ქართული გვარები

აბაშიძეთა გვარი

აბაშიძე ეპონიმური ტიპის გვარსახელია. იგი ნაწარმოებია მამაკაცის საკუთარი სახელისაგან: აბაშ, აბაში. საქართველოში გვხვდება ამავე ძირის ტოპონიმები: აბაშა, აბაშეთი; ამავე ძირის ანთროპონიმები: აბაშია, აბაშიშვილი; არსებობს ეთნონიმი აბაში (აბისინიელი, ეთიოპელი).

გადმოცემით, აბაშთა ტომის მეომრები ერივნენ არაბი დამპყრობლის მურვან-ყრუს ლაშქარში, რომელმაც საქართველოში VIII საუკუნეში ილაშქრა.

ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით, აბაშიძეთა ფეოდალური გვარი პირველად XV საუკუნის II ნახევარში გამოჩნდა. XV-XVI საუკუნეთა მიჯნაზე ზემო იმერეთში აბაშიძეთა სათავადო ჩამოყალიბდა, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა XVII საუკუნის მიწურულსა და XVIII საუკუნის I ნახევარში. იმერეთის სამეფოში თავად აბაშიძეთ ეპყრათ ციხენი: ვახანისა, კაცხისა, ჩხერისა, შორაპნისა, ცუცხვათისა, სვერისა, ნავარძეთისა და სხვა. მათ მფლობელობაში იყო რამდენიმე ეკლესია-მონასტერი და 1500 კომლი ყმა. აბაშიძეები იყვნენ იმერეთის უძლიერესი ფეოდალები. ხშირად მათი ნება-სურვილით წყდებოდა იმერეთის მეფეთა ტახტზე ასვლა-დარჩენის საკითხი.

XVII საუკუნიდან თავად აბაშიძეთა ერთი შტო ზემო ქართლში გადმოვიდა და ხაშურ-სურამის მხარეში რამდენიმე სოფელს დაეუფლა. აბაშიძეთა მფლობელობაში აღმოჩნდა: ქვიშხეთი, ტაშისკარი, ცხისძირი, მონასტერი, წიქარაული, ცხრამუხა, ბეკამი და სხვა. ამავე საუკუნეში იმერელ აბაშიძეთა კიდევ ერთი შტო გურია-აჭარაში დამკვიდრდა. თავადი აბაშიძენი გურიაში აზნაურებად იქცნენ, ხოლო აჭარაში – სანჯაყბეგებად. XVIII საუკუნეში იმერელ აბაშიძეთა ერთ ოჯახს ყმა-მამული ებოძა შიგნით კახეთში. აქედან დასაბამი მიეცა კახთაბაშიძეთა შტოს. ამათ გარდა არიან თუში აბაშიძენიც. იმერეთისა და ქართლ-კახეთის თავად აბაშიძეებს, გურიის აზნაურ აბაშიძეებს და აჭარის სანჯაყბეგ აბაშიძეებს საერთო წარმომავლობა აქვთ.

იმერეთში აბაშიძენი: გელათის ღვთისმშობლის წინამძღვრად, მთავარეპისკოპოსად, კათალიკოსად, მდივან-მწიგნობრად, ბოქაულთუხუცესად და სახლთუხუცესად ემსახურებოდნენ მეფეს და საქართველოს.

ქართლ-კახეთში აბაშიძენი სახლთუხუცესად, მსაჯულთუხუცესად, მდივანბეგად, ქეშიკჩიბაშად, მილახვარბაშად, ალისა და ბორჩალოს მოურავებად ემსახურებოდნენ მეფეს და საქართველოს.

თავადაც იტვირთა მეფობის სიმძიმე აბაშიძეთა გვარის ერთმა წარმომადგენელმა XVIII საუკუნის დასაწყისში. პატრიარქ აბრაჰამის მონასტერს განასრულებდა წმინდა ქალაქ იერუსალიმში, მრავალ ჯვარსა და ხატს შეამკობდა და ჭედდა და მრავალ ხელნაწერს განაახლებდა იმერთა მეფე გიორგი V აბაშიძე.

აბაშიძეთა ფეოდალურ სახლს მოყვრობა ჰქონდა ბაგრატიონთა ღვთივკურთხეულ და ღვთივგვირგვინოსან სამეფო სახლთან.

იმერთა მეფე ალექსანდრე V თავად ლევან აბაშიძის სიძე გახლდათ. აბაშიძის ქალის გაზრდილი იყო დიდი სოლომონ I. ქართლის მეფე ვახტანგ VI ვახანის ციხის პატრონის თავად ვახუშტი აბაშიძის სიმამრი იყო, ხოლო კახთბატონი ერეკლე II თავად ზაალ აბაშიძის სიძე გახლდათ.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის თავადი აბაშიძენი გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე და ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოებში.

აბაშიძეთა გვარმა საქართველოს მისცა მრავალი გამოჩენილი პიროვნება მეცნიერების, ხელოვნებისა თუ პოლიტიკური მოღვაწეობის სფეროში: მწერლები და საზოგადო მოღვაწენი მემედ აბაშიძე, ჰაიდარ აბაშიძე, გრიგოლ აბაშიძე, ირაკლი აბაშიძე… ხელოვნების მოღვაწენი ვასო აბაშიძე, ვახტანგ აბაშიძე, დავით (დოდო) აბაშიძე, ანასტასია (ტასო) აბაშიძე, ლეილა აბაშიძე, გოჩა აბაშიძე, ლევან აბაშიძე… სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწენი გიორგი-მალაქია აბაშიძე, ვახუშტი აბაშიძე, ქაიხოსრო აბაშიძე, ასლან აბაშიძე…

ამჟამად აბაშიძეები ერთ-ერთი ყველაზე გამრავლებული გვარია საქართველოში.

აბაშიძეები ცხოვრობენ იმერეთში: ქუთაისში, ვანში, ზესტაფონში, არგვეთაში, ზედა საქარაში, კინოთში, მარტოთუბანში, სვირში, კვალიათში, შიმშილაქედში, საზანოში, თერჯოლაში, სიმონეთში, თუზში, ძევრში, ტელეფაში, ჯგელათში, ღვანკითში, ბაღდათში, საკრაულაში, ობჩაში, ხარაგაულში, ვარძიაში, ხემაღალში, უბისაში, სარგვეშში, ვერტყვიჭალაში, საღანძილეში, ზარანში, კიცხში, უჩამეთში, ლაშეში, ტყიბულში, მუხურაში, ხრესილში, ოჯოლაში, ციხიაში, ორპირში, კორეეთში, ჭიათურაში, ბუნიკაურში, რგანში, დარკვეთში, ზოდში, კაცხში, ითხვისში, პერევისაში, ქვაციხეში, უსახელოში, ხრეითში, შუქრუთში, ხონში, ახალსოფელში, ხამისქურში და სხვაგან.

ქართლში: თბილისში, ხაშურში, ალში, გვერდისუბანში, ბაისუბანში, ბორჯომში, გორში, შინდისში, ახალქალაქში, მცხეთაში, წიწამურში, მანგლისში, თამარისში და სხვაგან.

კახეთში: თელავში, წინანდალში, კონდოლში, გურჯაანში, შაშიანში, დედოფლისწყაროში, ყვარელში, სიღნაღში, ალვანში, სართიჭალაში, გომბორში და სხვაგან.

ჰერეთში: ლაგოდეხში, ბაისუბანში, გურგენიანში და სხვაგან.

ლეჩხუმში: ცაგერში, ჭალისთავში, ღვორიშში, ლესინდში, წილამიერში, ლაცურიაში და სხვაგან.

ოდიშ-სამურზაყანოში: ვეშკუდელში, სამქვარში, ოხურეიში, კოხორაში, ლეკუმხარაში, ოჩამჩირეში, კინდღში, ცაგერაში, კოპიტში და სხვაგან.

გურიაში: ოზურგეთში, ხრიალეთში, ასკანაში, ბახვში, ძიმითში, ლაითურში, ხვარბეთში, ორმეთში, ნასაკირალში, ლიხაურში, მერიაში, მშვიდობაურში, ლანჩხუთში, ტაბანათში, ლესაში, ჩოჩხათში, ჯიხანჯირში, ხაჯალიაში, ჭინათში და სხვაგან.

აჭარაში: ბათუმში, ხელვაჩაურში, მახვილაურში, ავგიაში, გონიოში, ერგეში, ამაღლობელში, ჯოჭოში, თოდოგაურში, ინჯალოში, თხილნარში, კაპრეშუმში, კახაბერში, მარადიდში, კირნათაში, მასაურაში, ურეხში, მინდაში, სამებაში, ფერიაში, ახალშენში, მახოში, ქოქოლეთში, შავლიძეებში, ყოროლისთავში, ჭარნალში, ძაბლავეთში, ცხემლაში, ჩაისუბანში, ხულოში, კალოთაში, ვერნებში, კვატიაში, მახალაკურში, სკვანაში, ოქრუაშვილებში, ოშანახევში, ხახაძირში, ფუშრუკაულში, წაბლანაში, ძირკვაძეებში, ყინჩაურში, შურმულში, ქედაში, ზღვარში, ჭინკაძეებში, ძენწმანში, კოკოტაურში, ცხემნაში, კანტაურში, ცხმორისში, შუახევში, ქიძინიძეებში, გოგაძეებში, დარჩიძეებში, ფურტიოში, კვიახიძეებში, ნიგაზგულში, ლომანაურებში და სხვაგან.

სამცხეში: ახალციხეში, ადიგენში, ზარზმაში, აბასთუმანში და სხვაგან.

ღმერთმა ამრავლოს გვარი აბაშიძეთა!

მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ

Source
http://karibche.ambebi.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button