა გენერალ კვინიტაძის მეთაურობით უკუაგდო მათი შემოტევა და 40 კილომეტრით შეიჭრა აზერბაიჯანში. ამ დროს, 18 მაისს, ნოე ჟორდანიამ უბრძანა გენერალ კვინიტაძეს შეეჩერებინა ჩვენი ჯარის შეტევა და უკან დაეხია საქართველოში. ამ უმძიმესი ეროვნული დანაშაულის საწინააღმდეგოდ ნოე რამიშვილმა არ მიიღო არავითარი ზომები;

4. როდესაც ნოე რამიშვილმა დააჭერინა ილიას მკვლელობის შეთქმულების მონაწილეები ფილიპე მახარაძე და ბერბიჭაშვილი და მკვლელობის გამოსაძიებლად საკითხი წარუდგინა დამფუძნებელ კრებას, გამოიყო საგანგებო კომისია. ამ დროს კი, ნოე ჟორდანიამ ფარულად გამოაშვებინა ციხის უფროსს დამნაშავეები და თავის მძღოლს, თავისივე სახელმწიფო მანქანით ჩააყვანინა ვლადიკავკაზში. რატომ არ დაიხმარა ნოე რამიშვილმა საგანგებო რაზმი და საველე სასამართლო ნოე ჟორდანიას წინააღმდეგ.

ასეთი შეცდომებისათვის ნოე რამიშვილს გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისათვის.“ (იხ.: აკაკი რამიშვილი. დასახ. ნაშრომი, გვ. 63-64).

ეროვნული ძალების ნ. რამიშვილისადმი მკვეთრი დაპირისპირების მეტად სერიოზული მიზეზი გახლდათ გაზ. „კომუნისტში“ 1927 წელს გამოქვეყნებული ამ უკანასკნელის ცნობილი წერილი, რომელზეც ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი და, რომელიც ძალზე საეჭვოს ხდის მის „ეროვნულ სულისკვეთებას“ (იხ.: განსახილველი წიგნი, გვ. 139).

გ. სულაძე ასახელებს მიზეზებს იმისა, თუ რატომ იყო საბჭოთა სპეცსამსახურები დაინტერესებული ნ. რამიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციით:

„3. ნ. რამიშვილს, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერებს შორის უფრო მკაფიო პოზიცია ეკავა ეროვნულ საკითხში;

…6. ნ. რამიშვილის ძალისხმევით, საქართველომ საგარეო პოლიტიკის ვექტორები მიმართა ევროპისკენ, რამაც რუსეთის გაღიზიანება გამოიწვია“,- ასეთია ამ ჩამონათვალის ორი პუნქტი (გვ. 217).

ძალზე უსუსური არგუმენტებია: 1. ჯერ ერთი, თუ ლიკვიდაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მთავარი მიზეზები ნ. რამიშვილის ეროვნულობა და მისი პროდასავლური პოლიტიკური კურსი იყო, საბჭოთა უშიშროება უპირველესად ყოვლისა, ეცდებოდა დასავლეთში თავისი აგენტურის საშუალებით ისეთი გამორჩეული მოღვაწეების ლიკვიდაციას, როგორებიც იყვნენ მიხაკო წერეთელი, ლეო კერესელიძე, რევაზ გაბაშვილი, სპირიდონ კედია, რაფიელ ივანიცკი-ინგილო, ალექსანდრე ასათიანი, ნიკო ნაკაშიძე, ზურაბ ავალიშვილი, გიორგი მაჩაბელი და სხვანი. 2. როგორც ნათლად ჩანს აკ. რამიშვილის წიგნიდან, ნ. რამიშვილმა, რომელმაც შესანიშნავად უწყოდა ნ. ჟორდანიას როგორც ანტიეროვნული სულისკვეთება, ისე რუსეთუმეობა, თავისი უნიათობით ხელისუფლება ხელში ჩაუგდო მას, შემდეგში კი არაფერი იღონა იმისთვის, რომ წინ აღდგომოდა ჟორდანიას და მისი გუნდის დამღუპველ პოლიტიკას. 3. გ. სულაძის მტკიცებას მთლიანად აქარწყლებს „კომუნისტში“ გამოქვეყნებული ზემოხსენებული წერილიც. 4. პროდასავლური კურსის შენარჩუნებას (1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების გაფორმებამდე) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ახერხებდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, პროფესორ ზურაბ ავალიშვილის და დიპლომატიურ სამსახურში მყოფი ეროვნული მოღვაწეების, კერძოდ, – პროფესორ მიხაკო წერეთლის, გიორგი მაჩაბლის, გიორგი გვაზავას, კონსტანტინე გამსახურდიას და სხვათა უდიდესი ძალისხმევის წყალობით. მათი ეს ძალისხმევა ნულზე დაიყვანა სწორედ ნ. ჟორდანიამ და მისმა მორჩილმა გუნდმა.

ბოლშევიკები ვერ პატიობდნენ ქართველ მენშევიკებს, როგორც ყოფილ თანაპარტიელებს (როგორც ცნობილია, თავიდ დროზე, ორივე ფრთა შედიოდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის შემადგენლობაში), „სოციალიზმის დიადი იდეების“ ღალატს. სწორედ ამიტომ, უპირველესად ყოვლისა, მენშევიკები (განსაკუთრებით, ქართველი მენშევიკები) ჰყავდათ ნიშანში ამოღებული.

„ყურადსაღებია მოწმე დ. ქერქაძის წერილებში და ჩვენებებში არსებული ზოგიერთი ინფორმაცია. ის ემიგრანტებისადმი გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში გამოთქვამს პ. ჭანუყვაძის აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ „ჩავარდნის“ შემთხვევაში, მას დახმარების (ვექილების დაქირავების) იმედი ქონდა ქართველი ემიგრანტებისაგან: ალ. ასათიანისგან, ა. ამილახვრისაგან, ლ. კერესელიძისაგან, სპ. კედიასა და ს. ბერეჟიანისაგან. საქართველოს დევნილი მთავრობის არქივში დაცულ სასამართლო მასალებში (უწყებაში) ფიგურირებენ მოწმეები, რომლებიც, აუცილებლობის შემთხვევაში, გამოძახებულ უნდა ყოფილიყვნენ სენის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში ნ. რამიშვილის მკვლელობის სასამართლო განხილვასთან დაკავშირებით. ესენი იყვნენ: სპირიდონ კედია, მცხ. ლამარტის ქ. N58, გიორგი გეგელია, მცხ. ღარის N113, ალექსანდრე ასათიანი, მცხ. ღარის ქ. N4, ევგენი გეგეჭკორი, მცხ. ღარის ქ. N38. როგორც ვნახეთ, ზემოაღნიშნულ ქართველ ემიგრანტთა სასამართლო სხდომაზე გამოძახების აუცილებლობა, გარდა გ. გეგელიასი, არ დამდგარა“-ო, აღნიშნავს გ. სულაძე (გვ. 224).

ის, რომ ნ. რამიშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე გამოიძახეს გ. გეგელია, არ არის შემთხვევითი: მის გამოცხადებას აუცილებლად მოითხოვდა პ. ჭანუყვაძე, ვინაიდან, როგორც ცხადჰყოფს საქართველოს შსს საარქივო სამმართველოში დაცული საყურადღებო მასალები, გიორგი გეგელიას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა საბჭოთა სპეცსამსახურებთან. ამის შესახებ მითითებულია განსახილველ წიგნშიც (გვ. 224-229). არც ის გახლავთ შემთხვევითი, რომ პროცესზე არ გამოუძახებიათ დ. ქერქაძის მიერ დასახელებული ეროვნული მოღვაწეები.

გ. სულაძე განიხილავს მეორე მსოფლიო ომის წინა წლებში ქართული პოლიტიკური ემიგრაციის საქმიანობას გერმანიაში და მესამე რაიხის სპეცსამსახურების დამოკიდებულებას ქართველი ემიგრანტებისადმი.

„ბერლინში არსებობდა ფაშისტური ორგანიზაცია „თეთრი გიორგიც“, რომელსაც ხელმძღვანელობდა მიხეილ წერეთლის შვილი ოთარ წერეთელი.“- აღნიშნულია განსახილველ წიგნში (გვ. 255).

ბერლინში არ არსებობდა დამოუკიდებელი ორგანიზაცია „თეთრი გიორგი“. იგი გახლდათ ეროვნული ერთობის დარაზმულობა „თეთრი გიორგი“-ს შემადგენელი ნაწილი. 1944 წლამდე დარაზმულობის ლიდერი (მთავარი მდივანი) გახლდათ გენერალი ლეო კერესელიძე, ხოლო მისი მოადგილე, – პროფესორი მიხეილ (მიხაკო) წერეთელი. გენერალ კერესელიძის ტრაგიკული აღსასრულის (1944 წ.) შემდეგ ორგანიზაციას სათავეში ჩაუდგა მიხ. წერეთელი, რომელსაც მხარში ედგნენ დოქტორი გ. მაღალაშვილი, ს. ბერეჟიანი, პროფესორი კ. სალია და სხვანი (იხ.: ლევან ზ. ურუშაძე. ქართული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაციის „თეთრი გიორგი“-ს ისტორიისათვის (მონოგრაფიული გამოკვლევა), ჟურნ. „ამირანი“, მონრეალი-თბილისი, XXI, 2009, გვ. 166-204).

აქვე, ერთ საგულისხმო მომენტზე გვსურს გავამახვილოთ ყურადღება. სხვა ზოგიერთი ავტორის მსგავსად, გ. სულაძე სიამოვნებით მიუთითებს, რომ „თეთრი გიორგი“ იყო ფაშისტური ორგანიზაცია. მათ ავიწყდებათ (ან არ ავიწყდებათ და გამიზნულად ირჯებიან ასე), რომ დარაზმულობა იყო ეროვნული პოლიტიკური გაერთიანება, რომლის ერთადერთი მიზანი იყო მესამე რაიხის საშუალებით საქართველოს გამოხსნა რუსეთის ბოლშევიკური იმპერიის მარწუხებიდან და არა ნაცისტური იდეოლოგიისადმი სამსახური. ეს უმნიშვნელოვანესი დებულება არაერთგზის არის დაფიქსირებული როგორც „თეთრი გიორგი“-ს საპროგრამო დოკუმენტებში, ისე მის მთავარ იდეოლოგთა ნააზრევში. გ. სულაძის ამგვარი, დესტრუქციული დამოკიდებულება არ არის გასაკვირი: იგი ერთგულია ჩეკისტური ტრადიციებისა…

„ს. ახმეტელმა და მ. წერეთელმა გადაწყვიტეს ხელში აეღოთ ინიციატივა და გაეერთიანებინათ გერმანიაში არსებული ყველა ქართული დაჯგუფება. ამ გაერთიანებას ეწოდა ქართველ ნაციონალისტთა ორგანიზაცია (ქნო). მასში შევიდნენ ეროვნულ-დემოკრატები, „თეთრი გიორგი“, უპარტიოები. დასაწყისში ქნო-ში შესვლის სურვილი გამოთქვეს სოციალ-დემოკრატებმაც, თუმცა, შემდგომში თავი შეიკავეს. ორგანიზაციას სათავეში უნდა ჩადგომოდნენ ან ს. ახმეტელი ანდა მ. წერეთელი. მაგრამ ამ უკანასკნელებმა მტკიცე უარი განაცხადეს. შემოთავაზებულ წინადადებას ხანგრძლივი თხოვნის შემდეგ დათანხმდა ტიტე მარგველაშვილი და ის გახდა გერმანიაში ქართველ ნაციონალისტთა ორგანიზაციის პირველი თავმჯდომარე. ქნო-ს გააჩნდა საკუთარი ბეჭდვითი ორგანო – ჟურნალი „კლდე“, რომელიც დაარსდა 1934 წლის ივნისში. მისი რედაქტორი იყო კ. ხოშტარია.“- აღნიშნავს გ. სულაძე (გვ. 255).

ამ შემთხვევაშიც ფაქტების სერიოზულ აღრევას აქვს ადგილი. ეროვნული ერთობის დარაზმულობა „თეთრი გიორგი“ და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია არასდროს ყოფილან „ქართველ ნაციონალისტთა ორგანიზაციის“ შემადგენლობაში.ის, რომ ქნო-ს ხელმძღვანელები ტ. მარგველაშვილი და კ. ხოშტარია იყვნენ, იმავდროულად, „თეთრი გიორგი“-ს წევრები, არ ნიშნავს იმას, რომ დარაზმულობა ქნო-ს შემადგენლობაში შედიოდა. ქნო, რომელიც არსებობდა 1937 წლამდე, იყო არა პოლიტიკური ორგანიზაციების გაერთიანება, როგორც მიუთითებს გ. სულაძე, არამედ დამოუკიდებელი ეროვნულ-პოლიტიკური ორგანიზაცია. ავტორი მოიხსენიებს „ს. ახმეტელს“. უნდა იყოს პროფესორი მიხეილ ახმეტელი, – ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო მოღვაწე, ცნობილი მეცნიერი-პოლიტოლოგი, მეორე მსოფლიო ომის წლებში „ვანზეე“-ს ინსტიტუტის დირექტორი. ალბათ, განსახილველი წიგნის ავტორს იგი მის ასევე სახელოვან ბიძაშვილში სანდრო ახმეტელში აერია…

„შ. მაღლაკელიძის აზრით (მონაცემები ეკუთვნის 1958 წელს), ოფიციალურ გერმანულ წრეებთან კონტაქტების დასამყარებლად პარიზში არსებობდა კავკასიის ემიგრაციის საიდუმლო ცენტრი, რომელშიც შედიოდნენ ნოე ჟორდანია, სომეხ დაშნაკთა ყოფილი წარმომადგენელი ევროპაში არშაკ ჯამალიანი და თვით შალვა მაღლაკელიძე. ცენტრის გადაწყვეტილებით, შ. მაღლაკელიძე 1938 წლის მიწურულს მივლინებული ყოფილა ბერლინში.“- აღნიშნულია განსახილველ წიგნში (გვ. 269).

ჯერ ერთი, ხსენებული ცენტრი არ იყო „საიდუმლო“ და იგი გაცილებით მრავალრიცხოვანი იყო. ახალი რეალიების გათვალისწინებით, იგი მიზნად ისახავდა კავკასიური ანტისაბჭოთა დიასპორის კონსოლიდაციას, მის კოორდინირებულ მოქმედებას და მესამე რაიხის დაინტერესებას კავკასიის რეგიონის პრობლემებით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ იყო კავკასიური ემიგრანტული პოლიტიკური ძალების შეკავშირება-კონსოლიდაციის პირველი მცდელობა. ჯერ კიდევ 1921 წლის ივნისში, პარიზში შედგა მოლაპარაკება ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკის, საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკების დევნილი მთავრობების წარმომადგენელთა და ემიგრაციაში გახიზნულ პოლიტიკურ ძალთა მონაწილეობით. აღნიშნული წლის 10 ივნისს ხელი მოეწერა შეთანხმებას ალიანსის შექმნის შესახებ. მას ხელი მოაწერეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთში აკაკი ჩხენკელმა, მთიელთა რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა ა. ჩერმოევმა, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა ა. თოფჩიბაშევმა და სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა ა. აჰარონიანმა (იხ.: National Republic of Georgia, გვ. 278-279).

ცხადია, შ. მაღლაკელიძის აქტიურ თანამშრომლობას მესამე რაიხთან და ნაცისტურ პარტიასთან საფუძველი ჩაეყარა სწორედ 1938 წელს. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ამ დროს უკვე გაფუჭებული იყო მისი ურთიერთობა „თეთრი გიორგი“-ს ლიდერებთან ლეო კერესელიძესთან და მიხაკო წერეთელთან (იხ.: ლევან ზ. ურუშაძე. დასახ. ნაშრომი, გვ. 182). უნდა ვივარაუდოთ, რომ ამის შემდეგ, საკუთარი პოლიტიკური ამბიციებიდან გამომდინარე, შ. მაღლაკელიძემ გადაწყვიტა პოლიტიკურ და სამხედრო არენაზე წამოტივტივება მესამე რაიხის მმართველი სტრუქტურების, კერძოდ, – ნაცისტური პარტიის დახმარებით, გახდა რა აღნიშნული პარტიის წევრი. ამ მხრივ, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელთა უდიდესი ნაწილი, მათ შორის ლეო კერესელიძე და მიხაკო წერეთელი, დიდ თავშეკავებას იჩენდნენ. ისინი, მართალია თანამშრომლობდნენ მესამე რაიხთან, მაგრამ საგრძნობ დისტანციას ინარჩუნებდნენ ნაცისტურ პარტიასთან მიმართებაში.

გ. სულაძე მიუთითებს, რომ საბჭოთა სპეცსამსახურები დაინტერესებულნი იყვნენ გერმანიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი პოლიტემიგრანტით და მრეწველით, აკადემიკოს სიმონ ყაუხჩიშვილის უფროსი ძმით, დოქტორ მიხეილ ყაუხჩიშვილით (გვ. 260).

„მ. ყაუხჩიშვილმა 1913 წლს დაამთავრა პეტერბურგის ელექტროტექნიკური ინსტიტუტი და იქვე დარჩა კათედრაზე“-ო, გვაცნობს ჩვენი სახელოვანი თანამემამულის ბიოგრაფიის დეტალებს გ. სულაძე. ინგლისში გამომავალი ქართული ემიგრანტული ჟურნალის „თანამემამულე“ 2008 წლის მე-2 ნომერში გამოქვეყნდა მ. ყაუხჩიშვილის შვილის, აწგანსვენებული პროფესორის ნინო ყაუხჩიშვილის „მცირე მოგონება“. ქ-ნი ნინო, რომელიც, სამწუხაროდ, 2010 წელს გარდაიცვალა, აღნიშნავს, რომ მამამისმა 1913 წელს დაასრულა პეტერბურგის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი და პეტერბურგის მუნიციპალიტეტში დაიწყო მუშაობა.

გ. სულაძე მიუთითებს, რომ 1914 წელს მ. ყაუხჩიშვილი წარგზავნეს გერმანიასა და საფრანგეთში, რაც ასევე არ არის სწორი: ქ-ნ ნინოს მითითებით, მამამისი პეტერბურგში მოღვაწეობდა 1917 წლამდე. 1917-1919 წლებში თბილისში მუშაობდაო, განაგრძობს გ. სულაძე. ნ. ყაუხჩიშვილი კი აღნიშნავს, რომ 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე, მიხეილ ყაუხჩიშვილი გაიგზავნა გერმანიაში, ატაშედ კომერციულ საკითხებში. არც ის ყოფილა სწორი, რომ 1919 წელს ჩვენი თანამემამულე კარლსრუეს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მიიწვიეს, სადაც 1922 წელს მიუღია დოქტორის ხარისხი. აღნიშნულ ინსტიტუტში მუშაობა, როგორც ქ-ნი ნინო გვამცნობს, მამამისს დაუწყია 1920 წელს. 1923-1947 წლებში, გარდაცვალებამდე, დოქტორი მიხ. ყაუხჩიშვილი მოღვაწეობდა მთელს მსოფლიოში ცნობილი ფირმის, – „სიმენს“-ის ტექნიკურ დირექტორად. 1947 წელს მიიწვიეს ციურიხის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტად, მაგრამ, არ დასცალდა: რამდენიმე თვეში იგი გარდაიცვალა.

გ. სულაძის თქმით, 1925 წელს ს. ორჯონიკიძემ პროფესორ შალვა ნუცუბიძეს დაავალა მ. ყაუხჩიშვილის დაყოლიება, რომ ეს უკანასკნელი დაბრუნებულიყო საქართველოში (გვ. 261). ქ-ნი ნინო აღნიშნავს, რომ 1927 თუ 1928 წელს მამამისს გერმანიაში, სტალინის დავალებით, ეახლა საბჭოთა დელეგაცია. მიხეილ ყაუხჩიშვილმა უარი განაცხადა დაბრუნებაზე…

გ. სულაძე ყურადღებას ამახვილებს ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ყოფილ წარმომადგენელზე, მოგვიანებით საქართველოში რეემიგრირებულ სოციალ-დემოკრატზე შალვა ბერიშვილზე, რომელიც გახლდათ ნ. რამიშვილის დის შვილი. შ. ბერიშვილი, როგორც ცხადჰყოფს საქართველოს შსს საარქივო სამმართველოში, ყოფ. სუკ-ის ფონდში დაცული მასალები, მჭიდროდ იყო დაკავშირებული საბჭოთა სპეცსამსახურებთან და პირადად ლ. ბერიასთან (გვ. 274-309). ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ იგი ნ. ჟორდანიას განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა. ამდენად, ბუნებრივია, შ. ბერიშვილი იყო საბჭოთა სპეცსამსახურების ერთ-ერთი ყველაზე სანდო ინფორმატორი ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

ასევე ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ გ. სულაძე აქტიურად ცდილობს ამ 30 ვერცხლად სულგაყიდული პიროვნების „გათეთრებას“.

„შალვა ბერიშვილის უმძიმესი ცხოვრება და ფათერაკებით აღსავსე საქმიანობა მაგალითია იმისა, თუ რა სასტიკი და დაუნდობელი იყო საბჭოთა ტოტალიტარული სისტემა“-ო, აღნიშნავს ავტორი (გვ. 274-275). იმ ჭეშმარიტი და თავდადებული მამულიშვილების ცხოვრებაზე რას გვეტყვის ბ-ნი გ. სულაძე, რომლებიც, წლების მანძილზე, უსინდისოდ „ჩაუშვა“ შ. ბერიშვილმა?..

ავტორი მნიშვნელოვან ადგილს უთმობს შ. ბერიშვილის საქმიანობას თურქეთში. ამასთან, იგი არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ საბჭოთა სპეცსამსახურების საქმიანობის თვალსაზრისით, რას წარმოადგენდა 1920-იანი-1930-იანი წლების თურქეთი. ამ მხრივ მეტად საინტერესოა 1935 წელს პარიზში რუსულ ენაზე გამოცემული საყურადღებო წიგნი „Г.П.У. и эмигранты в Истамбуле“. ნაშრომის ავტორი ამოფარებულია ფსევდონიმს „Горели“.

„თუმცა, თურქეთთან შეთანხმების ძალით, საბჭოთა რუსეთს თურქეთში არ უნდა ჰყავდეს Г.П.У.-ს („საგანგებო კომისიის“ მემკვიდრე „მთავარი პოლიტიკური სამმართველო“-ს აბრევიატურა – ლ.უ.) აგენტურა, მაგრამ, ხომ იცით, პოლიტიკა, დიპლომატია… თავის მხრივ, თურქებმაც შესანიშნავად იციან ეს, მაგრამ თვალს ხუჭავენ. ესეც პოლიტიკაა, დაპირებები, საბჭოების მიერ ნაჩუქარი აეროპლანები… და Г.П.У. მეფობს. მისი წყალობით, ყოველივე სულიერი აქაური ემიგრანტისა, ჩაკლულია, დეზორგანიზებულია, შერყვნილია: „ყველანი მონები არიან და მონობაში თანასწორნი“. საბჭოთა რუსეთი თურქეთში აკეთებს ყველაფერს, რაც სურს და, ამგვარ სიტუაციაში, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ემიგრანტის მდგომარობა,“- ვკითხულობთ ამ ნაშრომში (გვ. 6-7). იქვე მითითებულია, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ყავდა საბჭოთა იმპერიის სპეცსამსახურებს იმდენი აგენტი, რამდენიც თურქეთში. ამდენად, სავსებით ნათელია, რომ სწორედ თურქეთი წარმოადგენდა საუკეთესო გარემოს საბჭოთა უშიშროების მიერ მოსყიდული ემიგრანტი აგენტებისთვის. მათგან ერთ-ერთი იყო შ. ბერიშვილი…

„თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული და საღად მოაზროვნე ახალგაზრდა“,-ასე ახასიათებს იმდროინდელ შ. ბერიშვილს გ. სულაძე (გვ. 275), თუმცა, შემდგომი თხრობის დროს, იძულებულია, წარმოაჩინოს საბჭოთა სპეცსამსახურების სამსახურში მყოფი ამ გარეწრის „ცოტა“ განსხვავებული პორტრეტი…

აღწერს რა 1940 წლის მოვლენებს, გ. სულაძე აღნიშნავს: „… მას (შ. ბერიშვილს – ლ.უ.) აქ ელოდებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი ა. რაფავა და საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მაღალი რანგის თანამშრომელი ილინი. იმავე დღეს (1940 წლის 21 სექტემბერს – ლ.უ.) შ. ბერიშვილი თბილისში გაემგზავრა, იქიდან კი მოსკოვში აღმოჩნდა. ლავრენტი ბერიამ დიდი ინტერესით მოისმინა ინფორმაცია ანტისაბჭოთა ემიგრაციაში მიმდინარე პროცესებთან და იმ საქმიანობასთან დაკავშირებით, რასაც შ. ბერიშვილი უკანასკნელი წლების მანძილზე ეწეოდა. შ. ბერიშვილის სადაზვერვო შესაძლებლობები იმდენად საინტერესო იყო, რომ იქვე, ლ. ბერიას კაბინეტში გადაწყდა მისი გადმობირება და საბჭოთა ქვეყნისთვის სასარგებლო მეტად სარისკო და სპეციფიური საქმიანობის წარმოება“ (გვ. 284). ვფიქრობთ, ყველანაირი კომენტარი ზედმეტია!..

და ბოლოს, ჩნდება ერთი სავსებით ბუნებრივი და ლოგიკური შეკითხვა: იცოდა, თუ არა ნ. ჟორდანიამ, ვისი განსაკუთრებული ნდობითაც სარგებლობდა შ. ბერიშვილი, ამ უკანასკნელის საბჭოთა სპეცსამსახურებთან ეგზომ აქტიური თანამშრომლობის შესახებ?.. ნ. ჟორდანიას ბიოგრაფიიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავთ, რომ მას ცოდნოდა ყოველივე ეს…

8. „ქართული ლეგიონი“, „ქართული ეროვნული კომიტეტი“, „თეთრი გიორგი“

გ. სულაძე საგანგებო ყურადღებას უთმობს ქართული პოლიტიკური ანტისაბჭოთა ემიგრაციის საქმიანობას მეორე მსოფლიო ომის წლებში. სამწუხაროდ, განსახილველი ნაშრომის ეს ნაწილიც დახუნძლულია უზუსტობებითა და შეუსაბამობებით.

ასახელებს რა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის იმ მოღვაწეებს, რომლებიც სარგებლობდნენ გავლენით მესამე რაიხში, ავტორი აღნიშნავს: „ესენი ყოფილან: კიტა ჩხენკელი (აკაკი ჩხენკელის ძმა), ნიკო იმნაიშვილი (სოციალ-დემოკრატი), პროფესორი ნიკურაძე (კავკასიის ოფისის მდივანი), ახალგაზრდა ახმეტელი და რუსიშვილი. ძველი თაობიდან გერმანელები ანგარიშს უწევდნენ ვლადიმერ ახმეტელს, შალვა ამირეჯიბს და მიხაკო წერეთელს. პარიზის ქართული პოლიტიკური ემიგრაცია დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ქართული ლეგიონების ჩამოყალიბებას. ამ მიზნით მათ პარიზში გაუგზავნიათ სპეციალური რწმუნებულები: სამსონ ყრუაშვილი, სოსო გვარამაძე, საშა (ალექსანდრე) სულხანიშვილი. ამ საქმის ხელმძღვანელებად ბერლინიდან დაუნიშნავთ: გენერალი კვინიტაძე, დათა ვაჩნაძე და საფრანგეთის არმიის ოფიცერი დათა შალიკაშვილი. მათ უცდიათ პოლონეთის არმიის ყოფილი ოფიცრების ჩართვა ქართულ ლეგიონებში, თუმცა იგრძნობოდა, რომ ამის მსურველები არც თუ ისე ბევრნი ყოფილან. ლეგიონების შექმნით ქართველები ცდილობდნენ ნაცისტური გერმანიის უმაღლესი სახელისუფლებო წრეების საქართველოს თემატიკით დაინტერესებას“ (გვ. 317). იქვე ავტორი აღნიშნავს, რომ გერმანიაში „პოლიტიკური საქმიანობით ძირითადად რამდენიმე ქართველი, ისიც ახალგაზრდა, ყოფილა დაკავებული.“

რაც შეეხება კიტა ჩხენკელს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შვეიცარიაში გადავიდა და ციურიხის უნივერსიტეტში ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას (ქართველოლოგიის დარგში შეტანილი დიდი წვლილისთვის მას მინიჭებული ჰქონდა აღნიშნული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება), იგი ნაკლებად ერეოდა პოლიტიკაში. იგი ოფიციალურად თარჯიმნის მოვალეობას ასრულებდა. გარდა ამისა, მესამე რაიხის აღმოსავლეთის საქმეთა სამინისტროს და ვერმახტისთვის გამოიცა მის მიერ შედგენილი გერმანულ-ქართული ლექსიკონი და სასაუბრო.

როდესაც ვუთითებთ „პროფესორ ნიკურაძეს“, უნდა განვმარტოთ, თუ რომელ ნიკურაძეს ვგულისხმობთ: გერმანიაში მოღვაწეობდნენ ძმები – იოჰან (ივანე) და ალექსანდრე ნიკურაძეები. უფროსი, – იოჰანი გახლდათ მსოფლიო სახელის მქონე მეცნიერი-თბოფიზიკოსი, მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი და თბოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი. უმცროსი ძმა, – ალექსანდრე იყო გამოჩენილი ფიზიკოსი და პოლიტოლოგი, პროფესორი, მიუნხენის აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორი. იგი სარგებლობდა როზენბერგის განსაკუთრებული ნდობით. იგი აქვეყნებდა „სანდერს“-ის ფსევდონიმით. რა თქმა უნდა, ზემოთ მოხმობილ ამონარიდში იგულისხმება სწორედ ალექსანდრე ნიკურაძე.

არც თუ ეთიკურია ადამიანის ასე მოხსენიება: „ახალგაზრდა ახმეტელი“. პროფესორი მიხეილ ახმეტელი იყო გამოჩენილი პოლიტოლოგი, სოვეტოლოგი, მეორე მსოფლიო ომის წლებში ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი და „ვანზეეს ინსტიტუტი“-ს დირექტორი. ომის შემდეგ იგი გახლდათ მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი. მიხეილ ახმეტელს დიდი დამსახურება მიუძღვის საჭოთა იმპერიის და აღმოსავლეთ ევროპის აგრარული პოლიტიკის შესწავლის საქმეში.

გ. სულაძე სახელის მითითების გარეშე ასახელებს ვინმე „რუსიშვილს“. იგულისხმება ქართული პოლიტიკური ანტისაბჭოთა ემიგრაციის თვალსაჩინო მოღვაწე, დოქტორი რაჟდენ ყორჩიბაში-რუსიშვილი.

ძველი თაობიდან დასახელებულნი არიან მხოლოდ ვლადიმერ ახმეტელი, შალვა ამირეჯიბი და მიხაკო წერეთელი. საინტერესოა, სად გაქრნენ გენერალი ლეო კერესელიძე, პროფესორი ზურაბ ავალიშვილი, გრიგოლ დიასამიძე, მიხეილ წულუკიძე, სპირიდონ ჭავჭავაძე, გრიგოლ რობაქიძე და სხვანი?..

პოლიტიკაში მხოლოდ რამდენიმე ახალგაზრდა ქართველი იყოო, აღნიშნავს გ. სულაძე. მის მიერ მითითებული პოლიტემიგრანტების გარდა, მესამე რაიხის გერმანიაში მოღვაწეობდნენ და მაღალი რეპუტაციით სარგებლობდნენ: დავით მარჯანიშვილი, კირილე ვეკუა, კორნელი ხოშტარია, სიმონ გოგოლაშვილი, ვალერიან ტოგონიძე, ტიტე მარგველაშვილი, ალექსანდრე კორძაია, მიხეილ კედია, ალექსანდრე ჭეიშვილი, გიორგი მაღალაშვილი, ისიდორე მანწკავა, ფრიდონ წულუკიძე, ედუარდ (გიორგი) პაპავა, მიხეილ ყაუხჩიშვილი, გრიგოლ ალშიბაია, ოთარ წერეთელი, გიორგი ინჯია, გიორგი ნაკაშიძე, ნიკო ნაკაშიძე და სხვანი…

რაც შეეხება გენერალ გიორგი კვინიტაძეს, იგი აქტიურად არ ჩარეულა ამ საქმიანობაში, თუმცა, გარკვეულ ეტაპზე მონაწილეობდა ქართული ლეგიონების ფორმირების პრინციპების შემუშავებაში. პრაქტიკულ ღონისძიებებში სახელოვან გენერალს მონაწილეობა არ მიუღია.

ვსაუბრობთ რა ქართული ლეგიონის ისტორიაზე, არ შეიძლება არ დავასახელოთ ამ სფეროში გამოცემული ფუნდამენტური და უაღრესად მნიშვნელოვანი მონოგრაფია: პარიზში მოღვაწე ქართველი ისტორიკოსის, დოქტორ გიორგი მამულიას რუსულ ენაზე შესრულებული წიგნის „Грузинский легион и борьбе за свободу и независимость Грузии в годы второй мировой войны“ მეორე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა (თბილისი, 2007). გადაუჭარბებელი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს არის შეუცვლელი სამაგიდო წიგნი ყველა სპეციალისტისთვის, რომელიც მუშაობს ვერმახტის ქართული ლეგიონის ისტორიის საკითხებზე.

როგორც გ. სულაძე მიუთითებს, „ლეგიონების შექმნით ქართველები ცდილობდნენ ნაცისტური გერმანიის უმაღლესი სახელისუფლებო წრეების საქართველოს თემატიკით დაინტერესებას.“ მეტად ზედაპირული განცხადებაა! არა, ბატონო გელა! მეორე მსოფლიო ომის წლებში, როგორც „ქართული ლეგიონი“-ს შექმნით, ისე სხვა ქმედებებით, ქართული პოლიტიკური ანტისაბჭოთა ემიგრაცია ცდილობდა მესამე რაიხის გამოყენებას ერთადერთი მიზნის ხორცშესხმისათვის, – რუსული საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან სამშობლოს გამოხსნისათვის და ამ საქმეში იმთავითვე დადგნენ მათ გვერდით გავლენიანი გერმანელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწეები იმხანად მესამე რაიხის საგარეო საქმეთა მინისტის მოადგილის, საქართველოს დიდი მეგობრის, გრაფ ვერნერ ფრაიერ ფონ დერ შულენბურგის ხელმძღვანელობით…

იმისათვის, რომ მკითხველისთვის ცხადი გახდეს მეორე მსოფლიო ომის წლებში ქართული პოლიტიკური ანტისაბჭოთა ემიგრაციის საქმიანობის არსი და ძირითადი მიზანი, მოვიხმობთ ამონარიდს აშშ-ის კონგრესის 1954 წლის მოხსენედან „კომუნისტური გადატრიალება და საქართველოს ოკუპაცია“ (ქართული თარგმანი, თბილისი, 2008, გვ. 55): „1942 წელს გერმანიის ხელისუფლებამ დააარსა ქართული შტაბი (Georgischer Verbindungsstab). გაიცა ქართველი ტყვეების დაქირავებისა და მათგან ქართული ნაწილების შექმნის ნებართვა. 30,000-ზე მეტი ადამიანი საბრძოლო დაჯგუფებაში ნებით გაწევრიანდა… ცხადია, ქართველები გერმანიისთვის მის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულის ან მისი იდეების რწმენის გამო არ იბრძოდნენ. ისინი გერმანიის სახით იმ ძალას ხედავდნენ, რომელსაც საბჭოთა რეჟიმისა და ტირანიის დამხობა შეეძლო. ისინი გერმანელების მხარეს გადავიდნენ, რადგან ეს მათ კომუნიზმისა და მათი ქვეყნის რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობას აძლევდა.“

„ქართული ლეგიონი“-ს სათავეებთან იდგნენ მესამე რაიხის აღმოსავლეთის საქმეთა სამინისტრო, „ქართული სამოკავშირეო შტაბი“ და ეროვნული ერთობის დარაზმულობა „თეთრი გიორგი“, აგრეთვე, ის გერმანელი მოღვაწენი, რომლებიც ოპოზიციაში ედგნენ ჰიტლერის პოლიტიკას. ამ მოღვაწეთა შორის იყვნენ ფონ დერ შულენბურგი და ადმირალი კანარისი. ისინი ჰიტლერის ბრძანებით დახვრიტეს 1944 წელს. რა თქმა უნდა, ამან უარყოფითად იმოქმედა „ქართულ ლეგიონზეც“. (იხ.: ლევან ზ. ურუშაძე, ქართული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაციის „თეთრი გიორგი“-ს ისტორიისათვის, გვ. 167, 178).

შემთხვევითი არ გახლდათ ისიც, რომ მიხაკო წერეთელმა კატეგორიული უარი განაცხადა „თეთრი გიორგი“-ს გერმანიაში ოფიციალურ რეგისტრაციაზე, ვინაიდან, თვლიდა, რომ ეს უნდა მომხდარიყო კომუნისტური საოკუპაციო რეჟიმის ბატონობისგან გათავისუფლებულ საქართველოში (იხ.: ლევან ზ. ურუშაძე. დასახ. ნაშრომი).

მეორე მსოფლიო ომის წლებში ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მემარჯვენე ფრთის მოღვაწეობის არსს ზედმიწევნით წარმოაჩენს გენერალ ლეო კერესელიძის სიტყვები: „ამა წლის 22 ივნისს შესრულდა ორი წელი გერმანიასა და რუსეთს შორის ომის გამოცხადებისა. მთელი 20 წლის განმავლობაში ქართველი ერი მოუთმენლად ელოდა ამ სანატრელ მომენტს. ქართველობამ კარგად უწყოდა, რომ პატარა საქართველო საკუთარი ძალით ბუმბერაზულ რუსეთს ვერ დასძლევდა, რაც 1924 წლის სახელოვანმა აჯანყებამ ნათელ ჰყო. აუცილებელი იყო რომელიმე გარეშე ძლიერი ძალის დახმარება. ხოლო, ასეთ ძლიერსა და ბოლშევიზმთან ბუნებრივად დაპირისპირებულ ძალას გერმანია წარმოადგენდა, ის გერმანია, რომელმაც უკვე ერთხელ 1918 წელს, ჩვენი სამშობლო გაათავისუფლა. აი, რატომ არის დღეს მთელი ქართველი ხალხი სულიერად თუ ფიზიკურად გერმანიის გვერდით დარაზმული… გერმანიის გამარჯვებას რუსეთზედ ჩვენთვის ორნაირი მნიშვნელობა აქვს. პირველი ის, რომ ეს გამარჯვება საქართველოს საბოლოოდ იხსნის რუსეთის ბატონობისაგან. გერმანიის გამარჯვებას საქართველოსთვის აქვს კიდევ ის მნიშვნელობა, რომ იგი ნიშნავს ევროპული ცივილიზაციის გამარჯვებას კომუნისტურ-მარქსისტულ-ბარბაროსულზედ“ (იხ.: გენ. ლეო კერესელიძე. 22 ივნისი.- ჟურნ. „ქართველი ერი“, ქართული ეროვნული კომიტეტის ორგანო, ბერლინი, N 1-2, 1943, გვ. 2).

„გერმანელთა მიერ ვარშავის ოკუპაციის შემდეგ (1939 წელი – ლ.უ.) დიდად გახარებულა ალშიბაია-კანდელაკის ჯგუფი და მათი უსიტყვო მიმდევარი გენერალი კონიაშვილი. განსაკუთრებით ამ პერიოდში, ქართველთა მხრიდან, ადგილი ჰქონია „გესტაპოში“ ერთმანეთის დაბეზღებას“-ო, აღნიშნავს გ. სულაძე და ისევ, სათანადო წყაროს მითითების გარეშე (გვ. 317).

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) და პოლონეთის ეროვნული არმიების გენერალი ალექსანდრე კონიაშვილი არასდროს ყოფილა „ალშიბაია-კანდელაკის ჯგუფის“ უსიტყვო მიმდევარი. პოლონეთის არმიის პოლკოვნიკი ნიკოლოზ კანდელაკი სწორედ გენერალ კონიაშვილის მოადგილე გახლდათ. რაც შეეხება დოქტორ გრიგოლ ალშიბაიას, იგი მოღვაწეობდა მესამე რაიხის აღმოსავლეთის საქმეთა სამინისტროს კავკასიის განყოფილებაში (იხ.: ამბროსი გრიშიკაშვილი. ქართველები პოლონეთში.- http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000023/Gartvelebi%20Polonetchi.pdf).

რაც შეეხება გესტაპოში დაბეზღებას, სამწუხაროდ, ასეთ უღირს ფაქტებს მართლაც ჰქონდა ადგილი, რის შესახებ პირდაპირ ლაპარაკობს ალშიბაიასადმი მიწერილ თავის 1940 წლის 25 მარტის წერილში გენერალი კონიაშვილი (იხ.: ამბროსი გრიშიკაშვილი. დასახ. ნაშრომი). მეტად სამწუხარო ფაქტია, რომ ერთ-ერთი ასეთი დაბეზღების შედეგად 1942 წელს დააპატიმრეს გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე (იხ.: ამბროსი გრიშიკაშვილი. დასახ. ნაშრომი). არსებული დოკუმენტური საარქივო მასალა საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ეს იყო პიროვნული ანგარიშსწორების და ნ. კანდელაკის არასწორი მოქმედების შედეგი. მოგვიანებით ნ. კანდელაკმა აღიარა, რომ გრ. ფერაძის წინააღმდეგ მას არ გააჩნდა არავითარი საბუთი (იხ.: ამბროსი გრიშიკაშვილი. დასახ. ნაშრომი).

გ. სულაძე აღნიშნავს,რომ გერმანელების მიერ ვარშავის დაკავების შემდეგ, გენერალ კონიაშვილის „კავკასიის კომიტეტისთვის“ გესტაპოს გადაუცია ებრაელებისთვის ჩამორთმეული ოთხი ფაბრიკა, რომელთაგან ორი მიუთვისებია დოქტორ გრიგოლ ალშიბაიას (გვ. 318). მიუხედავად ესოდენ სერიოზული ბრალდებისა, ავტორი არ იმოწმებს არანაირ წყაროს…

„შულენბურგმა 1914-1916 წლებში ხელი შეუწყო „საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის“ ჩამოყალიბებას. მასში შევიდნენ ქართველი არისტოკრატიის წარმომადგენლები და სამხედრო პირები.“- მითითებულია განსახილველ წიგნში (გვ. 321).

რას ნიშნავს „1914-1916 წლებში“? „საქართველოს დამოუკიდებლობის (და არა „განთავისუფლების“, როგორც მიუთითებს გ. სულაძე) კომიტეტი“ შეიქმნა 1914 წელს და მისი ლიდერები იყვნენ პეტრე სურგულაძე, მიხაკო წერეთელი, გიორგი მაჩაბელი და ლეო კერესელიძე (იხ.: ლევან ზ. ურუშაძე. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს სადაზვერვო საქმიანობა კავკასიაში 1900-იან-1910-იან წლებში. – ჟურნ. „ამირანი“, მონრეალი-თბილისი, XX, 2008, გვ. 125-151).

„შულენბურგის მხარდაჭერით, 1941 წლის ბოლოსათვის ქ. ბერლინში დაფუძნდა „ქართული ნაციონალური კომიტეტის“ საინიციატივო ჯგუფი, რომლის შტაბ-ბინაც განთავსდა გეგელპლაცის ქ. N 2- ში,“- აღნიშნულია განსახილველ წიგნში (გვ. 321).

„ქართული ეროვნული კომიტეტი“ (და არა კომიტეტის „საინიციატივო ჯგუფი“) დაფუძნდა 1942 წელს. მისი შტაბ-ბინა განთავსდა ბერლინში, ჰეგელპლაცის N2- ში… ეროვნულ კომიტეტს სათავეში ჩაუდგა ფონ დერ შულენბურგის დიდი ხნის მეგობარი, პროფესორი მიხეილ (მიხაკო) წერეთელი (იხ.: ლევან ზ. ურუშაძე. ქართული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაციის „თეთრი გიორგი“-ს ისტორიისათვის, გვ. 184-185). მანამდე, 1941 წლის დამლევს, შედგა თათბირი, რომელმაც მიზანშეწონილად ცნო კომიტეტის შექმნა.

ლაპარაკობს რა 1942 წლის აპრილ-მაისში ბერლინის სასტუმრო „ადლონ“-ში ფონ დერ შულენბურგის ინიციატივით შემდგარ მოლაპარაკებაზე, გ. სულაძე არასწორად მიუთითებს, რომ „ქართული ეროვნული კომიტეტი“-ს თავმჯდომარის პოსტზე დასახელებულ იქნა ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელის კანდიდატურა (გვ. 322). სინამდვილეში, ამ უკანასკნელის კანდიდატურა დაასახელეს „კავკასიის ხალხთა კავშირი“-ს თავმჯდომარის პოსტზე და იგი აირჩიეს კიდეც ამ კავშირის ხელმძღვანელად. ამას ადასტურებს უცნობი პოლიტემიგრანტის მიერ თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელისთვის 1942 წლის 16 ივნისს გაგზავნილი წერილი (დედანი დაცულია საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელის პირად ფონდში).

გ. სულაძე სოციალ-დემოკრატებად ნათლავს ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ცნობილ ეროვნულ მოღვაწეებს, – სევერიან ჭირაქაძეს და ალექსანდრე გრიგოლიას (გვ. 326). სინამდვილეში ს. ჭირაქაძე ეროვნულ-დემოკრატი გახლდათ, ხოლო ალ. გრიგოლია კი, – „თეთრი გიორგი“-ს წევრი. ისინი მკვეთრად იყვნენ დაპირისპირებულნი სოციალ-დემოკრატებისადმი…

ლაპარაკობს რა ეროვნული ერთობის დარაზმულობაზე „თეთრი გიორგი“, განსახილველი წიგნის ავტორი აღნიშნავს:

„ამ ჯგუფზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინა 1923 წლის შემოდგომაზე მიუნხენში ნაციონალ-სოციალისტთა ლიდერის – ჰიტლერისა და მის თანამზრახველთა ამბოხების ფაქტმა. მოგვიანებით ქართველი ემიგრანტები ჰიტლერის მიერ 1924 წელს ლამსდორფის ციხეში დაწერილ წიგნს „ჩემი ბრძოლა“ გაეცვნენ.

სავარაუდოდ, სწორედ ამ მოვლენების გავლენით 1925 წელს შეიქმნა ფაშისტური ყაიდის ორგანიზაცია „თეთრი გიორგი“, რომლის პირველი ხელმძღვანელი იყო ვასილ (ვასო) ციცქიშვილი. მან ამ ორგანიზაციის საქმიანობაში ჩართო დამოუკიდებელი საქართველოს პოლკოვნიკი, „ქრთველ გარიბალდად“ წოდებული ლეო კერესელიძე, რომელმაც სულ მალე შეცვალა ვასო ციცქიშვილი“ (გვ. 328-329).

გ. სულაძის მოხმობილი მსჯელობა ცხადჰყოფს, რომ იგი არ იცნობს დარაზმულობის ისტორიას. ჯერ ერთი, – ლაპარაკი იმაზე, რომ მასზე გავლენა მოახდინა ნაცისტების 1923 წლის ამბოხებამ და ა. ჰიტლერის 1924 წელს შექმნილმა წიგნმა „ჩემი ბრძოლა“, არის სრული აბსურდი! ორგანიზაციის საქმიანობას საფუძვლად დაედო მთლიანად ქართული ეროვნული სულისკვეთებითა და ტრადიციებით ნასაზრდოები საპროგრამო დებულებები:

„… „თეთრი გიორგი“ არის თავისუფალი უწმინდესი შეფიცვა უტყუარის პატრიოტიზმით აღგზნებულ ქართველთა, წინაშე საქართველოისა და ეროვნული უწმინდესი საფლავისა, სადაც თავისუფლების იდეით შედუღებულნი 5,000 ყრმა ქართველნი სისხლითაც შედუღდნენ (იგულისხმებიან 1924 წელს დახვრეტილი მამულიშვილები – ლ.უ.).

„თეთრი გიორგი“ ნაზიარებია მათი იდეით,

„თეთრი გიორგი“ მირონ-ცხებულია მათი სისხლით,

„თეთრი გიორგი“ გაანთავისუფლებს ეროვნულ საფლავს.

იდიდე საქართველოვ!“- ვკითხულობთ ამ მნიშვნელოვან საპროგრამო დოკუმენტში (იხ.: ლევან ზ. ურუშაძე. ქართული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაციის „თეთრი გიორგი“-ს ისტორიისათვის, გვ. 173-174).

გვსურს, ვკითხოთ ბ-ნ გ. სულაძეს: რას ნიშნავს „ფაშისტური ყაიდის ორგანიზაცია“? ის, რომ მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომის წინა წლებში, ორგანიზაცია იწოდა „ფაშისტურ დარაზმულობად“, არაფერს ნიშნავს. ეს გახლდათ დარაზმულობის მესვეურთა ტაქტიკური სვლა, რაც მიზნად ისახავდა მესამე რაიხის ყურადღების მიქცევას. რეალურად, ორგანიზაცია იყო ქართული, ღრმადეროვნული, საერთოკავკასიური ერთობის იდეაზე დაფუძნებული პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს მართვის ფორმად აღიარებდა კონსტიტუციურ მონარქიას და რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა საქართველოს გამოხსნა რუსეთის საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან. დარაზმულობის უცვლელი ყიჟინა (ლოზუნგი) იყო: „საქართველო უწინარეს ყოვლისა!“…

„გაზეთ „ახალ საქართველოში“ ბ. ვეშაპელი საქართველოს პატრიოტულ ახალგაზრდობა „თეთრი გიორგი“-ს უწოდებს ქართველ ფაშისტთა ჯგუფს. ნება გვიბოძეთ, თქვენი ორგანოს საშუალებით ვაუწყოთ ქართველ საზოგადოებას, რომ ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ჩვენი ლიგის ამ სახელით მონათვლას…

ბ. ვეშაპელს, ალბათ, სჭირდება – ფაშისტად მონათლოს ყველა ის, ვინც მოსკოვის ფულით არ ვაჭრობს,“- აღნიშნულია თეთრი გიორგი“-ს განცხადებაში, რომელიც 1925 წელს გამოქვეყნდა (იხ.: ჟურნ. „სამშობლოსათვის“, პარიზი, N 6, 1925).

„თეთრი გიორგი“-ს ჟურნალის „ქართლოსი“ 1937 წლის მარტის ნომერში (N 2-3) გამოქვეყნებულ ჩანართში ვკითხულობთ:

„ჩვენი ყიჟინაა: – საქართველო უწინარეს ყოვლისა!

საქართველოს იდეით განისაზღვრება ჩვენი მსოფლმხედველობა და ჩვენი მოღვაწეობაც. სიტყვისაგან: საქართველო უწინარეს ყოვლისა! გამომდინარეობს ჩვენი დარაზმულობა და ამ დარაზმულობის ბრძოლაც.

საქართველოს ფაშისტური დარაზმულობის მიზანია გათავისუფლებული საქართველო შეიქმნას ეროვნულ სახელმწიფოდ, რომელიც დამყარებული იქნება ფაშიზმის, ანუ ეროვნული ერთობის საფუძველზე და გამსჭვალული ქართული ეროვნული სულის ბრწყინვალე ტრადიციებითა და ქართული ისტორიის იდეალებით.“

როგორც ვხედავთ, აქ სიტყვა „ფაშიზმი“ გამოყენებულია, როგორც ტერმინი („ფაშიო“) და არა როგორც კონკრეტული იდეოლოგიით დატვირთული ცნება.

ამასთან, დარაზმულობას არანაირი შეხება არ ჰქონდა ნაცისტურ იდეოლოგიასთან.

საერთოდ, საკითხის არცოდნიდან გამომდინარე, საზოგადოების დიდი ნაწილი ერთმანეთთან აიგივებს „ნაციზმს“ და „ფაშიზმს“, რაც დიდი შეცდომაა.

მეორე, – „თეთრი გიორგი“ შეიქმნა არა 1925 წელს, როგორც მიუთითებს გ. სულაძე, არამედ 1924 წლის 1 ნოემბერს და ამას უდიდესი სტიმული მისცა საფრანგეთში საქართველოს ეროვნული გმირის, პოლკოვნიკ ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის და მისი შეფიცულების ჩასვლამ (იხ.: ლევან ზ. ურუშაძე. ქართული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაციის „თეთრი გიორგი“-ს ისტორიისათვის, გვ. 166, 170). უფრო მეტი, – ქაქუცა გახლდათ ორგანიზაციის ნათლია: დარაზმულობას მისი წინადადებით ეწოდა „თეთრი გიორგი“.

მესამე, – თეთრი გიორგი“-ს დამფუძნებელ ჯგუფში საერთოდ არ შედიოდა ვასილ (ვასო) ციცქიშვილი (იხ.: ლევან ზ. ურუშაძე. ქართული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაციის „თეთრი გიორგი“-ს ისტორიისათვის, გვ. 170). საორგანიზაციო ჯგუფს ხელმძღვანელობდა იმხანად უკვე კარგად ცნობილი ახალგაზრდა პოლიტემიგრანტი შალვა ბერიძე (შემდგომში თვალსაჩინო მეცნიერი, ნეაპოლის უნივერსიტეტის პროფესორი).

მეოთხე, – ლეო კერესელიძე იყო არა პოლკოვნიკი, არამედ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის გენერალ-მაიორი და ერთ-ერთი ლეგიონის მეთაური. ეს ლეგიონი შეიქმნა 1915-1917 წლებში თურქეთის ტერიტორიაზე, კაიზერული გერმანიის სამხედრო უწყების პატრონაჟის ქვეშ მოქმედი „ქართული ლეგიონი“-ს ბაზაზე. ყოველივე ამის შესახებ ზედმიწევნით არის მოთხრობილი ჰ. არმსტრონგის ქართველი გენერლისადმი მიძღვნილ სქელტანიან ბიოგრაფიულ რომანში „დაუმთავრებელი ბრძოლა“ (იხ.: Unending Battle by H.C. Armstrong. Longmans, Green and Co., London, New York, Toronto, 1936).

მეხუთე, – გენერალი ლეო კერესელიძე 1925 წელს, ორგანიზაციის შექმნიდან რამდენიმე თვეში, მიიწვიეს „თეთრი გიორგი“-ს ლიდერად, – მთავარ მდივნად (იხ.: ლევან ზ. ურუშაძე. ქრთული პატიოტული პოლიტიკური ორგანიზაციის „თეთრი გიორგი“-ს ისტორიისათვის, გვ. 170).

9. ჩეკისტური ცილისწამების „მარგალიტები“

გ. სულაძე ყურადღებას ამახვილებს გრიგოლ ფერაძის მოღვაწეობაზე. მას მოაქვს ნოე ჟორდანიას 1942 წლის 29 აგვისტოს წერილი შალვა ბერიშვილისადმი, რომელშიც მითითებულია, რომ ორი ქართველი ემიგრანტი დახვრეტამდე მიიყვანა გრ. ფერაძემ, რომელიც „აღმოჩნდა ბოლშევიკების დიდი ხნის აგენტი და დაპატიმრებულია“ (გვ. 435). ამის შემდეგ გ. სულაძე აღნიშნავს: „ამ წერილიდან ჩანს, რომ ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციას დიდი ხანია ეჭვები ჰქონდა გაჩენილი საბჭოთა დაზვერვასთან გრ. ფერაძის კონტაქტების თაობაზე. ამ უკანასკნელს ბრალდებოდა ასევე ტიტე ბერიშვილის, იესე კეჭაყმაძის და ვასილ ათაბეგაშვილის დაბეზღება, რასაც 1939 წელს მათი დახვრეტა მოჰყვა“ (გვ. 435).

ბ-ნ ამბროსი გრიშიკაშვილის მიერ მოხმობილი მასალები ზედმიწევნით ადასტურებს ამ ბრალდების სრულ უსაფუძვლობას (იხ.: ამბროსი გრიშიკაშვილი. ქართველები პოლონეთში).

განსახილველი წიგნის ავტორი არად დაგიდევთ თუნდაც იმ ფაქტს, რომ არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე მოწამეობრივად აღესრულა საკონცენტრაციო ბანაკში და იგი კანონიზებულია პოლონური და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ… გ. სულაძემ არც კი შეიწუხა თავი, რომ სხვა მრავალრიცხოვან წყაროებთან შეეჯერებია ზემოთ მოხმობილი ბინძური დეზინფორმაცია… თუმცა, ეს ხომ არ შედიოდა მის ინტერესებში…

ნიშანდობლივია, თუ როგორ წარმოაჩენს გ. სულაძე საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების პირსისხლიან შეფს ნ. რუხაძეს: „ვეტერანი ქართველი ჩეკისტები მიანიშნებენ ნ. რუხაძის ისეთ დადებით თვისებებზეც, როგორებიც იყო: კომუნიკაბელურობა, შესანიშნავი მახსოვრობა, თანამშრომელთა მიმართ ყურადღებისა და მზრუნველობის გამოჩენის უნარი“ (გვ. 469). კომენტარი ზედმეტია!…

ამაზრზენია ის, თუ როგორ წარმოაჩენს ავტორი გამოჩენილ ქართველ მეცნიერს და მამულიშვილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ დამაარსებელს, აკადემიკოს შალვა ნუცუბიძეს (გვ. 470-472). იგი ყოფილა საბჭოთა სპეცსამსახურების აგენტი, რომელსაც ბრალდებოდა 1945-1946 წლებში ქართული პოლიტიკური ანტისაბჭოთა ემიგრაციის ცნობილი მოღვაწეების (შემდგომში შინსახკომის მიერ დახვრეტილთა) ტიტე მარგველაშვილის, ვალერიან ტოგონიძის და კორნელი ხოშტარიას საზღვარგარეთიდან გამოტყუება. შ. ნუცუბიძის აგენტურული ფსევდონიმი ყოფილა „შმიდტი“.

ნიშანდობლივია, რომ ერთ-ერთი მთავარი ინფორმატორი, თუ რას აკეთებდა საბჭოთა სპეცსამსახურების დავალებით „შმიდტი“, იყო საბჭოთა საგარეო დაზვერვის ბინძური თანამშრომელი დავით მატარაძე. ყოველივე ამის შესახებ მას დაკითხვაზე აღუნიშნავს 1952 წელს. ამის შემდეგ, 1956 წელს, დაკითხეს შ. ნუცუბიძე, რომელსაც, რაღა თქმა უნდა, წინ დაუდეს დ. მატარაძის პროვოკაციული ჩვენება. ყოველივე ეს მოხდებოდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების თანხლებით… ტერორის ქვეშ მყოფი აკადემიკოსი აიძულეს ხელი მოეწერა საბჭოთა უშიშროების კარნახით შედგენილ ჩვენებაზე… სავსებით მარტივი და ლოგიკური სქემაა!.. თავად გ. სულაძემაც შესანიშნავად უწყის, რომ სწორედ ასეა და არა სხვაგვარად, მაგრამ…

როგორც ღრმადეროვნული მოღვაწე, 1917-1919 წლებში საქართველოს ეროვნული საბჭოს, ხოლო 1919-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, 1918 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, შალვა ნუცუბიძე ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქრთველოს ოკუპაციის პირველივე დღეებიდან დევნას განიცდიდა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. 1920-იანი წლების დამდეგს და 1938-1940 წლებში იყო დაპატიმრებული, 1949 წელს ჩამოართვეს საქრთველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსობა (რაც მოგვიანებით აღუდგინეს), წლების მანძილზე გაძევებული გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან…

საქართველოს შსს საარქივო სამმართველოს ეგიდით მიმდინარე 2011 წელს შეიქმნა შესანიშნავი დოკუმენტური ფილმი შალვა ნუცუბიძეზე „დატყვევებული გონი“ (ავტორი: შსს საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილე, ქ-ნი თამარ ბელქანია). ფილმი მთლიანად შსს საარქივო სამმართველოს მასალების საფუძველზეა შექმნილი. რაც მთავარია, – ფილმის შინაარსთან სრულ წინააღმდეგობაშია გ. სულაძის მსჯელობა დიდი მეცნიერისა და მამულიშვილის შესახებ!..

განსახილველი წიგნის ავტორი მოგვითხრობს ქართული პოლიტიკური ანტისაბჭოთა ემიგრაციის და ეროვნული ერთობის დარაზმულობა „თეთრი გიორგი“-ს თვალსაჩინო წარმომადგენლის ირაკლი ლორთქიფანიძის შესახებ:

„საბჭოთა საგარეო დაზვერვისთვის ცნობილი იყო, რომ ი. ლორთქიფანიძე მეორე მსოფლიო ომის დროს თანამშრომლობდა გესტაპოსთან და მასთან ურთიერთობით გარკვეული ქონებაც კი დააგროვა. არსებობდა მონაცემები, რომ ლორთქიფანიძე გერმანელ ნაცისტთა განადგურების შემდეგ იმალებოდა იტალიაში, შემდეგ დაბრუნდა პარიზში და ხელი მიჰყო ბიზნესს… საბჭოთა იდეოლოგიამ, ირაკლი ლორთქიფანიძეზე, როგორც ჩანს, მაინც მოახდინა ზეგავლენა და ის 1947 წლს დაბრუნდა საქართველოში. 1951 წლის ნოემბერში იგი დაპატიმრებულ იქნა“ (გვ. 473).

ირაკლი ლორთქიფანიძე გახლდათ ქართული პოლიტიკური ანტისაბჭოთა ემიგრაციის და „თეთრი გიორგი“-ს თვალსაჩინო მოღვაწის, შესანიშნავი მკვლევარის, პირველი თაობის პოლიტემიგრანტის სვიმონ არჩილის ძე ციციშვილის სიძე. სვიმონი მანამდე შეძლებული მრეწველი იყო. ასე, რომ ირ. ლორთქიფანიძეს არ დაჭირვებია გარეშე ძალის დახმარებით ქონების დაგროვება…

ირ. ლორთქიფანიძე თანამშრომლობდა „ქართულ სამოკავშირო შტაბთან“ და მესამე რაიხის აღმოსავლეთის საქმეთა სამინისტროს კავკასიის განყოფილებასთან, იყო „თეთრი გიორგი“-ს აქტიური წევრი… ასეთი გახლდათ მისი მოღვაწეობა მეორე მსოფლიო ომის წლებში.

სასაცილოა იმაზე ლაპარაკი, რომ მასზე, დაჯერებულ ანტიკომუნისტზე, რაიმე ზეგავლენა მოახდინა საბჭოთა იდეოლოგიამ. მის სამშობლოში დაბრუნებას სხვა მიზეზი ჰქონდა: ექვთიმე თაყაიშვილის გავლენით და იმ იმედით, რომ საბჭოთა რეჟიმი დაიცავდა რეემიგრირებულთათვის მიცემულ „გარანტიებს“, 1947 წელს გარკვეული რაოდენობა პოლიტემიგრანტებისა დაბრუნდა სამშობლოში. მათ შორის იყვნენ სვიმონ ციციშვილი, მისი ასული, – ელენე ციციშვილი-ლორთქიფანიძისა, სიძე, – ირაკლი ლორთქიფანიძე და შვილიშვილები. 1951 წელს სვიმონიც, ელენეც და ირაკლიც გაასამართლეს: სვ. ციციშვილს მიუსაჯეს დახვრეტა, რომელიც შემდეგ 25-წლიანი გადასახლებით შეუცვალეს; გადასახლება მიესაჯათ მის ქალიშვილს და სიძეს. 7 წლის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს. მათი საქმე დაცულია საქართველოს შსს საარქივო სამმართველოს ყოფ. სუკ-ის ფონდში.

გ. სულაძის თვალსაწიერში დიდი ქართველი მწერალი და მამულიშვილი გრიგოლ რობაქიძეც მოხვდა.

1947 წელს, საბჭოთა უშიშროების მითითებით, მწერალს ჟენევაში ეახლა უშიშროების აგენტი, ემიგრანტი აკაკი მეუნარგია. „გრ. რობაქიძემ საუბარში საბჭოთა კავშირში დაბრუნების ვარაუდიც კი გამოთქვა, მაგრამ შიშობდა, რომ სსრ კავშირში მას არ ექნებოდა შემოქმედებითი თავისუფლება“ (გვ. 478). ეს კი ისეთი აბსურდია, რომ აბსურდების „წითელ წიგნშია“ შესატანი… აშკარაა, რომ ბ-ნი გ. სულაძე ან საერთოდ არ იცნობს, ან იცნობს, მაგრამ მეტად ზედაპირულად, სახელოვანი მამულიშვილის მოღვაწეობას.

1954 წლის სექტემბერში რადიო „თავისუფლების“ ქართულმა რედაქციამ გადასცა გრიგოლ რობაქიძის მიმართვა ქართველი ახალგაზრდობისადმი. გთავაზობთ ამონარიდს ამ მიმართვისა:

„შემეკითხებით: რატომ დავტოვე საქართველო, ჩვენი მამული და დედული ეგზომ მშვენიერი და ტკბილი? მოგითხრობთ.

ბოლშევიკები გაჰყვირიან: „ხალხურ დემოკრატიას“ ვამყარებთო. სიყალბე მათი ამ სახელდებაშიც ჩანს: „დემო“ ნიშნავს ბერძნულად ხალხს; მაშასადამე, „ხალხური დემოკრატია“ ასე უნდა იკითხებოდეს: „ხალხური, ხალხო-კრატია“. ვამყარებთ დემოკრატიასო. უფრო მართებული იქნებოდა ეთქვათ: „ვამყარებთ დემონოკრატიასო“. ეს არაა ხუმრობა. ადამიანისთვის უკანასკნელი საყრდენი უზენაესია, – ღმერთი. საბჭოეთში ყოველი რწმენა ზებუნებრივისა დადაგულია ლენინის ქეძაფი სიტყვით: „ტრუპოლოჟესტვო“.

ყურები გვაქვს გამოჭედილი, ხალხთა კეთილდღეობისთვის ვიბრძვითო. ამავე დროს, ხალხს როგორც ცოცხალ კრებულს, ბასრი დანით სახსრებს უხსნიან. ხალხის ალაგს მასაა გამეფებული, რომელშიაც პიროვნება, ეს უღვთიერესი მოვლენა, სრულიად ითქვიფება. არავითარი სახე აქ არაა და მაშასადამე, არავითარი სახიერი. დილითგან შუაღამემდე გაისმის: „დავეწიოთ, გავუსწროთ!“ ხალხი წელზე ფეხს იდგამს და ჭაპან-წყვეტაშია. ყოველი ცალკეული ნუმერია მხოლოდ და ნუმერი – ნაკელი, ეგრედ წოდებულ „სოციალისტური მშენებლობისათვის.“ ვამეტებ? დღევანდელი მოდგმა ნაკელად ეფინება ხვალინდელს, ხვალინდელი ასევე უნდა ეფინებოდეს მომავალს და ასე დაუსრულებლად. რაც ნოყიერდება ნაკელით, არის მხოლოდ კოლექტივი – ბნელი და უსახელო.

ხალხისთვის რჩეული თავის თავს სწირავდა და როგორც გმირი, სახელი მისი ნათელით იფინებოდა მთელი ისტორიის კიდეგანით. საბჭოეთში ქანცმოლეული „სტახანოვეცი“, კოლექტივისთვის განწირული, ამოტივტივდება ხოლმე გაზეთების ფურცლებზე და ამ ფურცლებთან ერთად, რომელთაც სხვა მიზნისათვის ხმარობენ, ივიწყება ისე, რომ მისი სახსენებელიც აღარ რჩება“ (იხ.: „გრიგოლ რობაქიძე“. კრებული, მიუნხენი, 1984, გვ. 6).

და ეს ადამიანი ფიქრობდა საბჭოთა საქართველოში დაბრუნებაზე?..

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პროგრამის „ვახო სსანაიას რეპორტაჟი“ 2011 წლის 26 თებერვლის გამოშვება მიეძღვნა მეორე მსოფლიო ომის წლებში მესამე რაიხის გერმანიაში მოღვაწე ქართველებს. გასაოცარი იყო აგდებული და ცინიკური დამოკიდებულება გრიგოლ რობაქიძისადმი, რაც განაპირობა მწერლის წიგნებმა ჰიტლერზე და მუსოლინიზე.

გრიგოლ რობაქიძემ შექმნა სტალინის და ლენინის ფსიქოლოგიური პორტრეტებიც… სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ფაშისტი ლიდერებისადმი მიძღვნილი ნაშრომებიც, რომელთა ქრთული თარგმანები მცირე ხნის წინ გამოსცა გამომცემლობამ „არტანუჯი“.

კომიკური იყო ბ-ნი ლაშა ბაქრაძე, რომელმაც სტილი დაუწუნა დიდ მწერალს, უწოდა რა მას მდაბიო და ვულგარული… საქმე გვაქვს ქართულ თარგმანებთან, რომლებიც არ ეკუთვნის ავტორს. ამდენად, სტილთან დაკავშირებული პრეტენზიების ადრესატი უნდა იყოს მთარგმნელი და არა გრიგოლ რობაქიძე…

ნიშანდობლივი იყო ისიც, რომ გადაცემის მონაწილეთა შორის იყო ბ-ნი გ. სულაძეც.

საუბრობს რა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის გამოჩენილ მოღვაწეზე, პროფესორ ალექსანდრე ნიკურაძეზე, გ. სულაძე აღნიშნავს:

„…გ. გაბლიანის მიერ მოწვეულ იქნა ქართული კომიტეტის ყოფილი წევრი ალექსანდრე ნიკურაძე, რომელმაც 1944 წელს, გერმანელთა დავალებით, გამოსცა ანტისაბჭოთა ხასიათის წიგნი „კავკასია“. მასში ავტორი ასაბუთებდა გერმანიაში სსრკ-ის წინააღმდეგ მიმართული ქართული კომიტეტის, ქართული ლეგიონებისა და სპეციალური დანიშნულების დანაყოფების შექმნის აუცილებლობას“ (გვ. 489).

სავსებით ცხადია, რომ ავტორს არ აქვს ნანახი ალ. ნიკურაძის ხსენებული წიგნი. „კავკასია“ გამოიცა მიუნხენში, არა 1944, არამედ 1942 წელს. იგი წარმოადგენს კავკასიის პოლიტიკურ ისტორიას. ამ 350-გვერდიანი მონოგრაფიიდან საბჭოთა პერიოდს შეეხება მხოლოდ 307-312 გვერდები. აქ ერთ სიტყვასაც ვერ ვხვდებით არც ქართული კომიტეტის, არც ქართული ლეგიონის და არც სპეცდანიშნულების დანაყოფების შესახებ.

ერთ-ერთი ქართველი პოლიტემიგრანტი, რომელიც გერმანიაში მოღვაწეობდა და, რომლის საქმიანობასაც მიმოიხილავს გ. სულაძე, არის ცნობილი პოლიტოლოგი (სოვეტოლოგი), პროფესორი მიხეილ ახმეტელი.

„სპეცსამსახურების მხედველობის არეში იყო მოხვედრილი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი – მიხეილ ახმეტელი, ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი, პროფესორი, რომელმაც ყურადღება მიიქცია როგორც საბჭოთა კავშირის და კავკასიის საკითხების მკვლევარმა-მეცნიერმა და ანტისაბჭოთა თეორეტიკოსმა“-ო, მიუთითებს გ. სულაძე (გვ. 479) და აგენტურულ შეტყობინებას იმოწმებს.

მიხეილ ახმეტელი არასდროს ყოფილა ფილოსოფოსი: მას მინიჭებული ჰქონდა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი (Ph.D.) აგრარული ეკონომიკის დარგში. მისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის უმთავრეს სფეროს შეადგენდა საბჭოთა იმპერიის და აღმოსავლეთ ევროპის აგრარული პოლიტიკა, აგრეთვე, კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები (იხ.: ლევან ურუშაძე. ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია, გამომცემლობა „ენა და კულტურა“, თბილისი, 2005, გვ. 7-9; ჟურნ. „ბედი ქართლისა“, პარიზი, N 47, 1964, გვ. 46).

„სწავლობდა თბილისის ერთ-ერთ გიმნაზიაში, დამთავრებული ჰქონდა ხარკოვის უნივერსიტეტი. 1918 წელს იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის პროპაგანდისტი კახეთში. 1919 წელს ნ. ჟორდანიას მთავრობის რეკომენდაციით, სხვებთან ერთად, მივლინებულ იქნა ევროპაში სწავლის გასაგრძელებლად… მიხ. ახმეტელმა ცოდნის ასამაღლებლად გოტტინგენის, ჰალლეს, მიუნხენისა და ბერლინის უნივერსიტეტები აირჩია. ამ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის შედეგად მან მიიღო ფილოსოფოსის და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის დიპლომი და სამეცნიერო ხარისხი… სამეცნიერო ზესვლა მიხ. ახმეტელისთვის ადვილი არ აღმოჩნდა. თუმცა, შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და სიბეჯითე იმის გარანტიას იძლეოდა, რომ მისგან საინტერესო მკვლევარი უნდა დამდგარიყო. ის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩააბა მისმა მეგობარმა, ნაცისტური გერმანიის მომავალმა მინისტრმა როზენბერგმა ომამდე რამდენიმე წლით ადრე, როდესაც ის ჯერ კიდევ ემიგრანტი იყო.

მიხ. ახმეტელი, როგორც მეცნიერი და ორგანიზატორი უფრო მეტად წარმოჩინდა ომის დაწყების წინა პერიოდში, როდესაც მას საშუალება მიეცა ბერლინში სათავეში ჩადგომოდა „აღმოსავლეთის ინსტიტუტს“. ამ მომენტიდან მიხ. ახმეტელი გახდა ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის სრულუფლებიანი მოქალაქე და ახალი იდეოლოგიის ერთგული მიმდევარი, უფრო სწორედ, თავისი ორთოდოქსულ-მარქსისტული შეხედულებები ნაცისტური მრწამსით ჩაანაცვლა,“- აღნიშნულია განსახილველ წიგნში (გვ. 479).

ახლა კი, ვნახოთ, თუ როგორია ისტორიული რეალობა:

მიხეილ ახმეტელმა 1914 წელს დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან არსებობდა. მას არ დაუმთავრებია ხარკოვის უნივერსიტეტი: მხოლოდ ორი წელი (1915-1917) სწავლობდა ამ უნივერსიტეტში. 1919 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატის (და არა ნ. ჟორდანიას მთავრობის) რეკომენდაციით, სხვა ახალგაზრდებთან ერთად, გაიგზავნა გერმანიაში, უმაღლესი განათლების მისაღებად. 1924 წელს დაამთავრა იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტი. 1925 წელს მიენიჭა ამ უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი აგრარული ეკონომიკის დარგში. 1927-1934 წლებში დოქტორი მიხეილ ახმეტელი გახლდათ ბრესლაუს (ახლანდელი ვროცლავის) აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი ინსტიტუტის მკვლევარი და ბრესლაუს უნივერსიტეტის დოცენტი. 1928 წელს მას მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებათა დარგში. 1934 წელს, ჰაბილიტაციის შედეგად ქართველმა მეცნიერმა მიიღო სრული დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ეკონომიკის დარგში. 1935-1939 წლებში მ. ახმეტელი იყო ბრესლაუს უნივერსიტეტის პროფესორი, 1937-1939 წლებში – ბრესლაუს აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორი. 1939-1945 წლებში იგი მოღვაწეობდა ბერლინში, როგორც ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის ორდინარული პროფესორი და კონტინენტური ევროპის შემსწავლელი ე.წ. „ვანზეეს ინსტიტუტის“ დირექტორი.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე, ქართველი პროფესორი გადავიდა მიუნხენში, სადაც 1945 წელსვე მიიწვიეს უნივერსიტეტის პროფესორად. ამ მოვალეობას ასრულებდა იგი 1960 წლამდე. იმავდროულად, ჩვენი თანამემამულე იყო მიუნხენის აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა კავშირის შემსწავლელი ინსტიტუტის (დირექტორი – პროფესორი ალექსანდრე ნიკურაძე) დირექტორის მოადგილე. 1960 წელს, პენსიაზე გასვლის შემდეგ, მიხ. ახმეტელი იყო აღნიშნული ინსტიტუტის მეცნიერ-კონსულტანტი. (იხ.: ლევან ურუშაძე. ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია, გვ. 7-9; ჟურნ. „ბედი ქართლისა“, N47, გვ. 46).

მიხეილ ახმეტელი არასდროს ყოფილა „ნაცისტური იდეოლოგიის ერთგული მიმდევარი“. ემიგრაციაში იგი მთელი თავისი მრწამსით და შეგნებით ემსახურებოდა ერთ სანუკვარ მიზანს, – საძულველი საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან საქართველოს გამოხსნას. სწორედ ამიტომ, მეოთხედი საუკუნის მანძილზე გახლდათ ეროვნული ერთობის დარაზმულობა „თეთრი გიორგი“-ს წევრი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მეცნიერი აირჩიეს „ანტიბოლშევიკ ერთა ბლოკის“ (A.B.N.) წევრად. აღსანიშნავია, რომ ამ საერთაშორისო ლიგის ერთ-ერთი ფუძემდებელი და გენერალური მდივანი იყო ქართული პოლიტიკური ანტისაბჭოთა ემიგრაციის გამოჩენილი მოღვაწე, წლების მანძილზე გერმანიის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე, დოქტორი ნიკოლოზ (ნიკო) ნაკაშიძე. ამ უკანასკნელმა 1960 წელს მიუნხენში ინგლისურ ენაზე გამოსცა საყურადღებო წიგნი „The Truth About A.B.N.“. (იხ.: ლევან ურუშაძე. ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია, გვ. 5-6).

გ. სულაძე აღნიშნავს, რომ ომის შემდეგ მიხ. ახმეტელი უმუშევარი იყო და დიდ გაჭირვებას განიცდიდა (გვ. 481-482). როგორც ზემოთ იქნა ნაჩვენები, ეს მტკიცება არ შეესაბამება რალობას. პენსიაზე გასვლის შემდეგაც, 1960-1963 წლებში, ქართველი პროფესორი იყო მიუნხენის აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა კავშირის შემსწავლელი ინსტიტუტის მეცნიერ-კონსულტანტი. როგორც პროფესორ-ემერიტუსს, მას დანიშნული ჰქონდა საკმაოდ მაღალი პენსია…

გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე, მძიმედ სნეული პროფესორი მოინახულეს ქართველმა პოლიტემიგრანტებმა, მათ შორის ნინო და კალისტრატე სალიებმა, რომლებსაც ახლო მეგობრობა აკავშირებდათ მიხეილ ახმეტელთან. „არასოდეს არ მქონია ასეთი სურვილი ჩემი კახეთის ნახვისა. ახლა სული ჩემი სულ იქითკენ მიიწევს“-ო, უთქვამს სევდით აღსავსე მასპინძელს სტუმრებისთვის (იხ.: ჟურნ. „ბედი ქართლისა“, პარიზი, N 47, 1964, გვ. 46).

ჩვვენი გაოცება (რბილად რომ ვთქვათ) გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ქართული პოლიტიკური ემიგრაციის გამოჩენილ მოღვაწეზე, „თეთრი გიორგი“-ს აქტიურ წევრზე, დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის გადამდგარ პოლკოვნიკზე, რადიო „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ერთ-ერთ ხელმძღვანელზე მერაბ კვიტაშვილზე საუბრისას ბ-ნი გ. სულაძე შემოიფარგლა მარტოოდენ თეირანის კონფერენციით, სადაც ჩვენი თანამემამულე გახლდათ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, სერ უინსტონ ჩერჩილის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე (გვ. 483-484). ისეთი სპეციფიკის გამოცემის ავტორისთვის, როგორიც არის განსახილველი წიგნი, დიდად საინტერესო უნდა ყოფილიყო მერაბ კვიტაშვილის ბიოგრაფიის დიდი ნაწილი… მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის წლებში მის სახელს უკავშირდება დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის კუთხით საქართველოსთან და კავკასიასთან დაკავშირებული ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა. ვნახოთ, რას ამბობს ამის შესახებ ცნობილი ქართველი მეცნიერი და მოღვაწე, პროფესორი გიორგი გაჩეჩილაძე, რომელიც პირადად შეხვდა მ. კვიტაშვილს:

„… ბრიტანეთმა და საფრანგეთმა 1939 წლის ზაფხულში ჩაშალეს მოლაპარაკება მოსკოვში და მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი საბჭოთა იმპერიისადმი ფინეთის დაპირისპირებას. როგორც ერთმა, ისე მეორე ქვეყანამ მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინა ფინეთს (ამ მხრივ არცთუ უმნიშვნელო როლს ასრულებდა აშშ).

ამ ფრონტზე წარუმატებლობისთანავე ყურადღება გადატანილ იქნა კავკასიის რეგიონზე და განსაკუთრებით იმ უმნიშვნელოვანეს პუნქტებზე (გროზნო, ბაქო, ბათუმი), რომლებიც ნავთობის წარმოებასთან იყო დაკავშირებული. გეგმის მიხედვით, ან უნდა მომხდარიყო ინგლის-საფრანგეთის მიერ ამ რეგიონისა და, უპირველეს ყოვლისა, ხსენებული პუნქტების ოკუპაცია, ან, უკიდურეს შემთხვევაში, მწყობრიდან უნდა ყოფილიყო გამოყვანილი ნავთობგადამამუშავებელი ცენტრები… ეს გეგმა ჩაშალა 1940 წლის მაისში საფრანგეთზე გერმანიის თავდასხმამ.

1941-1942 წწ. მიჯნაზე, როდესაც დღის წესრიგში დადგა გერმანიის მიერ კავკასიის ოკუპაციის საკითხი, ამასთან, საფრანგეთისა და ბრიტანეთისთვის ცნობილი გახდა რა აღმოსავლეთისადმი, კერძოდ, კავკასიისადმი დამოკიდებულების საკითხში ჰიტლერისადმი ოპოზიციურად განწყობილი ზემოხსენებული მეტად სერიოზული დაჯგუფების პოზიცია, ოფიციალური ლონდონისა და პარიზის წინაშე წამოიჭრა კავკასიის პრობლემა.

სწორედ იმ ხანებში დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა სარდლობამ ინგლისის სამხედრო უწყებაში (პირველყოვლისა კი სამხედრო დაზვერვის სისტემაში) მომუშავე კავკასიელ ოფიცრებს დაუგზავნა 16 პუნქტისგან შემდგარი საიდუმლო ანკეტა. სარდლობის მიზანი იყო გარკვევა იმისა, თუ როგორ შეხვდებოდნენ კავკასიის ხალხები გერმანელებს, დაიწყებოდა თუ არა პარტიზანული ბრძოლები ამ უკანასკნელთა წინააღმდეგ და ა.შ.

ერთ-ერთი პიროვნება, რომელმაც მიიღო ხსენებული ანკეტა, იყო ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი, შემდგომში… ინტელიჯენტ სერვისის პოლკოვნიკი, აწ განსვენებული მეარაბ კვიტაშვილი.

… გამოკითხვის შედეგად სწორედ ბ-ნ კვიტაშვილის პასუხები საუკეთესოდ იქნა მიჩნეული და ჩვენი თანამემამულის ეს ვრცელი პასუხი წარედგინა პირადად უინსტონ ჩერჩილს.“ (იხ.: მასალები ამერიკული დღიურიდან, თბილისი, 1991, გვ. 24-29).

ჯობდა, ღირსეულ ქართველ მამულიშვილთა მოღვაწეობის განქიქებისა და მათ მიმართ არა ერთი ცილისწამების ნაცვლად, ბ-ნ გ. სულაძეს ასეთი მნიშვნელოვანი მომენტებისთვის მიექცია ყურადღება…

ბოლოთქმა

სამწუხაროდ, ვაანალიზებთ რა გელა სულაძის 623-გვერდიან წიგნს „ქართული ანტისაბჭოთა ემიგრაცია და სპეცსამსახურები (1918-1953 წ.წ.)“, უნდა აღვნიშნოთ, რომ ავტორი, არა თუ არ ცდილობს პირუთვნელად წარმოაჩინოს ქართული პოლიტიკური ანტისაბჭოთა ემიგრაციის ეროვნული ფრთის თავდადება, არამედ ჩეკა-ს ბნელ აგენტთა ბინძური ნაბოდვარის, ხშირად კი ზეპირი გადმოცემების საფუძველზე ლაფში სვრის ეროვნულ მოღვაწეთა ნათელ ხსოვნას. შედეგი გ. სულაძისეული „კვლევისა“ გახლავთ არა საქართველოს უახლესი ისტორიის ე.წ. „თეთრი ლაქების“ აღმოფხვრა, არამედ ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ისტორიის სულაძისეული დამახინჯებები და ისტორიული სიმართლის მიზანმიმართული იგნორირება.

სამწუხაროდ, განსახილველი წიგნის ავტორმა ვერ გააცნობიერა ქართული პოლიტიკური ანტიბოლშევიკური ემიგრაციის ეროვნული ფრთის ის დიდი სატკივარი, რომელიც ზედმიწვნითაა გადმოცემული დიდებული მეცნიერის, პოლიტიკოსის და მამულიშვილის, პროფესორ მიხეილ (მიხაკო) წერეთლის სიტყვებში: „მახსოვს, პირველი დიდი ომის დროს, ჩემ მოხსენებათა შემდეგ ბერლინში, საზოგადოების წინაშე, რომელთაც ესწრებოდნენ საკმაოდ რჩეულნი, რა კითხვებით მომმართავდა ბევრი: სად არის საქართველო? თქვენი ან-ბანი ხომ „კირილიცაა“ და როდის შემოიღეთ? თბილისში რამდენი მეჩეთია, საინტერესო უნდა იყოს ეს აღმოსავლური ქალაქი და სხვ. რამოდენიმე წუთის წინ კი დამთავრებული მქონდა დიდი მოხსენება საქართველოს მდებარეობაზედ, ისტორიაზედ, სარწმუნოებაზედ, ერთობ კულტურაზედ და სხვ.! – ხოლო, გამოცხადდა თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობა და გაჩნდა საქართველოს დელეგაცია ბერლინში, უცბად ათასობით იცოდა ხალხმა საქართველოს გეოგრაფიაც, კულტურაც, ეკონომიკაც და ყველაფერი, – გადაჩხრეკილი ჰქონდათ უკვე ლექსიკონები და წიგნები, ძველი და ახალი, და თხოულობენ ვიზებს იქ გასამგზავრებლად – „საქმეთათვის“. „ინტერესი“ იყო!.. მაგრამ, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაჰკარგა, კვლავ შთაინთქა იგი დავიწყების უფსკრულში უცხოეთის საზოგადოებათა უმეტესი ნაწილისათვის. „ინტეესი“ აღარ არის და ჩვენი „პროპაგანდის“ შედეგიც 1921 წლითგან ისევ არარაობას უდრის. მიუხედავად ყოველივე ამისა, ეს პროპაგანდაც საჭირო იყო, აუცილებელი“ (იხ.: მიხეილ წერეთელი. გრიგოლ რობაქიძის გამოსათხოვარი.- ჟურნ. „ბედი ქართლისა“, პარიზი, N 47, 1964, გვ. 14).

გ. სულაძისეული დამოკიდებულება საკითხისადმი გამაოგნებელია სწორედ დღეს, როდესაც სუვერენული საქართველოს ხელისუფლება ესოდენ დიდ ყურადღებას უთმობს უახლესი ისტორიის „თეთრი ლაქების“ აღმოფხვრას, როდესაც ერი პატივს მიაგებს სამშობლოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის მებრძოლი და წამებული გმირების, ემიგრაციაში საქართველოს გათავისუფლებისთვის თავდადებით მებრძოლ მამულიშვილთა ხსოვნას.

მათეს სახარების (10,28) მიხედვით: „ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ ძალუძთ. უფრო მეტად მისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვა შეუძლია…“

ბოროტების საბჭოთა იმპერიის წითელი დიქტატურა ადამიანებს ართმევდა არა მარტო კეისრისას, არამედ ღმრთისასაც, სულიერებასაც. ვინც სულიერება და თავისი ეროვნული მრწამსი არ დათმო, ან გაანადგურეს, ან გადაასახლეს. ფიზიკურად გადარჩნენ მხოლოდ ისინი, ვინც 1920-იან წლებში და მეორე მსოფლიო ომის დროს შეძლო უცხოეთში გაღწევა. სწორედ ისინი, – ქრთული პოლიტიკური ანტისაბჭოთა ემიგრაციის მემარჯვენე (ეროვნული) ფრთის მოღვაწენი, სიცოცხლის ბოლომდე თავდადებით და უანგაროდ იღვწოდნენ საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან სამშობლოს გამოხსნისათვის.

საბჭოთა სპეცსამსახურების რაობაზე ნათელ წარმოდგენას იძლევა კომპარტიის და საბჭოთა საგანგებო კომისიის (ჩეკა-ს) ცნობილი ფუნქციონერის მარტინ ლაცისის წერილი, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთის „Красный террор“ (ერთ რამედ ღირს თუნდაც ამ ოდიოზური გაზეთის სახელწოდება…) 1918 წლის 1 ოქტომბრის ნომერში. გთავაზობთ ორ მცირე ამონარიდს ამ ბოლშევიკური მარაზმიდან:

„ჩვენ არ ვაწარმოებთ ომს ცალკეულ პირთა წინააღმდეგ; ჩვენ ვანადგურებთ ბურჟუაზიას, როგორც კლასს“;

„გამოძიებისას ნუ ეძებთ მასალებს და მტკიცებულებებს იმისა, რომ ბრალდებული სიტყვით და საქმით მოქმედებდა საბჭოების წინააღმდეგ. პირველი კითხვა, რომლითაც უნდა მიმართოთ მას, არის, თუ რომელ კლასს ეკუთვნის ის, რა წარმომავლობის, აღზრდის, განათლების და პროფესიისაა… ამ კითხვამ უნდა განსაზღვროს ბრალდებულის ბედი… ამაშია წითელი ტერორის აზრი და არსი“.

ამ სიტყვებს ზედმიწევნით მიესადაგება საკონცენტრაციო ბანაკების შექმნის მთავარი ინიციატორის,- ლენინის, ცნობილი ფრაზა: „მსხვერპლის მიმართ უგულობა საქები თავშეკავებაა, ხოლო სისასტიკე და არაადამიანობა – მოვალეობა“.

აქ მსურს, მკითხველის ყურადღება გავამახვილო ისტორიული სიმართლის გაყალბების ერთ ბოლოდროინდელ მაგალითზე.

გაზეთის „საქართველოს რესპუბლიკა“ 2010 წლის 22 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა გაზეთის მთავარი რედაქტორის, ბ-ნ ალეკო ასლანიშვილის ელემენტარულ ეთიკას მოკლებული სტატია: „რატომ მონათლა სააკაშვილმა ანტიფაშისტი ფაშისტად?!“. ეს პასკვილი ეხება 2010 წლის 13 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას ქუთაისში, კადეტთა კორპუსის გახსნაზე. პრეზიდენტმა პატივი მიაგო ემიგრაციაში მოღვაწე ქართველ სამხედროთა ხსოვნას. მათ შორის დასახელებულ იქნა ესპანეთში მოღვაწე პოლკოვნი ამილახვარი.

„მაგრამ ეს ასე არ არის, არც ერთი ფაქტი, გარდა იმისა, რომ ამილახვარი ქართველი და მამაცი იყო, მართალი არ არის, მეტიც – თუ სულაც სიმართლეს ვიტყვით, თავანკარა სიცრუეა, ოღონდ არ ვიცი, სათავეს საიდან იღებს: არცოდნიდან თუ შეგნებული გაყალბებიდან. ალბათ, მაინც არცოდნიდან,- ეტყობა პრეზიდენტს მოსწავლეობის წლებში რაღაც-რაღაცეებისთვის ყური მოუკრავს. შემდეგ აღარაფერი დაუმატებია, დროის გასვლის პარალელურად პირიქით, ზოგი რამ დაავიწყდა, ზოგი რამ აურია და მაინც, სადაც არ ეზარება, მაშინვე გადმოალაგებს ხოლმე“-ო, აღნიშნავს პრეზიდენტის „მხილების“ ჟინით ანთებული ბ-ნი ასლანიშვილი. იმაში ღრმად დარწმუნებული, რომ პრეზიდენტი პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვარს გულისხმობდა, დიდაქტიკური ტონით გვაცნობს ამ უკანასკნელის ბიოგრაფიას და მისი ოჯახის ბედს…

„დაბოლოს: თუ ბატონი პრეზიდენტი თავისი მდიდარი, სხვისთვის ხელმიუწვდომელი წყაროებიდან მაინც ფლობს საიდუმლო ინფორმაციას ვინმე „ესპანელი ამილახვრის“ შესახებ, გულწრფელად მოვუხდი ბოდიშს მის აღმატებულებას და მადლობას ვეტყვი ქართული ემიგრაციის ამ უცნობი გმირის წარმოჩენისთვის. ოღონდ, წინდაწინ ვიტყვი: ამის იმედი არა მაქვს!“- ასე ამთავრებს ალ. ასლანიშვილი თავის წერილს.

უპირველესად ყოვლისა, ვიტყვით, რომ ქართულ პოლიტიკური ანტისაბჭოთა ემიგრაციის ცნობილი მოღვაწე გახლდათ პოლკოვნიკი ალექსანდრე ვლადიმერის ძე ამილახვარი, რომელიც 1930-იან წლებში მოღვაწეობდა ესპანეთში, ირიცხებოდა ესპანეთის უცხოურ ლეგიონში (იხ.: http://www.warandgame.com/2008/03/19/russians-fighting-for-the-nationalists-in-the-spanish-civil-war).

გაზეთის „24 საათი“ 2011 წლის 16 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა საინტერესო სტატია: „რამდენიმე შენიშვნა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკა“-ში გამოქვეყნებულ, ალეკო ასლანიშვილის სტატიაზე „რატომ მონათლა სააკაშვილმა ანტიფაშისტი ფაშისტად?“. მას ხელს აწერენ: „ქარტია 2010“-ის სახელით ქ-ნი მედეა თუშმალიშვილი და დიმიტრი ამილახვრის ოჯახის სახელით, – ბ-ნი მიკა კობიაშვილი. წერილში საქმის ღრმა ცოდნით სრულად არის გაქარწყლებული ბ-ნ ასლანიშვილის ყალბი ბრალდება და ნაჩვენებია, რომ ეს უკანასკნელი თავად ვერ ერკვევა მის მიერ განხილულ საკითხებში.

სავსებით ვეთანხმებით მ. თუშმალიშვილის და მ. კობიაშვილის მიერ თქმულს, რომ ალექსანდრე ამილახვარი და ესპანეთში მასთან ერთად მებრძოლი სხვა ქართველი ოფიცრები (ელიზბარ ვაჩნაძე, მერაბ ჯორჯაძე, ნიკოლოზ ჩხოტუა და სხვანი) იყვნენ არა „ფაშისტები“, არამედ როიალისტები და იბრძოდნენ ესპანეთში მონარქიის გადასარჩენად“. ავტორები მიუთითებენ ერთ საყურადღებო ისტორიულ ფაქტზე:

„1937 წელს ესპანეთში მძიმედ დაჭრილი იტალიის ტახტის მემკვიდრე გაეტან დე ბურბონი გადაურჩენია ალექსანდრე ამილახვარს და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ესპანეთიდან იტალიაში ჩაუყვანია“.

სრულად ვიზიარებთ ავტორების ამ სიტყვების სულისკვეთებას: „ვფიქრობთ, ბატონ ასლანიშვილს ისღა დარჩენია, „სრულიად საქართველოს“ წინაშე ბოდიში მოუხადოს საქართველოს პრეზიდენტს და მადლობა უთხრას „უცნობი გმირის“ წარმოჩენისათვის. ჩვენ კი, დიდი მოწიწებით ვიხრით თავს ქართული ემიგრაციის ისტორიაში კარგად ცნობილ ალექსანდრე ამილახვრისა და მისი თანამებრძოლების ხსოვნის წინაშე“.

დავუბრუნდებით ბ-ნ ალ. ასლანიშვილის წერილს. იგი მცდარად წარმოგვიჩენს ქართული პოლიტიკური ანტისაბჭოთა ემიგრაციის გამოჩენილი მოღვაწის, – ნიკოლოზ (ნიკი) ჩხოტუას (1905-1984) ბიოგრაფიის დეტალებსაც. მისი თქმით, ნ. ჩხოტუა ყოფილა „იუსტიციის გენერალი, ესპანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი“ ჩილესა და მალტაში. სინამდვილეში, ჩვენი თანამემამულე არასდროს ყოფილა „იუსტიციის გენერალი“ და „ესპანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი“… ნიკოლოზ ჩხოტუა გახლდათ მალტის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კოსტა-რიკაში, ჩილეში, პერუში, ესპანეთში და მალტის ორდენის რაინდი. მისი მეუღლე იყო კეროლ მარმონი, – მარმონების საავტომობილო კომპანიის ფუძემდებლის და მფლობელის ჰოვარდ მარმონის ასული. სწორედ მეუღლეს მიუძღვნა ნიკი ჩხოტუამ თავისი ბიოგრაფიული რომანი „Timeless“ (გამოიცა აშშ-ში, 1949 წელს), რომლის ქართული თარგმანი „მარადიული“ 2009 წელს გამოსცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ (ნ. ჩხოტუას მოღვაწეობის შესახებ იხ.: პიტერ ნეისმიტი. წინასიტყვაობა.- ნიკოლოზ ჩხოტუა. მარადიული, თბილისი, 2009, გვ. 3-11).

ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ისტორიის საკითხებზე მომუშავე მკვლევარნი ვალდებულნი არიან წარმოაჩინონ ჭეშმარიტი ისტორია. ჩვენი წმინდა მოვალეობაა სამშობლოს თავისუფლებისთვის დამაშვრალ მამულიშვილთა ღირსეულად დაბრუნება, დაბრუნება ადამიანებისა, რომლებსაც საქართველოს კვლავ ხილვის ნატვრაში ამოხდათ სული…

სამწუხაროდ, გ. სულაძის წიგნი არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა იწერებოდეს ისტორია.

წყაროები და ლიტერატურა

1. ზურაბ ავალიშვილი. საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-21 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში, გამ-ბა „მეცნიერება“, თბილისი, 1990.

2. ბესიკ ალადაშვილი. მსტოვრობის ისტორია საქართველოში.- ჟურნ. „არსენალი“, თბილისი, N 4 (33), 2007.

3. ბესიკ ალადაშვილი. მსტოვრობის ისტორია საქართველოში.- ჟურნ. „არსენალი“, თბილისი, NN 6 (35) – 7 (36), 2007.

4. გიორგი ანთელავა. კონფლიქტი აფხაზეთში და ევრაზიის ენერგო-უსაფრთხოება: ისტორიული ალტერნატივები, გამ-ბა „უნივერსალი“, თბილისი, 2010.

5. ალეკო ასლანიკაშვილი. რატომ მონათლა სააკაშვილმა ანტიფაშისტი ფაშისტად?! ანუ ამილახვარი, რომელიც ის არ იყო, ვინც სინამდვილეში იყო.- გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, N 177 (22 სექტემბერი), 2010.

6. აჯანყება – 1924. საქმე საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების პარიტეტული კომიტეტის შესახებ (საბრალმდებლო დასკვნა), თბილისი, 1994.

7. თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელის პირადი ფონდი, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა. უცნობი პოლიტემიგრანტის 1942 წლის 16 ივნისის წერილი თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელისადმი (დედანი, რუსულ ენაზე).

8. გაზ. „დამოუკიდებელი საქართველო“, პარიზი, N 42, 1929.

9. გაზ. „თეთრი გიორგი“, პარიზი, N 29, 1930.

10. გაზ. „კომუნისტი“, თბილისი, N 115, 1923.

11. გაზ. „სახალხო განათლება“, თბილისი, 14.01.1990.

12. ამბროსი გრიშიკაშვილი. ქართველები პოლონეთში.- http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000023/Gartvelebi%20Polonetchi.pdf.

13. ვახტანგ გურული. ქართველების მონაწილეობა პარტიზანულ ბრძოლებში საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის წლებში, თსუ-ის გამ-ბა, თბილისი, 1985.

14. ვახტანგ გურული. საქართველოს კომპარტიის მოღვაწეობა ისტორიულ-პარტიული მეცნიერების ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის (1921-1941), თსუ-ის გამ-ბა, თბილისი, 1988.

15. ვახტანგ გურული. ქართული სოციალ-დემოკრატია 1892-1904 წლებში. ისტ. მეცნ. დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაციის ავტორეფერატი, თბილისი, 1997.

16. რუსუდან დაუშვილი. ქართული ემიგრაცია 1921-1939 წლებში, გამ-ბა „რაეო“, თბილისი, 2007.

17. რემონ დიუგე. მოსკოვი და წამებული საქართველო, ფრანგულიდან თარგმნეს მზია და აკაკი ბაქრაძეებმა, გამ-ბა GCI, თბილისი, 1994.

18. დავით ვაჩნაძე. სამშობლოს სამსახურში (მოგონებანი), ნაწ. I.- ჟურნ. „ივერია“, პარიზი, N 35, 1990.

19. მედეა თუშმალიშვილი, მიკა კობიაშვილი. რამდენიმე შენიშვნა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკა“-ში გამოქვეყნებულ, ალეკო ასლანიშვილის სტატიაზე „რატომ მონათლა სააკაშვილმა ანტიფაშისტი ფაშისტად?“.- გაზ. „24 საათი“, 16 თებერვალი, 2011.

20. ალექსანდრე კარგარეთელი. „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“, პარიზი, 1981.

21. სპირიდონ კედია. მასალები პირადი არქივიდან, ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემა, თბილისი, 2007.

22. გენ. ლეო კერესელიძე. 22 ივნისი.- ჟურნ. „ქართველი ერი“ (ქართული ეროვნული კომიტეტის ორგანო), ბერლინი, N 1-2, 1943.

23. რევაზ კვერენჩხილაძე. საქართველოს მწერალთა კავშირი (1917-1982), გამ-ბა „მერანი“, თბილისი, 1983.

24. გენ. გიორგი კვინიტაძე. ჩემი პასუხი, საქართველოს მეცნ. აკად. „მაცნე“-ს ისტორიის სერიის დამატება, გამ-ბა „მეცნიერება“, თბილისი, 1990.

25. კომუნისტური გადატრიალება და საქართველოს ოკუპაცია. კომუნისტური აგრესიის შესახებ საგანგებო კომიტეტის სპეციალური ანგარიში N 6. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა, ოთხმოცდამესამე კონგრესი, მეორე სხდომა. 1954 წლის 31 დეკემბერი. ქართული თარგმანი, თბილისი, 2007.

26. დავით კუხალაშვილი. უცხო ქვეყნების მტრული საქმიანობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ 1918-1921 წლებში.- ჟურნ. „საისტორიო ვერტიკალები“, თბილისი, N 7, 2005, გვ. 35-43.

27. გიორგი მაზნიაშვილი. მოგონებანი, ბათუმი, 1990.

28. ალექსანდრე მანველიშვილი. პოლონეთის მწარე ბედი.- ჟურნ. „კავკასიონი“, პარიზი, XXI, 1986.

29. მასალები ამერიკული დღიურიდან. მერაბ კვიტაშვილი. წინასიტყვაობა და კომენტარები გ. გაჩეჩილაძისა, თბილისი, 1990.

30. თამარ პაპავა. გაბნეული საფლავები, გამ-ბა „მეცნიერება“, თბილისი, 1990.

31. ჟურნ. „ბედი ქართლისა“, პარიზი, N 11, 1952.

32. ჟურნ. „ბედი ქართლისა“, პარიზი, N 16, 1954, გვ. 17-18.

33. ჟურნ. „ბედი ქართლისა“, პარიზი, N 47, 1964

34. ჟურნ. „ივერია“, პარიზი, N 4, 1952, გვ. 37-42.

35. ჟურნ. „მხედარი“, პარიზი, N 2, 1929.

36. ჟურნ. „სამშობლო“, პარიზი, N 21-22, 1937.

37. ჟურნ. „ქართლოსი“, პარიზი, N 2-3, 1937.

38. ჟურნ. „პროლეტარული მწერლობა“, თბილისი, N 12, 1930.

39. აკაკი რამიშვილი. ჩვენი შეცდომები (1918-1921), ქართულ-ინგლისური ხელოვნებისა და კულტურის ასოციაცია Gaiaca-ს გამოცემა, თბილისი, 2006.

40. „გრიგოლ რობაქიძე“. კრებული, კ. ინასარიძის გამოცემა, მიუნხენი, 1984.

41. რუსული კოლონიალიზმი საქართველოში (ავტორთა კოლექტივი), გამ-ბა „უნივერსალი“, თბილისი, 2008.

42. ვიქტორ რცხილაძე. ქართველები გერმანული დროშის ქვეშ, თბილისი, 1994.

43. კალისტრატე სალია. პროფ. მიხეილ წერეთელი.- ჟურნ. „ბედი ქართლისა“, პარიზი, N 3, 1948.

44. საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 157, აღწ. 1, საქ. 320.

45. საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 13, აღწ. 27, საქ. 5412.

46. ავთანდილ სონღულაშვილი. დაზვერვის ისტორიიდან, გამ-ბა „უნივერსალი“, თბილისი, 2008.

47. ალექსანდრე სულხანიშვილი. ჩემი მოგონებანი, სან-ფრანცისკო, 1981.

48. ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროფესორთა საბჭოს ოქმები (1917-1926), გამ-ბა „უნივერსალი“, თბილისი,2006.

49. ლევან ზ. ურუშაძე. ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია, გამ-ბა „ენა და კულტურა“, თბილისი, 2005.

50. ლევან ზ. ურუშაძე. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს სადაზვერვო საქმიანობა კავკასიაში 1900-იან-1910-იან წლებში.- ჟურნ. „ამირანი“, მონრეალი-თბილისი, XX, 2008, გვ. 125-151.

51. ლევან ზ. ურუშაძე. ქართული პატრიოტული პოლიტიკური ორგანიზაციის „თეთრი გიორგი“-ს ისტორიისათვის (მონოგრაფიული გამოკვლევა).- ჟურნ. „ამირანი“ მონრეალი-თბილისი, XXI, 2009, გვ. 166-204.

52. აპოლონ ურუშაძე.- http://ka.wikipedia.org/wiki/აპოლონ_ურუშაძე.

53. ქართლის ცხოვრება. ანა დედოფლისეული ნუსხა, სიმ. ყაუხჩიშვილის რედაქციით, საქართველოს მეცნ. აკად. გამ-ბა, თბილისი, 1942.

54. ნინო ყაუხჩიშვილი. მცირე მოგონება- ჟურნ. „თანამემამულე“, ლონდონი, N 2, 2008.

55. გურამ შარაძე. ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება, თბილისი, 1998.

56. ნიკოლოზ ჩხოტუა. მარადიული (რომანი), ინგლისურიდან თარგმნეს ირაკლი თოფურიამ და კახა ჯამბურიამ, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2009.

57. მიხეილ წერეთელი. გიორგი მაჩაბელი.- გაზ. „თეთრი გიორგი“, პარიზი, N 86, 1935.

58. მიხეილ წერეთელი. გრიგოლ რობაქიძის გამოსათხოვარი.- ჟურნ. „ბედი ქართლისა“, პარიზი, N 47, 1964.

59. ვახტანგ ხარჩილავა. სისხლიანი ქრონიკები, გამ-ბა „მერანი“, თბილისი, 1991.

60. Ж. «Объединенный Кавказ», Мюнхен, № 1-3, 1954, стр. 25-28.

61. А.Г. Авторханов. О себе и времени (Мемуары), изд-во «Дика-М», Москва, 2003.

62. А.Г. Атанелишвили. Против буржуазной фальсификации истории Советской Грузии, изд-во «Мецниереба», Тбилиси, 1983.

63. Без линии фронта, изд-во «Мерани», Тбилиси, 1982.

64. В.К. Былинин, А.А. Зданович, В.И. Коротаев. Организация «Прометей» и «прометеиское» движение в планах польской разведки по развалу России/СССР.- Труды Общества изучения истории отечественных спецслужб, т. 3, Москва, 2007, стр. 318-414.

65. Горели. Г.П.У. и эмигранты в Истамбуле, Париж, 1935.

66. Документы внешней политики СССР, т. 3, Москва, 1959.

67. Документы и материалы по внешнней политике Закавказья и Грузии, Тифлис, 1919.

68. Л. Клдиашвили, Г. Авалишвили. Военные приготовления СССР в Грузии в начальном периоде «холодной войны» (1949-1970 г.г.).- Ж. «Саисторио Вертикалеби», Тбилиси, № 5, 2003, стр. 39-54.

69. Г. Люсмарин. Кубанская чрезвычайка.- Сб.: ЧЕКА. Материалы по деятельности чрезвычайнных комиссий, Берлин, 1922.

70. Г. Мамулия. Грузинский легион в борьбе за свободу и независимость Грузии в годы второй мировой войны, Тбилиси, 2007.

71. А.М. Ментешашвили. Октябрьская революция и национально-освободительное движение в Грузии (1917-192), изд-во «Ганатлеба», Тбилиси, 1987.

72. А. Цагарели. Непререкаемые права Грузии на признание ее независимости и восстановление ее Государственных границ, Тбилиси, 1919.

73. А. Чумаков. «Корабль смерти».- Сб.: ЧЕКА. Материалы по деятельности чрезвычайных комиссий, Берлин, 1922.

74. А.Р. Юсупов. Стамбул, Москва, 1970.

75. Dumbadze Vasili Davidovich. The Caucasian Republics: the little democracies the world forgot, F.Hubner & Co., New York, 1925.

76. The Crimes of Khrushchev, Part 7. Consultations with Mr. Guivy Zaldastani, Mr. George Nakashidze, Mr. Dimitar K. Petkoff, Mrs. Catherine Boyan Choukanoff. Committee on UN-American Activities, House of Representatives, Eighty-Sixth Congress, 2nd Session. Jan. 8, 1960. Government Printing Office, Washington, 1960.

77. Ilia Odishelidze.- http://en.wikipedia.org/wiki/Ilia_Odishelidze.

78. David Marshall Lang. A Modern History of Soviet Georgia, Greenwood Press, Westport, Connecticut (USA), 1975.

79. Louis Le Four. საქართველო და საერთაშორისო უფლება (თარგმანი ფრანგულიდან), „დამოუკიდებელი საქართველო“-ს გამოცემა N 3, პარიზი, 1933.

80. http://legioncavalerie.free.fr/fr/historique_officers2.htm.

81. National Republic of Georgia. Hearings before the Committee on Foreign Affairs, House of Representatives, Sixty-Ninth Congress, First Session. April 1 and 2, 1926. Government Printing Office, Washington, 1926.

82. Unending Battle by H.C. Armstrong, Longmans, London-New York-Toronto, 1936.

83. A. Sanders. Kaukasien. Geschichtlicher umriss, Hoheneighen Verlag, Munchen, 1942.

84. The truth about A.B.N. by Niko Nakashidze, Munich, 1960.

85. “Vatan”, 20.04.1954.

Levan Z. Urushadze

Senior Research Fellow of the Georgian National Museum – Curator of the Museum of the Soviet Occupation, Doctor of Historical Sciences

HOW HISTORY SHOULD NOT BE WRITTEN

Summary

The work deals with the critical review of the book of the former officer of the Soviet Security (KGB), of the retired Colonel, Mr. Gela Suladze “The Georgian Anti-Soviet Emigration and the Intelligence Agencies (1918-1953)” (the Publishing House “Erovnuli Mtserloba”, Tbilisi, 2010, 623 pp.). The Scientific Editor of the book is Prof. Vakhtang Guruli, the specialist in so-called “History of the Communist Party of the Soviet Union” before the 1990, i.e. beginning from 1970-ies to 1990 he actively falsified the new and newest history of Georgia. The author was consultated by the retired high-ranking officers of the KGB under guidance of the retired Major-General Anzor Maisuradze.

Very tendentious approach to history of the Georgian Political Anti-Soviet Emigration and in general to the newest history of Georgia is presented in this book of both G. Suladze and the editor and the consultants; it is shown here how history should not be written, particularly on such delicate subject as history of the Georgian Political Emigration.

It is significant that the author hasn’t any contiguity with historical science (he graduated from the Moscow F. Dzerzhinski Higher School of the KGB) and he doesn’t know the methods of the historical investigation and the source studies, the analysis of the documents. All of this very negatively affected the book’s whole contents. G. Suladze often adopted as the authentic sources and without any critical analysis refered to the very tendentious documents (the accounts and memoranda) compiled by the representatives of the former KGB, with vast aspersions on many well-known and worthy figures of the Georgian Political Anti-Soviet Emigration. Moreover, not infrequently the author uses the rumours walking among the representatives of the KGB without any argumentation and proof.

Among the great number of mistakes made in the considered book, we focus on especially flagrant errors. In addition we direct one’s attention to some questions closely connected with the subjects of the book but willy-nilly remained out of the author’s notice.

As the revieved book is dedicated to attitude of the Soviet Intelligence Agencies to the Georgian Political Emigration and because we often encounter, to put it mildly , the author’s non-adequate approach to the security bodies of the Soviet occupational regime in this book, we emphasize on one principal circumstance. Of course, any sovereign state must have effective Intelligence Agencies, but as to the former “Soviet Georgia” it was the colony of the Soviet Russia, which occupied and actually annexed the Democratic Republic of Georgia in 1921. The KGB and preceded it bodies (the “Extraordinary Commission” – “Cheka”), the “Main Political Management” (“GPU”), the “Peoples Commissariat of Internal Affairs” (“NKVD”) were the repressive structures of the occupational regime, one of the major problems of which was suppression of the national self-consciousness and interests of the conquered peoples by means of very strict control of their everyday life. This control was implemented with the barbarian, draconic methods, categorically unacceptable for the civilized world. Therefore it cannot be regarded as noble act to whitewash in any aspect chekists who worked in the KGB.

Today, when considerable attention is paid to fill the gaps the so-called “white stains” in the new and newest history of Georgia and to establish the historical justice, G. Suladze’s bulky book (623 pp.) on the contrary helps to multiply the “white staines” and besides to misrepresent the historical reality.

ავტორის შესახებ

ლევან ზურაბის ძე ურუშაძე დაიბადა თბილისში, 1964 წლის 7 თებერვალს. 1981 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის მე-18 საშ. სკოლა (ამჟამად დავით აღმაშენებლის სახელობის მე-18 საჯარო სკოლა). თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ქვეყანათმცოდნეობის (ისტორიის) განყოფილებისა (1986) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურის (1989) დასრულების შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის წყაროთმცოდნეობის განყოფილების მეცნიერ თანამშრომლად (1989-1995) და უფროს მეცნიერ თანამშრომლად (2003-2006). 1995-2003 წლებში იყო საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენის „ადამიანის უფლებები“ მთავარი რედაქტორი. 2006 წლიდან არის საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი – საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის კურატორი. მისი მონაწილეობით დაარსდა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი 2006 წლის 26 მაისს და საქართველოს პარლამენტის შენობაში ქართველ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მუდმივმოქმედი მემორიალური ექსპოზიცია 2010 წლის თებერვალში. 1990 წელს მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 2006 წელს – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები. არჩეულია ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (WAAS, აშშ) და სხვა სამეცნიერო ორგანიზაციების წევრად. გამოქვეყნებული აქვს 130-მდე სამეცნიერო შრომა (მათ შორის 8 მონოგრაფია) საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობის, საქართველოს XVIII-XX საუკუნეების ისტორიის, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ისტორიის საკითხებზე.

თბილისი

2011

წინა გვერდი 1 2
Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button